Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

“ამ რაღაცას წიგნი დაგეჭირა ხელში, ჯობდაო”

$
0
0

დღეს ოთხშაბათია, ბლოგის დღე. წესით და კანონით, ახალ ძველ წიგნებზე უნდა ვყვებოდე, კარსმომდგარ წიგნის ფესტივალზე, რომელიმე ქალაქზე ან სასუსნავზე, მაგრამ ტრადიციული თემები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ.

უტაქტობაზე და უზრდელობაზე უნდა გეწუწუნოთ.

ჩემს ქინდლს შალითა გაუცვდა. გაცვდებოდა, აბა, რას იზამდა, აღარც მახსოვს, როდის ვიყიდე. ქინდლიც სულ თან მაქვს. უკიდეგანო “ამაზონს” ჩამოყოლა, ახალი ქავერის შერჩევა და გამოწერა ერთი საათის საქმეა, მაგრამ არ მეჩქარება. ნაომარ-ნაფრონტალი შალითა შეუხედავი კია, მაგრამ რიდერს გადასარევად იცავს. მეტი არც არაფერი მჭირდება. მიჩვეულიც ვარ, სხვანაირად, შინაურულად მხვდება ხელში.

ავძვერი გუშინ დილით ჩემს სამარშრუტოში, მოვკალათდი ფანჯარასთან, შეივსო, დაიძრა, ამოვაძვრინე ჩანთიდან ქინდლი და ის იყო, გადაშლას ვაპირებდი, გვერდით მჯდომმა, ხანშიშესულმა სანდომიანმა ქალბატონმა მკითხა, რა წიგნია, ასეთი ძველი და გაცრეცილიო.

წიგნი არ არის, ქალბატონო, ქინდლია-მეთქი, გავუღიმე.

მეშვიდე წელია, ქინდლი მაქვს და სულ რაღაცებს მეკითხებიან. ტაქსიში, მეტროში, ბანკში, კაფეში, სამსახურში, თბილისში, ბათუმში (ადრე უფრო, ახლა ნაკლებად, აღარაა უცხო ხილი და ისეთი ქინდლოლოგები დაიზარდნენ, აქეთ მიხსნიან ტექნიკურ დეტალებს), ერთხელ მეტროში დაცვის თანამშრომელი გამომეკიდა; რა მოდელიაო, როგორ ეჩვევიო, წიგნებს სად პოულობო, თვალს მართლა არ ტკენსო… მეკითხებიან და მეც დაუზარებლად ვპასუხობ. ქართველ კანიბალთა ასოციაციის გამოცემული კულინარიული წიგნი ხომ არ არის, შემრცხვეს და მომერიდოს.

მოკლედ, კითხვებს ველოდებოდი და დეტალური ახსნა-განმარტებისთვის ვიყავი პატიოსნად დარაზმული, მაგრამ… აა, მე წიგნი მეგონაო, ჩაილაპარაკა ჩემმა თანამგზავრმა და, სანამ პირი გავაღე, ისე, ამ რაღაცას წიგნი დაგეჭირა ხელში, ჯობდაო, დააყოლა.

არა, მე კი ვუპასუხე. თან ისე, უზრდელიც ყოფილხარ, ასაკს პატივს არ სცემო, თითზე ვერ დაეხვია. ხმა აღარ გაუცია, მთელი გზა დემონსტრაციულად ლამის ზურგშექცეული იჯდა და მალევე ჩავიდა.

ერთი ძველი სერიალის არ იყოს, რა მინდა, გკითხოთ.

სხვა პლანეტიდან ნამდვილად არ ჩამოვვარდნილვარ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ (უფრო პირიქით), ბოლო დროს უზომოდ მოჭარბებულ აგრესიას კუდები საიდან ეზრდება, ვხვდები, ამ აგრესიასაც ლამის ყოველდღე ვაწყდები, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, ფეისბუქზეც,  არც განსხვავებულების მიმართ არაადამიანური და არაბუნებრივი გაშმაგება მიკვირს და არც სიძულვილის ენა.

გასაგებია, რომ არსებობენ ადამიანები, ფეისბუქზე შესვლა, ბრტყელ-ბრტყელი მონოლოგების წერა, სადღესასწაულოდ ერთ სურათზე სამოცდაჩვიდმეტი მეგობრის მონიშვნა, მორალზე და ზნეობაზე საჯაროდ ქაქანი, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, “ყველასათვის საყვარელი წიგნების” ხშირი ხსენება, ნაკითხობაზე ქადაგება და ღრმად ჭკვიანური სახით სიბრიყვეების დაბრეხვება გადასარევად რომ ისწავლეს, ტაქტზე და ზრდილობაზე კი არაფერი სმენიათ.

ჰოდა, რა მაინტერესებს, ასაკი და ჭაღარა უზრდელობის და უტაქტობის უფლებას როდის აქეთ იძლევა? პირიქით არ უნდა იყოს? ეს ვერ გამიგია, თორემ ქინდლი და წიგნი რომ ერთია, ამის აღქმა ოცდამეერთე საუკუნის ციციკორეებს კი არა,  მართლა განათლებულ ხალხსაც კი უჭირს.

P. S. ერთმა ღრმად პატივსაცემმა გამომცემლობამ 23 აპრილს წიგნის ჭიებს წიგნის დღე მიულოცა. პოსტის ქვეშ მკითხველის (ალბათ) გულწრფელი კომენტარია –  ნეტა ყველა წიგნის ჭია იყოს და არა მობილურისო.

კომენტატორს მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი, პლანშეტი წიგნის და წიგნიერების მტერი ჰგონია. კეთილი და პატიოსანი. გამომცემლობამ რატომ გაატარა მორცხვი დუმილით, ამას ვერ ვხვდები. იქნებ გეცადათ ახსნა? თუ ფეისბუქზე მარტო წიგნების გასაყიდად ხართ და სხვა არაფერი გეხებათ?

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles