Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

მოლი, ბრიჯი, ტელევიზია და “დიდი მუზარადი”

$
0
0

contract bridgeმოლის თავს ახალი ამბავია – ბრიჯის სწავლა დავიწყე.

აი, იმ ბრიჯის, კონან დოილის, კრისტის, ჩეიზის გმირები რომ თამაშობენ მყუდრო კლუბებში, კარგი კონიაკის და სიგარის თანხლებით.

ახლა, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგა ხანია, თავში მიტრიალებდა. ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და რაღატომ გადავდო…

სახელმძღვანელოები მაინცდამაინც უხვად არ მოიპოვება. არადა, რთულ ამოცანას რომ შევეჭიდე, ამას თანდათან უფრო ვხვდები. ერთ მშვენიერ საიტს მივაგენი, ახალბედებისთვის ზედგამოჭრილს. მივყვები ნელ-ნელა. ინტერაქტიული პროგრამაც მაქვს და დასაწყისისთვის, მგონი, საკმარისია…

უკვე ვიცი, რას ნიშნავს კონტრა, რეკონტრა, გეიმი, რობერი, მაჟორი და მინორი, რენონსი, ფალშრენონსი, ქულებსაც ვითვლი (ჯერ გაჭირვებით)… გაისად ამ დროს პირველ წარმატებებზეც გიამბობთ. რაღა ბრიჯი გისწავლია და რაღა ერთი მსუყე საგნის საუნივერსიტეტო კურსიო, ადრე მითხრეს და, მგონი, მართალია.

ერთი კვირაა, ბრიჯის ანაბანას ვეცნობი, დამწყებიც არ მეთქმის, უფრო პროფანი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ჭადრაკთან მეტი აქვს საერთო, ვიდრე ბანქოს ნებისმიერ თამაშთან. შემთხვევითობა მინიმუმამდეა დაყვანილი, უამრავი საინტერესოზე საინტერესო კომბინაციაა, ბევრი უნდა იფიქრო და ცოტა ილაპარაკო. ჭადრაკია, აბა რა :)

ჰო, ბრიჯთან დაკავშირებით ერთი ამბავიც გამახსენდა და, ბარემ, აქვე მოგიყვებით.

“Grand Slam” – “დიდი სლემი”, გეცოდინებათ, ბრიჯის ტერმინია და მსხვილი ტურნირების სერიის აღსანიშნავად სპორტის სხვა სახეობებშიც გამოიყენება. მათ შორის, ჩოგბურთშიც.

ჰოდა, წლების წინ, ერთი ძალიან პოპულარული ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების სპორტულ ბლოკში ამ “Grand Slam”-ს შესაშური პრინციპულობით “დიდ მუზარადად” მოიხსენიებდნენ.

გასაგებია, ეშლებოდათ და არასწორად თარგმნიდნენ იმას, რაც საერთოდ არ უნდა ეთარგმნათ. ისტორიას და ვიწროპროფესიულ ცოდნას თავი რომ დავანებოთ, ალოგიკურიც იყო – სად ჩოგბურთი და სად მუზარადი…

მოკლედ, ოთხმოცდამეჩვიდმეტედ რომ გვამცნეს ცისფერი ეკრანიდან, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა “დიდი მუზარადის” სერიის მორიგი ტურნირი მოიგოო, დავეჭვდი – ამათ რაღაც იციან და ბოლომდე არ ამხელენ-მეთქი.

მაშინ საშუალება მქონდა და იმ ძალიან პოპულარული ტელევიზიის სპორტული გურუსთვის ვაკითხვინე – არაფერი დამიმალოთ, უცოდინარს ნუ ჩამიყვანთ საფლავში-მეთქი.

პასუხზე ახლაც გემრიელად მეცინება – ვიცით, რომ არასწორია, უბრალოდ, ასე დამკვიდრდაო.

აღარ ჩავძიებივარ,თორემ ძალიან კი მაინტერესებდა, სად დამკვიდრდა და ვისთვის უნდა გვეთქვა მადლობა… ახლა არც ისე მნიშვნელოვანია. Grand slam-ს უკვე წესისამებრ მოიხსენიებენ და “დიდი მუზარადი” ათასში ერთხელ თუ წამოსცდება რომელიმე ნორჩ კორესპოდენტს.

ახალი ჰობი უკვე ძალიან მომწონს, სწავლა არ მეზარება, არც მერთულება და თუ ასე გაგრძელდა, ეროვნული ნაკრების წევრობაზეც ვიფიქრებ :) მანამდე კი თქვენ გამამხნევეთ, წარმატება მისურვეთ და, რაც მთავარია, “ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს შვებოდა” ტიპის ანდაზებს არ ვართ!


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: ბანქო, ბრიჯი, დიდი სლემი, კონტრაქტ ბრიჯი, მასს-კულტურა, მედია, მოლი ბლუმი, სპორტი, ტელევიზია, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ჰობი, Grand Slam

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles