ხანდახან, წიგნებით გაძეძგილ ჩემს ოთახს თვალს რომ მოვავლებ, საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე – გეყოფა, მოლი, დასაძინებელი ადგილი მაინც დაიტოვე, ბოლოს და ბოლოს, “ქინდლი” გაქვს, სადაც ათასამდე წიგნი ეტევა-მეთქი, მაგრამ გავა ცოტა ხანი და ისეთ რამეს წავაწყდები რომელიმე ბუქსთორში, სულ კბილების კაწკაწით და ხელების ფშვნეტით მივარბენინებ შინისკენ.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ დამიბნელდებოდა თვალთ, “დიოგენემ“ “ვინი ფუუჰის“ ახალი, ორიგინალიდან თარგმნილი გამოცემა რომ დააანონსა. ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მოწინავე მყიდველთა რიგებში ვიყავი გამოჭიმული და ნადავლით დამძიმებული ჩანთით ისეთი ყელმოღერებული დავბრუნდი შინ, გახსენებაზე თავად მეცინება.
ძლივს მივიტანე სული შაბათამდე – დილის ყავა მომართვეს თუ არა, გულისფანცქალით გადავშალე კვასკვასა ყვითელ სუპერში გამოპრანჭული წიგნი და…
ყველანი იქ დამხვდნენ – ბავშვობისდროინდელ ყველა ბედნიერ მოგონებას, რაც კი ნახერხის დათუნიას უკავშირდებოდა, პრიალა ფურცლებზე მოეყარა თავი და საყვარელი პერსონაჟები, ოდნავ შეცვლილი, ქართულ ენას მორგებული სახელებით, გახარებულები მიქნევდნენ ხელს – მოლიმ ჩვენთვის მოიცალა და დაგვიბრუნდაო.
ვინი შემომჩიოდა, ქრისტოფერ რობინი ისევ ძველებურად დამათრევს კიბეებზე და თავს მახათქუნებინებს, კიდევ კარგი, მეტწილად ტყეში ვცხოვრობ, თორემ შაკიკი მომკლავდაო; გოჭიკო ჩვენ გარშემო წრიალებდა და ცდილობდა, სპილომონტზე ნადირობის ამბავი მოეყოლა, მაგრამ კენგუს ჩანთაში ნაჯანჯღარებს თავბრუ ეხვეოდა და, ცოტა არ იყოს, აბდაუბდა მონათხრობი გამოუვიდა.
უცებ ვიგრძენი, რომ კალთაზე ვიღაც მებღაუჭებოდა და ხმადაბალი წრიპინიც გავიგონე. დავიხედე და პაწია რუ შემრჩა ხელში – სულმოუთქმელად, ჩლიფინით მიამბობდა, როგორ მიიღო მონაწილეობა გრილო პოლუსის აღმოსაჩენ ექსპედიციაში და ცურვაც ისწავლა.
გვერდიდან მრავალმნიშვნელოვანი ჩახველება გავიგონე. შევტრიალდი და მხარზე თოფგადაკიდებული ქრისტოფერ რობინი დავინახე – ი-აას ამოსდგომოდა გვერდით და ეკითხებოდა, რუ მორევიდან რომ ამოგყავდა, კუდი ძალიან ხომ არ იტკინეო.
გავიხედოთ და გულამოვარდნილი ბაჭიაც მოქაქანდა, ფრიად კმაყოფილი ჩანდა – ჭრელი, ზოლებიანი წავდის ამბავიც გაერკვია და ისიც იცოდა, დილაობით რას საქმიანობდა ქრისტოფერი.
ფეხდაფეხ ვეფხვი მოჰყვა ჯუჯღუნით – ი-აას არც დავჯახებივარ და არც მიძიძგილავია, უბრალოდ, დამაცემინაო.
მოკლედ, შემომეხვივნენ გარშემო და ერთად აყაყანდნენ, ძლივს გავაგებინე, დაწყნარდით და მორიგეობით ილაპარაკეთ-მეთქი. ახლა ამაზე ატყდა ამბავი – ყველას პირველობა უნდოდა. ისევ ი-აამ იმარჯვა და სია ჩამოაწიკწიკა. ცოტა გაუგებარი კი მომეჩვენა, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნაზე დებდა თავს და ხომ არ შევედავებოდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, წიგნის ბინადრების ფათერაკების ამბავს საღამომდე ვისმენდი და ვიდრე ბრძენმა ბუმ ორიოდე წრე არ შეკრა ჩვენს თავზე და ფრთების ფათქუნით არ მომესალმა, ვერ მივხვდი – ძილის დრო დამდგარიყო. დავხურე წიგნი, ფაქიზად დავდე საწოლთან მიდგმულ ტუმბაზე და, გეფიცებით, არ მომჩვენებია – ბურანში წასულს კარგა ხანს მესმოდა იქიდან მოგუდული სიმღერა:
თოვს და თოვს
(დარი-დური-დამ!)
მეტს და მეტს
(დარი-დური-დამ!)
დებს და დებს
(დარი-დური-დამ!)
გამიჯდა
ძვალ-რბილში
სიცივე!
(დარი-დური-დამ!)
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ალან ალექსანდრ მილნი, ანა ჭაბაშვილი, ბუ, გია ჭუმბურიძე, გოჭიკო, გრილო პოლუსი, დიოგენე, ერნესტ ჰ. შეპარდი, ვინი ფუუჰი, ზაზა ჭილაძე, ი-აა, კენგუ, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პროზა, რუ, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, სპილომონტი, ქართული თარგმანი, ქრისტოფერ რობინი, წავდი
