აქაოდა, ვირტუალური მოგზაურობა მარჯვედ გამომდისო, თქვენმა მასპინძელმა ძალიან აიდგა ფეხი. მართალია, ჯერჯერობით ევროპას არ გავცდენივარ, მაგრამ თქვენც შეამჩნევდით, სულ ზურგჩანთის ჩალაგებისკენ რომ მიჭირავს თვალი. აი, ახლაც, არც მეტი, არც ნაკლები, “ბალტიის ვენად“ და “ჩრდილოეთის ვენეციად“ წოდებული სტოკჰოლმისკენ მივემგზავრები.
ვფიქრობ, სანამ არლანდას აეროპორტში დავეშვები, გვარიანად მომშივდება (თვითმფრინავში მორთმეული უგემური საჭმელი არ მიყვარს), ამიტომ, ტრადიციულად, როგორც კი სასტუმროში დავბინავდები, სულიერი და გასტრონომიული მოთხოვნილებების შეთავსებას დავიწყებ და სტოკჰოლმის ფოტოგრაფიის მუზეუმისკენ გავეშურები, მის სიახლოვეს ხომ ცნობილი კიოსკი Nystekt Strömming მეგულება, სადაც, ურბანული ლეგენდის თანახმად, უგემრიელეს შემწვარ ქაშაყს ამზადებენ, შავ პურსა და კარტოფილის პიურესთან ერთად.
მუზეუმიდან რომ გამოვალ, ვფიქრობ, სწორედ ის დრო იქნება, შვედების განთქმულ ტრადიციას ვეზიარო და ყავის შესვენებით – ფიკათი დავტკბე. ამბობენ, რომ ფიკას გარეშე ვერასოდეს შეიგრძნობ ნამდვილ შვედეთს. თავად სიტყვაც ხომ ყავის ძველშვედური სახელწოდების – “კაფის“ ანაგრამაა. მართალია, აქაურებს ფიკას მარტოობაში გატარება არ უყვართ, მაგრამ არაუშავს, მე დარიჩინიანი ფუნთუშის და ცხელი ყავის კომპანიაც მეყოფა. მითუმეტეს, რომ ღამესავით შავ, ჯოჯოხეთივით მწველ. წყევლასავით მაგარ და ცოდვასავით ტკბილ ყავას აქ იმდენჯერ დაგიმატებენ, რამდენჯერაც მოისურვებთ, მთავარია, პირველი ფინჯნის ფული გქონდეთ გადახდილი.
ფიკას შემდეგ, სასიამოვნო ენერგიით დატვირთული, ძველი ქალაქის – გამლასტანის სანახავად წავალ, საოცარი ფერად-ფერადი, ძველებური სახლების თვალიერებით დავტკბები და სტურტორეტის მოედანზე უძველეს ჭაშიც აუცილებლად ჩავძახებ რამეს. სამეფო სასახლის მონახულებასაც ვაპირებ და ისეთ დროს მივალ, ცხენოსან გუშაგთა ცვლას რომ მივუსწრო – საოცარ სანახაობას გვპირდებიან და ვნახოთ. არ მგონია, იქამდე მიგვიშვან, მაგრამ სტაფილოს და შაქარს მაინც გავიყოლებ – ცხენებს უყვართ. მერე ცოტას კიდევ ვიხეტიალებ და, ალბათ, მგზავრობით დაღლილს, სასტუმროში დაბრუნებაც მომინდება.
მეორე დღეს, ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ და ოფიციალურად ფრუ ასტრიდს მივუძღვნი – ჯერ ვასასტანში, დალაგატანის ქუჩაზე მოვინახულებ მუზეუმს, გზადაგზა საცხოვრებელი სახლების სახურავებსაც შევათვალიერებ, იქნებ საიდანმე პროპელერის ზუზუნი გავიგონო და ნაცნობ გოდორა სილუეტს მოვკრა თვალი. თუ ვერა და არც მაგაზე ვიდარდებ – დანიშნულების შემდეგი პუნქტი მაინც იუნიბაკენია – ლინდგრენის განთქმული მუზეუმი და ზუსტად ვიცი, რომ ყველანი იქ დამხვდებიან – კარლსონიც, პეპიც, ემილიც, რონიაც, ძმები ლომგულებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუვე იანსონის მუმიტროლებიც. მეტი არ მინდა, ვინმემ ზღაპრული მატარებლით გასეირნება დამიშალოს და ვილა “ყიყლიყოში“ ხომ საერთოდ, ყველა ბავშვზე მეტს ვიხმაურებ.
იუნიბაკენიდან ოციოდე წუთის სავალზე შვედური “ტიტანიკის“- სამხედრო ხომალდ „ვასას“ მუზეუმი მეგულება და რასაკვირველია, ისე არ წამოვალ, რომ არ ვნახო, მეჩვიდმეტე საუკუნეში როგორ გემებს აშენებდნენ ვიკინგების შთამომავლები.
საღამოს დაწვრილებით გამოვიკითხავ, სად შეიძლება უგემრიელესი შებრაწული გუფთების პოვნა სტოკჰოლმში და, ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან კარგა ხანს არ მოვიცვლი ფეხს.
მესამე დღეს დიდი გამომგონებლისა და ფილანტროპის ჯერიც დადგება – დილას ნობელის მუზეუმში დავიწყებ, ვნახავ, როგორ „დასეირნობენ“ ლაურეატები საბაგირო გზის გასწვრივ და ფიკაზე აუცილებლად ცნობილ “ხოკოს“ კაფეს ვესტუმრები, სადაც ყავას თვით ნობელის კომიტეტის რჩეულნი მიირთმევენ ხოლმე.
პრინციპში, ამით ჩემი მთავარი მისია ამოწურულად ჩაითვლება, მაგრამ ცოტა დროს მოვიტოვებ და უსათუოდ ვნახავ სამეფო საგანძურის მუზეუმს, ენის გასატეხი სახელი რომ ჰქვია, ლივრუსტრაღაცა. სახელს რა მნიშვნელობა აქვს, იქაურობა საუკუნეების წინანდელი იარაღით, კარეტებით, სამკაულებით და აბჯრით ყოფილა გაძეძგილი. მარტო ის მუზარადი რად ღირს, ხუთასი წლის წინ ლეგენდარულ მეფეს – გუსტავ ვასას რომ ეხურა თავზე.
ახლა, ზუსტად ვიცი, ელოდებით, როდის შევივლი რომელიმე ბუქსტორიში “პატარა პრინცის“ შვედური თარგმანის მოსაძებნად. არა, ერთი სახლშიც მეგულება, მაგრამ რა ღმერთი გაუწყრებათ, სადმე სხვანაირ გამოცემას ვერ მივაკვლიო. დარწმუნებული ვარ, მივაგნებ და ჩემი შვედური ოდისეაც და დღევანდელი ბლოგიც ამით დასრულდება.