Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

პატარა ქვეყანა ძალიან დიდი გულით

$
0
0

ძველი ჩინური წყევლა ყოფილა ასეთი – “ცვლილებების ხანაში გეცხოვროსო“. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ორ ზღვას შუა მოქცეულ, მუჭისტოლა საქართველოს ეს ახდენილი წყევლა აჩრდილივით დაჰყვება უკან. ცვლილებების ეპოქის მთელი სიმძიმე ჩემმა თაობამ საკუთარ ზურგზე გამოსცადა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერ ვიტყვი სათქმელს ისე ზუსტად, როგორც ლაშა ბუღაძემ ბოლო წიგნით მოახერხა.

“პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული და, ფაქტობრივად, დოკუმენტური რომანია, ანუ სწორედ იმ ჟანრიდან გახლავთ, მე რომ მაინცდამაინც არ ვწყალობ და ისედაც გადავსებულ თაროებზე ადგილსაც დიდად ვერ ვიმეტებ. თუმცა ამ შემთხვევში ავტორის სახელმა გაჭრა და არც შევმცდარვარ.

მოკლედ, ზის ეს კაცი, წრუპავს ღვინოს (შეიძლება, ლუდს ან ყავას, მაგრამ მე მაინც ღვინო მგონია) და წერს ბედკრული საქართველოს უახლეს ისტორიას, სარკაზმითა და ტკივილნარევი ირონიით უხვად შეკმაზულს, ძალიან რომ ეხერხება, ისე. ყურმოკრულ და სადღაც ამოკითხულ ამბებს კი არ გვიყვება, თავს რაც გადახდენია, იმაზე ლაპარაკობს.

ჰოდა, მოდიან ერთად ეს პატარა, ახლად თავისუფლებანაგემი ქვეყანა და ლაშა ბუღაძე, მოდიან, მოლაპარაკობენ, მაგრამ აცლით ვინმე მშვიდად ბაასს? ცვლილებების ბუმია ირგვლივ, ომები, რევოლუცია, დაკარგული ტერიტორიები, ადამიანური და სახელმწიფოებრივი კონფლიქტები… ამ დიდი ძვრების ფონზე ერთი ახალგაზრდა მწერალი პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, მაგრამ დედის კი არადა, საპატრიარქოს წინ მორბენალ კვიცს რაც ემართება, ხომ ვიცით…

ეს არის წიგნი არშემდგარ მონანიებაზე, პატარა ქვეყნის დიდ პრობლემებზე, ცხვირ, ნიკაპ და მხარბეჭდამტვრეულ ლენინის ბიუსტებზე, სამოქალაქო, სასულიერო, სამწერლო და საოჯახო ომებზე, ცენზორებსა და თავისუფლებაზე, ზიზღის, სიყვარულისა და ფეხებზემკიდია ჯგუფებზე… ძალიან ბევრ რამეზეა ეს წიგნი. პატარა ქვეყნის დიდ პრობლემებზე გვიამბობს ბევრს, ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყვება იმ რთულ გზას, რომელზეც მესამე ათეული წელია, მოვაბიჯებთ, მედგრად ვუძლებთ (ნუ გაუძლებ, თუ ბიჭი ხარ) ყველა განსაცდელს, არც ეკონომიკური ბლოკადა გვაშინებს, არც შინაური თუ გარეული აგრესია, არც ნაირ-ნაირი ეროვნული მარში. ისე, რა ვიცი, შეიძლება, ძალიანაც გვაშინებს, მაგრამ ხომ არ ვიმჩნევთ?

აგერ, ბუღაძესაც ეშინოდა, გარყვნილებასა და მეფე-წმინდანის შეურაცხყოფაში რომ სდებდნენ ბრალს, მაგრამ ხომ ხედავთ, გადარჩა, არც წერისთვის დაუნებებია თავი და, საერთოდაც, არანაირად არ გამოსწორებულა. ისევ ის სახითა ტარტაროზი და სჯულითა ბარბაროსი დარჩა, რაც იყო და აგერ, მშვენიერი ახალი წიგნიც გამოაცხო ჩვენს პატარა ქვეყანაზე, რომელსაც ძალიან, ძალიან დიდი გული აქვს. გამოაცხო, მუჭა-მუჭა აყარა წვრილად დაჭრილი ირონია, დაფქვილი სარკაზმი, კარგად დაბლენდერებული სიყვარული, მერე მორცხვად, ერთ პატარა კუთხეში მწიკვი იმედიც მოაფრქვია და აჰა, თქვენი იყოსო, გვითხრა.

კარგად მოიქცა, მე თუ მკითხავთ. წაიკითხეთ და ეჭვი არ მეპარება, დამეთანხმებით.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles