Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ

$
0
0

მახსოვს, პირველი ქინდლი რომ მაჩუქეს, ვფიქრობდი, წიგნის თაროები გაცილებით ნელი ტემპით შეივსება, მხოლოდ ახალ ქართულ თარგმანებს შევიძენ, დანარჩენებს – ელექტრონულ ფორმატში წავიკითხავ-მეთქი. ჩემზე ყოფილა ნათქვამი – კაცი ბჭობდა, გამომცემლობები იცინოდნენო. ცოტა ხანში საწოლის გადმოტანა, სამარილესავით, ოთახის ცენტრში მომიწევს, იმიტომ, რომ ყველა კედელი წიგნის თაროებს უჭირავს და მაინც არ მყოფნის. განა იმიტომ, რომ ჩანაფიქრს ვღალატობ – საუკუნეა, უცხოენოვანი წიგნი არ მიყიდია, მაგრამ სულ ნაირ-ნაირი და ერთმანეთზე უკეთესი სერიები რომ გამოდის ქართულად, ამას რა მოვუხერხო?

თბილისის წიგნის დღეების ჩემეული მიმოხილვა, ალბათ, გემახსოვრებათ, ჰოდა, სწორედ იქ გადავეყარე “პალიტრა L”-ის ახალ პროექტს. გულახდილად რომ გითხრათ, სახელწოდებამ დამაინტრიგა – “წლის ბესთსელერი“, წესით, ურიგო არ უნდა ყოფილიყო, თორემ სერიის პირველი წიგნი – ენტონი დოერის “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ – არაფერს მეუბნებოდა. პულიცერის პრემიისა და კიდევ რამდენიმე საპატიო ჯილდოს მიუხედავად, ავტორის გვარ-სახელიც და რომანის სათაურიც პირველად მესმოდა, მაგრამ ანოტაციას რომ გადავხედე, ცდუნებამ მაინც მძლია და ჩანთაში ვუკარი თავი.

მერე მეგობარს მოეწონა, გადაათვალიერა და წავიღებ ამასო. კმაყოფილმა დამიბრუნა. შაბათ-კვირას ჩავუჯექი – კარგად გამოძინებული და დასვენებული, ცხელი ჩაის ჭიქითა და საყვარელი უჯრულა პლედით. ჩავუჯექი და შევყევი.

ომი დამხვდა წიგნში. მეორე მსოფლიო ომი. საფრანგეთი. ოკუპაცია. წინააღმდეგობის მოძრაობა. მარი-ლორა – პატარა გოგონა, ბნელჩამდგარი თვალებითა და ფერადი ნაპერწკლებით სავსე გულით. მამამისი – მუზეუმის გასაღებების მცველი. ლეგენდარული ზღაპრული ალმასი, “ცეცხლის ზღვა“ რომ შეურქმევიათ. ბაბუა ეტიენი, საკუთარი თავის მოსამართლე და ჯალათი. ფელდფებელი ფონ რუმპელი, ალმასის ხელში ჩაგდება რომ აუკვიატებია. ვერნერი – თავშესაფარში გაზრდილი, ინჟინრობაზე მეოცნებე, ოქროსხელებიანი გერმანელი ბიჭი. ერთი შეხედვით, ორი განსხვავებული სამყაროა, საერთო რომ არაფერი აქვთ, მაგრამ… ომია. თითოეული წინადადება ჭურვივით ფეთქდება წიგნის ფურცელზე, სიტყვები – გამჭოლი ტყვიებივით გაგივლიან სულში.

პარალელები არ გადაიკვეთებიან, თორემ პარალელური სიუჟეტები – რამდენიც გენებოთ. თანაც ისე, რომ სანამ ამ გადაკვეთის წერტილს არ მიადგები, წიგნს ხელიდან ვერ გაუშვებ. სხვათა შორის, ვერც მერე. ბოლომდე ჩაგითრევს მსუბუქი, ძალადაუტანებელი თხრობა ომის კოშმარებზე, მტკივნეულად მსუბუქი. თავფეხიანად იხლართები უხილავ რადიოსიგნალებში, იმუხტები უჩვეულო ენერგეტიკით, ხელშესახებად გრძნობ სიკეთეს, რომლითაც გაჟღენთილია რომანი, გულის ტკივილამდე თანაუგრძნობ გმირებს, რომლებიც ბოლომდე ადამიანებად რჩებიან და ფართოდ გახელილი თვალებით ცდილობ, დაინახო ნათელი.

ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: All the light we cannot see, Anthony Doerr, გია ბერაძე, დეა ცუცქირიძე, ენტონი დოერი, მოლის ბიბლიოთეკა, ნათელი რომელსაც ვერ ვხედავთ, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, წლის ბესთსელერი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles