პირველად იყო სიტყვა…
პირველად იყო “ვარდის სახელი”. ექვსი წლის წინ გამოსცა “დიოგენემ”, დაუბანელ ხელს ვერ შეჰკადრებდი, ისე გამოსცა და მკითხველიც დააიმედა, “ფუკოს ქანქარასაც” აუცილებლად ვთარგმნითო.
“ვარდის სახელს” უმბერტო ეკოს სხვა რომანები და non fiction-ები მოჰყვა. “ქანქარა” იგვიანებდა. ყველა ფესტივალზე და “მწვანე შაბათობაზე”, ყველა ახალი წიგნის წარდგენისას ლოდინით შეღონებული ერთი მკითხველი მაინც წაიწუწუნებდა, კინგი, ფამუქი, ფილიპ როთი და რომენ გარი გადასარევია, მაგრამ “ფუკოს ქანქარას” როდის გვაღირსებთო.
ჰოდა, გვეღირსა.
სულ ცინცხალი ამბავია. გამომცემლობაში ხუთშაბათს მიიღეს, ორშაბათს მაღაზიებშიც გამოჩნდება. მაგარი ყდით, სასაჩუქრე, ლიმიტირებული ტირაჟი და რბილი გარეკანით, უფრო ხელმისაწვდომი, “დიოგენეს” საფირმო “ET CETERA”-ს ნაწილი.
თავის დროზე, “ვარდის სახელით” აღფრთოვანებულს, მეგობარმა მომიტანა რუსულად, თაბახის ფურცლებზე სახელდახელოდ ამობეჭდილი – ეს კიდევ უფრო საინტერესოაო. ლამის მიკროსკოპული შრიფტით იყო ნაბეჭდი, მაგრამ რას დავეძებდი. თვალები დავითხარე, სამაგიეროდ, ვისიამოვნე კიდეც.
ახლა ქართულად მაქვს შინ. რა მომათმენინებდა და გუშინწინვე დავიწყე კითხვა.
ხათუნა ცხადაძის გადმოქართულებულია. ზუსტად ის ამბავია, თარგმანს გადაუშლელადაც რომ ენდობი და ზუსტად იცი – იმედს არ გაგიცრუებს.
სამ მეგობარს, კაზობონს, იაკოპო ბელბოს და დიოტალევის, პატარა, მაგრამ სერიოზული მილანური გამომცემლობა “გარამონის” რედაქტორებს, სხვა რაღაცებთან ერთად, ათასი ჯურის გრაფომანის და კონსპიროლოგის ტვინის ნაჟურის კითხვა უწევთ. ჰოდა, უნიჭო შეთქმულების თეორიებით გაბეზრებულები, გასართობად, სანიმუშო-საჩვენებელი კონსპიროლოგიური გეგმის შედგენას გადაწყვეტენ – საკუთარი იუმორის გრძნობის და ნაცრისფერი უჯრედების იმედი აქვთ და არცთუ ტყუილად. ოღონდ უწყინარი ინტელექტუალური თამაში ძალიან მალე (და სრულიად მოსალოდნელადაც) ტროლინგის ფარგლებს სცდება…
სიუჟეტი იქით იყოს,”ფუკოს ქანქარა” საშუალო სტატისტიკური დეტექტივი არ არის, მკვლელი მებაღე ყოფილაო, დავასკვნათ და გვერდზე გადავდოთ.
კაბალა და ეზოთერიკა, ალქიმია და ოკულტიზმი, მასონები, ილუმინატები, ტამპლიერები, როზენკროიცერები, ასასინები, ოხრანკა, ერეტიკოსები, სექტანტები, მარქსით გატაცებული სტუდენტობა, ფაშისტები და ანტიფაშისტები, თალმუდისტები და ანტისემიტები, მოკლედ, მსოფლიო შეთქმულების თეორიის ხსენებაზე ვინმე თუ გაგონდებათ, ყველა აქაა. ჩვენმა ჩრდილო მეზობლებმა ათიოდე წლის წინ “ფუკოს ქანქარას” ლექსიკონიც გამოსცეს, პერსონალიებისა და ფაქტების საგანგებოდ შედგენილი 550+ გვერდიანი გზამკვლევი. სინიორ უმბერტოს უკიდეგანო ერუდიციის გათვალისწინებით, ღმერთი, რჯული, ფრიად სასარგებლო ცნობარია.
ღრმად დამაინრიგებელ სასპენსს ისტორიული წიაღსვლები და პარალელები, მახვილგონივრულ ალუზიები, ეკოს საფირმო იუმორი, უაღრესად კომფორტული თხრობის სტილი და მართლაც თითით საჩვენებელი თარგმანი დაუმატეთ. წიგნების თუკი რამე გამეგება, ქართულ “ფუკოს ქანქარაზე” ბევრს ილაპარაკებენ და არც ბუქსთორების თაროებზე გააჩერებენ დიდხანს.
ამბობენ, “ქანქარას” ეკრანიზაცია სტენლი კუბრიკს სურდა, მაგრამ “ვარდის სახელის” კინოვერსიით იმედგაცრუებულმა ეკომ უარი თქვა და მერე ინანაო. მართლაც რომ დასანანია, ღმერთმანი.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, უმბერტო ეკო, ფუკოს ქანქარა, ქართული თარგმანი, ხათუნა ცხადაძე, ET CETERA, Il pendolo di Foucault, Umberto Eco
