Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ერთი ჰეშთეგი კაპიტნისათვის

$
0
0

vote for zaza pachulia image

NBA-ს წლევანდელი “ოლ სტარის”, ზაზა ფაჩულიას და ჰეშთეგის ამბავი ყველას გეცოდინებათ.

უკმაყოფილო სტატუსებსაც შეხვდებოდით, რა ამბავიაო, სპორტული პრინციპის დარღვევააო, NBA თუ იცით, საერთოდ, რა არის და კალათბურთის ბურთი თუ გინახავთ ახლოდან, რა ფერიაო.

არ მიკვირს. პირველად კი არ ხდება. წიგნის ფესტივალია და წიგნების სურათებს რატომ დებენ, თავს იწონებენ, თორემ კითხვით მაინც არ კითხულობენო, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეხბურთზე რატომ ლაპარაკობენო, გალაკტიონის დაბადების დღეზე გალაკტიონის ლექსებს რატომ აზიარებენო, Ice Bucket Challenge-ზე – რაის ქველმოქმედება, წუწაობა უნდოდათ და მიზეზი გამონახესო… ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. Welcome to the social network.

ღმერთი, რჯული, ხატი, არ ვწუწუნებ. ძნელია ვინმეს სტატუსებით შეწუხება, როდესაც unfollow, unfriend და block არსებობს. სტატუსები კი არა, ვირუსები და გაურკვეველი წარმოშობისა და დანიშნულების ჯგუფებში დამატება არ მაწუხებს. ჩამოვუვლი კვირის ბოლოს და ვშლი არხეინად. იმაზე მეცინება, “ბინების ყიდვა-გაყიდვაც”, “ქართველი მელიორატორებიც”, “პოლინეზიური კინოს ფანებიც” და “ჩასაფრებული მაჩვიც” ერთი სურათით რომ იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა პოსტის თემაა.

მოკლედ, არ იფიქროთ, ამ ბლოგპოსტს შეწუხებული, გაბეზრებული და თავატკივებული ვწერდე. არ ღირს სტატუსების ძალისა და მნიშვნელობის ასე გადაჭარბებით შეფასება. უბრალოდ, ამ კამპანიის მოწინააღმდეგეთა არგუმენტაცია მაინტერესებს.

წესებს ვარღვევთ? სადმე წერია, რომ მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ მხარდაჭერის უფლება? მაჩვენეთ და პიონერულ სიტყვას ვიძლევი, იმ წამსვე ჩამოვუვლი საკუთარ ვოლს და ყველა ჰეშთეგს წავშლი. ბოდიშსაც მოვაყოლებ, მე მაპატიეთ, შემეშალა-მეთქი.

ან ვინ თქვა, რომ გამოკითხვაში მხოლოდ კალათბურთში განსწავლულები უნდა მონაწილეობდნენ? ეს აქცია, ჩემი მოკრძალებული აზრით, გულშემატკივრებისაა და გულშემატკივრობა სხვადასხვანაირი არსებობს. საუკეთესო და საყვარელიც, თუ კარგად დააკვირდებით, ორი სხვადასხვა ცნებაა. NBA-ში მჯობნის მჯობს რა დალევს, ამდენს ვხვდები, მაგრამ ზაზა ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველგან და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთია, კალათბურთი, კერლინგი თუ დომინო.

მე ის დრო მახსოვს, პირველი არხი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის თამაშებს რომ აჩვენებდა,  კიევის “სტროიტელს” და ლენინგრადის “სპარტაკს”, ენბიეიზე ბევრი არაფერი გვსმენოდა, თავბოლოწაჭრილი “ოლ სტარი” კასეტებით ვრცელდებოდა და იმ ნაკლულ კასეტებს უყურებდა დაინტერესებული ხალხი. ახლა NBA კი არა, ლამის მარსია ხელმისაწვდომი, დავსხდებით ტელევიზორთან კომფორტულად, ვნახავთ მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მაგარ სპორტულ შოუს და ქართველიც თუ გამოერევა მოთამაშეებში და საქართველოსაც თუ ახსენებენ მსოფლიოს გასაგონად, ამით ვის რა დააკლდება?

ჩემი ამბავი ხომ იცით, ურაპატრიოტი არასოდეს ვყოფილვარ. უფრო პირიქით. ოღონდ შენიანის მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი მგონია. “ოლ სტარში” მონაწილეობა, სხვა, უფრო გლობალურ, მიზეზებს რომ გავეშვათ, ზაზასთვის არის მნიშვნელოვანი და, ღმერთმანი, არ ღირს კაპიტნისთვის ერთი ჰეშთეგის დამადლება.


Filed under: კლიché Tagged: ზაზა ფაჩულია, კალათბურთი, კლიché, ოლ სტარი, ფეისბუქი, ჰეშთეგი, dallas mavs, NBA, NBA All-Star 2016

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles