არა, მერამდენედ უნდა შემშურდეს თანამედროვე თინეიჯერების? მე მგონი, საერთოდ დავანებებ თავს “ლიბერთინსის“ სერიას, იმიტომ, რომ ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას ჩემი ბავშვობისდროინდელი მწირი ბიბლიოთეკა მახსენდება და გული მიკვდება.
ახლა მთლად ისე ნუ გამიგებთ, რომ ბავშვობა უწიგნოდ გავატარე, მაგრამ ასეთი არჩევანი რომ არ მქონდა, ესეც ხომ ცხადია?! ჰოდა, ახლა ვინაზღაურებ დანაკლისს – წაუკითხავს არაფერს ვტოვებ, რაც კი “შენი თაობის არჩევანის“ სტიკერით გამოდის. თანაც, ჩემი აზრი ხომ მოგეხსენებათ – მკითხველის ასაკობრივი აუდიტორია, დროული და დაგვიანებული საკითხავი მოლისთვის გაუგებარი ცნებებია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შაბათი საღამოსთვის ზოი საგის “ონლაინგოგო“ მქონდა შემონახული, ვიცოდი, იმედს არ გამიცრუებდა – ჯერ ერთი, ავტორია მონათესავე სული – ბრიტანელი ბლოგერი გახლავთ, თანაც, ბევრი ლიტერატურული დებიუტი ვერ დაიკვეხნის ასეთი პოპულარობით, ეს კი, მოგეხსენებათ, უმიზეზოდ არ ხდება.
სიუჟეტში, თავიდანვე უნდა გითხრათ, განსაკუთრებული არაფერია: მოზარდი გოგო, ზომიერად ჭკვიანი, ზომიერად ემოციური, ზომიერად მოუქნელი და სასაცილო… თავდაჯერების დეფიციტიც აქვეა, სკოლის პირველი მზეჭაბუკის დანახვაზე აფანცქალებული გულიც, მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს; თუმცა, პენი პორტერი მაინც განსაკუთრებული გოგოა, მოლისთვის მაინც – ბლოგი აქვს, წარმოგიდგენიათ? თანაც საკმაოდ პოპულარული. თავიდანვე პატივისცემით გაიმსჭვალები, რა.
იღბლიანი ვინმეა ეს ჩვენი ონლაინგოგო – მსოფლიოში საუკეთესო მშობლები ჰყავს (ჩემების შემდეგ, ცხადია), კედლის მიღმა კი ერთგული და საიმედო მეგობარი – ელიოტი ცხოვრობს. ჯერ ორი დაკაკუნება, მერე სამი და ბოლოს – ცხრა – “მე შენ მიყვარხარ“ – სრული ჰარმონია სუფევს.
ვირტუალურ სამყაროში პენი გაცილებით თავისუფლად სუნთქავს – უფრო ბუნებრივია, უფრო გახსნილი და გულწრფელი, ამიტომაც ხვდება ყოველი პოსტის ბოლოს კომენტარების ზღვა. არადა, ერთხელ ისიც კი გაუმხილა მკითხველებს, როგორ ჩავარდა თავით ბორბლებიან სანაგვე ურნაში. თურმე რამდენი თინეიჯერი იტანჯება ასეთი მოუქნელობით…
სასკოლო სპექტაკლზე საქვეყნოდ ნაჭამი სირცხვილის მერე პენი ნიუ-იორკში მიემგზავრება – ტრანსპორტის პანიკური შიში რა მოსატანია იუთუბზე ატვირთულ იმ საშინელ ვიდეოსთან შედარებით? და რა იცის ჭორფლიანმა, შემოდგომისფერთმიანმა გოგომ, რომ სწორედ იქ ელოდება ნოე, მისი ცხოვრების გარდამტეხი წუთი, ნოე, რომელიც პრინცესა შემოდგომას აჩუქებს და ვისი კოცნაც სახლში დაბრუნებას ჰგავს.
ოღონდ ეს გიტარიანი ბიჭი, ისევე, როგორც ჩვენი ონლაინგოგო, რაღაცას მალავს… და რა ძნელია, ბზარი ოკეანის გაღმიდან გაამთელოს ადამიანმა… თუმცა პირველ ნამდვილ სიყვარულს ხომ ყველაფერი შეუძლია… მართლა ყველაფერი.
ბევრი ასეთი ლამაზი წიგნი მემეტება მოლის მკითხველისთვის, კიდევ – გარდამტეხი წუთი და კოცნა, რომელიც სახლში დაგვაბრუნებს.
ერთად შევძახოთ: “ჯინქს!“ და ყველაფერი ახდება.
მოლი ბლუმი, კავშირის დასასრული.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბლოგერი, ბლოგინგი, ზოი საგი, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, ლიბერთინსი, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო ნოზაძე, ონლაინგოგო, პალიტრა L, პენი პორტერი, პროზა, საყმაწვილო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, შენი თაობის არჩევანი, Girl Online, LIberteens, Zoe Sugg, zoella
