მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?
მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.
ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.
ფლორენციიდან “Zuppa del duca”-დ წოდებულმა ტკბილეულმა ვენეციაში ამოყო თავი და სწორედ იქ გადაარქვეს სახელი ფრიად პიკანტური მიზეზის გამო – ეშხიანმა იტალიელმა კურტიზანებმა ხელად შეამჩნიეს, რომ მათი დიდგვაროვანი მუშტრების პოტენციაზე ეს ჰაეროვანი გემრიელობა ფრიად სასიკეთოდ მოქმედებდა; ჰოდა, უწოდეს კიდეც ტირამისუ – Tira mi sù ანუ ამიტაცე, ამქაჩე ზემოთ.
ისე, კაცმა არ იცის, იქნებ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები სულაც არაფერ შუაში არიან და ტირამისუს სახელი მხოლოდ იმ ღვთაებრივი განცდის გამო შეარქვეს, რომელიც მისი დაგემოვნებისას ეუფლება ყველა მსუნაგსა და ტკბილის მოყვარულს; თუმცა, გამოგიტყდებით და პირველი ვარიანტი უფრო მომწონს… წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ მიიპარებოდნენ ტირამისუთი დანაყრებული ვენეციელი არისტოკრატები ბნელ ღამეში, წამოსასხამებში საგულდაგულოდ გახვეულნი და ხანჯლებით შეიარაღებულნი, მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად; როგორ მარჯვედ მიცოცავდნენ სათაყვანებელი ქალბატონების აივნებზე და როგორ იმედიანად გრძნობდნენ თავს – გენუელი მზარეულების შექმნილი შედევრის წყალობით სირცხვილის ჭამა არ ემუქრებოდათ.
ამ სახალისო ისტორიას, ვფიქრობ, ასე ნაქები დესერტის დაგემოვნება არ აწყენს, ასე რომ, ჰექსე, დატრიალდი, გეთაყვა, ის თეფშები გამოალაგე, შენ რომ მოგწონს; რუსო ჭიქებს მიხედავს, ლორდ ვეიდერი ღვინოს ამოიტანს სარდაფიდან, ტირამისუს ზარზეიმით შემოტანა კი ჩემზე იყოს :) ჰო, ერთი მოხალისე მჭირდება კიდევ სამზარეულოში – ყავის მოსახარშად; რას იზამთ, გეთაყვა, ხომ გაგიგონიათ – ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო :)
Filed under: მოლის ვერანდა Tagged: გენუა, დესერტი, ესპრესო, ვენეცია, იტალია, კოზიმო მედიჩი, კურტიზანები, ლორდ ვეიდერი, მარსალა, მასკარპონე, მოლის ვერანდა, მოლის ზამთრის ბაღი, მოლიტერატურო ბლოგი, რუსო, ტირამისუ, ტოსკანა, ფლორენცია, ყველი, შოკოლადი, ჰექსე, ჰექსეს თუთიყუში, depressedfelis, style of life, Tira mi sù, Zuppa del duca
