Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

$
0
0
ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. (с) მარი ბექაური. რადიო “შოკოლადი”

“დიოგენეს” კოპწია მაღაზიაში ერთხელ მაინც თუ შეგივლიათ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ერთი ძალიან კარგი გოგო – იქაურობის გულღია და დაუზარელი მასპინძელი.

თუ არ იცნობთ, შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ თავადაც მწერალია – მარი ბექაური.

კარგად მახსოვს, “ელექტროთაობით” გავიცანი – წიგნის ერთ-ერთ ფესტივალზე ვიყიდე. სხვადასხვა ტონალობაში დაწერილი მოთხრობებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა და ავტორიც მოვინიშნე. მერე იყო “ბებია, რეი და ამერიკა” – სრულიად არაჩვეულებრივი, გადასარევი წიგნი, პირდაპირ გამომცემლობიდან რომ წამოვიღე შინ და პოსტიც უმალ გამოვაცხვე. თაროზე  “მეორე მხარეც” მეგულება და ამაზეც აუცილებლად დავწერ.

ოღონდ დღეს სულ სხვა ამბავს მოგიყვებით.

წიგნებზე კატასტროფულად ცოტას რომ ვლაპარაკობთ, სამწუხარო ფაქტია; რადიო “შოკოლადი” ამის გამოსწორებას თავგამოდებით ცდილობს და ყველა გაგებით ძვირფას საეთერო დროს ბიბლიოფილებს უთმობს. ლევან ბერძენიშვილის “წიგნებს”, დარწმუნებული ვარ, ყველა უსმენთ, სამიოდე კვირის წინ კი ახალი საავტორო პროექტი დაიქოქა “შოკოლადზე” – “ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს”. სათაური, დამეთანხმეთ, მიმზიდველი და დამაინტრიგებელია, ავტორი და წამყვანი კი მარია.

სულ ჩვიდმეტწუთიანია, მაგრამ, დამიჯერეთ, ბევრ უფრო ხანგრძლივ და არაფრისმთქმელ გადაცემაზე ასი თავით მაღლა დგას; შაბათობით გადის ღია ეთერში, 2 საათზე. მერე ორშაბათს და მომდევნო შაბათს იმეორებენ.  მთლად ახალი ამბავია, პირველი მარტიდან დაიწყო,  ჯერ მხოლოდ სამი გადაცემა ჩაიწერა და უკვე საკუთარი სახე, ფორმატი და ხელწერა აქვს – ფრიად სიმპათიური, მსუბუქი და მსმენელისთვის კომფორტული. მარი ლიტერატურულ სიახლეებზე გვიყვება. აქტუალურ თარგმანებზე, ცინცხალ გამოცემებზე და თუ “წიგნები” ქრონოლოგიური ჩარჩოებით არ იზღუდება და საუკუნეებში მოგზაურობს, “ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს” ახალ გამოცემებზეა ორიენტირებული.

მაცუო ბაშოს თარგმანების კრებული, “ჯივზისა და ვუსტერის” სერიის ცინცხალი თარგმანი, აკას “მორიდებული ზურმუხტი”, ჰენრი ჯეიმზის “ასპერნის წერილები”, რომენ გარის “ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”,  ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს ირჩევს მარი, ცნობილი მწერლების ცხოვრების უცნობ დეტალებზეც გვიყვება და ახალ კონკურსებზე, ფესტივალებზე, სამამულო ბიბლიოსამყაროს მნიშვნელოვან სიახლეებზეც გვაწვდის ინფორმაციას. ამ ყველაფერს კი ჩვიდმეტწუთიან გადაცემაში ისე კოხტად ატევს, უკმარისობის გრძნობა ოდნავადაც არ გაწუხებს; მეც ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ახერხებს კი…

ოღონდ არ მითხრათ, წიგნებზე ლაპარაკს წიგნის კითხვა სჯობიაო.  გემოვნებიანი ბიბლიოგურმანის იმპრესიების მოსმენა ერთობ სასიამოვნოა და საინტერესო. ესეც არ იყოს, ოცამდე გამომცემლობა მარტო ჩემთანაა ჩამოწიკწიკებული ფბ-ის სპეციალურ სიაში, კვირა არ გავა, ახალი წიგნი არ გამოჩნდეს მაღაზიის თაროებზე და ბიბლიოსამყაროში გამოცდილი და გემოვნებიანი მეგზური სასურველი კი არა, აუცილებელია.

ბევრი ლაპარაკი, მგონი, არც უნდა – ძალიან კარგი და საჭირო პროექტი წამოუწყიათ. ოღონდ, თავადაც მოგეხსენებათ, ლიტერატურულ გადაცემას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება – მავანი სელებრითების ჭორები ხომ არ არის, მსმენელ-მაყურებელი ყვითელი კონტენტით და მყვირალა ნიუსებით მოიზიდოს.  ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ გინდათ, სამამულო საგამომცემლო სიახლეები არ გამოგრჩეთ, რადიო “შოკოლადი” ჩართეთ ან სულაც ფბ-გვერდზე შეიხედეთ და მოუსმინეთ ქალს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: "დიოგენეს" წიგნის მაღაზია, ბებია რეი და ამერიკა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ელექტროთაობა, ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურული გადაცემა, მარი ბექაური, მეორე მხარე, მოლის წისქვილი, რადიო, რადიო "შოკოლადი", წიგნები

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles