მეგობარს ველაპარაკებოდი ამას წინათ, რაღაცებს ვარჩევდით და სიტყვას მოაყოლა, ხომ ყოფილა ასე, წიგნს რომ კითხულობ წვალებით და უწადინოდ, მაგრამ თავს ძალას ატან და არ ეშვებიო.
როგორ არ ყოფილა, ძალიან ნაცნობი ამბავია-მეთქი.
სავალდებულო საკითხავს არ ვგულისხმობ. სავალდებულო საკითხავზე ბევრი გვილაპარაკია და, როგორც ვატყობ, კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ. კი არ მეზარება, ერთხელაც გავიმეორებ – ჩემო კარგებო და ძვირფასებო, must read წიგნები არ არსებობს. მარტო ის, რომ ავტორი რომელიმე პანთეონში განისვენებს, სახელმძღვანელოებში და ქრესტომათიებში მოიხსენიება, სამეგობროს მოსწონს და ნეტში ფართოდ გავრცელებული “ყველასათვის საყვარელი წიგნების” ათეულების, ოცეულების და ასეულების სათავეშია, არც არაფერს არ ნიშნავს. კოლექტიური გემოვნება არ არსებობს. კოლექტიური გემოვნება უგემოვნობის მეორე, შელამაზებული სახელია, ფეხის ხმას აყოლაა და მეტი არაფერი.
დღეს იმას ვყვები, ჟანრიც რომ შენია, ავტორიც, სხვა რაღაცები წაგიკითხავს და მოგწონებია, წესით და კანონით, ესეც უნდა მოგწონდეს, დროც გაქვს, გადარბენით არ ფურცლავ. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, კითხულობ და აი, ვერა რა… მძიმედ მიდის. არანაირი სიამოვნება. არადა, მიტოვებაც გენანება.
ოღონდ იმიტომ არა, აქაოდა, წავიკითხეო, უზარმაზარი დავთარი დაითრიო ხვნეშით და კილომეტრიან სიაში მორიგი პუნქტი გადახაზო. წაკითხული წიგნების და გვერდების თვლა ჯერ არ დამიწყია, ასეც არ გავგიჟებულვარ. ჩემგან თუ გაიგონებთ, წელს ამდენი წიგნი და ამდენი გვერდი წავიკითხეო, ჯერ კარგად გადაამოწმეთ, ფეისბუქის გვერდი ხომ არ გამიტეხეს. მართლა ჩემი ნათქვამი თუ გამოდგა, თითით დამცინეთ – ეს ჩვენი მასპინძელი სულ მთლად გამოპრუტუნებულაო.
ადრე უგემურ კითხვას საკუთარ თავს ვაბრალებდი. მეთქი, არასწორად ვკითხულობ, ან კიდევ რაღაცაშია (უარესში) საქმე. მერე ნელ-ნელა მივხვდი. მივხვდი რა, პასუხი ჩემზე ბევრად ნაკითხი და ჭკვიანი ხალხის ბლოგებში აღმოვაჩინე.
ყველა წიგნს შესაფერი განწყობა სჭირდება. განწყობა თუ არ გაქვს, ჩიპოლინოც არ მოგეწონება. იმ წიგნის ტალღაზე თუ არ ხარ მომართული, უბრალოდ, ვერ ისიამოვნებ. არც ავტორის ამბავია აქ, არც ჟანრის, არც წიგნის ავკარგიანობის. დროსა და მომენტშია საქმე, სხვა არაფერში.
არა ერთი და ორი გადასარევი წიგნი მიმიტოვებია შუა გზაზე მარტო იმიტომ, რომ რაღაც “ისე არ წასულა”. ერთი თვის ან სულაც ერთი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გადმომიღია თაროდან, ან ქინდლში მომიძებნია და მართლა ერთი ამოსუნთქვით ჩამიყლაპავს.
ერთსაც გეტყვით. არ მგონია, ამერიკა აღმოვაჩინო, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, მაგრამ მაინც. ცუდი წიგნები მსოფლიოში ყველაზე კარგ მწერლებსაც აქვთ. ამაში უცნაური არაფერია და საკუთარ გემოვნებასა და შესაძლებლობებში დაეჭვება არ ღირს. აი, მე, მაგალითად, “მიო, ჩემო მიო” ბებია ასტრიდის თაროდან ყველაზე ნაკლებად მომწონს. ერთადერთია, რომელიც არ გადამიკითხავს და არც ვაპირებ. აკუნინის “Любовник смерти” ძლივს ჩავამთავრე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ფანდორინის ბიოგრაფიაში თეთრი ლაქები არ დამრჩენოდა. მერე რა? არც არაფერი.
დარწმუნებული ვარ, არც თქვენთვისაა უცხო მსგავსი ამბები. ისეთი წიგნებიც გექნებათ, მოგვიანებით რომ მიუბრუნდით, ისეთებიც, საბოლოდ ხელი რომ ჩაიქნიეთ და ისეთებიც, ძალისძალად რომ გახვედით ბოლოში – ხანდახან დიდი ხნის ნალოდინევი წიგნი გაგიცრუებს იმედს და მისატოვებლად მაინც არ გემეტება.
ჰოდა, აგერ ბურთი და მოედანი კი არა და, ბლოგი და კომენტარი – გაგვიზიარეთ.