Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

თქვენ მას არ იცნობთ, მაგრამ ის გიცნობთ

$
0
0

თითქმის დარწმუნებული ვარ, მოლის სტუმრების უმრავლესობა, მასპინძლისა არ იყოს, დროის ძირითად ნაწილს კომპიუტერთან მიმჯდარი ატარებს – ხან ოფისში, ხან უნივერსიტეტში, ხანაც – სახლში. სხვისი არ ვიცი და ჩემი მძაფრი შეგრძნებები, ამ ბოლო დროს, საფეხბურთო მატჩის ყურებით გამოწვეული ემოციებით შემოიფარგლება, ისიც, სანამ თორმეტსაათიანი სამუშაო დღით გათანგულს ტკბილად ჩამეძინება ტელევიზორთან, იქამდე. ჰოდა, ამას წინათ, სამსახურისკენ რომ მივიზლაზნებოდი საცობში გაჩხერილი სამარშრუტოთი და მთქნარებას ძლივს ვიკავებდი, ვიფიქრე, ადრენალინი მაკლია-მეთქი. რა ვიცოდი, საღამოს სახლში “პალიტრა L“-ის საჩუქარი თუ დამხვდებოდა და ადრენალინის დეფიციტს ძილის წინ გვარიანად შევივსებდი.

“TOP თრილერის“ სერიის შესახებ უჩემოდაც გეცოდინებათ – ცინცხალი პროექტია, სულ რამდენიმე წიგნია გამოცემული და, ჯერჯერობით, სულო ცოდვილო, ერთსაც ვერ დავიწუნებ: ჯეიმზ პეტერსონის „ობობას გამოჩენა“ და სტივენ კინგის „მობილური“ უკვე ეკრანიზებულიცაა და არც პოპულარობის ნაკლებობას უჩივის; გილიან ფლინის „გაუჩინარებულ ქალზე“, ფილმი რომ განზე გადავდოთ, ამ სერიის გამოჩენამდე ვწერდი, ბოლო უიქენდი კი პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნმა გამიხალისა.

“გოგონა მატარებელში“ წლევანდელი ბრიტანული ბესთსელერია. ზოგადად, ეს სიტყვა არ მიყვარს – მგონი ადრეც მითქვამს, ზედმეტად გადაპრანჭული მგონია. თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრი წიგნი არ მომწონებია მათი სიიდან, მაგრამ პოლა ჰოკინსმა ორი საღამო, უდავოდ, გემრიელად გამატარებინა.

ახალი თრილერი, ჟანრის კანონის თანახმად, ლაბირინთს ჰგავს – არსად მიმავალი ბილიკები, ცრუ ნაკვალევი, ეჭვები, შიში, შფოთვა და მღელვარება – ამ ინგრედიენტებიდან არცერთი დაგაკლდებათ. თხრობის დინამიკა და ჩახლართული სიუჟეტი გაფაციცებულ მკითხველში შერლოკ ჰოლმსსა და ერკიულ პუაროს ერთად აღვიძებს და ათასგვარ გაუგონარ ვერსიაზე აფიქრებს. მთავარი პერსონაჟი – რეიჩელი ყოველ დილა მიემგზავრება მატარებლით ლონდონისაკენ, რკინიგზის სიახლოვეს მცხოვრებ წყვილს აკვირდება, მათი იდილიით ტკბება და საკუთარ უიღბლობაზე, დანგრეულ ქორწინებასა და დაკარგულ სამსახურზე დარდობს; მისი დარდი კი, როგორც ყოველთვის, უხვადაა გაზავებული ჯინითა და ტონიკით.

ეს წყეული ალკოჰოლი რომ არა, რეიჩელი, ალბათ, ისევ ტომის ცოლი იქნებოდა, იცხოვრებდა სახლში, რომელიც ასე უყვარდა, მატარებლების ხმა გააღვიძებდა… ახლა კი ისიც არ იცის, რა მოხდა იმ ღამეს, როცა მეგანი გაუჩინარდა, არადა, თვითონაც იქ იყო… თუ არ იყო? რამე ჩაიდინა? თუ არ ჩაუდენია? აბა, ეს სისხლით გაჟღენთილი თმა რა უბედურებაა? ეს სისხლჩაქცევები საიდან? ისევ ტომსა და მის ახალ ცოლს მიუვარდა შინ? თუ… ღმერთმა ნუ ქნას და ისევ მათ პატარა გოგონას დაუპირა წაყვანა?  არ ახსოვს, თითქმის არაფერი ახსოვს, ის ქალი კი, ძალიან ბედნიერი რომ ეგონა ქმართან, ის ქალი, ყოველ დილით რომ ხედავდა ტერასაზე მჯდომს მატარებლის ფანჯრიდან, დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე სხვა კაცს ჰკოცნიდა ბაღში…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს სტუმრებს თავი რომ არ მოვაბეზრო და სადმე სპოილერი არ გამეპაროს, მარტო იმას დავამატებ, რომ თუ ვინმეს ძარღვებში სისხლის ჩუხჩუხი, პულსის აჩქარება და ადრენალინის დამატებითი ულუფა გესაჭიროებათ – პოლა ჰოკინსის “გოგონა მატარებელში“ სათქვენო წიგნი ყოფილა.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გოგონა მატარებელში, მანანა კვესელავა, მოლის ბიბლიოთეკა, პალიტრა L, პოლა ჰოკინსი, პროზა, ჟანრული პროზა, ქართული თარგმანი, Paula Hawkins, The girl on the train, TOP თრილერი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles