Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all 304 articles
Browse latest View live

ჩემი კოსმოსური ოდისეა

$
0
0
ართურ კლარკი "კოსმოსური ოდისეა 2001" "წიგნები ბათუმში"

ართურ კლარკი
“კოსმოსური ოდისეა 2001″
“წიგნები ბათუმში”

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, ბლოგზეც, ფეისბუქზეც და ისეც, ფინჯან ყავასთან ქაქანის დროს: რაზეც წერ, ყველაფერი როგორ მოგწონსო.

კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც გასაკვირი არც უნდა იყოს. ზუსტად იმაზე ვწერ, რაც მიყვარს და მომწონს, აბა, ოქროსავით მკითხველს უხარისხო და უხეირო წიგნებზე დროს ხომ არ დავაკარგვინებ.

ოღონდ, მოწონებასაც ხომ გააჩნია. კარგი, თუნდაც ძალიან კარგი წიგნი ერთია და დიდი ხნის სიყვარული, საკულტო ტექსტი – სულ სხვა.

ართურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001″, მაგალითად.

სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, როდის წავიკითხე. ალბათ, სტუდენტობისას. საჯაროში გამოვიწერდი, ან აბონემენტით წამოვიღებდი. ჩემ დროს ნაირნაირი წიგნის მაღაზიები არ იყო, არც გამომცემლობები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მსუყე ექსკლუზივის ხელში ჩაგდებაში, წიგნებს ქუჩის ბუკინისტები ყიდნენ, ვერის პარკში სახელდახელო ბაზრობაც იმართებოდა შაბათ-კვირას და ისეთი კბენია ფასები ედო იქაურ საკითხავს, სტუდენტი რას გაწვდებოდა.

მოკლედ, საჯაროში გადავაწყდებოდი. ეს პირველად, თორემ მერე იმდენჯერ გადავიკითხე, ვინ მოთვლის. “ქინდლშიც” თავიდანვე გადმოვწერე. ოღონდ, რუსული თარგმანი.

ქართულად წაკითხული მაქვს-მეთქი, ვერ დავიბრალებ. სიმართლე რომ გითხრათ, ძველი, ათას ცხრაას არეულობას გადმოქართულებულ-გამოცემული “ოდისეა” თვალითაც არ მინახავს. ჩემი ამბავი ხომ იცით, სადაც ორი წიგნი მაინც დევს, ყველგან ვყოფ ცხვირს და ვათვალიერებ, შაბათ-კვირას ქუჩის ბუკინისტებთან დავსუნსულებ ვაკეში, აღმაშენებელზე და პუშკინის სკვერში, რა არ შემხვედრია, ძველი კლარკი ვერსად მოვიხელთე.

ისე, მცოდნე ხალხი ამტკიცებს, ის პირველი ვერსია მაინცდამაინც სრული ვერ იყო და ვერც ხარისხიანი ქართულით დაიტრაბახებდაო. პრინციპში, არც მიკვირს. არ ის გამიკვირდება, რუსული პირიდან რომ ეთარგმნათ. ცენზურაც გვარიანად დაჭრიდა.. ახლა რარიტეტად და არტეფაქტად თუ შემოდებს ვინმე თაროზე, უკვე ახალი “ოდისეა” გვაქვს. კარგად გაშალაშინებული და, რაც მთავარია, სრული.

შაბათს მოვიტანე შინ. უფრო სწორად, ირაკლიმ მომიტანა საჩუქრად. საფირმო ბათუმური ჩანთით, სხვა დელფინიან წიგნებთან ერთად. პრეზენტაციაზე ვერ მივედი წყეული სამსახურის გადამკიდე და იმიტომ.

ჰოდა, მთელი კვირადღე ვიწექი, ნება-ნება ვფურცლავდი და განსაკუთრებით საყვარელ ადგილებს ვკითხულობდი. მერე კუბრიკის ფილმი გადმოვწერე და ვუყურე. უიქენდი ზუსტად ასეთი გემრიელობებისთვის არსებობს.

მე, რა თქმა უნდა, შემიძლია დიდხანს ვილაპარაკო და სულ დაწვრილებით მოვყვე მთვარის შემყურის, უცნაური მონოლითის, დოქტორ ჰეივუდ ფლოიდის, მმა-1-ის, დეივისა და Hal-ის ამბები, მაგრამ, მომკალით და მეზედმეტება: კლარკი მესამეხარისხოვანი გრაფომანი და ლოკალური მნიშვნელობის მთხზველი არ არის, ზედმეტი წარდგენა სჭირდებოდეს, კუბრიკის შედევრიც ლამის ზეპირად გეცოდინებათ და ისედაც დამეთანხმებით, რომ იშვიათი სილამაზის, ნატიფად ჩამოქნილი, ნამდვილი ოსტატის მოყოლილი ამბავია. ფილმიც და ლიტერატურული პირველწყაროც.

ქინდლი ვახსენე და თავის დროზე  “Мир”-ის ლეგენდარული ‘Зарубежная фантастика”-ს ტომიც კი ნაკლული გამოუციათ, ბოლო სამი თავის გარეშე. ქართულში, ცხადია, ყველაფერი ადგილზეა.

ნატო დავითაშვილმა თქვა ამას წინათ, დელფინიან წიგნებზე ახალი თაობები გაიზრდებიანო. ბაჟაღლო ჭეშმარიტებაა. ჩვენ, თავის დროზე, რუსულ თარგმანს დავდევდით. ახლა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ოქროს საბადო ქართულად გვიდევს თაროებზე.

და, საერთოდ, ცოტაა და ხელში ჩაგვადნებაო, ნუ გედარდებათ. სანამ ყველას დააგემოვნებთ, რამეს აუცილებლად მოიფიქრებენ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ართურ კლარკი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ია ნინოშვილი, ირაკლი ბაკურიძე, ირაკლი სულაძე, კოსმოსური ოდისეა 2001, მალხაზ ფაღავა, მევლუდ საბაშვილი, მთვარის შემყურე, მმა - 1, მოლის ბიბლიოთეკა, მონოლითი, ნატა ჩახვაძე, ნოდარ კუპრავა, პროზა, ჟანრული პროზა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქართული თარგმანი, წიგნები ბათუმში, ხათუნა ნონიაშვილი, Hal

“თბილისელი”“მაჭანკალი”

$
0
0

lucas cranach the elder painting

საოცრად პრაგმატული კაცი გახლდათ უფროსი ლუკას კრანახი. ზემო ფრანკონიაში, ხელმოკლე მხატვრის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა, ჯერ იყო და, ძალიან ჭკვიანურად აირჩია მფარველი – საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ ბრძენი; აზნაურის წოდების მიღების შემდეგ კი ჯერ სამხატვრო სახელოსნოს ჩაუდგა სათავეში, მერე წიგნებით ვაჭრობას მიჰყო ხელი, ჰოდა, გახდა კიდეც ვიტენბერგის ყველაზე მდიდარი ბიურგერი; ეგ კიდევ არაფერი – ბურგომისტრადაც აირჩიეს რამდენჯერმე.

ამ პროზაულ საქმიანობაში ჩაფლული კრანახი რელიგიური ამბებისთვისაც იცლიდა – რეფორმაციის თავგამოდებული მომხრე და მარტინ ლუთერის მეგობარი გახლდათ, მის პორტრეტებსაც ხშირად წერდა და გერმანულად მისივე თარგმნილი ბიბლიის გამოცემაც ითავა თავის დროზე.

შესაძლოა, ასეთმა დატვირთულმა ცხოვრებამ ოდნავ გაანელა მასში შემოქმედებითი აღმაფრენა – კრიტიკოსები საყვედურობენ, თავისი პერსონაჟების სულიერ სამყაროში შეღწევაზე დიდად არ იჭყლეტდა ტვინსო; იქნებ ასეც იყოს და კრანახი არ არის ის ფერმწერი, მსოფლიო ხელოვნებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი რომ იქნებოდა, მაგრამ დღეს მაინც ვაპირებ, მის ერთ ნახატზე გიამბოთ, საქართველოში რომ ინახება და “მაჭანკალი“ ჰქვია.

სამი დაფისგან შეკრულ ტილოზე რენესანსისათვის დამახასიათებელი მსუყე, დამჯდარი ფერების კორიანტელია; წინა პლანზე გამოსახული მაჭანკლის სახე ცბიერებითა და სიხარბითაა აღსავსე, შეუძლებელია, მის დანახვაზე შვიდივე სასიკვდილო ცოდვა ერთად არ გაგახსენდეთ. ახალგაზრდა დიდგვაროვანი, რომელიც ფულით სავსე ქისას აწვდის, მის ფონზე ფრიად ბრიყვულად და მიამიტურად გამოიყურება; ერთადერთი, რასაც მის სახეზე ამოვიკითხავთ, მოუთმენლობაა. ნორჩი გოგონა კომპოზიციის ქვედა ნაწილში – ამ ორის ბინძური გარიგების მომავალი მსხვერპლია, სწორედ ისეთი უმანკო გამომეტყველებით, როგორც სასაკლაოზე მიმავალ კრავს ექნებოდა.

კრანახის შემოქმედებაზე საუბრისას, ალბათ, უფრო ცნობილი ტილოს შერჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ “მაჭანკალი“ იმითაც არის საინტერესო, რომ ორმოც მილიონად შეფასებული ორიგინალი დღეს თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ინახება. როგორც ამბობენ, დიდ მთავარს, გიორგი რომანოვს ჩამოუტანია საქართველოში, მერე კერძო კოლექციონერის – ვინმე ყორღანოვის ხელში მოხვედრილა, აქედან დიმიტრი შევარდნაძის ცისფერ გალერეაში დაუდია ბინა, ხოლო 1921 წელს მენშევიკებს გაუტანიათ ქვეყნიდან; საქართველოში სურათი 1946 წელს დაბრუნებულა, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნაფერებ და ნალოლიავებ ეროვნულ საგანძურთან ერთად. იმასაც კი ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები გაფაციცებულნი დაეძებდნენ “მაჭანკალს“ ჰიტლერის დავალებით, რომელსაც თურმე ლუკას კრანახი ჭეშმარიტ არიელად და გერმანული სულის მხატვრად მიაჩნდა (ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, რა აზრის ბრძანდებოდა ფიურერი ფერმწერის არაარიულ გარეგნობაზე).

„მაჭანკლის“ თავგასავლები ამით არ დასრულებულა – 1994 წელს ხელოვნების მუზეუმს ყაჩაღები დაესხნენ თავს და იაკობ ვან რეისდალის და ჟან შარდენის ტილოებთან ერთად, კრანახის სურათიც გაიტაცეს. მისი უკან დაბრუნება მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოხერხდა და როგორც ამბობენ, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარეშე ამ ამბავს არ ჩაუვლია.

შარლ ბოდლერი „მაჭანკალს“ უბედურების მომტან ნახატს უწოდებდა; უბედურების რა მოგახსენოთ, მაგრამ ფათერაკებით აღსავსე გზა რომ განვლო, ფაქტია; ავტორის – ლუკას კრანახისაგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველ ბიურგერულ ცხოვრებას ეწეოდა და 81 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა ვეიმარში.


Filed under: არტი, ნატიფი ხელოვნება Tagged: ადოლფ ჰიტლერი, არტი, დიმიტრი შევარდნაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვერნისაჟი, თბილისის ხელოვნების მუზეუმი, იაკობ ვან რეისდალი, ლუკას კრანახი უფროსი, მაჭანკალი, მაჭანკლის დაბრუნება, ნატიფი ხელოვნება, ჟან შარდენი, რენესანსი, ცისფერი გალერეა

არასოდეს დანებდე, ტოტო!

$
0
0

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, სკოლა გიყვარდათ? მე – ძალიან და, რატომღაც მგონია, მაინცდამაინც დიდ უმცირესობაში არ უნდა ვიყო. აი, ანა გავალდას მოცუცქნულ წიგნში რომ გაწრიპული ბიჭი – გრეგუარ დიუბოსკი ცხოვრობს, ის აშკარად მეორე ბანაკშია მოხვედრილი – სკოლის გახსენებაზეც კი მუცელში ტკივილის ბურთი უწრიალებს და ვერ გაუგია, სად ახერხებენ კოლეჯები სარეკლამო ბროშურებისთვის ამდენი გაღიმებული ბავშვის გამოჭერას. უეჭველი, ფული გადაუხადეს ან შეატყობინეს, თქვენი ფრანგულის მასწავლებელი ხრამში გადაიჩეხაო, ფიქრობს.

ზარმაცი და უსაქმური არ გეგონოთ ტოტო – ბევრ თანატოლზე ყოჩაღი და ხელმარჯვეა, თუ საქმე ზმნებს და ზედსართავ სახელებს არ ეხება ან იმ საშინელ სპორტის გაკვეთილებს. რა ქნას, არც დიდი ჭკუით დაუსაჩუქრებია ღმერთს და არც მსხვილი კუნთებით – სულ რაღაცა 35 კილოს იწონის და როგორც თვითონ ამბობს, ბოდიბილდინგში მოვარჯიშე ჭიაყელას წააგავს.

ეს მშობლებიც ისე უცნაურად იქცევიან, თითქოს გრეგუარს სკოლაში ორჯერ ჩარჩენა უხარია და ცამეტი წლის ასაკში მეექვსე კლასში ჯდომა მოსწონს; მოკლედ, ბაბუა ლეონი და მისი ჯადოსნური ფარდული რომ არა, მთლად ჯოჯოხეთად ექცეოდა ცხოვრება. კიდევ კარგი, აქ მაინც შეიძლება, დედ-მამის გაუთავებელ ჩხუბს, ბებიის ბუზღუნს და მეტყველების ნაწილების დაემალოს კაცი, თუნდაც ხანდახან.

არა, იმას კი არავინ უყურებს, ოქროს ხელები რომ აქვს და სულ რაღაც შვიდიოდე წლისამ ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყო გამოიგონა; ბოლოს და ბოლოს, ეს ოხერი უღლება ხომ არ არის მთავარი ცხოვრებაში?! თუ არის?

ეს ძალიან თბილი და იმედიანი წიგნია პატარა ბიჭზე, რომელიც უცებ ხვდება, რომ ფარ-ხმლის დაყრა ჯერ ძალიან ადრეა, რომ უნდა იბრძოლოს, არ უნდა დანებდეს, უნდა ისუნთქოს არა მარტო თავისთვის, არამედ ბაბუა ლეონის ნაცვლადაც, საავადმყოფოს პალატაში სიკვდილს რომ ებრძვის; ხვდება და მომუშტული პატარა ხელებით ემზადება სირთულეებთან შესაჭიდებლად, იმ გზაზე ფეხის შესადგმელად, ცხოვრება რომ ჰქვია.

კაცმა არ იცის, რა გამოვა აქედან – მოულოდნელობებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს რა გამოლევს, თანაც ისეთებს, მართლა ძლიერ ადამიანსაც რომ გაუჭირდება გადალახვა, მაგრამ მთავარი მონდომებაა და ტოტოც თავგანწირვით მიცოცავს იმ წყეულ თოკზე, ქვემოდან კი თანაკლასელების გამამხნევებელი შეძახილები ესმის. ჰოდა, ადის კიდეც ბოლომდე. იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია?

წარმატებები, ტოტო!

არასოდეს დანებდე!


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: 35 კილო იმედი, ანა გავალდა, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გრეგუარ დიუბოსკი, ეკა ტაბლიაშვილი, თამთა ჯინჭარაძე, მალხაზ ფაღავა, მარიამ გიგუაშვილი, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სოფია ბარშოვა, ტოტო, ქართული თარგმანი

“შექსპირი და კომპანია”თბილისში

$
0
0

თბილისში ახალი წიგნის მაღაზია გაიხსნა.

საგამომცემლო საქმეს კარგი დღეები რომ ვერ უდგას, ცნობილი ამბავია; ვერც წიგნის მაღაზიები ცხოვრობენ დალხინებულად; ლესელიძეზე “პარნასი” დაიხურა, ვაკეში – “ბუქსითი”,  “დიოგენე” კუსკუსა საფირმო მაღაზიას ყიდის. ერთი სიტყვით, დღეს ამ ბიზნესის წამოსაწყებად გულიც რკინის უნდა გქონდეს, აბჯარიც და მკითხველიც გეიმედებოდეს.

შექსპირი და კომპანია” ლეგენდარული პარიზული ბუქსთორის სეხნია კია, მაგრამ პრიმიტიული პლაგიატი არ გეგონოთ, ყველა უფლება დაცულია. თანხმობაც მიღებულია ლათინური კვარტლიდან და რეკომენდაციებიც.

ჩემი ამბავი ხომ იცით, ორშაბათიდან პარასკევამდე სამსახურში ვარ გამოკეტილი და საკუთარი თავისთვის უიქენდებზე თუ ვიცლი, მაგრამ ფერადი სურათებით რომ აივსო ჩემი ნიუსფიდი, ვეღარ გავძელი, შაბათ-კვირას არ დაველოდე, მოვახერხე და შესვენებაზე “შექსპირში“ გავსხლტი.

მიგნება არ გამჭირვებია – მარჯანიშვილის ხუთშია, ინგლისური ჩაის სახლის გვერდით, მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ.

აი, იცით, როგორი მაღაზიაა? კონსულტანტებს რომ უნდა დაუმეგობრდე, დროდადრო შეუარო, ყავა დალიოთ ერთად, ახალი გამოცემები გაარჩიოთ,  ლიტერატურულ ამბებზე წაიჭორაოთ – მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი.

ერთი ციცქნაა სულ. ყველა მკითხველ-მყიდველი რომ ესტუმროს ერთდროულად, ყველა მეგობარი და მოკეთე, შეიძლება, ვერც დაიტიოს, მაგრამ არა უშავს, იმუშავოს და რას დავეძებთ, რიგრიგობით შევალთ :)

სამაგიეროდ, მყუდროა და შინაურული. სიყვარულით მოწყობილი. ნამდვილი წიგნის სახლი. ცულის ტარზე დაეტიაო, მარტო ცოლ-ქმარზე კი არ უთქვამთ. პუფებიც კი აქვთ სტუმრებისთვის. ჩამოჯდები გემრიელად, მოიმარჯვებ რომელიმე სქელ ტომს და იკითხე, რამდენიც გინდა. არა მგონია, ვინმემ შეგაწუხოს.

დეკორს ნუ იკითხავთ. ჯერ რეტრო პოსტერებია ყველგან (არაფერი უხდება წიგნის მაღაზიას ისე, როგორც ძველი პოსტერები) და მოხატულია ისე, თავს საყვარელ წიგნში იგრძნობ. პატარა პრინცი და მერი პოპინსი, აურელიანო ბუენდია, დიუმას მუშკეტერები, ანა კარენინა და ოთარ ჭილაძის ხელნაწერი, ჰოლდენ კოლფილდი და ტომ სოიერი… აშკარაა, მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ობიექტად არ არის ჩაფიქრებული. რა გითხრათ, სადმე თუ ორი წიგნი იყიდება, ყველგან ვარ, მგონი, ნამყოფი და ასეთი კრეატიული ინტერიერი ერთგან მინახავს მხოლოდ – ბათუმში.

სულ ახალი გახსნილები არიან, მაგრამ ხელცარიელს მაინც არ გამოგიშვებენ. ცინცხალი ქართული თარგმანებიც აქვთ, რუსულენოვანი ბესტსელერებიც, ალბომებიც. Moleskine-ს ბლოკნოტებს გვპირდებიან და მერე ნახეთ რიგები და ამბავი :) თვეში ერთს მაინც ვიყიდი ჩემთვის და დანარჩენს საჩუქრად დავარიგებ :) უბის წიგნაკების რამდენიმე თავგამოდებული მოყვარული მეგულება სამეგობროში და…

პრეზენტაცია აქვთ პარასკევს. ალბათ ვერ წავალ, შვიდზეა და ვმუშაობ მაგ დროს, მაგრამ უიქენდზე აუცილებლად შევივლი, ან რა გული მომითმენს – “აგორას” ერთი გადასარევი თარგმანი მაქვს შეგულებული.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: აგორა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, თბილისი, მარჯანიშვილის 5, მოლის წისქვილი, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, Moleskine

“წიგნები ბათუმში”ბლოგერების კონკურსს მართავს

$
0
0

დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ, რომ მაისის ბოლოს თბილისის წიგნის ფესტივალი გველოდება.

მართალია, თარიღი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში მოწანწალე ძველი და ერთგული მრევლისთვის ძნელი გამოსათვლელი არ უნდა იყოს. თვის ბოლოს მოუწევს, ალბათ.

მინდა გითხრათ, მაინცდამაინც დიდი დრო არ არის დარჩენილი. ჰოდა, მოლის ბლოგიც წინასაფესტივალო რეჟიმზე გადადის.

დაწყებით კი ყოვლად გადასარევი ამბით დავიწყებ.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურს იწყებს.

ოფიციალურ რელიზს უკვე ნახავდით. მე ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით. ეშმაკი, გეცოდინებათ, დეტალებშია.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც პერსონალური ბლოგი აქვს და დღემდე ერთი პოსტი მაინც გამოუქვეყნებია. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერთ ან რამდენად ხშირად, ერთხელ ბლოგერი მუდამ ბლოგერიაო, ძველებს უთქვამთ.

მსხვილ პორტალებზე გამოქვეყნებაც მოსულა – მადათოვზე, ნეტგაზეთში, wis.ge-ზე, ინტერნეტგაზეთ “მასწავლებელში”, “ბათუმელებში”… მოკლედ, ყველგან, სადაც შეძლებთ.

თემა –  ბათუმური გამომცემლობის წიგნებია. ყველა არა. დღეისათვის თორმეტი დელფინიანი წიგნია გამოცემული და ამ თორმეტიდან რვა შეირჩა: ართურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001″, ართურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობების კრებული, ფილიპ დიკის “იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა” და “კაცი მაღალ კოშკში”,  ბერნარ ვერბერის “ჭიანჭველები”, რეი ბრედბერის “ტანმოხატული კაცი”, როალდ დალის “მატილდა”და “სასწაულთმოქმედი მისტერ ფოქსი” და ანა გავალდას ყოვლად გადასარევი “35 კილო იმედი“.

ფორმატი თავისუფალია. როგორც გაგიხარდებათ, ისე დაწერეთ. მოკლედ, ვრცლად, ასე, ისე, თუ გინდათ, გალექსეთ :) არავინ არაფერს დაგიშლით.

დაწერთ ლიტ. რევიუს, გამოაქვეყნებთ, ბმულს გამომცემლობის გვერდს გაუგზავნით პიემით და მორჩა, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შედეგებს. კონკურსი 7 მაისს დაიწყო და პოსტებს 25 მაისის ჩათვლით მივიღებთ. გამარჯვებულს ფესტივალზე დავაჯილდოვებთ, ანუ, მალე. არადა, ისეთი კონკურსებიც მახსოვს, ლამის სამი თვე რომ გრძელდებოდა და კონკურსანტებს დაავიწყდათ, რა დაწერეს, სად გააგზავნეს და რისთვის.

ახლა – შეფასების ამბავი. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, არავითარი ლაიქები. არ ვიცი, გამარჯვებულის მოწონებათა რაოდენობით გამოვლენას იქნებ აქვს კიდეც რაღაც აზრი და გამართლება, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო მგონია. უშუალო დემოკრატია არჩევნებზეა კარგი. ლაიქების თვლა რომ დავიწყოთ, ლიტ. რევიუების კონკურსი კი არა, ნაცნობ-მეგობრების მობილიზებაში შეჯიბრება გამოგვივა.

ჟიური ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ. ალექსანდრე ლორთქიფანიძეს და სალომე ბენიძეს ლიტერატურაც გადასარევად ესმით და თავადაც მოქმედი ბლოგერები არიან. კარგისა და საუკეთესოს გარჩევა ნამდვილად არ გაგვიჭირდება.

და, ყველაზე მთავარი – პრიზები. სამი გამარჯვებული გამომცემლობის 100, 70 და 50 ლარიან ვაუჩერს დაისაკუთრებს. დამეთანხმეთ, გადასარევად შერჩეული საჩუქარია. ირაკლი და მარი ფესტივალზე ახალი გამოცემებით დატვირთული ჩამოდიან: “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მარგალიტი – ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი, დიმიტრი გლუხოვსკის გახმაურებული “მეტრო 2033“, რეი ბრედბერის “ბედნიერების მექანიზმები (მარტო ქავერი აქვს ერთი წიგნის ფასი), ჯუდი ბლუმის “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“, მარგარეტ ეტვუდის საოცარი “მხევლის წიგნი”, ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“…. მოკლედ, ვაუჩერი ძალიან გამოგადგებათ.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო ძვირფასებო. დეტალები კი მოგიყევით წვრილად. ახლა, როგორც ძველ გაზეთებში წერდნენ, ჯერი თქვენზეა :) საკონკურსო პოსტებს ხელების ფშვნეტით ველოდებით.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ალექსანდრე ჩე ლორთქიფანიძე, ბლოგერების კონკურსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დელფინიანი წიგნები, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის ფესტივალი, ირაკლი ბაკურიძე, კონკურსი, ლიტ. რევიუ, მარი კორინთელი, ჟიური, სალომე ბენიძე

მარგარეტ ეტვუდი. “მხევლის წიგნი”

$
0
0

 

მარგარეტ ეტვუდი.

მხევლის წიგნი

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ანი კოპალიანი

რედაქტორი – ლალი ჭინჭარაული

ყდის დიზაინერი – ია ნინოშვილი 

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

“და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.”

დაბადება (30: 1-3)

 

“ხოლო, რაც შემეხება მე, ისე დამქანცა რამდენიმე წლის განმავლობაში ფუჭი, სულელური, რეალობას მოწყვეტილი აზრების მოსმენამ, რასაც სასოწარკვეთილებამდე მისული წარუმატებლობა სდევდა თან, რომ სიხარულით ჩავეჭიდე ამ წინადადებას.”

ჯონათან სვიფტი, “მოკრძალებული წინადადება”

 

“უდაბნოში ვერსად შეხვდებით აბრას წარწერით – ქვების ჭამა აკრძალულია.”

სუფიური სიბრძნე

 

 

 

I

1

ღამე

ყოფილ სპორტდარბაზში გვეძინა. ხის გალაქულ იატაკზე დახაზული წრეები და ზოლები იმ დროიდან იყო შემორჩენილი, თამაშები რომ იმართებოდა ხოლმე. კალათბურთის ძელები ჯერაც იდგა, თუმცა _ ბადეების გარეშე. დარბაზს ოთხივე მხრიდან მაყურებლებისათვის განკუთვნილი იარუსები შემორტყმოდა და ჩემს ყნოსვას ჯერ ისევ, თუმცა ზმანებასავით მკრთალად, სწვდებოდა მატჩებზე დამსწრე გოგონების საღეჭი რეზინებისა და სუნამოების ჩამტკბარ სურნელთა შორის გამომსხლტარი ოფლის მკვეთრი სუნი. სურათებიდან ისინი ჯერ ფუშფუშა ქვედაბოლოებში გამოწყობილი მახსოვს, მერე – მინიკაბებში, მერე – შარვლებში, მერე კი – ცალი საყურითა და მწვანედ აჭრელებული “იროკეზის” ვარცხნილობით. აქ, ალბათ, ცეკვებსაც მართავდნენ ხოლმე; მუსიკა – გამაყრუებელი ხმაურის პალიმფსესტი – გულს აწყალებდა, მოტივი მოტივს ცვლიდა, დაფდაფების წყალქვეშა დინება, საბრალობელი მოთქმა, ხელსახოცებისაგან გაკეთებული ყვავილების გირლიანდები, მუყაოს ეშმაკები, სარკეებიანი ბზრიალა ბურთი, სინათლის თოვლს რომ აყრიდა მოცეკვავეებს.

ამ ოთახში სექსის ხსოვნა ბუდობდა და სიმარტოვე; და კიდევ რაღაც უფორმოსა და უსახელოს მოლოდინი. მახსოვს კაეშანი იმის გამო, რაც თითქოს ყოველ წუთს შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც აღარასოდეს განმეორდებოდა, როგორც ხელები, რომლებიც გვეხვეოდნენ მომცრო უკანა ეზოში თუ ეზოს გადაღმა, მანქანების სადგომზე თუ ტელევიზორიან ოთახში, სადაც ხმისთვის ბოლომდე ჩაეწიათ და მხოლოდ კადრები დასციმციმებდა ზეაზიდულ სხეულებს.

ჩვენ საკუთარ მომავალს ვგლოვობდით. საიდან დაგვყვა, ნეტავ, გაუმაძღრობის ამგვარი ნიჭი? ალბათ, აქაური ჰაერიდან შევისრუტეთ; და იგი ისევ ჰაერში ტრიალებდა მერეც, დაძინებას რომ ვცდილობდით რიგზე ჩამწკრივებულ არმიულ შეზლონგებზე წამოწოლილნი. საწოლები ისე დაეშორიშორებინათ, რომ ერთმანეთს ვერ გამოვლაპარაკებოდით. ბავშვებივით ფლანელის საღამური პერანგები გვეცვა, ჯარისკაცების საბნები გვეფარა, ძველი, ჯერაც “შეერთებული შტატები”რომ ეწერა ზედ. ჩვენ-ჩვენს ტანსაცმელს ფაქიზად ვკეცავდით და საწოლის ბოლოში მდგარ ტაბურეტებზე ვალაგებდით. განათებას უწევდნენ, მაგრამ სულ არ აქრობდნენ. თვალყურს დეიდა სარა და დეიდა ელიზაბეთი გვადევნებდნენ; ტყავის ქამრებზე ელექტროსახრეები ეკიდათ.

ეგ არის მხოლოდ, იარაღი არ ჰქონიათ, მათაც კი არ ანდობდნენ იარაღს. იარაღით მხოლოდ გუშაგები დადიოდნენ, რომლებსაც ანგელოზთა რიგებიდან არჩევდნენ გულმოდგინედ. თუკი არ მოუხმობდნენ, გუშაგებს შენობაში შემოსვლა ეკრძალებოდათ, ჩვენ კი გარეთ გასვლის ნება არ გვქონდა, სასიერნოდ თუ გაგვლალავდნენ ხოლმე, დღეში ორჯერ წყვილ-წყვილად დამწკრივებულს შემოგვატარებდნენ ფეხბურთის მოედანს, რომლის გარშემოც ეკლიანი მავთულხლართის წვრილად დაწნული ღობე იყო აღმართული. ანგელოზები ღობის გადაღმა, ჩვენგან ზურგშექცევით იდგნენ. ჩვენ მათი გვეშინოდა და კიდევ რაღაცას ვგრძნობდით. ჩვენთვის რომ შემოეხედათ… მათთან დალაპარაკება რომ შეგვძლებოდა… რაღაც გარიგებას დავდებდით, ასე გვეგონა, შევთანხმდებოდით, ვივაჭრებდით, ბოლოს და ბოლოს, სხეულები ხომ მაინც გვებადა. ასე ვფანტაზიორობდით.

თანდათან მივეჩვიეთ თითქმის უხმოდ ჩურჩულს. ბინდბუნდში შეგვეძლო ხელები გადაგვეწვდინა და როცა დეიდები არ გვიყურებდნენ, ერთმანეთს თითისწვერებით შევხებოდით, ბალიშებზე მიწოლილებმა ერთმანეთის ტუჩებზე კითხვაც ვისწავლეთ; თავებს მოვატრიალებდით და გვერდით მწოლს ბაგეზე ვაკვირდებოდით. ასე საწოლიდან საწოლამდე მივაწვდინეთ ერთმანეთს ჩვენი სახელები:

ალმა. ჯენინი. დოლორესი. მოირა. ჯუნი.

II

მაღაზიებში

2

სკამი, მაგიდა, ნათურა. მაღლა, თეთრ ჭერზე ფოთლების გვირგვინის მსგავსი რელიეფური ორნამენტია გამოსახული, ჭერის შუაგული შებათქაშებულია, თითქოს თვალამოთხრილ კაცს სახვევი აუფარებიაო. აქ ჭაღი იქნებოდა, ოდესღაც. ახლა კი ყველაფერი, რაზეც თოკი შეიძლება ჩამოკიდო, გამქრალია.

ფანჯარა, ორი თეთრი ფარდა. ფანჯრის ქვეშ ტახტი პატარა ბალიშით. როდესაც ფანჯარა შემოღებულია – მისი ოდნავ შემოღება თუ შეიძლება – ეგებ ნიავმა შემოაღწიოს და ფარდები შეარხიოს კიდეც. ეგებ მეც ჩამოვჯდე სკამზე ანდა ტახტზე, ხელები ჩამოვუშვა და ფარდების შრიალს ვუყურო. მზის სხივიც ამ ფანჯრიდან აღწევს და იატაკზე ეცემა. იატაკი ხისაა, წვრილად დაზოლილი, საგულდაგულოდ მოწმენდილი. საპრიალებლის სუნი ჩემამდე აღწევს. იატაკზე ფარდაგია, ოვალური, მოსირმული ფოჩებით. იმგვარი ნახელავია, ამათ რომ მოსწონთ: ფოლკ-არტი, ძველებური, ქალის მოქსოვილი მოცალეობის ჟამს, ძველი, გამოუსადეგარი სვიტერებისაგან. ტრადიციულ ღირებულებებს ვუბრუნდებით. წყალს ნუ დაღვრი და არ მოგწყურდებაო. მე არაფერი დამიღვრია, მაშ, რატომ ვკვდები წყურვილით?

სკამის ზემოთ, კედელზე, სურათია, უმინო ჩარჩოში ჩასმული: ყვავილები, ლურჯი ზამბახები, აკვარელი. ყვავილები ჯერ ნებადართულია. ნუთუ ყველას ერთნაირი სურათი გვიკიდია, ერთნაირი სკამები, ერთნაირი თეთრი ფარდები გვაქვს? ეს რა, სახელმწიფო სტრატეგიაა? წარმოიდგინეთ, რომ ჯარში ხართ, გვითხრა დეიდა ლიდიამ.

საწოლი. ვიწრო, საკმაოდ მაგარი ლეიბი, შალის თეთრი გადასაფარებელი. ეს საწოლი მხოლოდ ძილისთვის გამოდგება; თუ უძილობისთვის. ვცდილობ, ძალიან ბევრი არ ვიფიქრო. როგორც სხვა ყველაფერი, აქ ფიქრიც უნდა გამოიზოგო. თანაც ბევრ რამეზე ფიქრი აუტანელია. ფიქრმა შეიძლება ბედნიერი შემთხვევაც გაგაშვებინოს ხელიდან, მე კი მას ველოდები. ვიცი, რატომაც არ არის მინა ლურჯი ზამბახების წინ, რატომ არ შეიძლება ფანჯრის ბოლომდე გაღება ან რატომ არის მისი შუშა ტყვიაგაუმტარი. მათ არ ეშინიათ, რომ გავიქცევით. შორს მაინც ვერ გავაღწევთ. არსებობს თავდახსნის სხვა გზებიც, რომლებსაც მაშინ აღმოაჩენ, როცა ბასრ ანდა წვეტიან საგანს მოიხელთებ.

ერთი სიტყვით, თუ ამ წვრილმანებს არაფრად ჩავაგდებთ, აქაურობა არც ისე წარჩინებული სტუმრებისათვის განკუთვნილ კოლეჯის მისაღებს მოგვაგონებს; ანდა განსაცდელში მყოფი ქალბატონებისთვის განკუთვნილ, ავეჯით გაწყობილ გასაქირავებელ ოთახს, ოღონდ – ძველმოდურს. აი, ვინ ვართ ახლა ჩვენ – განსაცდელში მყოფნი; და უარესისკენ მივექანებით.

მაგრამ ამ სკამს, მზის სხივს, ყვავილებს თვალს ვერ ავარიდებ. მე ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, გაშლილ ხელისგულს გარეთ ვყოფ და მზის სხივს ვიჭერ. ციხეში კი არა, სამოთხეში ვარ, როგორც დეიდა ლიდია ამბობდა ხოლმე, რომელმაც ამ ორივე ადგილის ფასი იცოდა.

დროის ამთვლელი ზარი რეკავს. დროის მსვლელობას ჩვენც, როგორც ძველი დედათა მონასტრების ბინადრები, ზარის რეკვით ვიგებთ. და დედათა მონასტრის მსგავსადვე, აქაც იშვიათად თუ სადმე გადააწყდები სარკეს.

სკამიდან ვდგები და მზის სხივს წითელფეხსაცმლიან ფეხს ვუშვერ. უძიროები მაცვია. ხერხემალს ვუფრთხილდები. ცეკვას არ ვაპირებ. მაგიდაზე წითელი ხელთათმანები აწყვია. მე მათ წამოვკრეფ და ხელებზე ვირგებ, ნელ-ნელა, სათითაოდ ყველა თითზე. ირგვლივ ყველაფერი, ჩემი ჩამოფხატული თავსაბურავის გარდა, წითელია: სისხლისფერი ჩვენი ნიშანია. კოჭამდე სიგრძის კაბა მაცვია, სრული, მკერდამდე ბრტყლად ნაოჭაყრილი, ფართხუნასახელოებიანი. თეთრი თავსაბურავით სიარულიც სავალდებულოა; ის არა მხოლოდ ჩვენ გვიშლის ხედვას, არამედ უცხო თვალისგან გვიფარავს. წითელი არასოდეს მიხდებოდა, არ არის ჩემი ფერი. საყიდლების კალათას ვიღებ და მკლავზე ვიკიდებ.

ოთახის კარი – ჩემი ოთახის არა, საგანგებოდ არ ვამბობ სიტყვა “ჩემს” – დაკეტილი არ არის. კაცმა რომ თქვას, ბოლომდე არც იკეტება. მე მოკრიალებულ დერეფანში გავდივარ, რომლის შუაგულშიც ფარდაგი აფენია, ჭუჭყიანი ვარდისფერი. როგორც ბილიკი უღრან ტყეში, როგორც ხალიჩა სამეფო სასახლეში, იგი გზას მიკვალავს.

ხალიჩა უხვევს, მთავარი კიბის საფეხურებზე ეშვება და მეც მივყვები. ცალი ხელი კიბის მოაჯირზე მიდევს, ოდესღაც ხე იყო, სხვა საუკუნეში მოჭრეს, შალაშინით ლამაზად ააპრიალეს. ეს საგვარეულო სახლია, გვიანი ვიქტორიანული პერიოდისა, მრავალრიცხოვანი, მდიდარი ოჯახისთვის აშენებული. შემოსასვლელში დგამსაათია[1], რომელიც გულმოწყალედ გვიჩვენებს დროს; იქით დედობრივი მზრუნველობით მოწყობილი მოსასვენებელი ოთახის კარი ჩანს, თავისი მსუყე ფერებით. არ მახსოვს საკუთარი თავი ამ ოთახში მოსვენებული – ან სარგადაყლაპულივით ვდგავარ, ანდა მუხლი მაქვს მოყრილი. შემოსასვლელის ბოლოში, წინკარის ზემოთ, სარკმელია: ფერადი შუშა, წითელი და ლურჯი ყვავილებით მორთული.

სარკეც არის შემორჩენილი, კიბის მოსაბრუნთან, კედელზე. თუკი თავს ისე მივატრიალებ, რომ მთელ სახეზე ჩამოფხატული თავსაბურავიდან მას მზერა მივაწვდინო, კიბეზე ჩასვლისას დავინახავ მრგვალ, თევზის თვალივით ამობურცულ შუშას და მის შიგნით ჩემს დამახინჯებულ ანარეკლს, ერთგვარ პაროდიას, წითელმოსასხამიან ზღაპრულ არსებას, დაუდევრობის იმ ფაზას რომ უახლოვდება, რომელსაც საფრთხე მოჰყვება ხოლმე. ჩემი დაა, სისხლში ჩამბალი.

კიბის ძირში ქუდებისა და ქოლგების ჩუქურთმებიანი საკიდია, მერქნისაგან გამოთლილი. ხის გრძელ, მომრგვალებულ ძელებზე ნარნარად ამოზრდილან გვიმრის კვირტების მსგავსი კაუჭები. ზედ რამდენიმე ქოლგა კიდია: შავი მეთაურისაა, ლურჯი – მეთაურის ცოლის, მესამე კი, რომელიც მე მომაკუთვნეს, წითელი. წითელ ქოლგას თავის ადგილზე ვტოვებ – ფანჯრიდან მზიან ამინდს მოვკარი თვალი. ვფიქრობ, ნეტავ მეთაურის ცოლი თუ ზის მოსასვენებელ ოთახში-მეთქი. ყოველთვის არ ზის. ხანდახან მესმის, როგორ სცემს ბოლთას, მძიმე ნაბიჯის ხმას უფრო მსუბუქი ცვლის, ჭუჭყიანვარდისფერ ხალიჩაზე კი მისი ხელჯოხის ძლივსგასაგონი კაკუნი ისმის.

შემოსასვლელი გადავჭერი, ჩავუარე მოსასვენებელი ოთახის კარს, სასადილო ოთახში გამავალსაც, ბოლო კარი შევაღე და სამზარეულოში აღმოვჩნდი. აქ აღარ დგას ავეჯის საპრიალებლის სუნი. აქ, სამზარეულოს მაგიდასთან, რომელსაც თეთრი მინანქარი ალაგ-ალაგ ამომტვრევია, რიტა დგას. მას, როგორც ყოველთვის, მართას[2] კაბა აცვია, ჭაობისფერი, რომლის მსგავსსაც ძველად ქირურგები იცვამდნენ ხოლმე. ჩემსას ჰგავს – გრძელია და ფართხუნა, ოღონდ წინ ბავშვის წინსაფრის მსგავსი არდაგით და თეთრი თავსაბურავისა და ვუალის გარეშე. გარეთ გასვლის წინ ისიც იკეთებს ვუალს, თუმცა, არავის ენაღვლება, მართას ვინ დაინახავს. იდაყვებამდე აკაპიწებული სახელოებიდან ყავისფერი მკლავები მოუჩანს. რიტა პურს აცხობს, ცომს კიდევ ერთხელ მიზელ-მოზელს და მერე ამოაგუნდავებს.

რიტა მხედავს და თავს მიკრავს, ვერ ვიტყვი, მესალმება თუ უბრალოდ, აღნიშნავს, რომ შემამჩნია, ფქვილში ამოსვრილ ხელებს წინსაფარზე იწმენდს და კუპონების წიგნის ძებნაში სამზარეულოს უჯრას აქოთებს. პირგამეხებული იღებს იქიდან სამ კუპონს და მაწვდის. ხანდახან მაინც რომ იღიმებოდეს, სასიამოვნო სახე ექნებოდა. თუმცა, წარბებს ჩემ გამო არ კრავს: წითელი კაბაა მისი უკმაყოფილების მიზეზი, მას უბღვერს. მისი აზრით, მე შეიძლება გადამდები აღმოვჩნდე, როგორც ავადმყოფობა ანდა უიღბლობა.

ხანდახან დაკეტილ კარს ყურს მივადებ და სმენად ვიქცევი ხოლმე, ამას ადრე არასოდეს ვიზამდი. თუმცა, დიდხანს არც ახლა ვაყურადებ, მეშინია, არ წამასწრონ. ეგ კია, ერთხელ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა რიტა კორას, რომ ჩემსავით არასოდეს დაეცემოდა.

– არც არავინ გთხოვს, – თქვა კორამ, – მაგრამ მაინც, რას იზამდი?

– კოლონიებში წავიდოდი! – მიუგო რიტამ, – მათ აქვთ არჩევანი.

– არქალებთან, არა? იქ ან შიმშილით მოკვდებოდი, ან კიდევ, ღმერთმა იცის, რით! – მიუგო კორამ. გამოიჭირა.

ისინი ბარდას არჩევდნენ; თითქმის ბოლომდე მიხურული კარიდანაც კი მესმოდა, როგორი წკრიალით ცვიოდა ბარდის მკვახე მარცვლები ლითონის ქვაბში. გავიგონე რიტას მწარე ოხვრა, უკმაყოფილებისა თუ დასტურის ნიშანი.

– ისინი ამას ყველა ჩვენგანისთვის აკეთებენ, – თქვა კორამ, – ანდა ჩვენ გვეუბნებიან ასე. საშვილოსნოს მილები რომ არ გადამეკეტა და ათი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი. ეს არც ისე ცუდია. მძიმე სამუშაო ნამდვილად არ ეთქმის.

– მისთვის ზედგამოჭრილია, ჩემთვის – რა მოგახსენო, – თქვა რიტამ და მეც კარი შევაღე. სახეებზე იმ ქალების შესაფერისი გამომეტყველება დაედოთ, რომლებიც ეს-ესაა, ზურგს უკან გჭორავდნენ და მიხვდნენ, რომ გაიგონე: უხერხულობისაგან ალეწილი, მაგრამ ცოტათი უტიფარიც, თითქოს შენზე ლაყბობა მათი ხელშეუხებელი უფლება ყოფილიყოს. კორას ჩვეულებრივზე უფრო ესიამოვნა ჩემი დანახვა, რიტა – კიდევ უფრო მოიღუშა.

დღეს, მიუხედავად რიტას ჩამოშვებული ცხვირისა და მაგრად მოკუმული ტუჩებისა, სამზარეულოში დარჩენა მინდა. სახლის რომელიმე კუნჭულიდან უცებ შეიძლება კორაც შემოვიდეს, ხელში ლიმონისზეთიანი ბოთლითა და მტვრის საწმენდი ჩვრით. რიტა მოადუღებს ყავას – მეთაურების სახლში ჯერაც მოიძებნება ნამდვილი ყავა – და ჩვენ მივუსხდებით სამზარეულოს მაგიდას, რომელიც ზუსტად ისევეა რიტასი, როგორც ჩემი მაგიდაა ჩემი და ვისაუბრებთ ტკივილსა და ტანჯვაზე, ავადმყოფობაზე, ჩვენს ფეხებზე, ჩვენს ზურგებზე, ყველა იმ ხათაბალაზე, რომელთაც ჩვენი სხეულები ფათერაკიანი ბავშვებივით გადაეყრებიან ხოლმე. თავებს ძახილის ნიშნებად დავუქნევთ ერთმანეთს, მივანიშნებთ, რომ ჩვენც ზუსტად იგივე გვჭირს. ერთმანეთს წამლების სახელებს ვასწავლით და ვეცდებით, ერთურთს ჩვენი ფიზიკური უძლურების დასურათხატებაში ვაჯობოთ; ჩუმად ვიწუწუნებთ, მინორული ტონალობა იჟღერებს ჩვენს ხმაში, ლავგარდანის ჩრდილში მობუზული ჩიტებივით ვიღუღუნებთ. “ვიცი, ეს რაც არის,” – ვეტყვით ერთმანეთს. ანდა იმ უცნაურ გამოთქმას გავიხსენებთ, რომელსაც ახლა უკვე მოხუცებისაგან თუღა გაიგონებ: “ხედავ, საით მივექანებით?!” – თითქოს ხმა მოგზაური იყოს, რომელსაც რომელიღაც ერთი ადგილისკენ უჭირავს გეზი. როგორც უნდა იყოს. როგორც არის კიდეც.

როგორ მძულდა ასეთი ლაყბობა. ახლა კი მენატრება. საუბარი მაინც იყო. აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

ანდა ვიჭორავებდით. მართებმა რაღაცები იციან, რაზეც მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან, გაფუჭებული ტელეფონის მსგავსად ავრცელებენ ამბებს სახლიდან სახლში. უეჭველია, ჩემი არ იყოს, ისინიც უსმენენ სხვებს კარზე ყურმიდებულნი და თვალდახრილებიც კი ყველაფერს ხედავენ. ყურიც მომიკრავს მათი ამგვარი საუბრისათვის, ჰაერში დამიჭერია მათი იდუმალი მითქმა-მოთქმის ნაწყვეტები: “მკვდრადშობილი დაბადა;” ანდა: “პირდაპირ მუცელში გაუყარა საქსოვი ჩხირი, ალბათ, ეჭვიანობამ გააგიჟა;” ან მტანჯველი: “უნიტაზის საწმენდი დაულევინებია. დედის რძესავით შეერგო, ისიც კი ვიფიქრეთ, ალბათ, პირიც არ დაუკარებიაო. მაშინვე მიხვდნენ, ვინც იყო დამნაშავე.”

ანდა რიტას დავეხმარებოდი პურის ცხობაში, ჩავყოფდი ხელებს რბილ, წელვად სითბოში, რაღაცით სხეულს რომ ჰგავს. ერთი სული მაქვს, ტანსაცმლისა და ხის გარდა, რამეს შევეხო. კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა შეხებით შევცოდო.

მაგრამ რომ ვთხოვო კიდეც, თავი რომც დავიმცირო, რიტა მაინც არ შემიამხანაგებს. ძალიანაც შეეშინდება. მართებს ფიქრადაც არ მოსდით ჩვენთან ფრატერნიზება.

ფრატერნიზება ლათინურად დაძმობილებას ნიშნავს. ლუკმა მითხრა. მანვე თქვა, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დადობილებას ნიშნავს. სორორიზება იქნებოდაო, თქვა. ლათინურის მიხედვით. მას უყვარდა ფიქრი ამგვარ რამეებზე – სიტყვების წარმოშობაზე, მათ თავშესაქცევ მნიშვნელობებზე. დავცინოდი, პედანტი ხარ-მეთქი.

რიტას გამოწვდილი ტალონები ჩამოვართვი. მათ ის პროდუქტები ახატია, რომლებზეც უნდა გადავცვალო: თორმეტი კვერცხი, ყველის ნაჭერი, რაღაც ყავისფერი, სავარაუდოდ, სტეიკი. მე მათ სახელოს ელვაშესაკრავიან ჯიბეში ვიწყობ, იქ, სადაც საშვს ვინახავ.

– უთხარი, ახალი კვერცხი მოგცენ, – მომმართავს რიტა, – წინანდელივით არ მოგივიდეს. და წიწილაც. ეცადე, ქათამი არ შემოგატყუონ. უთხარი, ვისთვის გინდა და აღარაფერს აურევენ.

– კარგი, – ვპასუხობ. არ ვიღიმები. რატომ უნდა ეგონოს, რომ მასთან დამეგობრებას ვცდილობ?

3

უკანა კარით დიდსა და მოვლილ ბაღში გავდივარ. შუაგულში – მინდორი, ტირიფი, ვერხვი; განაპირას – ყვავილების კვლები, სადაც ახლა ენძელები ჭკნება და ტიტები იკვირტება, ფერებად იღვრება. ტიტები წითელია, ყუნწთან მეწამული, თითქოს ადრე გადაჭრეს და ახლახან დაიწყეს შეხორცებაო.

ეს ბაღი მეთაურის ცოლის საუფლოა. ჩემი ფანჯრიდან ხშირად დამინახავს იგი აქ, ბალიშზე ჩამუხლული, ფართოფარფლებიან ქუდზე ცისფერ ვუალგადაგდებული. გვერდით მუდამ კალათა უდგას, რომელშიც ბაღის მაკრატელი ჩანს და კიდევ – ბაწრის ნაკუწები, ყვავილების მისაბმელად. მეთაურის პირადი მცველი მიწას თხრის, ქალი კი მითითებებს აძლევს, ჯოხით ანიშნებს. ბევრ ცოლს აქვს ასეთი ბაღი – საქმე რომ არ შემოელიოთ. ჰოდა, ისინიც უვლიან და უფრთხილდებიან.

ერთ დროს მეც მქონდა ბაღი. ახლაც მახსოვს ამოტრიალებული ბელტის სუნი, ამოთხრილი ჩათქვირული ბოლქვების სისავსე, თითებს შორის ჩაჩხრიალებული თესლის სიმშრალე. ალბათ, დრო ასე უფრო სწრაფად გადის. ხანდახან მეთაურის ცოლი სკამს გამოიტანს ხოლმე გარეთ და ჩამოჯდება, თავის ბაღში. შორიდან მშვიდი ჩანს.

ახლა აქ არ არის და ვფიქრობ, სად შეიძლება იყოს: არ მინდა, მოულოდნელად გადავაწყდე. შეიძლება, სასტუმრო ოთახში კერავდეს პატარა სკამზე მარცხენა ფეხშემოდებული – ართრიტი აწუხებს. ანდა ყელსახვევს ქსოვდეს ფრონტის წინა ხაზის ანგელოზებისთვის. მეეჭვება, რომ ანგელოზებს ასეთი ყელსახვევები გამოადგეთ, მაგრამ მეთაურის ცოლი მაინც დიდი გულმოდგინებით ქსოვს მათ. სხვა ცოლების მსგავსად, ჯვრისა და ვარსკვლავის ნაყშებს არ სჯერდება – ეგ ხომ მეტისმეტად იოლია. მისი მოქსოვილი ყელსახვევის ბოლოებში ნაძვის ხეებია ჩამწკრივებული, ანდა არწივები, ანდა – გახევებული ჰუმანოიდები: ბიჭი-გოგო, ბიჭი-გოგო. ზრდასრულ მამაკაცზე მეტად პატარა ბავშვს მოუხდებოდა ასეთი ყელსახვევი.

ხანდახან მგონია, რომ ამ ყელსახვევებს სულაც არ უგზავნის ანგელოზებს, არღვევს და კვლავ ძაფის გორგლად აქცევს, რომ მერე ხელახლა მოქსოვოს რამე. შეიძლება ცოლები ასე თავს იქცევენ, იჯერებენ, რომ ისინიც ვინმეს სჭირდება. მაგრამ მე მეთაურის ცოლის მშურს – მას ქსოვა შეუძლია. კარგია, პატარ-პატარა და იოლად მისაღწევი მიზნების დასახვა.

მას რატომ შურს ჩემი?

თუ აუცილებლობა არ აიძულებს, არ მელაპარაკება. მე მისი სირცხვილი ვარ; და საჭიროება.

პირველად ერთმანეთის პირისპირ ხუთი კვირის წინ აღმოვჩნდით, როდესაც მე ამ ოჯახში გამამწესეს. წინა ოჯახის გუშაგმა წინკარამდე მომაცილა. პირველ ხანებში წინკარიდან შესვლის უფლება გვაქვს, მერე უკანა კარით სიარულს გვიბრძანებენ ხოლმე. ჯერ ყველაფერი თავის ადგილას არ დალაგებულა, ჯერ ძალიან ადრეა, არავინ იცის დანამდვილებით ჩვენი ზუსტი სტატუსი. ცოტა ხნის შემდეგ ან სულ წინკარით ვივლით, ან – სულ უკანა კარით.

დეიდა ლიდია გვპირდებოდა, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა წინკარით გვევლო. ეს უფრო საპატიოაო, გვეუბნებოდა.

გუშაგმა ჩემ ნაცვლად მიაჭირა ზარს თითი, ზარის წკრიალი რომ ვინმემ გაიგონოს და გასაღებად გამოემართოს, დროა საჭირო, ეს კარი კი იმწამსვე გაიღო, ალბათ, იქვე იდგა დადარაჯებული. თავდაპირველად მართას დანახვას ველოდი, მაგრამ ხელთ ის შემრჩა – თავისი გრძელი, იისფერი მოსასხამით არავისში შეგეშლებოდათ.

– ესე იგი, შენ ახალი ხარ! – თქვა მან. უკან არ დაუხევია, რომ ჩემთვის გზა დაეთმო, პარმაღზე იდგა და შესასვლელს მიღობავდა. უნდოდა, მეგრძნო, რომ მისი ნებართვის გარეშე ამ სახლში ვერასოდეს შევიდოდი. ამ დროში ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა სწორედ პარმაღებთან იმართება ხოლმე.

– დიახ, – ვუთხარი მე.

– პარმაღზე დადე! – მიუბრუნდა გუშაგს, რომელსაც ჩემი ჩანთა ეჭირა. წითელი ვინილის მომცრო ჩანთა. მქონდა მეორეც, შიგ ზამთრის პალტო და უფრო მძიმე კაბები მეწყო, მაგრამ იმას მერე მომიტანდნენ.

გუშაგმა ჩანთა ძირს დადო და მხედრული სალამი მისცა. ზურგს უკან მისი ფეხის ხმა გავიგონე და ჩემს ყურს ჭიშკრის ჯახუნიც მოსწვდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მკლავი, რომელსაც ვეყრდნობოდი, გამომეცალა. ახალი სახლის ზღურბლი მუდამ დამთრგუნველია.

მან მოიცადა, ვიდრე მანქანა დაიქოქებოდა და დაიძვრებოდა. სახეში არ ვუყურებდი, თავდახრილი მხოლოდ მის ჩასუქებულ, ლურჯ წელს ვხედავდი, ხელჯოხის სპილოსძვლის ბუნიკზე ჩამოყრდნობილ მარცხენა ხელს, მსხვილ-მსხვილ ბრილიანტებიან ბეჭედს, ერთ დროს ლამაზსა და ახლაც კარგად შემონახულ არათითზე წამოცმულს და ოვალურად მოქლიბულ წამახვილებულ ფრჩხილს. თითი თითქოს ირონიულად იღიმებოდა; თითქოს მას დასცინოდა.

– შეგიძლია შემოხვიდე, – მითხრა მან. ზურგი შემაქცია და დერეფანს კოჭლობით გაუყვა, – კარი მიხურე.

წითელი ჩანთა ოთახში შემოვიყოლე, რასაც უეჭველად მიბრძანებდა, რომ გახსენებოდა, მერე კარი მივხურე. არაფერი მითქვამს. დეიდა ლიდიამ გვირჩია, თუ რამეს არ გკითხავენ, აჯობებს, ხმა არ ამოიღოთო.

– ეცადეთ, მათი თვალით შეხედოთ ყველაფერს, – გვითხრა მან, ხელები ერთმანეთს შემოაჭდო და მაგრად მოუჭირა, თან სახეზე ჩვეული მავედრებელი ღიმილი აღებეჭდა, – ეს მათთვის იოლი სულაც არ არის.

– აქეთ, – მითხრა მეთაურის ცოლმა. მის მოსასვენებელ ოთახში რომ შევედი, ის უკვე თავის სავარძელში იჯდა. მარცხენა ფეხი დაბალ სკამზე შემოედო, პატარა ბალიშზე, რომელზეც ვარდებიანი კალათა ამოექარგათ. გვერდით, იატაკზე დაგდებული საქსოვიდან ჩხირები გამოშვერილიყო.

მე მის წინ ვიდექი, მხრებჩამოყრილი.

– ასე, – თქვა მან. სიგარეტი ამოიღო, კბილებს შორის მოიქცია და მოუკიდა. თხელი ტუჩები ჰქონდა, იმგვარად მოწკურული, რომ პატარა ვერტიკალური ხაზები უჩნდებოდა, პომადის რეკლამის ქალებივით. სპილოსძვლისფერი სანთებელა ეჭირა. “სიგარეტები შავი ბაზრისას ჰგავს,” – გავიფიქრე და იმედით ავივსე. ახლაც კი, როდესაც აღარ არსებობს ნამდვილი ფული, ისევ არის შავი ბაზარი. ის მუდამ იარსებებს, ვიდრე ადამიანებს რამე გასაცვლელი ექნებათ. ამ ქალს შეეძლო, შავი ბაზრის წესებისთვის ფეხი აეწყო. მე კი ვისთვის რა შემეთავაზებინა?

სიგარეტს ნატვრით სავსე მზერა მივაპყარი. ის ისევე მეკრძალებოდა, როგორც ალკოჰოლი და ყავა.

– ანუ ის ბებერი მაჩვი ჩაფლავდა, – თქვა მან.

– დიახ, მემ.

მან რაღაც სიცილის მაგვარი ამოუშვა, მერე დაახველა:

– ბედი არ ჰქონია საწყალს, ეს შენი მეორეა, არა?

– მესამე, მემ, – მე მივუგე.

– შენც ვერაფერიშვილი გამოდიხარ, – მითხრა მან. ისევ მომესმა ხველაშერეული სიცილი, – შეგიძლია დაჯდე. ოღონდ მხოლოდ ახლა, არ ვაპირებ, თავზე დაგისვა.

ხეშეშზურგიანი სკამის კიდეზე ჩამოვჯექი. არ მინდოდა, ოთახი მეთვალიერებინა; არ მინდოდა, მას ჰგონებოდა, თითქოს არ ვუსმენდი, ამიტომ მხოლოდ თვალის კუთხით, ჩრდილივით აღვიქვი ჩემ მარჯვნივ მარმარილოს ბუხარი, მის გასწვრივ ჩამოკიდებული სარკე და ყვავილების თაიგული. მომავალში მათი გულმოდგინედ შესწავლისათვის მეტი დრო მექნებოდა.

ახლა უკვე პირისპირ ვუყურებდი. მომეჩვენა, რომ ნაცნობი სახე ჰქონდა, ან ვიღაცას მაგონებდა. ჯერ კიდევ ქერა თმა ვუალის ქვეშ ოდნავ მოუჩანდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ალბათ, თმას იღებავდა, რომ მისი საღებავიც შავ ბაზარზე შეძენილი სიკეთე იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ნამდვილად ქერაა. წარბები წვრილ თაღებად ამოექნა და სახეზე ერთთავად გაოცებულ-აღშფოთებული თუ ცნობისმოყვარე გამომეტყველება ედო, შეშინებული ბავშვივით, თუმცა, თვალის უპეები დაღლილობისგან ჩაშავებოდა. უპეები, ოღონდ არა – თვალები, შუაგული ზაფხულის კამკამა ცასავით ლურჯი და მტრულად მომზირალი. ასეთი სილურჯე თითქოს გისხლეტს, ხელს გკრავს. მის ცხვირს ოდესღაც, ალბათ, ჩამოთლილი ეთქმოდა, მაგრამ ახლა სახესთან შედარებით მეტისმეტად პატარა ჩანდა. სახე გასივებული კი არ ჰქონდა, თითქოს გაფართოებოდა. ტუჩის კუთხეებთან ორი ღრმა ნაოჭი გაწოლილიყო, მათ შორის კი მუშტივით შეკრული თხელი ნიკაპი მოჩანდა.

– მინდა, რაც შეიძლება იშვიათად გნახო, – თქვა მან, – დარწმუნებული ვარ, შენც ეს გსურს.

არაფერი ვუპასუხე: თანხმობას თავხედობად ჩამითვლიდა, უარს – ურჩობად.

– ვიცი, სულელი არ ხარ, – განაგრძობდა იგი და კვამლის ბოლქვებს უშვებდა, – წავიკითხე შენი დოსიე. ჩემთვის ეს რაღაც ბიზნესგარიგებაა. მაგრამ თუ რამეს მიშავებენ, ვალში არც მე ვრჩები. გასაგებია?

– დიახ, მემ, – ვუპასუხე.

– ნუ მეძახი ასე, – გაღიზიანდა იგი, – მართა ხომ არა ხარ!

არ მიკითხავს, როგორ უნდა მიმემართა, რადგან მივხვდი: იმედი ჰქონდა, აღარასოდეს აღარანაირად მიმართვა აღარ მომიწევდა. გული დამწყდა. მაშინ მინდოდა, ის ჩემს უფროს დად ქცეულიყო, დედასავით მზრუნველად, რომელიც გამიგებდა და დამიცავდა. ჩემს წინა სამსახურში ცოლი თითქმის ყოველთვის საძინებელში იყო შეკეტილი, მართები ამბობდნენ, სვამსო. მინდოდა, ეს მაინც ყოფილიყო სხვანაირი. მინდოდა, მეფიქრა, რომ სხვა დროსა და ადგილას, სხვა ცხოვრებაში უთუოდ მომეწონებოდა, მაგრამ უკვე აშკარა იყო: ის არასოდეს მომეწონებოდა, ისევე, როგორც მას არ მოვეწონებოდი.

ნამწვი სპირალისებურ საფერფლეში ჩაადგო – მტკიცედ, ერთი წამოწევითა და ხელის ერთი მოქნევით. სხვა ცოლების მსგავსად არისტოკრატულ ფახიფუხს არ მოჰყოლია.

– რაც შეეხება ჩემს ქმარს, – თქვა მან, – მინდა, ყველაფერი ახლავე კარგად გაიგო. ის ჩემი ქმარია და მე და მას მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს. მორჩა!

– დიახ, მემ, – ვუპასუხე. რა ვქნა, დამავიწყდა. მინახავს პატარა გოგონების თოჯინები, რომლებსაც თუკი ზურგზე მავთულს ჩამოქაჩავდი, ლაპარაკობდნენ. მგონი, ჩემი ხმაც ამ თოჯინების ხმასავით ჟღერდა, მონოტონურად. ალბათ, ერთი სული ჰქონდა, ჩემთვის სახეში გაელაწუნებინა. მათ უფლება აქვთ, გვცემონ, ეს მათი საღვთო წესია,[3] მაგრამ მხოლოდ შიშველი ხელით.[4]

– სხვა რაღაცებთან ერთად, ამისთვისაც ვიბრძოდით, – მითხრა მეთაურის ცოლმა, მერე უეცრად თვალი ამარიდა, თავის მსხვილფალანგებიან, ბრილიანტებით შემკულ ხელებს დააცქერდა და მე გამახსენდა, სად მენახა იგი.

პირველად ტელევიზორში ვნახე, რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი. ის დრო იყო, დედაჩემს კვირადილაობით გვიანობამდე რომ ეძინა, მე კი ადრე ვდგებოდი, დედაჩემის ბიბლიოთეკაში ტელევიზორს მივუჯდებოდი და მულტფილმის ძებნაში ყველა არხს გადავჩხრეკდი. ხანდახან, თუკი მულტფილმს არ უჩვენებდნენ, “ნორჩ სულთათვის ქადაგების საათს” ვუყურებდი. აქ ბავშვებს ბიბლიურ ისტორიებს უყვებოდნენ და ჰიმნებს გალობდნენ. მგალობელთაგან ერთ სოლისტს სერენა ჯოი ერქვა. სოპრანო იყო. ფერფლისფერთმიანი, ტანმორჩილი, პაჭუა ცხვირითა და დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელთაც გალობისას ზე აღაპყრობდა ხოლმე. მას შეეძლო, ერთდროულად ეტირა და გაეღიმა. თითქოს როლში შეჭრილს, ერთი-ორი ცრემლი გრაციოზულად ჩამოუგორდებოდა ხოლმე ღაწვებზე და მისი ხმა, ათრთოლებული და უმწეო, უმაღლეს ნოტებს იოლად სწვდებოდა. ეს მანამდე, სანამ ახალ ასპარეზს აირჩევდა.

ახლა ჩემ წინ სწორედ სერენა ჯოი იჯდა, ანუ ყველაფერი უფრო უარესად იყო, ვიდრე წარმომედგინა.

 

 

[1] იატაკზე დასადგმელი დიდი საათი.

[2] ლუკა (10:38-42).

[3] “და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მÃევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იÃუმიე იგი, ვითარ-რაÁმეცა სათნო არს შენდა. და ძÂრი შეაჩუენა მას სარრა” (დაბ., 16,6)

[4] “ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თÂსსა, ანუ მÃევალსა კუერთხითა და მოკუდეს Ãელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეÃადოს” (გამ., 21,20).


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანი კოპალიანი, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თამთა ჯინჭარაძე, ია ნინოშვილი, ირაკლი ბაკურიძე, ლალი ჭინჭარაული, მალხაზ ფაღავა, მარგარეტ ეტვუდი, მარი კორინთელი, მხევლის წიგნი

ნატო დავითაშვილი. “აიას გზა”

$
0
0

 

ორი გადასარევი ამბავი მაქვს თქვენთვის: ნატო დავითაშვილის ახალი, რიგით მეექვსე წიგნი გვექნება სულ მალე და მას, ამჯერად, “წიგნები ბათუმში” გამოსცემს. “აიას გზა”, ჯერჯერობით, თხელი გარეკანით დაიბეჭდება, მაგრამ ჩიტმა ამბავი მომიტანა: სქელყდიან, საკოლექციო ვარიანტსაც არ დააგვიანდებაო.

 

ნატო დავითაშვილი.

აიას გზა

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

რედაქტორი – ლია ლიქოკელი

ყდის დიზაინი – მაია აბაშიძე

დიზაინი და დაკაბადონება  ნინო აფრიამაშვილი

© ნატო დავითაშვილი 2015

© გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

მხოლოდ სულიერი ბრძოლის უკიდურეს მიჯნაზე მისულები ხედავენ სხვა სამყაროებს და მათ შორის იმდენად გაცრეცილ ზღვარს, რომ ერთი ნაბიჯი კმარა გადასასვლელად,

ნახევარი კი – ორივეში სასიარულოდ.

 

კაისა

 

თავი პირველი

მზისფერთმიანი სტუმარი

აიას მხრებზე მოლივლივე თმაზე ჩამავალი მზისგან ნასესხები მეწამული დაჰკრავდა. ჟღალი არ ეთქმოდა. დედოფალმა თეკლამ ურჩია წაბლისფერი თმა წითელი თიხით დაებანა. მანაც დაუჯერა, ან დალების დედოფლისთვის როგორ არ დაეჯერებინა. თეკლა მართალი აღმოჩნდა. სულ ოდნავმა ფერისცვალებამ დიდრონი, მუქი ყავისფერი თვალები კიდევ უფრო აუკიაფა, ხორბლისფერი პირისახე, აქამდეც რომ რბილი მზისსხივისფერი ჰქონდა, მეტად გაუნათა, ტუჩებიც უფრო გამოეკვეთა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აიას განსაკუთრებით ახარებდა, – მისი ბავშვური იერსახე თვალში საცემი აღარ იყო. კოლხეთის დედოფალმა თუთამაც შენიშნა, მეომარ ქალს ემსგავსებიო.

დალების ხმალშემართული დედოფალი თეკლა და იარაღმომარჯვებული აია სავარჯიშო დარბაზში პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალით ზომავდნენ. აიამ შუბლზე ჩამოყრილი თმა თავის გაქნევით გადაიყარა, მარცხენა ფეხი უკან გადადგა, მთლიანად მას დაეყრდნო და მოწინააღმდეგეს შეუტია. ხმალს ისე მსუბუქად იქნევდა, თითქოს მანდილს აფრიალებსო. ოსტატობაში დედოფალი აიაზე ბევრად დახელოვნებული და გამოცდილი გახლდათ, ღონეც მეტად ერჩოდა, მაგრამ იარაღს ასე მოხდენილად მაინც ვერ ათამაშებდა. ამის მიზეზს აია თავიდანვე მიხვდა. თითისტოლა გოგომ დალების დედოფალს ცეკვის შესწავლა ურჩია, – სულ პატარაობიდან რომ არ მეცეკვა, ახლა ასე ნიავივით ვერ ვიმოძრავებდიო. მე – არა, მაგრამ თანატოლებს ასწავლე, უფლებას გაძლევო, – მიუგო თეკლამ.

– აი, ასე! კარგია, კარგია! – შეჰყვირა აიას შეტევით კმაყოფილმა დედოფალმა, – კიდევ უფრო მძლავრად! მოდი! მოდი!

აიას შეძახილი და გახელება არ სჭირდებოდა, ისედაც დაუნდობლად მიიწევდა წინ. თეკლას ხმალს ხმალი გადააჭდო და დალების დედოფლის მოხერხებულობა რომ არა, მოწინააღმდეგე იარაღს გააგდებინებდა.

– კარგი, საკმარისია! – შეაჩერა თეკლამ, – ძალიან შევყევით, სხვა საქმეებიც მაქვს!

– როგორც იტყვი! – მყისვე დაეთანხმა აია და იარაღი დაუშვა.

– ძველებურად ყოჩაღი ხარ, კამარას გაკვეთილები არ დაგვიწყებია, – შეაქო აია დედოფალმა თეკლამ.

თეკლას ემჩნეოდა, აიას ოსტატობით კმაყოფილი იყო. თუ სხვათა თვალში დედოფალს მუდამ შეუვალი იერი და მკაცრი მზერა ჰქონდა, აიასთან გრძნობების გამოხატვას არასოდეს ერიდებოდა.

– აქაც ვვარჯიშობ, დედოფალმა თუთამ ჩემი გაწვრთნა საუკეთესო მეომრებს დაავალა.

– შენი გაწვრთნა? – შეცბუნდა თეკლა, – კოლხეთში ნასწავლი და გაწვრთნილი გამოგიშვი. ძალიან მაინტერესებს, აქ ახალი რა გაიგე და შეითვისე.

– დედოფალმა თუთამ ეკლებჩაწნული ნაწნავით ბრძოლის წესები მასწავლა. თმა მათრახის მაგივრობას მიწევს. კიდევ ხელფეხშეკრულ ცურვასაც დავეუფლე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე წარმოვიდგინე, რომ წყალში ვცეკვავდი და ტანს ისე ვარხევდი, ყველაფერი გამომივიდა.

– რა გეშველებოდა, ეს ცეკვა რომ არ გცოდნოდა? – გაეცინა თეკლას.

– წყალქვეშა ორთაბრძოლებში დალების ტბაშიც მავარჯიშებდი, მაგრამ გაშლილ ზღვაში სულ სხვაა. თავს ბევრად მსუბუქად და ლაღად გრძნობ. აქ წყალიც თითქოს უფრო მსუბუქია.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ ფასისში ხარ, ოკშში კი ერთხელაც არ ყოფილხარ.

– მართალი ხარ, – მოიღუშა აია, – ოკშში ჯერ არ ავუყვანივართ. თუმცა, აქაც შესანიშნავი ბიბლიოთეკაა. დედოფალმა თუთამ სწავლულებიც მომიჩინა.

– კაისამ ყველა მნიშვნელოვანი წიგნი ოკშში წაიღო. სანამ იქაურ ბიბლიოთეკას არ გადაიკითხავ, ლილეს შენს გაშვებაზე თანხმობას ვერ მივცემ. ხომ გახსოვს, მამაშენმა რა პირობით მოგიყვანა ჩვენთან?!

– მომცემს კი ოკშის ბიბლიოთეკა ყველაფრის ცოდნას?

– რა თქმა უნდა არა, მაგრამ იმას კი გასწავლის, საქმეს ხელი უცოდინარმა რომ არ უნდა მოჰკიდო, – ღიმილით უპასუხა თეკლამ და შუბლზე ჩამოშლილი თმა თავად გაუსწორა.

– ამასობაში კი დავბერდები, – წაიწუწუნა აიამ.

– ჰა… ჰა… – გულიანად გაეცინა დალების დედოფალს, – დაბერდები კი არა, უკვე დაბერებულხარ და ეგაა, რადგან ასე წუწუნებ!

– ნუ მაბრაზებ! – შეუბღვირა აიამ.

– კარგი, კარგი! – ჩაიხუტა თეკლამ აია, – არ გაბრაზდე. თუთასიც კარგად მესმის. შენი მოშორება ყველას გვიჭირს: შენებს –  ხომ გახსოვს, სახლიდან როგორ გამოგიშვეს; მე – გული თან გამოგაყოლე; არც თუთას უნდა შენი გადახვეწა. კარგად იცის, ოკშში თუ ჩაიკეტები, იმ ქვაბულებიდან დიდხანს არ გამოხვალ. ყველას საჩვენოდ გვინდიხარ. როგორც გავიგე, ტახტის მემკვიდრე გერგეც ყურადღებას არ გაკლებს… – გამომცდელად შეხედა თეკლამ აიას.

– მაგრამ მე რომ აუცილებლად უნდა წავიდე? – ქალიშვილმა დედოფლის ბოლოს ნათქვამი სიტყვები თითქოს ვერც გაიგო, საუბარი ისე გააგრძელა და მტკიცედ წარმოთქვა: – უნდა წავიდე! შენ არ იცი, რა ძნელია, როცა გიხმობენ და არ იცი – საიდან და ვინ.

– სამაგიეროდ ლილემ იცის ძალიან კარგად.

– ჰოდა, მეც მამასავით მოვივლი უცხო მხარეებს და მასავით აუცილებლად შინ დავბრუნდები. მამამაც რამდენი იარა, სად არ იყო, ბოლოს კი ისევ სახლში დაბრუნდა.

– რა თქმა უნდა, აუცილებლად დაბრუნდები, როგორც ლილე იროელი, მაგრამ სად? ამაზე თუ გიფიქრია?!

– სად? – დაიბნა აია.

– თუმცა, მამაშენიც საბოლოოდ დაბრუნდა თუ არა, ეს კიდევ საკითხავია, იროელებმა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება იცით.

თეკლამ იარაღი საჭურველმტვირთველს გადასცა და ხალიბ მჭედლებთან შესახვედრად გასწია. ჩვეულებისამებრ მამაკაცურად იყო გამოწყობილი, – მეომარი ქალები მხოლოდ ასეთ სამოსს ცნობდნენ. მოკლე ტყავის კაბაჩა ტანზე კოხტად მოერგო. წელი ვერცხლის ძაფებისგან დაწნული განიერი ქამრით გამოეკვეთა. ორივე მაჯაზე მსგავსი წნულის სამაჯურები დედოფლის ერთადერთი სამკაული იყო. ძალიან ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა, მომავალ წელს ორმოცის ხდებოდა, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურებოდა, – ნამზეურ სახეზე ერთი ნაოჭიც არ ემჩნეოდა, თმები ძველებურად უბზინავდა, მხოლოდ ოდნავ ჩამუქებოდა – ახლა ხორბლისფერი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ოქროსფერი. მხრებშიც ნორჩი ქალწულივით იყო გაშლილი.

თეკლა აიას ათი წლიდან ზრდიდა. ლილემ დალების დედოფალს კამარაში შვილი თავად ჩაუყვანა, თუმცა პირობა დაადებინა, რომ გოგონას დალად არ დაიტოვებდა. შვილის კამარაში წაყვანა ლილე იროელმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აიამ აიკვიატა, უცხო მხარეები მიხმობენ და მათ მოსაძებნად უნდა წავიდეო. იროელს კი, თუ უცხო მხარე უხმობდა, ვერაფერი გააჩერებდა, ვერც დედის ცრემლი და ვერც მამის აწეული წარბი, ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიდოდა. ლილეს შვილის კარგად ესმოდა, ეს გრძნობა მისთვისაც არ იყო უცხო. ამიტომაც აიას ყოველმხრივი განსწავლა გადაწყვიტა. დალების დედოფალზე უკეთ მის ქალიშვილს მომავალი ფათერაკებისთვის ვერავინ მოამზადებდა. ერთადერთ შვილთან განშორებას დედა ძალიან განიცდიდა, თუმცა ნაისაც შესანიშნავად ესმოდა, მისი გოგონასთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ უცხო მხარეებში წასასვლელ გზას ყოველმხრივ გამოცდილი დაადგებოდა. აია მშობლებს ყოველ წელს აკითხავდა, რამდენიმე კვირით როშკაშში რჩებოდა. აახმაურებდა ოჯახს, გამოაცოცხლებდა და ისევ მიდიოდა. ყოველი სტუმრობის შემდეგ ნაი გადაწყვეტილების სისწორეში სულ უფრო რწმუნდებოდა. ეს ანუგეშებდა და შვილის მონატრებას აძლებინებდა. კიდევ ერთი, – აიას სამუდამო დაბრუნებამდე ლილე არსად წასვლას არ აპირებდა.

ხუთი წელი ცხოვრობდა აია კამარაში – მებრძოლი ქალების მთავარ ქალაქში. დედოფალი თეკლა ბავშვს არ ზოგავდა. ისე ზრდიდა და წვრთნიდა, თითქოს სადედოფლოდ ამზადებდა. ერთხელ გაეხუმრა, საბრძოლო ხელოვნებას გულს თუ ვერ დაუდებ და ისე არ მოგამზადებ, შენი იმედი რომ მქონდეს, არსადაც არ გაგიშვებ, დაეთხოვე უცხო მხარეების მონახულებაზე ოცნებასო. აქ, დალებთან, კამარაში დაგტოვებ, საკუთარი შვილი არა მყავს, ძმისშვილად კი მერგები და ტახტს შენ გადმოგილოცავო. ამის გაგონებაზე აიამ გულიანად გადაიკისკისა, მამაჩემმა და დედაჩემმა როშკაშში ათი წლისა ვერ გამაჩერეს და აქეთ გამომიშვეს, წასვლას როცა გადავწყვეტ, დალების მთელი არმია ვერ შემაჩერებსო.

კამარაში, სხვა გოგონების მსგავსად, აიაც უმკაცრეს წესებს ემორჩილებოდა. გართობისთვის და სათამაშოდ ძალიან მცირე დრო რჩებოდა – ვარჯიში, ჯირითი, სამკურნალო ბალახების გამოცნობა, წამლებისა და ნაყენების მოხარშვის წესების დაზეპირება, კლდეზე ცოცვა, ნადირობა და ხაფანგების დაგება და კიდევ ათასი რამ უნდა ესწავლა და შეეთვისებინა. ამას გარდა, აიას ფასისიდან გამოყოლილი მწიგნობარიც ახლდა, რომელიც, დალი გოგონებისგან განსხვავებით, მის სულ სხვაგვარ განსწავლაზე ზრუნავდა.

აიამ დედოფლის ბრძანებით თოვლიანი მყინვარებიც მოიარა და კინაღამ თითებიც კი მოიყინა. თეკლამ იმდენი მოახერხა, აია ქაჯავეთის კედლის მიღმა გადაიყვანა და რამდენჯერმე ქაჯებსაც კი შეახვედრა პირისპირ, რათა აღსაზრდელს ნამდვილი მტრის რისხვა და მისი დაუზოგავად მოქნეული მახვილის სიმძიმე ეგრძნო. ქაჯთან პირველივე ორთაბრძოლის შემდეგ აია მიხვდა, ავსულის შეტევის მოგერიებით მიღებული გამოცდილება კამარაში მოყვარესთან ვარჯიშში გატარებულ რამდენიმე თვეს გადაწონიდა. სულ სხვა გრძნობა დაეუფლა, როცა ქაჯს თვალი თვალში გაუყარა. ასეთი სიძულვილი არასდროს ეგრძნო. თითქოს თავად სიკვდილი მისჩერებოდა სახეში, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა – მეტოქე რაც შეიძლება სწრაფად გამოესალმებინა სიცოცხლეს. ქაჯი აიას არჩევანს არ უტოვებდა, ან ის უნდა გადარჩენილიყო, ან თავად. ორთაბრძოლების დროს აქამდე აიას მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა, – არ დამარცხებულიყო, ახლა საფიქრალი სულ სხვა იყო – არ დაღუპულიყო.

საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა თეკლა. თავდაპირველად აიას ქაჯთან გამკლავება უჭირდა, დედოფალი ბოლო წამამდე თავს იკავებდა და არ ეხმარებოდა. როცა მიხვდა, აია მახვილს ძველებური გაშმაგებით ვეღარ იქნევდა, ორთაბრძოლაში ჩარევა გადაწყვიტა. მათგან სამ ნაბიჯში იყო და ყველაფერს კარგად ხედავდა. ქაჯის მოქნეული ცულისგან აიამ თავს ახტომით უშველა. ეს ჩვეულებრივი ილეთი იყო, მაგრამ თეკლას მოეჩვენა, იგი ჰაერში რამდენიმე წამით დაყოვნდა. ეგ კიდევ არაფერი – აია ძირს არ დამხტარა, მოულოდნელად ისე მოექცა ქაჯის ზურგს უკან და ერთი დაკვრით მტერი ძირს დასცა. ეს ისე სწრაფად მოხდა, თეკლამ მის გადაადგილებას თვალი ვერ მიაყოლა. დედოფალს არც ძალიან გაკვირვებია: აია იროელი იყო. თუმცა აიას ილეთი იროელთათვისაც უცხო უნდა ყოფილიყო.

გოგონას გამოწრთობაში თუთას დალების სამფლობელოც უწყობდა ხელს: ღვარცოფიანი მდინარეები, გაუვალი უღრანი ტყეები და ზვიადი სალი კლდეები დალებისთვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო იყო. გადაკეტილი მდინარის სათავეში გაშენებული მებრძოლი ქალების ქალაქი – კამარა ადამიანებს მთლიანად მოწყვეტილი იყო. აია მუდმივად მეომართა შორის ტრიალებდა და მათ შორის მეგობრებიც ბევრი ჰყავდა. გოგონას ძალიან მოსწონდა დალებთან ცხოვრება და იქაური წესები, მაგრამ დროს იხელთებდა თუ არა, მდინარის ჩამკეტ კედელს მიაშურებდა და იქიდან გადასცქეროდა დალების ლაჟვარდოვან ტბას – მყინვარის ცრემლს.

აიას წყალი განსაკუთრებულად იზიდავდა. სიზმრადაც მუდამ ზღვის სიღრმეებში დაცურავდა. ქალიშვილი სულ წყალში ან წყლადყოფნას ნატრობდა. ამ დროს იროელების ნიშანთან ერთად ჯაჭვზე შებმულ სტიქიონების ოთხფურცელა გულსაკიდს დახედავდა და მწარედ ამოიოხრებდა.

წვრთნაში აიას გულმოდგინება შესაშური იყო. მისი თანატოლები თუ საათს ვარჯიშობდნენ, აია ორჯერ მეტ დროს ხარჯავდა, მაგრამ, დალი გოგონებისგან განსხვავებით, იარაღი და მისი გამოყენება დიდად არ უყვარდა. ბავშვობიდანვე იცოდა, წინ რომ დიდი მოგზაურობა ელოდა და კამარაში გატარებული ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სამზადისი იყო. ერთადერთი გზა, რომელიც უცხო მხარეში მიიყვანდა, იმ კარზე გადიოდა, რომელთანაც მარტო ვერასდროს მივიდოდა. მხოლოდ მამამისმა – ლილე იროელმა, მისმა მეგობარმა ყვავმა – ყოფილმა ავსულმა რუფიამ და დალების დედოფალმა თეკლამ იცოდნენ ქვესკნელში დამალული საიდუმლო კარის ადგილსამყოფელი და თუ მზადყოფნაში სამივეს არ დაარწმუნებდა, ვერასდროს შეაღებდა მას.

ხუთწლიანი მომზადების შემდეგ თეკლამ აია კოლხეთში გაგზავნა. ორი წელი სრულდებოდა, რაც აია დედოფალ თუთას სტუმრობდა. თუთა ბაკურის სიკვდილის შემდეგ მეათე წელი იყო ზღვისპირეთს მართავდა. დედოფალს მამის მსგავსად დიდი ჯაფა არ ედგა. მტერი შედარებით მიჩუმათებული იყო. სამშვილდის დიდი ბრძოლის შემდეგ კოლხეთში, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქ ფასისში, სიმშვიდე სუფევდა. თუთას გადედოფლების პირველ წლებში კოლხებმა მხოლოდ სამჯერ მოიგერიეს წყლის ქაჯების თავდასხმის უნიათო მცდელობა. მებადურთა ნავები და ვაჭართა ხომალდები ზღვაშიც თავისუფლად გადიოდნენ. ქაჯების წყლისქვეშა სამეფო ხელუხლებელი კი იყო, ან ავსულთა გარდა იქ ვინ შეაღწევდა, მაგრამ უჯაროდ დარჩენილი უწინდელ საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო დროს ავსულებმა ბრძოლის ახალ ხერხებს მიმართეს, დასახლებებზე შეტევის ნაცვლად მგზავრებს გზებზე უსაფრდებოდნენ და მშვიდი სვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რაც დრო გადიოდა, თავდასხმები სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა. არც იყო გასაკვირი, სამშვილდის ბრძოლის შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი იყო გასული და ქვესკნელიც თანდათან იკრებდა ძალებს.

კამარაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ აიას კოლხეთში ცხოვრება თავდაპირველად ცოტა მოსაწყენი ეჩვენა, თუმცა არანაკლებ საინტერესო. რას არ სწავლობდა – ცაზე ვარსკვლავების მოძრაობას, ამინდის გამოცნობას, ხიდებისა და სასახლეების აგებას, სიტყვათა ლამაზ წყობასაც კი აჩვევდნენ. ბეჯითსა და გონიერ გოგონას ძალიან ხშირად აქებდნენ და ლამის კაისას – დედოფალ თუთას ტყუპისცალ დას – ადარებდნენ. აიას ბავშვობიდან გასაოცარი ამბები ესმოდა კაისას შესახებ, შეიძლება ვიღაცას გამოგონილი და ზღაპარი სჩვენებოდა, მაგრამ გოგონას მათ სიმართლეში იოტისოდენადაც არ ეპარებოდა ეჭვი. ულამაზესი, ღვთისშვილებისგან დაფასებული, უსაზღვროდ განსწავლული, სხვათა გონების მჭვრეტელი, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ავსულთა მეუფის მართვა შეძლო, თუმცა ამას თავადაც შეეწირა და სამშვილდის ბრძოლის შემდეგ გაუღვიძებლად ეძინა, – აი, რა იცოდა კოლხეთის დედოფლის ტყუპისცალის შესახებ. რუფიაცა და მამაც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მონატრებით იხსენებდნენ კაისას. მოვა დრო და დანარჩენ ამბავს კაისა თავად მოგიყვებაო, – რუფია მონათხრობს ყოველთვის ასე ამთავრებდა. პატარა აიას სულ უკვირდა, ყველა ამბობს, სამარადჟამოდ დაიძინაო და თავად როგორღა მომითხრობსო.

