Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“წიგნები, რომლებმაც შეგვცვალეს”: ერთი თეგ-თამაშის კვალდაკვალ

$
0
0

tsignebi-romlebmac-shegvcvales-cover-image

არც ისე დიდი ხნის წინ, ფეისბუქზე მორიგი თეგ-თამაში გავრცელდა: “წიგნები, რომლებმაც შემცვალეს”.

უწყინარი ჩელენჯი იყო, არამყვირალა. საერთო-სახალხო მღელვარება არ მოჰყოლია. არადა, თემა მომეწონა. ოღონდ საფეისბუქოდ არა. ბლოგის ფორმატი უფრო მოუხდებოდა.

ბლოგი, ჯერჯერობით, მაქვს და არც მკითხველის ნაკლებობას უჩივის. ჰოდა, დავფიქრდი, მე რას შევარჩევდი-მეთქი.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ სიაში არც ყველაზე საყვარელი წიგნები იგულისხმება, არც ისინი, სამაგიდოს რომ ეძახიან, ყველაზე ხელმოსახელთებელ თაროზე რომ გიდევს, ხშირ-ხშირად აგდებ ჩანთაში და გადაკითხვა არ გბეზრდება. რაღაც სხვაა. ჰოდა, დღეს ამ “რაღაც სხვას” გაგიზიარებთ.

მასთრიდების მიმართ ჩემი “გარდარეული სიყუარულის” ამბავი მოგეხსენებათ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ეს ჩვენი მოლი ყველგან “სავალდებულო საკითხავის” უაზრობას ამტკიცებს და, აგერ, საკუთარი  ჩამოუწიკწიკებიაო. ეს არც “სავალდებულო პროგრამაა” (ღმერთმა დამიფაროს, ასეც არ გავთავხედებულვარ), არც რეკომენდაციები. ოქროს წესია, გამეორება არ დამეზარება: ის, რაც ერთისთვისაა მნიშვნელოვანი, სხვას, შესაძლოა, ოდნავადაც არ აღელვებდეს. მე ჩემი იმპრესიები მაქვს, თქვენ – თქვენი.

თუ შევთანხმდით, დავიწყოთ.

იანუშ კორჩაკის “მეფე მათიუშ პირველი” რომ წავიკითხე, “შვლის ნუკრის ნაამბობის”, ანდერსენის ზღაპრების, სეტონ-თომპსონის მოთხრობების წყალობით იმდენს უკვე ვხვდებოდი, ყველა საბავშვო წიგნი ბედნიერად რომ არ სრულდებოდა, მაგრამ მათიუშს სხვა ელდა მოჰყვა, სხვა სიმძიმე და სიმწარე. თავად პან იანუშის ისტორია მერე გავიგე და შოთა ნიშნიანიძის ფანტასტიკური ლექსიც მოგვიანებით აღმოვაჩინე.

“ჩვენც სალტკროკელები ვართ” ჩემი უცვლელი ანტიდეპრესანტია. ოღონდ ძალიან გამიმართლა, ბებია ასტრიდის სხვა შედევრებში რომ არ გამებნა და იმ ასაკში ვიპოვე, დროს არდადეგებიდან არდადეგებამდე რომ ანგარიშობენ. მას შემდეგ ზუსტად ვიცი, როგორია იდეალური ზაფხული.

აგატა კრისტის “როჯერ ეკროიდის მკვლელობამ” რამდენად შემცვალა, ვერ გეტყვით, მაგრამ დეტექტივებზე ჩემი წარმოდგენა გვარიანად კი შეარყია. ეკროიდამდე უწესიერესი მკითხველი გახლდით, კონან დოილის, სიმენონის, თავად კრისტის სხვა რომანებზე გაზრდილი. მტკიცედ მწამდა, დეტექტივის დაწერილ-დაუწერელი კანონების დარღვევა არაფრით არ შეიძლებოდა. იმასაც გაჩვენებ, როგორ არ შეიძლებაო, ლედი აგატამ. ვნახე და ის გაოგნება დღესაც მახსოვს.

რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკები”, ჩემთვის, პირველ რიგში, სისულელის, სიბრიყვის, გაუნათლებლობის, რეტროგრადობის, ფსევდომორალიზმისა და ქსენოფობიისთვის ოსტატურად გაწნული სილაა. სიბნელის წინააღმდეგ ასე კონცენტრირებული ამბოხი პირველად “ქრონიკებში” ვნახე. თითქმის სამოცდაათი წლის წინ დაწერილი მცირე მოთხრობების კრებული დღესაც აქტუალურია. ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს წავუკითხავდი სკოლაში, ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად. კაცმა რომ თქვას, არც უფროსებს აწყენდათ.

ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონმა” მასშტაბებით მომნუსხა. ფართო მონასმებით დახატული სურათია. ერთდროულად ძალიან მარტივი და ძალიან რთულად გასათავისებელი გზავნილით: სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია, არ აქვს მნიშვნელობა, პროფესორია, ქურდი თუ ტყეში გავარდნილი ფირალი. ადამიანი, ასაკის, განათლების, ცხოვრების წესის, ცოდვების და ღირსებების მიუხედავად, ამქვეყნად მაინც ყველაზე დიდი საოცრება და სასწაულია.

დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისათვის” – აქ რა უნდა ვთქვა.”გევედრები, გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფ” – მგონი, საკმარისია. ერთი წინადადებაა, მაგრამ ას ბლოგს აიწონის.

რიგითობა, ცხადია, პირობითია. რაოდენობაც. ასეთი წიგნები ბევრად მეტია, ჩამოთვლა და ერთ სიაში მოქცევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ყველა წაკითხული წიგნი, ასე თუ ისე, გვცვლის. სხვათა შორის, არწაკითხული. არწაკითხული წიგნების სევდაზე აუცილებლად დავწერ, მანამდე კი ახალი თეგ-თამაში მოვიფიქრე:”ადამიანები, რომლებმაც შეგვცვალეს”.  რაც არ უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ვიუაროთ, ადამიანებს ყველაზე მეტად ისევ ადამიანები ცვლიან.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Filed under: თეგ-თამაშები, მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ასტრიდ ლინდგრენი, დენიელ კიზი, თეგ-თამაშები, იანუშ კორჩაკი, მოლის ბიბლიოთეკა, ნოდარ დუმბაძე, პროზა, რეი ბრედბერი, ფეისბუქი, ქართული თარგმანი, ქართული ლიტერატურა, ჩელენჯი, წიგნები რომლებმაც შეგვცვალეს

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles