Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

კითხვა, როგორც ქაჯობა

$
0
0

reading in tube

ერთი ნაცნობი მყავს. ნაცნობი რა, საერთო წრეში ვტრიალებთ. ხან ვის დაბადების დღეზე შევხვდებით, ხან რომელ კაფეში. ინტენსიურად არ ვკონტაქტობთ.

განათლება არ აკლია. ნაკითხიცაა. ყველაფერზე საკუთარი, განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნია და სანამ ეს მოსაზრება მართლა განსაკუთრებულია, კმაყოფილია. საზოგადოდ გავრცელებულს თუ დაემთხვა შემთხვევით, წუხს და ნერვიულობს, რაღაც შემეშალაო.

ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად ასე თქვა. ამ ვორდინგით.

მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.

აღარ მიკამათია. კამათს ვერიდები, რა აზრი აქვს. ვიცნობ ასეთ ხალხს. ფეისბუქზეც შემხვედრია ამ იდეის ჩემთვის უცნობი ადეპტები, კითხვა ზესაკრალური რიტუალი რომ ჰგონიათ. ის ცნობილი ნაჯახი თუ არ მოხვდათ თავში და ტოტიასავით არ შეჭამეს მგლებმა, წიგნს წაკითხულად არ თვლიან.

ჰოდა, რა გასაკვირია, ტაქსიში, სამარშრუტოში ან მეტროში მყუდროდ მოკალათება და კითხვა ქაჯობად ეჩვენებოდეთ.

საკუთარ თავზე წერა, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მაგრამ დისერტაციას მე არ ვიცავ, პრაქტიკული მაგალითები ვაგროვო და სქოლიოებში ვანაწილო. ბლოგია, ვიკიპედიის სტატია კი არა. მოკლედ, შემდეგ აბზაცებში “მე” თუ გებევრათ, მაპატიეთ, მაგრამ სხვის ნაცვლად ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია, ჩემივე იმპრესიები გაგიზიაროთ.

ოთხი წლიდან ვკითხულობ, მკითხველობის 30+ წლიანი სტაჟი მაქვს და ყველაზე მეტად ტრანსპორტში კითხვა მიყვარს. ბათუმის ამბავი კი იცით, ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა, მაგრამ იქაც ვახერხებდი და ვახერხებ გზაში კითხვას. თბილისზე აღარაფერს ვამბობ. სახლიდან სამსახურამდე ტაქსის ნახევარი საათი სჭირდება, სამარშრუტოს – საათზე ოდნავ ნაკლები. პლიუს საცობები. გადასარევად ვკითხულობ. ხელსაც არავინ მიშლის. ან როგორ შემიშლიან – იმათ თავისი საქმე აქვთ, მე – ჩემი. დელისი, ვაჟა-ფშაველა, სადგურის მეორე მოედანი და ახმეტელის თეატრი იმიტომ მომწონს, ცარიელ ვაგონში კომფორტულად მოკალათება და გემრიელად კითხვა შეიძლება. კაცმა რომ თქვას, არც პიკის საათია პრობლემა. მთავარია, კარგად ვიჯდე. ქინდლი მაქვს გადაშლილი, ან რომელიმე წიგნი და, ღმერთი, რჯული, ერთხელაც არ მიფიქრია, ამით ვინმეს თავს მოვაწონებ-მეთქი. რაის მარიაჟობა. შეიძლება, საკუთარი დედმამიშვილი ვერ შევნიშნო კითხვით გართულმა და, რამდენჯერ ყოფილა, გაჩერებას გავცდენილვარ, ქინდლში თავჩარგული.

უამრავ ადამიანს ვიცნობ, ტრანსპორტში რომ ვერ კითხულობს. უახლოესი მეგობრები მყავს, გზაში წიგნს ვერ შლიან. ზოგს არ უყვარს, ზოგი გემოს ვერ ატანს, ზოგს სხვანაირად ურჩევნია დროის გაყვანა. ზოგჯერ, უბრალოდ, კითხვის განწყობა არ გაქვს. რამდენჯერ წამოვლასლასებულვარ სამსახურიდან ისე, ახალი აკუნინის კი არა, ხმის ამოღების თავი არ მქონია. კაცია და გუნება. ყველა სხვადასხვანაირად ვაფრ… ვმგზავრობთ, მაგრამ მე იმათ უწიგნობას არ ვაყვედრი (რა სისულელეა, ჩემზე უკეთესი ბიბლიოფილები არიან) და არც ისინი მაბრალებენ ახალი რიდერით ტრაბახს.

ერთ ძველ და ძალიან კარგ ფილმშია, ყველაზე დიდ სისულელეებს სერიოზული სახით ამბობენო. ეს ბლოგი, კონკრეტული და, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო მოსაზრების კვალდაკვალ კი დაიწერა, მაგრამ არც ისეა საქმე, ლოკალურ ამბავზე გაცდენდეთ. არამკითხე მოამბეობა, მორალიზმი, ყველაფრის გასერიოზულება, ღმერთმა უწყის, ვის მიერ დადგენილ წესებსა და ყალიბებში მოქცევა ბოლო დროის სამწუხარო ტენდენციაა. იარლიყების აკვრაზე არაფერს ვამბობ. ეროვნული სპორტია.  ებჯო, ვისაც როგორ უნდა, ისე იკითხოს. გინდა ტრანსპორტში, გინდა შეზლონგზე წამოგორებულმა, გინდა იატაკზე გაშხლართულმა, გინდა პეპისავით თავდაყირა მდგარმა. მთავარია, ისიამოვნოს.

“ტრანსპორტში კითხვა ქაჯობაას” სარკისებრი ანარეკლიც არსებობს, “ვაიმე, გუშინ სამარშრუტოში ვიღაც წიგნს კითხულობდა, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ძლივს არ შემხვდა განათლებული ადამიანი, ეს ახალი თაობა ტელეფონებშია ჩამძვრალი და წერა-კითხვა დაავიწყდათ” სინდრომი. არანაკლებ საინტერესო, სხვათა შორის. ამაზე მერე მოგიყვებით.


Filed under: მოლი და "ქინდლი" Tagged: ავტობუსი, ბათუმი, მგზავრობა, მეტრო, მოლი და ქინდლი, მორალიზმი, პიკის საათი, სამარშრუტო ტაქსი, საცობი, ტაქსი, ტრანსპორტში კითხვა, ქაჯობა, ქინდლი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles