აკა მორჩილაძე ჩემი საყვარელი მწერალი რომ არის, ბლოგსაც ეტყობა, ბიბლიოთეკასაც და ერთი კვირის წინ გაკეთებულ “Goodreads”-ის პროფილსაც.
აკას, დათო ტურაშვილის და ზაზა ბურჭულაძის წიგნები ერთად მიწყვია ყველაზე საპატიო თაროზე, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მომიწევს ადგილის შეცვლა – აღარ ეტევა და იმიტომ.
სამი ეგზემპლარი მარტო “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” მაქვს; კიდევ – მეგობრის ნაჩუქარი, ღია ბარათებით, გაზეთის ამონაჭრებით, სურათებითა და წიგნაკებით სავსე ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, “მადათოვის” სასაჩუქრე გამოცემაც, სადღაც, რომელიღაც არაკომერციულ გამომცემლობაში დაბეჭდილი ციცქნა “კაგდატა ინ ჯორჯიაც”… კიდევ – “თეთრი სერია”. ასე, მგონი, არც უნდა ერქვას – მე ვეძახი და გამორჩეულად მომწონს. ამდენ ფერად გარეკანში თეთრად ანათებს და თვალსა და გულს ერთად ახარებს.
მოკლედ, აკას წიგნებზე ერთ პოსტს კი არა, მთელ ბლოგს ავაწყობდი, მაგრამ ხომ ვიცი, ახლა არ იქნებით სანტიმენტალური მოგონებების გუნებაზე; ახალი წიგნია გამოსული და რევიუს ელოდებით.
სათაური კი აქვს უცნაური, ეს რა უბედურებააო, რომ გაფიქრებინებს, მაგრამ წაიკითხავ “მორიდებული ზურმუხტის” პირველ გვერდებს და ეჭვის ნასახიც არ დაგრჩება – ნამდვილი აკაა. კლასიკური. ოქროს სტანდარტი.
თბილისის ცენტრალური ქუჩის ცენტრალური შენობის ქუთაისად გამოცხადების ტრაგიკომიკური ფარსი ხომ გახსოვთ? ჰოდა, არ ვიცი, როგორ დაემთხვა, მაგრამ აქაც ასეთი ამბავია. ასეთი კი არა, უარესი: თბილისისთვის ფოთი დაურქმევიათ და ფოთისთვის – თბილისი. საქართველოს იმპერატორს გადაუწყვეტია ასე.
მოიცა, რა იმპერატორი, რის იმპერატორიო, იფიქრებს ვინმე. გვატყუებ რაღაცასო… ღმერთი, რჯული, არაფერს ვიგონებ. აკა არარსებული ქვეყნის გამოგონილ ქრონიკას აღწერს, მაგრამ ტყუილ-მართალი ისეა არეული ერთმანეთში, თუ ყოჩაღად არ იყავი, მართლა მოტყუვდები და თავი ყოვლად სერიოზულ ეთნორომანში გეგონება.
ენაც ისეთია, აკას გემრიელზე გემრიელი ეთნორომანებიდან რომ გვახსოვს – დინჯი, მდორე, არქაული, საგანგებოდ დაძველებული, ძველ თბილისს ყველაზე მეტად რომ უხდება.
ამ სახელგადაკეთებულ ქალაქებში ისეთი ამბები ხდება, თავფეხიანად რომ ჩაგითრევს და სანამ ბოლომდე არ გახვალ, თავს არ დაგანებებინებს. პატარაც არ ეთქმის წიგნს, მაგრამ ისეთი გემრიელია, გვერდებს და სისქეს ვინ უყურებს… რა ამბები ხდება და დიდი აჯანყება მზადდება. საყოველთაო ამბოხი. მეტს ვერაფერს გეტყვით. სულ ერთი კვირაა გამოვიდა და მე რომ აქ დეტალები დავფქვა, ყველა მკითხველი ერთად შემაჩვენებს.
ალუზიებით და მინიშნებებითაა სავსე ეს “მორიდებული ზურმუხტი”, ხოლო აკა რომ ალუზიების დიდოსტატია, “შენი თავგადასავლიდანაც” გვეხსომება. გამოყენებული ლიტერატურის სიაა ბოლო გვერდზე - “უკანასკნელი მოჰიკანი”, “ფრანკენშტეინი”, “ბაში-აჩუკი”, ,,რკინის ნიღაბი”, ფლობერი, ბალზაკი, პირანდელო, ჟიულ ვერნი – და იმაზე სახალისო რა უნდა იყოს, ახალ ტექსტში ძველისა და კარგად ნაცნობის ალუზიებს, პაროდიებს და ასოციაციებს რომ აღმოაჩენ.
ჰოდა, თუ ქეთა დედოფლის ზურმუხტის, გლახუნა ბაქრაძის, მათე-ბიჭის, რაფიელ დანიბეგაშვილის შვილთაშვილის და სხვათა ამბები ჩვენს დროსთანაც გაგავლებინებთ პარალელებს, ნურც ამას გაიკვირვებთ – აკა ადამისდროინდელ ისტორიებზეცრომ ჰყვებოდეს, მაინც დღევანდელობაზე წერს და მისი რომანების მთავარი ხიბლიც, მგონი, ეს არის.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გიო ახვლედიანი, ეთნოგრაფიული რომანი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მოლის ბიბლიოთეკა, მორიდებული ზურმუხტი, პროზა, ქართული პროზა, Goodreads
