
სალომე ბენიძის თარგმანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
რა არის მაინც ეს ტექნიკური პროგრესი! მიიწევს და მიიწევს წინ, შეუჩერებლად, ვულკანის ლავასავით, და ისეთ კუთხე-კუნჭულებში ყოფს ცხვირს, სადაც, წესით, არაფერი ესაქმება. აი, მაგალითად, ჩრდილოეთ პოლუსზე.
კი მაგრამ, რას აშავებსო, იკითხავთ. რას და, სანტა კლაუსის ელფებს შობამდე კარგა ხნით ადრე მოუთავებიათ სათამაშოების ჯადოსნურ ქარხანაში ფუსფუსი, საჩუქრებიც ყველა ბავშვისთვის შეუფუთავთ, იქაურობაც დაუკრიალებიათ, ცხენირმებიც დაუპურებიათ და ემუდ-ზე მიიჩქარიან – ელფთა მხიარული ულვაშების დაჯილდოებაზე. და ეს – სულ ზებგერითი “სახრახნისი 33“-ის და სხვა უსწრაფესი ხელსაწყოების წყალობით.
კარგი და, ურიგო რა არის ამაშიო, დარწმუნებული ვარ, ესეც წამოგცდებათ. რა, ჩემო ბატონო, და ის, რომ ჩვენი სანტა შობამდე მთლად უსაქმოდ დარჩენილა და სხვა რა გზა აქვს, მოწყენილობისგან ცხენირმებს ითვლის შუაღამისას ხელის თითებზე:
- რუდოლფი;
- დაშერი;
- დონერი;
- კომეტი;
- ფრანსერი;
- ვიქსენი;
- დანსერი;
- კუპიდონი;
- ბლითზენი;
- რენდი.
რენდი?!
რაო? ვინ რენდი? საიდან გაჩნდა? სანტას მარხილს უხსოვარი დროიდან ცხრა ცხენირემი მიაქროლებს, ახლა კი – რენდიო!
თურმე, ნუ იტყვით და, სათადარიგო ყოფილა.
ალქაჯის ცოცხის გულისთვის, რა თადარიგზე ლაპარაკობს ეს გაკნაჭული?!
ჰო, კარგი, გასაგებია, რომ იმ საზიზღარი ძირითადი შემადგენლობიდან არასოდეს არავინ იღლება. რაკი ასეა, რენდის შეუძლია, სანტას მარჯვენა ხელი გახდეს, ასე ვთქვათ, დამქაში. ამისთანა თანაშემწის გვერდით ვინ მოიწყენს? – საკმარისია, მისი კრეატიული იდეების ჩამონათვალს გადაავლოთ თვალი: წყალქვეშა ფოტოსეანსი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, არგენტინული ტანგო, იოგა, ბონსაი, გორგოლაჭებით სეირნობა… რაო? არ მოგწონთ? ჰო, კარგი, მგონი, მთლად მოხერხებული ვერ უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩრდილოეთ პოლუსზე. ნუთუ საბრალო სანტას შობამდე ასე მოწყენილობაში უნდა ამოხდეს სული? მაგრამ რენდი რის რენდია, რამე არ მოიფიქროს, მით უმეტეს, რომ ერთგული ფოსტალიონი ჰერბერტიც გამოჩნდა დაგვიანებული სურვილებით.
სანტა კლაუსს რომელი ბავშვი გააკვირვებს უცნაური ნატვრით, მაგრამ რვა-ნახევარი წლის ავსტრალიელ ჯიმის ეს მაინც გამოუვიდა – თურმე, ნუ იტყვით და, ბიჭს გამბედაობა ნებავს საჩუქრად! თან ძალიან სჭირდება, ძალიან, თორემ საძაგელი კარტისი, ელვინი და ბრენდონი საკუთარ დავალებსაც აწერინებენ და საუზმესაც უსანსლავენ! ჰოდა, რენდისაც მეტი რა უნდა! ისღა დარჩენია, შორეული მოგზაურობა დაგეგმოს.
ჯერ ერთგული ელფები შეუკერავენ საგანგებო კოსტიუმს და ჩვენი სანტა უცებ სუპერკლაუსად გადაიქცევა; მერე ხელმარჯვე ოსტატი – პოლარული დათვი ბრუნა დაუმზადებს მასა და მის ყოჩაღ თანაშემწეს ჯადოსნურ მარხილს (დიდი ამბავი, სამუხრუჭე ღილაკები თუ დაავიწყდა – სიაში არ ეწერა და…).
ლაპარაკით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ალბათ, აჯობებს, “სუპერკლაუსის თავგადასავალი“ თავად წაიკითხოთ – ორიოდე ღიმილიანი საათი გარანტირებული გექნებათ და ეგებ წაიმღეროთ კიდეც:
“სხვა არ გვინდა არაფერი,
ყველა იყოს ბედნიერი,
ამ სიმღერას ერთად ვმღერით,
ჰეი, ჰეი, ჰო…“
ღმერთმა გისმინოთ, პაწაწინა ელფებო!
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პროზა, რენდი, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, სალომე ბენიძე, სუპერკლაუსი, სუპერკლაუსის თავგადასავალი, ქართული თარგმანი, che avventure super claus
