უჰ, როგორ მიყვარს ბავშვობაში დაბრუნება!
ამ დალოცვილ ხანას ზოგჯერ ბათუმის სურნელი მახსენებს, ზოგჯერ – მივიწყებული ფოტოები, ზოგჯერ – დედისეული აჭარული ხაჭაპური… ასოციაცებს რა გამოლევს; მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ მიჩქარდება გული, სადმე იმ წიგნს რომ წავაწყდები, რომელსაც ოდესღაც თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი; ამ დროს თავი ისევ მთლად პატარა მგონია, უზრუნველი და უკიდეგანოდ ბედნიერი.
ჰოდა, ეს შაბათ-კვირა სულ ასეთი შეგრძნებებით გავატარე “პალიტრა L“-ის წყალობით – ძმები გრიმების ზღაპრების ახალთახალი გამოცემა მედო შინ და იმიტომ.
ისე, ჩინებულად გაფორმებული ორმაგი ყდა რომ გადავშალე და პირველ ზღაპარს დავხედე, ცოდვა გამხელილი სჯობს და პირკატა მეცა – აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ “წითელქუდას“ ლიტერატურული ვერსია ექსკლუზიურად მუსიე შარლ პეროს ეკუთვნოდა და აგერ არ დამხვდა გამოჭიმული?!
ღმერთმა გაახაროს ყოვლისმცოდნე გუგლი – თავაზიანად მიკარნახა, ეგ ამბავიო ჯერ ფრანგმა მეზღაპრემ კი დაამუშავა, მაგრამ მერე ღრმად პატივცემულმა იაკობმა და ვილჰელმმაც ჩაიწერეს სადღაც სულ სხვაგანო.
გულდამშვიდებული მივუბრუნდი წიგნს; ჯერ ჩინებული ილუსტრაციები დავათვალიერე; მერე კი ფრთხილად შევაღე იმ მივიწყებული ჯადოსნური სამყაროს კარი, ძმები გრიმების ზღაპრები რომ ჰქვია;
ფათერაკები და საოცარი ამბები, იცოცხლე, არ მომკლებია – წითელქუდასთან ერთად ბებიასთანაც ვიყავი და ის უნამუსო მგელიც ჩავახრჩე წყლის როფში; ქუდბედიან ბიჭთან ერთად საცოდავი ეშმაკიც გავპუტე – სამიოდე ღერი ოქროს თმა ჰქონდა და ისიც არ შევარჩინეთ… აი, მეფის მშვენიერ ქალიშვილებთან ერთად არ მიცეკვია, მალულად გავყევი მიწისქვეშა სასახლეში და ვუთვალთვალებდი, როგორ ცვეთდნენ მაშიებს ცეკვით.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვინ აღარ ვიპოვე ამ წიგნში; ბავშვობისდროინდელი რბილყდიანი წიგნიდან ამდგარიყვნენ და ყველანი აქ გადმოსკუპებულიყვნენ, პრიალა და სურნელოვან ფურცლებზე – იორინდე და იორინგელი, ბრემენელი მუსიკოსები, ვითომ ჭკვიანი ელზე, ბედნიერი, ყველანაირი საზრუნავისგან თავისუფალი ჰანსი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად…
ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და ვიღაც-ვიღაცები კი დამაკლდნენ თვალსა და გულში – ჭარხალ-ბოლოკას ვერსად მივაგენი და მარჯვე და მოხერხებული გრეტელიც არ გამოჩენილა… არადა, რაც მე ბავშვობაში მაგის ოინებზე ვიცინე…
ეჰ, რა ვიცი, გვარიანი გასეირნება კი გამომივიდა წარსულში და… მთელი შაბათ-კვირა ისევ ის პატარა მოლი ვიყავი, სულმოუთქმელად რომ ფურცლავდა ზღაპრებს და თან შეშინებული აყურადებდა, დედა არ შემოვიდეს და შუქი არ ჩამიქროს, ძილის დროაო…
თქვენი არ ვიცი და ორი დღით ბავშვობაში დაბრუნება მე ნამდვილად არ მგონია ცოტა…
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბრემენელი მუსიკოსები, გერმანული ზღაპრები, გრეტელი, დავით წერედიანი, ზღაპრები, ლორეტა აბაშიძე-შენგელაია, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პალიტრა L, პროზა, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, შარლ პერო, ძმები გრიმები, წითელქუდა, ჭარხალ-ბოლოკა
