თბილისის წიგნის დღეები, ტრადიციულად, ოთხდღიანია და ამ ოთხი დღიდან ორი, ასევე ტრადიციულად, სამუშაოა. ჰოდა, თუ თქვენც ხუთშაბათს და პარასკევს ჩემსავით სამსახურში ხართ გამომწყვდეული, რამე უნდა მოიფიქროთ, თორემ შაბათ-კვირა, ამხელა ამბისთვის, ღმერთმანი, ცოტაა.
წლევანდელი ბიბლიოაურზაურის ლოკაცია “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებია, წერეთელზე. “თბილისი მოლის” სტუმართმოყვარე კაფეები კი დაგვაკლდება, მაგრამ, მოდი, ესეც ვთქვათ, რომ წიგნის ფესტივალისთვის “ექსპოს” სივრცე უკეთ ადაპტირებულია და ჯანდაბას, სენდვიჩებს ზურგჩანთით წამოვიღებ.
გამომცემლობებმა კატალოგები უკვე გამოაქვეყნეს. დარწმუნებული ვარ, კიდით კიდემდე შეისწავლიდით და საკბილოსაც მოინიშნავდით, მე კი მოლის საფესტივალო რუკას გაგიზიარებთ. მე ჩემსას გეტყვით, თქვენ – თქვენსას და სოფელიც აშენდება.
ასე გამოდის, რომ ნოემბერ-დეკემბრის წიგნის დღეები და საახალწლო ბიბლიოივენთები ფასდაკლებებზეა ორიენტირებული. ისე არ გამიგოთ, თითქოს ახალი გამოცემები არ იქნება. არანაირად. აბა, პოსტს რისთვის ვწერ… უბრალოდ, სიახლეები მაისში მეტია ხოლმე. დისქაუნთზე და პროცენტებზე კატალოგებში უკეთ წერია, მე ახალ წიგნებზე მოგიყვებით. მაისში უფრო მეტია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ახლაც იმდენია, ერთ თავმოყვარე თაროს შეავსებს.
“ოჩობუქსი” ახალი სერიის პრეზენტაციას გეგმავს. “აღმოსავლეთი” უძველეს აღმოსავლურ ლიტერატურულ ძეგლებს გააერთიანებს და წარსულში მოგზაურობა “გილგამეშიანით” დაიწყება. “ოჩოს” პირველი წიგნიდან ვგულშემატკივრობ, ერთიც არ გამომიტოვებია, თან ჩემი ამბავი ხომ იცით – სერიები და ტომეულები განსაკუთრებით მიყვარს, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა. ჰოდა, არ გამოვტოვებ.
წიგნის დღეებში, მოგეხსენებთ, მხოლოდ გამომცემლობები არ მონაწილეობენ. აგერ, “შექსპირი და კომპანია“, გახსნის დღიდან, ერთ მსხვილ ივენთსაც არ დაჰკლებია. ხვალაც არ დაგვაღალატებს და ექსპოში დაგვხვდება, ბევრი რუსულენოვანი წიგნით, “Taschen”-ის გადასარევი ალბომებით, 50%-იანი ფასდაკლებით, საფირმო პოსტერებით. შექსპირისთვის გვერდის ავლა არ ღირს, მანდ სულ საინტერესო და უჩვეულო რაღაცები აქვთ.
“სულაკაურთან” რ. ჯ. პალაციოს “საოცრება” უნდა მოვიკითხო. აქტუალური წიგნია, ბულინზე. ჩუმი ფერისცვალების ლამაზი, მხიარული და ცრემლისმომგვრელი ამბავიო, ყდას აწერია და ხელიდან ვერ გავუშვებ. ბანერზე კერი სმიტის “არ დაინდო დღიურიც” აქვთ და ვკვდები, ისე მაინტერესებს, რა ხდება მანდ, მხატვრის კრეატიული ბლოკნოტიო, დამანგრეველ შემოქმედებას შეუერთდითო, მილიონიანი ტირაჟით გაყიდულა. მოკლედ, უნდა ვნახო.
“პალიტრა L” პავილიონს შოურუმად აქცევს, სივრცეს მუზეუმის სახე ექნებაო, გვპირდება, ყველაზე პოპულარულ სერიებზე დისქაუნთს გეგმავს, სიახლეებიდან ტოპ თრილერის მორიგი ტომი ექნება – კენ ფოლეტის “უკუათვლა”, ამერიკისა და საბჭოეთის კოსმოსისთვის ბრძოლის ამბები და ჰერმან კოხის “ვახშამი”, ფრიად დამაინტრიგებელი რომანი, სადაც ყველა გმირი, იმავდროულად, ანტიგმირია და ყველა ანტიგმირი ცოტათი მაინც გმირი.
“ლიბერთინსს” ემი იტერანტა სტუმრობს, “წყლის საიდუმლოს” ავტორი. დილით ჩამოსულა და ხვალ, 4 საათზე, მკითხველს შეხვდება. ლიბერთინსელების რაოდენობას და აქტიურობას თუ გავითვალისწინებთ, აშკარად ყველაზე ხალხმრავალი ივენთი იქნება. ძალიანაც კარგი. ფესტივალი იმის ფესტივალია, სტუმრები დაპატიჟო და ზეიმი მოაწყო, თორემ წიგნს მაღაზიაშიც იყიდის კაცი.
ბათუმელებს ახალი ხუთეული აქვთ, Fantastic Five, ფერადები და ერთი მეორეზე უკეთესები. “ნარნიას ქრონიკების” და “მხედვარის” მეორე ნაწილებს, ვეჭვობ, დიდი წარდგენა არც სჭირდება. კასანდრა კლერის “სასიკვდილო იარაღების” მეორე წიგნიც დაიბეჭდა, “ფერფლის ქალაქი”, ამ ტრილოგიას ისეთი ერთგული მკითხველი ჰყავს, სადღაც კმაყოფილიც კი ვარ, შინ რომ მიდევს და კილომეტრიან რიგში არ მომიწევს ჩადგომა. ყველაზე მეტად კი რობერტ ჰაინლაინის “კარი ზაფხულში” მიხარია, კლასიკური ფანტასტიკის მარგალიტი და, რა თქმა უნდა, ძმები სტრუგაცკების “ორშაბათი იწყება შაბათს”, ჟანრის მოყვარულთათვის აბსოლუტური must read ტექსტი.
“დიოგენეს ბიბლიოთეკას” ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” და იტალო კალვინოს “უხილავი ქალაქები” დაემატება, ყოვლად გადასარევ “ამერიკელებს” – ჯონ აპდაიკის “ბრაზილია“, ტრეისი შევალიეს “გოგონა მარგალიტის საყურით” ისტორიული რომანია, ვერმეერის შედევრის შექმნის ორიგინალური ვერსია, ამბავს თავად ის გოგო ყვება, ჯერ არ წამიკითხავს და დეტალებზე მერე იყოს, მაგრამ ერთი წიგნის ფასი ყდა აქვს და, სულო ცოდვილო, იმ ყდის გამო იყიდის თავდადებული მკითხველი. ჰო, ყველაზე მაგარი ამბავი – წიგნის დღეებისთვის სტივენ კინგის “ბნელი კოშკის” გაგრძელებაც მოხერხდა. მესამე წიგნის – “უნაყოფო მიწების” – მეორე ნაწილი მოესწრო. მთარგმნელი ისევ ნიკა სამუშიაა, რაც განსაკუთრებით მახარებს.
“ინტელექტისთვის” წლევანდელი წიგნის დღეები, პირველ რიგში, მარკესი და პავიჩია. თავად განსაჯეთ – დიდი კოლუმბიელის სამი წიგნი – “ფოთოლცვენა”, “თორმეტი მოხეტიალე მოთხრობა” – ბარსელონაში, ჟენევაში, რომში, პარიზში და ევროპის სხვა ქალაქებში დახატული მოზაიკა, “ერთი მოტაცების ამბავი” და ორიც პავიჩი – “ბელგრადის ბიოგრაფია” და “ქარის შიგნითა მხარე” – ორივეს დიდი ხანია, ველოდებით.
“არტანუჯს“ სამი non fiction აქვს გეგმაში, მაგრამ როგორი – ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები, შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – “მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” – ერთი ქართულ-აფხაზული ოჯახის ტრაგედია და, ალბათ, ყველაზე ტკბილი ლუკმა – ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიური“.
დიახ, დიახ, ის სახელგანთქმული “რუსული დღიური”, სტაინბეკის და რობერტ კაპას საბჭოთა კავშირში ორთვიანი მოგზაურობის ქრონიკები, წინა საუკუნის ორმოციანი წლების დასასრულის მოსკოვი, კიევი, სტალინგრადი და, რაც ყველაზე საინტერესოა, საქართველო. რკინის ფარდის მიღმა ადამიანების ყოველდღიურობა, უზომოდ საინტერესო ტექსტი და ვიზუალი.
წიგნის ფესტივალებზე გამორჩევა არ მიყვარს, ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ მარკესს, პავიჩს და სტაინბეკ-კაპას ქრონიკებს სხვანაირად ველოდები. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მოესწრება.
ჰო, არ გამომრჩეს, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ოცდაშვიდში, პარასკევს, თერთმეტი საათიდან, გამომცემლებსა და რედაქტორებს “ექსპოს“ მესამე პავილიონში, ყველაზე დიდი ნორვეგიული გამომცემლობა “კაპელენ დამ”-ის თარგმნილი ლიტერატურის რედაქტორის, ჟურნალისტისა და მუსიკოსის ბერნარდ მორის სემინარზე ეპატიჟება. თემაა ისეთი საინტერესო და აქტუალური – “წარმატებული რედაქტორი კონკურენტუნარიან ბაზარზე” – რედაქტორი არ ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი, ღმერთმანი.
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ეს, რაც მე მოვყევი და რაც პოსტში არ ჩაეტია – ცალკე ამბავია. შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, საჩუქრები, წიგნის ფესტივალს სიურპრიზების გარეშე როდის ჩაუვლია, ახლა გაუწყრეს ღმერთი… მოკლედ, რამე უნდა ვიღონო. უიქენდი მართლა არ მეყოფა.
Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის დღეები, ინტელექტი, ლიბერთინსი, პალიტრა L, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ochobooks
