მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.
ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.
თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.
ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…
მოდი, ჯერ ეს უცნაური ფორმის ჭიქები შევათვალიეროთ, თან სასმელსაც ჩამოვასხამ და ვცდები, ამბავი მოსაწყენი არ გამომივიდეს.
არმანიაკის შესახებ გაგიგონიათ რამე? დარწმუნებული ვარ, ყური მაინც გექნებათ მოკრული. აი, თქვენმა მასპინძელმა კი ბევრი არაფერი იცოდა, სანამ მეგობარმა არ გამოუგზავნა საფრანგეთიდან Armagnac-Tenareze-ს ბოთლი.
თურმე ეს ჩვენი არმანიაკი საქვეყნოდ ცნობილ კონიაკზე, არც მეტი, არც ნაკლები, 150 წლით უფროსი ყოფილა – 1348 წელს მოუხსენიებიათ პირველად. ყოფილა ვინმე კეთილშობილი რაინდი ჰერემანი, მამული ჰქონია გასკონში. სხვაც თუ გაუკეთებია რამე სასარგებლო, ამაზე ისტორია არაფერს ამბობს. იქაური ბერები ლათინურ ყაიდაზე არმინუსს ეძახდნენ და ადგილობრივ დიალექტზე სახელი ისე ჟღერდა, როგორც არმანიაკიო. წადი და არკვიე, მართლია თუ ტყუილი.
ასე იყო თუ ისე, იმ წლებში ეს ჩვენი არმანიაკი, უბრალოდ, გამოხდილი სპირტი ყოფილა, რომელსაც განსაკუთრებული კონსტრუქციის აპარატში ამუშავებდნენ კონიაკისგან სრულიად განსხვავებულად. მეჩვიდმეტე საუკუნეში ჰოლანდიელ ნეგოციანტებს “ბორდოს დიადმა პრივილეგიამ“ გადაუკეტა ფრანგული ღვინოებისკენ მიმავალი გზა. ამათაც, არც აციეს, არც აცხელეს და სპირტის შესყიდვაზე გადავიდნენ. ასე გაეხსნა გზა არმანიაკს, თორემ იქამდე შარანტელი მეზობლები ოკეანის სიახლოვით სარგებლობდნენ და ბაზრამდეც კი არ უშვებდნენ. რაღა შორს წავიდეთ – ღრმად პატივცემულმა დიუმამ დ’არტანიანის სახე ისე შექმნა, ამ სასმელზე კრინტიც არ დაუძრავს, არადა, ახლა ყველამ იცის, რომ საფრანგეთის სამეფო კარმა არმანიაკი სწორედ გასკონელი მუშკეტერების წყალობით დააჭაშნიკა.
არ გეგონოთ, ყველა ჯიშის ყურძნისგან შეიძლებოდეს მისი დამზადება – უნი-ბლანი, ფოლ-ბლანში, კოლომბრი და ბაკო-ბლანი თუ არ გამოიყენეთ, არმანიაკი კი არა, უბრალოდ რაღაც სპირტიანი სასმელი ჩამოგისხამთ და ეგაა.
გასკონელები ამბობენ, არმანიაკი ერთსა და იმავე დროს ყველაზე ძველი და ყველაზე ახალგაზრდა ფრანგული სასმელიაო და მართლაც ასეა – დღევანდელ კონდიციამდე მის მიყვანას საუკუნეები დასჭირდა.
მცოდნე ხალხი კი შენიშნავს, ფრანგებმა კონიაკი მსოფლიოს აჩუქეს, არმანიაკი კი თავისთვის დაიტოვესო.
ეგ ცუღლუტები, ეგენი!
არაფერი გამოუვათ – მოლი ბლუმის ბლოგის სადღეგრძელოს ამ საღამოს მაინც არმანიაკით დავლევთ.
ჰოდა, გაუმარჯოს!
Filed under: მოლის ვერანდა, Molly Bloom's Day Tagged: Armagnac-Tenareze, არმანიაკი, არმინუსი, ახალი წელი, ბლოგერი, ბლოგინგი, ბორდოს დიადი პრივილეგია, გასკონი, დ'არტანიანი, დაბადების დღე, დიუმა, კონიაკი, მერი პოპინსი, მოლის ვერანდა, მოლის ზამთრის ბაღი, მუშკეტერები, საფრანგეთი, ჰერემანი, ჰოლანდია, Molly Bloom's Day, mollybloomsday.com
