Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all 304 articles
Browse latest View live

ახალი “სულაკაური”ჭავჭავაძეზე

$
0
0

ახალი წიგნის მაღაზიის გახსნა, მით უფრო ჩვენს ძაღლუმადურ ყოფაში, მთლად ჩვეულებრივი და რიგითი ამბავი არ არის. წიგნები დღესაც იბეჭდება და იყიდება, მაგრამ სხვა ბიზნესი, რბილად რომ ვთქვათ, უფრო სარფიანია.

ამიტომ გამიხარდა განსაკუთრებით, ორიოდე თვის წინ, მეგობარმა სიტყვას რომ მოაყოლა – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მაღაზიას ხსნისო.

სულაკაურის ფერად-ფერად წიგნებს აქამდე ან “სანტა ესპერანსაში” ვპოულობდი, ან “ექსლიბრისში”  (რა მაგის პასუხია და ბულაჩაურზე “სანტას” ახალი ბუქსთორის ამბავიც გეცოდინებათ). განსაკუთრებით გემრიელი ლიტსასუსნავი თუ ჩამოდიოდა და ლოდინი მესიკვდილებოდა, აღმაშენებელზე გავრბოდი, გამომცემლობაში.

აწი ვაკეში ვიყიდი. ჭავჭავაძის თხუთმეტში.

საფირმო “სულაკაური” მეორე დღეა, მუშაობს. პარასკევს გაიხსნა, ოღონდ პარასკევს ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას, ლენტის ჭრას და სადღესასწაულო ტორტს ვინ ჩივის, შინ ძლივს მივლასლასდი. გუშინაც არ მეცალა, შაბათი კი იყო, მაგრამ ვმუშაობდი (ასეც ხდება ხოლმე). ჰოდა, დღეს, როგორც იქნა, საკუთარი სიამოვნებისთვის მოვიცალე და წავედი.

იოლი მისაგნებია. ზუსტად ილიაუნის წინაა. დიოგენეს ფარანი და არიადნეს ძაფი არ დაგჭირდებათ.

“სულაკაურები”, ცხადია, სხვაგანაც გაიყიდება, არც “სანტას” თაროებს დააკლდება, არც “ექსს” და არც სხვა მაღაზიებს, მაგრამ, როგორც ვხვდები, სიახლეები ყველაზე მალე და ყველაზე ხელსაყრელ ფასად აქ ექნებათ.

კონსულტანტებიც მეიმედება. დარწმუნებული ვარ, მე-რა-შუაში-ვარ სახით მოჭრილი “არ გვაქვს” მოსმენა, სტელაჟებზე კიბის მიდგმა, არქეოლოგიური გათხრების წარმოება, ძებნა (და პოვნა) ნამდვილად არ მოგვიწევს.

ათასჯერ მითქვამს და გამეორება არ დამეზარება – უფერული და უინტერესო სახელგამების და უჟმური გამყიდველების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. დღეს კარგი წიგნის მაღაზია პრეზენტაციებით, შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, კრეატიული პერფორმანსებით ფასობს, თორემ წიგნის ყიდვა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, აფთიაქშიც შეიძლება. სიახლეები კიდევ, “სულაკაურს” რომ აქვს, ისე და იმდენი უნდა. წესით, ივენთს ივენთზე უნდა ველოდოთ. თქვენი არ ვიცი და მე წინასწარ ვიფშვნეტ ხელებს.

ერთი მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო დეტალი: არაფერი ისე არ უხდება თანამედროვე წიგნის მაღაზიას, როგორც კოხტა კაფე. მაინცდამაინც ტყვიასავით რომ არ გამოვარდე გარეთ ახალნაყიდი წიგნებით, ცოტა ხნით ჩამოჯდე, ცხელი ყავა მოსვა, შენაძენი გადაათვალიერო, კონსულტანტებს გამოელაპარაკო, მოკლედ, წიგნის სამყაროში დარჩე ცოტა ხანს. სხვა რომ არაფერი, იქნებ და კიდევ რამის ყიდვა მოგეპრიანა უცბად, უკან მიბრუნება არ დაგჭირდება და არ დაგეზარება. ამ ციცქნა სივრცეში კაფე ვერ დაეტევა, სამაგიეროდ, Takeaway ყავა გვექნებაო და ძალიან მიხარია.

“სულაკაურის” მარკეტინგს ჩემგან არ ესწავლება, ცნობილი ამბავია: ბუქშოფის წარმატებას პროფესიონალ კონსულტანტებთან, მსუყე დისქაუნთთან, ხშირ-ხშირ აქციებთან ერთად ამ მაღაზიისთვის საგანგებოდ შექმნილი დაგროვების ბარათიც უწყობს ხელს. “ექსს” და “სანტას” ასეთი ბარათები უხსოვარი დროიდან აქვთ, ჩემი, მგონი, 2010 წელს მომცეს. ახლაც მოქმედია, სხვათა შორის. თვალს, გულს და ჯიბეს ერთად ახარებს. ჰოდა, ძვირფასებო, საფულეში ადგილი ახალი ფერადი მართკუთხედისთვისაც მომეძებნება. რატომაც არა.

აბა, თქვენ იცით. მაღაზიას – წარმატება და მე – ახალი წიგნები.

გოდორა კარლსონი • Karlsson på taket


Filed under: წისქვილი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დაგროვების ბარათი, ექსლიბრისი, თბილისი, სანტა ესპერანსა, საფირმო მაღაზია, წისქვილი, ჭავჭავაძის 15, takeaway ყავა

როცა საკუთარი თავისთვის ცხოვრება დანაშაულია

$
0
0

ბიბლიოფილიისგან განსხვავებით, სინემანია არ მახასიათებს.  არა, კინოში სიარული მიყვარს, ახალ ფილმებსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, მაგრამ “გარდარეული სიყუარული“ ნამდვილად არ მჭირს – ძირითადად, შერჩევითობის პრინციპით ვხელმძღვანელობ. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, პრემიერას სულმოუთქმელად რომ ველოდები და მოსაწვევების დანახვაზე ხელებს ვიფშვნეტ.

ჰოდა, ასე უკიდეგანოდ კმაყოფილი ბოლოს გასულ ხუთშაბათს გახლდით, როცა მესინჯერში “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მოსაწვევი დავინახე. თქმაც ზედმეტია, რომ სეანსის დაწყებას სავარძელში მყუდროდ მოკლათებული შევხვდი, უზარმაზარი პოპკორნით ხელში, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, რამდენიმე წუთის შემდეგ განზე გადავდე და აღარც გამხსენებია.

ნანა & სიმონის პირველი ფილმის მსგავსად, მეორეც პროტესტი გამოდგა. ამჯერად უფრო ჩუმი, აგრესიისგან დაცლილი პროტესტი, აი, ისეთი, გამაყრუებელ სიჩუმეს რომ დაგიტოვებს თავსა და გულში. ამბავი ქალისა, რომელმაც ერთ დღეს საკუთარი ყოფის შეცვლა გადაწყვიტა. მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისა და არა სამყაროსი, არა გარშემომყოფი ადამიანების, არა ოჯახის წევრების… უბრალოდ, საკუთარი თავისთვის ცხოვრება მოუნდა, სადაც არავინ დაუშლიდა ვახშმამდე ტკბილეულის ჭამას. როცა ვუყურებდი, როგორ ალაგებდა მანანა ნივთებს და როგორ იგერიებდა გაოგნებული ახლობლების კითხვებს, ერთი ძველი ლექსი გამახსენდა:

“ოჯახის ქალმა დატოვა ქმარი,
ბროლი, საპფირი, ვერცხლის ვაზები,
მოწყენილ წარსულს ახალა კარი
და მიიყუდა ცეცხლის თასები“.

ჰოდა, მანანამაც გაიხურა კარი, რომლის მიღმაც მისი ოჯახის სამი თაობა, უამრავი წესი, კანონი და ტრადიცია ცხოვრობდა. დატოვა თმაშევერცხლილი მშობლები, ოქროსავით ქმარი, ბრილიანტივით შვილები, ცოტა არ იყოს, ჟანგშეპარული სიძე და გადასახლდა ჭორიკანა ქალაქის გარეუბანში, რომ პლედში გახვეული მჯდარიყო აივანზე, როცა მოუნდებოდა, მაშინ ეჭამა ტორტი, დაეყოლებინა წითელი ღვინო, წიგნები ეკითხა და მუსიკისთვის მოესმინა, ფოთლების შრიალთან ერთად.

ამ ფილმს მანანასთან ერთად, სხვა მთავარი გმირიც ჰყავს – ქალაქი, რომელიც არასოდეს მოგცემს მარტო ყოფნის საშუალებას, აუცილებლად შემოგიძვრება სახლში, სააბაზანოში, საწოლ ოთახში, შემოგიძვრება უცერემონიოდ, მოურიდებლად, ხან ძმის სახე ექნება, ხან – მისი ძმაკაცების, ხან – “გულშემატკივარი“ მეგობრების, ბიძების, ბიცოლების, ნათლიების, ნათლულების, მეზობლების, ვინ მოთვლის, ვისი აღარ… ეს ის ქალაქია, რომელიც არ შეგეკითხება, ისე გაგიქექავს თეთრეულს, უცხო მამაკაცის კვალს მოძებნის შენს ბინაში, ქმრის ღალატს მოგახარებს, ანგარიშვალდებულად ჩაგთვლის ნაცნობ-უცნობისა და გამვლელ-გამომვლელის წინაშე…

რთულია ამ ქალაქში ცხოვრება და დიდი გამბედაობა სჭირდება მანანად ყოფნას, რადგან აქ დანაშაულია, იცხოვრო საკუთარი თავისთვის, დატკბე მარტოობით, დაიღალო სხვებისთვის ანგარიშის გაწევით, თუნდაც ეს სხვები უახლოესი ადამიანები იყვნენ. ეს კოლექტიური ქალაქია და ინდივიდები არ უყვარს, ამიტომ გატკეპნილი გზიდან გადასახვევად აქ დიდი ბრძოლაა საჭირო.

აი, ამ დიდი შინაგანი ომის, ჩუმი პროტესტის, მხრებზე დაწოლილი სიმძიმის მიუხედავად, ფილმი მაინც იმედიანია, რადგან აქ არის კიწი – თავისუფლების ყლუპი შაბლონებით დაბორკილ გარემოში და არის რეჟისორების ძალიან კარგი და კინოსთვის საკმაოდ უჩვეულო სვლა – ღია ფინალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყველამ ისე დავასრულოთ ამბავი, როგორც მოგვინდება. როგორც ჩვენი შინაგანი სამყარო გვიკარნახებს; იქამდე გავფრინდეთ, სადამდეც ფრთების გაშლა შეგვიძლია.

გოდორა კარლსონი • Karlsson på taket


Filed under: კინოდარბაზი Tagged: თანამედროვე ქართული კინო, ია შუღლიაშვილი, კინო, კინოდარბაზი, მერაბ ნინიძე, ნანა & სიმონი, ნანა ექვთიმიშვილი, ნინო ექვთიმიშვილი, პროტესტი, სიმონ გროსი, ქართული კინო, ჩემი ბედნიერი ოჯახი

მულტფილმები, რომლებსაც ვკითხულობდით

$
0
0

შინ, ძველ თაროზე, ერთი წიგნი მიდევს.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული. არც ბებია ასტრიდის შედევრია, არც გურამ პეტრიაშვილის ან დონალდ ბისეტის ზღაპრების კრებული, არც მათიუშია და არც “სალამურას თავგადასავალი”. ყდაც სადაა, მწვანე ფერში გადაწყვეტილი. სიმპათიურია, მაგრამ რა გითხრათ, უკეთ გამოცემული საკითხავიც გვინახავს.

საბავშვო კია, მაგრამ ჩემი საყვარელი “ნაკადულის” – არა. რატომღაც “ხელოვნებას” დაუბეჭდავს.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

სათაურიც მარტივი აქვს – “ფილმი-ზღაპრები”. სინამდვილეში, ფილმების კი არა, მულტფილმების სცენარებია.

ცხრა წლისას მაჩუქეს. იმ დროს წიგნებს ჩემითაც გადასარევად ვყიდულობდი ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამას, რატომღაც, ავცდი. დედამ მომიტანა.

მულტფილმები ახლაც ძალიან მიყვარს. წარმოიდგინეთ, მაშინ როგორ გადავირეოდი. ოღონდ ახლა ათამდე საბავშვო ტელეარხი მაქვს შინ, პლუს ნეტი, YouTube და ტორენტებიც გამართულად მუშაობს. ჩემი ბავშვობის ორარხიან ტელევიზორში მულტიპლიკაცია ასეთი ხშირი სიამოვნება ვერ იყო. გაზეთების ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამას ვკითხულობდი გაფაციცებით, მულტფილმებს ფანქრით ვნიშნავდი და მერე ველოდებოდი. კვირაობით “პიონერში” დავიარებოდი დილის სეანსებზე, თბილისში სტუმრად ჩამოსვლა, სხვა სიამეებთან ერთად, იმიტომაც მიხაროდა, დეიდაშვილებს ვიდეომაგნიტოფონი და “ტომი და ჯერის” ორსაათიანი კასეტა ჰქონდათ. მოკლედ, მულტფილმების დიდი დამფასებელი და მაყურებელი გახლდით და ამ გადმოქართულებულ “ფილმ-ზღაპრებთან” ლამის ჩახუტებულს მეძინა.

სულ ცამეტი სცენარია. იყო დრო, ცამეტივე ზეპირად ვიცოდი. ამას წინათ ფეისბუქზე ვიხსენებდით და რაღაცები დამვიწყებია.

“პეტია და წითელქუდა”, “ნამცხვარი”, ჯანი როდარის ზღაპრებისა და ლექსების მოტივებზე დაწერილი “ჩიჩო ნეაპოლიდან”, კლასიკური “მგელი და შვიდი ციკანი”,  ინდური “გოგონა და ვეფხვი” და “ტურა და აქლემი”, უზბეკური “ყარყატი”, “ციცქნა გემი”, “სურვილის ასრულება” – ფრანგი ზერბინოს სახალისო თავგადასავალი, “კვლავ ორიანი” – მურზილკას ერთ-ერთი სერია, რატომ მიიღო ორიანი რეშეტნიკოვის ნახატის გმირმა, ანდერსენის “გარეული გედები” – მამაცი, გონიერი, მოსიყვარულე ელიზას და მისი ძმების არაბავშვურად სევდიანი ისტორია, “იარანგაში ცეცხლი ანთია”, “ზღაპარი ემელიასი და მეფის ასულ მარიასი” (სხვათა შორის, ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში, შეცდომით, ემილია წერია. “ემილია და მეფის ასული”, ცოტა არ იყოს, დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, მაინც ემელიაა).

ცამეტივე რატომ ასჯერ არ გადავიკითხე. საყვარელი ზღაპრები მქონდა, საყვარელი ეპიზოდები ამ ზღაპრებში, წიგნი არც მჭირდებოდა, აქეთ მოვუყვებოდი სხაპასხუპით, თუ ვინმე გარისკავდა და მოსასმენად ჩამომიჯდებოდა. ესეც გაითვალისწინეთ, ცამეტივე მულტფილმი რუსულად იყო გადაღებულ-გახმოვანებული, სცენარებს კი ქართულად ვკითხულობდი და ქართულს სხვა გემო მოჰქონდა, სხვა ეშხი და ხიბლი.

ჩემი “ფილმი-ზღაპრები” 1987 წლის გამოცემაა. რუსული ანალოგი გადმოაქართულეს. პირველი გამოცემისთვის, ორ წელიწადში, მეორეც მოუყოლებიათ.  სამოცათასიან ტირაჟს მცირეს იმდროინდელი საზომითაც ვერ დაარქმევდი, მაგრამ ამას თაროზე ვინ გააჩერებდა, მაშინვე დაიტაცებდნენ. რეპრინტი, სხვათა შორის, ასიათასიანი ტირაჟით დაუბეჭდავთ.

სამსახურის გადამკიდე, ამოსუნთქვის და საკუთარი თავის სიამოვნების დრო უქმეებზე თუ მაქვს. ჰოდა, უახლოეს უიქენდზე ნეტს მოვჩხრეკ და ცამეტივე მულტფილმს გადმოვწერ. მერე დავჯდები, ჯერ წიგნს გადავიკითხავ, მერე მულტფილმებს ვუყურებ მიყოლებით.

გადასარევი შაბათ-კვირა მელოდება. ორი დღით ბავშვობაში ვბრუნდები.

გოდორა კარლსონი • Karlsson på taket


Filed under: ძველი თარო Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "ხელოვნება", გერმანული ზღაპრები, ზღაპრები, ინდური ზღაპრები, კინო პიონერი, მულტიპლიკაცია, მულტფილმები, მურზილკა, ნაკადული, საბავშვო ბიბლიოთეკა, ფილმი-ზღაპრები, ფრანგული ზღაპრები, ძველი თარო, ჯანი როდარი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი

რით ვერ გაიზარდე, რა დროს შენი ზღაპრებიაო

$
0
0

 

კითხვა სიამოვნებაა. სხვათა შორის, ერთადერთი სიამოვნება, რომელიც არც ამორალურია და არც ასუქებს. სიამოვნებას წესები, დათქმები, შეზღუდვები და ვალდებულებები არ უხდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა, ღმერთმანი, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების საპირისპიროდ რამდენი სიბრიყვეც მომისმენია და წამიკითხავს, იმდენი სიკეთე და კარგი წიგნი თქვენ.

ტრანსპორტში კითხვა მარიაჟობააო, ქინდლში წაკითხული წიგნი წაკითხულად არ ითვლებაო, დეტექტივი მდარე ჟანრია და ფანტასტიკა – საბავშვო საკითხავიო.

ვისაც როგორც უნდა, ისე ჩათვალოს. ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამტკიცოს თუნდაც გაუვალი სიბრიყვე, იკითხოს მხოლოდ გოეთე (ან მხოლოდ სერვანტესი, ან მხოლოდ სტრუგაცკები) და წლის ბოლოს, კაი ბუღალტერივით, წაკითხული გვერდები თვალოს. ერთი ლეგენდარული ლიტერატურული პერსონაჟის არ იყოს, სხვის საქმეში არ ვერევი მე და სხვისთვის (ჭკუის) სწავლება ჭირივით მძაგს, მაგრამ ზუსტად იმ სხვას არ ასვენებს გამჩენი და ის სხვა ცდილობს, მიკარნახოს, რა ვიკითხო, სად და როგორ.

ზაფხულში, ხალხმრავალ წიგნის მაღაზიაში, ასეთ დიალოგს (სინამდვილეში – მონოლოგს) შევესწარი. თავად ახალგაზრდა ქალი თხუთმეტიოდე წლის გოგოს ამუნათებდა, რა დროს შენი ზღაპრებია, რით ვერ გაიზარდეო.

თუ გახსოვთ (ან როგორ არ გემახსოვრებათ) არც თუ შორეულ წარსულში ერთი გახმაურებული, კარგად გაპიარებული, საერთო-სახალხო გამოკითხვით შედგენილი ბიბლიოსერია იბეჭდებოდა და იმ სერიაში ბალზაკის, დიკენსის, ცვაიგის, ფლობერის, სტენდალის, დოსტოევსკის, მოპასანის, თეკერეის, ლესინგის, გოლზუორთის, ზოლას მდიდრულსუპერებიანი ტომების გვერდით ლინდგრენის, ლაგერლოფის, როდარის, ბისეტის, არჩილ სულაკაურის, გურამ პეტრიაშვილის, ჯინ ვებსტერის, ტუვე იანსონის ანე-კატარინე ვესტლის, რედიარდ კიპლინგის წიგნებისათვის ადგილი არ მოიძებნა.

ჰოდა, ერთმა ძალიან კარგმა ბლოგერმა, ამ (ზედმეტად) სერიოზულ ბიბლიოსერიაზე დაწერა – ამის შემდგენელი ხალხი, ალბათ, პირდაპირ უფროსებად დაიბადა, ბავშვობა არ ჰქონიათო.

ეს ადრე და მალე დაბრძენებული შემადგენლობა, მხოლოდ ორასი წლის გარდაცვლილ, ქვეყნის მთავარ პანთეონში დაკრძალულ, პრემიებით და ჩინმედლებით დახუნძლულ ავტორებს რომ კადრულობს, პარალელურად, სხვასაც იგივეს უქადაგებს. თურმე ზღაპრები მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ასაკამდე უნდა იკითხო. მერე უხერხულია. თუ მაინცდამაინც სული წაგძლევს და წაიკითხავ, სადმე კუთხეში უნდა მიიყუჟო – ემანდ ვინმემ თვალი არ მოგკრას.

თავის ქება ძალიან არ მიყვარს.  ბლოგერობისას საქებარი მაინცდამაინც არც არაფერი გამიკეთებია, მაგრამ რაღაცებით ნამდვილად ვამაყობ და ერთ-ერთი ეს ფორმულაა. დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც იარსებებდა, მაგრამ ღმერთი, რჯული, არსად წამიკითხავს, თავად მოვიფიქრე.

წიგნს საბავშვო იმიტომ ჰქვია, რაც მალე წაიკითხავ, მით უკეთესი. ზრდასრული მკითხველი არ გაეკაროსო, არავის უთქვამს.

რა გითხრათ, წესით, უწიგნური არ უნდა მერქვას, კლასიკის ფასსაც გადასარევად ვხვდები, მაგრამ მუდმივად განახლებადი საბავშვო-საყმაწვილო ბიბლიოთეკაც მომეძევება და ჩემი ახალი გატაცების – ძველი თაროების უმრავლესობაც ლუის კეროლის, ალან მილნის, პამელა ტრევერსის, რენე რეჯანის, იანუშ კორჩაკის, ერნესტ სეტონ-თომპსონის, ჯერალდ დარელის, მონტეირო ლობატუს, მაყვალა მრევლიშვილის, მარიჯანის, ჟიულ ვერნის წიგნებითაა გაძეძგილი. ვინმემ აფრიკული ზღაპრებით ხელში რომ დამინახოს და ცხვირი აიბზუოს, მე კი არაფერი, თავად ხომ იქნება სასაცილო?

დათა თუთაშხიას უკვდავ მაქსიმას აღარ გავიმეორებ, მაგრამ ცოტა არ იყოს, სევდისმომგვრელი სანახავია, თხუთმეტი წლის თინეიჯერი თანატოლს მთელი სერიოზულობით რომ ურჩევს, ფენტეზი  რად გინდა, “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” (ჰო, ზუსტად ასე, სრულად და პათეტიკურად) წაიკითხე, ღირებულია, ცხოვრებაში გამოგადგება, ბევრ რამეს შეგძენსო.

პეპის ამბავი ხომ გახსოვთ, წვიმაში ყვავილებს რომ რწყავს, ტომის უკვირს და პეპი არხეინად პასუხობს, ხომ არ გგონია, ამ ქეციანი წვიმის გამო ჩემს ოცნებას არ ავისრულებო. მარტო წვიმაში ყვავილების მორწყვაზე არაა ეს ამბავი. სხვა რაღაცებზეცაა.

სერიოზული სახეც ყოველთვის არ ნიშნავს ჭკუას. ზოგჯერ  სულ პირიქით გამოდის.

გოდორა კარლსონი • Karlsson på taket


Filed under: კლიché Tagged: გემოვნება, ზღაპრები, იმიჯი, კლასიკა, კლიché, კოლექტიური გემოვნება, ლიტერატურა, ლიტერატურული გემოვნება, მკითხველი, მოდა, მოზარდი მკითხველი, ჟანრული პროზა, საბავშვო ლიტერატურა, სიბრიყვე, სიყალბე, ქინდლი, შაბლონი

გამოიცანით წიგნი ბოლო წინადადებებით. თანამედროვე ქართული პროზა

$
0
0

ახალი სეზონის პირველი თამაში თანამედროვე სამამულო პროზას ეთმობა. ათი წიგნი, ამჯერად, ბოლო წინადადებებით უნდა გამოიცნოთ.

წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)

პასუხებს ვწერთ აქვე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.

ეს არის და ეს.

ყველაზე რთული პაკეტია, სხვათა შორის.

Good luck!

☑ – დრაკონების ახალი ერა დაიწყო! – თქვა აკკამ და კვერცხები სათუთად შეინახა.

☑ ბოლოს და ბოლოს, ვინმე თუ მომკლავს, პოლიციას ერთი მოწმე მაინც ეყოლება. ჰოდა, იდგეს და მიყუროს.

☑ საკუთარი თვალით მინახავს და ვამბობ, რომ ქალაქ ვილნიუსის თავზე ფერადი ბუშტების გავლა მშვენიერი სანახაობაა.

☑ მახსოვს, რომ მერე მტკვარი ისევ მოდიოდა, როგორც ყოველთვის, და მიხაროდა, რომ მტკვარს დაბრუნებაც შეუძლია…

☑ მურაბებზეც უნდა მომეყოლა და იმ უცნაურ დამთხვევებზეც, რაც მურაბებით გატაცებას მოჰყვება – რომ ჩემს შვილს კაკლის მურაბისფერი თვალები, ხოლო ბედნიერებას ვაშლის მურაბის გემო აქვს.

☑ ზუსტად ასე მიყვარს გაღვიძება: თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზეც არა ხარ სად იმყოფები, და სწორედ ამისთვის, ასეთი გაღვიძებისთვის ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ და მარტო მე კი არა – ჩვენ ყველა, ჩემიანები, კარუსელის ხალხი…

☑ ერთხანს ლელა ადგილიდან ვერ იძვრის. ყურები უგუბდება, აღარაფერი ესმის. თითქოს წონას კარგავს, იქვე, ნაძვებს შორის გადებულ სკამზე ჯდება. თავს ნაძვის ხეს აყრდნობს. თვალებს ხუჭავს. სიბნელეში ვასკას სახეს ხედავს. ვასკა იღიმის.

☑ მოვახერხე და მიღებული ეს წერილები ზონიდან გამოვიტანე, მათ ჩემს მოწერილ წერილებთან ერთად აკრძალული სიყვარულის დიდი ეპისტოლარული ეპოპეა შეადგინეს; მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს დაიღუპა და მე უკვე დიდი ხანია აღარ ვდარდობ ამაზე. დარჩა ნათელი ხსოვნა, როგორც ერთი მოკლე წერილი: “მე შენ გიპოვე და ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები”.

☑ ჯაზის ცხოვრების ამბავი ბლუზის ხსენებით დავიწყე და ამითვე დავამთავრებ. უინტონ მარსალისს ერთი სიუიტა აქვს, სახელწოდებით The Majesty of the Blues – “ბლუზის უდიდებულესობა”. ეს სიუიტა ჯაზის სიკვდილის და პათანატომიური გაკვეთის მუსიკალურ სცენებს შეიცავს, ხოლო დამაგვირგვინებელი კომპოზიცია კი იტყვის: “Oh, but on the Third Day…” – “გარნა დღესა მესამესა…”

☑ – რა ნახა? – ნანიკო  ლაპიდან კითხულობს.

– ისეთი არაფერი.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბოლო წინადადებები, გასართობი, დასასრული, თავშესაქცევი, თამაში, მოლის ბიბლიოთეკა, ნაწყვეტი, წიგნი

ცეროდენა ნილს კარლსონი

$
0
0

შემოდგომის ამ ცივ და ქარიან დღეებში, მე თუ რამე დამეჯერება, სულ პლედშემოსახვევი, სავარძელში ჩასათბუნებელი და ჩაის მისაყოლებელი წიგნები უნდა იკითხო, თანაც ისეთი, შიგნიდანაც რომ გაგანათებს და გაგათბობს. მაინცდამაინც ბევრიც არ მეგულება ასეთი და რამდენიმე დღის წინ, ბუკინისტებში სუნსულისას ისეთ რამეს გადავაწყდი, სანამ გამყიდველი ყურადღებას მომაქცევდა, ხელიდან არ გამიშვია – ემანდ, ვინმემ არ ამწაპნოს-მეთქი.

ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ მე – გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ქართველი ლინდგრენოლოგი :D – პირველად ვხედავდი “ცეროდენა ნილს კარლსონს“ ქართულ ენაზე. ახლაც არ მჯერა, რომ ასეთი რამ დამემართა – სად და როგორ ავცდი ამ გამოცემას, ვერ გამიგია. არადა, ფაქტია, რომ ავცდი, თუმცა არ მგონია, ბავშვობაში წაკითხვით ახლანდელზე მეტი სიამოვნება მიმეღო.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ზედგამოჭრილი წიგნია სიცივეში წასაკითხად – ეგრევე გაგათბობს, შეიძლება, ჩაის ჭიქა ზედმეტადაც კი მოგეჩვენოს. ისეთი კარგი ბიჭი ცხოვრობს ამ წიგნში – ბერტილი ჰქვია და თავიდან ცოტა დაგასევდიანებს კიდეც, ძალიან მარტოსული ვინმეა. მშობლები სულ სამსახურში არიან, დაიკო მერტა კი – ზეცაში, ჰოდა, ეს ჩვენი ბერტილი მთელი დღე ფანჯარასთან არის ატუზული დედ-მამის მოლოდინში, მეტი რა დარჩენია. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ყოფაში რომ იქნება ადამიანი, როგორ უნდა გაუხარდეს საკუთარი საწოლის ქვეშ ციცქნა ბიჭის დანახვა, თუნდაც ისეთი პაწაწუნასი, გულისჯიბეში რომ ჩაეტევა.

აბა, რას არ იზამს კაცი ასეთი ციდან ჩამოვარდნილი კი არა და, ნაქირავები ვირთხის სოროდან ამომძვრალი მეგობრის გამო: არც ჯადოსნური სიტყვების თქმას შეუშინდება დასაპატარავებლად და ხვრელში გასაძვრომად, ასანთის ღერებსაც საკუთარი ზურგით ჩაზიდავს, კარაქიან პურსაც, ქიშმიშსაც და დაბრაწულ გუფთებსაც, აბა, სიცივეს და შიმშილს ხომ არ მოაკვლევინებს ნისეს, ძლივს გამოუჩნდა ხმის გამცემი და მარტოობის გამზიარებელი. დაიკო მერტას სათამაშოებიც ძალიან გამოსადეგია – თოჯინების საწოლი ზედგამოჭრილია ცეროდენა ნილს კარლსონისთვის, იატაკის ნაცვლად ფუმფულა ლეიბზე დაწვება და თბილ საბანსაც დაიხურებს, ჰო, ავეჯიც ექნება და ნაქირავები სორო ნამდვილ სახლს დაემსგავსება. ნისე კმაყოფილი დაიძინებს, ბერტილი კი უზომოდ ბედნიერი ბიჭი იქნება – მარტოობაში გატარებული დღეები წარსულს ჩაბარდა, ახლა შეუძლია, საუკეთესო მეგობარი განუყრელად თან ჰყავდეს და ეულად არასოდეს იგრძნოს თავი.

თქვენი არ ვიცი, მე კი ამ პატარა წიგნის დასრულების მერე ისე ვიგრძენი თავი, როგორც ციცქნა ნისემ გიზგიზა ღუმელთან მიდგმულ გაღუნღულებულ საწოლში. ცოტა პატარა რომ ვყოფილიყავი, იქნებ კუნჭულ-კუნჭულ ხვრელების ძებნაც დამეწყო, იქნებ ჩემთანაც მეპოვა ფუძის ანგელოზი.

ისა და, მგონი, არც ახლაა გვიანი.

თქვენ რას იტყვით?

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: ლინდგრენოლოგია Tagged: ასტრიდ ლინდგრენი, ბაკურ სულაკაური, ბერტილი, ბუკინისტები, ილონ ვიკლანდი, ლია ჩახუნაშვილი, ლინდგრენოლოგია, მერტა, ნილს კარლსონი, ნისე, საქართველოს შვედური საზოგადოება, ცეროდენა ნილს კარლსონი, ძველი თარო

თითით საჩვენებელი ახტაჯანა იუნიბაკენიდან

$
0
0

უფროსებს რატომღაც ჰგონიათ, რომ პატარებს საზრუნავი და საფიქრალი არაფერი აქვთ. ჰოდა, ძალიანაც ცდებიან – თუ არ გჯერათ, შვედეთში წამომყევით, იუნიბაკენში, ერთ გოგოს გაგაცნობთ. დიდ წითელ სახლში ცხოვრობს მშობლებთან, უმცროს დასთან, პუდელთან და კნუტთან ერთად, მარგარეტა ჰქვია და ყველა მადიკენს ეძახის. ბებია ასტრიდმა დაასახლა იქ და არ მგონია, რომ შეძლებოდა, თავად სხვა ადგილი აერჩია.

ჰოდა, ეს ჩვენი მადიკენი სულ რაღაც ხათაბალაში ეხვევა ხოლმე, არადა, როგორ გგონიათ, არ უნდა, სანიმუშო ბავშვი იყოს? ძალიანაც უნდა, მაგრამ რა ქნას, როცა ირგვლივ იმდენი საინტერესო საფათერაკო ადგილია?! პარმაღზე ხომ არ იჯდება მოხუცი ქალივით, ან ძია ნილსონივით სულ დივანზე ხომ არ იგორავებს? მოუსვენარი გოგოა, ხალისიანი და სულ რაღაც დავიდარაბაში ეხვევა ხოლმე, არადა, საერთოდ არ უნდა, დედ-მამა ანერვიულოს. უბრალოდ, არ გამოსდის.

აი, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რა მადიკენის ბრალი იყო, დედას აბრეშუმის  ხალათი რომ დასველდა და დაიკო ლისაბეტი წყალში გადავარდა? არავის დაუძალებია, “მოსე ლერწმებში“ ვითამაშოთო, შეეძლო, უარი ეთქვა. და, სხვათა შორის, იმასაც უნდა მიმხვდარიყო, რომ როცა უფროსი და მეზობლის თხუთმეტი (თხუთმეტი!!!) წლის ბიჭს ესაუბრება, უმჯობესია, იქაურობას გაეცალოს. ვერ მიხვდა, თან ისეთი მოუქნელი აღმოჩნდა, რომ ოდნავ ბიძგსაც ვერ გაუძლო, მდინარეში ამოჰყო თავი და მადიკენიც გადაიყოლა. კიდევ კარგი, აბე ნილსონი იქვე იყო, თორემ დარჩებოდნენ მშობლები გოსანისა და სასოს ამარა.

ან კიდევ, მამას ქოლგის ამბავი ავიღოთ. მართალია, გატყდა და გადასაგდები გახდა, მაგრამ ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? ცხადია, ისევ საბრალო მადიკენი – არც სახურავიდან ფრენა გამოუვიდა, ცხვირპირიც დაისისხლიანი, ტვინის შერყევაც მიიღო და კინაღამ ექსკურსიის გარეშეც დარჩა. ამდენი უბედურების ფონზე ქოლგა რაღა მოსატანია?

რაო, ღამით გაიპარა სახლიდან მოჩვენების სანახავადო? მერე, გულგახეთქილი და შიშისგან აცახცახებული რომ დაბრუნდა, ეგ არაფერი? მართალია, ალვა არწმუნებდა, სულ აბე ნილსონის მოწყობილი ამბავიაო, მაგრამ აბა, ეგ რა დასაჯერებელია?! აბე ამას არ იკადრებდა, არამც და არამც!

ახლა, ყველაფერს აქ ვერ მოვყვები – ერთი რომ, არ მინდა, თავი შეგაწყინოთ, მეორეც – წიგნში კიდევ ბევრი თავგადასავალია და წასაკითხიც ხომ უნდა დაგიტოვოთ რამე. თავად ნახავთ, რა დღეშია ჩვენი მადიკენი. თქვენ კიდევ – უდარდელი ბავშვობაო! აბა, სცადეთ, როგორია, ერთდროულად თითით საჩვენებელი  გოგოც იყო და საინტერესო ცხოვრებაც გქონდეს! ორ კრონაზე დაგენაძლევებით, არაფერი გამოგივათ და თუ გამოგივიდათ, მადიკენსაც გააგებინეთ.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: ლინდგრენოლოგია Tagged: ასტრიდ ლინდგრენი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გიორგი მაღრაძე, ია მახათაძე, ილონ ვიკლანდი, იუნიბაკენი, ლადო ლომსაძე, ლელა ტუღუში, ლინდგრენოლოგია, მადიკენი, მარგარეტი, მოლის ბიბლიოთეკა, მოსწავლის ბიბლიოთეკა, ნათია კვარაცხელია, ნატო კვარაცხელია, შვედეთი

მე –ნაცარქექია

$
0
0

დარწმუნებული ვარ, მიცნობთ. მე ვინ არ მიცნობს. ბავშვი რომ გააჩერო ქუჩაში, გააჩერო კი არა, ნაშუაღამევს რომ გამოაღვიძო და ჰკითხო, ქართული ზღაპარი მითხარიო, ჯერ ნაცარქექია გაახსენდება, მერე კომბლე. კომბლეც იბოღმება და ცხვარს რომ კლავს, ჩაქაფულზე არ მპატიჟებს. ბატონო? სულ ორი ცხვარი ჰყოლია და რას კლავსო? ვინ გითხრათ, რაის ორი ცხვარი, ფარები დაუდის იალაღებზე. ის მსუქანი სათვალიანი კაცი ტელევიზორში რასაც ჰყვება, ყველაფერს კი ნუ დაიჯერებთ.

ქართული ზღაპარი იქით იყოს, ვიღაცები გაიძახიან, ნაცარქექია დროშაზე და გერბზე უნდა გვეხატოს, ნაღდი ქართველია, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიო. რაღაც უცნაურ სიტყვასაც ახსენებენ. ჰო, გეოპოლიტიკას. ჩვენს ჩლუნგ და მიწაყლაპია მეზობელს, ნაცარქექიასავით, კრეატივით უნდა ვაჯობოთო.

არადა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცნობადობა მხიბლავს და გერბზე დახატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ (ხომ ვამბობ, ტიპურ ქართველად არ გამოვდგები-მეთქი). ბუხართან ჯდომა მიყვარს და ნაცრის ქექვა, მეტი არაფერი და ესეც არ დამაცალეს. თან ვინ? ღვიძლმა ძმებმა :(

გრძელი ამბავია, თუ მაცლით, წვრილად გიამბობთ. ზღაპარი წაკითხული გექნებათ. მანდ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ თანამედროვე მედია როგორ მუშაობს, ხომ იცით – ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ინტერპრეტაციაა.

მოკლედ, ძმებმა ისე მიგანეს, ვიხსენებ და არ მჯერა. ვიჯექი ერთ დღეს ბუხართან, ნაცარს ვქექავდი, გლობალიზაციაზე ვფიქრობდი და მომადგნენ დამჟავებული სახეებით, ესაო, ისაო, ეკონომიკური კრიზისიაო, ვალუტის კურსს შეხედეო, ასე უსაქმურად ან შენ როდემდე უნდა იყო, ან ჩვენ როგორ გინახოთო. გავბრაზდი, მაგრამ რა გავბრაზდი. თქვენ არ გაბრაზდებოდით? ერთი თქვენი დედაც ვატირე-მეთქი. წავალ, წავეთრევი, ორ კაპიკს თუ ვიშოვი, ისევ თქვენ გამოგიგზავნით; ემიგრანტების წყალობით უდგას ქვეყანას სული, მე ვისზე ნაკლები ვარ-მეთქი, ავდექი და კარი გავიჯახუნე.

რიხით კი წავედი, მაგრამ სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ყველის ნაჭერი მედო ჯიბეში და მეთქი, ან თონე შემხვდება სადმე, ან ნანულის მარკეტი, პურს ვიყიდი, წყალთან ჩამოვჯდები, შევჭამ და მერე მოვიფიქრებ. მშიერ კუჭზე ფიქრი არ გამომდის. მშიერ კუჭზე არაფერი არ გამოდის. დიეტა საშინელებაა. თქვენ არ იცით, დიეტის დროს ბლოგის წერა რა ტანჯვაა. ბოდიში, ეს სხვაგან უნდა დამეწერა. მოკლედ, თონეს ვეძებდი და წახემსებას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცალა?

ებჯო, დევებს ვიცნობ, ადრეც შემხვედრიან. სულ ტაქსისტ ნაცარქექია კი არ ვყოფილვარ. ნორმალური ტიპები არიან, ადამიანის ესმით. ოღონდ მთვრალს არ უნდა გადაეყარო. მთვრალი დევი სხვანაირად ჩლუნგდება და მე რომ მომადგა მდინარესთან, მთვრალი კი არა, მურტალი ნაბახუსევი იყო და მე რომ თონის პურს ვნატრობდი, ის, ალბათ, ხაშს ეძებდა.

შემეშინდაო? შემეშინდა კი არა, გული გამისკდა, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. გავიბრიქე, ყარამან ყანთელიც ვარ და უარესიც, თუ ღონე გერჩის, დამეჭიდე-მეთქი. ჯერ ქვიდან წვენის გამოდენაში გავეჯიბრე, მერე სირბილით მტვრის დაყენებაში, მერე სიმძიმეს როგორ წევ-მეთქი. ოლიმპიადა გამოგვივიდა, რა. თან გული მისკდებოდა, ამან არ შეამჩნიოს, ყველი რომ მიჭირავს, თორემ სირბილი და გასწრება მერე ნახე-მეთქი. დაშინებით კი დავაშინე, მაგრამ ჩემმა იმერულმა ყველმა მოგჭამათ ჭირი. დავრჩი მშიერი.

არა, მერე შინ დამპატიჟა. ირმის სუკიც გადასარევი იყო, ღვინოც მშვენიერი დაუწურავს, ნაბახუსევმაც გაუარა და ადამიანს დაემსგავსა. ვივახშმებდით გემრიელად, გავათენებდი როგორმე და დილით გზას გავაგრძელებდი, მაგრამ ჯერ იყო და იმხელა კეცი გადმომემხო, ძლივს გამოვძვერი, მერე ჩემდა (როგორც აღმოჩნდა – მისდა) ჭირად დააცემინა და ამხელა დევი რომ დააცემინებს, თავი როგორ უნდა შეიმაგრო, ავეკარი ჭერს. ან რა ცემინება აუტყდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს, ქეიფისას თუ გაცივდა სადმე ორპირში. რა მექნა, გულის კანკალით მოვბოდე რაღაც და არ დაიჯერა? არიქა, მომკლავს ესო, იშვირა ფეხი და გავარდა კარში. რა ვიცი მე, სად გაიქცა, ისეთი შეშინებული იყო, ალბათ, ახლაც გარბის. ერთი მაინც რომ მოეხედა უკან, კი დაინახავდა, იატაკს რომ დავეზღერთე და კრუსუნით ვიზელდი გვერდებს, მაგრამ არა, ქუსლებს ირტყამდა ზურგზე და რა ჩემი ბრალია?!

ავათრიე წელი როგორღაც. დავათვალიერე დევის სახლკარი. ამხელა სრა-სასახლეში მარტოს რა გამაჩერებდა. ჩემს ძმებს შევუთვალე, ის ფარღალალა ქოხი ვინმე ჯიბეგამოფხეკილ სტუდენტზე გააქირავეთ (ნაცარქექია ვარ, სულელი კი არა, სადაა დასაკარგი ფული), აქეთ წამოეთრიეთ, ღირსი არ ხართ, მაგრამ ძმის გულს რა ვუთხარი, დევისსისხლა ღვინო უნდა ჩაგაცეცხლოთ-მეთქი.

ჰოდა, ვზივარ აგერ, დევის ბუხართან. იმხელაა, კი ხედავთ, ახლოს მისვლა მეშინია, შიგ არ დავიკარგო. საქმე მე არ მაქვს და სადარდებელი, კაის ვსვამ და კაის ვჭამ, აქაურობას ძმები უვლიან. უსაქმური კაცი რითი ერთობა, გაგონილი გექნებათ. ოღონდ შინიდან წამოღებული მახათი სადღაც დავკარგე, სხვა მახათიც არ მაქვს და ბლოგების წერა დავიწყე. მტკივნეული მაინც არაა.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: მონოლოგები Tagged: დევი, ზღაპრები, კომბლე, მახათი, მე - ნაცარქექია, მონოლოგები, ნაცარქექია, ქართული ხალხური ზღაპრები

ყდაგაცრეცილი წიგნების კლუბი

$
0
0

ჩემმა მეგობარმა მაიკომ ჩემი უმოწყალოდ გაშაყირების მორიგ მიზეზს მიაგნო.

ჯერ იყო და რეპრინტებზე ქირქილებდა, ერთნაირი წიგნები რად გინდაო. ახალ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს”  გულგრილად როგორ ჩავუარო, ერთნაირი როგორაა, სხვა ყდა აქვს და აკაა, ეს ოხერი. მომაქვს ციმციმ შინ და მერე დამცინიან.

ახლა ჩემს ძველ კოლექციას მიადგა. ბოლოს რომ მყავდა სტუმრად, სანამ ნიგვზიან ბადრიჯანს, ცხელ-ცხელ მეგრულ ხაჭაპურს, ელარჯს და შოკოლადის ტორტს მივხედავდით, ახალი “ძველი თაროები” ვაჩვენე ამაყად და კომპლიმენტების მოლოდინში გავინაბე. შენც არ მომიკვდე. აათვალიერა და შენო, როგორც ვატყობ, მალე წიგნებიანად გაგსვამენ გარეთ, ჩემთან მოგიწევს გამოზამთრება და რა ვქნა, ერთი ოთახი ახლავე ხომ არ დაგიცალოო.

მაიკო მეხუმრება, ცხადია. ძველი წიგნების ეშხი ჩემზე უკეთაც კი იცის და, დროდადრო, ისეთ მარგალიტებს პოულობს და მჩუქნის, თავად ვერაფრით ვერ მივაგნებდი, მაგრამ ბლოგს მაინც დავწერ. რა იცი, რა ხდება.

ჩემთვის პირადად არავის უთქვამს (ცოტა სასაცილოც კი იქნებოდა, ვინმეს ეთქვა) მაგრამ ერთი-ორგან გამიგია და წამიკითხავს, რა საჭიროა ამ ძველი, ყავლგასული, ყოვლად უინტერესო საბჭოთა თარგმანების შეგროვება, როცა პრიალა, ფერად-ფერადი, გადასარევზე გადასარევი თანამედროვე გამოცემები მოგვეპოვებაო.

ოცდამეერთე საუკუნეა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, ხალხი მარსის კოლონიზაციას გეგმავს, საგამომცემლო საქმეც სხვა სიმაღლეებზეა, ცენზურა აღარ არსებობს (ფორმალურად მაინც), ყველაფერი ხელმისაწვდომია, სათარგმნ ლიტერატურასაც სხვანაირად, უკეთ არჩევენ, თარგმანის ხარისხიც ერთიორად გაზრდილია (მთარგმნელი ჯეკ მფატრავების პრობლემა მაინც გვიდგას, ოღონდ ეს უკვე სხვა, სევდიანი ბლოგების თემაა), პოლიგრაფია წინაა წასული, დიზაინსაც მეტი ყურადღება ექცევა, კრეატივი მეტია, ბოლოს და ბოლოს, ხათუნა ცხადაძე, ქეთი ქანთარია, ლია ჩლაიძე, ანი კოპალიანი, ნიკა სამუშია, სალომე ბენიძე გვყავდა და გვყავს და უცნაური იქნებოდა, თანამედროვე პროდუქტი ორმოცი ან ორმოცდაათი წლის წინანდელზე უარესი იყოს.

თუმცა, ახლავე შემიძლია ახალი გამოცემების ჩამოთვლა, ძველთან ახლოსაც რომ ვერ მივა და ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ამათ ავტორებს, მთარგმნელებს, რედაქტორებს, დიზაინერებს კარგად გამოცემული წიგნი თვალით არ უნახავთო.

მოკლედ, ახალი ჯობია ძველს (ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდით, პირიქით რომ იყოს) მაგრამ ძველსაც თავისი ხიბლი აქვს და ამაში მსოფლიოს ყველა ბუკინისტი და კოლექციონერი დამეთანხმება.

მინახავს კოლექციები, სადაც განმსაზღვრელი გამოცემის წელია. 1901 თუ აწერია გარეკანს, ავტორს და ნაწარმოებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე ასე არ გამომდის. მე მხოლოდ იმას ვაგროვებ, რაც ბავშვობაში მომწონდა, ან არ მქონდა, მაგრამ აუცილებლად მომეწონებოდა და, რაც მთავარია, ახლაც ძალიან მომწონს.

ძველი ბიბლიოთეკა, პირველ რიგში ქვეყნის, საგამომცემლო საქმის, მთარგმნელობითი სკოლის, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის, ძველი გამომცემლობების ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიაა. ჩვენი ბავშვობის “ნაკადულს”, მე თუ მკითხავთ,  მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ზოგ მოქმედ გამომცემლობას, თანამშრომლების  გარდა არავის რომ არ ახსოვს. არადა, “ნაკადულზე” ვიკიპედიის წესიერი სტატიაც არ მოგვეძევება.

მართლა ძალიან საინტერესოა თვალის დევნება, პირველი გამოცემიდან მოყოლებული, როგორ იცვლება თარგმანი, რედაქტურა, ყდა, ზოგჯერ სათაური და ავტორის გვარ-სახელიც კი. გადმოქართულებულ პეპის ჯერ მაღალიწინდა რომ ერქვა, მერე გრძელიწინდა და ახლა გრძელწინდა ჰქვია, ანე-კატერინე ვესტლის ჯადოსნური “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” პირველ გამოცემაში ჩამონათვალი მამით რომ იწყება, მეორეში კი ავტორს, რატომღაც, ანე-კატრინედ მოიხსენიებენ, პირველი ქართული “ტომ სოიერი” ელენე ახვლედიანს რომ დაუსურათებია და 1992 წელს, უშუქო, უპურო, დანგრეულ და სამოქალაქოომგადატანილ ქვეყანაში ვიღაცები “პატარა უფლისწულის” და “მეფე მათიუშ პირველის” გამოსაცემად რომ იცლიდნენ.

და, ალბათ, ყველაზე მთავარი. ძველ წიგნებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ. ძველ თაროებზე ბებიას ნაჩუქარი “დედოფალი მარგო” და “კერი” მიდევს, დედის მოტანილი “ფილმი-ზღაპრები“, ნილსი, სალამურა, კარლსონი, “ყვითელი კოდალას ორდენი”,  ვინი პუჰი, მაუგლი, მერი პოპინსი. მთელი ჩემი ბავშვობა. ო’ ჰენრის პაწაწინა კრებული მაქვს შინ, ბებიას მინაწერით, ბებიას უყიდია სამოცი წლის წინ, ჯერ ბებიები კითხულობდნენ, მერე დედა და მამა, ჩემი პირველი ო’ჰენრიც ის იყო,  “უკანასკნელი ფოთოლი”, “გზები, რომელთაც ვირჩევთ”, წითელკანიანთა ბელადის დახსნა” (ასე ერქვა მაშინ) პირველად მანდ წავიკითხე, სამი თაობის წიგნია, დღესაც ცოცხალია და კიდევ სამ თაობას გაახარებს.

ყდაგაცრეცილი წიგნების კლუბი თუ გეგულებათ სადმე, გამაწევრიანეთ. შინიდან წიგნებიანად გაძევების არ მეშინია. დალაგდება ქვეყანა, ბინას ვიყიდი და ჩემს ბინაში მეც გადასარევად დავეტევი და ჩემი ახალი და ძველი თაროებიც.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: ძველი თარო Tagged: ბებია, ბუკინისტები, დედა, კოლექცია, მაიკო, მოლის ბიბლიოთეკა, ნაკადული, რეპრინტი, საბავშვო ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, ყდაგაცრეცილი წიგნების კლუბი, ძველი თარო, ძველი წიგნები

ოქროს პრაღა

$
0
0

მოლის ბიბლიოფილობის ამბავი აქაურობის სტუმრებს უკვე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მგონი, ის არ მითქვამს, სულით ხორცამდე მოგზაური რომ ვარ, ერთი ეგ არის, შეუმდგარი. ვერ იქნა და ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ ზურგჩანთა მოვიკიდო და სადმე, ევროპაში სახეტიალოდ გავწიო; მაგრამ არაუშავს, ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები, ჩავალაგებ ჩემოდანში წიგნებს, ცოტა ტანსაცმელსაც დავამატებ და ამაყად მივადგები აეროპორტის ტერმინალს პრაღის ბილეთით ხელში. რატომ მაინცდამაინც პრაღის? უბრალოდ, ასე მინდა და იმიტომ! იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ერთად რომ დავათვალიეროთ ქალაქი, ოდესღაც ბრძენი დედოფლის – ლიბუშეს ბრძანებით ვლტავის ნაპირზე რომ დაარსდა და ხუთ ბორცვზე გაშენდა.

მოკლედ, ჩავჯდები თვითმფრინავში, თან აუცილებლად მარჯვე და მოხერხებული შვეიკის ამბავი მექნება გადაშლილი, განწყობის შესაქმნელად და კოხტად დავეშვები ჰაველის აეროპორტში. ქალაქამდე როგორმე მივაღწევ, რომელიმე ცოტავარსკვლავიან სასტუმროში ბარგს დავტოვებ და, პირველ რიგში, არც კარლის ხიდის სანახავად წავალ, არც წმინდა ვიტის ტაძრის, არც პრაღის ციხესიმაგრის და არც კამპის მუზეუმის – პირდაპირ კლემენტინუმს მივაშურებ ჩეხეთის საოცარი ეროვნული ბიბლიოთეკის სანახავად. იმედია, შემიშვებენ, არ შემიშვებენ და ისეთ ფეხების ბაკუნს ავტეხ, იქნება ესკორტით შემაცილონ მთავარ დარბაზში და საცავშიც კი შემახედონ ცალი თვალით აი, ინდური და ირანული ტრაქტატები რომ უწყვიათ, იქ.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან გვარიანად დაღლილი და მოშიებული გამოვალ, ჰოდა, ვაცლავის მოედნისკენ დავადებ თავს – იქ რესტორანი ვიტოპნა მეგულება, სათამაშო რკინიგზით, აი, პატარა ორთქლმავლები რომ დადიან და ლუდის კათხებს დაატარებენ. ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტას მაინც მოვწრუპავ და ლუდის გულიაშსაც აუცილებლად გავსინჯავ. მაგათ იქ საბავშვო მოედანიც აქვთ და არ გეგონოთ, ვინმეზე ნაკლებად გავერთობი.

ამის მერე პირდაპირ კარლის ხიდის სანახავად ვგეგმავ წასვლას. ოცდაათივე ქანდაკებას სათითაოდ ჩამოვუვლი და თუ მოვასწარი, იუდითის ხიდსაც მოვინახულებ, გენდერული ბალანსის ამბავში. აი, მერე კი ნამდვილად ძილის თავი თუღა მექნება, მეტი არაფრის.

პრაღაში მეორე დღეს რომელიმე მყუდრო კაფეში დავიწყებ – ყავის უზარმაზარი ფინჯნითა და ნაღებიან-შოკოლადიანი ცხელი ბლინებით. მერე ფაუსტის სახლი უნდა ვნახო აუცილებლად – არ ვიცი, ის ცნობილი ხვრელი დამხვდება თუ არა, საბრალო მეცნიერი ჯოჯოხეთში გამგზავრების შემდეგ რომ დარჩა, მაგრამ სანახავად ნამდვილად ღირს.

ჰო, პრაღის ციხესიმაგრეც უნდა მოვინახულო. მართალია, ხმაურიან კომპანიაში მოგზაურობა არ მიყვარს, მაგრამ რომელიმე ტურისტულ ჯგუფს უნდა შევუერთდე – იქაური ისტორიული გამოფენის, წმინდა ვიტის ტაძრის, სურათების გალერეის, თოფისწამლის კოშკის ნახვა დამოუკიდებლად არ ღირს, გიდს უამრავი საინტერესო ამბავი ეცოდინება და სიამოვნებით მოვუსმენ.

ვფიქრობ, იმ დღეს მეტს ვეღარაფერს მოვასწრებ და არც ის ვიცი, დარჩენილ დღეებს როგორ გადავანაწილებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოცეკვავე სახლის უნახავად არ წამოვალ, ძალიან მაინტერესებს, თავს როგორ იმაგრებს, რომ არ წაიქცეს.

ჰო, პეტრშინის კოშკიც უნდა შევათვალიერო, ვნახო, მართლა ასე ძალიან თუ ჰგავს ეიფელს. იქაურ კაფეშიც მივსუსნი რაიმე გემრიელობას, მერე აუცილებლად წავალ იარა ციმრმანის მუზეუმის დასათვალიერებლად – თქვენ სახუმარო საქმე ხომ არ გგონიათ, კაცი გამოგონილი პერსონაჟი იყო და თანაც ისეთი, კინაღამ ყველაზე ცნობილი ჩეხის ტიტული მიანიჭეს.

ყველაზე ბოლოს Oxford Bookshop-ში მაქვს საქმე – იმდენ ენაზე იყიდება წიგნები, “პატარა პრინცის“ ისეთი ეგზემპლარიც ექნებათ, ჩემს ბიბლიოთეკაში რომ არ მოიძებნება. და კიდევ მაგნიტებიც – უმაგისოდ არცერთი მოგზაურობიდან არ დავბრუნდები. ჩავალაგებ კოხტად ჩემოდანში, ილუმინატორიდან კიდევ ერთხელ გადმოვხედავ პრაღას და მშობლიურ თბილისში მშვიდობიანი დაშვების მოლოდინში რომელიმე ახალნაყიდ წიგნს გადავფურცლავ.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: მოლი მსოფლიოს გარშემო Tagged: დედოფალი ლიბუშე, ვაცლავ ჰაველი, ვაცლავის მოედანი, ვიტოპნა, ვლტავა, თოფისწამლის კოშკი, იარა ციმრმანი, იუდითის ხიდი, კამპის მუზეუმი, კარლის ხიდი, კლემენტინუმი, მოგზაურობა, მოლი მსოფლიოს გარშენო, მოცეკვავე სახლი, პეტრშინის კოშკი, პრაღა, ფაუსტი, ჩეხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, წმინდა ვიტის ტაძარი, Oxford Bookshop

ზღაპარი სახელად ისლანდია

$
0
0

სწორედ იმ დროს, როცა ჩემი მომავალი მოგზაურობის მარშრუტზე ვფიქრობდი, ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი – ისლანდიის პრეზიდენტი გრიმსონი უცხოელ ბლოგერებს შინ, ბლინებზე ეპატიჟებაო. უნდა იმ პატიოსან კაცს, რომ მისი ქვეყნის ისტორია, რაც შეიძლება, მეტმა ხალხმა გაიგოს და რას ერჩი. მე კიდევ ბლინებზე ვგიჟდები, მოკლედ, ჩვენი სურვილები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. არა, ჩემი მადის პატრონს მარტო ბლინებით რას გაისტუმრებს მასპინძელი, მაგრამ გეიზერში კვერცხების მოხარშვაზე მთლად ამოდენა პიროვნებას როგორ შევაწუხებ, სადმე რეიკიავიკის კაფეში დავაგემოვნებ.

ცოტა კი მეშორება ეს ისლანდია, სამაგიეროდ, ვიზა აღარ მჭირდება და დანარჩენს იოლად მოვაგვარებ. თქვენ უნდა ნახოთ, რა გაჯგიმული მოვკალათდები თვითმფრინავში და რეიკიავიკში ბიორკის New World-ის თანხლებით რა კმაყოფილი დავეშვები.

ახლა არ დამიწყოთ, კულტურული ძეგლების ჩამონათვალი გვაჩვენეო – ბლინები უპირველეს ყოვლისა! ერგონომიკული ზურგჩანთით რომ მივადგები პრეზიდენტის რეზიდენციას, მეტი არ მინდა, არ შემიშვან – ჩემს ყვირილს თბილისში გაიგონებთ.

აი, ცოტა ხნის მერე, ბლინებითა და ყავით ყელჩაკოკლოზინებული რომ გამოვალ და სასტუმროში დავბინავდები, პირველ რიგში, იმაზე ვიზრუნებ, რომ უახლოეს ტურში მოვხვდე აიკიურეირის მიმართულებით – ჩრდილოეთის ციალი უნდა ვნახო. ამბობენ, ისეთი სანახაობაა, თვალს ვერ მოსწყვეტო. ჰოდა, უნდა დავრწმუნდე.

მეორე ტური აუცილებლად “ედლის გადაღმა“ იქნება – სანამ იმ ცნობილ გამოქვაბულში არ შევიჭყიტები, ჯონ სნოუმ წითურთმიანი იგრიტის გამო უბიწოების აღთქმა სადაც დაარღვია, ისლანდიიდან ფეხს ვერ მომაცვლევინებენ. სხვათა შორის, სოლჰეირაღაცა მყინვარზეც ვაპირებ ფორთხვას.

აი, მესამე დღეს ჰაუკარლის დაგემოვნებით დავიწყებ. ცოტა ეჭვის თვალით კი ვუყურებ ზვიგენის აქოთებულ ხორცს, მაგრამ მთავარი ეროვნული კერძის გაუსინჯავად როგორ წამოვიდე? თუ არ მომეწონა, იოგურტის მსგავსი რაღაც რომ აქვთ, სკირს რომ ეძახიან, იმას დავაყოლებ და ეგაა. მერე ყავის დიდ და ქაფქაფა ფინჯანს მოვიდგამ გვერდით, ერთ პატარა ბლოგს ჩავაწიკწიკებ ჩემი მკითხველისთვისაც და ავიკრავ გუდანაბადს  – დასაკარგი დრო სადაა, ტინგვედლირის პარკში ვიქნები წასასვლელი, აი, იქ, ქოფაკი კლიგანი რომ დაეხეტებოდა არია სტარკთან ერთად.

გეიზერების ველის  – ჰაუკადალურის სანახავად მომდევნო დღეს დავირაზმები და  შეიძლება, საღამომდე ვიჯდე და ვუყურო იმ საოცრებას, ცამდე ატყორცნილ ბუნებრივ შადრევნებს და გუდლფოსის ულამაზეს ჩანჩქერს.

ერთ დღეს, ალბათ, ქალაქში ბოდიალს მოვანდომებ – ფოლკლორის და ისტორიულ მუზეუმებში შევიხედავ, ჰათლგრიმსკირკიას მოვინახულებ – რეიკიავიკის მთავარ ეკლესიას, ყველა კუთხიდან რომ ჩანს. ბოლოს წიგნის მაღაზიების ჯერიც დადგება – ამ ციცქნა ქვეყანაში თურმე წლის მანძილზე ოთხასამდე წიგნს გამოსცემენ და რა ღმერთი გაუწყრებათ, “პატარა პრინცი“ არ ჰქონდეთ სადმე ჩემთვის გადანახული.

ამ ყველაფრის მერე როგორი გაბღენძილი დავბრუნდები გეიზერების ქვეყნიდან და რამდენს გექაქანებით იქაურ შთაბეჭდილებებზე, წარმოდგენა მეც კი მიჭირს, მაგრამ გმირულად უნდა გამიძლოთ და ყურადღებით მომისმინოთ.

ხომ მპირდებით?

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

მთვარის შვილობილთა თამაშები

$
0
0

დარწმუნებული ვარ, შინ ყველას მოგეძევებათ ისეთი წიგნები, სასწრაფოდ წაკითხვას რომ უპირებდით და მიზეზთა და მიზეზთა გამო ძალიან დაგიგვიანდათ. თან გულის სიღრმეში იცით, რომ გემრიელი ლუკმა გაქვთ თაროზე შემოდებული და დროდადრო ხელებს იფშვნეტთ გაჭიანურებული სიამოვნების მოლოდინში.

მეც ასე დამემართა – შარშან წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნი აგერ ახლა, სამდღიან უიქენდზე, როგორც იქნა, გადმოვიღე და ყველა ფურცლის თუ არა, ყველა თავის წაკითხვაზე მაინც ქოქოლას ვაყრიდი თავს – სად იყავი აქამდე-მეთქი.

ფენტეზის ჟანრისადმი ჩემი დამოკიდებულება და სამამულო ფენტეზის სიმცირეზე წუხილი “არ ახალია, ძველია.“ სულ ვამბობდი, რაც არ უნდა კარგი იყოს, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს-მეთქი და ისეთი წიგნი დავამთავრე ორიოდე საათის წინ, ყველა სიტყვა სათითაოდ მიმაქვს უკან. ნატო დავითაშვილის “მთვარის შვილობილებზე“ მოგახსენებთ.

აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის გამიტაცა კითხვამ ისე, რომ ორი დღის განმავლობაში თავის აღების სურვილი არ გამჩენოდა. ისე ჩავერთე  მთვარის რჩეულის ტიტულისთვის გამართულ დაუნდობელ მარათონში, ხანდახან მეგონა, მეც ერთი მათგანი ვიყავი, ოცდამეცხრე შვილობილი და ასან ბასარის, ფადის, ეფი ზაზას, ანიას, ესეტის, ამინისა და დანარჩენების მსგავსად ასწლეულების მანძილზე მივიწევდი სანუკვარი მიზნისკენ; ზოგი მეტოქის თავიდან მოსაშორებლად გეგმებს ვაწყობდი, ზოგი კი არაფრით მემეტებოდა სხვისთვის გახსნილ კარში გასაშვებად. ისეთებიც იყვნენ, ვისმა სიკვდილმაც შვება მაგრძნობინა და ისეთებიც, ბურთად რომ გამეჩხირნენ ყელში.

ისინი ოცდარვანი იყვნენ – აბელ ნასან მურში გამოცდაგავლილნი, მზაკვარი ასან ბასარის ხაფანგში გაბმულნი და მარადიული სიცოცხლისთვის განწირულნი – მთვარის შვილობილები. არავის უკითხავს მათთვის, უნდოდათ თუ არა, მთვარის რჩეულნი გამხდარიყვნენ და უსაზღვრო ძალაუფლება მოეპოვებინათ. ზოგი მართლაც რომ ყველაფერს დათმობდა, ოღონდაც პირველობა დარჩენოდა, მაგარამ ისეთებიც ერივნენ, სამყაროს მბრძანებლობას თავისი ცხოვრება რომ ერჩიათ, არჩევანის საშუალება კი არცერთ მათგანს არ ჰქონია. მტვრადქცეული ქალაქიდან – აბელ ნასან მურიდან ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშის მონაწილეებად და დაუძინებელ მტრებად ბრუნდებოდნენ. თუმცა მთვარის ზოგიერთი შვილობილისთვის მაინც ადამიანობა, სიკეთე და სიყვარული პირველობდა, აუფერულებდა მიზანს, რომლისკენაც ისინი ერთმანეთის გვამებზე გავლით მიდიოდნენ.

ვკითხულობდი და ერთი სული მქონდა, ბოლოში გავსულიყავი – ძალიან მაინტერესებდა, როგორ გაართმევდა თავს ავტორი ამ დახლართული ამბის კვანძის გახნას, რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა ფინალი და ძალიან არ მინდოდა, იმედი გამცრუებოდა. სულ ტყუილად მეშინოდა თურმე – დასასრული სწორედ ისეთი აღმოჩნდა, ამისთანა თხრობას რომ ეკადრებოდა.

ჰოდა, ბოლო გვერდი რომ ჩავამთავრე, “მთვარის შვილობილები“ განზე გადავდე და კარგა ხნის გაციებულ ყავის ფინჯანს მივუბრუნდი, ვიფიქრე – მართალია, ძალიან მინდა, ამ ჟანრში რაც შეიძლება მეტმა და კარგმა მწერალმა სცადოს ბედი, მაგრამ მაინც,  სანამ ასეთი წიგნები იწერება, თუნდაც მხოლოდ ერთი კაფანდარა ქალი წერდეს – ქართული ფენტეზი არსებობს.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

გამოიცანით წიგნი მიძღვნით

$
0
0

წიგნის მიძღვნით გამოცნობა სულაც არ არის იოლი საქმე. ოღონდ მიძღვნებსაც გააჩნია. ზოგი ისეთია, ერთხელ თვალი თუ მოჰკარი, არ დაგავიწყდება, ზოგი ლოგიკურად მისახვედრია და ზოგიც მართლა წუხელ უნდა გქონდეს წაკითხული.

მოკლედ რომ მოვჭრა, დღეს ყველაზე რთულ და უცნაურ ქუიზს ვაქვეყნებ. რა გამოვა, ერთად ვნახოთ.

წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)

პასუხებს ვტოვებთ ბლოგზე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.

ეს არის და ეს.

Good luck!

☑ სახსოვრად გადაკარგულ მეგობრებს

☑ ბლანშს, ჩემს კატას, რომელიც მიყურებს

☑ საჩუქრად მაკას – გაძლებისა და მოთმინებისათვის

☑ ვუძღვნი მეუღლეს, ენს, რომლის დუმილის გარეშე ეს წიგნი არასოდეს დაიწერებოდა

☑ ვუძღვნი ბიძაჩემის, გიორგი ქარუმიძის ხსოვნას, ვინც პირველად მომასმენინა ჯაზი

☑ ეძღვნება დედას, რომელიც “პიკულს” მეძახის, და მამას, რომელიც “ჯიგაროთი” მომმართავს

☑ ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია. განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება

☑ ეძღვნება ედ ფერმანს, რომელმაც გარისკა და ერთიმეორის მიყოლებით დაბეჭდა ეს მოთხრობები

☑ ეძღვნება ყველა იმ გოგოს, რომელიც ერთხელ მაინც გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი და გააჩუმეს. თუ გავერთიანდებით, ჩვენს ხმას ყველას მივაწვდენთ

☑ ვუძღვნი ჯესიკას, რომელსაც უყვარს საინტერესო ამბები; ანას, რომელსაც აგრეთვე ძალიან უყვარდა მათი მოსმენა და დის, ვინც პირველმა მოისმინა ეს ამბავი

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

დასვენება და მოგზაურობა გადარბენით

$
0
0

თქვენი მასპინძელი, მოგეხსენებათ, ვერშემდგარი მოგზაურია – მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ქვეყნიდან ფეხი ჯერ არ გამიდგამს.

ასეთ დროს, როგორც ხდება ხოლმე, პრაქტიკის კატასტროფულ ნაკლებობას ჭარბი თეორია აბალანსებს – ვინმემ მომისმინოს და მოგზაურობაზე საათობით შემიძლია ქაქანი.

დღეს ჩემს საყვარელ თეორიას გაგიზიარებთ.

კაცმა რომ თქვას, საკამათო ბლოგი გამომივიდა. მეგობრებს რომ ვუყვები, თითქმის არავინ არ მეთანხმება. არა უშავს, ბლოგი ზუსტადაც რომ სადავო თემებისთვის არსებობს. ელემენტარული ჭეშმარიტებები არითმეტიკის სახელმძღვანელოშიც გვეყოფა.

ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ სარეკლამო განცხადებები: “დაუვიწყარი მოგზაურობა ევროპაში, შვიდი დღე, ექვსი ღამე,  რვა ქალაქი და, აქეთობისას, ჰამბურგშიც შევივლით”, “არ გაუშვათ ხელიდან შანსი – გერმანია, იტალია და საფრანგეთი დიდებული მუზეუმებით სულ რაღაც ერთ კვირაში” და ა. შ. დარწმუნებული ვარ, ყოვლად გადასარევი მარშრუტებია. ოღონდ არა ჩემთვის.

აი, მითხარით, რა განსხვავებაა, თბილისში მოვკვდები წინ და უკან სირბილით, საათზე ყურებით და ნერვიულობით, სადმე არ დავაგვიანო-მეთქი თუ ფლორენციაში?

დასვენება, ჩემთვის, პირველ რიგში, ცხოვრების ყოველდღიური რიტმის შეცვლა და ტემპის დაგდებაა. ამიტომაა, შვებულებას შინაც გადასარევად რომ ვატარებ. მძინავს, ვუყურებ, ვუსმენ და ვკითხულობ რამდენსაც მინდა და როცა მინდა, დავბოდიალობ ყველგან და არსად დაგვიანების არ მეშინია. ერთი სიტყვით, თავად გახლავართ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

მოკლედ, დასვენება მაშინ შემერგება, თუ სადმე წასვლის და რაღაცების კეთების ვალდებულება არ მახრჩობს.

ცხადია, შინაურული შვებულების ნეტარ რიტმს მოგზაურობას ვერ მოარგებ. მოგზაურობა სხვა მობილიზებას ითხოვს, გინდა, არ გინდა, რაღაცების დაგეგმვაც გიწევს და ბოლომდე ვერც საათს გადადებ გვერდზე, მაგრამ პრინციპი იგივეა და მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება.

მე თუ მკითხავთ, იდეალური მოგზაურობა ასეთია: კარგი მანქანა, რამდენიმე საიმედო, ამგვარ ხათაბალაში გამოცდილი მეგობარი, პასპორტი და საკრედიტო ბარათი,  დაქოქავ მანქანას და ჰერი, სადაც გინდა იქ შეჩერდები, სადაც გაგიხარდება, იქ ისადილებ, რომელი აბრაც მოგტაცებს თვალს გზატკეცილზე, იქით გადაუხვევ და რომელი ქალაქიც მოგეწონება, ღამეს იქ გაათენებ.

სათქმელად იოლია, მაგრამ ამგვარი მოგზაურობა ადვილი არ უნდა იყოს. ან, იქნებ, ზუსტადაც რომ ადვილია და მე მეძნელება შორიდან. მოკლედ, ერთხელ აუცილებლად ვცდი და შთაბეჭდილებებს წვრილად გაგიზიარებთ.

თავისუფალ ცურვას ჩემთვის მეორე უპირატესობაც აქვს. პიზის კოშკი, ორსეის მუზეუმი, საგრადა ფამილია, პალაცო ვეკიო, გოდების კედელი და ყველაფერი, რითაც პროფესიონალი ტუროპერატორები ფერად-ფერად ბუკლეტებს ავსებენ, ძალიან კარგია, მაგრამ მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს. ნებისმიერ ქალაქში, არ აქვს მნიშვნელობა, ქუთაისია თუ სან სებასტიანი, პირველ რიგში ვეძებ ფეხით სასეირნო მარშრუტებს, პარკებს და სკვერებს, ქუჩის ბუკინისტებს, კინოს (დიდი სინემანიაკი ვერ ვარ, მაგრამ კინოში ერთხელ როგორ არ შევიდე), ფლი მარკეტებს, მყუდრო კაფეებს, სადაც დილით პირველი ყავის დალევა შეიძლება, წანწალით დაღლილი კი გემრიელად ისადილებ და, რა თქმა უნდა, წიგნის მაღაზიებს.

ენების ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ სულაც უნგრეთში რომ ვიყო ან მონღოლეთში, იქაურის ინჩიბინჩიც რომ არ მესმოდეს, წიგნის მაღაზიაში საჩემო რაღაცები მაინც მოიძებნება და კოლექციებს მაინც შევავსებ. ან კომიქსები ექნებათ, ან “პატარა პრინცის” თარგმანი. ჰოდა, სულაც არ მინდა, რომელიმე სტენდთან დაბანაკებულს კოპებშეკრულმა გიდმა დამჩხავლოს თავზე – ეიფელის კოშკზე ან დიდ კედელზე მივბობღავთ და გვაგვიანდებაო.

თემის გაგრძელება ლამის უსასრულოდ შეიძლება, ჩემი საყვარელი თეორიაა და კიდევ ბევრს მოვყვებოდი, მაგრამ დასაწყისისთვის, მგონი, საკმარისია. თანაც მთავარი უკვე გითხარით. ახლა თქვენს კონტრარგუმენტებს ველოდები. გამოცდილ მოგზაურებს სათქმელიც მეტი გექნებათ. აბა, რაში არ მეთანხმებით?

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

სურათებიანი წიგნების მაგია

$
0
0

ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, ზღაპრებთან, ლექსებთან, მოთხრობებთან ერთად, ფერად-ფერადი ილუსტრაციებიც მომყვება.

ლექსი და მოთხრობა ბევრჯერ დამვიწყებია და გასახსენებლად გადაკითხვა დამჭირვებია. ნახატები – თითქმის არასოდეს.

განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ, ამერიკა ხელახლა არ აღმომიჩენია,  თვალწარმტაცად მოხატული წიგნების მაგიის ამბავი ყველა პატარა მკითხველს გადასარევად მოეხსენება.

თუმცა რატომ მხოლოდ პატარებს. დავბერდი და სურათებიანი წიგნები ისევ ძალიან მიყვარს, დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვფურცლავ და ვათვალიერებ. ფერად ქინდლს (რიდერს და არა პლანშეტს) ზუსტადაც რომ ილუსტრაციების ეშხით ველოდები.

“ნაკადულს” და “საბლიტგამს” იმდენი გემრიელობა  გამოუციათ, ყველას რა ჩამოთვლის. მე დავიწყებ, რაც ამ წამს გამახსენდება, წიგნებს და მხატვრებს, თქვენ ამყევით.

ალექსანდრე ბანძელაძის “მაუგლი“, ედუარდ ამბოკაძის “მიუნჰაუზენის თავგადასავალი”, ბესო ხიდაშელის და “დილის” კუდრაჭა გოგო-ბიჭები, ჯემალ ლოლუას ძმები გრიმების ზღაპრები, სამეულის უაილდისეული “ვარსკვლავბიჭუნა”, მანანა მორჩილაძის “ყვითელი კოდალას ორდენი” და დედაენა,  დეა ჯაბუას “მერი პოპინსი“…

ქართული პეპი და კარლსონი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული თარგმანი, ლამის სასთუმალთან გვიდევს, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ის ჯადოსნური ყდა, ღრმა ბავშვობიდან რომ გვახსოვს და გვიყვარს, დეა ჯაბუას დახატულია.

გია ლაფაურის “ბოცოს და გვანცას” და “ბოლოკას და ყვანჩალას”, პირვეელ სამამულო კომიქსებს, პერსონალური ბლოგი ეკუთვნით.

და. რა თქმა უნდა, უბერებელი კლასიკა – პიკო ნიჟარაძის, თენგიზ მირზაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის მოხატული წიგნები.

კარგთან ერთად, ცუდიც ბევრია. ცუდს რა გამოლევს. უგვანი, უხარისხო და შეუხედავი ადრეც იყო, ახლაცაა და, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება. აქვე ჩამოგითვლიდით წიგნებს, ძველებსაც და ახლებსაც, მეორედ შეხედვა რომ არ მოგინდება და ძალაუნებურად გაფიქრებინებს ამათ პატრონს და გამომცემელს, ასეთ საშინელებას რომ ყიდის, ღამით როგორ სძინავსო.

საბედნიეროდ, კარგი მეტია. მეტი თუ არა, თვალშისაცემი მაინც. კარგ ილუსტრაციებს, ესეც ვაღიაროთ, არა ერთი და ორი წიგნი გაუყიდია.

ნინო ჩაკვეტაძის საოცარ ნახატებს იმდენი დამფასებელი ჰყავს, ბარე ორ მწერალს შეშურდება. რა გასაკვირია, რომ ქალბატონი ნინოს მოხატული ნებისმიერი წიგნი ბესტსელერობისთვისაა განწირული.

ჩემი ფეისბუქის გვერდზე გოდორა კარლსონს და მის ჯადოსნურ ოთახს დააკვირდით. ხომ გადასარევად კარგია? ირინა ცინცაძემ დამიხატა, John Wrap-ის დიზაინერ-ილუსტრატორმა.

ირინას ოცდაათზე მეტი საბავშვო წიგნი აქვს გაფორმებული აქაც და საზღვარგარეთაც. უცხოურებზე ბოდიში, ცოტა რთულად მოსახელთებელია და ჩვენები შინ მაქვს, ცალკე მიწყვია და ფურცვლა-თვალიერება არ მბეზრდება.

ირინას უცხოელი გამოცემლების და კრიტიკოსების ყურადღება ნამდვილად არ აკლია, არც დადებითი რევიუების სიმცირეს უჩივის. სულ ახლახანს, სააგენტო Kirkus-მა მისი მოხატული “Bear of Trees” 2017 წლის საუკეთესო საბავშვო წიგნების ჩამონათვალში მოახვედრა.

წელს, მოგეხსენებათ, ბებია ასტრიდის (ჩვენთვის) ორმაგი იუბილეა. ჰოდა, ჩემს ფერად ლინდგრენულ კოლექციას უდიდესი სიხარულით დავუმატებდი ირინას დახატულ რომელიმე წიგნს. კაცმა რომ თქვას, არც ისე რთულად მოსახერხებელი ამბავია.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


მე –წრიპა მორტენი

$
0
0

ხშირად ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთ დიდ და ხმაურიან ოჯახში ნაბოლარად დავიბადე თუ პირიქით?! ჯერ ვერ დავადგინე, იმიტომ, რომ ზოგჯერ ეს ამბავი კარგი მგონია, ზოგჯერ – არც მაინცდამაინც. აი, ზღვაზე რომ ვისვენებდით და გუბეში განმარტოების უფლება არ მომცეს, ძალიან გავბრაზდი – როგორ შეიძლება, ადამიანს ასე დაურღვიო მყუდროება? თუმცა ისა… მთლად მყუდროება არ იყო, გუბეში ვიწექი და ხელ-ფეხს ვაჭყაპუნებდი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი, ვა!

ყველა ჩემზე რომ ზრუნავს, ეგ კი მომწონს, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მოსდით – აი, როცა თოვლიან ტყეში სასეირნოდ მივდივართ, ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად ქუდი უნდა გამისწოროს და სათითაოდ ექაჩებიან ქვემოთ, ჰოდა, ნიკაპამდე ჩამომაფხატებენ ხოლმე. იმიტომაც იყო, რომ მოვიშვლიპე და ნაჩუქარ ნაძვს დავახურე. ისე, მერე ციყვმა რომ აიღო უკითხავად, არც ეგ მომეწონა.

ვინ ხარო, მკითხეთ? დიდედა სულ მეუბნება, უცნობებთან ბევრი საუბარი უზრდელობააო, მაგრამ ახლავე გაგეცნობით და მერე გავაგრძელებ. წრიპა მორტენი გახლავართ, მამასთან, დედასთან, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასთან, დიდედასთან, სამოვრის მილთან და საბარგო მანქანასთან ერთად ვცხოვრობ ტყეში, ამქვეყნად საუკეთესო სახლში.

აი, ხომ ნახეთ, რამდენი ხალხი ჩამოვთვალე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დიდედასთან ვმეგობრობ. დანარჩენებს ისევ ძალიან პატარა ვგონივარ, მხოლოდ დიდედა მეპყრობა სერიოზულად. ქაშაყის კასრისგან ქარიშხალას  რომ ვაკეთებდი, აზრადაც არ მომსვლია, დახმარება ვინმე სხვისთვის მეთხოვა. იმიტომაც შემეშინდა, ერთხელ დურგალზე გათხოვებაზე რომ დაიწყო ლაპარაკი,  კიდევ კარგი, მალე გაჩუმდა. ქარიშხალა ვინ არის და ცხენია. აი, ვიღაცა სულელ ქალს ვიკინგების დროინდელი ნამარხი რომ ეგონა, ის. მორტენის საშობაო საჩუქარი მორტენისთვის.

ის ამბავიც გამახსენდა, მთიდან ყუთით რომ მოვსრიალებდით და ყველას ტროლები ვეგონეთ. ეგრე ძალიან ცხოვრებაში არ მიმხიარულია. ჟურნალისტები რომ სურათებს მიღებდნენ, მომეწონა. და სასტუმროში ტკბილეულით რომ გაგვიმასპინძლდნენ, ისიც მშვენიერი იყო. ვეუბნებოდი დიდედას, წამოდი, ერთხელაც ჩამოვსრიალდეთ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ხანდახან იცის ასე გაჯიუტება, მერე რა. მაინც ძალიან საყვარელი დიდედაა.

წეღან უკვე ჩამოგითვალეთ, რამდენი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ოჯახში, ქარიშხალაც მყავს, სამოვრის მილიც, ჰილდა და ჰენრიკიც, ჩვენი ძველი მეზობლები რომ იყვნენ ქალაქში, ჰოდა, არასოდეს მიფიქრია, რომ კიდევ ვინმე მჭირდებოდა, ჩემებმა კიდევ იფიქრეს, ეს ორნი უცნაურად იქცევიან, ხის ცხენით და მარხილით დაქრიან და გაუთავებლად რაღაც ხათაბალაში ეხვევიან, ამიტომ მორტენს თავისი ჭკუის მეგობარი უნდა მოვუძებნოთო. ამისთანა სისულელე სადმე მოგისმენიათ? სად გაგონილა მეგობარი შეკვეთით? რომ ჰკითხო, უფროსები არიან და ჭკუა მოეკითხებათ.

ერთი კი თქვა ბოთე მარტინმა, მორტენს მეგობარი ვუშოვეო და ცხვარივით წამათრიეს ტირილტოპენში. დამტოვეს იქ ვიღაცა უცხო და შარიან ბიჭებთან. დამეგობრებას ვინ ჩიოდა, ცხვირპირი რომ არ დაესისხლიანებინათ ჩემთვის. კიდევ კარგი, პეტერ ბენედიქტი გამოჩნდა და ნაძალადევი მეგობრებისგან მიხსნა. მერე ქალბატონი პეტერ ბენედიქტის დედა უგემრიელესი სენდვიჩებით გამიმასპინძლდა, მაშ! ჰოდა, ამის მერე ჩემთანაც ხომ უნდა დამეპატიჟებინა? წავიყვანე კიდეც, ერთი ეგაა, სტეფანი და იენსი აგვეკიდნენ დანარჩენ ჩხუბისთავებთან ერთად, მაგრამ მარჯვედ დავუძვერით ხელიდან. მერე კი მაინც მოგვადგნენ შიშისგან აკანკალებულები – ბოროტი ფერია შეგხვდა ტყეშიო, დიდედაზე ამბობდნენ. უტვინოები ეგენი. კიდევ კარგი, დედამ ფუნთუშები და თხის ყველი ჩამოურიგა და ქალაქისკენ გააცილა. დავრჩით მე, დიდედა და პეტერ ბენედიქტი მარტო და მარხილით სრიალით გული ვიჯერეთ.

დაიცა, აბა, რა გეგონათ, ახალი მეგობარი გავიჩინე და დიდედას მივატოვებდი?

იცით, რას გეტყვით? არც თქვენ ყოფილხართ სხვა უფროსებზე ჭკვიანები!

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

ერასტ ფანდორინის ბოლო საქმე

$
0
0

ხვალ ფრიად დიდი დღეა ერთი კაცის წიგნების მოყვარულებისთვის. აი, იმისი, აქვე, რიკოთს გადაღმა რომ დაიბადა, მერე სულ „ზესტაფონო, ზესტაფონო, გშორდების“ ღიღინით მიაშურა მოსკოვს და საბოლოოდ იქაც ვერ მოისვენა – ლონდონში გადაბარგდა.

ისე, უქმად წუთი არ გაჩერებულა – წერა და წერა წიგნები ერთ შინგამომცხვარ დეტექტივსა და ქალების გულთამპყრობელზე, კოხტად გადავარცხნილი შავი თმით და ჭკვიანი ლურჯი თვალებით თავგზას რომ უბნევდა კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს და მოჭარბებული ნაცრისფერი უჯრედების წყალობით სრულიად რუსეთის იმპერიის   ბოროტმოქმედებს მოსვენებას არ აძლევდა.

იმან კი წერა, მაგრამ მთელი მარილი იმაშია, ჩვენ რომ სულმოუთქმელად ვიკითხეთ, ვდიეთ ერასტ ფანდორინს ხან პეტერბურგში, ხან იაპონიაში, ხან ანარქისტებს ვეომეთ, ხან ნაირ-ნაირი ჯურის მოუხელთებელ ავაზაკებს ვედექით კვალში, ხან იდუმალი ნინძების საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლებოდით, მოკლედ, მუხლჩაუხრელად ვიხეტიალეთ თითქმის ოცი წლის მანძილზე და არც მაშინ შეგვიხრია წარბი, ნავთობით გაჭვარტლული და ათასი ოხერტიალით გაძეძგილი ბაქოს გზას რომ გაგვიყენეს.

აი, “შავი ქალაქის“ ბოლო ფურცლებზე მართლა აკუნინი ვეძახე იმას, ვინც ამდენი წლის ფათერაკებით, აღმართ-დაღმართითა და ხიფათით სავსე ცხოვრება ბაქოში, რომელიღაც მიყრუებული სახლის სარდაფში უსახელოდ და უპატიოდ დაასრულა. არ იყო ღირსი? კი ვიცოდი, სადღაც წერტილი რომ უნდა დასმულიყო, მაგრამ ასეთი? არ ეკადრებოდა სახელოვანი ფონ დორნების შთამომავალს.

მიდგა მერე ეს დამსახურებულად აკუნინი, ხან ბორისოვას ფსევდონიმით თხზა, ხან – ბრუსნიკინის, ხან რუსეთის ისტორია გადაქექა და გადაწერა თავიდან და ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, მიუტევებლად ცუდად რომ იქცეოდა. ჰოდა, დაადგა გამოსწორების გზას – შარშანვე დააანონსა ახალი, ამჯერად მართლაც ბოლო რომანი ერასტ პეტროვიჩის ფათერაკებზე, ფრიად ორაზროვნად რომ დაურქმევია  “არ გემშვიდობებით“ და საახალწლოდ ცინცხალი პირველი თავიც გვისაჩუქრა – რვა თებერვლამდე როგორმე თავი შეიქციეთო.

შევიქციე კი არა, ოციოდე წუთში ჩავაბულბულე დიდსულოვნად ნაბოძები ნაწყვეტი და აზარტში რომ შევედი, გული ამიფრიალდა და თვალები დავაჭყიტე, ზუსტად იქ არ დამთავრდა?!

მოკლედ, არ აქვს ამ კაცის ვერაგობას საშველი და რა გინდა, რომ ჰქნა?! ძლივს მოვიტანე სული აქამდე და ვაი, მაგისი ბრალი, ხვალინდელი პრეზენტაცია თუნდაც წუთით რომ გადადოს – ფეხით, ფეხით ჩავალ ქუთაისში კი არა და ლონდონში და ვაჩვენებ, როგორ უნდა აკუნინობა.

სერიოზულად გეუბნებით. არ გეგონოთ, ვხუმრობდე.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

ქართული ლინდგრენოგრაფია. 1968-1994

$
0
0

ქართული ლინდგრენოგრაფია, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა. “ნაკადულით” დაიწყო და უკვე თანამედროვე გამომცემლობების ფერად-ფერადი წიგნებით გრძელდება.

ახალი მაინც ახალია. ხარისხს, დიზაინს, შვედურ ილუსტრაციებს, რედაქტურას რომ გავეშვათ, 2002 წლიდან დღემდე ექვსი ახალი თარგმანი მოგვეძევება. ოღონდ ძველს ისეთი ხიბლი აქვს, ვერც ერთი ცინცხალი გამოცემა ვერ დაიკვეხნის.

დღეს ძველ წიგნებზე მოგიყვებით. თავის დროზე, ინტერნეტში ბევრი ვეძებე ერთად თავმოყრილი ინფორმაცია და ვერსად ვიპოვე. ყველაფერი ჩემი აკინძულია. ჩათვალეთ, რომ დამწყები ბიბლიოგრაფის ნაშრომს კითხულობთ და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით.

ახლა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამამულო ლინდგრენოგრაფია ფრუ ასტრიდის სავიზიტო ბარათით – პეპით ან კარლსონით არ დაწყებულა. პირველად, 1968 წელს, ქართულად “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” თარგმნეს.

რედაქციის ლოგიკის გამოცნობა გამიჭირდება, მაგრამ, ჩანაფიქრმა, ფაქტია, გაამართლა. კალე, თუ დააკვირდებით, ყველა მოზარდის ახდენილი ოცნებაა. ზაფხული, არდადეგები, ერთგული მეგობრები, ორი ბანაკი, ომი, შტაბები, საიდუმლო ენა, მუმრიკი, დეტექტივობანა და ნამდვილი დამნაშავეების გამოჭერა… რა გასაკვირია, რომ პატარა (და არა მხოლოდ პატარა) მკითხველს ძალიან მოეწონა.

სამი წლის შემდეგ კარლსონის ჯერიც დადგა. მართალია, თავიდან მხოლოდ საწყისი ორი ნაწილი გადმოაქართულეს (მესამეს კიდევ შვიდი წელი დასჭირდა), სათაურიც ჩვენთვის უჩვეულო ერქვა – “ბიჭი და სახურავის ბინადარი კარლსონი“, მაგრამ სათაურს ვინ ჩივის, ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცის ამბავი ქართულადაც წავიკითხეთ.

1973 წელს “ნაკადულმა” ერთბაშად ორი ლინდგრენი გამოსცა. ცოტა არ იყოს, არაზღაპრულად და არასაბავშვოდ სევდიანი ” მაწანწალა რასმუსი” (“ძმებ ლომგულებზე” მაშინ არაფერი ვიცოდით) და პეპი, ჩვენი პეპი, პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტირ გრძელიწინდა, რომელსაც, სულ პირველ თარგმანში, (ოჰ, ეს უცნაური სათაურები) რატომღაც მაღალიწინდად მოიხსენიებდნენ.

კიდევ ორი წელი გავიდა და მკითხველმა ყოვლად საოცარი “ჩვენც სალტკროკელები ვართ” მიიღო საჩუქრად. სიცოცხლით სავსე წიგნი, ჩემი უპირობო ფავორიტი და იდეალური ანტიდეპრესანტი. დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს. არ გამამხილოთ, მაგრამ კარლსონს და პეპისაც კი მირჩევნია.

1978 წელს “ნაკადულის” ლინდგრენის თარო ყველაზე ცნობილი კრებულით გამდიდრდა – კარლსონი (ამჯერად სრული, სამივე ნაწილი) და პეპი (ამჯერად გრძელიწინდა), ილუნ ვიკლანდის ფანტასტიკური ილუსტრაციებით და დეა ჯაბუას უსაყვარლესი ყდით. ალბათ ძალიან არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული და პოპულარული თარგმანია. მართლა ყველამ იცის, დიდმაც და პატარამაც.

1981 წელს, “დილის” უცვლელი მხატვრის ედუარდ ამბოკაძის მოხატულ კრებულში “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი და ბიულერბიუელი ბავშვები” გააერთიანეს. ეს იყო და ეს. “ნაკადულს” მეტი ახალი თარგმანი აღარ გამოუცია.

1985 წელს, იმ დროისთვის ღრმად პოპულარულმა საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობამ “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” წამოიწყო. გამხსნელ წიგნად ლინდგრენის ყველაზე პოპულარული კრებული – 1978 წლის კარლსონი და პეპი შეარჩიეს. არც ყდა შეუცვლიათ, არც არაფერი დაუმატებიათ, ფრიად სიმპათიური ლოგო მოარგეს და “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” პირველი ტომიც გამოცხვა.

ჩანაფიქრმა, როგორც ჩანს, გაამართლა. მეორე ტომადაც ლინდგრენი შეირჩა. ამჯერად კრებულად ერთხელ უკვე გამოცემული “მაწანწალა რასმუსი და კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” აკინძეს. ძალიან კარგადაც მოიქცნენ. ერთიც და მეორეც ზუსტადაც რომ 1986 წლის კრებულში მაქვს წაკითხული.

რეპრინტების გამოცემა ახალი ტექსტების თარგმნაზე იოლი იყო და წერტილიც რეპრინტმა დასვა. 1990 წელს საბავშვო ლიტერატურისთვის მაინცდამაინც არც არავის ეცალა, “ნაკადულიც” ისეთი ყოჩაღი ვეღარ იყო, როგორც ათი და ოცი წლის წინ, მაგრამ ერთ რეპრინტს თავი მაინც მოაბეს. “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი, ბიულერბიუელი ბავშვები და ჩვენც სალტკროკელები ვართ” ერთხელაც დაბეჭდეს. საკმაოდ მოზრდილი ტომი გამოვიდა. სხვათა შორის, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირიც ღირდა – მთელი 3 მანეთი დ 90 კაპიკი.

უცნაურია, მაგრამ ქართულ ლინგრენოგრაფიაში რუსულენოვანი გამოცემაც ურევია. 1986 წელს “განათლებამ”  კარლსონის ლილიანა ლუნგინასეული კლასიკური თარგმანი გამოსცა. წიგნი გამოვიდა გულდასაწყვეტად უხარისხო, ღირდა ყველაზე იაფი (25 კაპიკი) და ჰქონდა ყველაზე მაღალი ტირაჟი – 100 000 ეგზემპლარი.

ძველი ლინდგრენოგრაფია, წესით, აქ უნდა დამესრულებინა და დავასრულებდი კიდეც, მაგრამ ამას წინათ, რომელიღაც საღამოს, დელისთან, სრულიად შემთხვევით 1994 წელს საქართველოს შვედური საზოგადოების გამოცემულ, ბაკურ სულაკაურის ნათარგმნ “ცეროდენა ნილს კარლსონს” გადავეყარე. წარმოდგენაც არ მქონდა, ქართულად თუ არსებობდა, ან საიდან უნდა მცოდნოდა, არც იმ წლებში შემხვედრია, არც მერე, არც ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იყო ნახსენები. თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე არ შეუტანიათ.

ეს იყო და ეს.

ლხინი იქა, ლხინი აქა,

ფქვილი იქა, ფქვილი აქა.

შვედეთში, რასაკვირველია.

ალალია მაგათზე.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

ბოცო, გვანცა, ბოლოკა და ყვანჩალა

$
0
0

ბავშვობაში “დილის” ერთგული და მადლიერი მკითხველი გახლდით.

გამომიწერდა დედა მთელი წლისას (კიოსკში ნაყიდს რას ვიკადრებდი, აბონემენტი უნდა მქონოდა შინ დაგულებული), მერე ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და ერთი გენახათ, რა სიხარული იყო, დიდი ჩანთიდან  ახალ ნომერს რომ ამოაძვრენდა.

იმ უსაყვარლეს, საუკეთესო მხატვრების მოხატულ, საბავშვო ლექსებით, პატარ-პატარა მოთხრობებით, სახალისო რუბრიკებით, ათასნაირი გამოცანებით, შარადებით, ფერადი კროსვორდებითა და რებუსებით სავსე ჟურნალს დროდადრო უცხო, უცნაური და განსაკუთრებული ნუგბარიც მოჰყვებოდა. გადავშლიდით შუა ფურცლებს და ნახატებით მოყოლილ თავშესაქცევ ამბებს ვკითხულობდით.

კომიქსი რას ნიშნავდა, მაშინ არ ვიცოდით, სიტყვაც არ გაგვეგო, მაგრამ “დილას” ბევრი ზუსტადაც რომ გია ლაფაურის შედევრების ეშხით ელოდებოდა.

ერთი “ბოცო და გვანცა” იყო – ჩვენი კბილა გოგო-ბიჭის მხიარული თავგადასავალი, მეორე – “ბოლოკა და ყვანჩალა” , ორი განუყრელი მეგობრის ფათერაკები – უცხო პლანეტებს სტუმრობდნენ, მეკობრეებს ერკინებოდნენ, ავტორალიში მონაწილეობდნენ, ბედუინებს წყლის პოვნაში შველოდნენ და ტროპიკებში მოხვედრილი თეთრი დათვის ბელის გადარჩენას ცდილობდნენ.

სულ ექვსი ეპიზოდი მახსოვს, ნომრიდან ნომერში იბეჭდებოდა გაგრძელებით. მაშინ ხომ ლამის ზეპირად ვიცოდი, არც მერე დამვიწყებია. პლანეტა ხილიანი, ხის რაკეტა და ნაყინის აისბერგი, მექანიკური ჭისმთხრელი, ბოროტი რობოტი… “მე შევქმნი ახალი ტიპის ზეძრავას, 1000 ყვავის ძალიანს” რაღაცნაირი კოდია, პაროლი, ვინმე რომ ახსენებს, გიხარია, ხვდები, რომ ბავშვობაში ერთ ჟურნალს კითხულობდით, ერთი პლანეტიდან ხართ.

ამას წინათ რუსთაველზე, რომელიღაც ბუკინისტურ დახლთან, “დილის” ბიბლიოთეკის” კიდევ ერთი გამოცემის – “აი იას” ძველ ნომრებს ყიდდნენ – თითოს 50 თეთრად. სულ ოთხი ნომერი ჰქონდათ. ოთხივეს ვტაცე ხელი, ოღონდ იქვე არ დამითვალიერებია, მეჩქარებოდა, ჩანთაში ჩავაგდე და გზა გავაგრძელე.

შინ მოვიცალე, მოვხალვათდი, გადავშალე ერთი – შუა ფურცლებზე (ზუსტად ისე, როგორც ადრე) “ბოლოკა და ყვანჩალა” დამხვდა. გადავშალე მეორე – ისევ “ბოლოკა და ყვანჩალა”. მესამეს და მეოთხეს უკვე ხელის კანკალით ვშლიდი. ოთხივეში ჩემი ბავშვობის კომიქსი აღმოჩნდა. ალბათ, ძველი პატრონიც კომიქსებს აგროვებდა. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი განცდები.

“ბოცო და გვანცას” თანამედროვე გამოცემაც არსებობს. მართალია, მხოლოდ ნაწილი, საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის ეპიზოდები, 2004 წელს დაბეჭდეს, დანარჩენსაც მალე მოგაწვდითო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, აღარც გახსენებიათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, “ბოცო და გვანცა” ხელმისაწვდომია და თაროზეც მიდევს. “ბოლოკა და ყვანჩალა” მხოლოდ ძველ ჟურნალებშია გაბნეული. 1991 წელს ცალკე აუკინძავს “სამშობლოს”, მაგრამ ისეთი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, სადმე წაწყდომის ალბათობა ნულს უკაკუნებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში ელვერსია კია ატვირთული, მაგრამ რა გასაკვირია, ნაბეჭდი რომ მირჩევნია.

არამკითხე მოამბეობა და უფასო რჩევების დარიგება, კი იცით, ჭირივით მეზარება. ეგეც არ იყოს, თანამედროვე “დილას” სარედაქციო პოლიტიკაზე, მარკეტინგზე, მკითხველებთან ურთიერთობაზე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური წარმოდგენა აქვს, საბავშვო ჟურნალის ფეისბუქის გვერდით, ყოველგვარი კომენტარის და ახსნა-განმარტების გარეშე, სარემონტო რჩევების სარეკლამო ბმულის გავრცელება ჩვეულებრივი ამბავია და არ მგონია, თუნდაც ძველი და ერთგული მკითხველების თხოვნა-დამუნათებამ გაჭრას.

ჰოდა, რა მოხდება, ადგეს რომელიმე ადეკვატური გამომცემლობა, საავტორო უფლებების საკითხი მოაგვაროს და “ბოლოკა და ყვანჩალა” ერთხელაც დაბეჭდოს. მიფუჩეჩებულ-მისამშაბათებული არა, თანამედროვე სტანდარტების შესაფერი, ისე, როგორც არაერთი შედევრი და საკულტო წიგნი გამოუციათ – ჩვენთან ასეთები. როცა უნდათ, გადასარევად ეხერხებათ. კინკილა კომიქსს გაუსაძლისი შრომა ნამდვილად არ დასჭირდება – არც ვეებერთელა ტექსტია სათარგმნი, არც რედაქტორი გაწვალდება. კუწკუწა თხელი ჟურნალი გამოვა – თავი ბოლო, JPEG-ის ფორმატის 24 ფაილია, მეტი კი არა.

დამფასებელი, მკითხველი და მყიდველი ნამდვილად არ დააკლდება, თავს დავდებ. ჯერ ის ხალხი იყიდის, ვისაც საკუთარი ბავშვობა ახსოვს და ეძვირფასება. მერე ისინი, ვინც ხარისხიან, საინტერესო, შემეცნებით “დილას” ვერ მოესწრო, მაგრამ გრაფიკული პროზის მოყვარული და გულშემატკივარია – პირად კოლექციაში პირველი ქართული კომიქსის დაბევება ბევრს ენდომება.

არც ასტრონომიული ტირაჟია აუცილებელი. მინიმუმიც იკმარებს. ვისაც უნდა, ყველას შეხვდება.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

ნორვეგიელი კეთილი ჯადოქარი

$
0
0

ერთი ქალის დაბადების დღე იყო სულ ახლახანს, 15 თებერვალს. დიდი ხნის წინ დაიბადა აქედან ძალიან შორს, ნორვეგიაში, ჩრდილოეთის ციალის სიახლოვეს. ერთხელაც კალამი რომ არ აეღო ხელში და მაგიდას არ მისჯდომოდა, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდით მის შესახებ. დარჩებოდა ჩემი ბავშვობა  მარენის, მარტინის, მარტას, მადსის, მონას, მილის, მინასა და წრიპა მორტენის გარეშე; ვერ მოვხვდებოდი ოსლოს გარეუბნის პაწაწინა სახლში, სადაც უჩემოდაც გვარიანი სივიწროვე იყო, მაგრამ მაინც წიგნის გმირებმა ხელგაშლილებმა მიმიღეს, გამათბეს, დამაპურეს და სამუდამოდ დამტოვეს თავისთან.

მერე, შუაგულ ტყეში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭრიჭინა და ფარღალალა, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე თბილ სახლში, ტირილტოპენის მახლობლად, იქაც წამიყვანეს, გამოძებნეს ჩემთვის ადგილი და დამაბინავეს.

მოკლედ, გავხდი მათი ოჯახის წევრი და ერთხელაც არ შემიმჩნევია, მეცხრე ბავშვის დამატებით ოდნავ მაინც შეწუხებულიყვნენ. არადა, მეც ვცელქობდი დანარჩენებივით, მორტენთან და დიდედასთან ერთად ქარბუქშიც დავიკარგე, მაგრამ საყვედური არ უთქვამთ. საოცარი ხალხი იყო. გამზარდეს, მიპატრონეს, სითბოსი და სიყვარულის დაუვიწყარი გაკვეთილი ჩამიტარეს, მერე, ძალიან რომ გავიზარდე და წიგნის ფურცლებზე ვეღარ დავეტიე, გულაჩუყებულებმა გამომაცილეს, იდგნენ, ხელს მიქნევდნენ და არ დაგვივიწყოო, მომძახოდნენ.

არც დამვიწყებია. დროდადრო, დიდი და სერიოზული წიგნების ფურცლებიდან ისევ მათკენ გავრბოდი უძღები შვილივით და ჩემი წილი სითბო და სინათლე ისევ იქ მხვდებოდა უკლებლივ, ხელუხლებელი. მისხალიც კი არასოდეს მოჰკლებია.

პირველად რომ მოვხვდი მათთან, არც კი ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით, ერთი პატარა, თვალციმციმა ქალი იჯდა და წერდა ამ საოცარ ოჯახზე, მამარაგებდა ულევი ენერგიით და სიკეთის რწმენით, მასწავლიდა პატარ-პატარა, მარტივი ბედნიერებებით ტკბობის ხელოვნებას და მეც, მისი წყალობით, უკეთესი ადამიანი ვხდებოდი, ვიდრე შეიძლებოდა, ვყოფილიყავი.

ჰოდა, ამ ქალის დაბადების დღე იყო გასულ ოთხშაბათს, 98 წლის გახდა, ხუმრობა არ გეგონოთ. რა გული მომითმენდა, ორიოდე სიტყვა არ მეთქვა ანე-კატარინე ვესტლიზე, ნორვეგიელ კეთილ ჯადოქარზე, ბავშვობა ასე რომ გამითბო და გამილამაზა.

ალალი იყოს მასზე წმინდა ოლაფის ორდენი, რომელსაც ნორვეგიელები მხოლოდ კაცობრიობის წინაშე დამსახურებისთვის იმეტებენ.

ალალი იყოს ჩემი და დედამიწის ზურგზე მიმოფანტული მილიონობით ბავშვის სიყვარული.

მადლობა ზღაპრად ქცეული ბავშვობისთვის, ფრუ ანე-კატარინე!

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

Viewing all 304 articles
Browse latest View live