Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ორსონ სკოტ კარდი. ენდერის თამაში

$
0
0

ორსონ სკოტ კარდი

ენდერის თამაში

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ალექსი სიუკაევი

რედაქტორი – ია ვეკუა

დიზაინი – მაია ხუტიაშვილი

კორექტორი ანა ყიასაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

პირველი თავი

 

 

მესამე

 

– …მისი თვალებით ვხედავდი, მისი ყურებით ვისმენდი და გარწმუნებთ – რჩეულია, სწორედ ისაა, ვისაც ვეძებდით. იდეალთან იმდენად ახლოსაა, რამდენადაც შესაძლებელია.

– უფროს ძმაზეც ამას ამბობდით.

– მისი ძმის გამოყენება სულ სხვა მიზეზის გამოა შეუძლებელი. ძმის შემთხვევაში, ეს შესაძლებლობები არაფერ შუაშია.

– დაზეც იმავეს თქმა შეიძლება, თუმცა, ეს ბიჭიც საეჭვო ჩანს. ზედმეტად დამყოლია. სხვა ადამიანების ნებას იოლად ემორჩილება.

– მხოლოდ მაშინ, თუ ეს ადამიანები მტრები არ არიან.

– მაშ, როგორ მოვიქცეთ? ვიზრუნოთ, რომ მუდამ მტრების გარემოცვაში იყოს?

– თუ საჭირო იქნება.

– მახსოვს, აღნიშნავდით, თითქოს ეს ბიჭი მოგწონდათ…

– როდესაც იმაგოების ხელში ჩავარდება, მათ ფონზე კეთილ ბიძიად გამოვჩნდები.

– კარგი. ბოლოს და ბოლოს, საქმე სამყაროს გადარჩენას ეხება. აიყვანეთ.

 

მონიტორების განყოფილების ექთანმა თბილად გაუღიმა და თმა აუჩეჩა:

– ენდრიუ, წარმომიდგენია როგორ მოგბეზრდა ეს საშინელი მონიტორი. თუმცა შენთვის კარგი ამბავი მაქვს – დღეს მისგან გათავისუფლდები. უბრალოდ ამოგაცლით. ეს სულაც არაა მტკივნეული, ოდნავაც ვერ იგრძნობ.

ენდერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ცხადია, სრული სიცრუე იყო, რომ “ოდნავაც ვერ” იგრძნობდა. უფროსები ხომ სწორედ ასე ცრუობდნენ ხოლმე, როდესაც სახიფათოსა და ნაკლებად სასიამოვნოს გეგმავდნენ. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ყველაფერს იგრძნობდა. ზოგჯერ ტყუილი სიმართლეზე მეტს ამბობს.

– ენდერ, მოდი, გასასინჯ მაგიდაზე ჩამოჯექი. მცირე შემოწმებას ჩაგიტარებ. მალე ექიმიც შემოვა.

ესე იგი, მონიტორს მოაშორებენ! ენდერი შეეცადა, წარმოედგინა, რომ კისერში ჩამონტაჟებული ის პატარა მოწყობილობა აღარ შეაწუხებდა: “ლოგინში ისე ვიკოტრიალებ, რომ ბალიშის პირს არ გამოედება, არც იმას ვიგრძნობ, როგორ ხურდება და მჩხვლეტს შხაპის მიღებისას. პიტერიც აღარ იგრძნობს ჩემ მიმართ სიძულვილს. შინ რომ მივალ და მონიტორის გარეშე დამინახავს, მიხვდება, რომ ვერც მე ჩავაბარე გამოცდა და ისევ ჩვეულებრივ ბიჭად ვიქეცი, ზუსტად ისეთად, როგორიც თავადაა. მაშინ ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. მაპატიებს, რომ მონიტორს მასზე ერთი წლით დიდხანს ვატარებდი და ჩვენ…

არა, ალბათ, მეგობრები ვერ გავხდებით. პიტერი სახიფათოა. ის ძალიან ადვილად ბრაზდება. ჩვენ უბრალოდ ძმებად დავრჩებით. არც მტრები ვიქნებით, არც მეგობრები. ძმებად დავრჩებით და ერთ სახლში ვიცხოვრებთ. ის აღარ იგრძნობს ჩემ მიმართ სიძულვილს და თავს დამანებებს. და როდესაც იმაგოებსა და ასტრონავტებს შორის ომობანას მოინდომებს, იქნებ არც მომიწიოს თამაში… ჩემთვის სადმე მოვკალათდები და წიგნს წავიკითხავ.”

თუმცა, ენდერმა კარგად იცოდა, რომ პიტერისგან თავს ვერასდროს დაიხსნიდა. გაბრაზებული პიტერის მზერაში რაღაც საზარელი იგრძნობოდა……ენდერი ამას მაშინვე ხვდებოდა – ძმის მოელვარე თვალები იმის ნიშანი იყო, რომ თავს არასდროს დაანებებდა .

“ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობ, ენდერ, მოდი, ნოტების ფურცელი გადამიშალე. ოჰ, იქნებ ძმის დასახმარებლად არ გცალია, მონიტორის ბიჭუნავ? მეტისმეტად ჭკვიანი ხარ, არა? კოსმოსში იმაგოების ხოცვას აპირებ? არა, არა, არ მჭირდება შენი დახმარება. თავადაც გავართმევ თავს, შე პატარა ნაბიჭვარო, საძაგელო მესამევ”.

– პროცედურა დიდხანს არ გასტანს, ენდრიუ, – უთხრა ექიმმა.

ენდერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– მოწყობილობას ყოველგვარი ტკივილის გარეშე მოვხსნით, არც ინფექციის საშიშროება არსებობს. მცირე ღიტინს იგრძნობ, ზოგი იმასაც ჩივის, თითქოს უეცრად რაღაც დაკარგეს. ძებნას დაიწყებ, პოვნას შეეცდები, მაგრამ ვერ შეძლებ, რადგან აღარ გემახსოვრება, რას ეძებ. ამიტომ პირდაპირ გეტყვი – შენ იმ მონიტორს ეძებ, რომელიც უკვე აღარ გაქვს. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში გაგიქრება.

საუბრისას ექიმი ენდერის კეფასთან რაღაცას ატრიალებდა. მოულოდნელად აუტანელი ტკივილი იგრძნო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს კისრიდან საზარდულამდე ნემსი ჩაარჭვეს. ზურგში დაუარა და უეცრად მთელი ხერხემალი გაუშეშდა, მაგიდიდან მოწყვეტით გადავარდა და თავით საწოლზე დაემხო. გრძნობდა, როგორ აქნევდა ფეხებს, ხელები კი ისე მჭიდროდ გქონდა ერთმანეთზე მიტყუპებული და მომუჭული, რომ ოდნავ ტკივილსაც გრძნობდა.

– დიდი, – დაიყვირა ექიმმა, – მჭირდები!

პალატაში ექთანი შემოვარდა. სულს ძლივს ითქვამდა.

– ეცადე, კუნთები მოუდუნო. სწრაფად იმოქმედე! რას ელოდები?!

ენდერი ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ხელებს ვერ იმორჩილებდა. ერთ მხარეს გადაიწია და გასასინჯი მაგიდიდან მთელი სხეულით გადმოვარდა.

– დაიჭირეთ! – იყვირა ექთანმა.

– უბრალოდ, მყარად გეჭიროს…

– თქვენ გააკავეთ, ექიმო, ჩემთვის მეტისმეტად ძლიერია…

– ბოლომდე ნუ გაუკეთებ! ზედმეტი დოზა გულს გაუჩერებს!..

ენდერმა პერანგის საყელოსთან, კისერში, ნემსის ჩხვლეტა იგრძნო. აეწვა, მაგრამ რაც უფრო მეტად ედებოდა სხეულს მხურვალება, კუნთები მით უფრო უდუნდებოდა. ახლა უკვე შესწევდა ძალა, შიშისა და ტკივილისგან ეყვირა.

– კარგად ხარ, ენდრიუ? – ჰკითხა ექთანმა.

ენდრიუს ლაპარაკიც აღარ ახსოვდა. ასწიეს და ისევ მაგიდაზე დააწვინეს. პულსი გაუსინჯეს და სხვა პროცედურებიც ჩაუტარეს, მაგრამ თავად ვერაფერს იგებდა.

ექიმი ცახცახებდა. საუბრისას ხმა უთრთოდა.

– ამ მოწყობილობებს ბავშვების სხეულებში სამი წლის განმავლობაში ტოვებენ. ნეტა რა შედეგს ელიან?! შეიძლებოდა დაგვეკარგა კიდეც, ხვდები ამას? შეიძლებოდა მისი ტვინი სამუდამოდ გამოგვერთო!

– წამლის მოქმედება როდემდე გასტანს? – იკითხა მედდამ.

– აქ ერთი საათით მაინც დატოვე. ყურადღება მიაქციე. თუ 15 წუთის შემდეგ ლაპარაკს არ დაიწყებს, დამირეკე. არადა მართლა შეგვეძლო გაგვეთიშა. მე ხომ იმაგოს გონება არ მაქვს.

მის პამფრის გაკვეთილზე ზარის დარეკვამდე 15 წუთით ადრე შევიდა. ფეხზე ჯერ კიდევ მყარად იდგა.

– თავს კარგად გრძნობ, ენდრიუ? – იკითხა მის პამფრიმ.

თავი დაუქნია.

– ცუდად იყავი?

ბიჭმა თავი გააქნია.

– არც ისე კარგად გამოიყურები.

– კარგად ვარ.

– ჯობს, დაჯდე, ენდრიუ.

თავისი ადგილისკენ გაემართა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. “რა ხდება?! საერთოდაც… რას ვეძებ?!” ვერაფრით იხსენებდა.

– შენი ადგილი აი, იქ არის, – შეახსენა მის პამფრიმ.

დაჯდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ამის გაკეთებას საერთოდ არ აპირებდა. სხვა რაღაც სურდა, რაღაცას ეძებდა. “იყოს, სხვა დროს ვიპოვი”.

– შენი მონიტორი, – ჩურჩულით ჩაილაპარაკა მის უკან მჯდომმა გოგონამ.

ენდერმა მხრები აიჩეჩა.

– მისი მონიტორი, – სხვებსაც გადაუჩურჩულა გოგონამ.

ენდერმა ხელი ასწია და კისერი მოისინჯა. მონიტორის ნაცვლად რბილ პლასტირს შეეხო. ესე იგი, ახლა თავადაც ისეთია, როგორიც ყველა დანარჩენი.

– გამოგაგდეს, ენდი? – ჰკითხა ბიჭმა, რომელიც გვერდითა რიგში ოდნავ უკან იჯდა.

მის სახელს ვერ იხსენებდა. პიტერი? არა, ვიღაც სხვა იყო.

– ჩუმად იყავით, მისტერ სტილსონ, – სათვალის ზემოდან ამოიხედა მის პამფრიმ.

სტილსონმა სულელურად გაიღიმა.

მის პამფრი გამრავლებაზე საუბრობდა. ენდერი მერხზე ხატავდა. მთიანი კუნძულების კონტურული რუკა დახატა. შემდეგ მერხს უბრძანა, დახატული კუნძულების სამგანზომილებიანი გამოსახულება ყველა შესაძლო კუთხიდან ეჩვენებინა. მასწავლებელი უთუოდ შენიშნავდა, რომ ენდერი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ბიჭს ხელს არ შეუშლიდა. ენდერს ყოველთვის ჰქონდა სწორი პასუხი, მაშინაც კი, როდესაც მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი არ უსმენდა.

უცებ ენდერის მერხის კიდეზე სიტყვა გამოჩნდა და პლანშეტის მთელი პერიმეტრის გავლით ქვევით დაიძრა. თავიდან უკუღმა მოჩანდა, მარჯვნიდან მარცხენა მიმართულებით იყო დაწერილი, მაგრამ ენდერმა მაინც მოახერხა, სიტყვა იქამდე წაეკითხა, ვიდრე ეკრანის ქვედა კიდემდე მოაღწევდა და სწორად გამოჩნდებოდა.

მესამე

ენდერს გაეღიმა. პირველი სწორედ ის მიხვდა, როგორ უნდა გაეგზავნათ შეტყობინებები და აემოძრავებინათ ტექსტი, ამიტომ ძალიან სიამოვნებდა, როდესაც შეტყობინებებს იღებდა – მაშინაც კი, როდესაც მტრულად განწყობილი თანატოლები ასეთი დამამცირებელი ეპითეტებით ამკობდნენ. მესამე იყო, მაგრამ ამაში თავად ბრალი არ მიუძღოდა. მისი პროექტში ჩართვა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სხვა შემთხვევაში, ენდერის მსგავს მესამეს სკოლაში სიარული არ ეღირსებოდა. ახლა კი მონიტორიც ამოაცალეს. ექსპერიმენტი “ენდრიუ უიგინი” წარუმატებლად დასრულდა. “დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლოთ, სიამოვნებით გააუქმებდნენ იმ ნებართვას, რომელმაც დაბადების უფლება მომცა”, ფიქრობდა ენდერი. “თუ ექსპერიმენტი არ მუშაობს, დაე, საერთოდ გააქრონ”.

ზარი დაირეკა. მოსწავლეების ნაწილმა მერხი გამორთო, დანარჩენებმა კი ელექტრონულ ბლოკნოტებში ნაჩქარევად ჩაიწერეს შენიშვნები. რამდენიმე მოსწავლე გაკვეთილებსა და სხვა მონაცემებს სახლის კომპიუტერში იწერდა, ზოგიერთი კი პრინტერთან იდგა, ვიდრე აპარატი მათთვის სასურველ გამოსახულებას არ დაბეჭდავდა.

ენდერმა ხელები მერხის კიდეზე განლაგებული საბავშვო კლავიატურისკენ წაიღოი. უცებ წარმოიდგინა, რომ ზრდასრულებივით დიდი ხელები ჰქონდა. გაიფიქრა კიდეც, როგორი მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო ხორციან ხელისგულზე გამოსხმული სქელი, ტლანქი თითებით ბეჭდვა. ცხადია, უფროსებს უფრო დიდი კლავიატურები აქვთ, მაგრამ როგორ ავლებენ სქელი თითებით ისეთ სწორ ხაზს, როგორსაც ენდერი ავლებდა?! თავად იმდენად წვრილი და ზუსტი ხაზი გამოჰყავდა, რომ მისგან 79 ხვეულის მქონე სპირალს ისე მიიღებდი, ხაზები ერთმანეთს არ გადაკვეთდა. სწორედ ასე ცდილობდა ხოლმე ენდერი დროის გაყვანას, ვიდრე მასწავლებელი არითმეტიკის შესახებ რაღაცას ბურდღუნებდა. არითმეტიკა! ვალენტაინმა არითმეტიკა მაშინ ასწავლა, როდესაც ბიჭი სამი წლის იყო.

– კარგად ხარ, ენდრიუ?

– დიახ, ქალბატონო.

– ავტობუსს ვეღარ მიუსწრებ.

ენდერმა თავი დაუქნია და წამოდგა. სხვა ბავშვები უკვე წასულიყვნენ, მაგრამ იცოდა – რამდენიმე მათგანი მაინც დაელოდებოდა და ჩაუსაფრდებოდა. კისერზე აღარ ჰქონდა მოწყობილობა, რომელიც მისი თვალებით იყურებოდა და ყურებით ისმენდა. გამომცდელები მის ცხოვრებას სწორედ ასე აკონტროლებდნენ. ახლა კი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვინმემ ისე დაარტყას, რომ ვერავინ დაინახავს და არც დასახმარებლად მოვა ვინმე. მონიტორს აშკარად ჰქონდა უპირატესობები, რომლებიც ენდერს უკვე ენატრებოდა.

რა თქმა უნდა, სტილსონი იყო. ფიზიკურად სხვა ბავშვებივით დიდი არ იყო, მაგრამ ენდერზე მაღალი ნამდვილად გახლდათ. გვერდით სხვებიც ედგნენ. როგორც ყოველთვის.

– ჰეი, მესამევ!

“არ ვუპასუხებ, არაფერი მაქვს სათქმელი”

– ჰეი, მესამევ, შენ გელაპარაკებით, იმაგოების მოყვარულო! შენ გელაპარაკებით, მესამევ!

“არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. რაც უნდა ვთქვა, ჩემი ნათქვამი მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამიტომ არაფერს ვიტყვი.”

– ჰეი, მესამევ, თავს გვარიდებ, შე ნაგავო? გეგონა, რომ ჩვენზე უკეთესი იყავი, მაგრამ დაგეკარგა ამუნია, სამუნია. მის ადგილას ახლა პლასტირი გაააქვს.

– გამატარებ? – ჰკითხა ენდერმა.

– გავატაროთ? მივცეთ ნება, გაიაროს?

ყველამ გაიცინა.

– ცხადია, გაგატარებთ. ჯერ შენს მკლავს გავატარებთ, შემდეგ შენს საჯდომს, შემდეგ კი, ალბათ, მუხლის ნაწილსაც…

დანარჩენებმა ერთხმად დაიგუგუნეს:

– დაგეკარგა ამუნია, სამუნია! დაგეკარგა ამუნია, სამუნიააა!

სტილსონმა ენდერს ხელი ჰკრა, ვიღაცამ კი უკნიდან ისევ სტილსონისკენ მოისროლა.

– აიწონა-დაიწონა.

– ჩოგბურთი!

– პინგპონგი!

ცხადი იყო, ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა, ამიტომ ენდერმა გადაწყვიტა, სხვებთან შედარებით მაინც არ დაზარალებულიყო. სტილსონმა კიდევ ერთხელ ჰკრა ხელი. ენდერი შეეცადა, მოწინააღმდეგის დარტყმა მოეგერიებინა, მაგრამ ხელი აუცდა.

– ოჰ! ჩხუბი გინდა, არა? ჩხუბი გინდა, სამუნია?

ენდერი მის უკან შეკრებილებმა დაიჭირეს და გააკავეს.

ბიჭს არ ეცინებოდა, მაგრამ მაინც გაიცინა:

– რამდენი ყოფილა საჭირო ერთი მესამეს საცემად!

– ჩვენ ადამიანები ვართ, და არა მესამეები, ნეხვო, თორემ ალბათ კუილზე ძლიერიც კი არ იქნები.

ბოლოს ხელი მაინც გაუშვეს. როგორც კი გათავისუფლდა, სტილსონს ძლიერად მოუქნია ხელი და მკერდის ძვალში ჩაარტყა. სტილსონი დაეცა. ენდერი გაოცდა. არ ეგონა, რომ ასეთ მოწინააღმდეგეს ხელის ერთი დარტყმით დააგდებდა. ვერ წარმოედგინა, რომ სტილსონი ამ ჩხუბს სერიოზულად არ აღიქვამდა და არც ასეთი დარტყმისთვის იქნებოდა მზად.

დანარჩენებმა მაშინვე უკან დაიხიეს, სტილსონი კი გაუნძრევლად იწვა. ყველა იმის გამოცნობას ცდილობდა, ძირს გაშხლართული მათი მეგობარი მკვდარი ხომ არ იყო. ენდერი კი ამასობაში შურისძიების გეგმას აწყობდა, რათა ამიერიდან სხვებიც მორიდებოდნენ. “ახლა უნდა გავიმარჯვო, იმისთვის, რომ მუდამ გამარჯვებული ვიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღე მომიწევს ბრძოლა და თან ყველაფერი სულ უფრო გართულდება.”

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 წლის იყო, ენდერმა კარგად იცოდა საომარი საქმის დაუწერელი კანონი – უმწეო მოწინააღმდეგეზე თავდასხმა აკრძალული იყო. ასე მხოლოდ ცხოველები იქცეოდნენ.

ჰოდა ენდერიც სტილსონის უძრავ სხეულს მიუახლოვდა და წიხლი შიგ ნეკნებში უთავაზა. სტილსონმა დაიხავლა და თავდაცვის მიზნით მიწაზე გაგორდა. ენდერი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა და, ამჯერად, ფეხი საზარდულში ჩაარტყა.

სტილსონი ხმას ვერ იღებდა, ორად მოკეცილი ეგდო და ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა .

ენდერმა დანარჩენებს ცივად გადახედა.

– ალბათ, გინდათ, რომ დამესიოთ და მაგრად მცემოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, როგორ ვექცევი მათ, ვინც ჩემთვის ტკივილის მოყენებას ცდილობს. იმ მომენტიდან, როდესაც ფეხქვეშ გამიფენთ, იმაზე ფიქრიც მოგიწევთ თუ რამდენად მალე ჩამიცვივდებით ხელში და ეს შეხვედრა როგორ ცუდად დასრულდება .

სიტყვის დამთავრების შემდეგ სტილსონს ფეხი ამჯერად სახეში უთავაზა, რომელსაც ცხვირიდან სისხლი წასკდა და წვეთები მიწას მიეშხეფა.

– ასეთ შედეგს ნუ ელოდებით, – თქვა ენდერმა, – უარესს მიიღებთ.

გამობრუნდა და წამოვიდა. არავინ დადევნებია. კუთხეში შეუხვია და დერეფანს გაუყვა, საიდანაც ავტობუსის გაჩერებამდე მისვლა შეეძლო. ესმოდა, როგორ ყვიროდნენ მის უკან ბიჭები: “ვაჰ! უყურე, რას დაუმსგავსებია!” ენდერი დერეფნის კედელს მიეყრდნო და ავტობუსის გამოჩენამდე ტიროდა.

“პიტერი ვარ. მონიტორის გარეშე პიტერი ვარ!”

 

თავი მეორე

პიტერი

 

– კარგი. მორჩა. ახლა როგორ არის?

– როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიღაცის სხეულში ცხოვრობ, ამ მდგომარეობას თანდათან ეჩვევი. ახლა კი მის სახეს ვუყურებ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ადრე მისი სახე სულ რამდენჯერმე მქონდა ნანახი, მის მიმიკებს კარგად არ ვიცნობ, უბრალოდ ემოციებს ვგრძნობდი ხოლმე.

– კარგი, რა! ფსიქოანალიზის დრო არაა. ჩვენ ჯარისკაცები ვართ, და არა ექიმები. საკუთარი თვალით ნახეთ, როგორ დაულეწა ბანდის მთავარ მოჩხუბარს თავ-ყბა.

– ჰო, ნამდვილად ჩაეთვალა. უბრალოდ კი არ სცემა, საგულდაგულოდ დაამუშავა, როგორც თავის დროზე მეიზერ რექემმა…

– ჰო, ვიცი… ანუ, კომიტეტის დადგენილებით, მან გამოცდა გაიარა .

– დიახ, მეტ-ნაკლებად. ახლა დავაკვირდებით მონიტორის გარეშე ძმასთან ურთიერთობისას როგორ მოიქცევა.

– მისი ძმა! არ შიშობთ, რომ ძმა რამეს დაუშავებს?

– განა თქვენ არ მეუბნებოდით, რომ ეს ნაკლებად რისკიანი პროექტი იქნებოდა?!

– ზოგ ძველ ჩანაწერს გადავხედე და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ – მომწონს ეს ბავშვი და გამუდმებით მაქვს განცდა, რომ რამეს ვავნებთ.

– რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ესაა ჩვენი საქმე. ჩვენ ის ავი ჯადოქრები ვართ, ბავშვებს ჯერ თაფლაკვერებს რომ ჰპირდებიან, შემდეგ კი ამ პატარა ნაბიჭვრებს ცოცხლად ჭამენ.

 

– ვწუხვარ, ენდერ, – ჩაიჩურჩულა ვალენტაინმა და ძმის კისერზე დაკრულ პლასტირს კიდევ ერთხელ დააკვირდა.

ენდერი კედელს შეეხო და მის უკან კარი დაიკეტა.

– ფეხებზე მკიდია. მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა.

– რა დამთავრდა? – დერეფანში პურითა და არაქისის კარაქით პირგამოტენილი პიტერი გამოჩნდა.

უფროსებისგან განსხვავებით, ენდერი ვერაფრით აღიქვამდა, რომ პიტერი გრუზათმიანი, ალექსანდრე დიდის სადარი სახის მქონე 10 წლის მშვენიერი ბიჭი იყო. უფროს ძმას მხოლოდ იმიტომ თუ შეხედავდა ხოლმე, რომ დროულად შეენიშნა მასში გაღვიძებული მრისხანება ან მოწყენილობა. უფროსი ძმის ცუდი განწყობა ენდერისთვის ყოველთვის სახიფათო იყო, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი უმცროსი ძმის ტანჯვით სრულდებოდა . ახლა კი, როდესაც პიტერმა ენდერის კისერზე პლასტირი შენიშნა, თვალებში სიბრაზის მუხანათური ნაღვერდალი აუელვარდა.

ეს ვალენტაინმაც შენიშნა.

– ახლა ის ჩვენნაირია, – გოგონა უფროსი ძმის დამშვიდებას იქამდე შეეცადა, ვიდრე ეს უკანასკნელი თავდასხმაზე გადავიდოდა.

მაგრამ პიტერი არ მშვიდდებოდა.

– ჩვენნაირი?! მონიტორი 6 წლამდე ატარა. შენ როდის მოგაშორეს, გახსოვს? 3 წლის იყავი, მე 5 წლისას ამომიღეს. ამ პატარა ნაბიჭვარმა კი კინაღამ მიზანს მიაღწია. პატარა ბაღლინჯოვ!

“ძალიან კარგი,”ფიქრობდა ენდერი, ”ილაპარაკე, პიტერ, ილაპარაკე. კარგია ლაპარაკი.”

– ჰო… ახლა მფარველი ანგელოზები აღარ გდარაჯობენ, – კბილებში გამოსცრა პიტერმა, – აღარ ამოწმებენ, გრძნობ თუ არა ტკივილს; არც ჩემს ნათქვამს უსმენენ და არც იმას ხედავენ, თუ როგორ გექცევი. რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? როგორ მოგწონს?

ენდერმა მხრები აიჩეჩა.

პიტერმა მოულოდნელად გაიღიმა და დამცინავი სიხარულით შემოჰკრა ტაში.

– მოდი, “იმაგოები და ასტრონავტები” ვითამაშოთ, – თქვა მან.

– სადაა დედიკო? – იკითხა ვალენტაინმა

– გარეთ, – თქვა პიტერმა, – უფროსად მე დამტოვა.

– მაშინ მამიკოს დავუძახებ.

– დაუძახე, – ჩაიცინა პიტერმა, – ხომ იცი, რომ სახლში არასდროსაა!

– ვითამაშებ, – თქვა უცებ ენდერმა.

– შენ იქნები იმაგო, – თქვა პიტერმა.

– ერთხელ მაინც მიეცი უფლება, ასტრონავტი იყოს! – შეევედრა ვალენტაინი.

– გამეცალე, შე მსუქანა კუანავ! – შესძახა პიტერმა და ენდერს გადახედა, – შენ კი კიბეზე ამოდი და იარაღი აირჩიე.

ენდერმა კარგად იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა თამაში წესების დაცვით და ისიც წინასწარვე ცხადი იყო, ვინ მოიგებდა. როდესაც ბავშვები საკუთარ “ჯარებს” დერეფანში ჩაამწკრივებდნენ და თამაშს იწყებდნენ, “იმაგოები” ვერასდროს იმარჯვებდნენ, ზოგჯერ კი სასტიკი ძალადობის მსხვერპლიც ხდებოდნენ. აქ, დახშულ სივრცეში თამაშისას ეს გარდაუვალიც იყო, რადგან იმაგო ასტრონავტს ვერსად გაექცეოდა, როგორც ეს ნამდვილი ბრძოლებისას ხდებოდა ხოლმე. “იმაგოც” იქამდე იყო ჩართული თამაშში, ვიდრე “ასტრონავტი” არ გადაწყვეტდა, რომ “ომი” დასრულდა.

პიტერმა თავისი მაგიდის ქვედა უჯრიდან “იმაგოს” ნიღაბი ამოიღო. დედა ძალიან გაბრაზდა, როდესაც პიტერმა ეს ნივთი იყიდა, მაგრამ მამამ იქვე აღნიშნა, თუ იმაგოების ნიღბებს დავმალავთ და ბავშვებს ლაზერიანი სათამაშო თოფებით გართობას ავუკრძალავთ, ამით ომი მაინც არ დამთავრდება. კარგია, როდესაც ბავშვებს საომარი ხასიათის თამაშები იტაცებს, რადგან იმაგოთა მორიგი შემოსევისას გადარჩენის მეტი შანსი ექნებათო.

“…ცხადია, თუ ამ თამაშს გადავურჩი”, გაიფიქრა ენდერმა და ნიღაბი მოირგო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ ხელები უხეშად შემოაჭდო . “იმაგოებს ასეთი შეგრძნება არ აქვთ ხოლმე”, გაიფიქრა ენდერმა. “ისინი ამ ნიღბებს სახის ნაცვლად არ ატარებენ. ეს მათი საკუთარი სახეა! ნეტა მშობლიურ პლანეტებზე ყოფნისას თუ იკეთებენ ადამიანების ნიღბებს და თამაშობენ?! როგორ მოგვიხსენიებენ? “ლორწოვანებად”? იმიტომ, რომ ჩვენ მათთან შედარებით რბილი და ცხიმიანი სხეულები გვაქვს?

– ფრთხილად იყავი, ლორწოვანა! – შესძახა ენდერმა.

თვალებისთვის განკუთვნილი ხვრელებიდან ბიჭი უფროს ძმას ძლივს ხედავდა.

პიტერმა გაუღიმა:

– ლორწოვანა, არა? კარგი, იმაგო-მიმაგო, აბა, ვნახოთ, მაგ ყბებს როგორ გაგინგრევ!

ენდერი მხოლოდ იმას გრძნობდა, თუ როგორ იზნიქებოდა იატაკი პიტერის სიმძიმისგან. ნიღაბი პერიფერიულ მხედველობას უზღუდავდა. მოულოდნელად თავის ერთ მხარეს დარტყმა და ტკივილი იგრძნო, წონასწორობა დაკარგა და დაეცა.

– კარგად ვერ ხედავ, არა, ბაღლინჯოვ?! – წაისისინა პიტერმა.

ენდერი ნიღბის მოხსნას შეეცადა, მაგრამ პიტერმა კისერზე ფეხი დაადგა.

– არ მოიხსნა, – უყვირა ძმამ.

ენდერმა ნიღაბს ხელი გაუშვა.

პიტერმა ძმას კისერზე მიბჯენილი ფეხი დააჭირა. ენდერს ტკივილმა მთელ სხეულში ცეცხლის ალივით დაურბინა და სიმწრისგან დაიკლაკნა.

– სწორად იწექი, იმაგოვ! ვივისექცია უნდა ჩაგიტაროთ. როგორც იქნა, ერთი თქვენგანი ცოცხლად ჩაგვივარდა ხელში. თქვენი აგებულება უნდა გამოვიკვლიოთ.

– შეჩერდი, პიტერ! – შეევედრა ენდერი.

– შეჩერდი, პიტერ?! – ძალიან კარგი. მაშ, ჩვენი სახელების გამოცნობაც შეგიძლიათ?! თავს ისე მაჩვენებ, თითქოს პატარა საყვარელი ბავშვი ხარ. თავს მაცოდებ, რომ არაფერი დაგიშავო. მაგრამ არ გაგივა! კარგად ვხედავ, სინამდვილეში რასაც წარმოადგენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ადამიანის სახით მოგვეჩვენო, საბრალო მესამედ, მაგრამ სინამდვილეში იმაგო ხარ და სიმართლე ახლა გაცხადდა.

პიტერმა ფეხი აწია, წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და ენდერის მკერდის ძვალს ოდნავ ქვემოთ, მუცელზე, მუხლით დაებჯინა. ნელ-ნელა სულ უფრო ძლიერად აწვებოდა ენდერს, რომელსაც უკვე სუნთქვა უჭირდა.

– შემეძლო, ასე მომეკალი, -კბილებში გამოსცრა პიტერმა, – მუხლებით დაგაწვებოდი და დაველოდებოდი, როდის მოკვდებოდი. შემდეგ კი ვიტყოდი, რომ ვერც კი წარმომედგინა, რამეს თუ გიშავებდი – ჩვენ ხომ მხოლოდ ვთამაშობდით. ისინი დამიჯერებდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. შენ მოკვდებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა!

ენდერს ლაპარაკი არ შეეძლო, მძიმედ სუნთქავდა, ხროტინებდა. პიტერსაც, ალბათ, სწორედ ეს უნდოდა. შეიძლება არა ახლა, მაგრამ ოდესმე მაინც მოინდომებდა ამას.

– მე ეს მინდა, – თქვა პიტერმა, – გგონია, რომ არა, მაგრამ სწორედ ეს მინდა. შენ მხოლოდ იმიტომ აგირჩიეს, რომ მე ვიყავი საუკეთესო. მაგრამ გამოცდა ვერ გავიარე. შენზე უკეთესი შედეგები მაქვს, ისინი კი შენ მიგიჩნევენ უკეთესად. არ მინდა, ჩემზე უკეთესი უმცროსი ძმა მყავდეს, ენდერ, არ მინდა, მესამემ მაჯობოს!

– მშობლებს ყველაფერს ვეტყვი, – ზღურბლიდან ვალენტაინის ხმა გაისმა.

– არავინ დაგიჯერებს.

– დამიჯერებენ.

– მაგ შემთხვევაში კი დიდხანს სიცოცხლე არ გიწერია, ძვირფასო დაიკო.

– ოჰ, კი, რა თქმა უნდა, მე დამიჯერებენ, – ხმა გაუმკაცრდა ვალენტაინს, – და არა შენს მონაჩმახს: ოო, არ ვიცოდი, თუ ეს ენდრიუ მოკვდებოდა, შემდეგ კი ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ვალენტაინსაც იგივე ელოდა…

პიტერი ენდერს ისე ძალიან აღარ აჭერდა მუცელზე მუხლს.

– კარგი… დღეს დაგინდობთ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ერთად არ იქნებით, უბედური შემთხვევა მოხდება.

– ლაპარაკის მეტი არაფერი შეგიძლია! – შეეპასუხა ვალენტაინი, – ამას არასდროს გააკეთებ.

– ასე გგონია?

– იცი რატომ მგონია? – არ ცხრებოდა ვალენტაინი, – იმიტომ, რომ ოდესმე სახელმწიფო სამსახურში აპირებ მუშაობას. ალბათ, არჩევნებშიც მიიღებ მონაწილეობას, თუმცა, არავინ აგირჩევს, როდესაც ოპონენტები გაარკვევენ, რომ შენი მცირეწლოვანი და და ძმა საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. მთავარი სამხილი კი ის წერილია, რომელიც ქალაქის ბიბლიოთეკაში, საიდუმლო საქაღალდეში მაქვს შენახული. ჩემი სიკვდილის შემდეგ ამ წერილს იპოვიან და წაიკითხავენ.

– ნუ ცდილობ, ტყუილებით გამბერო, – სახე მოექცა პიტერს.

– წერილში წერია, რომ ბუნებრივი სიკვდილით არ მოვმკვდარვარ, რომ პიტერმა მომკლა და თუ ენდრიუ ჯერ არ მოუკლავს, ძალიან მალე ამ მიზანსაც მიაღწევს. შესაძლოა, ის წერილი განზრახვაზე ხელს არ აგაღებინებს, მაგრამ მისი წყალობით ვეღარასდროს მოიგებ არჩევნებს.

– აჰა, ესე იგი, ახლა შენ ხარ მისი დამკვირვებელი და დამცველი, – თქვა პიტერმა, – თვალი არ მოაცილო, უდარაჯე დღისითაც და ღამითაც, თორემ რაც მოხდება, შენს თავს დააბრალე.

– მე და ენდერი სულელები არ ვართ. ისეთივე შედეგები გვაქვს, როგორიც შენ გქონდა. ზოგ დისციპლინაში შენზე უკეთესებიც ვართ. სამივე ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვები ვართ, მაგრამ შენ ყველაზე ჭკვიანი არ ხარ, პიტერ, უბრალოდ ჩვენ შორის ყველაზე უფროსი ხარ.

– ჰო, ვიცი, მაგრამ დადგება დღე, როდესაც მასთან აღარ იქნები, ცოტა ხნით მიგავიწყდება. უცებ გაგახსენდება და მასთან მიირბენ, ის კი ცოცხალი და საღ-სალამათი დაგხვდება. ამის შემდეგ გაცილებით მშვიდად იქნები და შემდეგ ჯერზე ისე სწრაფად აღარ გაიქცევი მის სანახავად. ისევ ჯანმრთელი და ცოცხალი დაგხვდება და იფიქრებ, რომ დროთა განმავლობაში მიმავიწყდა. მაგრამ გავა წლები და საზარელი უბედური შემთხვევა მოხდება. მე მის სხეულს ვიპოვი და ცხარე ცრემლით დავიტირებ. შენ კი ეს საუბარი გემახსოვრება, ვალ, მაგრამ შეგრცხვება, რადგან იფიქრებ, რომ შევიცვალე და ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო. შენი მხრიდან დიდი სისასტიკე იქნება იმაზე ფიქრი, რაც ოდესღაც ბავშვურ კამათში წამომცდა. თუმცა, ეს არ იქნება სიმართლე. მე ჩემს მიზანს მივაღწევ, ის მოკვდება, შენ კი ვერაფრით შემიშლი ხელს, თუმცა, მაინც იფიქრებ, რომ მე უბრალოდ ყველაზე დიდი ვარ.

– ყველაზე დიდი ნაგავი! – გააწყვეტინა ვალენტაინმა.

პიტერი წამოდგა და მისკენ გაემართა. გოგონა გვერდზე გახტა. ენდერმა ნიღაბი მოიხსნა, პიტერი კი საწოლზე დაეხეთქა და ახარხარდა. ხმამაღლა და ისე მხიარულად იცინოდა, რომ თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

– ოჰ, ბავშვებო, საოცარი, ყველაზე დიდი იდიოტები ხართ დედამიწაზე.

– ახლა გვეტყვის, რომ ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობა იყო, – ამოიოხრა ვალენტაინმა.

– ხუმრობა კი არა, თამაში იყო. მე შემიძლია ნებისმიერი რამ დაგაჯეროთ. შემიძლია, გაცეკვოთ, როგორც მარიონეტები, – თქვა პიტერმა და ურჩხულის ყალბი ხმით დაამატა, – აგკუწავთ და სანაგვეში ჩაგტენით!

თქვა და კიდევ ერთხელ გაიცინა.

– ყველაზე დიდი იდიოტები მზის სისტემაში.

ენდერი იდგა და ახარხარებულ ძმას უყურებდა. უცებ გაახსენდა, როგორ ჩაარტყა სტილსონს. სწორედ ასეთ დარტყმას იმსახურებდა პიტერი. დიახ, სწორედ პიტერი.

ვალენტაინი თითქოს მიუხვდა განზრახვას და ძმას ჩასჩურჩულა:

– არ ღირს, ენდერ.

პიტერი უცებ გადმოტრიალდა, საწოლიდან წამოხტა და ჩხუბისთვის განეწყო.

– ოო, კიი, ენდერ, – თქვა მან, – როცა კი მოისურვებ, ენდერ!

ენდერმა მარჯვენა ფეხი აწია, ფეხსაცმელი გაიხადა და მაღლა შემართა.

– ამას ხედავ, პიტერ? ეს სისხლია, სხვისი სისხლი!

– ოჰ! ოჰ! ახლა მოვკვდები! მიშველეთ! ენდერმა მატლი გაჭყლიტა და ახლა მეც გამჭყლეტს!

მასზე არაფერი მოქმედებდა. პიტერი სულის სიღრმეში ნამდვილი მკვლელი იყო და ენდერისა და ვალენტაინის გარდა ამის შესახებ არავინ იცოდა.

დედა დაბრუნდა და ენდერს მონიტორის ამოღების გამო თანაუგრძნო. მამამ კი ხმამაღლა აღნიშნა, რომ ეს წარმოუდგენელი მოულოდნელობა იყო. მას ხომ იმდენად კარგი შვილები ჰყავდა, რომ ხელისუფლებამ ნება დართო, მესამეც ჰყოლოდა. ახლა კი არც ერთი აღარ სურდა. ამდენად, ოჯახში ისევ სამი ბავშვი იყო, თან მესამეც ჰყავდათ… ენდერს ძალიან მოუნდა მამისთვის ეყვირა, უნდოდა ეთქვა, რომ კარგად იცოდა, მესამე რომ იყო და ამით ოჯახს დიდ უხერხულობას უქმნიდა; იმის თქმაც სურდა, რომ მზად იყო, სახლიდან წასულიყო, თუ მამას და დედას ასე სურდათ. ენდერმა იცოდა, რომ მონიტორის გარეშე მშობლებს დიდ პრობლემას უქმნიდა და სურდა ეთქვა, რომ ამის გამო ძალიან წუხდა.

საწოლზე წამოწვა და ჭერზე გადღაბნილ სიბნელეს მიაჩერდა.

ორსართულიანი საწოლის ზედა მხრიდან პიტერის შეუჩერებელი ბორგვა ისმოდა. შემდეგ პიტერი საწოლიდან ადგა და ოთახიდან გავიდა. ენდერმა უნიტაზის ჩარეცხვის ხმა გაიგონა. რამდენიმე წამში ზღურბლზე ისევ პიტერის სილუეტი გამოჩნდა.

“ჰგონია, რომ მძინავს. ჩემი მოკვლა უნდა.”

პიტერი საწოლს მიუახლოვდა, მაგრამ, თავის ლოგინში არ ამძვრალა. ენდერის სასთუმალთან დადგა.

მოლოდინის მიუხედავად ენდერის დასახრჩობად არც ბალიში აუღია და არც სხვა იარაღი ჰქონდა.

უბრალოდ ჩაიჩურჩულა:

– ვწუხვარ, ენდერ, ბოდიში. ვიცი, რასაც გრძნობ, მაპატიე. მე შენი ძმა ვარ და მიყვარხარ.

კარგა ხსნის შემდეგ, როდესაც პიტერის თანაბარმა სუნთქვამ ენდერი დაარწუნა, რომ უფროს ძმას ეძინა, კისრიდან პლასტირი მოიძრო და იმ დღეს მეორედ ატირდა.

 

თავი მესამე

 

გრაფი

 

– და ჩვენი გეგმის სუსტი რგოლია. გოგონა ძალიან უყვარს.

– ვიცი, გოგონას შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ბიჭი მის მიტოვებას არ მოისურვებს.

– რას აპირებთ?

– დავარწმუნებ, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლა უფრო უნდა, ვიდრე დასთან დარჩენა.

– როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

– მოვატყუებ.

– და თუ ტყუილმა არ გაჭრა?

– მაშინ სიმართლეს ვეტყვი. გამოუვალ მდგომარეობაში ასე მოქცევაც შეგვიძლია. ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ.

 

საუზმობდნენ, მაგრამ ენდერს დიდად არ შიოდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რა ელოდა სკოლაში. გუშინდელი ჩხუბის შემდეგ სტილსონთან მოუწევდა შეხვედრა. როგორ მოიქცეოდნენ მისი მეგობრები? შესაძლოა, არაფერი ეღონათ, მაგრამ არც ამის გარანტია არსებობდა. ენდერს სკოლაში წასვლა არ უნდოდა.

– არაფერს ჭამ, ენდრიუ, – შენიშნა დედამ.

ოთახში პიტერი შემოვიდა.

– დილა მშვიდობისა, ენდერ. გმადლობ, საშხაპეში შენი საცოდავი ჯაგრისი რომ დატოვე.

– შეგერგოს. მე ხომ ყველაფერი შენთვის მინდა, – ჩაიჩურჩულა ენდერმა.

– ენდრიუ, ისაუზმე!

ენდერმა მაჯები აათამაშა, რითიც მიანიშნა, რომ საკვების ინექციის სახით მიღებისთვის მზად იყო.

– ძალიან სასაცილოა, – თქვა დედამ, – ვცდილობ, მზრუნველობა გამოვიჩინო, თუმცა, ჩემს გენიოს შვილებს ეს არაფრად უღირთ.

– შენი გენების დამსახურებაა გენიოსები რომ ვართ, დედა, – თქვა პიტერმა, – მამასგან აშკარად არაფერი მიგვიღია.

– ყველაფერი გავიგონე! – წარმოთქვა მამამ ისე, რომ მაგიდაზე გამოსახული ახალი ამბების თვალიერება არ შეუწყვეტია.

– რომ არ გაგეგონა, ამაო იქნებოდა ჩემი ნათქვამი.

მაგიდიდან ხმოვანი სიგნალი მოისმა. კართან ვიღაც იყო.

– ვინ არის? – იკითხა დედამ.

მამამ ცერა თითით ვიდეოთვალის ეკრანი გახსნა, რომელზეც სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი მამაკაცი გამოჩნდა. უნიფორმის მიხედვით საერფლოდან, ანუ საერთაშორისო ფლოტიდან უნდა ყოფილიყო.

– მეგონა, ყველაფერი დასრულდა, – ჩაიბურდღუნა მამამ.

პიტერმა ჯამში ჩაყრილ ბურღულის ფანტელს რძე ხმისამოუღებლად დაასხა , ენდერმა კი გაიფიქრა, რომ მოულოდნელი სტუმრის გამო დღეს შეიძლება სკოლაში არც წასულიყო.

მამამ მაგიდაზე კარის გასაღები კოდი აკრიფა და ფეხზე წამოდგა.

– მე შევეგებები, – თქვა მან, – თქვენ საუზმე განაგრძეთ.

არავინ წამომდგარა, მაგრამ ჭამა ვიღას ახსოვდა! ცოტა ხანში მამა დაბრუნდა და დედას ანიშნა, გამოდიო.

– ყელამდე ნეხვში ხარ, – თქვა პიტერმა, – იციან, რაც დამართე იმ ბავშვს სკოლაში. ახლა ასტეროიდების სარტყელში გაგიშვებენ და იქ ჩაგაყუდებენ.

– მე მხოლოდ 6 წლის ვარ, იდიოტო, ციხეში არავინ ჩამსვამს.

– მესამე ხარ, რეგვენო. უფლებები საერთოდ არ გაგაჩნია.

ოთახში ახალგაღვიძებული ვალენტაინი შემოვიდა. აბურდული თმა სახეზე მიმქრალი შარავანდედივით შემოვლებოდა .

– სად არიან მშობლები? ცუდად ვარ, სკოლაში ვერ წავალ.

– მორიგი ზეპირი გამოცდა გაქვს, არა? – ირონიულად ჰკითხა პიტერმა.

– მოკეტე, პიტერ, – მიუგო ვალენტაინმა.

– უნდა მოდუნდე და ისიამოვნო, – თქვა პიტერმა, – უარესიც შეიძლება მომხდარიყო.

– არ ვიცი, როგორ.

– შეიძლებოდა, გამოცდის ჩაბარება არა ორალური, არამედ ანალური გზით ყოფილიყო საჭირო.

– ჰა ჰაა! – დაუბრუნა ირონია ვალენტაინმა, – სად არიან მშობლები?

– საეფლოდან მოსულ ვიღაც კაცს ელაპარაკებიან.

გოგონამ ინსტინქტურად გადახედა ენდერს. ბოლოს და ბოლოს, ამ ვიზიტს მრავალი წლის განმავლობაში ელოდნენ. იცოდნენ, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი მოვიდოდა და იტყოდა, ენდერმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გვჭირდებაო.

– ჰო, ენდერს შეხედე, – თქვა პიტერმა, – მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ შეიძლება ჩემთვის მოვიდნენ. ალბათ, მიხვდნენ, რომ ბევრს ვჯობდი.

პიტერი წარუმატებელი გამოცდის შემდეგ აშკარად დიდ გულისტკივილს განიცდიდა და, ამიტომ, ჩვეულებისამებრ, მიედ-მოედებოდა.

კარი გაიღო.

– ენდერ, – წარმოთქვა მამამ, – აბა, აქ მოდი.

– ვწუხვარ, პიტერ, – გესლიანად ჩაილაპარაკა ვალენტაინმა.

მამა გაბრაზდა.

– ბავშვებო! სასაცილოს ვერაფერს ვხედავ!

ენდერი მამას მისაღებ ოთახში გაჰყვა. “საეფლოს” ოფიცერი მამა-შვილის დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა, მაგრამ ენდერისთვის ხელი არ გაუწვდია.

დედა ნიშნობის ბეჭედს ნერვიულად აწვალებდა.

– ენდრიუ, – თქვა მან, – ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ვინმესთან იჩხუბებდი.

– ყმაწვილი სტილსონი საავადმყოფოში წევს, – მკაცრად თქვა მამამ, – მაგრად გიცემია. არც ისე სამართლიანად მოქცეულხარ.

ენდერმა გაკვირვებისგან თავი გააქნია. ელოდა, რომ სტილსონის საქმესთან დაკავშირებით სკოლიდან მოაკითხავდნენ, მაგრამ ფლოტიდან? ეს იმაზე სერიოზული პრობლემა ყოფილა, ვიდრე თავიდან ჩანდა. და მაინც, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო.

– ყმაწვილო, შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რატომ მოიქეცით ასე? – ჰკითხა ოფიცერმა.

ენდერმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი. არ იცოდა, რა ეთქვა. ეშინოდა კიდეც იმაზე უარესი შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა უფროსებზე, ვიდრე მისი ქცევებიდან ისედაც მოსალოდნელი იყო. “რაც უნდა მითხრან, სასჯელს უსიტყვოდ მივიღებ. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!” – გაიფიქრა მან.

– შემარბილებელ გარემოებებსაც გავითვალისწინებთ, – თქვა ოფიცერმა, – მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენს საქციელს გამართლება არ აქვს. სტილსონს კისერში, შემდეგ კი სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ჩაარტყით, თანაც მაშინ, როდესაც ძირს ეგდო. როგორც ჩანს, გსიამოვნებდათ, რასაც სჩადიოდით.

– არ მსიამოვნებდა, – ჩაიჩურჩულა ენდერმა.

– მაშ რატომ მოიქეცით ასე?

– თავისი ბანდის წევრები ახლდა და… – თავის მართლება სცადა ენდერმა.

– მერე რა? განა ეს გამართლებთ?

– არა.

– მითხარით, რატომ აგრძელებდით მის ცემას? თქვენ ხომ უკვე გამარჯვებული იყავით!

“მისი ძირს დაგდებით მხოლოდ პირველი ბრძოლა მოვიგე, მე კი ომის მოგება მსურდა, თანაც ისე, რომ, საბოლოოდ, ყველას დაენებებინა თავი.”

ენდერი სიტყვას ვერ ძრავდა. ძალიან ეშინოდა, რცხვენოდა იმის, რაც ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა თავი შეეკავებინა, კიდევ ერთხელ ატირდა. ენდერს ტირილი არ უყვარდა. იშვიათად ტიროდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე სამჯერ აზლუქუნდა – თან ყოველ ჯერზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ. მშობლებისა და ამ ოფიცრის თანდასწრებით ტირილი განსაკუთრებით ეთაკილებოდა.

– მონიტორის გარეშე დამტოვეთ, – თქვა ენდერმა, – საკუთარ თავზე თავად უნდა მეზრუნა, ასე არაა?

– ვინმე უფროსისთვის უნდა გეთხოვა დახმარება, ენდერ, – მიუგო მამამ.

უცებ, ოფიცერი წამოდგა, ოთახი გადაკვეთა, ენდერს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა:

– ენდერ, ჩემი სახელია გრაფი, პოლკოვნიკი ჰაირამ გრაფი. სარტყლის სამხედრო სკოლის დაწყებითი მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი გახლავართ. აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ ჩვენს სკოლაში მოგიწვიოთ.

როგორც იქნა…

– კი მაგრამ, მონიტორი…

– გამოცდის ბოლო საფეხურზე უნდა შეგვემოწმებინა თუ რა მოხდებოდა, როდესაც მონიტორს მოგაშორებდით. ყოველთვის ასე არ ვიქცევით, მაგრამ თქვენს შემთხვევაში…

– მან ჩააბარა გამოცდა? – დედა ოფიცრის ნათქვამს ვერ იჯერებდა, – ყმაწვილ სტილსონის საავადმყოფოში გასტუმრებით? რას იზამდით, თუ ენდრიუ ბიჭს მოკლავდა? ალბათ, მედალს გადასცემდით, არა?

– მთავარია არა ის თუ რა გააკეთა, მისის უიგინ, არამედ – რატომ მოიქცა ასე, – პოლკოვნიკმა გრაფმა დედას ფურცლებით სავსე საქაღალდე მიაწოდა, – ეს განაცხადები გახლავთ. თქვენი ვაჟი “საერფლოს” სელექციონერების სააგენტომ გამოარჩია. ცხადია, თქვენი თანხმობაც გვაქვს, რომელიც წერილობითი სახით მაშინ მივიღეთ, როდესაც ერთობლივი გეგმა შევიმუშავეთ. სხვა შემთხვევაში ბიჭი, შესაძლოა, არც დაბადებულიყო. შეთანხმების თანახმად, თუ ის გამოცდას გაივლის, ჩვენ გადმოგვეცემა.

– თითქოს ის არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მიგყავთ, – მამას ხმაში მღელვარება შეეპარა.

– სტილსონთან დაკავშირებული სამარცხვინო ისტორიაც ამავეს ადასტურებს, – აჰყვა დედა.

– ეს სამარცხვინო ისტორია არ ყოფილა, მისის უიგინ. ვიდრე არ გავარკვიეთ, რა მოტივაცია ამოძრავებდა თქვენს ვაჟს, მის ვარგისობაში დარწმუნებული არ ვიყავით. აუცილებლად უნდა გვცოდნოდა, რას ისახავდა მიზნად მისი საქციელი ან ის მაინც გაგვეგო, თავად ენდერი რას ფიქრობდა მომხდარზე.

– ყველა ჯერზე აუცილებლად ამ სულელური მეტსახელით უნდა მიმართოთ? – დედამ ტირილი დაიწყო.

– თავად ასე უწოდებს საკუთარ თავს.

– რას აპირებთ, პოლკოვნიკო გრაფ? – იკითხა მამამ, – ახლავე წაიყვანთ?

– გააჩნია…

– რას გააჩნია?

– გააჩნია, უნდა თუ არა ენდერს წამოსვლა.

დედამ ტირილი შეწყვიტა და მწარედ გაიცინა:

– ოჰ! მაშ ნებაყოფლობითი ყოფილა! მშვენიერია!

– თქვენ არჩევანი მაშინ გააკეთეთ, როდესაც ენდერი ჩაისახა. თუმცა, თავად ენდერს არჩევანის გაკეთების საშუალება საერთოდ არ ჰქონია. ახალწვეულები კარგ საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ, მაგრამ ოფიცრებად მხოლოდ მოხალისეებს ვიღებთ.

– ოფიცრებად?-იკითხა ენდერმა.

მისმა ხმამ ყველა დაადუმა.

– დიახ, – თქვა გრაფმა, – სამხედრო სკოლა ფლოტილიების მომავალ კაპიტნებსა და კომოდორებს ამზადებს. ფლოტის ადმირალიც ჩვენს სასწავლებელში იწვრთნება.

– სიმართლე მითხარით, სამხედრო სკოლის აღზრდილი რამდენი ბიჭია დღეს ხომალდის კაპიტანი?! – ბრაზით იკითხა მამამ.

– სამწუხაროდ, ეს საიდუმლო ინფორმაციაა, მისტერ უიგინ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ჩვენი აღსაზრდელი, ვისაც სწავლების პირველი წელი წარმატებით აქვს დასრულებული, ოფიცერი გახდა. გარდა ამისა, საპლანეტთაშორისო ხომალდის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერზე დაბალი ჩინით ჩვენს კურსდამთავრებულებს შორის სამხედრო სამსახური არავის დაუსრულებია. მზის სისტემის შიდა თავდაცვის ძალებშიც კი მხოლოდ ღირსეულ კადრებს ვუშვებთ.

– სწავლების პირველ წელს რამდენი ასრულებს წარმატებით? – იკითხა ენდერმა.

– ყველა, ვისაც სურს, – უპასუხა გრაფმა.

ენდერს უნდოდა ეთქვა, რომ მასაც სურდა, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი. ეს ნაბიჯი სკოლაში სიარულისგან იხსნიდა, მაგრამ სკოლის უსიამოვნებები სისულელე იყო და მალე დასრულდებოდა. სამხედრო სკოლა კი პიტერს დააშორებდა, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და, ალბათ, ენდერის ცხოვრების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ენდერს არ სურდა მშობლებთან განშორება, ვალენტაინთან – მით უფრო. თან ის ჯარისკაცი გახდებოდა, მას კი ძალადობა არ უყვარდა, არ მოსწონდა, როდესაც პიტერის მსგავსი ძლიერები სუსტებს ამარცხებენ. თუმცა, არც ისეთები მოსწონდა, როგორიც თვითონ იყო – ჭკვიანები, რომლებიც სულელებს სჯობნიან.

– ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მე და ენდერი პირისპირ დავილაპარაკებთ, – ფიქრი შეაწყვეტინა გრაფის ხმამ.

– არა, – თქვა მამამ.

– თქვენთან დალაპარაკებისა და გამომშვიდობების გარეშე არ წავიყვან, – თქვა ოფიცერმა, – თუმცა, გახსოვდეთ, რომ წინააღმდეგობას ვერ გამიწევთ.

მამა ერთხანს დაჟინებით ათვალიერებდა გრაფს, შემდეგ კი ადგა და ოთახიდან გავიდა. დედამ ჯერ მძლავრად მოუჭირა ენდერს ხელზე ხელი, შემდეგ კი ისიც ოთახიდან გავიდა და კარი მოიხურა.

– ენდერ, – დაიწყო გრაფმა, – თუ ჩემთან ერთად წამოხვალ, აქაურობის დატოვება დიდი ხნით მოგიწევს. სამხედრო სკოლაში არდადეგები არ გვაქვს. არც ვიზიტორების მიღებაა შესაძლებელი. სწავლების სრული კურსი რომ დასრულდება, უკვე 16 წლის იქნები. პირველად სასწავლებლის დატოვების უფლება 12 წლის ასაკში გექნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც შვებულებაში მხოლოდ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით გახვალ. მერწმუნე, ენდერ, 6 წლის, 10 წლის განმავლობაში ადამიანები იცვლებიან. როდესაც ვალენტაინის ნახვის საშუალება მოგეცემა, ის უკვე დიდი გოგონა იქნება. ცხადია, შენი და მაინც გეყვარება, მაგრამ ერთმანეთთან გაუცხოებასაც იგრძნობთ. შესაძლოა, ვალენტაინი ვეღარც იცნო. ხომ ხედავ, სულაც არ ვცდილობ, ეს ყველაფერი ადვილად მოგაჩვენო.

– დედიკო და მამიკო?

– კარგად გიცნობ, ენდერ. შენი მონიტორის რამდენიმე დისკი მაქვს ნანახი. გარწმუნებ, რომ მშობლები არ მოგენატრება. მალე დაგავიწყდება. დარწმუნებული იყავი, რომ მათაც დაავიწყდები.

ენდერს, უნებლიეთ, თვალები აუწყლიანდა. შებრუნდა, მაგრამ ცრემლების მოწმენდა არც კი უცდია.

– მათ შენ უყვარხარ, ენდერ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რად დაუჯდათ შენი დაბადება. ორივე ღრმად მორწმუნე იყო. მამაშენის ნათლობის სახელია ჯონ პოლ ვიჩორეკი. ის ცხრაშვილიან კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, თავად მეშვიდე იყო.

ცხრა ბავშვი! წარმოუდგენელია! ეს ხომ დანაშაულია!

– მორწმუნეები უცნაურად იქცევიან ხოლმე, ენდერ. მაშინ ასეთი მკაცრი წესები არც იყო, მაგრამ ცხოვრება მაინც ჭირდა. უფასო განათლება მხოლოდ პირველ ორ ბავშვს ეკუთვნოდა, ყოველ მომდევნო ბავშვზე გადასახადი კი საშინლად მაღალი იყო. როდესაც მამაშენი 16 წლის გახდა, “დაუმორჩილებელი ოჯახების აქტს” მისთვის მშობლების ოჯახისგან გამიჯვნის უფლება მოსთხოვა. სახელი შეიცვალა, კათოლიციზმს განუდგა და დაიფიცა, რომ ორ შვილზე მეტი არ ეყოლებოდა. უნდოდა, რომ მისი შვილებიდან არავის ეგრძნო ის სირცხვილი და დევნა, რაც თავად გამოსცადა ბავშვობაში, გესმის?

– მას მე არ ვუნდოდი…

– მესამე არავის უნდა. ნუ მოსთხოვ, რომ ამის გამო ბედნიერები იყვნენ. თუმცა, შენი მშობლები განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენენ. დედაშენი მორმონი იყო, ამრიგად საკუთარ რჯულს ორივე მათგანი განუდგა, მაგრამ რელიგიის მიმართ მაინც ორჭოფობენ. იცი, რას ნიშნავს “ორჭოფობა”?

– იმას, რომ გაორებული შეგრძნება აქვთ.

– რცხვენიათ, რომ წარმოშობით დაუმორჩილებელი ოჯახებიდან არიან და ყველანაირად ცდილობენ, წარსული მიჩქმალონ. დედაშენი საგულდაგულოდ მალავს, რომ იუტაშია დაბადებული, რათა ვინმეს ეჭვის საფუძველი არ გაუჩნდეს. მამაშენი თავის პოლონურ წარმოშობას უარყოფს, იმიტომ რომ პოლონეთი ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი ქვეყანაა და, შესაბამისად, ამ სახელმწიფოს მიმართ საერთაშორისო სანქციებია დაწესებული. ამრიგად, თუნდაც მთავრობის მითითებით გაჩენილი მესამე შვილი, წამიერად ანგრევს ყველაფერს, რის მიღწევასაც მთელი ცხოვრებაა ცდილობენ.

– ჰო, ვხვდები.

– საქმე კიდევ უფრო რთულადაა. მამათქვენმა სამივეს წმინდანების სახელები დაგარქვათ. ფაქტობრივად, დაბადებისთანავე თავად მოგნათლათ. დედაშენი ეწინააღმდეგებოდა. თქვენი მონათვლა ორივეს უნდოდა, მაგრამ მაინც ჩხუბობდნენ, რადგან დედას შვილების კათოლიკური წესით მონათვლა არ სურდა. ამრიგად მათ საკუთარი რწმენისთვის ბოლომდე მაინც არ უღალატიათ. შენ კი მათ სიამაყის გრძნობას უძლიერებ, რადგან შენი სახით, კანონის სიმკაცრის მიუხედავად, მესამე შვილის გაჩენა შეძლეს. ამასთან, მათში შიშსაც იწვევ, ვინაიდან კიდევ უფრო შორს წასვლასა და დამრღვევების წესებით ცხოვრებას ვერ ბედავენ, რაც დღესაც სწორ გზად მიაჩნიათ. სირცხვილის მიზეზიც ხარ, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე უშლი ხელს ნორმალურ და წესიერ საზოგადოებაში ასიმილაციაში.

– საიდან იცით ეს ყველაფერი?

– მონიტორებით შენს და-ძმასაც ვაკვირდებოდით, ენდერ. წარმოდგენაც არ გაქვს, ეს რამდენად ფრთხილი და მგრძნობიარე მექანიზმია. პირდაპირ შენს ტვინთან ვიყავით შეერთებული. ყველაფერი გვესმოდა, მაშინაც კი, როდესაც თავად არ ისმენდი და ვხვდებოდით ყველაფერს, როდესაც თავად ყურადღებასაც არ აქცევდი.

– გამოდის, რომ ჩემს მშობლებს ვუყვარვარ და თან არც ვუყვარვარ. ასეა, ხომ?

– მათ უყვარხარ. საკითხავი მხოლოდ ისაა, უნდათ თუ არა, რომ ამ სახლში ცხოვრობდე. შენი აქ ყოფნით გამუდმებულ დაძაბულობასა და არეულობას იწვევ. ხვდები რას ვამბობ?

– მე არ ვარ ერთადერთი, ვინც დაძაბულობას იწვევს.

– შენს ქცევებს არ ვგულისხმობ, ენდერ. ზოგადად, შენი არსებობა იწვევს დაძაბულობას. შენს ძმას სძულხარ, იმიტომ რომ მასზე უკეთესი გამოდექი, მშობლებს კი იმ წარსულის გამო აღიზიანებ, რომლის დავიწყებასაც ასე გამალებით ცდილობენ.

– ვალენტაინს ვუყვარვარ.

– მთელი გულით. მთელი არსებით, უზომოდ. ის შენი ერთგული მეგობარია და ერთმანეთს აღმერთებთ. როგორც გითხარი, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება .

– იქ რა დამხვდება?

– დიდი სამუშაო გელოდება. იმავე საგნებს ისწავლი, რომლებსაც ამ სკოლაში გასწავლიან, თუმცა, მათემატიკისა და კომპიუტერის გაძლიერებულ კურსებს გაივლი. ისწავლი სამხედრო ისტორიას, სტრატეგიასა და ტაქტიკას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი “საბრძოლო ოთახია”.

– ეგ რა არის?

– საომარი თამაშები. ყველა ბიჭი რომელიმე არმიის წევრია. ყოველდღე, ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, იმიტირებულ ბრძოლებში უწევთ მონაწილეობა. ფიზიკურად არავინ ზიანდება, მაგრამ ბრძოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა უბრალო ჯარისკაცობით იწყებს და ბრძანებებს იღებს. უფროსი ბიჭები ოფიცრები არიან და რიგითი ჯარისკაცების გაწვრთნა და ბრძანებების გაცემა ევალებათ. ამაზე მეტს ვერ გაგიმხელ. ეს ყველაფერი ასტრონავტებსა და იმაგოებს შორის ომობანას თამაშს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნამდვილი იარაღი გექნება და შენ გვერდით თანაკურსელები იბრძოლებენ. შენი და მთელი კაცობრიობის მომავალი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ისწავლი და რამდენად კარგად იბრძოლებ. იცოდე, რომ სამხედრო სკოლის კურსანტობა მძიმე ცხოვრებასაც გულისხმობს და ნორმალური ბავშვობა არ გელოდება. თუმცა, შენი ჭკუისა და მესამეობის წყალობით არც სხვაგან გელოდება უზრუნველი ცხოვრება.

– ყველა ბიჭია?

– რამდენიმე გოგონაც გვყავს. ბევრი მათგანი მისაღებ გამოცდას ვერ აბარებს. ადამიანის ევოლუციის ხანგრძლივი პროცესი მათზე უარყოფითად აისახა. ვალენტაინის მსგავსს მათ შორის მაინც ვერავის ნახავ. თუმცა, იქ ძმები დაგხვდებიან, ენდერ.

– პიტერის მსგავსი ძმები?

– პიტერმა გამოცდა იმ მიზეზთა გამო ვერ ჩააბარა, რისთვისაც შენ ის გძულს.

– არ მძულს. მე უბრალოდ…

– გეშინია მისი. თუმცა, პიტერი არც ისე ცუდია. ის დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო იყო მათ შორის, ვინც კი ოდესმე გვყოლია. თქვენს მშობლებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, საკუთარი შვილები ექსპერიმენტისთვის გადმოეცათ, ქალიშვილიც კი ვთხოვეთ იმის იმედით, რომ ვალენტაინს პიტერის თვისებები გამოჰყვებოდა, თუმცა უფრო ლმობიერი იქნებოდა. თუმცა შენი და ამ საქმისთვის ზედმეტად რბილი აღმოჩნდა. ამდენად, საბოლოოდ არჩევანი შენზე შევაჩერეთ.

– ნახევრად პიტერი და ნახევრად ვალენტაინი.

– ასეც გვქონდა გათვლილი

– და ასეთი აღმოვჩნდი?

– თითქმის დარწმუნებული ვართ. ჩვენი ტესტები ეფექტურია, ენდერ, მაგრამ მათი მეშვეობით ყველაფერს ვერ გაიგებ. რეალურად, როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებით, ირკვევა, რომ ტესტების დასკვნები მეტად მწირ ინფორმაციას მოიცავს. თუმცა ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე არაფერი.

გრაფი დაიხარა და ენდერს ხელები ჩასჭიდა.

– ენდერ უიგინ, შენთვის მნიშვნელოვანი საუკეთესო და ყველაზე ბედნიერი მომავლის არჩევა რომ იყოს, შინ დარჩენას გირჩევდი. დარჩი, გაიზარდე და იყავი ბედნიერი. ცხოვრებაში მესამეობაზე უარესი პრობლემებიც არსებობს, დიდი ტრაგედია არც ისეთი უფროსი ძმის ყოლაა, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, ადამიანი იყოს თუ მხეცი. ბევრი რამ შეიძლება ჩამოთვალო, რაც ამ ყველაფერზეც უარესია. ერთ-ერთი ასეთი განსაცდელი კი ჩვენი სამხედრო სკოლაა. …მაგრამ შენ ჩვენ გვჭირდები, ენდერ. შესაძლოა, იმაგოები უბრალო თამაშად გეჩვენება, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა, მათი შემოტევები გახშირდა და უფრო აგრესიული გახდა. ჩვენი სახით კი მათ თითქმის უიარაღო, მცირერიცხოვანი და დემორალიზებული ადამიანების გუნდი ებრძვის. სრული განადგურებისგან მხოლოდ იმან გვიხსნა, რომ საუკეთესო მთავარსარდალი გვმეთაურობდა. გინდა გამართლება უწოდე, ღმერთის წყალობა ან ეშმაკისეული იღბალი, მაგრამ ფაქტია – ჩვენ მეიზერ რექემი გვყავდა. მაგრამ ახლა აღარ გვყავს, ენდერ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. კაცობრიობის ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზება მოვახდინეთ, მაგრამ მტრის ხომალდებთან შედარებით ჩვენი ფლოტი ტბორში მოტივტივე სათამაშო ნავებია. ჩვენ ახალი თაობის იარაღიც გვაქვს, მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი. ბოლო ბრძოლიდან 80 წელი გავიდა. ეს დრო კი მოსამზადებლად მათთვისაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ყველაფერი საუკეთესო გვჭირდება და თანაც – სასწრაფოდ. ან ჩვენთან ერთად იმუშავებ, ან არა. შესაძლოა, ზეწოლას ვერ გაუძლო. არაა გამორიცხული, რომ სამხედრო სკოლაში ცხოვრება გაინადგურო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი სტუმრობისთვის შეგძულდე, მაგრამ თუ ოდნავი შანსი მაინც არსებობს, რომ შენთან ერთად მტერს სამუდამოდ დავამარცხებთ და კაცობრიობას ვიხსნით, ვალდებული ვარ გთხოვო, დაგვეხმარო. ვალდებული ვარ გთხოვო, სამხედრო სკოლაში წამომყვე.

ენდერი თვალს ვერ უსწორებდა პოლკოვნიკს, რომელიც მის თვალში იმდენად დაპატარავებულიყო, რომ ისიც კი წარმოიდგინა, პინცეტით როგორ აიყვანა და როგორ ჩაისვა ჯიბეში. თან გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობდა: უნდა დაეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო იქ, სადაც ძალიან რთული ცხოვრება ელოდა ვალენტაინის, დედიკოსა და მამიკოს გარეშე.

იმაგოებზე გადაღებული ის ფილმებიც გაახსენდა, რომლებსაც ყველა მოქალაქე წელიწადში ერთხელ მაინც უყურებდა. “ჩინეთის დამანგრეველი”, “სარტყლის ბრძოლა”, სიკვდილი, ტანჯვა და შიში… და მეიზერ რექემი, რომელიც თავისი ოსტატური მანევრებითა და პატარა ხომალდებით ორჯერ უკეთესი შეიარაღების მქონე, ორჯერ უფრო დიდ ფლოტს ამარცხებდა ხოლმე. ადამიანების ხომალდები ყოველთვის უსუსურად გამოიყურებოდა, შეტაკებები კი სრულწლოვანებისა და ბავშვების ბრძოლებს ჰგავდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ.

– მეშინია, – ჩუმად თქვა ენდერმა, – მაგრამ თქვენთან ერთად წამოვალ.

– კიდევ ერთხელ გამიმეორე, – თქვა გრაფმა.

– ამისთვის ვარ დაბადებული, ასე არაა? თუ არ წამოვალ, მაშ რატომ ვარსებობ!

– ეს ის პასუხი არაა, – ჩაილაპარაკა გრაფმა.

– არ მინდა წამოსვლა, – გაიმეორა ენდერმა, – მაგრამ წამოვალ.

გრაფმა ენდერს თავი დაუქნია:

– ვიდრე მანქანაში ჩამიჯდები, უფლება გაქვს, აზრი შეიცვალო და შინ დარჩე. თუ არ შეიცვლი, მაშინ საერთაშორისო ფლოტის კუთვნილება გახდები. ხვდები ამას?

ენდერმა თავი დაუქნია.

– კარგი. მაშინ მოდი, შენი გადაწყვეტილება დანარჩენებსაც ვაცნობოთ.

დედა ტიროდა, მამამ მძლავრად ჩაიხუტა, პიტერმა ხელი ჩამოართვა და “პატარა, სულელი, იღბლიანი დოყლაპია” უწოდა, ვალენტაინმა კი აკოცა და ატირებულ ძმას ლოყებზე საკუთარი ცრემლებიც დაუტოვა.

ბარგი არ ჰქონია, ერთი ნივთიც არ წაუღია. “უნიფორმიდან დაწყებული, სასკოლო ინვენტარით დამთავრებული, ყველაფრით სკოლა მოგამარაგებს. სათამაშოებს რაც შეეხება, ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თამაშით დაკავდები”.

– ნახვამდის, – უთხრა ენდერმა თავის ოჯახს, შემდეგ პოლკოვნიკ გრაფს ჩასჭიდა ხელი და სახლიდან გავიდა.

– ჩემ ნაცვლადაც დახოცე იმაგოები! – მიაძახა პიტერმა.

– მიყვარხარ, ენდრიუ! – დაუყვირა აცრემლებულმა დედამ.

– მოგწერთ ხოლმე! – ჩაიბურდღუნა მამამ.

და როდესაც მოსახვევში მდგარ მანქანაში ჯდებოდა, ვალენტაინის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა:

– დამიბრუნდი! ყოველთვის მეყვარები!

 

 


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანა ყიასაშვილი, აპეტაიზერი, ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ენდერის თამაში, ია ვეკუა, ირაკლი ბაკურიძე, მაია ხუტიაშვილი, მალხაზ ფაღავა, მარიამ კორინთელი, ორსონ სკოტ კარდი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, Ender's Game, Orson Scott Card, Science fiction

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles