Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ოქროს ადელი

$
0
0

gustav-klimt-portrait-of-adele-bloch-bauer

ეს ამბავი ყოველთვის სევდიან ზღაპარს მაგონებდა. აი, ისეთს, წვიმიან, გაცრეცილ დღეებში რომ უნდა იკითხო, დადარდიანდე,  მერე კი საყვარელ პლედში გახვეულმა და ბუხართან თბილად მოკალათებულმა იფიქრო ცხოვრების ამაობაზე. ჰოდა, ახლა მომინდა, ნოემბრის ამ ბოლო, სუსხიან საღამოს თქვენც გაგიზიაროთ – იქნებ მოგეწონოთ კიდეც.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. აქედან შორს, მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილ ვენაში ერთი ბანკირი ცხოვრობდა. ბანკირს მშვენიერი ასული ჰყავდა და ძალიან უყვარდა. ისიც და ბანკში საიმედოდ შენახული ფულიც. ოღონდ, ეტყობა, ეს ფული ეცოტავებოდა, ან ფიქრობდა, რომ ქონება და სიმდიდრე არასოდეს არის საკმარისი. ამიტომაც კაპიტალის გაორმაგების ყველაზე მარტივი და გამოცდილი გზა შეარჩია – თვრამეტი წლის ადელ ბაუერი თითქმის ორჯერ უფროს ფერდინანდ ბლოხს მიათხოვა – კრეზივით მდიდარ მეწარმეს.

საარაკო ქორწილზე ვენის რჩეულმა საზოგადოებამ მოიყარა თავი, მოილხინეს, კბილი ხან სუფრაზე დახვავებულ კერძებს გაჰკრეს, ხან – ნეფე-პატარძალს და დაიშალნენ. ნაზი, პოეზიით აღსავსე ადელისთვის მოსაწყენი გამოდგა ხანში შესული ქმარი, მისი საქმიანი მეგობრები, საუბრები შაქრის მრეწველობასა და ნადირობაზე. რა უნდა ექნა? მე-19 საუკუნის ბოლოს მაღალი საზოგადოების ქალბატონებისთვის საკუთარ სალონზე უკეთესი თავშესაქცევი არ არსებობდა და ფრაუ ბლოხ-ბაუერის სახლში მალე ვენის ბოჰემამ დაიწყო თავმოყრა.

დიდხანს არ გაუვლია და ადელის სალონში იტალიიდან ახლად დაბრუნებული მხატვარი გუსტავ კლიმტიც გამოჩნდა – აჩაჩულ-დაჩაჩული, მოუწესრიგებელი, საღებავის შხეფებით დასვრილი პერანგით, ცუდი მანერებით და თან მოიყოლა მექალთანისა და კაზანოვას სკანდალური რეპუტაციის შლეიფი. დახვეწილი დიასახლისისთვის შოკისმომგვრელი გამოდგა ახალი ნაცნობობა, მაგრამ… სიყვარულს რას გაუგებს კაცი – მალე ადელისა და გუსტავის რომანზე მთელი ვენა ალაპარაკდა.

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი ჭკვიანი კაცი იყო – ესმოდა, რომ ოტელოს მძვინვარება, აფრიკული ვნებანი და ხმალ-ხანჯლის ტრიალი საქმეს არ უშველიდა. არადა, არც წამოზრდილი რქების ტარებას აპირებდა – თავმოყვარე ადამიანი გახლდათ, საზოგადოების მიერ პატივცემული და დაფასებული. ამიტომაც პირად დრამასაც საქმიანად მიუდგა – კლიმტს ორგული მეუღლის პორტრეტი შეუკვეთა.

ხომ არ გაგიჟებულაო – იფიქრებს ვინმე. იმის ნაცვლად, ცოლი ცხრაკლიტურში გამოემწყვდია და თავხედი მხატვარი სახლიდან დაეფრინა, სიახლოვის მეტი საშუალება მისცაო. არადა, ფერდინანდის დახვეწილი, თუმცა შორეული შურისძიების ხიბლიც სწორედ ამაში იყო.

კლიმტმა დაუფიქრებლად მოაწერა ხელი ზღაპრულ კონტრაქტს და ფუნჯს წამოავლო ხელი. თავდავიწყებით ხატავდა საყვარელ ქალს, სათუთად გამოჰყავდა ტილოზე თითოეული შტრიხი, ყველა ამოსუნთქვა და წამწამების ყველა შეთრთოლება. დღეს დღე მისდევდა, თვეს – თვე, ერთ ესკიზს – მეორე…  ადელში აღარაფერი დარჩა ამოუცნობი, ნელ-ნელა შემოეძარცვა იდუმალების საბურველი, რაც ქალს მამაკაცისთვის საოცნებოს და სათაყვანებელს ხდიდა. ის ყოველთვის გვერდით იყო, განუწყვეტლივ, ყოველ წამს და ეს მუდმივი სიახლოვე ნელ-ნელა, დაუნდობლად ანადგურებდა აკრძალულ გრძნობას. ადელის სახე, უკვე ასეთი ნაცნობი და შეჩვეული, აღარც გულის ფრიალს იწვევდა და აღარც – სისხლის დუღილს.

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი – კაცი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ შურისძიება ცივად მისართმევი კერძია, დაგვიანებული ტრიუმფით ტკბებოდა – შეყვარებული წყვილი თანდათან გულგრილ ნაცნობებს ემსგავსებოდა. როდესაც გუსტავ კლიმტმა, ასზე მეტი ესკიზის შემდეგ, პორტრეტი დაასრულა და მათი სახლის კარი გაიხურა, სამივემ იცოდა – ეს სამუდამო დამშვიდობება იყო.

სიყვარულის ისტორია დასრულდა, სამაგიეროდ, დარჩა “ოქროს ადელი“ – ხელოვნების უტყვი შედევრი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.


Filed under: არტი, ნატიფი ხელოვნება Tagged: ადელ ბაუერი, ავსტრია, არტი, ბოჰემა, გუსტავ კლიმტი, ვენა, ვერნისაჟი, ნატიფი ხელოვნება, ოქროს ადელი, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი, Gustav Klimt, Portrait of Adele Bloch-Bauer I

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles