განსაკუთრებით საინტერესო თარგმანის მოლოდინს, გეცოდინებათ, სხვანაირი ფორიაქი ახლავს: ისეთი რომ არ გამოვიდეს, რაღაც გააფუჭონ, ორიგინალივით არ გეგემრიელოს… ასეც ხდება და არცთუ იშვიათად.
“მარსელი” დიდი ხნის წინ გადმოვწერე ქინდლში. ოღონდ რუსულად. დამაინტრიგებელი ანოტაციაა, სერიოზული მკითხველი აქებს, ჩავუჯდები-მეთქი, მაგრამ სხვა რაღაცებიც მქონდა წასაკითხი და გადამედო.
მერე ბათუმელებმა თქვეს, ვთარგმნითო და ეს ჩემი “მარსელი” წაუკითხავად წავშალე, ბარემ ქართულად წავიკითხავ-მეთქი.
გამოვიდა და ატყდა ერთი ამბავი. აქეთ პრეზენტაციაო, იქეთ ფილმიო. კარგად დაემთხვა. ტაომ, ექვს-ნახევარ საათში მოვრჩი, პირადი რეკორდიაო. მე შაბათ-კვირას ვკითხულობდი. ტაქსიში, სალონში, მოკაში, Julius Meinl-ში, ძილის წინ, ახალგაღვიძებული, პირველ ფინჯან ყავასთან ერთად, ყველგან. უიქენდი მეყო.
მაგარია-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ მაგარი წიგნი ბევრია. აგერ, ბათუმელები სულ მაგარ რაღაცებს თარგმნიან. მოდი, თქვენც წაიკითხეთ და ეპითეტებზე მერე შევთანხმდეთ.
წესით, ახლა შინაარსზე უნდა გელაპარაკოთ დიდხანს და მონდომებით, მაგრამ პირი რომ მოვაღო, ირაკლი და მარი მარსს უკან მომატოვებინებენ. სულ ახალი წიგნია, საღებავი არ შეშრობია, ფეისბუქზე სურათები იდება, ნაწყვეტები. პოსტის კითხვა თამამად გააგრძელეთ, წესიერი ადამიანი ვარ, არავის დავასპოილერებ.
მარკ უოტნი, ბოტანიკოსი და მექანიკური ინჟინერიის სპეციალისტი, მარსის მისია “არეს 3”-ის რიგითი წევრი, ერთ მშვენიერ დღეს, მისიის მეთაური ხდება. მარსზე მარტო რჩება და იმიტომ. მეთაურიც ეგაა და რიგითიც, კაციც და ქალიც, ალფაც და ომეგაც, წუნაც და წრუწუნაც… საჭმელი აქვს, სასმელიც, თავზე ჭერი (და მერე როგორი, სუპერ-პუპერ-ჰიპერ-ტექნოლოგიებით შექმნილი სახლი), “ბითლზის” დისკოგრაფია და აგათა კრისტის რომანები, ექვსი სათადარიგო სკაფანდრი, ოცდამეერთე საუკუნეა, შიშველ-ტიტველი გადარეულივით ხომ არ იძუნძულებს წინ და უკან, მაგრამ ყველა მარაგს ერთი ცუდი თვისება აქვს, ადრე თუ გვიან მთავრდება… ჩემი თუ არ გჯერათ, უოტნის დაუჯერეთ. თავად ამბობს, მაგრად დამენძრაო.
ამ დროს ზოგს შიშით გული უსკდება, ზოგი ღრმა დეპრესიაში ვარდება, ზოგიც ოქროს თევზის ძებნას იწყებს, სამი სურვილი არ მინდა, ერთი ამისრულოს და აქედან გამაქროსო. ენდი უირი “მარსელს” რომ წერდა, მარსზე წყალი არ იყო აღმოჩენილი და ოქროს თევზი იმთავითვე გამოირიცხა. მარკი ის ტიპი არ ჩანს, დაჯდეს და იწუწუნოს, რას ვეტაკოო. გადარჩენისთვის იწყებს ბრძოლას. თავით და ტრაკით. ჰო, ტრაკით. არ წამომცდენია.
სხვათა შორის, თარგმანში სლენგიც უხვადაა და ნატურალისტური პასაჟებიც. ოღონდ ამ ლიტერატურულ ხულიგნობას ოდნავადაც არ გავუღიზიანებივარ. პირიქით, მომეწონა. არც ნაყალბევია, არც საერთო ქარგას და სტილს აცდენილი და მხოლოდ ეპატაჟისთვის ჩართული. ყურს ოდნავაც არ ჭრის.
აქეთ მარსი და უოტნის მარსული მარტოსულობაა, იქეთ NASA, SETI, JPL, საგანგებო ბრიფინგები, CNN-ის NBC-ის და BBC-ის ლაივები და მთელი ამბავი. არ მოიწყენთ. რაც მთავარია, ეს ნახშირბადის დიოქსიდებით, წნევის ლუქებით, პათოგენებით და ოქსიგენერატორებით გაძეძგილი ტექსტი სულაც არ ჰგავს ფიზიკის, ქიმიის, ასტრონომიის და ბოტანიკის სახელმძღვანელოს, არც პროგრამისტის ან ხელმარჯვე ოსტატის სამაგიდო წიგნს. იკითხება გემრიელად, ერთი ამოსუნთქვით, რაც, ორიგინალთან ერთად, ტრაკებით და სხვა რაღაცებით გამოტენილი თარგმანის დამსახურებაცაა.
იუმორი ცალკე თემაა. მე მოვკვდე, თუ მახსოვდეს, ბოლოს ასე როდის ვიცინე. კაცი მამალ შარში გახვეულა და შენ რა გაცინებდაო, იკითხავს ვინმე და მართალიც იქნება, მაგრამ ისეთი მომაკვდინებელი ირონია აქვს უოტნის, ისე ამასხარავებს ყველას და ყველაფერს, რაც ნერვებს უშლის, სამოცდაათიანების ტელეშოუების, დისკოს და NASA-ს ექსპერტების ჩათვლით, მოდი და ნუ ახითხითდები.
რომ იცოდეთ, როგორ ვაჭერ ენას კბილს, რამდენიმე, განსაკუთრებით ეფექტური პასაჟი და დახვეწილი ხუმრობა არ გაგიზიაროთ. პირველი წაკითხვის სიამოვნებას ვერ დაგიკარგავთ. უჩემოდაც გადასარევად შეამჩნევთ ყველაფერს. იცით, რას დააკვირდით? მარკი სად გატყდება (თუ გატყდა, რა თქმა უნდა. სპოილერებს არ ვართ, ხომ გახსოვთ). უოტნის მარსული ჟურნალისთვის თვალის დევნებისას ყველაზე საინტერესო ეს მგონია. ზოგადად, მარსიც, რობინზონ კრუზოს კუნძულიც, “ცისფერი მთების” რედაქციაც ანტურაჟია, კარგად აღწერილი, ჩამთრევი, ათასი თვალსასეირო დეტალით აწყობილი დეკორაცია. მთავარი ადამიანია.
თავში ხომ ვთქვი, განსაკუთრებულ მოლოდინს განსაკუთრებული შიშები მოჰყვება-მეთქი. ჰოდა, “მარსელის” შინაარსიც მომწონს, თარგმანიც, ქავერიც, ფაქტურაც – გემრიელი სატარებელია, არადა, მომცრო არ ეთქმის, 456 გვერდია. მოკლედ, მშობლიურ “ინსომნია 2015”-ს თუ არ ჩავთვლით, ბოლო ხუთეულიდან საუკეთესო დელფინიანი წიგნია და რუსულ თარგმანს არ მოუკვდა პატრონი?!
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: Andy Weir, აკაკი მოსახლიშვილი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დავით ბალიაშვილი, ენდი უირი, ია ვეკუა, მალხაზ ფაღავა, მარიამ კორინთელი, მარკ უოტნი, მარსელი, მარსი, მოლის ბიბლიოთეკა, ნათია ზარანდია, პროზა, ჟანრული პროზა, ქართული თარგმანი, CNN, NASA, The Martian
