გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, ხომ გქონიათ შემთხვევა, საუკუნის წიგნს რომ კითხულობ, კითხულობ და უცებ ხვდები – დღევანდელობაზეა დაწერილი?
ზუსტად მიგნებულ სიუჟეტთან ერთად, მწერლის გენიალურობის ბრალიცაა. ისეთი რამ დაუწერია, საუკუნის მერეც რომ აფორიაქებს მკითხველს.
სწორედ ასეთი მწერალია ჯორჯ ორუელი, უაღრესად თანამედროვე, და, ალბათ, ამიტომაც თარგმნიან ხშირად და სიამოვნებით ჩვენი გამომცემლობები.
ოღონდ, აქ არც სიმართლის სამინისტროზე ვაპირებ თხრობას, არც “უფროს ძმასა” და ლეგენდარულ ფორმულაზე: “2+2=5″, არც იმ უკვდავ ფრაზაზე, ახლა რომ გაგახსენდათ – ”ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები “. ესენი სხვა დროისთვის იყოს…
დღეს ახალგადმოქართულებულ წიგნზე გიამბობთ და ბარემ აქვე ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ ვიცოდი, ორუელს სამხედრო კორესპონდენტის ჩანაწერებიც თუ ჰქონდა აკინძული.
“პატივი კატალონიას“ ესპანეთშია დაწერილი, გაგანია სამოქალაქო ომის დროს.
ესპანეთის სამოქალაქო ომზე მხოლოდ ის ვიცოდი, რითაც საბჭოთა პროპაგანდა გვიჭედავდა ყურებს – მამაცი რესპუბლიკელები, ნაძირალა ფრანკისტები, “¡No pasarán!”, ფაშისტი კაუდილიო და მოხალისეთა ინტერბრიგადები… ჰო, კიდევ – თბილისში ჩამოყვანილი ესპანელი ბავშვები.
ძმათამკვლელ ომში დაღუპულებს ერთ საძმო საფლავში რომ კრძალავდნენ, მოგვიანებით გავიგე.
ჰოდა, ორუელის აქამდე უცნობ ტექსტთან და დათო აკრიანის თარგმანთან ერთად ისიც მაინტერესებდა, როგორ ხედავდა მწერალი სამოქალაქო ომს. ჩვენი მახსოვს ძალიან კარგად და იმიტომ. ესეც არ იყოს, ამ ოხერი პოლიტიკის გამო ისეთი პოლარიზებულია დღეს საზოგადოება, ერთი თოფს არ ესვრიან ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ.
წუნია მკითხველს “პატივი კატალონიას” შესაძლოა, მიკერძოებულ წიგნად მოეჩვენოს და, კაცმა რომ თქვას, სადღაც მართალიც იქნება – არა მგონია, ორუელს სრული, ყოვლისმომცველი, ობიექტურზე ობიექტური პანორამის შექმნა ჰქონოდა მიზნად – აღნუსხავდა იმას, რაც მის თვალსაწიერში ხვდებოდა. მეორეს მხრივ, თვითმხილველის ჩანაწერები ყოველთვის უზომოდ საინტერესოა. მით უფრო, თუ თვითმხილველი რომელიმე მოცლილი გრაფომანი კი არა, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია.
ამ წიგნში ოსტატურ პასაჟებს და მახვილგონივრულ ლიტერატურულ მიგნებებს ნუ ელით. არც ჟანრია ისეთი, სიტყვიერი ეკვილიბრისტიკა მაინცდამაინც უხდებოდეს და არც ორუელია ის მწერალი, მკითხველის მოხიბვლას ამგვარად ცდილობდეს. “პატივი კატალონიას” სულ სხვა ტონალობის ტექსტია. მე თუ მკითხავ, ძველ ფოტოალბომს უფრო ჰგავს. ფოტოშოპი რომ არ არსებობდა, იმდროინდელს. ამიტომ, ყველა კადრი შეულამაზებელია და უტყუარი.
“პატივი კატალონიას” ამო საკითხავი ნამდვილად არ არის. დილით ნაღებიან ყავაზე მისაყოლებლად უკეთესი ტექსტის პოვნაც შეიძლება, მაგრამ თუ ისტორია და პოლიტიკა გაინტერესებთ, ორუელი მოგწონთ და ხარისხიან თარგმანსაც აფასებთ, მე მგონი, ეს წიგნი ზუსტად სათქვენოა.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: დათო აკრიანი, დოკუმენტური პროზა, ესპანეთი, მოლის ბიბლიოთეკა, პალიტრა L, პატივი კატალონიას, პროზა, სამოქალაქო ომი, ფრანკო, ქართული თარგმანი, ჯორჯ ორუელი, ¡No pasarán!, non fiction
