Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

მოლის მეორე წერილი სანტა კლაუსს

$
0
0

my christmas tree

ძვირფასო სანტა!

ტრადიციები და რიტუალები რომ მიყვარს, ძველი ამბავია და, მგონი, ბლოგსაც ეტყობა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მესიმპათიურება. ზუსტად შარშანწინ პირველად მოგწერე წერილი. გამოგიტყდები, დიდი იმედი არ მქონია, რომ  შენამდე მოაღწევდა, მაგრამ, სასწაულები თურმე მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება…

ჯერ მაშინ ამივიდა შუბლზე თვალები, სამ იანვარს, ბლოგის დაბადების დღეზე, ერთის ნაცვლად ორი სანტა რომ მესტუმრა (მეორე, ალბათ, კანადიდან) და მეორედ იმ დღეს უნდა გენახა ჩემი გაოცება, საახალწლოდ შენი პასუხი რომ მომიფრიალა ფოსტამ,  იქნებ, გესტპოსტად გამოგადგესო.

მოკლედ, ერთი ძველი ფილმისა არ იყოს, ყოველ ახალ წელს – არა, აბანოში რა დამრჩენია – ან შენ გწერ, ან შენს ბარათს ვკითხულობ…

ოღონდ, შენ კი იცი და, მკითხველმა ისე არ გამიგოს, თითქოს მხოლოდ დეკემბრის მიწურულს გეხმიანებოდე. მეგობრებთან ასე მოქცევა ვის გაუგონია! ტელეფონის ნომრები დიდი ხანია გავცვალეთ და ლაპლანდიასთან დაკავშირებაც არ მიჭირს. ახლა, მთელ მიმოწერას ვერ გამოვაქვეყნებ, უხერხულია, მაგრამ იმას კი უნდა მოვყვე, ბათუმში რომ გნახე, ამ ზაფხულს.

ვაღიარებ, ვერც შეგამჩნევდი, შენ რომ არ დაგექნია ხელი. ან როგორ უნდა მეცნე, შორტებით ხომ ჯერ არავის უნახიხარ. პაწაწინა კაფეში ვისხედით, ყავას ვსვამდით, სიგარეტს ვაყოლებდით და მეასედ ვისმენდი, როგორ დაიჭირე ერთხელ სტოკჰოლმში, ვასასტანში, ორი ქურდბაცაცა. კარგი ტიპები იყვნენო, რომელიღაც სქელი წიგნიც მაჩუქეს, ჩვენზეც წერია აქო.

დამშვიდობებისას, აქ ზამთარში თოვლი თუ იცისო, რატომ მკითხე, მერეღა მივხვდი, მაშინ კი აზრადაც არ მომსვლია.

ძვირფასო სანტა! ჩემი ამბავი კი იცი – საჩუქრების თხოვნა მაინცდამაინც არ მიყვარს. თან ვერც წელს დავიტრაბახებ სანაქებო და ყოვლად წესიერი ქცევით. ერთი სიტყვით,  ამაზე არ იდარდო. თუ მაინცდამაინც, ისე მოახერხე, საკუთარი თავის განებივრების გუნებაზე ვიყო და საჩუქრებს თავად მივხედავ.

სამაგიეროდ, პატარა საჩუქარს მაქეთ მოგიმზადებ. დარწმუნებული ვარ, ეს დღეები სულ აქეთ-იქით დადიხარ; საკვამურში ძრომიალის დროს უამრავ ნაძვის ხეს ნახავდი – ცოცხალს, მომღერალს, სათამაშოებით დახუნძლულს, ასეთს, ისეთს… რამე განსაკუთრებული ხომ უნდა გამეკეთებინა და ჩემამდე რომ მოაღწევდი დაღლილ-დაქანცული, რამით ხომ უნდა გამეოცებინე; ჰოდა, ნაძვის ხე წიგნებისგან ავაწყვე. ჩემი ხელით :)

აწყობა არაფერი; ის უფრო მაფიქრებს, ამას რა დაშლის და წიგნებს უკანვე, თაროებზე რა შეალაგებს-მეთქი, მაგრამ შენ მოგეწონოს და არაფერს დავეძებ.

ჰო, სამ იანვარს ბლოგზე შემოხედვა არ დაგავიწყდეს: დაბადების დღე გვაქვს, თანაც ოქროსი – სამი წლის ვხდებით :) და უშენოდ, აბა, რა მხიარულება გამოვა.

რუდოლფი მომიკითხე და ჩემ მაგივრად აკოცე წითელ ცხვირზე. ნაძვის ხის გვერდით შაქრის ნატეხები რომ აწყვია, მისთვისაა, ხომ იცი?!

სიყვარულით,

შენი მოლი


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: ახალი წელი, ბათუმი, დაბადების დღე, ვასასტანი, თოვლი, ლაპლანდია, მოლი ბლუმი, ნაძვის ხე, სანტა კლაუსი, საჩუქრები, სტოკჰოლმი, შობა, წიგნები, Molly Bloom's Day

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles