კარგად მახსოვს, სკორსეზეს “შეშლილთა კუნძულის“ ნახვის შემდეგ, დაზაფრული რომ გამოვედი კინოდან და მეგობარს ვუთხარი – სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ, ბევრი სინათლე, ხალხი და ბევრი სასუსნავი რომ იქნება-მეთქი. განა მშიოდა, მაგრამ როცა თავს ჭიანჭველების ბუდეში ჩავარდნილივით ვგრძნობ, რამე გემრიელობა მისწრებაა. მაშინ კი ვუშველე თავს, მაგრამ ამ ერთი კვირის წინ “დიოგენეს“ ცინცხალი გამოცემა მაჩუქეს – დენის ლიჰეინის “წყეულთა კუნძული“ და იმ ავადსახსენებელ ბუდეში ისევ საკუთარი ნებით არ ჩავდგი ფეხი?!
ნუ შეგეშინდებათ, ფილმისა და წიგნის შედარებითი დახასიათების წერას ბლოგზე არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ორივე მომეწონა, თან წიგნის კითხვისას სახლში გახლდით და ყელის ჩასაკოკლოზინებელი ხელის ერთ გაწვდენაზე, უფრო სწორად – დედის ერთ დაძახებაზე მეგულებოდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფილმიდან გამოყოლილი ემოციები უკლებლივ დამხვდნენ წიგნში. ყველაფერი აქ იყო: შიშისა და ძრწოლის ლაბირინთი, რაღაც შემზარავის გაურკვეველი მოლოდინი… თურმე კლდოვანი კუნძულის პირქუში ატმოსფერო, მე რომ სკორსეზეს ვირტუოზული რეჟისურის წყალობა მეგონა, დენის ლიჰეინსაც არანაკლებ ცხადი და შთამბეჭდავი გამოსვლია. ვინაიდან ფილმი კარგა ხნის წინანდელია და, სავარაუდოდ, ბევრ თქვენგანს არ გამორჩებოდა, სპოილერების ნაკლებად მეშინია – შეურაცხ დამნაშავეთა საავადმყოფო “ეშკლიფი“ უკვე გეცოდინებათ. ტედი დენიელსიც გემახსოვრებათ – სასამართლოს აღმასრულებელი, კუნძულზე რეიჩელ სოლენდოს გაუჩინარების ამბავს რომ იძიებს. როგორია – ქალმა საკუთარი შვილები დახოცა და საავადმყოფოდან სადღაც გაქრა – ვინ იცი, სად დაეხეტება თავისუფლად.
თხრობის დინამიკა სწორედ ისეთია, ფსიქოლოგიურ თრილერს რომ შეეფერება – პირველივე წუთიდან შფოთი და მოუსვენრობა მარწუხივით რომ ჩაგებღაუჭება ცივი თითებით, ბოლო ფურცლამდე აღარც გაგიშვებს – ქარის ზუზუნიც გესმის, წვიმაც გასველებს, სიბნელეც გაშინებს და დაძაბული აყურადებ – ნებისმიერი უწყინარი ფაჩუნი გაკრთობს. უფსკრულის თავზე გადებული ბეწვის ხიდი თანდათან უფრო წვრილდება და, მიუხედავად იმისა, რომ ფილმიც კარგად გახსოვს და გამაოგნებელი ფინალიც, წიგნის უკანასკნელ გვერდამდე პატარა იმედი გიჭიატებს გულში – ხომ შეიძლება, აქ სხვაგვარი დასასრული იყოს? ხომ შეიძლება, ტედი დენიელსი სულ სხვა ფრაზას ამბობდეს ბოლოს და არა იმას, რასაც ფინალურ კადრში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კიბეზე ჩამომჯდარი ამბობს? მაგრამ…
“ამ კლდის ნაგლეჯს უნდა მოვშორდეთ. ტრაკები ავწიოთ და შინ წავიდეთ.“
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო. და მთელი იმ ძრწოლის, ზაფრისა და უიმედობის მიუხედავად, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას გეუფლება, მაინც ხვდები, უფრო სწორად კი, ზუსტად ამით ხვდები, რომ დენის ლიჰეინის “წყეულთა კუნძული“ ძალიან კარგი წიგნია.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: დენის ლიჰეინი, დიოგენე, ლეონარდო დიკაპრიო, მარტინ სკორსეზე, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, ჟანრული პროზა, ტედი დენიელსი, ქართული თარგმანი, შეშლილთა კუნძული, წყეულთა კუნძული, ხათუნა ბასილაშვილი, Dennis Lehane, Shutter island
