Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ბიჭი, რომელმაც სიკვდილი გადაიფიქრა

$
0
0

Sherlock Series 3სინემანიაკი არ ვარ-მეთქი, ათასჯერ მითქვამს.

ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.

ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.

წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს,  არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).

პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.

ჰოლმსის და უოტსონის ფათერაკების ყოველი ახალი ეკრანიზაცია რომ სარისკო საქმეა, მგონი, დამეთანხმებით; ყველას ჩვენი შერლოკი Sherlock Series 3 2გვყავს და იმიტომ. ზოგს ჯერემი ბრეტისეული ვერსია მიაჩნია იდეალურად, ზოგს – რუსული, მსახიობთა გენიალური თანავარსკვლავედით. ისიც ფაქტია, რომ საყვარელი ყოველთვის საუკეთესოს არ ნიშნავს და გაცხარებული კამათის დროს ეს ყველაზე ხშირად ავიწყდებათ.

ერთი სიტყვით, ვუყურე პირველ ეპიზოდს, დიდი მოლოდინით და ხელების ფშვნეტით და… რაღაცები არ მომეწონა.

არა, თავად სერიალზე აზრი არ შემცვლია; ისევ აღფრთოვანებული ვარ, I’m Sherlocked ძალაში რჩება, თანამედროვე ჰოლმსიადა ფანტასტიკურია და, საერთოდ, ჩემთვის ძველიც და ახალიც, ბრიტანულიც და რუსულიც, აბსოლუტურად თავსებადია; ერთის სიყვარული მეორის დაფასებაში ხელს ნამდვილად არ მიშლის.

ჰოდა, ძალიან რომ მომწონს, იმიტომაც დამაკლდა რაღაცები. წინაწარ გაცხადებული მთავარი თემა – ლონდონზე ტერორისტული შეტევა უსინდისოდ მიაფუჩეჩეს და ისე სასხვათაშორისოდ მოიგერიეს, თითქოს ისტენდელი ხულიგანი ბიჭისთვის ჩაევლოთ ყურებში ხელი. მთავარ დამნაშავესაც გაუმართლებლად ცოტა დრო დაუთმეს; არადა, კონან დოილს თუ დავუჯერებთ, ფრიად ოდიოზური ფიგურა გახლდათ, ყველაზე საშიში ტიპი პროფესორ მორიარტის შემდეგ. ამათ კიდევ, ვითომც არაფერიო…

სხვა მხრივ კი ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე -   კოკისპირულად ეგოცენტრული ჰოლმსი, ერთგული და მიამიტი უოტსონი, ქოთქოთა და ენერგიული მისის ჰადსონი, გასაცოდავებული ბრიყვი ანდერსონი (გახსოვთ?), ინსპექტორი ლესტრეიდი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, მგონი, ყველაზე მეტად გაუხარდაSherlock Series 3 3 შერლოკის საიქიოდან დაბრუნება…  მოშავო იუმორი – სერიალის საფირმო ნიშანი – და კოხტა ალუზიები…  სერიალის ავტორები, კი გეცოდინებათ, ლიტერატურული პირველწყაროთი მაინცდამაინც არ იბოჭებიან, სულაც არ ადარდებთ, სიუჟეტური ქარგა სერ არტურისას თუ არ დაემთხვევა, მაგრამ აქა-იქ კოხტად ჩასმულ ალუზიებს რომ აღმოაჩენ ანდა სულ სხვანაირ ლორდ მორანს, მაიორ შოლტოს, ბენჯამენ სმოლს და ინსპექტორ ჯონსს გადაეყრები,  სახალისოცაა და სასიამოვნოც.

მეორე სერია, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველს სჯობდა, თუმცა უკმაყოფილო მაყურებელი მაინც გამოუჩნდა – ზედმეტად სანტიმენტალური და ტკბილი გამოდგა და ვერც სათანადოდ ჩახლართული სასპენსით დაიტრაბახებდაო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – ბევრი ვიცინე და ამ მხრივ ეპიზოდს არც არაფერი დაჰკლებია.

მესამე სერია, თუ შემთხვევით გამოგრჩათ და თვალყური ვერ მიადევნეთ, 12 იანვარს გამოჩნდება. სათაურით და ანოტაციით ბევრს ვერაფერს გაარკვევ – “მისი უკანასკნელი ფიცი”, ლოგიკას თუ მოვიშველიებთ, სკანდინავიელი შანტაჟისტის კი არა, გერმანელი ჯაშუშის ამბავს უნდა ყვებოდეს. ჰოდა, სავარაუდოდ, ლოგიკა გვერდზე უნდა გადავდოთ და “შერლოკ ჰოლმსისა და ჯონ უოტსონის თავგადასავლის” მოტივებზე შექმნილ მორიგ ფეიერვერკულ ფანტაზიას დაველოდოთ.


Filed under: არტი, კინოდარბაზი Tagged: არტი, არტურ კონან დოილი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, ბენჯამენ სმოლი, დეტექტივი, ინსპექტორი ჯონსი, კინო, კინოდარბაზი, ლესტრეიდი, ლონდონი, მაიორი შოლტო, მისი უკანასკნელი ფიცი, მისის ჰადსონი, მორანი, მორიარტი, სერიალი, უოტსონი, შერლოკ ჰოლმსი, შერლოკი, ჰექსე, BBC ONE, Sherlock

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles