Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“იდიოტიო?! ვინ არ არის იდიოტი?”

$
0
0

forrest gump cover

პარალელები არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი წიგნია, ფილმთან შედარებას რომ ვერ ასცდები; თანაც – ჰოი, საოცრებავ! – შეადარებ და მოგეჩვენება, რომ საერთო ბევრი არაფერი აქვთ.

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ერთი თავმოყვარე ბიბლიოფილის წონა წიგნები ნამდვილად მექნება წაკითხული; სინემანიაკობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ კინოშიც ხშირად დავდივარ და, მგონი, სულ მეორედ თუ მესამედ ვთქვი, ფილმი უკეთესია-მეთქი. თუმცა არა – ფილმი უკეთესი კი არა, გენიალურია, უინსტონ გრუმის “ფორესტ გამპი” კი, უბრალოდ, კარგი წიგნია, აუცილებლად რომ უნდა მოხვედრილიყო “სულაკაურის” კინობიბლიოთეკაში; აი, ისეთი, თუნდაც რობერტ ზემეკისის შედევრისა და ტონ ჰენქსის ტალანტის ხათრით რომ უნდა წაკითხოს კაცმა.

ჩვენში დარჩეს და ცოტა დაუვარცხნელი ტექსტი კია, ალაგ-ალაგ ზედმეტად პოლიტიზებული, სამაგიეროდ, ხალისიანია და იუმორით გაჯერებული. არც ნიკა სამუშიას თარგმანს გაუცრუებია იმედი და ერთი საღამო ზუსტად ისე გემრიელად გამატარებინა ფურცლების შრიალსა და ყავის წრუპვაში, მე რომ მიყვარს.

შინაარსის მოსაყოლად დროის დაკარგვას არ ვაპირებ – ისედაც ყველამ იცის და, ცოდვა გამხელილი ჯობია, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა ახალი იმ უცნაურ, სინათლითა და სითბოთი სავსე კაცზე, ვითომ ჭკუასუსტი რომ არის და ხანდახან ნებისმიერ ჩვენგანზე ჯანსაღად გამოიყურება.

ავტორი ჩინებულად მანიპულირებს პერსონაჟით, რათა ხშირ-ხშირად და მტკივნეულად გადააწნას მათრახი საზოგადოებას. სატირა მწვავეა და დაუნდობელი, გროტესკი ხანდახან აბსურდამდე მიდის, დელიკატურობით რომანი ფილმთან ახლოსაც ვერ მივა და მაინც, წიგნი იოლად იკითხება; ალბათ, თავად ფორესტის წყალობით, რომლის თვალითაც ისე ვუყურებთ 60-80-იანი წლების ამერიკას, როგორც კალეიდოსკოპში – ფრაგმენტები საიდანღაც ცვივა, ბზრიალებს, ერთმანეთს ეჯახება, ისევ ბზრიალებს და სურათები თავისთავად ეწყობა: ვიეტნამის ომი, ნარკომანია და ათასი სხვა პრობლემა, უცნაური კუთხით დანახული და ალბათ ამიტომ – გაცილებით უფრო მართალი.

წმინდა ამერიკული მომენტები ერთმანეთს ენაცვლება და მიჰყვები დინებას ფორესტთან ერთად, მიტივტივებ თვალდახუჭული და უკვე აღარც კი ფიქრობ იმაზე, საით გაირიყები. ერთი იმას ხვდები, რა სასაცილო იყავი, აქამდე ნორმალური რომ გეგონა თავი… როგორც ჯენი ამბობს წიგნის ბოლოს:

“იდიოტიო?! ვინ არ არის იდიოტი?”


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკული ლიტერატურა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გროტესკი, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, კინობიბლიოთეკა, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, პროზა, რობერტ ზემეკისი, სატირა, ტომ ჰენქსი, უინსტონ გრუმი, ფორესტ გამპი, ქართული თარგმანი

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles