Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

გრაფი (ბეფ)სტროგანოვი

$
0
0

ამბობენ, დრო მიფრინავსო და ძნელია, არ დაეთანხმო, რაც ხედავ, რომ ბლოგის მორიგი სეზონი თვალსა და ხელს შუა დასასრულს უახლოვდება. ცოტაც და ერთმანეთს შემოდგომამდე დავემშვიდობებით, ჰოდა, მასპინძელი რისი მასპინძელია, გამოსათხოვარ თავისდაკვრამდე ვერანდაზე ერთი ჟრიამული არ მოაწყოს.

სიმართლე გითხრათ, ზაფხულივით ცხელი მაისის შემხედვარე, რამე ჩაციებული კერძის მომზადებაზე ვფიქრობდი, მაგრამ დილანდელმა წვიმამ და სიცივემ გეგმები თავდაყირა დამიყენა. სახელდახელოდ მომიწია პროდუქტებზე სირბილმაც და ამიტომაა, გამზადებული კერძის ნაცვლად დაკაპიწებული მკლავებით რომ გეგებებით, თანაც ტრადიციისამებრ ვერანდაზე კი არა, სამზარეულოში გეპატიჟებით.

ახლა, ფუმფულა პლედებს, ბალიშებსა და მოხერხებულ სავარძლებს აქ ვერ შემოგთავაზებთ, სამაგიეროდ, კოხტა დივანი და ხის საზურგიანი სკამები თქვენ განკარგულებაშია. როგორც გესიამოვნებათ, ისე მოკალათდით, მე კი ქურასთან ტრიალს გავაგრძელებ, თან სანამ გაგიმასპინძლდებოდეთ, ამ თითებჩასაკვნეტი კერძის ისტორიას გიამბობთ ორიოდე სიტყვით.

არც ისე დიდი ხნის წინ, სულ რაღაც საუკუნე-ნახევრით ადრე, ოდესაში ერთ თხემით ტერფამდე არისტოკრატს უცხოვრია. უბრალოდ კი არ უცხოვრია, ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორის პოსტიც სჭერია. დიდებული გვარის ორი შტოს უკანასკნელ წარმომადგენელს იქაურ სამეცნიერო წრეებში კარგად იცნობდნენ და დიდ პატივსაც სცემდნენ თურმე. ან სხვანაირად როგორ იქნებოდა – ალექსანდრე სტროგანოვმა ჯერ იყო და ტომსკის უნივერსიტეტს უანდერძა წინაპრების მიერ ათწლეულობით ნაგროვები ბიბლიოთეკა, მერე ნოვოროსიის უნივერსიტეტის დაარსებას წააშველა ხელი თუ ჯიბე. ამ ყველაფერთან ერთად, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, სახლში “ღია მაგიდაც“ ჰქონია, სადაც ყველა კარგად გამოწყობილ და ნასწავლ-განათლებულ ადამიანს შეეძლო, პირდაპირ ქუჩიდან სადილზე მისულიყო.

სანამ გავაგრძელებდე, ერთი, ის დანა მომაწოდეთ, გეთაყვა. ამ კერძისთვის მსუბუქად დაბეგვილი ხორცი აუცილებლად მოგრძო და თხელ ნაჭრებად უნდა დაიჭრას, თანაც ბოჭკოს მიმართულებით, რომ მთლიანობა უხეშად არ დაირღვეს. შეიძლება, გრაფ სტროგანოვის მარჯვე მზარეულებამდე ბევრი მიკლია, მაგრამ მერწმუნეთ, გემრიელი გამოგვივა. აგერ, დაჭრილი ხახვიც მზადაა, ახლა მთავარია, ისე დავყაროთ ცხელ ტაფაზე და ისე მოვაწყოთ ზემოდან ფქვილში ამოვლებული ხორცი, რომ ტაფის ზედაპირს არ შეეხოს. ვიდრე ხორცი ოქროსფერს მიიღებს, იქამდე არაჟნისა და ტომატის სოუსს მოვამზადებ და ყველაფერს ერთად ქვაბში გადავიტან. მერე კარტოფილსაც მოვამზადებ შესაწვავად და შეგვიძლია, ვერანდასაც მივაშუროთ.

ერთი სიტყვით, “ღია მაგიდის“ ტრადიცია ბევრ თავსატეხს უჩენდა თურმე ღრმად პატივცემული გენერალ-გუბერნატორის მზარეულებს. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ამდენი დაუპატიჟებელი სტუმრის გამასპინძლება. სად იყო იმის დრო, რომ ნაირ-ნაირი დელიკატესი და გადაპრანჭული ფრანგული დახვეწილობა მოემზადებინათ ყველასთვის. ჰოდა, ეს მარტივი კერძი მისწრება აღმოჩნდა გაწამაწიაში მყოფი კულინარებისთვის – სწრაფად მზადდებოდა, ულუფებად ადვილად იყოფოდა და სულ უბრალო გარნირი – შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი ჭიქა Chateauneuf-du-Pape-თან ერთად ყველაზე პრეტენზიულ გურმანთანაც არ შეგარცხვენდა.

ხომ ხედავთ, დიდი დრო არც ჩვენ დაგვჭირვებია – სანამ ამ პატარა ისტორიას ვყვებოდი, ბეფსტროგანოვიც მომზადდა. მთლად Chateauneuf-du-Pape-ს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვერანდაზე ჩაციებული საფერავი გველოდება და ნუღარ დავაყოვნებთ, მობრძანდით, გეთაყვა.

ხომ იცით, ჩემი პატივისცემა ის იქნება, ლუკმაც კი არსად დამიტოვოთ.

შეგარგოთ ღმერთმა.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles