Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობ”

$
0
0

tsignebi-da-satamashoebi

ჩემი მეგობრის ამბით დავიწყებ. ისე მოგიყვებით, როგორც მიამბო.

“შევედი წიგნის მაღაზიაში, მშვენიერ ხასიათზე ვარ, თაროები ჩამოვიარე და “13 მიზეზს” და “მე, შენამდეს” დავავლე ხელი. იქვე კონსულტანტი დგას, ხომ ვერაფრით დაგეხმარებითო.  ვაჩვენე ეს წიგნები, თქვენ თუ წაიკითხეთ და თუ მოგეწონათ-მეთქი. შემომხედა მერაშუაშივარ მზერით – იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობო.”

აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მარტო გოეთესო.

ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.

ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.

მაღაზიაში, ცხადია, მხოლოდ გოეთე არ იყიდება. სტელაჟებზე სხვა წიგნებიც უწყვიათ. კონსულტანტიც იმის კონსულტანტია, შემოსწრებულ მყიდველს რაღაცებზე დაელაპარაკოს, რაღაცები ურჩიოს, სიახლეები დაათვალიერებინოს, ეს გადასარევია, ეს კარგია, ამას მაინცდამაინც არ აქებენო, დააკვალიანოს. “მარტო გოეთეს ვკითხულობ” მთლად იდეალური ტაქტიკა ვერაა, მაგრამ ამაზეც ნუ მოვცდებით, მარკეტინგის სამსახურმა იდარდოს.

ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. გოეთეს (შექსპირს, ჰიუგოს) რატომ ახეთქებენ ჯოკერივით. მარტივია. რაღაცების მტკიცება არ გიწევს. ახსენებ და ყველაფერი გასაგებია.

აბა, შეკლი მომწონსო, რომ თქვა, ან მარტინი, ან აკა მორჩილაძე, ან ეკა ქევანიშვილის ლექსებს ვკითხულობო, ან, ჯვარი გწერია და კომიქსებს ეპარები ჩუმჩუმად და გაგიგეს, ისიც ხომ უნდა მოაყოლო, რატომ მოგწონს და შენს მოწონებებს ან გაიზიარებენ, ან არა.

გოეთე სხვა ამბავია. კლასიკა. გოეთე ვინ არ იცის. გოეთეს თუ ახსენებ, სერიოზული მკითხველი ხარ. სოლიდური. გოეთეა, “ყვანჩალა და ბოლოკა” კი არა. ვინ დაგიწუნებს არჩევანს. ვინ გაბედავს.

ამიტომაც ჰგავდა ქართული ლიტერატურის საბჭოთა სახელმძღვანელოები მთაწმინდის და დიდუბის პანთეონების გზამკვლევს. ამიტომ აძლევენ მერვეკლასელ ბავშვებს საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხად ზოლას, ფლობერს, მოპასანს, თეკერეის, ბალზაკს, სტენდალს და მერე ბრაზობენ, კომპიუტერის გადამკიდე, წიგნი დაავიწყდათო.

არადა, მოზარდ მკითხველს, საზაფხულოდ, ალექსანდრე ლორიას “ეს დაუდეგარი არდადეგებიც” რომ ურჩიოს ვინმემ…  სიტყვაზე მენდეთ, ვერ მოწყდება, სანამ ბოლოში არ გავა. არ ეყოფა, ცხადია (პატარაა, შვიდასგვერდიანი აგური არ გეგონოთ) და უახლოეს ბიბლიოთეკაში გავარდება, კიდევ მინდა, რამე შემირჩიეთო.

ოღონდ აღშფოთებული მშობელი რომ მიადგება მასწავლებელს, ამ ჩემს ბავშვს რეებს აკითხებთ, ალექსანდრე ლორია ვინ ოხერია და ბალზაკს რითი სჯობიაო, რა უპასუხოს? გადასარევი პასუხის მოფიქრება შეიძლება, ღმერთმანი, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივება ვის უხარია, ბალზაკზე ხომ არც არავინ ჰკითხავს, ბალზაკია და იმიტომ. აბა. სად გაამხილოს თავმოყვარე მშობელმა, ჩემი შვილი ალექსანდრე ლორიას და პაველ ვეჟინოვს კითხულობსო?!

ლიტერატურის “მაღალ”და “დაბალ” ჟანრებად დაყოფის ადეპტები, არც თუ იშვიათად, კლასიკის საპირწონედ, ფანტასტიკას და ფენტეზის მოიხსენიებენ აუგად, არაფრისმომცემი ზღაპრებიაო.

ფანტასტიკას და ფენტეზის ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება. თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ, ამ “არაფრისმომცემ ზღაპრებზე” ერთი პატარა მოთხრობა მახსენდება. ჩემი ნება რომ იყოს… ბავშვებს არა, ბავშვებმა ეს ამბები ზუსტადაც რომ გადასარევად იციან. უფროსებს შევკრებდი სადმე, დიდ დარბაზში, ხმამაღლა წავუკითხავდი და ამობეჭდილსაც გავატანდი შინ.  “ეშერი II”, გეცოდინებათ, “მარსის ქრონიკის” ნაწილი. არაფრისმომცემ ზღაპრებზე წერია მანდ და იმაზე, რომ ზღაპრებისთვის ცხვირის აბზუება ცუდად მთავრდება. ძალიან ცუდად.


Filed under: კლიché Tagged: გემოვნება, გოეთე, იმიჯი, კლასიკა, კლასიკური ლიტერატურა, კლიché, კოლექტიური გემოვნება, ლიტერატურა, ლიტერატურული გემოვნება, მკითხველი, მოდა, რეი ბრედბერი, ტრენდი, უგემოვნობა, ფენტეზი, შაბლონი, წიგნი, წიგნის მაღაზია, Must Read

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles