Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

რამბლა, გაუდი, ბარსელონა

$
0
0

მოგზაურობა დამიძველდა, მგონი – კარგა ხანია, ზურგჩანთა არ მომიკიდებია და სახეტიალოდ არ გამიწევია. ჰოდა, მოვიკიდე, ჰოდა, გავწიე, ჰოდა, ჩავჯდები ახლა შავ-ყვითელ ტაქსიში, აი, იმაში, ურბანული ლეგენდის თანახმად სამარცხვინო საქციელს დღემდე რომ ინანიებენ და როგორ გგონიათ, პირველ რიგში სად წავალ? დარწმუნებული ვარ, გგონიათ, რომ სადმე ყავის დასალევად და უგემრიელისი ტურონით პირის ჩასატკბარუნებლად გავიქცევი. აბა, კი!

პირდაპირ არისტიდ მაიოლის ქუჩაზე გავიქცევი, „კამპ ნოუს“ მუზეუმში და მეეჭვება, ვინმემ საღამომდე ფეხი მომაცვლევინოს. ფოტოებსაც სათითაოდ დავათვალიერებ, თასებსაც, ვიდეორგოლებსაც ვუყურებ, გასახდელშიც ჩავალ, კომენტატორის კაბინაშიც შევძვრები და დაკეტვას რომ დააპირებენ, წავალ მერე სასტუმროში, აბა, რას ვიზამ.

რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ ბარსელონაში ვარ, ჩემი საყვარელი კლუბის ქალაქში, რომლის დაარსებაც ერთი ლეგენდის თანახმად, მითიურ ჰერაკლეს უკავშირდება, მეორეს მხრივ კი – სახელგანთქმულ სარდალ ჰამილკარ ბარკას.

მეორე დღეს დილიდანვე ანტონიო გაუდის დღედ გამოვაცხადებ. დილიდან რა, ყავა ხომ უნდა დავლიო და ტურონიც დავაყოლო – ისე ხომ არ წამოვალ ბარსელონადან, თაფლში მოხალული ნუშის დესერტი არ გავსინჯო. ჩამოვჯდები რომელიმე ღია კაფეში და დავტკბები იქაურობით, სანამ საგრადა ფამილიას მივაშურებდე. აუცილებლად უნდა ვნახო ამ გენიოსი კაცის შექმნილი ცისა და მიწის ჰარმონია და ორიოდე გროშიც შევწირო – მხოლოდ შემოწირულობებით შენდებაო და ოდესმე თუ დასრულდება, მეც ვიქნები ამ ამბავში გარეული. ჰო, კიდევ არავინ გამიბედოს და მითხრას, იმ სპირალისებრ კიბეზე ვერ აძვრებიო.

მეორე ნომრად კასა მილას მოვინახულებ, აქაურები „ქვის სამტეხლოს“ რომ ეძახიან. სათითაოდ ჩამოვივლი პატიოებსაც, სახურავის ტერასასაც, ცნობილ მანსარდასაც და არც მუზეუმს დავტოვებ უყურადღებოდ – ხომ უნდა ვნახო, როგორც ცხოვრობდნენ ესპანელი ბურჟუები. ჰოდა, ამ კულტურული შოკის მერე, ვფიქრობ, კარგი სადილი მერგება და იმედია, იქვე რომ პატარა კაფე აქვთ, ცხელ პაელიასაც დამახვედრებენ. მერე იქნებ გუელის პარკში გაუდის სახლ-მუზეუმიც ვნახო და აღარ მგონია, ძილის გარდა რამის თავი მქონდეს.

მესამე დღეს ისევ ყავით დავიწყებ, ოღონდ ამჯერად განთქმული ფლანი უნდა გავსინჯო, კარამელის პუდინგი. ვნახავ ერთი, რით დაიმსახურა ამდენი ქება-დაიდება და გავწევ ისე სახეტიალოდ.

ამჯერად  გოთური კვარტლით დავიწყებ – ძველ ქალაქში სანახავი ყველაზე მეტი იქნება და სუვენირებიც. რამბლას ბულვარზე ვაპირებ ფეხით გასეირნებას, მე შენ გეტყვი, მანქანა გადამეყრება სადმე. წმინდა იაკობის მოედანსაც ვნახავ, რომაელების ფორუმი რომ იყო ადრე, ებრაელების შუასაუკუნეობრივ დასახლებასაც დავათვალიერებ და არაგონის მეფეების სასახლეშიც აუცილებლად შევაღწევ – იქნებ გამიმართლოს და იქაური ფორთოხლის ბაღიდან ერთი ცალი ავწაპნო, სანამ ბარსელონის ისტორიის მუზეუმსაც ვესტუმრები.

მოკლედ, გოთურ კვარტალს კარგა ხანს თავს ვერ დავაღწევ – სხვა თუ არაფერი, წმინდა ევლალიას საკათედრო ტაძარი უნდა ვნახო და იქვე რომაული კედლის ნანგრევებსაც მივუჩაჩქუნო თავი. კარგი, ჰო, ვიცი, რომ ეგ ისრაელშია, მაშინ ჩვენი დიდი რომანტიკოსის დეკლამირებას ვიმყოფინებ“ “ვაჰ, დრონი, დრონი…“

წამოსვლამდე აუცილებლად ჩამოვჯდები სახელგანთქმულ “ოთხ კატაში“, აი, საუკუნეზე მეტი ხნის წინ რომ გაიხსნა პარიზული “შავი კატის“ მიბაძვით და ავადსახსენებელმა ფრანკომ რომ გაასწორა მიწასთან. იქ ვაპირებ, ესკუდელიათი ვივახშმო, საინტერესოა კერძი, რომელიც სამ ნაწილად მოაქვთ – ჯერ ბულიონი, მერე ხორცი და ბოლოს – ბოსტნეული.

ამ ყველაფრის მერე ბარსელონის აკვარიუმის მონახულებას ვაპირებ – ჩემი ბათუმის დელფინარიუმის ნოსტალგია უნდა გავიქარვო. მთლად ზვიგენებთან ერთად ცურვას არ გავრისკავ, მაგრამ შუშის გვირაბში აუცილებლად გავისეირნებ და მინი-აკვარიუმებსაც დავაკვირდები, წყალქვეშა სამყაროს იშვიათი ბინადრები სადაც ცხოვრობენ.

მესამე დღის გეგმა ესპანური სოფლით იწყება, ეჭვი მაქვს, იქ მოსახვედრად ტურზე ჩაწერა აჯობებს. მართალი, დიდად არ მიყვარს ჯგუფურად სიარული, მაგრამ ყველა ესპანური რეგიონიდან თავმოყრილი არქიტექტურის ნიმუშების სანახავად ღირს ჩვევებზე უარის თქმა. შუა საუკუნეების დროინდელი კარიბჭით უნდა შევიდეთ და მერე ჩამოვუვლი არაგონულ, კასტილიურ, ანდალუზიურ კვარტლებს, ხელოსნების ჯიხურებშიც შევიხედავ, სუვენირებსაც წამოვკრეფ და დავბრუნდები ვალმოხდილი.

საღამოს კატალონიის მოედანზე გავისეირნებ, წიგნის რომელიმე მაღაზიაში “პატარა პრინცის“ კოლექციას შევმატებ რამეს, სადმე ჭიქა სანგრიას მოვწრუპავ და ჩემი თავგადასავალიც ამით დასრულდება.

პიკასოს და მიროს მუზეუმების, მონჟუიკის მთის, აგბარის კოშკის, ბოკერიას ბაზრის, ბარსელონის ძველი პორტის, მომღერალი შადრევნების, კოლუმბის ძეგლისა და ათასი სხვა რამის სანახავად მოგვიანებით დავბრუნდები.

აუცილებლად.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles