სიმართლე გითხრათ, ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები წიგნებს, რომლებსაც გამომცემლები ხმაურიან სახელს – “ბესთსელერებს” უწოდებენ; როგორც წესი, არ მომწონს და ხშირად ყოფილა, მათზე დახარჯული დროც დამნანებია.
ალბათ, ლორენ ვაისბერგერის ამ რომანსაც ალმაცერად შევხედავდი, მით უმეტეს, მოდის სამყაროზე დაწერილი წიგნები ჩემი ლიტერატურული პრიორიტეტების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამავე სახელწოდების არაჩვეულებრივი ფილმი მქონდა ნანახი საყვარელი მსახიობის – მერილ სტრიპის მონაწილეობით. ყურმოკვრით ისიც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟის, მირანდა პრისტლის, პროტოტიპი ჟურნალ „ვოგის“ მთავარი რედაქტორი ანა ვინტური იყო, რომელთანაც ავტორი ოდესღაც მუშაობდა.
ასე იყო თუ ისე, ამ უქმეებზე მოვიცალე და “ეშმაკს აცვია პრადა“ დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ მაინც ინტერესით გადავშალე.
აუ, გოგოებოოო! არ წაიკითხოთ ეს წიგნი, რა! მართლა არ წაიკითხოთ, თორემ “გუჩის“ შარვლების, “მანოლოსა“ და “ჯიმი ჩუს“ ფეხსაცმელების, საგანგებო შეკვეთით შეკერილი “შანელის“ სპორტული შორტების, “რალფ ლორენის“ ქვედაბოლოების, “ჰერმესის“ შარფების, “მაიკლ კორსის“ ჟაკეტიანი ბლუზების, “ჯ. მენდელის“ ბეწვის ქურქების და ათასი ამგვარი საოცრების გადამკიდეს თავბრუ დაგეხვევათ, თვალები აგიჭრელდებათ და ერთ უსიამოვნო რამესაც აღმოაჩენთ – თურმე ისეთი შურიანი ყოფილხართ, ვერც კი წარმოიდგენდით!
ოღონდ, ცხონებული შექსპირის არ იყოს, “ჯერ შეიცადეთ! მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა!“ – სანამ ამ ყველაფრის წარმოდგენაზე სუნთქვა შეგეკვრებათ, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი უფროსი მირანდა პრისტლია – „ყველაზე დიდი ძუკნა, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ“; ახლა თქვენი ბლოკნოტი გადაშალეთ და სასწრაფოდ შესასრულებელი დავალებების ნუსხაში ჩაიხედეთ: “კესიდს ახალი ნეილონის ჩანთა უნდა, აი, ისეთი, მისი ასაკის გოგონები რომ ატარებენ“ ან “სამოცდაათიანების ქუჩაზე ანტიკვარულ მაღაზიაში ძველი კომოდი ვნახე, სასწრაფოდ მჭირდება მაღაზიის ზუსტი მისამართი და ტელეფონის ნომერი“; და ვის აინტერესებს, რომ აზრზეც არ ხართ, როგორი ჩანთებით დადიან ცხრა-ათი წლის გოგონები ან ამ ოხერ სამოცდაათიანების ქუჩაზე ასამდე ანტიკვარული მაღაზია გაუხსნიათ?! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ის ბედნავსი კომოდი სულაც აღმოსავლეთის 86-ე ქუჩაზე იყიდება!
არადა, როგორ გინდა, იწუწუნო – ეს ხომ ჟურნალი „პოდიუმია“, მაღალი მოდის მექა და მედინა, შენ კი თავად მირანდა პრისტლის უმცროსი თანაშემწე ხარ და იცი – ამ სამუშაოსთვის „მილიონობით გოგონა ეშმაკსაც კი მიჰყიდიდა სულს.“
ისე, დიდად სარფიანი გარიგების იმედი ნუ გექნება – ეშმაკი უკვე აქ არის, მთავარი რედაქტორის კაბინეტში, სავარძელში მოხდენილად ჩაბრძანებულა, მაგიდის მარცხენა კუთხეში (და არავითარ შემთხვევაში მარჯვენაში, ღმერთი არ გაგიწყრეს და არ შეგეშალოს!) ლიმონიანი „პელეგრინო“ უდგას ზოლიან ხელსახოცზე და ნელ-ნელა გნუსხავს, გყლაპავს და გშთანთქავს ისე, რომ არც ნებართვას ითხოვს და არც რაიმე კონტრაქტზე გაწერინებს ხელს – უბრალოდ, საკუთარ თავს გაკარგვინებს და ისეთ რამეებზე გათქმევინებს უარს, იქამდე ცხოვრების აზრად რომ მიგაჩნდა.
თვალდახუჭული ყვინთავ ამ თვალისმომჭრელი ფუფუნების, ჭორების, ღვარძლის, ცდუნების მორევში და თანდათან გავიწყდება, რომ უბრალოდ უმცროსი თანაშემწე კი არა, ანდრეა საქსი ხარ, ჭკვიანი და მიზანდასახული გოგო; რომ სადღაც, გაღმა ნაპირზე, მშობლები გელოდებიან, ერთგული ალექსი, ლილი, რომლსაც შენი თანადგომა ჰაერივით სჭირდება…
მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს მაინც ფხიზლდები და ხედავ – ხელი თუ არ გაიქნიე და დროზე არ გამოცურე ამ დაწყევლილი მორევიდან, აღარც ოჯახი შეგრჩება, აღარც საყვარელი ადამიანი და აღარც სიყრმის მეგობარი; დარჩები მირანდას ანაბარა. ერთი ეგაა – გეყოფა კი ძალა ხელის გასაქნევად?! მეტისმეტად სწრაფი და ღრმაა დინება, მოდის სამყაროს რომ ეძახიან.
უნდა გეყოს.
აუცილებლად უნდა გეყოს, თორემ ცუდადაა საქმე.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანდრეა საქსი, ელიას კლარკი, ენი ჰეთაუეი, ეშმაკს აცვია პრადა, ვოგი, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, ლორენ ვაისბერგერი, მაღალი მოდა, მერილ სტრიპი, მირანდა პრისტლი, მოდა, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო შეყილაძე, პალიტრა L, პოდიუმი, პროზა, ქართული თარგმანი, Fashion, vogue
