Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ჰანა ბეიკერი. გზავნილი საიქიოდან

$
0
0

20160515_175338

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის

დანიელ დეფოს უთქვამს – სიღატაკეზე მწარე მხოლოდ მეგობრების გარეშე დარჩენააო. ჰოდა, სადაც ეს, ათასგვარ ჭირვარამში გამობრძმედილი, ქარტეხილგამოვლილი კაცი ასე ფიქრობდა, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვეულებრივი მოზარდი გოგო, ახალ სკოლაში გასვლისთანავე ჭორებისა და უღირსი ხრიკების მსხვერპლი რომ აღმოჩნდა?

ჯეი აშერის “ცამეტი მიზეზი“ მტკივნეული წიგნია. აი, კითხულობ და გტკივა… გული ხან გეკუმშება, ხან კი ისე გაწვება ყელში, გეშინია, არ გასკდეს. მოზარდებისთვის წერსო, მაგრამ აქ ვერსად ნახავთ თინეიჯერებისთვის ჩვეულ უწყინარ ოინებს, უზრუნველ სიცილ-კისკისს, ლაღ და უზრუნველ ბავშვობაზეც არავინ გიამბობთ… ეს ჰანა ბეიკერის გზავნილია საიქიოდან, რომელსაც, მისი სიკვდილის შემდეგ, სუნთქვაშეკრული და თავზარდაცემული ადამიანები უსმენენ, ის ცამეტი ადამიანი, ვისაც ჰანას თავზე ზვავივით დატეხილ უბედურებასთან რაიმე კავშირი აქვს. სხვა გზაც რომ არ დარჩენიათ? არ მოუსმენენ, არ გადაუგზავნიან მომდევნო არამზადას და მათი საქმენი საგმირონის შესახებ მთელი ქალაქი შეიტყობს – ჰანამ უკვე იზრუნა ამაზე.

არა, ყველა ერთნაირად დამნაშავე როდია – ზოგი გულმოდგინედ აკეთებდა თოვლის გუნდას, ერთი პატარა გოგო რომ უნდა ჩაეტანა, ზოგი მონდომებით აშველებდა ხელს – ემანდ, მიმართულება არ შეიცვალოს, სწორად დაგორდესო, ზოგი კი უბრალოდ, გულხელდაკრეფილი იდგა განზე და ფიქრობდა, რამე ხომ არ გავაკეთო ამ ზვავის შესაჩერებლადო. ჰოდა, ამ ფიქრში ის პატარა გუნდა, სალახანა ჯასტინ ფოლიმ რომ კოხტად მოამრგვალა, ხელში შეათამაშა და თავდაღმართზე დაუშვა, გაიზარდა, გაიზარდა და იმხელა გახდა, ჰანას კი არა, მასზე ბევრად ყოჩაღებსაც გაუჭირდებოდათ გამკლავება. აკი ვერც გაუმკლავდა და ისეთი რამ ჩაიდინა, ხელაღებით ვერც სიმხდალეს რომ დაარქმევ და ვერც – სიმამაცეს, ბოლომდე არც ერთი არ არის და იმიტომ – ორივე ურევია.

მოზარდების თვითმკვლელობა – ბოლო ხანებში აქტუალური თემაა და იოლი საქმე არაა, რამე განსხვავებული თქვა ამაზე. ჯეი აშერს კი მართლა ლაზათიანად გამოუვიდა, დამაჯერებლად. გულზე რომ მოგხვდება, ისე.

მე კი ყველაზე მეტად რაზე დამწყდა, იცით, გული? ამ პატარა გოგოს გაზრდა და ნამდვილ გასაჭირთან შეჯახება რომ არ დააცადეს თუ თვითონ არ დააცადა საკუთარ თავს… გაზრდილიყო, რა. ცოტა ფესვები მოემაგრებინა და მერე, თავისნაირი სათუთი და სალოლიავებელი ბავშვები რომ ეყოლებოდა შინ, იმათი სადარდელი ნამდვილად არ გამოეპარებოდა, იმ აგორებულ თოვლის გუნდას თვითონ დაუხვდებოდა წინ და სხვა გზით გაუშვებდა.

კარგი გოგო იყო ჰანა.

ოღონდ ძალიან პატარა.

და ძალიან მარტოსული.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: აია ბერაია, ბლოგერების კონკურსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ლიტერატურული კონკურსი, პროზა, ქართული თარგმანი, ცამეტი მიზეზი, ჯეი აშერი, ჰანა ბეიკერი, TH1RTEEN R3ASONS WHY

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles