Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

წიგნები სახეტიალოდ მიდიან

$
0
0

mollys mokhetiale tsignebi

მოხეტიალე წიგნები გავამზადე :) ბედნიერმა უნდა დავიძინო :)

თინა ღვინიაშვილი 

გუშინწინ უგუნებოდ დავბრუნდი შინ.

აი, ხომ ხდება ხოლმე – წვრილმანი მოგიშლის ნერვებს. თან წვრილმანი გადარდებს, თან ის გაწუხებს, უმნიშვნელო რაღაცას რომ აფუჭებინებ ხასიათს.

მოკლედ, ვერ ვიყავი კარგად.

უწადინოდ ჩავათვალიერე ფეისბუქის ფრენდლენტა. განსაკუთებული არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ერთი ახალი გვერდის ბმული გამოეგზავნა მეგობარს.

სასხვათაშორისოდ გადავავლე თვალი. ჯერ გავოცდი, მერე უცებ მივხვდი, რომ ის საძაგელი განწყობა სადღაც ქრებოდა და გამეღიმა კიდეც; ბოლოს ცხვირიც დავაქსუტუნე რამდენჯერმე.

არა, აშკარად ჯადოსნური გვერდი იყო – “მოხეტიალე წიგნები“.

თურმე, ნუ იტყვით და, ჯაბა ზარქუას გადასარევი იდეა მოსვლია თავში – მკითხველები საკუთარი თაროებიდან წიგნებს ათავისუფლებენ და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, ფოთის ქუჩებში სახეტიალოდ უშვებენ.

ეს როგორო, იკითხავთ. როგორ და ასე; შეარჩევ რომელიმე წიგნს, წააწერ ორიოდე სიტყვას და სადმე დატოვებ; მპოვნელი წაიკითხავს, თავადაც მიაწერს რამეს და უკვე სხვაგან ჩამოსვამს.

და ასე მოგზაურობენ წიგნები – ხელიდან ხელში. მკითხველიდან მკითხველამდე.

მერე ვიწექი და სახეტიალოდ გასაშვებ წიგნებს ვარჩევდი.

იოლი იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. ვიფიქრე, ვიფიქრე და სამი მოგზაური გამოვარჩიე.

ერთი “სალტკროკელებია” – დედამიწის ზურგზე ყველაზე ნათელი, ყველაზე თბილი, ყველაზე პოზიტიური წიგნი. იდეალური ანტიდეპრესანტი. არადა, ამ დაუნდობელ დროში სწორედ რომ სითბო და ღიმილი გვაკლია ყველას.

მეორე – სულ ცინცხალი “ფორესტ გამპი“, უინსტონ გრუმის ლეგენდარული რომანი. მეც ასე მომიტანეს კარგა ხნის წინ.  დიდი მოინგლისურე არც მაშინ ვყოფილვარ, მაგრამ უცებ ჩამადნა ხელში და იმ ლამაზი მინორის განცდა დღემდე მახსოვს.

მესამე – ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე“, მართალზე მართალი წიგნი, დაუნდობლად პირდაპირი და გულწრფელი. დღესაც რომ აქტუალურია, სამწუხაროდ.

წავიყვან ხვალ ამ ჩემს მოხეტიალე წიგნებს. დავსხდებით მყუდრო კაფეში, დავლევთ ერთად ნაღებიან ყავას, მერე ამოვსვამ რომელიმეს ჩანთიდან, ჩუმად ვაკოცებ და იქვე დავტოვებ.

ახლა ვფიქრობ, ნეტავი ვის ჩაუვარდებიან ხელში.

იქნებ ისეთი მკითხველი შეხვდეთ, ისე გაუხარდეს, შინ გულში ჩახუტებული წააცუხცუხოს, სამჯერ გადაიკითხოს და განშორება გაუძნელდეს. იქნებ ჩემსავით უგუნებოდ მყოფს გადაეყარონ, გააღიმონ და წამით მაინც დაავიწყონ დარდი. იქნებ ვინმეს უშველონ…

ჩემი გულის ნაწილს, სითბოს და სიყვარულს ვატან თან. ხელს მოჰკიდებთ და იგრძნობთ. ჰოდა, გულგრილად ნუ ჩაუვლით :)


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ასტრიდ ლინდგრენი, მკითხველები, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის წისქვილი, მოსამსახურე, მოხეტიალე წიგნები, უინსტონ გრუმი, ფეისბუქი, ფლეშმობი, ფორესტ გამპი, ქეთრინ სთოქეთი, ჩვენც სალტკროკელები ვართ, წიგნები, ჯაბა ზარქუა

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles