Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“ლალი, ლალი, ჩემო ლალი! რაო, ჩემო მანანა?”

$
0
0

dumbadze cover

დარწმუნებული ვარ,  სათაურად გამოტანილი სტრიქონი ყველას გეცნოთ.

იმაზეც თავს დავდებ, ბოლომდე სხაპასხუპით ჩამოარაკრაკებთ. მერე რა, რომ გრძელი ლექსია და თანაც ალბათ დიდი ხნის წინ წაიკითხეთ.

კაცია და გუნებაო, უთქვამთ. კიდევ – გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, არის რაღაცები, რაც გვაერთიანებს.

ბოლოს და ბოლოს, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ.

ჰოდა, ჩემს ბავშვობაში,  სანამ ზურიკელას, მერის, ხატიას და სოსოიას გავიცნობდი, სანამ ცალი თვალით ვიცინებდი და ცალით ვიტირებდი ილიკოს, ილარიონის, ბეჟანას, ოლღა ბებიას და სხვათა და სხვათა წყალობით, ნოდარ დუმბაძე ლექსებით შემიყვარდა.

- ტიკ ტაკ, ტიკ-ტაკ, – იძახის
და კედელზე კიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან…
მოვა დედა, შეხედავს:
- აბა, ჩემო ოთარი,
ცხრა საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ,
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია!

ისეთი დრო იყო, – გაგონილი მაინც გექნებათ, – ღირებული წიგნის საშოვნელად ქვეყანა უნდა შეგეწრიალებინა. მით უფრო – ბათუმში. დედამ დუმბაძის გაიშვიათებულ კრებულს ვერსად რომ ვერ მიაგნო, მეგობრისგან ითხოვა და ხელით გადაწერა.

ახლაც მახსოვს საგულდაგულოდ შენახული თაბახის ფურცლები. საღამოობით გადმოიღებდა ხოლმე და გვიკითხავდა. მერე უკვე ჩვენით ვცილობდით წაკითხვას და ლამის გაზეპირებული ლექსები არა და არ გვბეზრდებოდა.

ზოგიერთი დღემდე არ დამვიწყებია. ზოგის გასახსენებლად გადაკითხვა მჭირდება. მერე რა! ამოდენა საბავშვო ბიბლიოთეკა იმისთვის არ მინდა, რომ დროდადრო გადავხედო? აბა, შვილები და შვილიშვილები ჯერ არ მყავს და ისევ მოლის თუ წავუკითხავ.

ორი კრებული მაქვს შინ. ერთი – დიდზე დიდი და ფერადი. საყვარელი ნახატებით სავსე. სულ პატარებისთვის, მაგრამ ვინ თქვა, უფროსებისთვის არ შეიძლებაო? :) მახსოვს, რომ ვყიდულობდი, კონსულტანტმა გოგონამ, მშვენიერი საჩუქარი იქნება თქვენი შვილისთვისო. ჩემთვის მინდა-მეთქი, გავუღიმე და, მადლობა ღმერთს, არ გაჰკვირვებია.

მეორე “ჩემი რჩეულის” ექვსტომეულის მეხუთე წიგნია, დახვეწილი და აკადემიური. ამ სერიას ყველაზე მეტად ვემადლიერები, დუმბაძის ტომეულებზე უფრო, მგონი, არაფერი გამხარებია; საპატიო თაროზე მიდევს, ხანდახან ხვნეშა-ხვნეშით ჩამოვიღებ ხოლმე და “კუკარაჩასა” და “მარადისობის კანონთან” ერთად ლექსებსაც ვფურცლავ.

ბებო, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვეღარც ჩვენი თემური,
სათვალეა, ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.

თან, ახალი წელი მოდის და, რომ იცოდეთ, რამდენი საახალწლო საჩუქარი მიმიღია ნაძვის ხის ზეიმებზე ამ ლექსების წყალობით… ერთ თავმოყვარე საბავშვო ოთახს აავსებდა. ხუთზე ნაკლები მოსაწვევი, არ მახსოვს, მოეტანოთ: აქეთ – დედას სამსახურში, იქეთ – მამასთან, მასწავლებელთა სახლში, თეატრში, ცირკში… მეც რა მენაღვლებოდა, წასვლა არ მეზარებოდა, შუა სცენაზე, ნაძვის ხესთან გამოსვლის არ მერიდებოდა და ის ხელით გადაწერილი ლექსები იმდენი ვიცოდი, მე კი არა, მთელ კლასს ეყოფოდა.

ორი ცალი კი ჩავატიე ამ პოსტში და რაც მიყვარს, ყველა რომ დავწერო, მთელი წიგნის გადმობულბულება მომიწევს. არადა, როგორ არ ვახსენო ლამის საფირმო ფრაზად ქცეული “არ გრცხვენიათ გოჭებო? ღორებივით იქცევით”, ან “როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი… ”, სიცხიანს რომ მამეორებინებდნენ, მალე გამოჯანმრთელდებიო (მგონი, მშველოდა კიდეც), ან “ხათუნამ გულის კანკალით, ბებოს მოჰპარა კაკალი”, “ქეთინოს ვედრება მზისადმი”, “ავტობიოგრაფია”, “დედიკოს ვფიცავარ”, “ქურდბაცაცა ბაჭია”….  ჰოდა, მოდი, ახლა თქვენ გაიხსენეთ ნოდარ დუმბაძის ლექსები და კომენტარებში ჩამოაწიკწიკეთ, ამ პოსტს კი მანანას და ლალის ლეგენდარული კონფლიქტის ბოლო აკორდით დავასრულებ. რა ვქნა, პირველად მაინც ეს მახსენდება… თან თავის დროზე დამამშვიდეს, ნუ გეშინია, მერე მაინც რიგდებიანო:

არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ლალი ლალი ჩემო ლალი, ლექსები, მზეო დაბრუნდი დაბრუნდი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნანული დუმბაძე, ნოდარ დუმბაძე, პალიტრა L, პოეზია, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული პოეზია, ჩემი რჩეული

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles