Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

დიმიტრი გლუხოვსკი. “მეტრო 2034”

$
0
0

დიმიტრი გლუხოვსკი

მეტრო 2034

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ლიკა გელაზონია

რედაქტორი – თამარ გავაშელიშვილი

ყდის დიზაინი – მაია ხუტიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

2034 წელი

ატომური ომის შედეგად, მთელი მსოფლიო განადგურდა. დიდი ქალაქები აღიგავა პირისაგან მიწისა, ხოლო პატარა ქალაქების შესახებ არაფერია ცნობილი. გადარჩენილი ადამიანები ცხოვრების ბოლო დღეებს ბუნკერებსა და საფრებში ატარებენ, რომელთაგან ყველაზე დიდი მოსკოვის მეტროპოლიტენია.

გადარჩა ყველა, ვინც მეტროსთან აღმოჩნდა, როდესაც დედაქალაქში ჭურვები ცვიოდა. განკითხვის დღეს გადარჩენილთათვის მეტრო ახალ ნოეს კიდობნად იქცა. დედამიწაზე რადიაციის მაღალი დონეა და მუტანტებითაა დასახლებული. ადამიანთა ცხოვრება მხოლოდ მიწისქვეშაა შესაძლებელი.

მეტროსადგურები ქალაქ-სახელმწიფოებად იქცა, გვირაბებში კი წყვდიადი და შიში გაბატონდა. სევასტოპოლსკაიას – პატარა მიწისქვეშა სპარტის მკვიდრები საოცარი ძალისხმევით ახერხებენ გადარჩენას და სადგურის დაცვას.
მაგრამ ერთხელაც სევოსტოპოლსკაია დიდი მეტროსგან მოკვეთილი აღმოჩნდა და მის ყველა მკვიდრს საშინელი სიკვდილი ელის. ადამიანების გადასარჩენად ნამდვილი გმირია საჭირო.

სარჩევი

პროლოგი
თავი პირველი – “სევასტოპოლსკაიას” დაცვა
თავი მეორე – დაბრუნება
თავი მესამე – სიცოცხლის შემდეგ
თავი მეოთხე – გადახლართვა
თავი მეხუთე – მეხსიერება
თავი მეექვსე – სხვა მხრიდან
თავი მეშვიდე – გადასასვლელი
თავი მერვე – ნიღბები
თავი მეცხრე – ჰაერი
თავი მეათე – სიკვდილის შემდეგ
თავი მეთერთმეტე – საჩუქრები
თავი მეთორმეტე – ნიშნები
თავი მეცამეტე – ერთი ისტორია
თავი მეთოთხმეტე – კიდევ რა?
თავი მეთხუთმეტე – ორნი
თავი მეთექვსმეტე – გალიაში
თავი მეჩვიდმეტე – ვინ ამბობს?
თავი მეთვრამატე – ხსნა
ეპილოგი

 

პროლოგი

2034 წელი

მთელი მსოფლიო დანგრეულია, კაცობრიობა კი – თითქმის მთლიანად განადგურებული. ნახევრად დანგრეული ქალაქები რადიაციის გამო საცხოვრებლად უვარგისია. დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მათ მიღმა იწყება გადამწვარი, უსასრულო უდაბნოები და გადაგვარებული ტყეები.

ცივილიზაცია გადაშენების პირასაა. მოგონებები ადამიანის სიდიადეზე იგავებად და ლეგენდებად იქცა. მას შემდეგ, რაც მიწიდან ბოლო თვითმფრინავი აფრინდა, ოც წელზე მეტი გავიდა. ჟანგისგან შეჭმული რკინიგზა არსაით მიდის. დაუმთავრებელი საუკუნის მშენებლობა ნანგრევებად იქცა. რადიოეთერი ცარიელია, კავშირგაბმულობის თანამშრომლებმა მილიონჯერ მომართეს რადიომიმღებები სიხშირეზე, საიდანაც ადრე ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო და ბუენოს-აირესი მაუწყებლობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ საცოდავი ზუზუნი ისმის.

მხოლოდ ოცმა წელიწადმა ჩაიარა რაც ეს მოხდა, მაგრამ ადამიანი უკვე აღარაა დედამიწაზე ბატონი. რადიაციისგან შობილი არსებები ადამიანზე ბევრად უკეთ შეეგუვნენ ახალ სამყაროს. კაცობრიობის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.
სულ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს არ სჯერა ამის. ისინი მოსკოვის მეტროში ცხოვრობენ – ყველაზე დიდ საფარში, რაც კი ოდესმე ადამიანს აუშენებია; ადამიანის უკანასკნელ თავშესაფარში.

იმ დღეს ისინი მეტროში აღმოჩნდნენ და ამიტომ გადარჩნენ. მათ ჰერმეტული ჭიშკრები იცავს რადიაციისა და დედამიწის ზედაპირზე მცხოვრები ურჩხულებისგან, ნახმარი ფილტრებით ფილტრავენ წყალსა და ჰაერს. მცოდნეების მიერ აწყობილი დინამომანქანებით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მიწისქვეშა ფერმებში ამრავლებენ სოკოსა და ღორებს.

მმართველობის ცენტრალური სისტემა დიდი ხნის წინ დაემხო და სადგურები ჯუჯა სახელმწიფოებად იქცა. აქ ადამიანები ერთიანდებიან იდეის, რელიგიის ან, უბრალოდ, წყლის ფილტრების გარშემო.

ეს არის სამყარო ხვალინდელი დღის გარეშე. აქ არ არის ადგილი ოცნებების, გეგმებისა და იმედებისთვის. გრძნობების ადგილას ინსტინქტებია, რომელთაგან უმთავრესია გადარჩენა – ნებისმიერ ფასად.

ამ წიგნში მოთხრობილი ისტორიის შესავალი წაიკითხეთ რომანში “მეტრო 2033”.

 

თავი 1

“სევასტოპოლსკაიას” დაცვა

ისინი არც სამშაბათს დაბრუნდნენ, არც ოთხშაბათს და არც ბოლო ვადად დათქმულ ხუთშაბათს. პირველი საგუშაგო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მორიგეობდა და რომელიმე გუშაგს დახმარების თხოვნის თუნდაც ექო რომ გაეგონა ან მკრთალი შუქი მაინც შეემჩნია “ნახიმოვსკის გამზირიდან” მომავალი გვირაბის ბნელსა და ნესტიან კედელზე, მაშინვე გაგზავნიდა დამრტყმელ რაზმს.

დაძაბულობა ყოველ საათს მატულობდა. სპეციალურად ასეთი დავალებებისათვის მომზადებული საუკეთესო მებრძოლები წამითაც არ ხუჭავდნენ თვალს. ბანქოს დასტა, რომლითაც განგაშიდან განგაშამდე დრო გაჰყავდათ ხოლმე, უკვე მეორე დღე-ღამე იყო, მაგიდის უჯრაში იდო. ჩვეულებრივი ლაყბობა ჯერ ჩუმმა, მღელვარე საუბრებმა, შემდეგ კი დუმილმა შეცვალა – ყველას იმედი ჰქონდა, რომ პირველი გაიგონებდა უკან მომავალი ქარავნის ექოს. მასზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

“სევასტოპოლსკაია” მიუდგომელ ბასტიონად აქციეს მისმა მცხოვრებლებმა. ნებისმიერმა მათგანმა – ხუთი წლის ბიჭუნამაც და ჭარმაგმა მოხუცმაც კარგად იცოდა იარაღის ხმარება. ტყვიამფრქვევები ბუდეებით, მავთულხლართებით, ძველი რელსებისაგან დამზადებული ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებით დაცული ეს ერთი შეხედვით აუღებელი სადგური დაცემის პირას იყო.

მისი აქილევსის ქუსლად საბრძოლო მასალების მუდმივი უკმარისობა იქცა.

ყველა სხვა სადგურის მცხოვრებლები უმალ მიატოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს, როგორც დატბორილ გვირაბს ვირთხები, იმას რომ შესჯახებოდნენ, რასაც ყოველდღიურად უმკლავდებოდნენ “სევასტოპოლსკაიას” მცხოვრებლები. ძლევამოსილი ჰანზაც კი – წრიული ხაზის სადგურების თანამეგობრობა – ხარჯების გადათვლის შემდეგ აღარ გამოყოფდა ძალებს “სევასტოპოლსკაიას” დასაცავად, თუნდაც მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონოდა.

მეტროში ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი ღირდა და “სევასტოპოლსკაია”, რომელმაც მეტროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ააგო, ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული მოგებით ჰანზას საბრძოლო მასალებს ყუთებით უკვეთდა და მოგებაც რჩებოდა.

გრუნტის წყლები, რაც “სევასტოპოლსკაიასთვის” წყალობაც იყო და წყევლაც, მას ყოველი მხრიდან უვლიდა, როგორც სტიქსი – ქარონის დანჯღრეულ ნავს. წყლები აბრუნებდნენ ადგილობრივი თვითნასწავლი ინჟინრების მიერ გვირაბებში, მღვიმეებსა და კალაპოტებში აგებული ათეულობით წისქვილის დოლაბებს და შუქსა და სითბოს აძლევდნენ სადგურსაც და მთელ წრიულ ხაზსაც.

მეორე მხრივ კი, წყლები დაუღალავად უთხრიდნენ ძირს საყრდენებს, შლიდნენ ცემენტის დუღაბებს, მთავარი დარბაზის კედლის მიღმიდან უნანავებდნენ სადგურის ფხიზელ მოსახლეობას და საშუალებას არ აძლევდნენ მათ, აეფეთქებინათ ზედმეტი, გამოუსადეგარი გადასასვლელები, საიდანაც “სევასტოპოლსკაიასკენ” – როგორც შხამიანი მრავალფეხა ხორცსაკეპისაკენ – შეუჩერებლად მოცოცავდა კოშმარული ქმნილებების ურდო.

სადგურის მკვიდრთა გუნდი, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდა, სამუდამოდ იყო განწირული იმისათვის, რომ ეპოვა და ამოევსო ხვრელები, რადგან მათმა გემმა დიდი ხნის წინ გაცურა, მშვიდი ნავსადგური კი უბრალოდ აღარ არსებობდა.
ურჩხულთა შეტევები ერთდროულად “ჩერტანოვსკაიასა” და “ნახიმოვსკის” გამზირებიდან უნდა მოეგერიებინათ… საშინელი არსებები სამხრეთის გვირაბებიდან კანალიზაციის მღვრიე წყალს სავენტილაციო შახტებით მოჰყვებოდნენ.

თითქოს მთელი სამყარო უტევდა “სევასტოპოლსკაიას” და ძალებს არ იშურებდა, რომ ეს სადგური მეტროს რუკიდან გაექრო. იქაურები კი თავგანწირვით იბრძოდნენ თავიანთი სადგურის გადასარჩენად.

მაგრამ როგორი მარჯვეებიც უნდა ყოფილიყვნენ აქაური ინჟინრები, როგორი გამოცდილი და ულმობელი მებრძოლებიც უნდა აღეზარდა სადგურს, ვერავინ შეძლებდა “სევასტოპოლსკაიას” დაცვას ტყვიების, პროჟექტორის ნათურების, ანტიბიოტიკებისა და ბინტის გარეშე. დიახ, სადგური ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ჰანზაც კარგად იხდიდა ამისთვის, მაგრამ წრიულ ხაზს ელექტროენერგიის სხვა მომწოდებლებიც ჰყავდა და საკუთარი წყაროც ჰქონდა, ხოლო “სევასტოპოლსკაიას” მკვიდრნი ამ შემოსავლის გარეშე ერთ თვესაც ვერ გაძლებდნენ. ყველაზე საშიში კი საბრძოლო მასალების გარეშე დარჩენა იყო.

“სერპუხოვსკაიასაკენ” ჰანზაში სავაჭროდ ყოველ კვირას მიდიოდა კარგად დაცული ქარავანი და მაშინვე უკან ბრუნდებოდა. ეს წესრიგი შეუცვლელი იყო, სანამ დედამიწა ბრუნავდა, მიწისქვეშ წყლები მოედინებოდა და მეტროს მშენებლების მიერ აგებული თაღები მყარად იდგა.

მაგრამ ამჯერად ქარავანი იგვიანებდა, თანაც უკვე იმდენ ხანს, რომ ცხადი იყო, რაღაც საშინელი და გაუთვალისწინებელი მოხდა, რისგანაც ის ვერც ბრძოლებში გამოწრთობილმა მძიმედ შეიარაღებულმა მებრძოლებმა დაიცვა და ვერც ჰანზას ხელისუფლებასთან წლობით ნალოლიავებმა ურთიერთობამ.

წრიული ხაზისკენ მიმავალ ტელეფონის კაბელებსაც რაღაც დაემართა, კავშირი ჯერ კიდევ ორშაბათს გაწყდა, ხოლო მათ საძებრად გაგზავნილი ბრიგადა უკან ხელმოცარული დაბრუნდა.

* * *
მაგიდასთან დაკიდებული მწვანეაბაჟურიანი ნათურა გაყვითლებულ ფურცელზე ფანქრით შესრულებულ ნახაზებსა და დიაგრამებს ანათებდა. ნათურა ორმოცვატიანი იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ელექტროენერგიას ზოგავდნენ, არამედ იმიტომ, რომ კაბინეტის მეპატრონეს მკვეთრი სინათლე არ უყვარდა. ადგილობრივი წარმოების სიგარეტის ნამწვით გადავსებულ საფერფლეს საზიზღარი კვამლი ასდიოდა და ღრუბლად იკვრებოდა დაბალ ჭერში.

სადგურის უფროსმა შუბლი მოიწმინდა, ხელი ჩაიქნია და ნახევარი საათის განმავლობაში უკვე მეხუთედ გახედა საათის ციფერბლატს ერთადერთი თვალით. შემდეგ თითები გაატკაცუნა და მკაცრი სახით წამოდგა.

– გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. დროის გაყვანას აზრი არა აქვს.

მაგიდის მეორე მხარეს მჯდომმა, დალაქავებულ ბუშლატსა და გაცვეთილ ცისფერ ბერეტში გამოწყობილმა მხნე მოხუცმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხველა აუტყდა და ხელების სავსავით სიგარეტის კვამლის გაფანტვას შეეცადა. ბოლოს, როგორც იქნა, სული მოითქვა და სადგურის უფროსს უკმაყოფილოდ შუბლშეკრულმა განუმარტა:

– ვლადიმერ ივანოვიჩ, მოდი, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: სამხრეთის მიმართულებიდან ჩვენ ვერავის მოვხსნით. ბოლო კვირის განმავლობაში უკვე სამი დაჭრილია და მათგან ერთი ძალიან მძიმედაა. ასე რომ, სამხრეთის შესუსტების უფლებას არ მოგცემ! იქ შახტებზე და ლიანდაგებს შორის გადასასვლელებზე პატრულირებისათვის მუდმივად საჭიროა მზვერავების ორი სამეული, ხოლო ჩრდილოეთით, შემხვედრი ბრიგადების გარდა, თავისუფალი არავინაა. ბოდიშს გიხდი. სადაც გინდა, იქ ეძებე.

– პერიმეტრის მეთაური შენ ხარ და თვითონვე ეძებე! – შეუღრინა სადგურის უფროსმა, – მე კი ჩემ საქმეს მივხედავ. ერთი საათის შემდეგ ჯგუფი უნდა გავიდეს. მესმის, მე და შენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ. ხომ არ შეიძლება მხოლოდ ამწუთიერი პრობლემები გადავჭრათ?! იქნებ იქ რაღაც მეტად სერიოზულია?!

– მე კი ვფიქრობ, ვლადიმერ ივანოვიჩ, რომ შენ ცხელ გულზე იღებ გადაწყვეტილებას. არსენალში 5.45-კალიბრიანი თუთიის ორი გაუხსნელი ყუთი გვაქვს, კვირა-ნახევარს ნამდვილად გვეყოფა. სახლში ბალიშის ქვეშაც იმდენი მაქვს, – მოხუცმა ჩაიცინა და ყვითელი, დიდი კბილები გამოაჩინა, – ერთი ყუთი ნამდვილად შეგროვდება. ტყვია კი არა, ხალხი გვიჭირს.

– არა, უბედურება სხვა რამეა. თუ ტყვია-წამლის მოწოდების პრობლემა არ მოგვარდა, ორი კვირის თავზე სამხრეთის გვირაბებში ჰერმეტული ჭიშკრების გადაკეტვა მოგვიწევს, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე მათ შეკავებას ვერ შევძლებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წისქვილების ორ მესამედს ვეღარ დავათვალიერებთ და ვეღარც შევაკეთებთ. რაც კიდევ ერთი კვირის თავზე მათ მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს. ჰანზაზე კი ელექტროენერგიის გათიშვა არავის გაახარებს. უკეთეს შემთხვევაში, ისინი სხვა მიმწოდებლის ძებნას დაიწყებენ. უარეს შემთხვევაში… თუმცა, ელექტროენერგია რა მოსატანია?! გვირაბები, უკვე ხუთი დღეა, ცარიელია. იქნებ ჩამოინგრა ან წყალმა ამოხეთქა? ვაითუ, მოწყვეტილები ვართ?

– მოიცა რა, ნუ აზვიადებ! დენის კაბელები წესრიგშია. მრიცხველებიც მუშაობს და ჰანზას ელექტროენერგიაც მიეწოდება. რამე რომ ჩამონგრეულიყო, აუცილებლად გაიგებდი. დივერსია რომ იყოს, სატელეფონო ხაზებს კი არა, დენის კაბელებს გადაგვიჭრიდნენ. რაც შეეხება გვირაბებს – ჩვენთან კარგ დროშიც კი არავინ მოდიოდა. მხოლოდ “ნახიმოვსკის გამზირი” და იქიდან გამოღწევა რად ღირს… სხვისი ვაჭრები აქ აღარ დადიან. ცხადია, ეს ბანდიტებმაც იციან, ტყუილად კი არ ვუშვებდით ბანდიტებიდან ერთ-ერთს ცოცხლად. ასე რომ, სულ ტყუილად ვარდები პანიკაში.

– სათქმელად ადვილია, – ჩაიბურტყუნა ვლადიმერ ივანოვიჩმა, თვალზე აკრული სახვევი აიწია და ოფლი მოიწმინდა.

– ჯანდაბას, სამეულს მოგცემ, მეტი კი მართლა აღარ შეიძლება, – დაუთმო მოხუცმა, – და ამდენს ნუღარ ეწევი. თავსაც იწამლავ და მეც მწამლავ! ჯობია, ჩაი დავლიოთ…

– სიამოვნებით, – ხელები მოიფშვნიტა უფროსმა და ტელეფონში ჩასძახა: – ისტომინი ვარ, მე და პოლკოვნიკს ჩაი შემოგვიტანეთ.

– მორიგე ოფიცერიც გამოიძახე, სამეულზე თადარიგს დავიჭერ, – უკარნახა პერიმეტრის მეთაურმა და ბერეტი მოიხადა.

ისტომინს ჩაი ყოველთვის თავისი ჰქონდა, “ვედეენხადან”, განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხისა. ყველას როდი შეეძლო თავისთვის ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა – მეტროს მეორე ბოლოდან მოტანილი და ჰანზაზე სამჯერ დაბეგრილი ჩაი ისეთი ძვირი ღირდა, რომ თავად სადგურის უფროსიც უარს იტყოდა თავის სისუსტეზე, რომ არა ძველი კავშირები “დობრინინსკაიაზე”, სადაც ვიღაცასთან ერთად იბრძოდა ოდესღაც და საიდანაც თვეში ერთხელ ჰანზადან დაბრუნებულ ქარავანს ყოველთვის მოჰქონდა ღია ფერის შეკვრა, რომელსაც ისტომინი თვითონ აკითხავდა.

წლის წინ “სევასტოპოლსკაიაზე” ხმა გავარდა ახალი და საშინელი საფრთხის შესახებ, რომელიც “ვედეენხას” და, სავარაუდოდ, მთელ ნარინჯისფერ ხაზს ემუქრებოდა: “ვედეენხაზე” ზემოდან ჩამოდიოდნენ უცნობი, თითქმის უხილავი და პრაქტიკულად უძლეველი მუტანტები, რომლებიც ადრე არასდროს ენახათ და რომელთაც თურმე ადამიანთა ფიქრების წაკითხვა შეეძლოთ. ამბობდნენ, სადგური დაეცა, ჰანზამ კი, მუტანტების თავიდან ასარიდებლად, მშვიდობის გამზირის მომდევნო გვირაბი ააფეთქაო. ამის გამო, ჩაი ჯერ საოცრად გაძვირდა, ბოლოს კი საერთოდ გაწყდა. ისტომინი სერიოზულად შეშფოთდა. თუმცა, რამდენიმე კვირის თავზე ვნებათაღელვა დაცხრა და “სევასტოპოლსკაიაზე” დაბრუნებულმა ტყვიებითა და ნათურებით დატვირთულმა ქარავანმა კვლავ მოიტანა არომატული ჩაი.

სანამ პერიმეტრის მეთაურს ფაიფურის ოქროსვარაყიან ფინჯანში ჩაის უსხამდა და მის არომატულ ოხშივარს იყნოსავდა, ისტომინმა სიამოვნებისაგან თვალებიც კი მილულა. შემდეგ თავისი ფინჯანიც შეავსო, მძიმედ დაეშვა სკამზე და ვერცხლის კოვზი ააწკარუნა საქარინის ნატეხის ჩაიში გასახსნელად.

ცოტა ხანს ეს მელანქოლიური წკარუნი იყო ერთადერთი ხმა, რომელიც თამბაქოს ბოლით გაჯერებულ ოთახში ისმოდა. შემდეგ ის გვირაბიდან მომავალმა ზარის წყვეტილმა ხმამ გადაფარა.

– განგაშია!

პერიმეტრის მეთაური ასაკისთვის შეუფერებლად სწრაფად გავარდა ოთახიდან. სადღაც შორს თოფმა იგრიალა, რასაც ავტომატების ჯერი მოჰყვა. პლატფორმაზე სამხედრო ჩექმები აბრაგუნდა, შორიდან კი პოლკოვნიკის ბოხი ხმით გაცემული ბრძანება მოისმა.

ისტომინიც გაიწია კარადასთან დაკიდებული ავტომატისკენ, მაგრამ ხელზე ხელი წაივლო, ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია, მაგიდასთან დაბრუნდა და ჩაი მოსვა. პოლკოვნიკის ჩაის ჯერაც ორთქლი ასდიოდა. იქვე ეგდო სიჩქარეში დავიწყებული მისი ცისფერი ბერეტი. სადგურის უფროსი დაეჯღანა ქუდს და ბურდღუნით ძველ თემას დაუბრუნდა ახალი არგუმენტებით, რომლებიც კამათისას არ გაახსენდა.

* * *
“სევასტოპოლსკაიაზე” არაერთი ბოროტი ხუმრობა დადიოდა იმის შესახებ, თუ რატომ ერქვა მის მეზობელ სადგურს “ჩერტანოვსკაია”. აზრად არავის მოსდიოდა, ორ სადგურს შორის, გვირაბის სიღრმეში განთავსებული ელექტროსადგურის წისქვილები დაუსახლებელ “ჩერტანოვსკაიაზე” გადაეტანა, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ინჟინერთა ჯგუფები, რომლებიც დაცვის თანხლებით მიდიოდნენ სადგურების დასამონტაჟებლად თუ გენერატორების შესამოწმებლად, ვერ ბედავდნენ, “ჩერტანოვსკაიას” პლატფორმას ას მეტრზე მეტად მიახლოებოდნენ. ურწმუნოების გარდა, ამ მოგზაურობისას ყველა უჩუმრად იწერდა პირჯვარს, ზოგი კი ყოველი შემთხვევისთვის, ოჯახს ემშვიდობებოდა.

“ჩერტანოვსკაია” საშიში სადგური იყო და ამას ყველა გრძნობდა, ვინც მას თუნდაც ხუთას მეტრზე მიუახლოვდებოდა. მძიმე დამრტყმელი რაზმები, რომლებსაც “სევასტოპოლსკაიადან” უშვებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაფართოების იმედი ჰქონდათ, უკან განახევრებულები და განადგურებულები ბრუნდებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ბრუნდებოდნენ. შიშისგან დორბლმომდგარი მებრძოლები კოცონთან იმდენად ახლოს სხდებოდნენ, რომ ტანსაცმელი ეწვოდათ, თუმცა მაინც ვერაფრით თბებოდნენ. აკანკალებულები ძლივს იხსენებდნენ, რაც თავს გადახდათ და მათი ამბები არასოდეს ჰგავდა ერთმანეთს.

ამტკიცებდნენ, რომ “ჩერტანოვსკაიას” მთავარი გვირაბის განშტოებები სადღაც უფსკრულში ეშვებოდა და ბუნებრივი გამოქვაბულების გრანდიოზულ ლაბირინთს უერთდებოდა, სადაც, ხმების მიხედვით, ათასი უწმინდური არსება დაძრწოდა. იმ ადგილს, საიდანაც გვირაბი უფსკრულში ეშვებოდა, სადგურზე “კარიბჭეს” ეძახდნენ – პირობითად, რადგან ეს ადგილი არც ერთ სევასტოპოლსკაიელს არ ენახა. თუმცა, იყო ერთი შემთხვევა, როცა “კარიბჭე” ნახა დიდმა სადაზვერვო ჯგუფმა, რომელმაც “ჩერტანოვსკაია” გადალახა. ჯგუფს თან ჰქონდა ტელეფონის მსგავსი გადამცემი. მეკავშირემ სწორედ ამ გადამცემით ამცნო “სევასტოპოლსკაიას”, რომ მზვერავები ქვემოთ თითქმის მართობულად მიმავალი ვიწრო დერეფნის წინ იდგნენ. მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, მაგრამ სანამ კავშირი გაწყდებოდა, “სევასტოპოლსკაიას” ხელმძღვანელობას ესმოდა, ერთხმად როგორ არაადამიანურად ღრიალებდნენ მებრძოლები. ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა. ყოველი მებრძოლი თითქოს ხვდებოდა, რომ ჩვეულებრივი იარაღი მათ ვერ დაიცავდა. ბოლოს დანაყოფის მეთაურის ხმაღა ისმოდა – “კიტაი-გოროდიდან” დაქირავებული მკვლელისა, რომელიც თავისი მტრის ნეკა თითების შეგროვების ჰობით იყო ცნობილი. მისი ხმა ძლივს აღწევდა, რადგან ალბათ შორს იდგა გადამცემისგან, რომელიც მეკავშირეს გაუვარდა ხელიდან, თუმცა სადგურის უფროსმა მის სიკვდილისწინა ხრიალში მაინც გაარჩია – უბრალო ლოცვა, რომელსაც მორწმუნე მშობლები ასწავლიან ხოლმე ბავშვებს.

ამ შემთხვევის შემდეგ აღარც უცდიათ “ჩერტანოვსკაიაზე” გასვლა. ერთხანს “სევასტოპოლსკაიას” მიტოვებასა და ჰანზასთან ახლოს გადასვლასაც კი ფიქრობდნენ. თუმცა, ეს დაწყევლილი სადგური, როგორც ჩანს, ადამიანთა სამფლობელოს საზღვარი იყო. მართალია, საზარელი არსებები თავს აბეზრებდნენ “სევასტოპოლსკაიას” მკვიდრთ, მაგრამ მათ მოგერიებას გონივრულად ორგანიზებული თავდაცვით, თუ საკმარისი საბრძოლო მასალაც ჰქონდათ, და სრულიად უმსხვერპლოდ ახერხებდნენ ხოლმე.

ბლოკპოსტებთან ზოგჯერ ისეთი არსებები მოცოცავდნენ, რომელთა შეჩერებაც მხოლოდ ფეთქებადი ტყვიებითა და მაღალვატიანი ელექტროხაფანგებით იყო შესაძლებელი. მათ აქ შინაურულად ვამპირებს ეძახდნენ.

– აი, კიდევ ერთი, ზემოთ, მესამე მილში!

ჭერიდან სანახევროდ მოგლეჯილი პროჟექტორი ჩამომხრჩვალივით ერთ მავთულზე ქანაობდა და მორიგეობით აჩენდა ხან პარვით მომავალი მუტანტების დაგრეხილ ფიგურებს, ზამბარებივით რომ იწელებოდნენ და მერე ისევ იკუმშებოდნენ, ხანაც გუშაგების შეშინებულ თვალებს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადამიანთა და ურჩხულთა ლანდები.
ბლოკპოსტი საკმაოდ მოხერხებულად იყო მოწყობილი. გვირაბების შეერთების ადგილას – იქ, სადაც ატომურ ომამდე არც ისე დიდი ხნის წინ მეტრომშენმა კონსტრუქციის მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო, “სევასტოპლსკაიას” მოსახლეობას ნამდვილი ციხე-სიმაგრე აეგო ორი ტყვიამფრქვევით, სილის ტომრების მეტრნახევრიანი საფრით, ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებითა და შლაგბაუმით, ელექტროხაფანგებითა და სიგნალიზაციით. თუმცა, ასეთი დაცვაც კი არასაიმედო ხდებოდა მაშინ, როცა ვამპირები ისე ესხმოდნენ თავს, როგორც იმ დღეს.
ცხვირდასისხლიანებული მეტყვიამფრქვევე რაღაცას გაურკვევლად ბურტყუნებდა და გაოცებული დაჰყურებდა თავის გასისხლიანებულ ხელებს. მისი გაჭედილი “პეჩენეგის” გარშემო კი ჰაერი სიცხისაგან თრთოდა. მეტყვიამფრქვევემ ერთხელაც ამოიოხრა, თავით ჩაემხო თავისი მეზობლის – ტიტანისჩაფხუტიანი ძლიერი მებრძოლის – მხრებში და მიყუჩდა. წამის შემდეგ წინიდან სულისშემძვრელი კივილი გაისმა – ვამპირები უტევდნენ.

ჩაფხუტიანი მებრძოლი ბრუსტვერზე წამოდგა, გასისხლიანებული მეტყვიამფრქვევე მოიშორა და წინ ავტომატის გაბმული ჯერი მიუშვა. რუხმა, საზიზღარმა, გლუვმა არსებამ მოკრუნჩხული წინა თათები გაჭიმა და თავდასხმისათვის მოემზადა. ვამპირები წარმოუდგენელი სისწრაფით მოძრაობდნენ, მცირე შანსსაც კი არ უტოვებდნენ ტომრებს ამოფარებულ ადამიანებს, ამიტომ ამ პუნქტში მხოლოდ ძალიან სწრაფი და მოხერხებული გუშაგები მორიგეობდნენ.
გასროლის ხმამ კივილი გადაფარა, ასკილოიანი მკვდარი ვამპირი მძიმედ დაეცა ბრუსტვერზე და ტომრებს ბუღი აადინა.

– მგონი, მორჩა…

ჭერში გადაჭრილი მილებიდან მომავალი საშინელ არსებათა ნაკადი მართლაც შეწყდა. გუშაგები ფრთხილად ამოვიდნენ საფრიდან.

– საკაცეები მოიტანეთ და ექიმი გამოიძახეთ!

მებრძოლმა, რომელმაც ბოლო ვამპირი მოკლა, ავტომატის ლულას ხიშტი მიამაგრა და აუჩქარებლად დაუყვა ბრძოლის ველზე მკვდრებსა და დაჭრილ ვამპირებს. ეშვებიან ყბებს ჩექმით უსრესდა და სწრაფად და ზუსტად უყრიდა ხიშტს თვალის ბუდეში. შემდეგ, დაღლილი, ქვიშიან ტომრებს ზურგით მიეყრდნო, გვირაბისკენ გაიხედა, ჩაფხუტი მოიხსნა და მათარა მოიყუდა.

სადგურიდან დამხმარე ძალა მაშინ მოვიდა, როცა ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. პერიმეტრის მეთაურს სამხედრო ბუშლატი გადაეღეღა, მძიმედ სუნთქავდა და თავის იარებს წყევლიდა.

– საიდან მოვუყვანო სამეული?!

– რაზე ლაპარაკობთ, დენის მიხაილოვიჩ? – ჰკითხა ერთ-ერთმა გუშაგმა.

– ისტომინი ითხოვს, სასწრაფოდ სამი მზვერავი გავაგზავნოთ “სერპუხოვსკაიაზე”. ქარავნის გამო ღელავს. საიდან მოვუყვანო სამი მზვერავი? ზუსტად ახლა ხომ…

– ქარავნის შესახებ ისევ არაფერი ისმის? – არც შემობრუნებულა, ისე იკითხა გუშაგმა.

– არაფერი, მაგრამ არც ისე დიდი დროა გასული. ბოლოს და ბოლოს, რა უფრო საშიშია? თუ სამხრეთი არ დავიცავით, ერთ კვირაში მაგ ქარავანს აქ აღარავინ დახვდება.

მებრძოლმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. არც მაშინ უპასუხია მეთაურისთვის, როცა მასა და მის თანამებრძოლებს ბუზღუნით ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ვინმეს სურვილი, “სერპუხოვსკაიაზე” წამსვლელთა სამეულში მოხალისედ ჩაწერილიყო; არადა, იცოდა, სადგურის უფროსი მანამ არ მოეშვებოდა პოლკოვნიკს, სანამ ის მოხალისეების სამეულს არ შეადგენდა.

მსურველების შეკრება დიდად არ გასჭირვებია მოხუცს – გუშაგთა უმეტესობისთვის იმაზე დიდი საფრთხის წარმოდგენა, რაც ამ ბლოგპოსტზე ხდებოდა, შეუძლებელი იყო.

ექვსი მსურველიდან პოლკოვნიკმა სამი აარჩია, რომლებიც, მისი აზრით, ახლა ნაკლებად სჭირდებოდა “სევასტოპოლსკაიას”. ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან “სერპუხოვსკაიაზე” გაგზავნილი ამ სამეულიდან უკან ერთიც აღარ დაბრუნებულა.

* * *
ქარავნის საძებნელად მზვერავთა გაგზავნიდან სამი დღის თავზე პოლკოვნიკს უკვე ეჩვენებოდა, რომ მას ზურგს უკან ჭორავდნენ და ალმაცერად უყურებდნენ. მისი გამოჩენისთანავე ყველაზე ცხარე კამათიც კი წყდებოდა. ყველგან დაძაბული დუმილი სუფევდა და ამ დუმილში ისმოდა უთქმელი მოთხოვნა: პოლკოვნიკს აეხსნა და გაემართლებინა თავისი საქციელი.

მისი მოვალეობა იყო “სევასტოპოლსკაიას” თავდაცვითი პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა, ის ტაქტიკოსი იყო და არა სტრატეგი, სწორედ ამიტომაც, არ ჰქონდა უფლება, ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი ჯარისკაცები ასე მიმოეფანტა და საეჭვო თუ არა, უაზრო დავალებებზე გაეგზავნა.

სამი დღის წინ პოლკოვნიკი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ღრმად იყო დარწმუნებული, მაგრამ ახლა, როცა ყოველი შეშინებული, გამამტყუნებელი, ეჭვიანი მზერა ზურგში ესობოდა, რწმენა შეერყა. სინამდვილეში, ჰანზამდე მისვლასა და უკან დაბრუნებას, – გზად მოსალოდნელი ბრძოლებისა და დამოუკიდებელ მცირე სადგურებზე გაჩერების ჩათვლით, ერთ დღე-ღამეზე მეტი არ სჭირდებოდა. ესე იგი…

პოლკოვნიკი თავის ოთახში ჩაიკეტა, ბრძანა, არავინ შემაწუხოსო და დუდღუნით მეასედ შეუდგა იმის განხილვას, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდათ ვაჭრებსა და მზვერავებს.

“სევასტოპოლსკაიაზე” ჰანზას ჯარის გარდა არავისი ეშინოდათ. სადგურის შესახებ რამდენიმე მნახველის მიერ მოყოლილი არაერთი ჭორი იმაზე, თუ როგორ უჭირდათ სადგურის მკვიდრთ გადარჩენა, არაკების მოყვარულთა მიერ ატაცებული ამბები მთელ მეტროში ვრცელდებოდა და თავის საქმეს აკეთებდა. მოგვიანებით სადგურის უფროსობაც მიხვდა ასეთი სახელის სარგებელს და თავადვე დაიწყო ხელის შეწყობა. ინფორმატორებსა და მექარავნეებს, მოგზაურებსა და დიპლომატებს ოფიციალურად ჰქონდათ ნება დართული, რაც შეიძლება საშინელი სიცრუე შეეთხზათ “სევასტოპოლსკაიას” და, საერთოდ, მთელი ხაზის შესახებ.

მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ სადგურის ნამდვილი მომხიბვლელობა და მნიშვნელობა. ბოლო წლებში უმეცარმა ბანდიტებმა სულ რამდენჯერმე სცადეს ბლოკპოსტის ძალით გარღვევა, მაგრამ “სევასტოპოლსკაიას” საბრძოლო მანქანამ ყოველგვარი სირთულის გარეშე მოიგერია დაქსაქსული დანაყოფი.

დასაზვერად მიმავალი სამეულს კი მკაფიო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მკაცრად გააფრთხილეს, საფრთხის შემთხვევაში, ბრძოლაში არ ჩარეულიყო და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყო უკან.

ასევე საშიშ ადგილად ითვლებოდა “ნაგორნაია” – არც ისეთი საშინელი, როგორც “ჩერტანოვსკაია”, მაგრამ მაინც საკმაოდ სახიფათო და ავბედითი, და “ნახიმოვსკის გამზირი”, რომლის ზედა ჩაჭედილი ჰერმეტული ჭიშკარი სრულად ვერ იცავდა სადგურს საზარელი არსებებისგან. “სევასტოპოლსკაიას” არ უნდოდა გასასვლელების აფეთქება: “ნახიმოვსკის” ასასვლელებით სტალკერები სარგებლობდნენ. პროსპექტზე, როგორც მას სადგურზე ეძახდნენ, მარტო გასვლას ვერავინ ბედავდა, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მზვერავთა სამკაციან ჯგუფს იქ მოხეტიალე საშინელი არსებები ვერ მოეგერიებინა.

ჩამოინგრა? მიწისქვეშა წყლებმა ამოხეთქა? დივერსია? გამოუცხადებელი ომი ჰანზასთან? ახლა ისტომინს კი არა, მას უნდა გაეცა პასუხი დაკარგული მზვერავების ცოლებისთვის – ქალებისთვის, რომლებიც მიტოვებული ძაღლებივით მოდიოდნენ პოლკოვნიკთან, რათა სევდიანად ჩაეხედათ მის თვალებში და იმედი და სიმშვიდე ეპოვათ. მას ყველაფერი უნდა აეხსნა გარნიზონის ჯარისკაცებისთვისაც, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯეროდათ მისი და ზედმეტ შეკითხვებს არ სვამდნენ; უნდა დაემშვიდებინა აღელვებული თანასადგურელები, საღამოობით, სამუშაოს შემდეგ რომ იკრიბებოდნენ სადგურის საათთან, რომელზეც ქარავნის გასვლის დრო დაინიშნეს.

სადგურის უფროსს, ისტომინს, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ეკითხებოდნენ სადგურზე განათების შემცირების მიზეზს და მოითხოვდნენ, ნათურები ისევ ძველებურად გაეჩახჩახებინათ. სინამდვილეში, ნათურები ძველებურად ანათებდა. წყვდიადი სადგურზე კი არა, ადამიანების სულში გროვდებოდა.

“სერპუხოვსკაიასთან” სატელეფონო კავშირის აღდგენა ვერ ხერხდებოდა. პოლკოვნიკმა, ისევე, როგორც “სევასტოპოლსკაიას” ბევრმა სხვა მკვიდრმა, დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი – ადამიანებთან სიახლოვის განცდა.
სანამ კავშირგაბმულობა მუშაობდა, სანამ ქარავანი რეგულარულად დადიოდა, “სევასტოპოლსკაიას” ნებისმიერ მკვიდრს თავისუფლად შეეძლო სადგურის დატოვება. ყველამ იცოდა, რომ მათი სადგურიდან ხუთიოდე გადასასვლელის იქით იწყებოდა ნამდვილი მეტრო… ცივილიზაცია…

ალბათ ასევე სჯეროდათ ოდესღაც არქტიკაში ჩაკარგულ პოლარელებს, რომლებიც სამეცნიერო ინტერესებისა თუ მაღალი ანაზღაურების გამო ნებაყოფლობით მიდიოდნენ და თვეობით ებრძოდნენ ყინვასა და მარტოობას. ცივილიზაციამდე რამდენიმე ათასი კილომეტრია, მაგრამ ის მაინც სადღაც აქვეა, გვერდით, სანამ რადიო მუშაობს, ხოლო თვეში ერთხელ თვითმფრინავების გუგუნი მოისმის, რომლებიც პარაშუტებით კონსერვების ყუთებს ყრიან.

დრო გადიოდა. პოლკოვნიკმა თანდათან დაიჯერა, რომ “სერპუხოვსკაიაზე” გაგზავნილ მზვერავებს ვეღარასოდეს ნახავდა, თუმცა, ვერ ბედავდა, პერიმეტრის დაცვიდან კიდევ მოეხსნა სამი მებრძოლი და ამბის გასაგებად გაეშვა უცნობი საფრთხის ან უეჭველი სიკვდილის პირისპირ. მეორე მხრივ, არც ჰერმეტული ჭიშკრების დაშვებას, სამხრეთის გვირაბების გადაკეტვას და დიდი დამრტყმელი რაზმის მობილიზებას ჩქარობდა. დაბნეული, ნატრობდა, გამოჩენილიყო ვინმე, ვინ მის ნაცვლად მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუნდაც მცდარს.

პერიმეტრის მეთაურმა ამოიოხრა, კარი ოდნავ გამოაღო, ქურდულად მიმოიხედა და გუშაგს დაუძახა.

– სიგარეტი ხომ არ გაქვს? იცოდე, ეს ბოლოა და როგორც არ უნდა გეხვეწო, მეტი აღარ მომცე. და სიტყვაც არავისთან დაგცდეს.

* * *
ნადიამ, ჩასკვნილმა და ლაქლაქა ქალმა, თივთიკის თავსაფრითა და ჭუჭყიანი წინსაფრით, ხორცითა და ბოსტნეულით სავსე ცხელი ქვაბი მოიტანა და გუშაგებიც გამოფხიზლდნენ. კარტოფილი, კიტრი და პამიდორი აქ ნამდვილ დელიკატესებად მიიჩნეოდა: “სევასტოპოლსკაიას” გარდა ბოსტნეულით გამასპინძლება წრიული ხაზისა და პოლისის ორიოდე რესტორანს თუ შეეძლო და იმიტომ კი არა, რომ შემორჩენილი თესლების გასახარებლად სასათბურე პირობები არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ჯარისკაცთა მენიუს გასამრავალფეროვნებად კილოვატობით ელექტროენერგიის ხარჯვა არც ერთ სადგურს არ უღირდა.

ბოსტნეული მეთაურთა სუფრაზეც კი მხოლოდ დღესასწაულებზე ხვდებოდა, მას ძირითადად ბავშვებისთვის იმეტებდნენ. ისტომინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მზარეულების დასარწმუნებლად, მებრძოლების მენიუში ღორის ხორცთან ერთად მოხარშული კარტოფილი და თითო პამიდორი დაემატებინა.

მისმა დაჟინებამ გაამართლა: ნადიას გამოჩენისთანავე გუშაგებს სახეები ებადრებოდათ და დაკარგული ქარავნისა და დაგვიანებული მზვერავების შესახებ მომაბეზრებელი საუბრის სურვილიც უცებ უქრებოდათ.

– მთელი დღეა, “კომსომოლსკაიაზე” ვფიქრობ, – ამოიოხრა მეტროპოლიტენის დაბამბულ ქურთუკში გამოწყობილმა ჭაღარა მოხუცმა, რომელიც კარტოფილს თავის ალუმინის ჯამში ფცქვნიდა, – ნეტავ იქ მომახვედრა და ერთხელაც მანახა იქაური მოზაიკა. მოსკოვის ყველაზე ლამაზი სადგურია.

– მოიცა რა, ჰომეროს. ეგ შენ გგონია ეგრე, რადგან იქ ცხოვრობდი და გიყვარს ეგ სადგური, – მაშინვე შეეკამათა გაუპარსავი, მსუქანი მოხუცი, რომელსაც ყურებიანი ქუდი ჩამოემხო თავზე, – “ნოვოსლობოდსკაიას” ვიტრაჟებზე და “მაიაკოვსკაიას” ჰაეროვან სვეტებსა თუ ფრესკებით მოხატულ ჭერზე რაღას იტყვი?

– მე “რევოლუციის მოედანი” უფრო მომწონდა, – მორცხვად აღიარა ასაკოვანმა და მორცხვმა სნაიპერმა, – ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ სადგურზე – მკაცრ მატროსებსა და მფრინავებზე, ძაღლებიან მესაზღვრეებზე.

– რატომ არის სისულელე? ძალიანაც სიმპათიური კაცები არიან ბრინჯაოში ჩამოსხმული, – მხარი აუბა ნადიამ, რომელიც ქვაბის ძირს ფხეკდა, – ეი, ბრიგადირო, უვახშმოდ არ დარჩე!

მაღალი, მხარბეჭიანი მებრძოლი, რომელიც მანამდე განმარტოებით იჯდა, აუჩქარებლად მიუახლოვდა კოცონს, თავისი წილი ვახშამი აიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა – გვირაბთან ახლოს.

– სადგურზე გამოდის ხოლმე? – ჩურჩულით იკითხა მსუქანმა და თავით სიბნელეში ჩაძირული ზურგისკენ ანიშნა.

– კვირაზე მეტია, აქედან ფეხი არ გაუდგამს, – ჩურჩულითვე უპასუხა სნაიპერმა, – საძილე ტომარაში ათენებს. რა ნერვები აქვს… სამი დღის წინ, როცა ვამპირებმა კინაღამ რინატი დაგლიჯეს, დადიოდა და ამოწმებდა, ყველა ნამდვილად მკვდარი იყო თუ არა. თავისი ხელით დახოცა დაჭრილები, – ჩექმები და ავტომატი სულ სისხლიანი ჰქონდა, თვითონ კი კმაყოფილი იყო.

– ადამიანი კი არა, მანქანაა… – ჩაიბურტყუნა აყლაყუდა მეტყვიამფრქვევემ.

– მის გვერდით ძილისაც კი მეშინია. გინახავს, რა აქვს სახეზე? თვალებში ვერ ვუყურებ.

– მე კი, პირიქით, მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობ თავს მშვიდად, – მხრები აიჩეჩა მოხუცმა ჰომეროსმა, – რას გადაეკიდეთ? კარგი ადამიანია, უბრალოდ, დასახიჩრებულია. სილამაზე სადგურებზეა მნიშვნელოვანი. შენი “ნოვოსლობოდსკაია” კი, სხვათა შორის, უგემოვნო სადგურია! ფხიზელი თვალით მისი ვიტრაჟების ყურება შეუძლებელია… მომინდომა ვიტრაჟები!

– და ჭერზე კოლმეურნეობის თემაზე შესრულებული მოზაიკა არაა უგემოვნო?

– კი მაგრამ, “კომსომოლსკაიაზე” სად ნახე მსგავსი რამ?

– კარგი რა, მთელი საბჭოთა ხელოვნება ან კოლმეურნეობაზეა, ან გმირ მფრინავებზე, – გაბრაზდა მსუქანი.

– აბა, აბა, სერიოჟა, შენ მფრინავებს თავი დაანებე! – გააფრთხილა სნაიპერმა.

– “კომსომოლსკაიაც” ნაგავია და “ნოვოსლობოდსკაიაც”, – გაისმა დაბალი, ყრუ ხმა.

მოულოდნელობისაგან მსუქანს სიტყვა ყელში გაეჩხირა და ბრიგადირს მიაჩერდა. დანარჩენებიც მაშინვე მიყუჩდნენ: ის თითქმის არასდროს მონაწილეობდა მათ საუბარში. პირადად მისთვის დასმულ შეკითხვებსაც კი ან ძალიან მოკლედ პასუხობდა ან სულაც უპასუხოდ ტოვებდა.

ისევ ასე ზურგით იჯდა მათკენ და თვალს არ აშორებდა გვირაბს.

– “კომსომოლსკაიაზე” თაღები ძალიან მაღალია, სვეტები კი წვრილი, მთელი პლატფორმა გზებიდან იცხრილება; როგორც ხელისგულზე, ისე ჩანს. გადასასვლელების გადაკეტვაც საკმაოდ რთულია. “ნოვოსლობოდსკაიაზე” კი კედლები ისეა დაბზარული, ერთი ხელყუმბარაც კი ეყოფა მთელი სადგურის მიწასთან გასწორებას. აღარც ვიტრაჟები არსებობს. კარგა ხანია, დაიმსხვრა.

შეპასუხება ვერავინ გაბედა. ბრიგადირმა კი მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:

– სადგურზე მივდივარ, თან ჰომეროსი მიმყავს, ცვლა ერთ საათში შეიცვლება. ბრიგადირობას არტური გასწევს.
სნაიპერი რატომღაც წამოხტა და თავი დაუქნია, თუმცა ეს ბრიგადირს არ დაუნახავს. მოხუციც წამოდგა და ფაცხაფუცხით შეუდგა მიმოფანტული ბარგი-ბარხანის ზურგჩანთაში ჩაყრას, თავისი წილი კარტოფილის შეჭმა აღარ გახსენებია. მებრძოლი კოცონთან მთელი სალაშქრო აღჭურვილობით, ჩაფხუტითა და დიდი ზურგჩანთით მივიდა.

– წარმატებას გისურვებთ! – სნაიპერმა გაყინული ხელების ფშვნეტით გააყოლა თვალი განათებულ გადასარბენზე მიმავალ ორ ფიგურას – ძლიერ ბრიგადირსა და გამხდარ ჰომეროსს და განკარგულება გასცა: – მგონი აცივდა, ნახშირი მიამატეთ.

ბრიგადირს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ დააზუსტა, მართლა მემანქანის თანაშემწე და ლიანდაგების დარაჯი იყო თუ არა ადრე ჰომეროსი. მოხუცმა ეჭვით შეხედა, თუმცა უარყოფა არ უცდია. “სევასტოპოლსკაიაზე” ყველას ეუბნებოდა, მემანქანე ვიყავიო, ლიანდაგების დარაჯობაზე კრინტსაც არავისთან სძრავდა – ღირსეულ სამსახურად არ მიაჩნდა.

ბრიგადირი დარაჯებს ცივად მიესალმა და სადგურის უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა. თმააბურძგნული, დაღლილი, დაბნეული ისტომინი და პოლკოვნიკი გაკვირვებულები წამოდგნენ და მოსულს მიეგებნენ. ჰომეროსმა შესვლა ვერ გაბედა, ზღურბლზე შეჩერდა.

ბრიგადირმა ჩაფხუტი მოიხადა, პირდაპირ ისტომინის ფურცლებს დააგდო და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა. ნათურის შუქზე ახლა უკვე კარგად ჩანდა მისი დამახინჯებული სახე: მარცხენა ლოყა თითქმის მთლიანად დამწვარი ჰქონდა, თვალი წვრილ ნაპრალად ქცეოდა, ყურებიდან ტუჩის კუთხეებამდე იისფერი ნაწიბური გასდევდა. ჰომეროსი, რომელიც, წესით, უკვე შეჩვეული უნდა ყოფილიყო ამ სახეს, ახლაც, როგორც პირველი შეხვედრისას, კანკალმა აიტანა.

– პირადად წავალ წრიულზე, – პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბრიგადირი, სალამი არც გახსენებია.

ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჰომეროსს ადრეც სმენოდა, რომ ბრიგადირს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა სადგურის ხელმძღვანელობასთან – ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ის შეუცვლელი მებრძოლი იყო. ახლა კი მიხვდა, რომ დაზვერვის ბრიგადირი საერთოდ არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას.

აი, ახლაც თითქოს ამ ორი ასაკოვანი, დაღლილი კაცის თანხმობას კი არ ელოდებოდა, არამედ ბრძანებას აძლევდა მათ და ამ ბრძანების უსიტყვოდ შესრულებას ითხოვდა. ჰომეროსმა უკვე მერამდენედ გაიფიქრა: “ვინ არის ეს კაცი?!”

პერიმეტრის მეთაურმა სადგურის უფროსს გადახედა, თითქოს შეკამათებაც დააპირა, მაგრამ ხელი უსიტყვოდ ჩაიქნია.

– როგორც გენებოს, ჰანტერ… აზრს მაინც ვერავინ შეგაცვლევინებს.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დიმიტრი გლუხოვსკი, თამარ გავაშელიშვილი, თამთა ჯინჭარაძე, ირაკლი ბაკურიძე, ლიკა გელაზონია, მაია ხუტიაშვილი, მალხაზ ფაღავა, მარი კორინთელი, მეტრო 2034, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, Дмитрий Глуховский, Метро 2034

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles