ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.
რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.
აი, ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…
ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…
აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.
მადლობა ღმერთს, “დიოგენეს ბიბლიოთეკას” გაჭიანურება არ სჩვევია – ოცი წიგნი ისე ჩამოაწიკწიკეს, ერთხელ არ წაბორძიკებულან; სამაგიეროდ, “ამერიკელების” ლოდინმა მოგვკლა და მოგვინელა ბიბლიოგურმანები. ხუთი ტომი მედო თაროზე და რამდენჯერაც შევხედავდი, გული მისკდებოდა, ხომ არ გადაიფიქრეს-მეთქი. არ გადაუფიქრებიათ, გრძელდება და მერე როგორ გრძელდება – სოლ ბელოუ და სილვია პლათი გუშინ წამოვაცუხცუხე მაღაზიიდან.
ახლა, ამსიგრძე შესავალი რატომ გავუკეთე: “დიოგენემ” კიდევ ერთი უმაგრესი პროექტი წამოიწყო – რვატომიანი.
სტივენ კინგის ბუთქუნა წიგნები ხომ იცით? ჰოდა, ამ ფერადი სერიის ფარგლებში “ბნელ კოშკს” გადმოაქართულებენ; პირველ ტომს “მსროლელი” ჰქვია; გუშინწინ გამოჩნდა მაღაზიებში და უკვე აგერ მიდევს, მაგიდაზე.
რა გითხრათ ახლა, “ბნელი კოშკის” შინაარსს მოგიყვეთ? ვისაც კინგი უყვარს, ისედაც ეცოდინება და ვისაც აქამდე არ გაუგონია, ის დროა, ამ პოსტის კითხვას თავს ანებებდეს და უახლოეს ბუქსთორში გარბოდეს – ტირაჟი არ ამოიწუროს, რეპრინტს რა მოუცდისო…
ზოგმა სკეპტიკოსმა იქნებ იკითხოს, ასეთი გადასარევი და დასაფეთებელი ვითომ რითიაო? იმით, რომ “ბნელი კოშკი” ყველა გაგებით უგემრიელესი კოქტეილია – sci fi-ს, ფენტეზის, ვესტერნის და ჰორორის ნაზავი. მოქმედება გადარეულ და რელსებს აცდენილ სამყაროში ვითარდება; გაქანებული ფეოდალიზმია, ამერიკის დასავლეთის ტექნიკური პროგრესისა და მაგიის ელემენტებით. მსროლელთა უძველესი რაინდული ორდენის წევრი როლანდ დისქეინი ქაოსის დასაძლევად ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძს – ბნელ კოშკს დაეძებს…
თან ნიკა სამუშიას თარგმანია, ნიკა სამუშია კი, ერთი ქართული ზღაპრისა არ იყოს, ის კაცია, გამომცემლობებს პირველი რომ ახსენდებათ, თუ ყოველმხრივ გამორჩეული პროდუქტის გამოშვებას აპირებენ და მკითხველიც ყველაზე მეტად ენდობა - “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია და “ჰობიტი”, “შიმშილის თამაშები”, დრაკონისტატუიანი გოგოს ამბები, “მებრძოლთა კლუბი” და “ჯანქი”… მოკლედ, ჩვენი სტივენი საიმედო ხელშია.
თავად კინგს უთქვამს, “ბნელი კოშკი” ჩემი Magnum Opus-იაო და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ. პატარაა ეს პირველი ნაწილი, ერთი უიქენდი მეყო “მსროლელის” ჩასასუსნად და არც თქვენ გაგიჯანჯლდებათ. ჩვენ იმაზე ვიდარდოთ, დანარჩენი ნაწილების გამოცემას რა დაელოდება…
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ბიბლიო-სერიები, ბნელი კოშკი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ვესტერნი, ლალი ქადაგიძე, მოლის ბიბლიოთეკა, მსროლელი, ნიკა სამუშია, პროზა, ჟანრული პროზა, როლანდ დისქეინი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სილვია პლათი, სოლ ბელოუ, სტივენ კინგი, ფენტეზი, ქართული თარგმანი, Horror, Sci Fi & Fantasy
