იცოცხლე, კარგი რამეა მუდამ ლიტერატურულ სიახლეებსა და ინტელექტუალურ რამერუმეებზე წერა, მაგრამ ხანდახან ასეთებისგანაც იღლება ადამიანი, მითუმეტეს, როცა დარაბებს მიღმა უკვე ნამდვილად გაზაფხულია და ბლოგის გამოქვეყნების დრო რვა მარტს ემთხვევა. ჰოდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მოლის ვერანდაზე მოვკალათდეთ და ორიოდე სიტყვით კბილი გავკრათ ამ ყბადაღებულ დღესასწაულს, ზოგს ძალიან რომ მოსწონს და ზოგს კი ირონიულად ჩაქირქილებას აიძულებს ხოლმე.
ვხედავ, იასამნების სიმრავლემ გაგაოცათ – ვიცი, რომ ჯერ სეზონი არ დამდგარა, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც იშოვი. ალბათ, გეგონათ, რომ აქაურობა ვერცხლისებრი აკაციით დაგხვდებოდათ მორთული, აი, იმით, მთელი საბჭოთა კავშირი რატომღაც მიმოზად რომ თვლიდა. ყვავილების დიდი მოყვარული ისედაც არ გახლავარ, ყვითელი ფერი კი განსაკუთრებით არ მეპრიანება. აი, იასამანი სულ სხვა საქმეა – “ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეშიიიი, თუ არ ჩამატანეთ იასამანიიიი”…
მგონი, ყველანი აქ ვართ. ღუნღულა პლედებიც აქვეა, განსაკუთრებით მცივანებისთვის. ვინმე ღვთისნიერი ჩაის ჩამორიგებაში მომეშველოს და ეგაა. ჰო, თუ გასათბობად პლედი არ გყოფნით და ცოტა უფრო მაგარი სასმელი გესიამოვნებათ, მხოლოდ მითხარით და მაშინვე მოგართმევთ.
რითი დავიწყო, არც კი ვიცი… ალბათ, იმით, ამ მშვენიერ დღესასწაულს, არც მეტი, არც ნაკლები, ჯერ კიდევ ძველი რომაელები აღნიშნავდნენ თურმე, მათი ცოლები საჩუქრებს იღებდნენ, მონა ქალები – თავისუფალ დღეს და შეეძლოთ, მძიმე საქმისგან ოდნავ მაინც დაესვენათ.
გავიდა დრო, ძველი რომის იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა და ქალთა დღეც დავიწყებას მიეცა. სულ რაღაც საუკუნე-ნახევრის წინ კი, როგორც ლეგენდა გვიამბობს, ნიუ-იორკელი ფეიქარი ქალები გამოსულან ქუჩაში, ცარიელი ქვაბების რაკუნით თანასწორობას, შრომის ადამიანურ პირობებსა და ხელფასის მატებას ითხოვდნენ თურმე.
“ცარიელი ქვაბების მარში” უდაბნოში მღაღადებლის ხმად დარჩენილა, მაგრამ პრეცედენტი პრეცედენტია. თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, თავდაუზოგავად მშრომელი და მეოჯახე ფეიქრები კი არა, ნიუ-იორკის ქუჩებში იქაური კალთამადლიანი ქალები დარაზმულან, აქაოდა, მეზღვაურებს ჩვენი ვალი აქვთ და ხელფასი დროულად გადაუხადეთ, ამდენი კრედიტის გაცემა სად შეგვიძლია, ბანკირები ხომ არ გგონივართო.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ხმებია, დადასტურებული ფაქტი კი ერთადერთი გახლავთ – 1910 წელს, სოციალისტი ქალების საერთაშორისო კონფერენცია რომ ჩატარდა შორეულ კოპენჰაგენში, გამობრძანებულა ამხანაგი კლარა ცეტკინი და უთქვამს, მთელი მსოფლიოს მამაკაცების ჯიბრზე ქალების დღე უნდა დავაწესოთ, თვითონ თუ ავიწყდებათ, ასე შევახსენოთ, რომ ქალი ადამიანის მეგობარია კი არადა, ადამიანია, ჰოდა, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კიდევ ნაირ-ნაირი უფლებები ეკუთვნისო.
ფრაუ ცეტკინს იმ დროისთვის, ალბათ, მონელებული ჰქონდა ბევრად უმცროს გეორგ ცუნდელთან კრახით დასრულებული ქორწინება, მაგრამ ვინ იცის, გულის სიღრმეში მაინც ნიშნს უგებდა – შეხედე, რა ქალზე თქვი უარიო.
წინადადებას ყველა აღფრთოვანებით შეხვედრია, განსაკუთრებით კი კლარას ვაჟთან წარუმატებელი რომანით გულგატეხილ როზა ლუქსემბურგს გამოუდია თავი, ამაზე ბრწყინვალე იდეა აქამდე არასოდეს მსმენიაო.
მომდევნო წლებში იდეისთვის ხორცი კი შეუსხამთ, მაგრამ ცოტა არეულ-დარეულად – თარიღზე მაინცდამაინც ვერ შეთანხმებულან, ან რა გასაკვირია – ვაღიაროთ, რომ სადაც რამდენიმე ქალია, იქ პატარა ბაბილონის გოდოლიც აუცილებლად შენდება. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ერთ აზრზე დამდგარან – რვა მარტს ისეთი მონაცემები აქვს, უთუოდ არაჩვეულებრივი დღესასწაული დადგებაო. აი, ასე ყოფილა ეს ამბავი.
სხვა რა გითხრათ, ძვირფასო სტუმრებო და მკითხველებო… ჭკუის დარიგებას არავის ვუპირებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დღესასწაულიც, თანასწორობაც და უფლებებიც იქ არის, სადაც დღეები სიყვარულითა და სილაღით სავსეა, ღამეები კი – ვნებით. ამას კი არც რვა მარტი სჭირდება და არც ოცდათერთმეტი დეკემბერი, არც ქალისა და კაცის ასე გამოცალკევება და გულზე მჯიღის ცემით შესმული სადღეგრძელო – სანამ გვახსოვს, რომ ყველანი ორ ფეხზე მოსიარულე ჰომო საპიენსები ვართ, სანამ იქ ვართ, სადაც გული გულობს და ჩვენი ადგილია – ყველაფერი ისედაც კარგად იქნება. ჰოდა, ასეთი კარგად ყოფნა არ მოგეშალოთ, ჩემო კარგებო. დღევანდელ დღეს კი თანასწორობასა და ზეიმზე მეტად მამასისხლად გაყიდული ყვავილები მახსენდება ხოლმე და რა ვქნა. მე მაპატიეთ.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
Filed under: ვერანდა Tagged: გაზაფხული, ვერანდა, იასამანი, კლარა ცეტკინი, კოპენჰაგენი, მიმოზა, ნიუ-იორკი, რვა მარტი, როზა ლუქსემბურგი, ქალთა დღე, ცარიელი ქვაბების მარში
