Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

დელფინიანი წიგნებისათვის

$
0
0

დღეისთვის სულ სხვა პოსტი უნდა დამეწერა.

საახალწლო აურზაურის, ნეტარი უსაქმურობისა და გემრიელი ძილის შემდეგ 2015 წლის ბიბლიოამბების ერთიანი მიმოხილვა მქონდა ჩაფიქრებული.

შარშანდელ ამბებს მოვყვებოდი ახალ და დახურულ წიგნის მაღაზიებზე, ახალ გამოცემებზე, შეწყვეტილ სერიებზე,  რედაქტორებზე, ილუსტრატორებზე და იმ გამომცემლობაზეც, შარშან თებერვალში რომ გაჩნდა ჩემს ქალაქში.

ვილაპარაკებდი ათ თვეში გამოცემულ ორმოცდახუთ დელფინიან წიგნზე, მართლაც ფანტასტიკურ “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკაზე”,  ბრედბერის, ჰაინლაინის, სტრუგაცკების, დიკის, კლარკის, ლე გუინის, საპკოვსკის, ლავკრაფტის, გლუხოვსკის ცინცხალ თარგმანებზე, ბილი მილიგანზე და ტისტუზე, სრულად გადმოქართულებულ “ელჯერნონზე”, “მარსელზე”, ნატოს “აიას გზაზე”, “ალდენორზე”, “მხევლის წიგნზე” და კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ათასი მკითხველის ათასჯერ ნათქვამს – “წიგნები ბათუმში” ძალიან მაგარ რაღაცებს ბეჭდავს.

ბიბლიომიმოხილვას აუცილებლად დავწერ, ოღონდ დღეს არა. დღეს ანალიტიკისთვის არ გვცხელა.

ორშაბათს, ოთხ იანვარს, ბათუმში,  თოვლმა დააზიანა მაღაზია “წიგნები ბათუმში”-ს საწყობი, წიგნების 50%-ზე მეტი განადგურებულია. მოწყვეტილმა თოვლის მასამ მაღაზიის შესასვლელი კარის და ვიტრინის საფარველი ჩამოანგრია და მინები ჩაამსხვრია. ზარალი 10 000 ლარს შეადგენს.

ერთი აბზაცია, რამდენიმე მშრალი წინადადება, მაგრამ რამხელა ტკივილია ამ სიტყვების უკან, იოლად წარმოიდგენთ. ვისაც მარისა და ირაკლისთვის თვალი უდევნებია, ვისაც ისინი ერთხელ მაინც უნახავს მაღაზიაში, წიგნებთან, ვისაც მოუსმენია, როგორ ლაპარაკობენ წიგნებზე, იოლად მიხვდება, ახლა რას განიცდიან.

გამომცემელი არ ვარ, მაგრამ კარგად მესმის, რა საშინელებაა, ჩლუნგი სტიქია შენი შრომის შედეგს შენ თვალწინ რომ ანადგურებს, უყურებ და ვერაფრით შველი. ათი ათასჯერ უარესია, ვიდრე ათი ათასი ლარის დაკარგვა

ვაი-ვიში, შეცხადება და “ეს რა მოგსვლიათ”  საქმეს არ შველის. არც მაღალფარდოვანი და გულისამაჩუყებელი ტირადები მეხერხება. ერთი რიგითი ბლოგერი გახლავართ და ბლოგის სტუმრებსაც და მასპინძელსაც დელფინიანი წიგნები ძალიან უყვართ. ასე რომ, მირჩევნია, ორიოდე სიტყვა იმაზე ვთქვა, ამ ცუდ ამბავში შეხიდება რანაირად შეგვიძლია.

ამუშავებულია დონაციის მარტივი და მოხერხებული მექანიზმი. სულ რამდენიმე წკაპია საჭირო.

გამოქვეყნებულია ანგარიში. ჯგუფშიც დევს, საგანგებო პოსტერზეც და აქაც დავწერ, ყოველი შემთხვევისათვის.

ს/კ 445450271
GE76BG0000000882516500

წუხელ, generosity-ზე, თაკო გახოკიძის მინაწერი წავიკითხე. განსაკუთრებით ემოციური ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სათვალე მაინც გასაწმენდი გამიხდა.

“Help would always be given at Hogwarts to those who deserve it”.

ყველაფერი კარგად იქნება.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დელფინიანი წიგნები, თოვლი, ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი, სტიქია, წიგნები ბათუმში, generosity.com

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles