Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ამერიკული TIME ქართულად

$
0
0

TIME - XX საუკუნის ისტორია. დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე. პალიტრა L. თბილისი, 2014ორიოდე თვის წინ, თუ გახსოვთ, “პალიტრა L“-მა ამერიკული “თაიმის” საუკეთესო პუბლიკაციების გამოცემა დააანონსა.

ამაზე პოსტშიც მოგიყევით. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატსა და ხარისხზე წარმოდგენა არ მქონდა, მაინც რაღაც საინტერესოს მოლოდინში ვიყავი – ჩემს მგრძნობიარე ცხვირს მიხვედრილობა მართლაც რომ არ დაეწუნება.

მერე ჩაფიქრებული გამოცემის გარეკანის ფოტოც გამოაქვეყნეს, ამას დამაინტრიგებელი ვიდეოანონსიც მოჰყვა და ერთი კვირის წინ ფერადი მოსაწვევიც მომივიდა – პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.

ასეთ ღონისძიებებზე მოხვედრას, სამსახურის გადამკიდე, იშვიათად ვახერხებ, მაგრამ ამჯერად ვიყოჩაღე და დათქმულ დროს “მარიოტის” შესასვლელთან ვიდექი.

არც მინანია – საქსოფონს მოვუსმინე, ღვინო დავაგემოვნე და ხელს ქართული “TIME”-ის პირველი წიგნიც გამოვაყოლე – “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე”.

ჰოდა, აგერ მიდევს, მაგიდაზე. მშვენიერი ხარისხის. რა, რა და პოლიგრაფიის ამბავი ასეთ პროექტებში “პალიტრას” არ ეშლება.

პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ძალიან ბევრი ფოტოა. მერე როგორი ფოტოები – შტეფან ცვაიგი და მისი მეუღლე post mortem, ავსტრიის ერცჰერცოგი ფერდინანდი და ჰერცოგინია სოფია სარაევოში, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფრანკლინ დელანო რუზველტის არაპროტოკოლური, შინაურული ფოტო, ორსონ უელსი CBS-ის ლეგენდარული რადიოეთერის დროს… არ მიყვარს ბანალური გამოთქმები, მაგრამ მართლა გადაინაცვლებ ერთი საუკუნით უკან..

ახლა, მხოლოდ იმდროინდელი სელებრითებით რომ ვერ ააწყობდნენ ალბომს, გასაგებია – ჩვეულებრივი, ყოფითი კადრიც ბევრია და ეპოქის სულიც მშვენივრადაა გადმოცემული. მილიტარისტული თემა ჭარბობს, მართალია, მაგრამ რას იზამ – დრო იყო ასეთი. ოღონდ საუკუნის დასაწყისის ტანკების, აირწინაღიანი ჯარისკაცებისა და სასაცილოქუდიანი გენერლების გვერდით საოჯახო ტექნიკის ფოტოკატალოგიცაა, “კრაისლერის” დეტროიტის ქარხანაში გადაღებული სურათიც, რადიოც, სვინგიც და მოცეკვავე გოგონებიც.

ეს ყველაფერი როდია -  “თაიმის” ძველი ნომრების ქავერები, კარიკატურები და ვინიეტებიც უხვადაა; თუ vintage ნახატები, კინოაფიშები და კარიკატურები, სარეკლამო პოსტერები და სააგიტაციო პლაკატები ჩემსავით მოგწონთ,  დიდი სიამოვნება გელით.

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეულის ამ მონაკვეთის ქრონიკა ცვაიგის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის, ჯონ მორგან-უმცროსის, ელეონორ რუზველტის და სხვა თანამედროვეთა “ჩვენებებით” შეუდგენიათ – კაცმა რომ თქვას, უკეთეს მოწმეებს ვერც ინატრებ. ჰო, ყველაზე საინტერესო ალ კაპონეს ვრცელი ინტერვიუა, მილიარდელთა შთამომავლის კორნელიუს ვანდერბილტ-უმცროსისთვის რომ მიუცია თავის დროზე.

ნიუ-იორკის ბირჟის კრახის ამბებსა და “დიდი დეპრესიის” ეპოქას ცალკე ნაწილი ეთმობა და იქვეა “მიგრანტთა დედის” – დოროთეა ლანჟის სულისშემძვრელი ფოტოსურათის ისტორიაც.

ბოლოში ეპოქის ფილმოგრაფია და ბიბლიოგრაფიაა – თუ მეტის გაგებას მოინდომებთ, ესენი ნახეთ და წაიკითხეთო.

მოკლედ, ასეთია ეს ჩვენი გადმოქართულებული “TIME”-ის პირველი წიგნი. მეორე ფაშიზმზეა (ასეც ჰქვია) და იოლი წარმოსადგენია, როგორი ინტერესით ველოდები; ისიც ვიცი, ეს ნაწილი წინაზე მძიმე რომ იქნება, მაგრამ მაინც… და ერთსაც ვიტყვი ბარემ – მე ვინ მეკითხება, მაგრამ “ფლეიბოის” ასეთი პროექტიც ძალიან მაგარი იქნებოდა.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ალ კაპონე, ამერიკა, დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე, დოროთეა ლანჟი, ელეონორა რუზველტი, ვინტაჟი, თბილისი მარიოტი, კრაისლერი, მედია, მიგრანტთა დედა, მოლის ბიბლიოთეკა, ნიუ-იორკი, ორსონ უელსი, პალიტრა L, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, შტეფან ცვაიგი, CBS, TIME, XX საუკუნე

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles