“ჩემს წიგნს” ხომ უყურებთ? BBC-ს ტელეპროექტს, სამი თვის წინ რომ დაიქოქა პირველ არხზე. სრულიად საქართველო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ირჩევს – დედამიწის ზურგზე ყველაზე სასიამოვნო არჩევნებს?
გემახსოვრებათ, მაგრამ მაინც გავიმეორებ -მკითხველს სამოცი ყველაზე საყვარელი წიგნი უნდა შეერჩია. მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩებოდა და რჩეულთა შორის რჩეულიც მათ შორის უნდა გარკვეულიყო.
ჰოდა, ეს შესანიშნავი თხუთმეტეული უკვე ჩამოაწიკწიკეს.
ორი მარტიდან დღემდე, ყოველ კვირა საღამოს, გაგანია პრაიმტაიმში, წიგნებზე ლაპარაკობდნენ. არც მწვავე განხილვები და დისკუსიები დაჰკლებია, თითოეულ კანდიდატს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც, მაგრამ თავადაც ნახავდით და ტელეპერიპეტიებზე აღარ შევჩერდები; მოდი, ამ თხუთმეტეულს გადავავლოთ თვალი. მე თუ მკითხავთ, საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
ოფიციალურად გამოაქვეყნეს და აქაც იყოს, თვალსაჩინოებისთვის:
ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”;
მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”;
გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”;
ირაკლი ჩარკვიანი - “მშვიდი ცურვა”;
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – “პატარა პრინცი”;
ართურ კონან დოილი – “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”;
ფრედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”;
ჯერომ სელინჯერი – “თამაში ჭვავის ყანაში”;
ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”;
რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული”;
ფიოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი”;
თომას მანი – “ჯადოსნური მთა”;
ერიხ მარია რემარკი – “სამი მეგობარი”;
ალექსანდრე დიუმა – “სამი მუშკეტერი”;
მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები”.
თავის დროზე ბლოგოსფეროს დიპლომირებული ექსპერტი ლორდ ვეიდერი ერთერთი ასეთი საერთო-სახალხო ძალებით შედგენილი ჩამონათვალის კომენტირებისას წერდა: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ხალხს ბავშვობა არ ჰქონია, პირდაპირ გაზრდილები დაიბადნენო. ფაქტია, საყვარელ წიგნთა შორის საბავშვო გამოცემების დასახელებას რატომღაც ერიდებიან ხოლმე. ამ მხრივ “ჩვენი წიგნი” აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ჰარი პოტერი, ჰეკ ფინი, შერლოკ ჰოლმსი, განძის კუნძული და სამი მუშკეტერი, მთლად საბავშვო თუ არ არის, მოზარდ მკითხველთან მაინც ასოცირდება. თუმცა დასანანია, კარლსონი, პეპი, სალტკროკელები, ვინი ფუუჰი, ალისა, ნილსი, დონალდ ბისეტის პერსონაჟები, მუმინები შესანიშნავი თხუთმეტეულის გარეთ რომ დარჩნენ.
აი, ქართული წიგნების საქმე კი დადად სახარბიელოდ ვერ უნდა იყოს… შორთლისტში ოთხი მოხვდა და, ცოდვა გამხელილი ჯობია, მაინცდამაინც არ აღვფრთოვანებულვარ. არა, ამათ არაფერს ვერჩი, “ჯაყოს ხიზნები” მიყვარს კიდეც, მაგრამ რაღაცნაირად Must Love წიგნებია. Малый джентльменский набор. ყველამ რომ უნდა დაასახელოს “გადაიკითხეთ უბერებელი კლასიკოსები” პათოსით. არადა, არ იქნებოდა ურიგო, რჩეულთა შორის ერთი თანამედროვე ქართველი მწერალიც მოხვედრილიყო. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და აშკარად იმსახურებენ.
ჩემი სამი ფავორიტიდან ნახევარფინალამდე ერთმაც ვერ მიაღწია. დიდი იმედი არც მქონია, ისე… რაკიღა ხმის უფლება ისევ მაქვს, კვლავ მომიწევს არჩევა.ფინალი იწყება, ამ წიგნებს სულ დარჩეული ხალხი წარადგენს, თუმცა, რასაც ვფიქრობ, უკვე გითხარით და არა მგონია, გადავთქვა.
ქართველი მწერლის წიგნია ასარჩევიო, დათქმა რომ იყოს, უპირობოდ “ჯაყოს” ვარჩევდი – მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის საეტაპო რომანს, მაგრამ რაკიღა არავინ გვზღუდავს, ისევ ჩემი ბავშვობის წიგნებს შორის მოვიძიებ.
მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტვენის დილოგიაც ძალიან მიყვარს, “განძის კუნძულიც”, ჰოლმსი სულაც ჩემი ფავორიტია და “სამ მუშკეტერს” დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, ერთადერთის, რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულს ან სათვალიანი ბიჭის ამბავს მივანიჭებდი, ან “პატარა პრინცს”.
პოტერიადას ფერად-ფერად ტომებზე ჩემ თქვა ამასწინათ, ახალი სიტყვაა მსოფლიო ჰუმანიზმის ისტორიაშიო და, მგონი, იოტისოდენადაც არ გადაუჭარბებია. საგა სიკეთეზე, ერთგულებაზე, მეგობრობაზე, თავგანწირვასა და სიყვარულზე – ბევრი გეგულებათ ასეთი თანამედროვე გამოცემათა შორის? არც მე. მერე რა, რომ ავტორი ცოცხალია…
“პატარა პრინცზე” რა უნდა ვთქვა… ასეთი წიგნები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იწერება და საუკუნეებს უძლებს. თან ფანტასტიკურად გადმოქართულებული ვერსიაც მოგვეძევება – “აგორას” გამოცემა, ავტორის ილუსტრაციებით და გიორგი ეკიზაშვილის მშვენიერი თარგმანით.
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. “ჩემი წიგნი” ბიბლიომარათონის ყველაზე გემრიელ ეტაპს უახლოვდება. წინ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გადაცემები გველის და თუ თქვენმა რჩეულმა ვერ გაიმარჯვა, მაინცდამაინც ნუ ინაღვლებთ – გემოვნებაზე, გეცოდინებათ, არ დავობენ.
თუმცა, ისიც გაგიგონიათ ალბათ, როგორ აბოლოებდა ამ ფრაზას მარტ ტვენი – … მის გამო ერთმანეთს სცემენ, აგინებენ და ლანძღავენო :)
Filed under: მოლის წისქვილი Tagged: აგორა, ალექსანდრე ჩე ლორთქიფანიძე, განძის კუნძული, გიორგი ეკიზაშვილი, დათა თუთაშხია, ეროვნული ბიბლიოთეკა, თამაში ჭვავის ყანაში, იდიოტი, კონკურსი, ლიტერატურული გადაცემა, მოლის წისქვილი, მშვიდი ცურვა, ნახევარფინალი, პატარა პრინცი, პირველი არხი, სამი მეგობარი, სამი მუშკეტერი, სამოსელი პირველი, ტელევიზია, შერლოკ ჰოლმსი, ჩემი წიგნი, ჯადოსნური მთა, ჯაყოს ხიზნები, ჰარი პოტერი, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, BBC
