წლევანდელი წიგნის ფესტივალი საიუბილეო, რიგით მეოცეა და, როგორც საიუბილეო ღონისძიებას შეეფერება, სიახლეებითაა დახუნძლული.
დავიწყოთ იმით, რომ, ასე ვთქვათ, “გვიანი ფესტივალია”. არა, აქამდეც მაისში ტარდებოდა, თვე არ შეცვლილა, უბრალოდ, 26 მაისს ემთხვეოდა. წელს ერთი კვირით გადაწიეს.
ბიბლიოივენთს პირველად ჰყავს ფოკუს ქვეყანა – გერმანია. წესით, ეს ბევრ გერმანულ თარგმანს, თემატურ პრეზენტაციას, მასტერკლასსა და ლექციას უნდა ნიშნავდეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვესტუმრება საკუთარი სტენდით. გოეთესა და შილერის ენის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ალბომების, გრაფიკულ პროზის და “პატარა პრინცებისთვის” თავანკარა გერმანული არც მჭირდება.
წიგნის ფესტივალს “ექსპო ჯორჯიას” ორი პავილიონი უმასპინძლებს – მეექვსე და მეთერთმეტე. თან, მეექვსეში მხოლოდ საბავშვო ლიტერატურას გამოფენენ. მშვენიერი შანსი გვაქვს, დაახლოებით მაინც გავიგოთ. რა გველოდება, თუ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გარისკავს და ნოემბრის წიგნის დღეების უფერულ ასლად ქცეულ დეკემბრის საახალწლო ბაზრობას საბავშვო წიგნის ფესტივალით ჩაანაცვლებს.
სამაგიეროდ, უცვლელია გულდათუთქული შეკითხვა – “შესვლა ისევ ფასიანი იქნება?” (როცა მაისის წიგნის ფესტივალი ფასიანი არც არასოდეს ყოფილა) და ტკივილიანი ამოძახილი ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე “კატალოგებს როდის დადებთ?” (როცა კატალოგები გამომცემლობების ექსკლუზივია და ასოციაციას მხოლოდ გაზიარება შეუძლია).
მონაწილეთა ოფიციალურ ჩამონათვალში 60 გამომცემლობა, მაღაზია, ინსტიტუტი და კომპანიაა. მადლობა ღმერთს, წიგნის ფესტივალზე ხელნაკეთობები და სათამაშოები აღარავის უკვირს. John Wrap, მაგალითად, წლევანდელი დებიუტანტია და მე იმას უფრო ვერ ვხვდები, აქამდე სად იყვნენ. შეფუთვა ყველაფრის შეიძლება, ვრეპში, თუ დაგჭირდათ, სპილოსაც შეგიფუთავენ, მაგრამ ფერად-ფერადი, ფრიალა და შრიალა გადასაკრავები, ყველაზე მეტად, მაინც წიგნებს უხდება. ჰოდა, რაღაცებს აუცილებლად შევაფუთინებ. ზოგს საჩუქრად და ზოგსაც ისე, სილამაზისთვის.
ძველ, კარგად ნაცნობ გამომცემლობებს ახალბედებიც ურევია. მაგალითად, “ბენდესი“, ძალიან საინტერესო სერიით “მივიწყებული წიგნების თარო” და ამ სერიის პირველი წიგნით – ჯერომ კლაპკა ჯერომის უკვდავი შედევრით “სამნი ერთ ნავში, ძაღლზე რომ არაფერი ვთქვათ“. პირველად შორეულ 1960 წელს გადმოუქართულებია “ნაკადულს”. ახალს გამომცემლობა “ალეფის” სტენდზე მიაგნებთ.
სამაგიეროდ, თვალს (და გულს) “ზოლიანი კატა” და “ოჩოპინტრე” დამაკლდა – ორი ყველაზე ზღაპრული გამომცემლობა. “ოჩოს” წიგნები, როგორც გავარკვიე, “აგორას” სტენდზე დაგვხვდება. ძველებიც და ახალიც – ევგენი ზამიატინის ლეგენდარული ანტიუტოპია “ჩვენ”. “ზოლიანი კატის” ფერად თარგმანებს თუ გადავაწყდი სადმე, გაგაგებინებთ.
სრული საფესტივალო გეგმის ჩამოწერას, “ბედნიერი საათების” მონიშვნას, ფასდაკლების დაანგარიშებას ორშაბათიდან ვაპირებ. დღეს იმ წიგნებს ჩამოგითვლით, ზუსტად რომ ვიცი, აუცილებლად უნდა წამოვიღო.
აკა მორჩილაძის “კუპიდონი კრემლის კედელთან” – ეს აუცილებლად. საწყისი თავები “ინდიგოში” იბეჭდებოდა და მორიგ ნომერს თვიდან თვემდე “კუპიდონის” ეშხით ველოდებოდი. ახლა წიგნად აკინძული გამოდის და რა გამაჩერებს. საუკუნეა, ახალი აკა არ დაუბეჭდავთ.
კიდევ ერთი გადასარევი ამბავი ანე-კატარინე ვესტლის უკვდავი შედევრის ახალი რეპრინტია. “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” და “დიდედა და რვა ბავშვი ტყეში”, სქელი ყდით, ბებია ასტრიდის ოქროს სერიის ფორმატით, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით… როგორც ვხვდები, სერია გაგრძელდება და, ცხვირი მიგრძნობს, “გოგონა ავრორა “ც” კორპუსიდან” დაემატება.
არტ შპიგელმანის “Maus”-ის თარგმნაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ, მაგრამ საუბარს კონკრეტული არაფერი მოჰყოლია და იმედიც გადამეწურა. ჰოდა, ახლა გამოდის, ციმციმ გადმოქართულებული, პულიტცერის პრემიის ლაურეატი გრაფიკული რომანი, ჰოლოკოსტის შემაძრწუნებელი ქრონიკა.
“ვაფლის გულების” ავტორს, ნორვეგიელ მარიამ ფარს ასტრიდ ლინდგრენს ადარებენ. ამგვარი პარალელები, ცოტა არ იყოს, სარისკო კია, მაგრამ სიუჟეტი ზუსტადაც რომ ასტრიდისეულია და ისეთი, ზღაპრულ სკანდინავიას რომ უხდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახალი საბავშვო ავტორების აღმოჩენა მხოლოდ პატარა მკითხველს უხარია, ძალიანაც ცდება :)
გურამ მეგრელიშვილის “საქართველოს ალტერნატიული რუკის” პრეზენტაცია სულ ახლახანს ჰქონდა “ინტელექტს“. თან, არ იკითხავთ, სად? მეტროში, ღამის პირველ საათზე :) გულით მინდოდა წასვლა, მაგრამ მეორე დღეს თავს ვერ ავწევდი. წიგნს ნამდვილად არ გამოვტოვებ.
“არტანუჯის” ერთ სერიასაც მიგასწავლით, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, თავადაც გადასარევად იცით. “თან საკითხავი” ჰქვია, სერიის ყოველი წიგნი ერთი კონკრეტული თემის გარშემო აკინძული ამბებია. ნობელიანტი ფიზიკოსები, ქართველი მწერლები, შუა საუკუნეები, ფეხბურთი… ინფორმატიულია და საქმის ცოდნით შედგენილი. ფოტოამბებს, მაგალითად, გურამ წიბახაშვილი წერს, 50 ლეგენდარული მუსიკალური ალბომის ისტორიას – ნიკა რურუა,
“თან საკითხავს” კარგა ხანია, თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს. იდეა რომ გადასარევი იყო, ისედაც ვხვდებოდი, მაგრამ მეშინოდა, შუა გზაზე არ შეეწყვიტათ (როგორც ხშირად ხდება ხოლმე). არ გაჩერებულან. პირიქით, თემები მოამრავლეს, ვიზუალიც დახვეწეს. “არტანუჯს” Non fiction გადასარევად გამოსდის.
ეს – ღრმა მინიმუმი. დანარჩენს “ექსპოს” პავილიონებში შევარჩევ. საფესტივალო ამბებში დავბერდი და არ მახსოვს, ოდესმე გეგმას მივყოლოდე. ფულის დაზოგვაც არ გამომდის. ფასდაკლებაო, ბედნიერი საათებიო, ესაო, ისაო, არ დაიჯეროთ. რასაც წაიღებთ, ბოლომდე დახარჯავთ და შინ წიგნების მთაც რომ დაახვავოთ, რაღაც მაინც დაგრჩებათ საყიდელი.
წიგნის ფესტივალიც, კაცმა რომ თქვას, ზუსტად ამიტომ გვიყვარს.