ბნელთმეუფე სამსალას მიერ სამარადჟამოდ მიძინებულ კაისას ბაკურმა ფასისში კოშკი აუშენა, რომელიც ფასისის მთავარ კარიბჭესთან, ტახტ-სავარძელზე დაბრძანებული ქალაქის მფარველის – დიდი დედის წინწილებიანი ქანდაკების აღმოსავლეთით იდგა. ამ პაწაწინა ზარების შიშით გალავანს ავსული ვერ ეკარებოდა, მტრის მოახლოებას ზანზალაკები კოლხებს მაშინვე ამცნობდა, ისე აჟღარუნდებოდნენ, მათ წკრიალს მთელი კოლხეთი გაიგებდა. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო მომხდური, წინწილები მეტი გაშმაგებით რეკდნენ. კაისა ყველაზე მაღლა, კოშკის ზედა სართულზე მოთავსებულ ოთახში დაასვენეს, რომელიც მთლიანად იალღუნისა და ბზის ფირფიტებით, ულამაზესი ნაყშებით იყო მოხატული. წლები გადიოდა, მაგრამ კაისა არ იცვლებოდა. ზღვისფერი კაბა ეცვა, მოლივლივე. ცალი ხელი მკერდზე ედო, მეორე – ოდნავ დაბლა. განიერი, ბოლოებში მოქარგული სახელოები იატაკამდე ეფინა. ოქროსფერი, ოდნავ ტალღოვანი თმა მხარს დაბლა ჰქონდა ჩამოშლილი. თავი კაბისფერ დაბალ ბალიშზე ედო. საოცრად ლამაზი იყო და ნატიფი ნაკვთები ჰქონდა. ღაწვებზე ვარდისფერი დაჰკრავდა. მშვიდი იერი ჰქონდა, მაგრამ მნახველი მის სახეზე მაშინვე შეამჩნევდა მიმალულ ღიმილს. სულ ახლახანს ჩაძინებულს ჰგავდა. არადა, ოცდაორი წელი სრულდებოდა, კოლხეთის მთავრის ასულს გამოუღვიძებლად ეძინა – ისეთივე ახალგაზრდასა და ნორჩს, როგორიც ორი ათეული წლის წინ იყო. კაისა და დრო ერთმანეთს ვერ ამჩნევდნენ, იქნებ უბრალოდ თვალს არიდებდნენ. დროც კი ზოგავდა ქვესკნელის მთავარ სამსალასთან მებრძოლ და ბოლომდე დაუმარცხებელ ქალიშვილს.

კაისას სანახავად ჩამოსულ სტუმრებს დედოფალი თუთა დიდი სიხარულით არ ხვდებოდა. მძინარე დის სანახაობად გადაქცევა გულს სტკენდა და ისედაც მძიმე დარდს გაუსაძლისად უხდიდა. ამ განწყობას არ მალავდა, ამიტომაც თანდათან მნახველმა იკლო და მარტოობაში დარჩენილ კაისას ორადორი სტუმარი დარჩა – ტყუპისცალი და და საღამოსპირის ზღვაური.

დის სანახავად წასულმა დედოფალმა თუთამ აია მხოლოდ ერთხელ იახლა, სულ რამდენიმე დღის წინ, როცა ახალგაზრდა სტუმარმა კაისას ბიბლიოთეკაში წასვლა კიდევ ერთხელ სთხოვა. თუთამ პირობა მისცა ლილე იროელს, რომ აიას ოკშის კარს აუცილებლად გაუღებდა. იმ ავბედითი დღის შემდეგ, როცა ბებერმა როკაპმა კაისა ოკშიდან გამოიყვანა და უკანდასაბრუნებელი გზა ჩაუხერგა, ციხე გამოკეტილი იყო. კაისას მიძინების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ავიდა თუთა, რათა საკუთარი ხელით ჩაეკეტა ციხე-ქალაქის წიგნსაცავი და კარიბჭე. მას შემდეგ ოკშის ქვაბულებში არც მტერსა და არც მოყვარეს ფეხი არ დაედგა. პირობის მიუხედავად დედოფალი აიას ოკშში აყვანას არ ჩქარობდა. პირიქით, ათას რამეს იმიზეზებდა, რომ სტუმარი, რაც შეიძლება დიდხანს, ფასისში დაეტოვებინა.

– ვფიქრობ შენს ოკშში გამგზავრებაზე, – უპასუხა თუთამ აიას მორიგ თხოვნაზე, – სწავლულები ძალიან გაქებენ, კაისასაც კი გადარებენ, მაგრამ შენ კაისა არ ხარ და იქ მარტო ცხოვრება გაგიჭირდება.

ეს ის სიტყვები არ იყო, რასაც აია დედოფლისგან ელოდა, მაგრამ ქალიშვილმა საუბრის დასაწყისად ჩათვალა და ამითაც კმაყოფილი დარჩა.

– ვინც გინდა, ის გამაყოლე, მთავარია, კაისას ბიბლიოთეკამდე მივაღწიო. იქ ისეთი წიგნები ყოფილა, რომელთა წაუკითხავადაც მამაჩემი ქვესკნელის კარს არ გამაღებინებს, – მუდარანარევი ხმით წარმოთქვა აიამ.

– იქ ძალიან დიდი ბიბლიოთეკაა, მრავალი ასეული წიგნია, ყველას წაკითხვა კაისამაც ვერ მოასწრო. ოკშში დიდხანს დარჩენას არ აპირებ, რამდენიმე თვემ რა ცოდნა უნდა მოგცეს?

– ამაზე მეც მიფიქრია დედოფალო, მაგრამ მამა ოკშში ცხოვრებას დაჟინებით მთხოვს და თუ ნებას დამრთავ, ხვალვე გავემგზავრები.

– გთხოვს… – გაიმეორა თუთამ, – იქნებ ლილემ რამე იცის, – ჩაილაპარაკა თავისთვის.

– რა უნდა იცოდეს? – ჩაეძია აია.

– რამე განსაკუთრებული, – თქვა თუთამ და აიას მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

– ასე რატომ მიყურებ, დედოფალო?! – შეცბუნდა ქალიშვილი.

– მამაშენს კაისა განსაკუთრებულად უყვარდა. ერთად მრავალი რამ გადახდათ, დიდი მეგობრები იყვნენ. ერთმანეთს უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ. იქნებ ახლაც აქვთ კავშირი?

ამ საუბრის შემდეგ თუთამ აია კაისას სავანეში აიყვანა. დედოფლის შემხედვარეს აიას ყოველთვის ავიწყდებოდა, თუთა რომ მასზე ბევრად უფროსი იყო, თან მხოლოდ მასზე კი არა, მის მშობლებზეც. დედოფლის ასაკს მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა მძინარე კაისას დახედა. კაისა ქერა იყო, თუთას შავი სწორი თმა წელამდე სწვდებოდა. მათ შორის მხოლოდ ეს იყო განსხვავება. ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, – თვალის ჭრილი, ლამაზი, სწორი ცხვირი, ტუჩების მოყვანილობა – ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ ეს არ იყო დების მსგავსება, ეს უფრო ქალიშვილთან დედის ნაკვთების გამეორებას ჰგავდა.

– წარმოუდგენელია! – აღმოხდა აიას.

– შენ კი არა, ხანდახან მეც არ მჯერა, ოც წელზე მეტია სძინავს. ასე დასაჯა წყეულმა ბნელთმეუფემ სიკვდილის წინ, სამსალას წყევლა, ჯადო… არ ვიცი, რა ადევს და საშველი არსაიდან ჩანს. ღვთისშვილი კოპალა და მამაშენი კაისას გონში ჩახედვას ცდილობდნენ, იქნებ იოტისოდენა სიცოცხლის ნიშანწყალი ენახათ, – ყველაფერი ამაო გამოდგა, იქ მხოლოდ უკუნი და სრული სიჩუმე დახვდათ.

– ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა ჩაიძინაო, სახეზე ღიმიც კი დასთამაშებს… – გაოცებას ვერ მალავდა აია.

– მისი გულისფეთქვა და ღაწვების ვარდისფერი იმედს საბოლოოდ არ მიკარგავს, – გაუღიმა დას თუთამ, – შეუძლებელია, ის ძალა და ნიჭი, რომელსაც კაისა ფლობდა, საბოლოოდ განადგურებულიყო. კაისას ჩემსავით არც იარაღი სჭირდებოდა და არც სწრაფმავალი რაში. გონებით ყველაფერს სწვდებოდა. ამ ძალის გამო სამსალამ ჩემი დის დასაუფლებლად მთელი თავისი ჯარი გამოგზავნა.

– მამამ მითხრა, კაისამ ადგილსამყოფელი თავად გაანდო სამსალასო.

– მართალია. ეს კაისამ აიძულა სამსალა, რომ დედაბუდიანად აეყარა ავსულები და სამშვილდეში გამოეშვა. იმ ვერაგს კაისას ნიჭის გამოყენება სურდა. დიდ ბრძოლაში გადაეშვა ჩემი და, მაგრამ მებრძოლი არასდროს ყოფილა, ოკშში ყოფნას არაფერი ერჩია. ყველაზე ბედნიერი თავის ბიბლიოთეკაში იყო, – მიუბრუნდა დედოფალი აიას, – ასე მგონია, აქ მისი სხეულია მხოლოდ, სული კი საყვარელ წიგნებს შორის ოკშში დანავარდობს.

– ამიტომაც გიჭირს ჩემი იქ გაშვება, – დაუფარავად თქვა ნაფიქრი აიამ.

– იქნებ მართალიც ხარ, არ ვიცი. მაგრამ ეს წუთია მივხვდი, სწორად არ ვიქცეოდი, რომ გაყოვნებდი. თუ კაისას სული ახლაც ოკშში ტრიალებს, ყველაზე მეტად შენი იქ დანახვა გაუხარდება. არ დაგიმალავ, ოკშის წიგნსაცავებში გამოკეტილი ცოდნაც მენანება. ერთი პირობა ვიფიქრე, წიგნები ფასისში ხომ არ ჩამომეტანა, მაგრამ მაშინვე საკუთარ თავზე გავბრაზდი, თითქოს ამით ჩემს დას სამუდამო განაჩენი გამოვუტანე, ვირწმუნე, რომ აღარასდროს გამოიღვიძებდა, და ეს აზრი სამუდამოდ უკუვაგდე. არ დაგიმალავ, ერთადერთი შენ ხარ, ვისაც ოკშის გასაღებს ვანდობ. კაისას წიგნებს სხვას ვერავის ჩავუგდებ ხელში. ძალიან განსხვავებული კი ხარ კაისასგან, ძალიან… მაგრამ ერთადერთი შენში ვხედავ იმ ნათელს, რომელსაც ჩემი დაც ასხივებდა.

– დიდი მადლობა, დედოფალო, ამ ნდობისთვის, – გული აუჩუყდა აიას.

– სამადლობელი არც არაფერია, შენ ამას იმსახურებ!

– როდისთვის მოვემზადო? – აიამ თუთას სიტყვები თანხმობად ჩათვალა.

– როცა დრო მოვა, თავად აგიყვან, – დედოფალმა აიას ეს უთხრა მხოლოდ. ზუსტი პასუხი ამჯერადაც არ გასცა. – შეიძლება, ორიოდ დღეშიც კი, – დააყოლა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.

ორიოდ დღეში ოკშში ასვლა ვერ მოხერხდა. დედოფალი მგლებშემოსეული სოფლების მოსანახულებლად წავიდა. თუთა საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა, მოსახლეობას ჩვეულებრივი რუხი მგლები აწუხებდნენ. ავსულთა ეშვკბილა თეთრი მგლისთვის თვალი ერთხელაც არ მოეკრათ. აიასაც სურდა გაყოლა, მაგრამ დედოფალმა ფასისში დატოვა. თუთას შვილობილი გერგეც – ბაკურის მედროშე ამირას უმცროსი ვაჟი, კოლხეთში არ იყო და აიას სამშობლოს – აღმოსავლეთ მთიანეთს სტუმრობდა. დედოფალმა მხოლოდ მცირე რაზმი იახლა და იქაურებს იარაღი და წამლები წაუღო.

თუთას გამგზავრებიდან მესამე დღეს ფასისს კამარადან დალების დედოფალი თეკლა ეწვია. დედოფლის ამალაში ათი ქალი იყო, ზოგი მათგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქში დარჩენას აპირებდა. ამიტომაც სტუმრებს მასპინძლობას აია უწევდა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აიას გზა, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ირაკლი ბაკურიძე, ლია ლიქოკელი, მაია აბაშიძე, მარი კორინთელი, ნატო დავითაშვილი, ნინო აფრიამაშვილი, ფენტეზი, ქართული პროზა

“წიგნის ქურდი”: წიგნებსა და ადამიანებზე

$
0
0

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის

 

არაერთხელ მითქვამს – თუ რამეს ვერ ვიტან, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაა, ვიღაცის ან ვიღაცების მიერ გულმოდგინედ ჩამოწერილ-ჩამოწიკწიკებული. რა ვქნა, არ მიყვარს დირექტივები და მომკალით. არც იმაზე ვგიჟდები, ვინმე საკუთარ გემოვნებას რომ მახვევს თავს. არადა, მგონი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ახლა – ერთი რომანის წაკითხვა დაჟინებით უნდა გირჩიოთ და საკუთარი პრინციპებისგან ასეთ გადახვევას მხოლოდ იმით თუ გავამართლებ, რომ მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი“ მარტო წიგნი არ არის – დაუნდობელი დარტყმაა მზის წნულში.

კაცმა რომ თქვას, რა უნდა დაწერო დღეს ახალი ომის შესახებ? მაგრამ როცა 1939 წლის იანვრის სუსხიან დილას ლიზელ მემინგერთან ერთად დაადგებით გზას, მიხვდებით, რომ მარკუს ზუზაკმა ეს მოახერხა, თანაც ისე, რომ სანამ ბოლო გვერდებსაც ჩაიკითხავთ, ბევრჯერ სუნთქვაც გაგიჭირდებათ და ფანჯრის გასაღებადაც წამოდგებით, რომ დახშულ ფილტვებს ორიოდე ყლუპი ჰაერი მიაშველოთ.

მიაბიჯებთ ლიზელთან ერთად, უსმენთ სიკვდილის მონათხრობს (არ მოგეჩვენათ, ნამდვილად სიკვდილისას) და ვის აღარ ხვდებით. რუდი შტაინერიც აქაა – ლიზელის ერთგული მეგობარი, ჰანს ჰუბერმანიც, მამის მაგივრობას რომ უწევს გოგონას. აი, როზას, მის ცოლს, დედობა მაინცდამაინც არ გამოსდის, არადა, ურიგო ადამიანი როდია… ჰო, კიდევ მაქს ვანდენბურგია ამ წიგნში, ლტოლვილი ებრაელი, “ზეციურ ქუჩაზე“ ჰუბერმანებმა რომ შეიფარეს. მისი და ლიზელის ურთიერთობა ღირს მარტო ერთ წიგნად.

ნუ შეგაშინებთ ზუზაკის უჩვეულო სტილი, მისეული, ყველასაგან განსხვავებული მხატვრული სამყარო, ერთი შეხედვით არეულ-დარეული თხრობა – ეს მხოლოდ ჩარჩოა იმისთვის, რაც მთავარია ამ წიგნში – სიტყვებისთვის, რომლებსაც ადამიანების ხსნაც შეუძლიათ და განადგურებაც. სიტყვებია აქ ყველაზე მნიშვნელოვანი.

ეს წიგნი გულს ნაფლეთებად გიქცევთ, მაგრამ თვითონვე შეგიკოწიწებთ და გაგიმთელებთ, იმიტომ რომ უამრავ სისასტიკესთან, სიმახინჯესთან, ბოროტებასთან ერთად სიკეთეც აქვეა, სიყვარულიც, სიბრალულიც და ადამიანობაც. აქ ბევრი სიკვდილია, მაგრამ სიცოცხლის მარადიულობის იმედიც ციმციმებს, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სევდიანია – წიგნი უკვე მოხუცებული ლიზელისა და სიკვდილის შეხვედრით მთავრდება, უფრო სწორად, ამ ფრიად უჩვეულო მთხრობელის სიტყვებით:

“მოსვენება დამიკარგეს ადამიანებმა“.

ახალ თარგმანებზე წერისას მთავარი სირთულე ისაა, რომ სათქმელიც თქვა და არც ზედმეტი წამოგცდეს რამე, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ, ხომ გითხარით, წიგნი კი არა, მზის წნულში დარტყმაა-მეთქი. ჰოდა, ძალიან მინდა, ეს დარტყმა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

უკეთესები გავხდებით და იმიტომ.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ბლოგერების კონკურსი, თამარ ჟურული, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ლიზელ მემინგერი, ლიტერატურული კონკურსი, მარკუს ზუზაკი, ნათია ჩუბინიძე, პალიტრა L, პროზა, ქართული თარგმანი, შენი თაობის არჩევანი, წიგნის ქურდი, LIberteens

ანჯეი საპკოვსკი. მხედვარი. უკანასკნელი სურვილი

$
0
0

ანჯეი საპკოვსკი.

მხედვარი

უკანასკნელი სურვილი

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

 

მთარგმნელი – ხათუნა ბასილაშვილი

რედაქტორი – ქეთი ნიკოლეიშვილი

დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

სერიის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – ნატა ჩახვაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

გონების ხმა I

გოგონა გამთენიისას მივიდა მასთან.

ფრთხილად, ლანდივით უხმაუროდ შევიდა საკანში. ისე მიცურავდა, ჩქამიც არ ისმოდა, გარდა ხმისა, რომელსაც შიშველ სხეულთან შეხებისას გამოსცემდა მისი მანტია. მაგრამ მხედვარი სწორედ ამ ძლივს გასაგონმა ხმამ გააღვიძა, ან ეგებ უბრალოდ თვლემას მოსწყვიტა, ბურანიდან გამოიყვანა, რომელშიც ისე ირწეოდა, თითქოს წყნარი ზღვის წიაღში, წყალმცენარეთა ძაფებს შორის გამოკიდებულაო.

არ განძრეულა. თვალიც არ დაუხამხამებია. გოგონა უფრო ახლოს მიცურდა, მანტია გადაიგდო და ცალი მუხლი ნელა, ყოყმანით ჩამოდო მისი ფართო საწოლის კიდეზე. ის დახრილი წამწამების ქვემოდან აკვირდებოდა, რომ თავი არ გაეცა. გოგონა ფრთხილად აძვრა საწოლზე, ზედ ააცოცდა და ბარძაყები შემოაჭდო. დაჭიმულ მკლავებს დაყრდნობილმა, თმა სახეზე აუსვა. თმაზე გვირილების სუნი ასდიოდა. მერე გადაჭრით, თითქმის მოუთმენლად დაიხარა, ძუძუსთავი ჯერ ქუთუთოზე შეახო, მერე -ლოყაზე, ბოლოს -ტუჩებზე. მან ნელა, ფრთხილად გაიღიმა და ხელები ნაზად ჩაავლო ხელებში. გოგონა გაიმართა და თითებიდან დაუსხლტა. მისი გამჭვირვალე, ცისკრის შუქით განათებული სხეული სანთელივით იღვრებოდა ცისკრისავე ნისლოვან შარავანდედში. ვაჟი შეტოკდა. გოგონამ ორივე ხელით შეაჩერა და თეძოების ნაზი, მაგრამ ჯიუტი რხევით აყოლა მოსთხოვა.

ისიც აჰყვა. გოგონა მის ხელებს აღარ უფრთხოდა; თავი უკან გადააგდო და თმა გააქნია. კანი გრილი და საოცრად გლუვი ჰქონდა. როდესაც სახე ახლოს მიუტანა, ვაჟმა მისი თვალები დაინახა – წყლის ნიმფასავით უზარმაზარი და მუქი.

მერე რწევით ჩაიძირა გვირილების ზღვაში. ზღვამ მოსვენება დაკარგა, აღელდა, აბობოქრდა.

 

მხედვარი

I

როგორც მერე თქვეს, ჩრდილოეთიდან მოსულიყო, მებაწრეთა კარიბჭის მხრიდან. ქვეითად მოდიოდა, საპალნეაკიდებული ცხენი აღვირით მოჰყავდა. ბინდდებოდა და მებაწრეების, მეუნაგირეებისა და მთრიმლავების ფარდულები უკვე დაეკეტათ, ქუჩაც ცარიელი იყო. ცხელოდა, მაგრამ კაცს მხრებზე შავი ლაბადა ჰქონდა მოგდებული. მისი იერი უმალვე მოგხვდებოდათ თვალში.

მგზავრი ქარვასლა “ძველი ნარაკორტის” წინ შეჩერდა. ცოტა ხანს იდგა და ხმაურსა და ღრიანცელს უგდებდა ყურს. როგორც ყოველთვის საღამოობით, აქაურობა ახლაც ხალხით იყო სავსე.

უცნობი “ძველ ნარაკორტში” არ შესულა, აღვირი მოქაჩა და ქუჩას გაუყვა, მეორე, უფრო მომცრო ფუნდუკისკენ აიღო გეზი. იმ ფუნდუკს “მელაკუდა” ერქვა, არცთუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა და ვერც ხალხმრავლობით დაიკვეხნიდა.

მეფუნდუკემ კიტრის მწნილის კასრიდან თავი აიღო და სტუმარი აათვალიერ-ჩაათვალერა. უცნობი, ჯერაც ლაბადამოსხმული, უძრავად იდგა დახლის წინ და ხმას არ იღებდა.

-რას ინებებთ? -ჰკითხა მეფუნდუკემ.

-ლუდს. -მიუგო უცნობმა. უსიამოვნო ხმა ჰქონდა.

მეფუნდუკემ ხელები ჯვალოს წინსაფარზე შეიწმინდა და დაკენკილ თიხის კათხაში ლუდი ჩამოუსხა. უცნობს მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ თითქმის სულ მთლად ჭაღარა იყო. ლაბადის ქვეშიდან უჩანდა გაცვეთილი ტყავის ქურთუკი, რომელიც კისერთან თასმით იკვრებოდა. მოსასხამი რომ მოიხსნა, დაინახეს, ზურგზე თასმით ხმალი ეკიდა. უჩვეულო არაფერი ყოფილა – ვიზიმაში თითქმის ყველა მამაკაცი ატარებდა იარაღს, მაგრამ ხმალს კაპარჭივით ბეჭებზე არავინ იმაგრებდა.

უცნობი სხვა სტუმრებთან ერთად საერთო მაგიდას არ მისჯდომია, იდგა დახლთან და მეფუნდუკეს აკვირდებოდა. ლუდი მოსვა და თქვა:

-ღამის გასათევი მჭირდება.

-არ გვაქვს. -ჩაიბურტყუნა მეფუნდუკემ და სტუმრის ჭუჭყიანი, მტვერში ამოგანგლული ჩექმები შეათვალიერა. -“ძველ ნარაკორტში” იკითხეთ.

-აქ მირჩევნია.

-აქ ადგილი არ არის. -მეფუნდუკე ბოლოს და ბოლოს მიხვდა, სადაურად უქცევდა უცნობი – ის რივიელი იყო.

-კარგად გადაგიხდით. – ხმადაბლა თქვა მგზავრმა, თითქოს თავადაც არ სჯეროდა საკუთარი თავის.

ის საძაგელი ამბავიც ამ დროს დაიწყო. ჩოფურა ახმახი, რომელიც შემოსვლის წუთიდან მოქუფრულ მზერას არ აშორებდა უცნობს, წამოდგა და დახლთან მივიდა. მისი ორი თანამეინახეც წამოიმართა და შორიახლო დადგა.

-ხომ ხედავ, აქ ადგილი არ არის, შე რივიელო მაწანწალავ. -წ აისისინა ჩოფურამ და უცნობს წინ აესვეტა. – ვიზიმაში შენნაირებს არაფერი ესაქმებათ. ეს ღირსეული ქალაქია!

უცნობმა კათხა აიღო და განზე გადგა. თვალი მეფუნდუკისკენ გააპარა, მაგრამ მან მზერა აარიდა. აზრადაც არ მოსვლია რივიელის დაცვა. რივიელები ხომ არავის უყვარდა.

-ყველა რივიელი ქურდია! – განაცხადა ჩოფურამ და სიტყვებს ლუდის, ნივრისა და ბრაზის ოხშივარი ამოაყოლა. – გესმის, შე ნაბიჭვარო?

-არ ესმის, ყურები ნეხვით აქვს გამოტენილი. – წამოიძახა ჩოფურას ერთ-ერთმა თანამეინახემ. მეორემ ამის გაგონებაზე გადაიხარხარა.

-გადაიხადე და მოუსვი აქედან! – დაიყვირა ჩოფურამ.

უცნობმა ახლაღა შეხედა.

-ლუდს დავლევ და წავალ.

-მოგეხმარებით. – წაისისინა აყლაყუდამ. რივიელს კათხა გააგდებინა, ცალი ხელით მხარში სწვდა, მეორით კი თასმაზე წაეტანა, გულმკერდზე ირიბად რომ ჰქონდა გადაჭერილი. ერთ-ერთმა ზურგს უკან მდგომმა მუშტი მოუღერა. უცნობი ადგილზე შემოტრიალდა და ჩოფურა ერთი დაკვრით დაარეტიანა. ხმალმა ქარქაშში გაისისინა და ლამპრის შუქზე იელვა. ყველაფერი ერთმანეთში აირია. ატყდა ყვირილი, რომელიღაც სტუმარი კარს ეცა. ბრახუნით წაიქცა მაგიდა. თიხის ჭურჭელი ბრაგვანით დაენარცხა იატაკს. ტუჩებაცახცახებული მეფუნდუკე საზარლად სახეგაპობილ ჩოფურას მიშტერებოდა. ჩოფურა თითებით დახლს ებღაუჭებოდა და ნელ-ნელა უჩინარდებოდა, თითქოს იძირებაო. დანარჩენი ორი იატაკზე ეყარა. ერთი უძრავად იწვა, მეორე კი მუქ გუბეში იკლაკნებოდა. ჰაერი ქალის მჭახე კივილმა გააპო. მეფუნდუკე აკანკალდა, სუნთქვა შეუგუბდა და გული აერია.

უცნობმა კედლისკენ დაიხია. მუშტად შეკრულს, დაძაბულს და გაფაციცებულს, ხმალი ორივე ხელით ეჭირა და ჰაერში ატრიალებდა. არავინ განძრეულა. შიში ყველას ტალახივით შეხმობოდა სახეზე, კიდურები გაექვავებინა და სუნთქვა შეეკრა.

სამი გუშაგი იარაღის ჟღარუნით შეცვივდა დუქანში. როგორც ჩანს, სადღაც იქვე იყვნენ. ტყავშემოხვეული ხელკეტები მოემარჯვებინათ, მაგრამ გვამების დანახვისთანავე ხმლები იშიშვლეს. რივიელი ზურგით კედელს აეკრა და მარცხენა ხელით ჩექმიდან სატევარი დააძრო.

-დააგდე! – დაუყვირა ერთ-ერთმა გუშაგმა აკანკალებული ხმით. – დააგდე, შე ყაჩაღო, და წამოგვყევი!

მეორემ მასა და რივიელს შორის გახირულ მაგიდას ფეხი ჰკრა.

-ქოჩორავ, წადი, ხალხი მოიყვანე! – გასძახა მესამეს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იდგა.

-არ არის საჭირო. – თქვა უცნობმა და ხმალი დაუშვა. – მე თვითონ წამოვალ.

-მე ვიცი, სადაც წახვალ, შე ნაბიჭვარო! ყულფში გაუყრი თავს! – დაიყვირა აკანკალებულმა გუშაგმა. – დააგდე ეგ ხმალი, თორემ თავს გაგიჩეხავ!

რივიელი გაიმართა, ხმალი სწრაფად გაირჭო მარცხენა იღლიაში, მარჯვენა ხელი კი გუშაგებისკენ გაიშვირა და ჰაერში რაღაც რთული ნიშანი მოხაზა. გაიბრწყინა ქურთუკის სახელოზე მაჯიდან იდაყვამდე ასხმულმა კილიტებმა.

გუშაგებმა უკან დაიხიეს და მკლავები სახეზე აიფარეს. ერთი სტუმარი ადგილიდან წამოვარდა, მეორე კარისკენ გაექანა. ისევ გაისმა ქალის საზარელი, გულის გამგმირავი კივილი.

-მე თვითონ წამოვალ. – გაიმეორა უცნობმა ფოლადივით მტკიცე, მჟღერი ხმით. – სამივე წინ გამიძღვებით და ქალაქის თავთან მიმიყვანთ. მე გზა არ ვიცი.

-კარგი, ჩემო ბატონო. – ჩაილუღლუღა გუშაგმა, თავი ჩაქინდრა და დარცხვენილი მზერით გასასვლელისკენ გაიძურწა. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. უცნობმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, სატევარი ჩექმაში ჩაიდო და მათ კვალს დაადგა. მაგიდებს რომ ჩაუარეს, სტუმრებმა ხიფთნის კალთები აიფარეს სახეზე.

 

II

ველერადმა, ვიზიმის თავმა, ნიკაპი მოიფხანა. არც ცრუმორწმუნე იყო და არც მშიშარა, მაგრამ ამ თეთრთავასთან მარტო დარჩენა მაინცდამაინც არ ეხალისებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და გუშაგებს უთხრა:

-თქვენ წადით. შენ კი აქ დაჯექი. არა. მანდ არა. თუ შეიძლება, ცოტა მოშორებით.

უცნობი დაჯდა. აღარც ხმალი ჰქონდა და აღარც შავი ლაბადა ემოსა.

-მე ველერადი ვარ, ვიზიმის თავი. – თქვა ველერადმა და მაგიდაზე შემოდებული მძიმე კვერთხი ხელში შეათამაშა. – აბა გისმენ. მითხარი, რისი თქმა გნებავს, კეთილმოწყალეო ავაზაკო. ჯერ მითხარი და დილეგში მერე ჩაგაგდებ. სამი კაცის მკვლელობა და ჯადოსნობის მცდელობა. კარგია, ძალიან კარგი. ასეთი ოინებისთვის ვიზიმაში სარზე სვამენ, მაგრამ მე სამართლიანი კაცი ვარ, ამიტომ ჯერ მოგისმენ. დაიწყე!

რივიელმა ქურთუკის ღილები შეიხსნა და უბიდან თხის ტყავის თეთრი გრაგნილი ამოაძვრინა.

-თქვენ ამას გზებზე, დუქნებთან აკრავთ. -თქვა ხმადაბლა. -რაც აქ წერია, მართალია?

-აჰ. – ჩაიბურტყუნა ველერადმა და ტყავზე ამოტვიფრულ რუნებს თვალი შეავლო. – აი, თურმე რა. მაშინვე როგორ ვერ მივხვდი. ჰო, მართალია. მართალზე უფრო მართალი. ხომ ხედავ, ფოლტესტი, ტემერიის, პონტარისა და მაჰაკამის მეფე აწერს ხელს. რაკი ხელმოწერილია, მართალიცაა. მაგრამ რუნები რუნებად და კანონი – კანონად. ხალხის ხოცვას არ დაგანებებ! გაიგე?

გავიგეო, თავი დაუქნია რივიელმა. ველერადმა ბრაზით ჩაიფრუტუნა.

-მხედვარის ემბლემა თან გაქვს?

უცნობმა ისევ ქურთუკში ჩაიყო ხელი და იქიდან ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდებული მრგვალი მედალიონი ამოაძვრინა. მედალიონზე კბილებდაკრეჭილი მგლის თავი იყო გამოსახული.

-რა გქვია? კაცმა რომ თქვას, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ საუბარს გაგვიადვილებს.

-გერალტი.

-კეთილი და პატიოსანი. რივიელი ხარ? კილოზე შეგატყვე.

-რივიელი გახლავართ.

-კარგი. იცი რა, გერალტ? ეს, – ველერადმა გრაგნილს თითი დაჰკრა, – დაივიწყე. თავიდან ამოიგდე. ეს სერიოზული საქმეა. ბევრმა სცადა, მაგრამ ამაოდ. ეს, ჩემო ძმაო, ორიოდე მაწანწალას მოკვლა არ გეგონოს.

-ვიცი. მაგრამ ჩემი ხელობა ეგ არის, კეთილმოწყალეო ქალაქის თავო. აქ წერია, რომ ჯილდოდ სამი ათას ორენს იძლევიან.

-სამი ათასს. – ველერადმა კოპები შეიკრა. – და, ხმები დადის, მეფის ასულსაცო სართად, თუმცა მოწყალე ფოლტესტს ასეთი არაფერი დაუწერია.

-მეფის ასული არ მჭირდება. – მშვიდად თქვა გერალტმა. მუხლებზე ხელებდაწყობილი, უძრავად იჯდა. – მე მხოლოდ სამი ათასი მაინტერესებს.

-რა დრო დაგვიდგა, რა დრო! -ამოიოხრა ქალაქის თავმა. -ეს რა ბინძური დრო დაგვიდგა! ოცი წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ მხედვარის პროფესია გაჩნდებოდა? ასეთი რამ მთვრალსაც კი არ მოუვიდოდა აზრად! ბასილისკოების მოხეტიალე მკვლელები! დრაკონებისა და ხორთლაღების კარდაკარ მოსიარულე მმუსვრელები! გერალტ, თქვენი გილდია ლუდის სმას გიკრძალავთ?

-რა თქმა უნდა, არა.

ველერადმა ხელი ხელს შემოჰკრა და დაიძახა:

-ლუდი! გერალტ, მოდი, უფრო ახლოს დამიჯექი, რაც არის, არის.

ლუდი მოიტანეს. ცივი და ქაფიანი იყო.

-დროა, უკეთესს ვერ ინატრებ. – -ჩაიბუზღუნა ველერადმა და სასმელი ხარბად მოსვა. – ათასი ოხრობით აივსო სოფელ-ქვეყანა. მაჰაკამში მთები ავსულებითაა გატენილი. წინათ ტყეში მხოლოდ მგლები დაძრწოდნენ, ახლა კი, საითაც არ უნდა გადააფურთხო, ვამპირს, მაქციას ან მავნეს დაეცემა. ალები და კუდიანები სოფლებიდან ასეულობით ბავშვს იტაცებენ. ისეთი სნეულებები გაჩნდა, აქამდე გაგონებითაც რომ არავის გაეგონა. თმა ყალყზე დაგიდგება კაცს. ახლა ეს დაემატა! -ტყავის გრაგნილს ხელი ჰკრა და მაგიდაზე გააგორა. -სულ არ მიკვირს, გერალტ, რომ თქვენს მომსახურებაზე ასეთი მოთხოვნაა.

-ეს მეფის უწყებაა, ქალაქის თავო. -გერალტმა თავი ასწია. -დეტალებს იცნობთ?

ველერადი სკამზე გადაწვა და ხელები მუცელზე გადაიჯვარედინა.

-დეტალებს? ვიცნობ. პირველწყაროდან არა, მაგრამ სანდო წყაროდან.

-სწორედ ეგ მაინტერესებს.

-კარგი, რახან შენსას არ იშლი, მისმინე. -ველერადმა ლუდი მოსვა და ხმას დაუწია. -ჩვენმა მოწყალე ფოლტესტმა ჯერ კიდევ მამის, მოხუცი მედელის მეფობისას, უფლისწულობაშივე გამოიჩინა თავი, თან გვარიანად გამოიჩინა. ვიფიქრეთ, გაიზრდება და გადაუვლისო, მაგრამ როგორც კი მამამისი გარდაიცვალა და მეფედ აკურთხეს, ისეთი რამე ჩაიდინა, მისგანაც რომ არავინ ელოდა და ყველას პირი დაგვაღებინა. თავისი უმცროსი და დააორსულა, ადა. დღედაღამ ერთად იყვნენ, მაგრამ ეჭვიც არავის აუღია… ალბათ, დედოფლის გარდა… მოკლედ, ადას მოულოდნელად უზარმაზარი მუცელი დააჯდა, ფოლტესტმა კი ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი. დაზე დაქორწინება მოინდომა, გესმის, გერალტ?! ამ დროს, ყველა სიკეთესთან ერთად, ვიზიმარ ნოვიგრადელმა განიზრახა, თავისი ასული დალკა ფოლტესტისთვის მიეთხოვებინა. მაჭანკლებიც მოაგზავნა. ფოლტესტი ძლივს გავაკავეთ, კინაღამ კინწისკვრით გაყარა მოციქულები. მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად ჩაიარა ამ ამბავმა, თორემ ვიზიმარი შიგანს გადმოგვაყრევინებდა. მერე ისევ ადა დავიხმარეთ -ძმაზე გავლენა მოახდინა -და, როგორც იქნა, ბიჭს ნაჩქარევი ქორწინება გადავაფიქრებინეთ. ამასობაში დრომაც მოაწია და ადამ მოილოგინა. ახლა კარგად დამიგდე ყური, იმიტომ რომ ყველაფერი ახლა იწყება. რა შვა, თითქმის არავის უნახავს. ბებიაქალები იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი კოშკის ფანჯრიდან გადმოხტა და იქვე განუტევა სული, მეორე შეიშალა და დღემდე გაშტერებული დადის. როგორც ჩანს, კალმით ნახატი არ ყოფილა მეფის ნაბიჭვარი. სხვათა შორის, გოგონა იყო. თუმცა თავადაც მაშინვე მოკვდა -გული მიგრძნობს, ჭიპლარის გადაჭრასაც არავინ იჩქარებდა. თავისდა ბედად, ადაც მშობიარობას გადაჰყვა. მერე კი, ჩემო ძმაო, ფოლტესტმა მორიგი სისულელე ჩაიდინა. ის ნაბიჭვარი უნდა დაეწვათ ან სადმე უღრან ტყეში დაემარხათ, მაგრამ, ჩვენი მოწყალე მეფის ბრძანებით, სარკოფაგში ჩაასვენეს და დღემდე სასახლის სარდაფში, აკლდამაში წევს.

-ახლა გვიანია სინანული. -თავი ასწია გერალტმა. -განდობილთაგან უნდა გეხმოთ ვინმე.

-იმ თაღლითებს გულისხმობ, ვარსკვლავიანი ჩაჩები რომ ახურავთ? როგორ არა, ათი მაინც მოცვივდა, ოღონდ ეგ უკვე მერე, როცა ყველამ გაიგო, რა იწვა იმ სარკოფაგში და რა გადმოდიოდა იქიდან ღამღამობით… თუმცა მაშინვე არ გადმოსულა. შვიდი წელი სრული სიმშვიდე სუფევდა. ერთ ღამეს კი, სავსემთვარეობისას, ატყდა სასახლეში წივილ-კივილი და ალიაქოთი! მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, -მეფის უწყება შენც წაგიკითხავს, -ჩვილი კუბოში გაიზარდა და თანაც როგორ! კბილები, აი, ამსიგრძე გაუხდა! ერთი სიტყვით, ნამდვილი ხორთლაღია. სამწუხაროა, რომ გვამები არ გინახავს ჩემსავით, თორემ ვიზიმას სათოფეზე არ გაეკარებოდი.

გერალტი უხმოდ უსმენდა.

-მერე, -განაგრძო ველერადმა, -როგორც გითხარი, ფოლტესტმა ჯადოქრების მთელი ურდო დაგვახვია თავს. ჰოდა, დასცხეს ერთმანეთს, კინაღამ არგნებიც გადაალეწეს თავზე -ეგენი ხომ მუდამ თან დააქვთ, ეტყობა, მიქსეულ ძაღლებს იგერიებენ. მიქსევით კი, ვეჭვობ, ხშირად უნდა უქსევდნენ. ბოდიშს გიხდი, გერალტ, შენ ალბათ ჯადოქრებზე სხვა აზრისა ხარ. შენს ამქარშიც ბლომად იქნებიან. მაგრამ მე ისინი მუქთახორა ბრიყვები მგონია. ხალხს თქვენი, მხედვარებისა უფრო სჯერა. თქვენ უფრო -როგორ ვთქვა -საიმედოები ხართ.

გერალტმა გაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

-მაგრამ მოდი, საქმეზე გადავიდეთ. -ქალაქის თავმა კათხაში ჩაიჭყიტა, ლუდი დაისხა და რივიელსაც შეუვსო სასმისი. -ზოგი ჯადოქრის რჩევა არცთუ უგუნური ჩანდა. ერთმა ურჩია, ხორთლაღი სარკოფაგიან-სასახლიანად დაწვიო, მეორემ -ბარით თავი წააწყვიტეო, მესამემ -ვერხვის პალოები ჩაარჭვე ტანში, როცა ღამის თავგადასავლებით დაღლილს კუბოში მშვიდად ეძინებაო. მაგრამ, საუბედუროდ, გამოჩნდა ვიღაც ქუდწოწოლა და თავკოტორა ტაკიმასხარა, კუზიანი მწირი. დაიჟინა, მოჯადოებულია და ჯადოს თუ ახსნით, ხორთლაღი ფოლტესტის მზეთუნახავ გოგოდ იქცევაო. ბევრი არაფერი უნდა, ვინმემ ღამე უნდა გაათიოს აკლდამაში და ეგ არისო. თქვა და -წარმოგიდგენია, რა რეგვენი იყო, გერალტ? -თვითონვე წავიდა სასახლეში ღამის გასათევად. მეორე დილით მისი ძვლებიც ვეღარ იპოვეს -ქუდი და ჯოხიღა იყო დარჩენილი. ფოლტესტი კი ამ აზრს ისე ჩაებღაუჭა, როგორც ძურწა ბალახი -ძაღლის კუდს. იმ წყეული ხორთლაღის მოკვლა ყველას აუკრძალა და ვიზიმის ყოველი კუთხიდან უხმო თაღლითებს, რომ პრინცესად ექციათ. ისეთი კომპანია შეიკრიბა, თვალი უკეთესს რას ნახავდა! ვიღაც ოთხად მოკაკვული ქალები, ჩემო ძმაო, ხეიბრები, ჭუჭყიანები, ტილიანები -გული აგიტირდებოდა. ჰოდა, შეუდგნენ მჩხიბაობას და ჯამ-ჭურჭლის შელოცვას. ზოგიერთს ფოლტესტი საბჭოს წყალობით მალევე მიუხვდა თაღლითობას. რამდენიმე მათგანი სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად სარზეც კი გასვა, მაგრამ, უნდა გითხრა, არც ისე ბევრი. მის ადგილას ყველას სახრჩობელაზე ვუკრავდი თავს. ხორთლაღი, რა თქმა უნდა, არც იმ თაღლითებს დაგიდევდათ და არც მათ შელოცვებს -ხან ვის ჩაასობდა კბილს და ხან ვის. ჰოდა, სულ არ მიკვირს, რომ ბოლოს სხვებთან ერთად ფოლტესტმაც მიატოვა სასახლე. ახლა იქ კაციშვილი აღარაა.

ველერადი შეჩერდა, ლუდი მოსვა. არც მხედვარს ამოუღია ხმა.

-აგერ უკვე შვიდი წელია ამ დღეში ვართ, გერალტ, -აკი თოთხმეტი წლის წინ დაიბადა. ამ ხნის განმავლობაში სხვა სადარდებელიც ბლომად გვქონდა. მაგალითად, ვიზიმარ ნოვიგრადელს ვეომეთ, თუმცა სავსებით გასაგები და ღირსეული მიზეზით -საზღვრების და არა ვიღაც გოგოებისა თუ ნათესაური კავშირების გამო. სხვათა შორის, ფოლტესტმა ისევ დაიწყო ქორწინებაზე ფიქრი და მეზობელი სამეფოებიდან გამოგზავნილ პორტრეტებსაც ათვალიერებს, წინანდელივით უნახავად აღარ ყრის ფეხსალაგში. მაგრამ ხანდახან ისევ წამოუვლის და ქვეყნის ყოველ კუთხეში გზავნის მაცნეებს ჯადოქრების საპოვნელად. აგერ, ჯილდოც დააწესა. მაგ სამი ათასმა მართლაც მიიზიდა რამდენიმე გადარეული, მოხეტიალე რაინდი, ერთი მეღორეც, მთელ ოლქში ცნობილი ყეყეჩი, ნათელში იყოს მისი სული. ხორთლაღი კი, ვითომც არაფერიო, ხან ვის გაჰკრავს კბილს და ხან ვის. უკვე მივეჩვიეთ. იმ გმირებმა, ჯადოს ახსნას რომ ცდილობენ, ერთი სარგებლობა მაინც მოგვიტანეს -ის წყეული იქვე იყორავს მუცელს და სასახლის გარეთ აღარ დაძრწის. ფოლტესტს კი, რაღა თქმა უნდა, ახალი, მშვენიერი სასახლე აქვს.

-შვიდი წელი გავიდა. -თავი ასწია გერალტმა. -შვიდი წელი. ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი გააწყო?

-ვერა. -ველერადმა გამჭოლი მზერა დაასო. -და, როგორც ჩანს, ვერც ვერაფერს გააწყობენ. უნდა შეეგუოს. ფოლტესტს ვგულისხმობ, ჩვენს მოწყალე და საყვარელ მბრძანებელს, ყოველ გზაჯვარედინზე მოწოდებებს და უწყებებს რომ აკვრევინებს. თუმცა მოხალისეები მაინცდამაინც აღარ ჩანან. ამას წინათ კი გამოჩნდა ერთი, მაგრამ ის სამი ათასი წინასწარ მოგვთხოვა. ჩვენც ავდექით, თავზე ტომარა წამოვაცვით და ტბაში მოვისროლეთ.

-ჰო, თაღლითები საკმაოდ არიან.

-ეგრეა. -კვერი დაუკრა ქალაქის თავმა. მხედვარისთვის თვალი არ მოუცილებია. -მე თუ მკითხავ, საკმაოზე მეტიც. ამიტომ, სასახლეში რომ მიხვალ, თუ საერთოდ მიხვედი, ოქრო წინასწარ არ მოითხოვო.

-მივალ.

-შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ჩემი რჩევა არ დაივიწყო. ჰო, ჯილდოზე გამახსენდა. ამ ბოლო დროს ხალხი მის მეორე ნაწილზეც ალაპარაკდა. გითხარი კიდეც: მეფის ასულსაც მიათხოვებენო. არ ვიცი, ვინ დაყარა ხმა, მაგრამ თუ ის ხორთლაღი მართლა ისეთია, როგორსაც ამბობენ, ვიღაცას ბოროტად უხუმრია. თუმცა მითქმა-მოთქმა ატყდა თუ არა, ერთი-ორმა სულელმა მაინც გაქუსლა სასახლისკენ მეფესთან დანათესავების ეშხით. მეწაღის შეგირდებმა. ხომ არ იცი, გერალტ, ეს მეწაღეები ასეთი ბრიყვები რამ გააჩინა?

-არ ვიცი. მხედვართაგან ხომ არავინ ყოფილა, ქალაქის თავო?

-როგორ არა, იყო რამდენიმე, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ჯადო უნდა აეხსნათ და ხორთლაღი ცოცხალი დაეტოვებინათ, მხრები აიჩეჩეს და აქაურობას გაეცალნენ. ამიტომაც ვცემ მხედვარებს პატივს, გერალტ. თუმცა მერე კიდევ მოვიდა ერთი, შენზე ახალგაზრდა, -სახელი დამავიწყდა, ან იქნებ არც უთქვამს, -იმან ნამდვილად სცადა.

-მერე?

-ჩვენს კბილებდაკრეჭილ პრინცესას ჩიჩქადაც არ ეყო.

გერალტმა თავი გადააქნია.

-მეტი არავინ ყოფილა?

-იყო ერთიც…

ველერადი გაჩუმდა. მხედვარი უხმოდ ელოდა.

-ჰო. -თქვა ბოლოს ქალაქის თავმა. -იყო. თავიდან, როცა ფოლტესტი დაემუქრა, თუ ხორთლაღს რამე დაუშავე, სახრჩობელა არ აგცდებაო, გაიცინა და გუდა-ნაბადის აკვრა დააპირა, მაგრამ მერე… -ველერადი გერალტისკენ გადაიხარა და აჩურჩულდა. -დაგვთანხმდა. გერალტ, ვიზიმში ჭკვიანი ხალხიც არის. ამ ხალხს მაღალი თანამდებობები უჭირავს. და ეს ამბავი უკვე ყელში ამოუვიდათ. ამბობენ, მხედვარს სთხოვეს, ჯადოს თავი დაანებე და ხორთლაღს სადაც ნახავ, იქვე მოკალი, მეფეს კი უთხარი, შელოცვამ არ გაჭრა, შენი ძვირფასი ქალიშვილი კიბიდან გადმოვარდა და კისერი მოიტეხა -ჩვეულებრივი საწარმოო უბედური შემთხვევა იყოო. მეფე, რა თქმა უნდა, განრისხდება, მაგრამ არაფერს დაგიშავებს, დაპირებული ჯილდოდან ერთ ორენსაც არ გადაგიხდის და ეგ იქნებაო. მხედვარმა, იმ გაიძვერამ, უსმინა, უსმინა და მიუგო, უსასყიდლოდ თავად სდიეთ თქვენს ურჩხულებსო. რაღა უნდა გვექნა, ფული შევკრიბეთ, შევევაჭრეთ… მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა.

გერალტმა წარბები აზიდა.

-არაფერიც არ გამოვიდა. -გაიმეორა ველერადმა. -მხედვარს არ უნდოდა, პირველივე ღამეს ეცადა ბედი. მიიარ-მოიარა იქაურობა, გაძვრა-გამოძვრა, ჩასაფრდა. ბოლოს, როგორც ამბობენ, ის წყეულიც დაინახა, -ალბათ, ჩვეული საქმიანობის დროს, -თავისი აკლდამიდან მარტო მუხლის გასამართავად კი არ გამოდის, -და იმავე ღამეს ისე მოცოცხა, არც კი დაგვემშვიდობა.

გერალტს ოდნავ შეუთრთოლდა ტუჩები, -სავარაუდოდ, გაიღიმა.

-იმ ჭკვიან ხალს ის ფული ისევ აქვს, არა? -იკითხა მან. -მხედვარები გასამრჯელოს წინასწარ არ იღებენ.

-ალბათ აქვთ. -მიუგო ველერადმა.

-რას ამბობენ, რამდენს იძლევიანო?

ველერადმა ჩაიცინა.

-ზოგი ამბობს, რვაასსო.

გერალტმა თავი შეატრიალ-შემოატრიალა.

-ზოგიც -ათასსო. -ჩაიბურტყუნა ქალაქის თავმა.

-ბევრი არ არის. მით უმეტეს, რომ ჭორებისა ნახევარი არ დაიჯერება. მეფე სამი ათასს იძლევა.

-მეფის ასულზე ქორწინება არ დაგავიწყდეს. -დამცინავად უთხრა ველერადმა. -ტყუილად იფხან ენას. ხომ ცხადია, რომ იმ სამი ათასს ვერ მიიღებ?

-რატომ არის ცხადი?

ველერადმა მაგიდას ხელი დაჰკრა:

-გერალტ, მხედვარებზე წარმოდგენა არ დამაკარგვინო! შვიდ წელიწადზე მეტია, ამ დღეში ვართ! ხორთლაღი წელიწადში ორმოცდაათამდე ადამიანს სანსლავს. ამ ბოლო დროს, ალბათ, ცოტა ნაკლებს, იმიტომ რომ ხალხი სასახლეს ერიდება. არა, მეგობარო, მე ჯადოქრობისა მწამს, ბევრი რამ მინახავს, და ასე თუ ისე გრძნეულებისაც მწამს და მხედვარებისაც, მაგრამ ჯადოს ახსნა სულ იმ კუზიანი, წვინტლიანი ბერიკაცის მოგონილია, რომელიც მწირის მწირმა საკვებმა სულ მთლად გამოათაყვანა. ფოლტესტის გარდა ამ სისულელისა არავის სჯერა. ასე არ არის, გერალტ? ადამ ხორთლაღი იმიტომ შვა, რომ ძმასთან იწვა. აი, ესაა სიმართლე და ამას ვეღარც ჯადოსნობა უშველის და ვეღარც შელოცვა. ის ხორთლაღი ხალხს… ხორთლაღივით ნთქავს, ამიტომ უნდა მოკლან, მორჩა და გათავდა. ყური მიგდე: ორი წლის წინ მაჰაკამის ახლოს ერთ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ სოფელს დრაკონი შეეჩვია, იქაურებს ცხვარი სულ მთლად გაუჩანაგა. შეიკრიბა ხალხი და ურჩხულს მანამდე ურტყა ხელკეტები, სანამ სული არ გააფრთხობინა. იქაურებს ეს არც გმირობად ჩაუთვლიათ და არც ტრაბახს მოჰყოლიან. ჩვენ კი ვიზიმაში სასწაულს ველით, ყოველ სავსემთვარეობას კარებს ვრაზავთ ან დამნაშავეებს სასახლის წინ ბოძებზე ვაკრავთ, რომ იმ წყეულმა მუცელი ამოიყოროს და თავის სარკოფაგს დაუბრუნდეს.

-არ არის ურიგო ხერხი. -გაიღიმა მხედვარმა. -სამაგიეროდ, დამნაშავეების რაოდენობამ ხომ იკლო?

-ვინ მოგახსენა?

-სასახლემდე როგორ მივიდე? ახალ სასახლემდე?

-მე თვითონ წაგიყვან. იმ ჭკვიანი ხალხის წინადადებაზე რას იტყვი?

-სად გვეჩქარება, ქალაქის თავო? ბოლოს და ბოლოს, საწარმოო უბედური შემთხვევა ხომ მართლა შეიძლება მოხდეს. ჰოდა, იმ ჭკვიანმა ხალხმა ისიც მოიფიქროს, მეფის რისხვისგან როგორ მიხსნან და ის ათას ხუთასი ორენიც მოამზადოს… ხალხი რომ ამბობს.

-ათასი-მეთქი.

-არა, კეთილმოწყალეო ველერად. -გადაჭრით მიუგო მხედვარმა. -ის, ვისაც ათასი შესთავაზეთ, თვალი მოჰკრა თუ არა ხორთლაღს, არც კი შეგვაჭრებიათ, ისე გაიქცა. ასე რომ, რისკი ათასზე გაცილებით მეტია. თუმცა მე, რაღა თქმა უნდა, წინასწარ დაგემშვიდობებით.

-გერალტ. -ველერადმა თავი მოიქექა. -ათას ორასი რომ იყოს?

-არა. მძიმე სამუშაოა. მეფე სამი ათასს იძლევა. თანაც მოკვლა ზოგჯერ ჯადოს ახსნაზე ძნელია. ადვილი რომ ყოფილიყო, ჩემი რომელიმე წინამორბედი მოკლავდა კიდეც მაგ თქვენს ხორთლაღს. ხომ არ გგონია, თავები იმიტომ შეაჭმევინეს, რომ მეფის რისხვისა შეეშინდათ?

-კარგი, გერალტ. -ნაღვლიანად თქვა ქალაქის თავმა. -შევთანხმდით. მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ: მეფესთან საწარმოო უბედური შემთხვევა არ ახსენო.

 

III

კაფანდარა ფოლტესტს ლამაზი სახე ჰქონდა. მეტისმეტად ლამაზიც კი. ჯერ ორმოცისაც არ იქნებაო, იფიქრა მხედვარმა. შავი ხის მოჩუქურთმებულ სავარძელში იჯდა და გაჭიმული ფეხები ბუხრისთვის მიეფიცხებინა, რომელთანაც ორი ძაღლი მიწოლილიყო. იქვე, სკივრზე, ასაკოვანი, ჩასხმული, წვეროსანი კაცი იჯდა. მეორე მეფეს ედგა ზურგს უკან. მდიდრულად ეცვა და მედიდური იერი ჰქონდა. მდიდარი მემამულე უნდა ყოფილიყო.

-რივიელო მხედვარო, -მიმართა მეფემ გერალტს, როცა ველერადი მის წარდგენას მორჩა და სიჩუმე ჩამოვარდა.

-გისმენთ, თქვენო უდიდებულესობავ. -თავი დახარა გერალტმა.

-ასე რამ გაგაჭაღარავა? ჯადოსნობამ? მოხუცი არ უნდა იყო. კარგი, კარგი, ვხუმრობ, ნუ მიპასუხებ. გამოცდილება, იმედია, გაქვს.

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.

-სიამოვნებით მოვისმენდი.

გერალტმა კიდევ უფრო მდაბლად დაუკრა თავი:

-თქვენო უდიდებულესობავ, მოგეხსენებათ, კოდექსი ჩვენს საქმიანობაზე ლაპარაკს გვიკრძალავს.

-მოხერხებული კოდექსი გქონიათ, მხედვარო, ფრიად მოხერხებული. კარგი, დაწვრილებით ნუ მომიყვები, მაგრამ, მაგალითად, ქაჯებთან თუ გქონია საქმე?

-დიახ.

-ვამპირებსა და ტყის კაცებთან?

-მაგათთანაც.

ფოლტესტი შეყოყმანდა.

-ხორთლაღებთან?

გერალტმა თავი ასწია და მეფეს თვალი თვალში გაუყარა.

-დიახ, მქონია.

ფოლტესტმა თვალი აარიდა.

-ველერად!

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.

-აუხსენი საქმის არსი?

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. ამბობს, მეფის ასულს ჯადოს ავხსნიო.

-ასეთი დაპირება ბევრჯერ გამიგონია. მაინც როგორ აპირებ ამას, მხედვარო? უკაცრავად, თქვენი კოდექსი დამავიწყდა. კარგი. ერთ რამეს კიდევ გეტყვი. რამდენიმე მხედვარი უკვე გვეახლა. ველერად, ესეც უთხარი? კარგი. ამრიგად, ვიცი, რომ თქვენი ხელობა… მოკვდინებაა და არა ჯადოს ახსნა. არც იფიქრო! ჩემს ქალიშვილს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, თავს წაგაცლი. ოსტრიტ, თავადო სეგელინ, დარჩით და ყველაფერი აცნობეთ, რაც საჭიროა. მხედვარებს მუდამ უამრავი კითხვა აქვთ. დააპურეთ და სასახლეში დააბინავეთ, დუქნიდან დუქანში რომ არ იხეტიალოს.

მეფე წამოდგა, ძაღლებს დაუსტვინა და იატაკზე დაყრილი ნამჯის ფანტვით კარისკენ წავიდა. კართან შეყოვნდა:

-თუ დავალებას თავს გაართმევ, მხედვარო, ჯილდო შენია. თუ თავს გამოიჩენ, ეგებ კიდევ გიწყალობო რამე. იმასაც გეტყვი, რომ მოარული ხმები მეფის ასულის ცოლად შერთვის შესახებ მტკნარი სიცრუეა. ალბათ, ხვდები, რომ ჩემი ქალიშვილის ხელს უცხოს არ მივცემ.

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.

-კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჭკუა გიჭრის.

ფოლტესტმა კარი გაიხურა. ველერადი და ის ბობოლა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე იდგა, მაშინვე მაგიდას მიუსხდნენ. ქალაქის თავმა მეფის სასმისი გამოცალა, მერე დოქში ჩაიხედა და შეიკურთხა. ფოლტესტის სკამზე მოკალათებული ოსტრიტი მოღუშული შეჰყურებდა მხედვარს და სავარძლის ჩუქურთმებს ხელს უსვამდა. სეგელინმა, წვერიანმა კაცმა, გერალტს თავი დაუქნია:

-დაბრძანდით, მხედვარო, დაბრძანდით. ვახშამს მალე მოგვართმევენ. რისი ცოდნა გსურთ? ქალაქის თავმა ველერადმა ალბათ უკვე ყველაფერი გიამბოთ. კარგად ვიცნობ, უფრო მეტსაც გეტყოდათ, ვიდრე საჭიროა, ნაკლების თქმა მაგას არ სჩვევია.

-სულ რამდენიმე კითხვა მაქვს.

-მკითხეთ.

-ქალაქის თავმა მითხრა, ხორთლაღის გამოჩენის შემდეგ მეფემ მრავალ განდობილს უხმოო.

-ჰო, ასე იყო. მაგრამ ერთ რამეს გირჩევთ, ხორთლაღს ნუ ეძახით, მეფის ასულად მოიხსენიეთ. ასე უფრო ადვილად დაიზღვევთ თავს მეფის თანდასწრებით შეცდომისგანაც და… მისი თანმხლები სირთულეებისგანაც.

-განდობილთა შორის ვინმე ცნობილი თუ იყო? ვინმე სახელგანთქმული?

-როგორ არა, იყვნენ ასეთებიც, პირველ ხანებშიც და მერეც, მაგრამ სახელები არ მახსოვს. თქვენ ხომ არ გახსოვთ, ოსტრიტ?

-რაღაც არ მახსენდება. -თქვა დიდებულმა. -მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზოგი მათგანი ცნობილიც იყო და სახელგანთქმულიც. ბევრს უთქვამს.

-ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ჯადოს ახსნა შესაძლებელია?

-ერთხმად-მეთქი, ვერ ვიტყვი, -გაიღიმა სეგელინმა. -ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ასეთი აზრიც გამოითქვა. ისიც თქვეს, მეტისმეტად იოლი საქმეა, ჯადოსნობაც კი არ არის საჭირო -საკმარისია, ვინმემ ერთი ღამე, მზის ჩასვლიდან მამლის მესამე ყივილამდე, სარკოფაგთან გაათიოსო.

-ამაზე იოლი რაღა გინდა. -ჩაილაპარაკა ველერადმა.

-ახლა კი ამიწერეთ, როგორ გამოიყურება… მეფის ასული.

ველერადი წამოვარდა.

-როგორია და ხორთლაღს ჰგავს! -დაიყვირა მან. -რაც კი გამიგონია, ყველა ხორთლაღზე მეტი ხორთლაღია! ოთხი მტკაველი სიმაღლისაა მისი აღმატებულება, მეფის ასული, წყეული ნაბუშარი; ლუდის კასრივით მრგვალია, ლაშები ყურიდან ყურამდე გახევია, პირი კი სამართებელივით ბასრი კბილებით აქვს გამოტენილი, წითელი თვალები აქვს და წითელი გაბურძგნილი თმა. ბრჭყალები ფოცხვერს მიუგავს და თათები ლამის მიწამდე დასთრევს. მიკვირს, აქამდე მისი პორტრეტი მეზობელი სამეფოების კარზე რომ არ დაგვიგზავნია -მეფის ასული ხომ, ჭირი მაგის თავს, უკვე თოთხმეტი წლისაა, დროა, რომელიმე უფლისწულს მივათხოვოთ.

-ველერად, გაჩუმდი! -ოსტრიტმა თვალი კარისკენ გააპარა. სეგელინმა შეუმჩნევლად გაიღიმა.

-ხატოვანი და საკმაოდ ზუსტი აღწერაა. ხომ ეს გინდოდათ, მხედვარო? თუმცა ველერადს ერთ რამ გამორჩა: ხორთლაღი საოცრად სწრაფია და თავის სიმაღლესა და აგებულებასთან შედარებით ძალიან ძლიერი. და მართლაც თოთხმეტი წლისაა, თუ ამას რამე მნიშვნელობა აქვს.

-აქვს. -თქვა მხედვარმა. -ხალხს მხოლოდ სავსემთვარეობისას ესხმის თავს?

-ჰო. -მიუგო სეგელინმა. -ძველი სასახლის გალავნის მიღმა -მხოლოდ სავსემთვარეობისას, სასახლის კედლებში კი ნებისმიერ დროს, განურჩევლად მთვარის ფაზისა. გარეთ გამოსვლას მხოლოდ სავსე მთვარეზე ბედავს.

-ოდესმე ვინმეს დღისით ხომ არ დასხმია თავს?

-არა.

-მსხვერპლს ყოველთვის ჭამს?

ველერადმა ღონივრად გადააფურთხა ნამჯაზე:

-კარგი რა, გერალტ, რაებს ამბობ? ვახშმობის დროა. რა ვიცი, ფუჰ! ზოგს ჭამს, ზოგს მარტო ერთხელ მოკბეჩს, ზოგსაც ხელუხლებელს ტოვებს. გააჩნია, ალბათ, როდის როგორ გუნებაზეა. ერთს მხოლოდ თავი მოაჭამა, ერთი-ორს ნაწლავები დააყრევინა, რამდენიმე ძვლებიანად დაღრღნა, სისხლი გამოსწოვა, მაგ წყეული დედის…

-ველერად, ფრთხილად! -წაისისინა ოსტრიტმა. -ხორთლაღზე, რაც გინდა, თქვი, მაგრამ ადას ჩემი თანდასწრებით ნუ შეურაცხყოფ. მეფის წინაშე ხომ ვერ გაბედავ მის დაძრახვას?!

-ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს თავს დასხმოდეს, მაგრამ მსხვერპლი გადარჩენილიყოს? -მშვიდად იკითხა მხედვარმა. ეტყობოდა, დიდებულის განრისხებას მასზე შთაბეჭდილება ვერ მოეხდინა.

სეგელინმა და ოსტრიტმა ერთმანეთს გადახედეს.

-ყოფილა. -თქვა წვეროსანმა.

-პირველ ხანებში, შვიდი წლის წინ, აკლდამის ორ მცველს დაესხა თავს. ერთმა თავს უშველა.

-მერეც, -სიტყვა გააწყვეტინა ველერადმა. -იყო ერთი მეწისქვილე, ქალაქის მისადგომებთან რომ გადაეყარა. გახსოვს?

 

IV

მხედვარი საყარაულოს თავზე, პატარა ოთახში დააბინავეს და მეორე დღეს ის მეწისქვილეც იქვე მიჰგვარა თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეულმა ჯარისკაცმა. მეწისქვილეს შიშისგან ენა ებმოდა, ამიტომ მისგან ბევრი ვერაფერი გაიგო. მისმა ნაიარევებმა უფრო მეტი უთხრა, ვიდრე თავად მან: ხორთლაღს ფართო ყბები და მართლაც ბასრი კბილები ჰქონოდა; ოთხი ძალიან გრძელი ზემოთა ეშვი -წყვილ-წყვილი ორივე მხარეს; ბრჭყალები -ფოცხვერზე მჭრელი, მაგრამ არცთუ მასავით მოკაუჭებული. როგორც ჩანს, მეწისქვილეც ამან გადაარჩინა.

გერალტი თვალიერებას მორჩა და მეწისქვილეც და ჯარისკაციც დაითხოვა. ჯარისკაცმა გლეხკაცი ხელის კვრით გააგდო კარში და თავსაბურავი მოიხადა. ეს თავად ფოლტესტი იყო:

-იჯექი, იჯექი. ეს არაოფიციალური ვიზიტია. აბა, კმაყოფილი ხარ მასთან საუბრით? შევიტყვე, დღეს დილით სასახლეში ყოფილხარ.

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.

-საქმეს როდის შეუდგები?

-მთვარის ავსებამდე ოთხი დღე დარჩა. აივსება და მერე.

-არ გინდა, წინასწარ შეავლო თვალი?

-არ არის საჭირო. მაგრამ დანაყრებული… მეფის ასული… ისე სწრაფად ვერ იმოძრავებს.

-ხორთლაღი, ოსტატო, ხორთლაღი. გეყოფა პირფერობა. მეფის ასულად მერე იქცევა. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამის საკითხავად მოვედი. არაოფიციალურად, მოკლედ და გასაგებად მითხარი: იქცევა თუ ვერა? ახლაც კოდექსს ნუ ამოეფარები.

გერალტმა შუბლი მოისრისა:

-გიდასტურებთ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ ჯადოს ახსნა შესაძლებელია. და, თუ არ ვცდები, ამისთვის სასახლეში ღამის გათევა მართლაც საკმარისი უნდა იყოს. თუ ხორთლაღს მამლის მესამე ყივილმა სარკოფაგის გარეთ მოუსწრო, ჯადო აეხსნება.

-ასეთი იოლია?

-სულაც არ არის იოლი. ჯერ ერთი, იმ ღამეს უნდა გადაურჩე. მეორე -გამონაკლისიც არსებობს. მაგალითად, ზოგჯერ ერთი ღამე არ კმარა, ზედიზედ სამის გათევაა საჭირო. არის… როგორ გითხრათ… უიმედო შემთხვევებიც.

-აჰა. -ფოლტესტს სახე დაეკრუნჩხა. -ამის მეტი არაფერი მესმის -ურჩხული უნდა მოკვდეს, რადგან მისი განკურნება შეუძლებელიაო. დარწმუნებული ვარ, უკვე შენც გეტყოდნენ ამას, ოსტატო. ხომ არ ვცდები? აკუწე ეგ კაციჭამია და გაათავე, მეფეს კი უთხარი, რომ სხვა გზა არ გქონდა; ის არ გადაგიხდის -ჩვენ გადაგიხდითო. ძალზე მოხერხებულია. თანაც იაფი: მეფე ბრძანებს, ჩამოახრჩონ მხედვარი ან თავი გააგდებინონ, ჰოდა, ჯიბეზე ხელის გაკვრაც აღარ მოუწევთ.

-ნუთუ მეფე აუცილებლად ბრძანებს მხედვარისთვის თავის მოკვეთას? -დაიმანჭა გერალტი.

ფოლტესტი დიდხანს გამომცდელად უყურებდა რივიელს. ბოლოს თქვა:

-მეფემ ჯერ არ იცის. მაგრამ მხედვარს უნდა ახსოვდეს, რომ ასეც შეიძლება მოხდეს.

ახლა გერალტი დადუმდა.

-ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია. -თქვა ბოლოს. -მაგრამ თუ საქმე გართულდა, თავს დავიცავ. თქვენც უნდა გახსოვდეთ ეს, თქვენო უდიდებულესობავ.

ფოლტესტი წამოდგა.

-ვერ გამიგე. თუ სხვა გზა არ დაგრჩა, რა თქმა უნდა, მოკლავ, განურჩევლად ჩემი სურვილისა, რადგან შენ თუ არ მოკალი, ის მოგკლავს, უცილობლად მოგკლავს. ვისაც თავდაცვისას შემოაკვდება, არ დავსჯი, -თუმცა სახალხოდ ეს არ მითქვამს, -მაგრამ არც იმის უფლებას მივცემ ვინმეს, ისე მოკლას, რომ ჯერ მისი გადარჩენა არ სცადოს. ძველ სასახლეში მისი გამოწვაც დააპირეს, ისრებიც დაუშინეს, ორმოებიც ამოთხარეს, ათასგვარი ხაფანგიც დაუგეს, სანამ რამდენიმე ჭკუის კოლოფი სახრჩობელაზე არ ჩამოვკიდე… მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს. მისმინე, ოსტატო…

-ბრძანეთ.

-თუ სწორად გავიგე, მამლის მესამე ყივილის შემდეგ ის ხორთლაღი აღარ იქნება. აბა, ვინ იქნება?

-თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა -თოთხმეტი წლის გოგონა.

-წითელთვალება და ნიანგისკბილება?

-ჩვეულებრივი თოთხმეტი წლის გოგონა… ოღონდ…

-ოღონდ რა?

-მხოლოდ გარეგნობით.

-ესღა მაკლდა. გონებრივად როგორი იქნება? ყოველ დილით საუზმეზე ერთი სათლი სისხლი დასჭირდება? თუ ქალწულის ბარკალი?

-არა. გონებრივად… ძნელი სათქმელია… სამი-ოთხი წლის ბავშვად დარჩება. დიდხანს დასჭირდება მზრუნველობა.

-გასაგებია. მხედვარო…

-ბრძანეთ.

-შეიძლება, მოგვიანებით გაუმეოროს?

გერალტი დუმდა.

-ესე იგი შეიძლება. მერე რაღა მოხდება?

-თუ გონება დაკარგა და რამდენიმე დღის შემდეგ მოკვდა, გვამი მაშინვე უნდა დაწვათ.

ფოლტესტი მოიღუშა.

-მაგრამ არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. -დასძინა გერალტმა. -საფრთხის შესამცირებლად რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თქვენო უდიდებულესობავ…

-ახლავე? ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, ოსტატო? და თუ…

-ახლავე. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თქვენო უდიდებულესობავ! შეიძლება, დილით იქ ჯადოახსნილი მეფის ასული და ჩემი გვამი დაგხვდეთ, ამიტომ ახლავე.

-მართლა? მე ხომ თავის დაცვის ნება მოგეცი? თუმცა, ვგონებ, მაინცდამაინც არც გჭირდებოდა ჩემი ნებართვა.

-ეს იოლი საქმე არ არის, თქვენო უდიდებულესობავ. საფრთხე დიდია. ამიტომ მისმინეთ: მეფის ასულს გულზე ყოველთვის უნდა ეკიდოს ვერცხლის ძეკვზე ჩამოკიდებული საფირონი, უმჯობესია, ინკლუზი. ყოველთვის, დღისით თუ ღამით.

-ინკლუზი რა არის?

-ჰაერისჯიბიანი საფირონი. გარდა ამისა, დროდადრო მის ოთახში ღვია, კურდღლისცოცხა და თხილი უნდა დაწვათ.

ფოლტესტი ჩაფიქრდა.

-რჩევისთვის გმადლობ, ოსტატო. გავითვალისწინებ… ახლა კი შენ მომისმინე ყურადღებით. თუ დაინახე, რომ არაფერი ეშველება, მოკალი. თუ ჯადო ახსენი, მაგრამ… გოგონა ნორმალური არ აღმოჩნდა… თუ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეგეპარა, რომ ყველაფერი რიგზეა, მოკალი. ჩემი ნუ შეგეშინდება. სხვების დასანახავად გიყვირებ, ქალაქიდან გაგაძევებ, ეგ არის და ეგ. ჯილდოს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იცი, ვისაც უნდა მიმართო.

ერთხანს ხმა არც ერთს არ ამოუღია. ბოლოს დუმილი ფოლტესტმა დაარღვია.

-გერალტ. -მან პირველად მიმართა მხედვარს სახელით.

-ბრძანეთ.

-მართალია, თითქოს ბავშვი იმიტომაა ასეთი, რომ ადა ჩემი და იყო?

-არა მგონია. ასეთი რამ თავისთავად არ ხდება. ვიღაცამ გათვალა. აი, გათვალვით კი მართლაც შეიძლება იმიტომ გაეთვალათ, რომ დასთან გქონდათ ურთიერთობა.

-ასეც ვიცოდი. განდობილებმაც ასე მითხრეს, თუმცა ყველამ არა, ზოგიერთმა. გერალტ, საიდან მოდის ეს ყველაფერი? წყევლა, ჯადო…

-არ ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ. ასეთი მოვლენების მიზეზს განდობილები იკვლევენ. ჩვენ, მხედვარებს, იმის ცოდნაც გვყოფნის, რომ მათი გამოწვევა ნებისყოფის ძალითაა შესაძლებელი. და იმისა, როგორ ვებრძოლოთ.

-ანუ დახოცოთ…

-წესისამებრ, ასე ვიქცევით. ფულსაც ხომ უმეტესად ამაში გვიხდიან. ჯადოს ახსნას არცთუ ხშირად გვთხოვენ. ხალხს საფრთხისგან თავის დაღწევა უნდა. თუ ურჩხულს ვისიმე ცოდვა აწევს კისერზე -შურისძიებაც.

მეფე ადგა, გაიარ-გამოიარა და კედელზე დაკიდებულ მხედვარის ხმალთან შედგა.

-ამით? -იკითხა ისე, რომ გერალტისთვის არც შეუხედავს.

-არა. ეგ ადამიანებისთვისაა.

-ჰო, გამიგონია. იცი რა, გერალტ? აკლდამაში მეც წამოგყვები.

-გამორიცხულია.

ფოლტესტი მისკენ მიტრიალდა და თვალები დააკვესა:

-იცი, ჯადოსანო, რომ ერთხელაც არ მინახავს? არც დაბადებისას, არც… მერე. მეშინოდა. იქნებ ვერც ვერასოდეს ვნახო. ნუთუ იმის ნახვის უფლებაც არ მაქვს, როგორ მოკლავ?

-გამორიცხულია-მეთქი. ეს უეჭველ სიკვდილს ნიშნავს. თქვენთვისაც და ჩემთვისაც. როგორც კი ყურადღებას ოდნავ მოვადუნებ… არა, თქვენო უდიდებულესობავ.

ფოლტესტი მიტრიალდა და კარისკენ წავიდა. გერალტს მოეჩვენა, რომ ისე გავიდოდა, სიტყვასაც არ ეტყოდა, ერთ გამოსათხოვარ ჟესტსაც არ გაიმეტებდა, მაგრამ მეფე შეჩერდა და შეხედა:

-გენდობი, თუმცა კი ვიცი, რა ხვითოც ხარ. ფუნდუკში რაც მოხდა, მიამბეს. ეჭვი არ მეპარება, ის თავზეხელაღებულები მხოლოდ იმისთვის დახოცე, რომ ქალაქში ხმა გავარდნილიყო, ხალხი დაგეზაფრა, მე გაგეოცებინე. დარწმუნებული ვარ, ისედაც მოერეოდი. ვშიშობ, ბოლომდე ვერასოდეს გავიგებ, იქ რისთვის მიდიხარ -ჩემი ქალიშვილის გადასარჩენად თუ მის მოსაკლავად. მაგრამ რაც არის, არის. თანახმა ვარ, სხვა გზა არ მაქვს. და იცი, რატომ?

გერალტმა ხმა არ გასცა.

-იმიტომ, რომ, მგონია, იტანჯება. ხომ არ ვცდები?

მხედვარმა თვალი თვალში გაუყარა მეფეს. დასტური არ მიუცია, მცირედი მოძრაობითაც კი არაფერი უნიშნებია, მაგრამ ფოლტესტი მიხვდა. მიხვდა, რა უნდა ეპასუხა მას.

 

V

გერალტმა უკანასკნელად გადაიხედა სასახლის ფანჯრიდან. სწრაფად ბინდდებოდა. ტბის გაღმა მქრქალად ციმციმებდა ვიზიმის ჩირაღდნები. ძველი სასახლე უშენი ადგილით იყო გარშემორტყმული -უკაცრიელი მიწის ნაკვეთით, რომელსაც, შვიდი წელი იყო, ხალხი სათოფეზე არ ეკარებოდა, ნანგრევებით, დამპალი ბოძებით და კბილებჩაცვენილი მესრის ნარჩენებით, რომელიც, როგორც ჩანს, დაშლისა და აქედან წაღების ღირსადაც არავის მიეჩნია. მეფეს რეზიდენცია შორს, ქალაქის მეორე ბოლოში გადაეტანა. მისი სასახლის მუცელგაბერილი კოშკი შავად მოჩანდა ჩამუქებულ ჰორიზონტზე.

მხედვარი მტვრიან მაგიდას დაუბრუნდა და ცარიელ, გაძარცვულ ოთახში მშვიდად, აუჩქარებლად, გულმოდგინედ განაგრძო სამზადისი. დრო უხვად ჰქონდა -ხორთლაღი შუაღამემდე არ გამოვიდოდა აკლდამიდან.

წინ ლითონით შეჭედილი მომცრო სკივრი ედგა. გახსნა. თივით ამოფენილ განყოფილებებში მუქი შუშის ბოთლები ეწყო. მხედვარმა სამი ბოთლი ამოიღო.

მერე იატაკზე ცხვრის ტყავის მკვრივ, ღვედით გაკრულ მოგრძო ფუთას დასწვდა. გახსნა და შავი, ზიმზიმა, რუნებით დაფარული ქარქაშიდან ვადაგამშვენებული ხმალი ამოაძვრინა. ბასრი ლითონი სინათლეზე სარკესავით ალაპლაპდა. ხმლის პირი წმინდა ვერცხლისა იყო.

გერალტმა ჩურჩულით წარმოთქვა ჯადოსნური ფორმულა და ორი ბოთლი ნელა გამოცალა. ყოველი ყლუპის შემდეგ მარცხენა ხელს ხმლის თავსართავს ადებდა. მერე მჭიდროდ გაეხვია შავ ლაბადაში და იატაკზე დაჯდა. ოთახში, ისევე როგორც მთელ სასახლეში, ერთი სკამიც არ მოიძევებოდა.

თვალდახუჭული, უძრავად იჯდა. ჯერ თანაბრად სუნთქავდა, მერე სუნთქვა გაუხშირდა, აუფორიაქდა და ჩაეხრინწა, ბოლოს სულაც შეუწყდა. მიქსტურა, რომელიც მხედვარს მთელი სხეულის დამორჩილებაში შველოდა, უმთავრესად შხამას, ლემას, კუნელისა და რძიანასგან შედგებოდა. დანარჩენ ინგრედიენტებს ადამიანის ენაზე სახელიც არ ჰქონდა. ნებისმიერს, ვინც მათ გერალტივით ბავშვობიდან არ იყო ნაზიარები, ეს ნაზავი ბოლოს მოუღებდა.

მხედვარმა თავი მკვეთრად მიატრიალა. უზომოდ გაფაქიზებულმა სმენამ იოლად გამოსტაცა სიჩუმეს სასახლის ჭინჭარმოდებული შიდა ეზოდან მომავალი ფეხის ხმა. ხორთლაღი არ იქნებოდა -საამისოდ ჯერ ადრე იყო. გერალტმა ხმალი ზურგზე გადაიგდო, სკივრი ჩამონგრეულ ბუხარში შემალა და ღამურასავით უხმოდ დაეშვა კიბეზე.

ჯერ არც ისე ბნელოდა, რომ მოსულს მხედვარის სახე ვერ გაერჩია. კაცმა -ოსტრიტი აღმოჩნდა -გველნაკბენივით დაიხია უკან და სახე უნებლიე შიშითა და ზიზღით დაემანჭა. მხედვარმა ცალყბად ჩაიღიმა -იცოდა, როგორც გამოიყურებოდა. ბელადონას, ტილჭირისა და კორდისკბილას წყალობით სახეზე ცარცისფერი ედო, გუგებს კი მთელი ფერადი გარსი ამოევსო; სამაგიეროდ, კუნაპეტ სიბნელეშიც კარგად ხედავდა და მეტი არც არაფერი უნდოდა.

ოსტრიტი მალე მოერია თავს:

-ისეთი ფერი გადევს, ჯადოსანო, მკვდარი მეგონე. ალბათ, შიშისგან. ნუ გეშინია. შენს გადასარჩენად მოვედი.

მხედვარმა ხმა არ გასცა.

-არ გესმის, რას გეუბნები, შე რივიელო ექიმბაშო? გადარჩენილი ხარ, თანაც მდიდარი. -ოსტრიტმა მოზრდილი ქისა ხელში შეათამაშა და გერალტს ფეხებთან დაუგდო. -აქ ათასი ორენია. აიღე და აქაურობას გაეცალე.

რივიელს არც ამჯერად ამოუღია ხმა.

-რა პირდაღებული მომჩერებიხარ? -ხმას აუწია ოსტრიტმა. -დროს ნუ მაკარგვინებ. შუაღამემდე არ ვაპირებ აქ დგომას. არ გესმის? არ მინდა, ჯადო ახსნა. არა, არ გეგონოს, გამოიცანი. არც ველერადთან, არც სეგელინთან არ ვარ შეკრული. მისი სიკვდილი არ მინდა. უბრალოდ, აქაურობას უნდა გაეცალო. ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს.

მხედვარი არ განძრეულა. არ უნდოდა, დიდებულს დაენახა, რა მარდად მოძრაობდა და რა სწრაფი რეაქცია ჰქონდა. უფრო მეტად ჩამობნელდა, მაგრამ გერალტს ეს ხელს აძლევდა, რადგან მისი გაფართოებული გუგებისთვის მწუხრის ბინდბუნდიც კი მეტისმეტად კაშკაშა იყო.

-მაინც, რატომ უნდა დარჩეს ყველაფერი ძველებურად? -მხედვარი ცდილობდა, რაც შეიძლება ნელა წარმოეთქვა სიტყვები.

-ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე. -მედიდურად მოიღერა ყელი ოსტრიტმა.

-და თუ ისედაც ვიცი?

-აბა, მიდი!

-რაც უფრო მეტად დასცემს ხალხს ხორთლაღი შიშის ზარს, რაც უფრო მეტად ამოუვათ ყელში დიდგვაროვნებსაც და მდაბიოებსაც მეფის ახირება, მით უფრო იოლად ჩამოაგდებთ ტახტიდან ფოლტესტს, არა? გზად რედანიასა და ნოვიგრადზე გამოვიარე. ყოველ კუთხე-კუნჭულში იმაზე ლაპარაკობენ, ვიზიმელებს თავიანთ მხსნელად და ნამდვილ მეფედ ვიზიმარი მიაჩნიათო. მაგრამ მე, ბატონო ოსტრიტ, არც პოლიტიკა მანაღვლებს, არც მემკვიდრეობა და არც სასახლის კარის გადატრიალებები. მე ჩემი საქმე მაქვს. პასუხისმგებლობა და წესიერება გაგიგონიათ? ან პროფესიული ეთიკა?

-რა თავს იგდებ, შე მაწანწალავ?! -მრისხანედ შეჰყვირა ოსტრიტმა და ხმლის ტარი ჩაბღუჯა. -ეგღა მაკლია, ყველა ვიგინდარას ვეკამათო! რა ეთიკა, რისი კოდექსი, რომელი ზნეობა? ჩამოსულიც არ იყავი, რომ სამი კაცი გამოასალმე სიცოცხლეს. ცალკე ფოლტესტს უდრეკ თავს და ცალკე ველერადს ურიგდები. ერთი ჩვეულებრივი დაქირავებული მკვლელი ხარ, შე გლეხუჭავ, როგორ ბედავ და ცხვირაწეული მელაპარაკები? განდობილად მოგაქვს თავი? ჯადოქრად? გრძნეულად? უჰ, შე ქეციანო მხედვარო! აქაურობას გაეცალე, თორემ თავს გაგიპობ!

მხედვარს კუნთიც არ შესტოკებია.

-ჯობს, თქვენ თვითონ გაეცალოთ აქაურობას, ოსტრიტ, ბნელდება.

ოსტრიტმა უკან დაიხია და თვალის დახამხამებაში იშიშვლა სატევარი.

-რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე, შე კუდიანო! მოგკლავ! შენი ოინები ვერ გიშველის, კუს ქვა მაქვს თან!

გერალტს ჩაეღიმა. კუს ქვის შესახებ წარმოდგენა ფრიად გავრცელებულიც იყო და ფრიად გაზვიადებულიც. მაგრამ მხედვარი არ აპირებდა, შელოცვებში და, მით უმეტეს, ოსტრიტთან ხმალდახმალ ბრძოლაში დაეხარჯა ძალა. ჰაერში მობზრიალე სატევრის ქვეშ გაძვრა და ვერცხლისკილიტებიანი სახელოს კიდე დიდგვაროვანს საფეთქელში ჩაარტყა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანჯეი საპკოვსკი, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, მალხაზ ფაღავა, მხედვარი, ნატო ჩახვაძე, უკანასკნელი სურვილი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, ქართული თარგმანი, ქეთი ნიკოლეიშვილი, ხათუნა ბასილაშვილი

თბილისის წიგნის ფესტივალი: როცა ოთხი დღე ძალიან ცოტაა

$
0
0

თბილისის წიგნის წლევანდელი ფესტივალი, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართება, ტრადიციულად ოთხდღიანია და, როგორც აქამდეც ხშირად მომხდარა, ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაოა.

აქამდე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი სამსახურიდან გამოღწევას, მაგრამ წელს ოთხდღიანი ბიბლიოორგიის მოწყობა თეორიულადაც კი გამორიცხულია – ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურში ვიქნები და წიგნებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას მოვიცლი.

ჰოდა, ამ პრევიუს, პირველ რიგში, იმათთვის ვწერ, ჩემს დღეში რომ არიან – “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ამო და აუჩქარებელი ბოდიალისთვის დრო არ გვექნება; ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა მოვიძიოთ და პირველ რიგში რომელ სტენდებს დავესხათ თავს.

აქედანვე გეტყვით, იმდენი სიახლეა, იმდენი სასიამოვნო და საინტერესო ამბავი, ყველას დაწვრილებით აღნუსხვას ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა. საგანგებო კატალოგები და პრეს-რელიზები ფესტივალის ოფიციალურ გვერდზეც დევს და გამომცემლობებიც აქტიურად აქვეყნებენ. დეტალებს მანდ ნახავთ. მე ყველაზე საინტერესოს მოგიყვებით.

დიოგენეს” მკითხველი მთელი წელი წუწუნებდა, სიახლეები შემოგველიაო. არა, გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან, მაგრამ ის ძველი ტემპი გვახსოვდა და გვაკლდა. ჰოდა, საფესტივალოდ იმდენი ახალი წიგნი აქვთ, წესით, ცალკე პოსტს უნდა ვწერდე.

საფირმო და ყოვლად გადასარევი “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ერთბაშად ხუთი წიგნით გამდიდრდება: სალმან რუშდის “ეშმაკეული აიები” და “ჯოზეფ ანტონი“, ელის მანროს “ძვირფასი სიცოცხლე“, ჰერმან ბროხის “მთვარეულები” და მაიკლ ონდააჩის “ინგლისელი პაციენტი” ერთი კვირაა, “დიოგენეს” კუსკუსა მაღაზიაში იყიდება, მაგრამ თუ ჩემსავით ვერ მოიცალეთ, ფესტივალზე დაგხვდებათ განსაკუთრებულ ფასად.

“ამერიკელებს” სამი ტომი ემატება: თრუმენ კეპოუტის “ხელის აუკანკალებლად“, ჯეფრი იუჯინიდისის “თვითმკვლელი ქალწულები” და “კერი” – სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანი.

“დიოგენეს” ფამუქოლოგებისთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული  – “უმანკოების მუზეუმის” პირად ეგზემპლარს თუ წარადგენთ, “ნივთების უმანკოებას” 20 ლარად შეიძენთ (ისე 35 ლარი ღირს). ამას საჩუქრები და სუვენირებიც მიუმატეთ  – “დიოგენეს” სტენდთან დახარჯულ 10 ლარზე საგანგებოდ გაფორმებული ჭიქის სადგამი გერგებათ, 40 ლარზე – ჩანთა, 90 ლარზე – მაისური, 200 ლარზე – ლეპთრეი. როგორ ვთქვა და ეს სათამაშოები წიგნებზე ნაკლებად ნამდვილად არ მაინტერესებს :)

აგორა ხუთ ახალ თარგმანს გამოფენს: რენე დეკარტის “სულის ვნებანი“, ჰაქან გიუნდაის “დასაბამიდან დასასრულამდე“,  თაჰსინ იუსელის “ვათანდაში“და  ორიც ცინცხალი დეტექტივი კოლექცია “კვალიდან” – პოლ ქლივის “დამლაგებელი” და გამომცემლობის ექსკლუზივი – ფრედ ვარგასის “ნეპტუნის ქარიშხლები“.

“ოჩობუქსი” რისი ზღაპრული გამომცემლობა იქნებოდა, მკითხველისთვის საფესტივალოდ განსაკუთრებული საჩუქარი არ მოემზადებინა. ორი ახალი გამოცემის ამბავს უკვე გაიგებდით; ერთი დოსტოევსკის “ორეულია”, მეორე – ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენა”, აი მესამე… მესამე განსაკუთრებული სასუსნავია.

„ოჩოს” კონან დოილი უთარგმნია. შერლოკ ჰოლმსის ისტორია, რომელიც არც ქართულად არსებობდა აქამდე და, სიმართლე გითხრათ, არც რუსულ კრებულებში შემხვედრია. “შიშის ველი” Strand Magazine-ში იბეჭდებოდა გაგრძელებებით, 1914-1915 წლებში და ყველა სხვა ხიბლთან ერთად, საიუბილეო გამოცემაც გამოდის. მოკლედ, ახალ ჰოლმსს თუ წავიკითხავდი ქართულად, ნამდვილად არ მეგონა. დამეთანხმეთ, გადასარევი ამბავია.

ჰო, ოჩოს ყველა წიგნი, ძველებიც და ახლებიც, სპეციალურ, საფესტივალო ფასებად გაიყიდება. კატალოგს გადახედეთ – ამგვარი რაღაცები ოჩოს არც არასოდეს შეშლია და რაღა ახლა დაავიწყდებოდა…

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი ხუთი ტომი – კორვინის ხუთწიგნეული – წლების წინ გამოსცა და, სიმართლე გითხრათ, გაგრძელებას აღარ ველოდებოდით. ჰოდა, საფესტივალოდ მერლინის ხუთწიგნეულიც დაიდო.

ლიბერთინზს 31 მაისს ერთი წელი უსრულდება და იუბილეს ფესტივალზე აღნიშნავს – პროექტის მეექვსე წიგნს – ლუის ლოურის “გამღებს” წარადგენს და კოსტუმირებულ კარნავალსაც მართავს. ვინც სამასკარადოდ გამოწყობილი გამოცხადდება, სტამბიდან ციმციმ გამოტანილ “გამღებს” ნახევარ ფასად მიიღებს.  პრინციპში, ასეც უნდა იყოს –  ფესტივალი იმის ფესტივალია, ამდაგვარი კრეატივით გაერთო, თორემ წიგნის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.

წიგნის ფესტივალზე, გეცოდინებათ, გამომცემლობებთან ერთად წიგნის მაღაზიებიც მონაწილეობენ.  ჰოდა, წელს, ბუქსთორებს ‘შექსპირი და კომპანიაც” დაემატება.  სტენდზე უცხოენოვან ლიტერატურას გამოფენენ, სხვადასხვა ქართული გამომცემლობის საუკეთესო გამოცემებს, ალბომებს, პოსტერებს, ხელნაკეთ უბის წიგნაკებს, სანიშნებს, სანათებს და თუ მოლესკინის ბლოკნოტების ჩამოტანაც მოასწრეს, “შექსპირის” პავილიონთან რიგი მერე ნახეთ თქვენ…

პალიტრა L-ს ელექტრონული წიგნების მაღაზიის ebook.ge-ს პრეზენტაცია აქვს და ახალი სერიასაც წარმოადგენს. “TOP თრილერის” პირველი ტომი ჯეიმზ პეტერსონის “ობობას გამოჩენა“.

არტანუჯს” და “ინტელექტს”, ტრადიციულად, დატვირთული, ოთხ დღეზე გადანაწილებული, საინტერესოზე საინტერესო პროგრამა აქვს. ავტოგრაფსესიები, წარდგენები, პრეზენტაციები, ლექციები, კინოჩვენებები და, რა თქმა უნდა, ახალი გამოცემები.

არტანუჯი” დათო ტურაშვილის „მე რომ ფეხბურთელი ვიყო”-ს, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალს“,  ოჯახის წევრების მიერ მოყოლილ აუტიზმის, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე ქართველი ბავშვების ისტორიების კრებულს „ფაზლი, ეტლი, წინდა“ წარადგენს, რაგბის მოყვარულთათვის ახალი წიგნის ” “U-20, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების მორაგბეთა ისტორიები“ პრეზენტაცია მოეწყობა.

ინტელექტს” განსაკუთრებული პროექტი აქვს – “პავიჩი ქართულად“.  ამ პროექტის ფარგლებში სერბი მწერლის ექვსი რომანი – “ხაზარული სიტყვისკონა“, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინეპოლში“,  „სხვა სხეული“ „შვიდი მომაკვდინებლი ცოდვა“ „ნიკალური ეგზემპლარი“ და „ჩაით დახატული პეიზაჟი“ ითარგმნა. თბილისში პავიჩის მეუღლეც ჩამოვიდა; იასმინა მიხაილოვიჩი ფესტივალზე ქართულ თარგმანებთან ერთად საკუთარ რომანს “ხაზართა ზღვის ნაპირებზე” წარადგენს.

ბოლოს, ტკბილ ლუკმად, “წიგნები ბათუმში მოვიტოვე, ფესტივალის დებიუტანტი (გამომცემლობა, თორემ წიგნების მაღაზიის თბილისში სტუმრობა უკვე სასიამოვნო ტრადიციაა). აქამდე გამოცემულ დელფინიან წიგნებს ისეთი ნუგბარი

ემატება, საუკეთესოს რომ ვერ გამოარჩევ, ყველა გადასარევია: ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი“, ნატო დავითაშვილის “აიას გზა“, მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი“, დიმიტრი გლუხოვსკის “მეტრო 2033, რეი ბრედბერის “ბედნიერების მექანიზმები”, ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, ჯუდი ბლუმის “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი” და დავით ჭოჭუას “ალდენორი“, “სინათლის ორდენის ქრონიკების” პირველი წიგნი. ანჯეი საპკოვსკის “მხედვარიც” იქნება აუცილებლად. თან, ეს ყველაფერი სპეციალურ ფასად.

წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულებსაც დააჯილდოვებს და განახლებული “ინსომნიას” პრეზენტაციაც იგეგმება. დეტალებს არ მოვყვები, რა წესია, ორგანიზატორები მოგახსენებენ წვრილად ყველაფერს. ჰო, ჩიტმა ამბავი მომიტანა, ბათუმში, ის ლეგენდარული წიგნის მაღაზია, ნახევარ საქართველოს სელფი რომ აქვს გადაღებული, თითქმის ცარიელია, რაც კი კარგი ჰქონდათ, თბილისში წამოიღესო.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. პრევიუ კი გავიყვანე ბოლოში და ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, ვინმე შევიგულო და ხვალ და ზეგ წერეთელზე გავაგზავნო, თორემ ამ ყველაფრისთვის შაბათ-კვირა ნამდვილად არ მეყოფა.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინსომნია, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, პალიტრა L, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ebook.ge, LIberteens, ochobooks

თბილისის წიგნის ფესტივალი: კარგად ნაცნობი ძველები და ორიოდე ახალიც

$
0
0

ასეთი ცაიტნოტური მაისი ჯერ არ მქონია.

ჯერ იყო და “წიგნი და მუსიკა” გამოვტოვე. “ამო რამეს” ლიტერატურული მენიუ მაინტერესებდა და ახალი პოტერიადის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაგეგმილ ზღვისპირა უიქენდს დაემთხვა და რა მექნა.

ბათუმიდან სამშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოვლასლასდი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოგიყვებით მერე) და, ოთხშაბათს, გამოძინებისა და გონზე მოსვლის ნაცვლად, სასწრაფო წესით, ტრადიციულ საფესტივალო პრევიუს ვწერდი. რაც მთავარია, მოვასწარი.

ფესტივალს ოთხდღიანი კი ერქვა, მაგრამ ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაო იყო. სამსახურიდან გასხლტომაზე არც მიოცნებია – სინდისი მეყო. ჰოდა, ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან, გაავებული და მთელს ქვეყნიერებაზე გაბრაზებული და მეგობრების საფესტივალო ამბებს ვკითხულობდი.

კეთილ ადამიანებს რა დალევს ამქვეყნად და ხუთშაბათ-პარასკევს მთლად უწიგნოდაც არ დავრჩენილვარ. ირმამ ოჩობუქსის ყოვლად გადასარევი, თან სატარებელი წიგნები წამომიღო და კანდინსკის ფანტასტიკური ალბომი გამოაყოლა საჩუქრად; თამთამ მორიგი “პატარა პრინცი” მაჩუქა ჩემი კოლექციისთვის; პარასკევს დედამ და მამამ გაისეირნეს გამოფენაზე და სავსე ჩანთები მომიტანეს. ცოტა არ იყოს, ცხელოდაო, შემომჩივლეს. გემრიელად გამეცინა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შაბათ-კვირამაც მოაღწია, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონამდე თავადაც მივაღწიე, ხეტიალით გულიც ვიჯერე და ახლა ჩემს საფესტივალო ამბებს მოგიყვებით.

პავილიონში ისევ ცხელოდა… მოდი, ამაზე დროს ნუ დავკარგავთ. შევთანხმდეთ, რომ წიგნის ფესტივალზე სულ ცხელა. კარმა აქვს ასეთი. დარწმუნებული ვარ, შუა დეკემბერში, ჩრდილოეთ პოლუსზე რომ ჩატარდეს გასვლითი აქცია, იქაც ოფლად გავიღვრებით.

ხალხი მეცოტავა. თავს ვერ დავდებ, არ დამითვლია, მაგრამ ასე მომეჩვენა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გვარს არ დავასახელებ და რამდენიმე გამომცემლობის სტენდს მკითხველი ნამდვილად არ აკლდა. იქაურ კონსულტანტებს ორდენი ეკუთვნით მხედრული მამაცობისთვის. მსუყე პრემია მაინც.

ოჩობუქსის პოკეთბუქები უკვე ვახსენე, მაგრამ ისეთი კარგებია, რაც უფრო მეტჯერ გავიმეორებ, მით უკეთესი. ყველაზე მეტად “შიშის ველმა” გამახარა. ახალი ჰოლმსია და, თანაც, ქართულად. უახლოეს შაბათს ჩავუჯდები, ნაყინიან ცივ ყავასთან ერთად.

ფესტივალის ყველაზე დიდი სიურპრიზი, დამეთანხმეთ, ილიაუნის გამომცემლობამ დადო. ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი ნაწილი (კორვინის ხუთწიგნეული) წლების წინ გამოსცეს. მეორე ნაწილს (მერლინის ხუთწიგნეულს) კარგა ხანს ველოდებოდით, ხელიც გვქონდა ჩაქნეული და ა, ბატონო, ციმციმ გამოიტანეს. სურათზე რომ ვნახე ოქროსფერი ტომები, მაშინვე ამიკაწკაწდა კბილები. ახლა აქვე მიდევს, ერთ ხელის გაწვდენაზე და, წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია.

დიოგენე” ტრადიციას არ ღალატობს და, მიუხედავად ათასი პრობლემისა, საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” განახლებას მაინც ახერხებს. რვა ახალი წიგნი ხუმრობა არ არის. იქაური გოგო-ბიჭები მძიმე დღეში კი იყვნენ, მაგრამ არც ღიმილი დავიწყებიათ, არც ხურდა დაკლებიათ, საჩუქრებიც კარგად ჰქონდათ მომარაგებული –  საყვარლად მოხატული ყავის სადგამების, ჭიქების, ჩანთების და მაისურების გარეშე, მგონი, არც არავინ გაუშვიათ.

ინტელექტს” და “არტანუჯს“, სხვა თუ არაფერი, გადმოქართულებული პავიჩისთვის ეკუთვნის მადლობა. შარშან მარკესი თარგმნეს, წელს პავიჩი უზით გენერალურ გეგმაში. მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინები”, აკუნინის “მწერალი და თვითმკვლელობა” და “სასაფლაოს ამბები”, მო იენი, ოთარ ჭილაძე, “ფრანით მორბენალი” და გელა ჩარკვიანის პუბლიცისტიკა იქეთ იყოს, ხუმრობა-ხუმრობაში, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ისეთი გადასარევი non fiction კოლექცია შეაგროვეს, შენი მოწონებული: სტივ ჯობსი, ბჟეზინსკი, ტრამპი, პოლიტკოვსკაია, ტეთჩერი – არც ერთ მხატვრულ სერიას არ ჩამოუვარდება.

ლიბერთინზმა” პირველი იუბილე მასკარადით აღნიშნა და პავილიონში მოხეტიალე ვამპირები, პრინცესები, ჯუჯები, მებრძოლები, ფერიები და მინი მაუსები მასკარადის მონაწილე თინეიჯერები იყვნენ. ამ პროექტს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, აბა, ჩემ დროს ვინ გეტყოდა, რომელ წიგნსაც გინდა, ხელი დაადე, ჩვენ გითარგმნითო… სხვათა შორის, ახალი, რიგით მეექვსე თარგმანი – ლუის ლოურის “გამღებიც” გემრიელად, კომფორტულად, ორგანიზებულად, საგანგებოდ შეფუთული გაყიდეს, ჭეშმარიტად სადღესასწაულო-საფესტივალო ფასდაკლებით.

ბოლო, ტკბილ ლუკმად ორი დებიუტანტი მოვიტოვე… “შექსპირი და კომპანია” სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, ფესტივალიც ჩააგრიალა და, წიგნის მაღაზიის სპეფიციკიდან გამომდინარე, სტენდზე ისეთი გამოცემებიც ედო, სხვაგან რომ ვერსად ნახავდით. მე უელბეკის ახალთახალ “მორჩილებას” ვერ მოვწყვიტე თვალი. რამდენჯერაც ჩავუარე, იმდენჯერ ამოვიოხრე, მაგრამ ორიგინალი იყო და ფრანგულის არაფერი გამეგება. ინგლისური თარგმანი რომ ჩამოეტანათ, ახლა შინ მექნებოდა.

და “წიგნები ბათუმში“…. დავწერე ახლა ეს და დებიუტანტობაზე გამეცინა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს “წიგნები ბათუმში” უხსოვარი დროიდან არსებობდა და დელფინიან წიგნებზე ვართ გაზრდილი. არადა, არც ბუქსთორია დიდი ხნის და გამომცემლობისთვის საერთოდაც პირველი ფესტივალი გახლდათ.  დებიუტი როგორი გამოდგა, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ – ბათუმურ სტენდებს მკითხველ-მყიდველი არ მოშორებია და ყველა საფესტივალო ფოტოზე თითო დელფინს მაინც ნახავთ.

ყველაზე მაგარი, იცით, რა არის? ამ ახალ წიგნებზე ხომ ორი თვეა, ყველა ლაპარაკობს. საპკოვსკიო, ბრედბერიო, ნატოს ახალი “აიას გზაო”… ლე გუინი, ეტვუდი, ჯუდი ბლუმი, “მეტრო 2033″, “ალდენორი” და ზოლიანპიჟამიანი ბიჭის ამბავი, ერთიმეორეზე უკეთესია, ვერ გამოარჩევ, მაგრამ შემდეგი ნაკრები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ამას მოხერხება უნდა.

აი, ასეთი ფესტივალი მქონდა, ჩემო კარგებო და ისე ვარ მიღლილ-მიქანცული, დუდუ დობორჯგინიძის არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ, ერთ კვირას წიგნის მაღაზიისკენ არ გავიხედავ. ან სამ დღეს. არა, ორს.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, LIberteens, ochobooks, ochobooks.ge

თამაში მსხლების მინდორში

$
0
0

წიგნები ყოველთვის ტოვებენ კვალს. კარგებიც, ცუდებიც, მოსაწყენებიც, საინტერესოზე საინტერესოებიც… ზოგის გახსენებაზე ცრემლი მოგდგება თვალზე, ზოგს ცხვირს აუბზუებ – მაგაზე დრო რამ დამაკარგვინაო, ზოგიც მხიარულად ჩაგახითხითებს; ისეთებიც არიან, თაროდან ჩამოღება და ხელახლა თვალის გადავლება ხშირად რომ მოგინდება და ისეთებიც, ყველაზე შორეულ კუნჭულში რომ მიაწყობ – თვალში რომ აღარ მოგხვდეს.

ეს წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, ცოტა უცნაურია. ხელი უნდა მოგტყდეს, რომ კუთხეში მისაგდებად გაიმეტო – ძალიან კარგია და იმიტომ; მაგრამ მეორედ გადაშლაც გაგიჭირდება, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ რაღაც დრო არ გავა და გულში სოლივით გარჭობილ ტკივილს ოდნავ მაინც არ გაგინელებს; სანამ შეკუმშული ფილტვები არ გაიხსნება და ჰაერს ხმაურიანად არ ჩაისუნთქავ. იმიტომ, რომ ეს წიგნი გტკივა, გტკივა თითოეული პერსონჟი, თითოეული სცენა, გტკივა სადღაც ქალაქის გარეუბანში ჩაკარგული “დებილების სკოლა“ თავისი ბინადრებით…

ამ სკოლაში ყველა მიტოვებულ თუ უპატრონო ბავშვს თავისი ისტორია აქვს: შავკანიან მარსელსაც, რომელმაც საშინელი ყვირილი და გაბრაზება იცოდა თურმე, ადრე დაობლებულ ნონასაც, ქერათმიან აქსანასაც, უბნის ბიჭები რომ დაატარებენ აქეთ-იქით, ირაკლისაც, რომელსაც დედა ყოველ კვირა მონახულებას ჰპირდება, მოურჯულებელ ილონასაც, ვასკასაც, სერგოს, რომელსაც თურმე სულ ცოტა ხანი უნდა ეცოცხლა… ჰო, კიდევ “დებილების სკოლის“ საამაყო გმირებს – ირას და კირილეს და, რა თქმა უნდა, ლელას, ვანოს მოკვლაზე რომ ოცნებობს.

ასე მგონია, ლელას გარეშე ეს წიგნი არ იქნებოდა. წიგნი კი არა, ის ინტერნატიც არ იქნებოდა საერთოდ, ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობოდა დირექტორ ციცოს და ვანოს და მარტო მათ კი არა, დაფხავებულ კედლებში ამდენი ხნის დაგუბებულ დარდს, ცრემლს, ბალღამს და ტკივილსაც ქვეშ მოიყოლებდა; მაგრამ ლელა უდგას აქაურობას დედაბოძივით, ხან ერთ გაუბედურებულ პატარას შეაშველებს ხელს, ხან მეორეს და დიდი ამბავი, თუ ხანდახან უშვერი სიტყვებით იგინება – აბა, რა ქნას?! ვანო კი მაინც უნდა მოკლას ლელამ, აი, ირაკლის ამერიკაში გაამგზავრებს და მერე. მიიყვანს ისტორიის მასწავლებელს ჩამოშლილ აივანთან, ჰკრავს ზურგში ხელს და… რამდენ პატარა გოგოს გადაარჩენს.

ნანა ექვთიმიშვილის მსხლების მინდორისაკითხავი კი არა, საყურებელი წიგნია; თუნდა არ იცოდე, რომ ავტორი უჩვეულოდ ნიჭიერი სცენარისტი და რეჟისორია, “გრძელი ნათელი დღეები“ ნანახიც რომ არ გქონდეს, რომანის თითოეულ სცენას მაინც ისე ცხადად ხედავ, თითქოს შენს წინ კინოფირი ტრიალებდეს. ცერემონიებს და რევერანსებს საზოგადოება ამ ტექსტისგან ნუ ელის – საკითხი, რომლის გარშემოც თხრობა ტრიალებს, ყველა ჩვენგანს ერთნაირად მოხვდება გულზე და ათასი ჯურის მორალისტისა და ფსევდოლიბერალისაგან თავის მოსაწონებლად არაერთგზის აგორებულ თემას სულ სხვანაირი სიმართლით დაგვანახებს.

განზე გადადებული პოლიტკორექტულობის წყალობით, “მსხლების მინდორი“ არცერთ სხვა წიგნს არ ჰგავს – უჩვეულო სიმკაცრით და პირდაპირობით დაწერილი რომანია, გულის გაჩერებამდე დაუნდობელი და შეუფერადებელი, ისეთი, ადამიანთა მოდგმას ერთდროულად შეგაყვარებს და შეგაზიზღებს კიდევაც და სულის ისეთ ბნელ კუნჭულებში ჩაგახედებს, რომელთა არსებობაზეც აქამდე არასოდეს დაფიქრებულხარ.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ნანას ბავშვობიდან იცნობს, მითხრა, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას ისეთ მოთხრობებს წერდა, პატარა კამიუს ეძახდნენო. თქვენი არ ვიცი და მე არ გამკვირვებია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანა ჭაბაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დებილების სკოლა, დებიუტი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ია მახათაძე, ინტერნატი, ლადო ლომსაძე, ლელა, მოლის ბიბლიოთეკა, მსხლების მინდორი, ნანა ექვთიმიშვილი, პროზა, რომანი, რუსუდან გორგაძე, ქართული პროზა

ბათუმური ღამისთევა ბენზოხერხის გარეშე

$
0
0

ახალ “ინსომნიაზე” უნდა მოგიყვეთ.

ოფიციალურ გვერდზე ანონსს უკვე ნახავდით. პირობებიც წერია იქ, ვადებიც, ელფოსტის მისამართიც, ჟიურის შემადგენლობაც. მოკლედ, ყველაფერი.

მაგრამ მეც რომ არ დავწერო, არაფრით გამოვა. ერთი პერსონალური პოსტი “ინსომნიას”, ღმერთი, რჯული, ნამდვილად ეკუთვნის.

ორი წლის წინ, ზუსტად ორი წლის წინ, ნატო დავითაშვილმა მომწერა – კოშკას ახალი იდეა აქვს, ექსტრემალი ლიტერატორების კონკურსს ვმართავთ და ჟიურის წევრობაზე რას იტყვიო.

დიდი მადლობა, ამაზე უარს რა მათქმევინებს-მეთქი, გადავირიე სიხარულით.

ჰოდა, ახლა მესამე წრეზე მივდივართ.

ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვის ნატამალი ღრღნიდა, შეუძლია, მშვიდად იძინოს – ყველაზე ორიგინალური, გიჟური და ფანტასტიკური იდეაც, თუ მოინდომე, გადასარევად ისხამს ხორცს. ჩაკეტილი მაღაზიიდან ონლაინ ტრანსლაციის ორგანიზებაც ხერხდება და ერთიმეორეზე უკეთესი ტექსტებიც იწერება ერთ ღამეში.

კონკურსში მთავარი კონკურსანტია. რაგინდ სუპერპროფესიონალი ჟიური შეიკრიბოს, კონკურსანტმა თუ არ ივარგა, ასარჩევიც არაფერი იქნება. წინასწარ ვერაფერი გვეცოდინება, მაგრამ არც შარშან ვიცოდით და არც შარშანწინ, ორი მშვენიერი კრებული კი გამოგვივიდა. მესამეც გამოგვივა.

პირველი “ინსომნიები”, გემახსოვრებათ, “ბუქსითიში” ჩატარდა. წელს ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალისთვის (თუ მართლა სერიოზული პროექტია და არა ერთჯერადი აქცია) მუდმივი ლოკაციის შეძენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰოდა, პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი რევერანსის გარეშე: “ინსომნიასთვის” ბათუმი იდეალური ქალაქია. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ივლისის ბოლოს ბათუმში ყოფნას არაფერი სჯობია.

ფესტივალს “წიგნები ბათუმში” უჭერს მხარს – ქართული და ქართულენოვანი ფანტასტიკისა და ფენტეზის დიდი გულშემატკივარი და ამღორძინებელი. ჰოდა, Sci-Fi-ის, ფენტეზის, ჰორორისა და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი უკეთესმა ვინ უნდა ჩაატაროს, არ ვიცი.

შესარჩევ ფობიოგრაფიებს “ინსომნიას” ელექტრონული ფოსტით დღეიდან დაველოდებით. ფობიოგრაფიის დასაწერად თვრამეტი დღე არც ისე ბევრია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ფეისბუქსტატუსი ხომ არ არის, ხუთი წუთი ეყოს.

სხვათა შორის, საკონკურსო ჟანრებში ჰორორიცაა და ამ პოსტის სათაური შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ – ბენზოხერხის წამოღებაც მოსულა. და საერთოდ, ბათუმელებს ჩემზე უკეთ იცნობთ და დამეთანხმეთ, კრეატიული სიურპრიზების გარეშე ეს ამბავი ვერაფრით ჩაივლის.

ჟიურია და უკეთესს ვერ ინატრებ: ნატო დავითაშვილი და ნიკა სამუშია, სალომე ბენიძე – შარშანდელი უძინართაგანი – და თევდორე მირიჯანაშვილი. და, რაღა თქმა უნდა, ზაზა კოშკაძე – იდეის ავტორი და ფესტივალის სულისჩამდგმელი.

დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ინსომნიაკები ძალიან საინტერესო კვირას გაატარებენ. როგორც სოლიდურ პროექტებში ხდება, ყველა საორგანიზაციო ხარჯს “წიგნები ბათუმში” მიხედავს.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ის დროა, საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდეთ და ფობიოგრაფიაზე იფიქროთ. შრომა კი მოგიწევთ, მაგრამ ნამდვილად ღირს: ზაფხულის ერთ კვირას ბათუმში გაატარებთ სხვა უძინარებთან ერთად, ერთი ღამით იმ ლეგენდარულ მაღაზიაში გამოიკეტებით, ლამის ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცა და, რაც მთავარია, დელფინიან წიგნში მოხვდებით.

ფობიას არა და ერთ დიდ სურვილს კი გაგიმხელთ: სულ მინდოდა დელფინიან წიგნში მოხვედრა.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ზაზა კოშკაძე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თევდორე მირიჯანაშვილი, ინსომნია, ინსომნია 2015, ინტერნეტი, კონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, მისტიკა, ნატო დავითაშვილი, ნიკა სამუშია, პროზა, ჟანრული პროზა, სალომე ბენიძე, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებათა ჟანრი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ფესტივალი, ფობიოგრაფია, წიგნები ბათუმში, Horror, Sci Fi & Fantasy

მარგარეტის ღმერთი

$
0
0

რა უნდა ქნა, თუ დედა ქრისტიანი გყავს, მამა – ებრაელი, შენ კი სკოლის დამთავრებას ელოდები, რომ რელიგია თავად აირჩიო? გვარიანი თავსატეხია, მე თუ მკითხავ. ჰო, კიდევ ისიც შეგიძლია, სულ არ აირჩიო და ეს ცოტა ამარტივებს საქმეს; მაგრამ ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადაბარგება რომ მოგიწევს, ახალ სკოლასთან შეგუება და საყვარელ ბებიასთან განშორება, ამას რა ვუყოთ? და თუ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სულ თორმეტიოდე წლის გაკნაჭული გოგო ხარ, მკერდი არაფრისდიდებით არ გეზრდება და ეს ოხერი მენსტრუაციაც არ ჩქარობს გამოჩენას, საერთოდ გაუსაძლისია ცხოვრება. რაღა დაგრჩენია ამდენი სადარდებელის გადამკიდეს, გარდა იმისა, რომ ღამღამობით, ოთახში ჩაკეტილი ღმერთს ელაპარაკო და ისეთი საჭირბოროტო საკითხი მაინც შეახსენო, მენსტრუაცია რომ არის. აბა, ნენსის და გრეჩენს უკვე დაეწყოთ და… გრეჩენს საერთოდაც ნული ზომის ლიფი აცვია, შეიძლება ითქვას, შესაშური მკერდის პატრონია.

ჰოდა, მარგარეტმაც რა ქნას – ელაპარაკება ღმერთს და დახმარებას სთხოვს ხოლმე; ხანდახან შეიძლება, საყვედურიც კი შეაპაროს: “მე შენ გეძებდი, ღმერთო. სინაგოგაშიც, ეკლესიაშიც და დღესაც, – აღსარების სათქმელად გეძებდი, მაგრამ შენ იქ არ იყავი. მითხარი, მაშინ რატომ არ მოდიხარ, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ხოლმე?“

ეს საიდუმლო წრეც, დიდი ამბით რომ ჩამოაყალიბა ნენსიმ, ცარიელი თავსატეხია – ბიჭების წიგნაკში ყოველკვირა ახალი სახელები საიდან უნდა მოიტანოს? მკერდი არა აქვს და არაფერი… ფილიპ ლეროი მაინც არასოდეს მიაქცევს ყურადღებას, რამდენჯერაც უნდა ჩაწეროს მისი სახელი სიის თავში და რამდენჯერაც უნდა შეახსენოს ღმერთს, ამ ბედნავს მენსტრუაციას მეტისმეტად შეაგვიანდაო. თხოვნის შესრულებას ვინ ჩივის, ნეტავ დედამისის მშობლები არ გამოჩენილიყვნენ და ბებიასთან ფლორიდაში გამგზავრება არ ჩაეშალათ.

მოკლედ, დარდით და პრობლემებით არის სავსე ეს პატარა გოგო. სხვას რომ ვერაფერს იღონებს, ღმერთთან გაბუტვასაც კი გადაწყვეტს – აღარ დაველაპარაკებიო. მაგრამ მარგარეტი რის მარგარეტი იქნება, დიდხანს გაძლოს უბრად, მითუმეტეს, რომ დიდი ხნის ლოდინს, როგორც იქნა, ბოლო მოეღო. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასე ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისთვის? და იმედით აღსავსე მარგარეტიც სწორედ იმ სიტყვებს ჩურჩულებს, ყოველდღე რომ იმეორებდა, სანამ გაიბუტებოდა. აი, იმ სიტყვებს, ჯუდი ბლუმის წიგნის გარეკანზე რომ აწერია:

“აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თამთა ჯინჭარაძე, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, მალხაზ ფაღავა, მარგარეტ საიმონი, მარი ბექაური, მარიამ შალვაშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სოფო კირთაძე, ქართული თარგმანი, ჯუდი ბლუმი

ფილიპ კ. დიკი. “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”

$
0
0

ფილიპ კონრად დიკი.

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

 

მთარგმნელი – გურამ ღონღაძე

რედაქტორი – მარიამ კორინთელი

ყდის დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – ნიკა სულაბერიძე

კორექტორი – ნატა ჩახვაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

ოკლენდი

გუშინ გარდაიცვალა კუ, რომელიც მოგზაურმა და მკვლევარმა, კაპიტანმა კუკმა, ტონგის მეფეს 1777 წელს აჩუქა. ცხოველი თითქმის 200 წლისა იყო.

კუ, სახელად ტუ’იმალილა, გარდაიცვალა სამეფო სასახლის ეზოში, ტონგის დედაქალაქ ნუკუალოფაში.
ტონგის მოსახლეობა ცხოველს ისეთივე პატივს სცემდა, როგორც მის მბრძანებელს. კუს ემსახურებოდა სპეციალური დაცვა. რამდენიმე წლის წინ, ცეცხლოვანი ბუჩქის ინციდენტის გამო, ცხოველი დაბრმავდა.

ტონგის რადიო იუწყება, რომ ტუ’იმალილას ბაკანი ახალ ზელანდიაში, ოკლენდის მუზეუმში გადაიგზავნება.

როიტერი, 1966

 

თავი პირველი

საწოლის გვერდით მოთავსებულმა „განწყობის მოდულატორმა“ მსუბუქი ელექტრონული ხმა გამოსცა, რომელმაც ავტომატური ელექტრომაღვიძარა გაააქტიურა და რიკ დეკარდი სუსტი, სასიამოვნო ელექტროიმპულსით გააღვიძა. რიკი საწოლიდან გაკვირვებული წამოდგა (მოულოდნელად გაღვიძებისას ყოველთვის ასე სჩვეოდა) და თავის ფერად პიჟამაში გამოწყობილი, გაიზმორა. იმავე წამს, მისმა ცოლმა, აირენმა, თავისი ნაცრისფერი, სევდიანი თვალები დააჭყიტა. ერთხანს ახამხამა, მერე ამოიკვნესა და სასწრაფოდ დახუჭა.

– „პენფილდი“ ძალიან მსუბუქზე გაქვს მომართული, – უთხრა რიკმა, – მოდი, გადავაყენებ და ისე გაიღვიძებ, რომ…

– ჩემს პარამეტრებს შეეშვი! – მკაცრად მოუჭრა აირენმა – გაღვიძება არ მინდა.

რიკი ცოლს გვერდით ჩამოუჯდა, დაიხარა და ნაზად დაუწყო ახსნა:

– ძვირფასო, თუ მოდულატორს უფრო მაღალ დონეზე დააყენებ, გაღვიძება სასიამოვნო პროცესი გახდება. მთელი აზრიც ამაშია. С დონე ისევე სწრაფად გამოგაფხიზლებს, როგორც მე (სინამდვილეში, რიკს მოდულატორი D დონეზე ჰქონდა მომართული). ის ნაზად მიეფერა ცოლის შიშველ, ფერმკრთალ მხრებს.

– მომაშორე ეგ პოლიციელის უხეში ხელები, – უთხრა აირენმა.

– არ ვარ პოლიციელი, – გაღიზიანდა რიკი, თუმცა ეს ემოცია არ ჰქონდა არჩეული.

– უარესი ხარ, – კვლავ თვალდახუჭულმა უთხრა ცოლმა, – პოლიციელების დაქირავებული მკვლელი ხარ.

– ცხოვრებაში არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ მომიკლავს, – უპასუხა რიკმა და იგრძნო, რომ გაღიზიანება აშკარა მტრობაში გადაეზარდა.

– მხოლოდ იმ უბედურ ანდებს ერჩი, – მიუგო აირენმა.

– ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩემი ბინძური საქმეებით ნაშოვნს ფულს ათას სისულელეში სწორედ შენ ხარჯავ.

რიკი წამოდგა, ოთახში უაზროდ გაიარ-გამოიარა და თავის „განწყობის მექანიზმთან“ შეჩერდა.

– იმის ნაცვლად, – განაგრძო მან, – რომ დავაგროვოთ და ნამდვილი ცხვარი ვიყიდოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გამოვცვალოთ ის ყალბი, ელექტრონული სისულელე, ზემოთ რომ გვყავს?! ვერ ვხვდები, რა საჭიროა ხელოვნური ცხოველი. თან როცა იმდენს შოულობ, რამდენსაც მე ეს ბოლო წლებია, – რიკი მექანიზმს მიაჩერდა და ერთხანს შეყოყმანდა. არ იცოდა, რომელი აერჩია: თალამოდეპრესანტი (რომელიც უეცარ სიბრაზეს დაუცხრობდა) თუ თალამოსტიმულატორი (რომელიც საბოლოოდ აღაგზნებდა და კამათში გამარჯვებას მოუტანდა).

– თუ გაძლიერებულ ზიზღს აკრეფ, მეც ასე მოვიქცევი! – დაემუქრა აირენი, – მაქსიმალურ დონეს ავირჩევ და ისეთ სკანდალს მოვაწყობ, ჩვენი ყველა უწინდელი კამათი სასაცილოდ მოგეჩვენება. აკრიფე და ნახავ… მიდი, სცადე! – აირენი მსუბუქად წამოხტა, თავის მოწყობილობასთან დადგა და რიკს ღვარძლიანად მიაჩერდა.

– დღევანდელი გრაფიკის კოდს ავკრეფ, – ამოიოხრა რიკმა და 1992 წლის 3 იანვრის განრიგს ჩახედა: „საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება“,- თუ ამას ავკრეფ, მპირდები, რომ შენც ასე მოიქცევი? – ფრთხილად ჰკითხა ცოლს, სცადა, ზედმეტი ინიციატივა არ გამოეჩინა, ისე დალოდებოდა მის გადაწყვეტილებას.

– დღეს მე ექვსსაათიან დეპრესიას ვაპირებ, – მიუგო აირენმა.

– რაო? ეგ რატომ დაგეგმე? – ეს ხომ მთლიანად ეწინააღმდეგებოდა „განწყობის მოდულატორის“ არსებობის იდეას, – არც კი ვიცოდი, მაგის არჩევა თუ შეგეძლო, – დაამატა რიკმა სევდიანად.

– ერთ საღამოს სახლში ვიჯექი, – აუხსნა ცოლმა, – და როგორც ყოველთვის, „ბასტერ ფრენდლისა და მის მეგობრულ მეგობრებს“ ვუყურებდი. იმ მომენტში, როცა მას ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზი უნდა გაეცხადებინა, რეკლამა გაუშვეს. ხომ იცი, „მაუნტიბანკის“ რეკლამა როგორ მძულს. ამიტომაც ერთი წუთით ტელევიზორს ხმა გავუთიშე და გავიგონე, რომ ჩვენი შენობა… ეს შენობა… გავიგონე, რომ… – აირენმა ხელები აიქნია.

– ცარიელია, – დაასრულა რიკმა.

ხანდახან ეს სიცარიელე მასაც ესმოდა. მაშინაც კი, როცა წესით უნდა სძინებოდა. დღემდე ეს ნახევრად სავსე კორპუსები მჭიდროდ დასახლებულ შენობებად ითვლებოდა. თურმე, იმ ადგილებში, რომლებსაც ომამდე გარეუბნებს უწოდებდნენ, სრულიად ცარიელ შენობებსაც აღმოაჩენდით… ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. რა თქმა უნდა, რიკი ამ ინფორმაციას სხვებისგან იგებდა. უმრავლესობის მსგავსად, საკუთარი თვალით ამის ნახვა მას არ უნდოდა.

– იმ დროს, როცა ტელევიზორს ხმა გავუთიშე, „განწყობა 382“ მქონდა ჩართული, – განაგრძო აირენმა, – მართალია, ეს სიცარიელე გონებით აღვიქვი, მაგრამ ვერაფრით ვიგრძენი. ჩემი პირველი რეაქცია კმაყოფილება იყო. კმაყოფილება, რომ „პენფილდის“ მოდულატორები გვაქვს. სადღაც წავიკითხე, რამდენად არაჯანსაღია ეს ყველაფერი: გრძნობდე, როგორია ეს ახლებური ცხოვრება, არა მხოლოდ ამ შენობაში, ყველგან, მაგრამ რეაქცია არ გქონდეს. ხვდები რას ვამბობ? ალბათ, ვერა… ადრე ამას ფსიქიკურ დაავადებად თვლიდნენ, „ადეკვატური შეფასების ნაკლებობა“ ერქვა… ამიტომ ტელევიზორი უხმოზე დავტოვე, „გაწყობის მოდულატორი“ მოვიმარჯვე და ექსპერიმენტი ჩავატარე. საბოლოოდ, სასოწარკვეთის რეჟიმს მივაგენი, – ქალს სახეზე კმაყოფილება გამოეხატა, თითქოს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოეჩინოს, – შემდეგ, ჩემს განრიგში ჩავსვი. თვეში ორჯერ. ვფიქრობ, ეს საკმარისი დროა საიმისოდ, რომ საყოველთაო უიმედობა იგრძნო. დედამიწაზე დარჩენის სევდა, მაშინ, როცა ყველა გადასახლდა. შენ ასე არ ფიქრობ?

– მაინც, – გააპროტესტა რიკმა, – ასეთ განწყობაში დარჩენილმა, შეიძლება რეჟიმის შეცვლა აღარც მოისურვო და ღრმა დეპრესიაში ჩავარდე. ასეთი სასოწარკვეთა გამანადგურებელია.

– სამ საათში ავტომატურ გადატვირთვას ვაყენებ, – მშვიდად უპასუხა ქალმა, –A481: „სხვადასხვა სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება“. იმედი, რომ…

– ვიცი, 481 რაც არის, – შეაწყვეტინა რიკმა. ამ კომბინაციას დიდად ენდობოდა და ხშირადაც აუკრეფია, – მისმინე, – რიკი თავის საწოლზე ჩამოჯდა და ცოლს ხელები ნაზად ჩაჰკიდა, იფიქრა, გვერდით მოვისვამო, – ნებისმიერი სახის დეპრესული რეჟიმი, ავტომატური გათიშვის ფუნქციითაც კი, ძალზე სახიფათოა. მოდი, დაივიწყე, რაც აირჩიე. მეც იმავეს ვიზამ. ორივემ 104 ავკრიფოთ და ერთად განვიცადოთ. მერე შენ სახლში დარჩი, მე კი ჩვეულებრივ საქმიან განწყობაზე გადავალ. ამგვარად, მომინდება, სახურავზე ავიდე, ცხვარს დავხედო და მერე ოფისში წავიდე. თანაც, მეცოდინება, რომ შენ აქ უტელევიზოროდ არ ხარ გამოკეტილი.

რიკმა ცოლის თხელ, გრძელ თითებს ხელი გაუშვა, ვრცელი საძინებელი გადაჭრა და სასტუმრო ოთახში გავიდა, რომელშიც წუხანდელი სიგარეტის მსუბუქი სუნი იდგა. რიკი დაიხარა და ტელევიზორი ჩართო.

– საუზმემდე ტელევიზორს ვერ ვიტან, – გამოსძახა აირენის ხმამ საძინებლიდან.

– 888 აკრიფე, – უპასუხა რიკმა სანამ ტელევიზორის ყუთი თბებოდა, – „ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ“.

– ახლა არაფრის აკრეფის სურვილი არ მაქვს, – გაჯიუტდა აირენი.

– მაშინ ყველაზე მარტივი შეიყვანე – 3.

– არ მინდა რეჟიმი, რომელიც ჩემს ტვინში ახალი რეჟიმის აკრეფის იმპულსს აჩენს! როცა ვამბობ, რომ არ მინდა არაფრის აკრეფა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფრის განწყობაზე არა ვარ და არც ის მინდა, რომელიმე რეჟიმის განწყობაზე ვიყო. ახლა მხოლოდ აქ ჯდომა და იატაკის ყურება მიშველის! – აირენს ხმაში საშინელი დაღლილობა გამოერია. სხეული უძრავი გაუხდა, თითქოს სული გაეყინა, ან რაღაც საშინლად მძიმე, ინერტული და უხილავი მასა დაეუფლა.

რიკმა ტელევიზორს აუწია. ბასტერ ფრენდლის ხმამ ოთახი აავსო:

– მეგობრებო, ახლა კი დროა, დღევანდელი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ! თანამგზავრ „მანგუსტიდან“ გვაცნობეს, რომ რადიოაქტიური ნალექები განსაკუთრებით საგრძნობი შუადღით იქნება, საღამოსთვის კი ოდნავ შემცირდება. ასე რომ, მეგობრებო, თუ რომელიმე თქვენგანი გარეთ გასეირნებას გეგმავთ…

საძინებლიდან გრძელი ღამის პერანგის ფრიალით აირენი გამოვიდა, ტელევიზორი გამორთო და რიკს მიაჩერდა.

– კარგი, გნებდები. რასაც მეტყვი, იმას ავკრეფ: „მოზღვავებული სექსუალური სიამოვნების რეჟიმი“?… კი ბატონო, ახლა ისე ცუდად ვარ, ყველაფერს ავიტან. ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ?!

– ორივესთვის მე ავკრეფ, – გაუღიმა რიკმა და ცოლი საძინებელში გაიყვანა.

იქ, აირენის აპარატზე მან „რეჟიმი 594“ შეიყვანა: „სასიამოვნო ცოდნა იმისა, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ქმრის აზრი უპირატესია“. საკუთარ მოწყობილობაზე „საქმის მიმართ კრეატიული და არასტანდარტული მიდგომა“ აირჩია. თუმცა, ამ განწყობას ისე იყო მიჩვეული, „პენფილდის“ ხელოვნური სტიმულაცია დიდი ხანია აღარ სჭირდებოდა.

***
რიკმა სწრაფად ისაუზმა (ცოლთან კამათში ისედაც დიდი დრო დაეკარგა) და თავიდან ფეხებამდე საგარეოდ გამოეწყო („მაუნტიბანკის“ ფირმის „აიაქსის“ მოდელის ტყვიისგან დამზადებული უბის საფარველიც ამოიცვა), რომ ცხვრის მონახულების შემდეგ პირდაპირ სამსახურში წასულიყო. რიკი წამოდგა, ცოლს დაემშვიდობა და სახურავზე ავიდა, სადაც ცხოველი (სინამდვილეში, ელექტრონული მოწყობილობა) სპეციალური სტიმულატორით დაპროგრამირებულ ხმამაღალი კმაყოფილების ხმებს გამოსცემდა და რიკის მეზობლების გაცურებას მონდომებით ცდილობდა.

ცხოველთა უმრავლესობა, რიკის ცხვრისა არ იყოს, სხვადასხვა კომპლექსური ელექტრონული კონტურებისა და სქემებისაგან შედგებოდა და საკმაოდ მაღალხარისხიან ნაყალბევს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზრდელობად ითვლებოდა. ასე აღარავინ იქცეოდა – არც რიკი, არც მისი მეზობლები. საშინელ უტაქტობაში ჩამოგართმევდნენ, თუკი, მაგალითად, ვინმეს ჰკითხავდი: „შენი ცხვარი ნამდვილია?“ ეს იმაზე უარეს დანაშაულად ითვლებოდა, ნებისმიერი მოქალაქის კბილების, თმისა თუ შინაგანი ორგანოების ავთენტურობაში რომ შეგეტანა ეჭვი.

დილის ჰაერი ნაცრისფერი იყო. რადიოაქტიური მტვრის ნალექები მზეს ფარავდა და რიკის ყნოსვას აწუხებდა. ის ხშირად აცემინებდა და უნებლიეთ, სიკვდილის მომწამვლელ გემოს გრძნობდა. რიკმა ამ ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევა სცადა და იმ შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე შეაბიჯა, უზარმაზარ ბინასთან ერთად რომ ეკუთვნოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომის გავლენა შესუსტდა. მათი სახელი, ვინც რადიოაქტიურ მტვერს ვერ გადაურჩა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. ხოლო მტვერი, ახლა გაცილებით სუსტი, ვიდრე ოდესმე, ცოცხლად დარჩენილთ მხოლოდ გონების არევითა და გამრავლების უნარის დასუსტებდით ემუქრებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც რიკი ემიგრაციაზე უარს აცხადებდა, მიუხედავად ტყვიისაგან დამზადებული ტანსაცმლისა, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობდა, მტვერი მის კანში აღწევდა და შავ ლაქებად რჩებოდა. ყოველთვიური სამედიცინო შემოწმებები ჯერ-ჯერობით გამრავლების უნარის მქონე, ჯანმრთელ მამაკაცად აღიარებდა. თუმცა, ნებისმიერ თვეს სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის გამომცდელ ექიმებს სხვა დასკვნის გაკეთება შეეძლოთ. წლიდან წლამდე ქვეყანაში ახალი ტიპის სპეციალისტები ჩნდებოდნენ, რომლებიც ამ ყოვლისმომცველი მტვრის გამო რეგულარებს მარტივად გარდაქმნიდნენ. ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამიდან თუ მთავრობის მიერ დარიგებული უაზრო წერილებიდან ერთი და იგივე ციტატა იუწყებოდა: „გახდი ემიგრანტი, ან დეგენერირდი! არჩევანი შენზეა!“

„რამხელა სისულელეა! მაგრამ სიმართლე“, – გაიფიქრა რიკმა, თავისი პატარა საძოვრის კარი გამოაღო და ცხვარს მიუახლოვდა. „მაგრამ მე სამსახურის გამო ვერ გადავსახლდები“, უთხრა მან საკუთარ თავს.

რიკს მოსაზღვრე მიწისმფლობელი, მისი მეზობელი ბილ ბარბო მიესალმა. ისიც, რიკის მსგავსად, სამსახურისთვის გამოწყობილიყო, რომ ცხოველის მონახულების შემდეგ სახლში ჩასვლა აღარ დასჭირვებოდა.

– ჩემი ცხენი მაკედაა, – ზარ-ზეიმით წამოიწყო ბარბომ და ღიმილად იქცა. მან ხელი უზარმაზარი, ზორბა პერშერონისკენ გაიშვირა, რომელიც უაზროდ იყურებოდა შორს, – ამაზე რას იტყვით?

– რომ მალე ორი ცხენი გეყოლებათ, – მიუგო რიკმა და თავის ცხვარს მიუახლოვდა, რომელიც მდუმარედ იწვა და თავისი ხელოვნური თვალებით პატრონს მომლოდინედ აკვირდებოდა, შემთხვევით შვრია ხომ არ მომიტანაო. რიკის ცხვარს კორპუსში სპეციალური ბლოკი ჰქონდა ჩამონტაჟებული, რის წყალობითაც შვრიის დანახვისას ან მისი მარცვლების სუნის შეგრძნებისას ცხოველი ფეხზე წამოიჭრებოდა და პატრონს გახარებული ახტებოდა.

– თქვენი ცხენი როგორ დამაკდა? – ჰკითხა რიკმა, – ქარით?

– კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პლაზმური სასუქი ვიყიდე – აუხსნა ბარბომ, – „სახელწიფო მეცხოველეობის ფორუმში“ ნაცნობები მყავს. არ გახსოვთ, წინა კვირას მათი ინსპექტორი აქ რომ იყო და ჯუდის სინჯავდა? ერთი სული აქვთ, მისი კვიცი ხელში ჩაიგდონ. ჯუდი, მოგეხსენებათ, თავის გვარში გამორჩეული ცხენია.

ბარბო თავის ცხოველს კისერზე ნაზად მიეფერა. ცხენმა თავი მისკენ მიაბრუნა.

– ცხენის გაყიდვაზე არასდროს გიფიქრიათ? – ჰკითხა რიკმა.

ის ღმერთს სთხოვდა, მისთვისაც მიეცა ნამდვილი ცხენი. ან ნებისმიერი სხვა, რეალური არსება. ყალბი ცხოველის ყოლა ნებისმიერს ჭკუიდან შეშლიდა. თუმცა, სოციალური გადმოსახედიდან, ეს აუცილებლობას წარმოადგენდა – არარეალური არსების ყოლა, რომელიც რეალურ სიცარიელეს ავსებდა. შესაბამისად, რიკს სხვა გზა არ რჩებოდა. ეგეც რომ არა, მის ცოლს, აირენს, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებოდა.

– ამ ცხენის გაყიდვა ამორალური საქციელი იქნებოდა, – მიუგო ბარბომ.

– მაშინ კვიცი გაყიდეთ. ორი ცხოველის ყოლა უფრო ამორალურია, ვიდრე – არც ერთის.

– რას გულისხმობთ, – გაიკვირვა ბარბომ, – უამრავ ადამიანს ჰყავს ორი ცხოველი. ზოგს სამი, ოთხიც. აი, მაგალითად, ფრედ უოშბორნს, რომელიც წყალმცენარეების დამამუშავებელ ფირმას ფლობს, სადაც ჩემი ძმა მუშაობს – ხუთი ჰყავს! არ წაგიკითხავთ სტატია გუშინდელ „ქრონიკაში“ მისი იხვის შესახებ? დასავლეთის სანაპიროზე ყველაზე დიდი და მძიმეწონიანი მოსკოვური ჯიშის იხვი ჰყავს.

კაცს თვალები გაუშტერდა და დროებით ტრანსში ჩავარდა.

რიკმა ქურთუკის ჯიბეები მოიჩხრიკა და დაჭმუჭნილი, კარგად შესწავლილი „სიდნეის ცხოველთა და ფრინველთა იანვრის კატალოგი“ დააძრო. სარჩევში კვიცები (ცხენის ნაშიერი სამ წლამდე) მოძებნა და მათ ეროვნულ ფასებს ჩახედა.

– პერშერონის კვიცს სიდნეიდან ხუთი ათას დოლარად ვიყიდი, – წარმოთქვა საკმაოდ ხმამაღლა.

– ვერ იყიდით, – განუცხადა ბარბომ, – ჩამონათვალს კარგად დააკვირდით, დახრილად წერია. რაც იმას ნიშნავს, რომ მარაგში აღარ ჰყავთ, მაგრამ რომ ჰყავდეთ, ეგ ფასი ექნებოდა.

– ხუთი ათას დოლარს თქვენ გადაგიხდით, – უთხრა რიკმა, – ათი თვის განმავლობაში. ზუსტად ისე, როგორც კატალოგშია.

– დეკარდ, ცხენებისა არაფერი გაგეგება, – უპასუხა ბარბომ და სახეზე სიბრალული დაეტყო, – არსებობს მიზეზი, რატომაც აღარ ჰყავთ პერშერონის კვიცები სიდნეიში. ამ ჯიშის კვიცები კატალოგის ფასებადაც არ იყიდება. ეს სახეობა უიშვიათესი და უნიკალურია, – მეზობელი საერთო ღობეზე გადაიხარა და ხელებით ლაპარაკს მოჰყვა. – ჯუდი სამი წელია მყავს და ჯერ მისი შესაფერისი ფაშატი პერშერონი არ შემხვედრია. მის საყიდლად კანადაში მომიწია ჩასვლა. იქიდან კი ჩემი ფეხით წამოვიყვანე, რომ არავის მოეპარა. ასეთი ცხოველით კოლორადოსა ან ვაიომინგში რომ აღმოჩნდე, მაშინვე უნაგირიდან ჩამოგაგდებენ და მოგტაცებენ. და იცით რატომ? ადრე, მესამე მსოფლიო ომამდე, არსებობდა ასობით…

– კი, მაგრამ, – შეაწყვეტინა რიკმა, – თქვენ ორი ცხენი გყავდეთ, მე კი – არც ერთი?! ეს ხომ მერსერიზმის ყველა ძირითად თეოლოგიურსა თუ მორალურ კანონს არღვევს?

– ჯანდაბა, ცხვარი ხომ გყავთ! შესაბამისად, უფლება გაქვთ, ცხოვრება გულმშვიდად განაგრძოთ. ამგვარად, თანაგრძნობის გავლით, ღირსების მწვერვალს მიაღწევთ! უდავოდ, მე რომ ორი ცხოველი მყოლოდა, თქვენ კი არც ერთი, ყველაფერს ვიღონებდი, მერსერთან უსიამოვნებისგან დამეხსენით. მაგრამ ამ შენობაში ყველა ოჯახს… მოდით, დავთვალოთ, თითქმის ორმოცდაათი გამოდის… თითო ოჯახი, ყოველ მესამე ბინაზე, როგორც მე გამოვთვალე… მოკლედ, ყველა ჩვენგანს ჰყავს საკუთარი, რაიმე სახის ცხოველი. გრეივსონს, აი, იქ, ქათამი ჰყავს, – ბარბომ ხელი ჩრდილოეთისკენ გაიშვირა, – ოუკსა და მის ცოლს – უზარმაზარი წითელი ძაღლი, ღამღამობით რომ ყეფს, – შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა, – მგონი, ედ სმიტს კატა თავის ბინაში ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს, თუმცა კატა თვალითაც არავის უნახავს. შეიძლება, უბრალოდ იგონებს.

რიკი თავის ცხვარს მიუახლოვდა, დაიხარა და ხელი მატყლში შეუცურა (რომელიც ნამდვილი იყო), თითებით იმას მიაგნო, რასაც ეძებდა: მექანიზმის დამალულ კონტროლის პანელს. პანელს თავსახური ბარბოს დასანახად მოხსნა და ფრთხილად მიმართა:

– ხედავთ? ახლა ხვდებით, რატომ მინდა ასე ძალიან თქვენი კვიცი?

– საბრალოვ, – პაუზის შემდეგ ამოღერღა ბარბომ, – სულ ასეთი იყო?

– არა, – მიუგო რიკმა.

პანელს თავსახური მოარგო, თავის ელექტრონულ ცხვარს გვერდით ამოუდგა, მეზობელს თვალი გაუსწორა და აუხსნა:

– ადრე ნამდვილი ცხვარი მყავდა. ჩემი მეუღლის მამამ გვაჩუქა ემიგრაციის წინ. გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ვეტერინართან წავიყვანე. იმ დილას თქვენც აქ იყავით, მიწაზე დაგდებული რომ ვიპოვე და ვერაფრით წამოვაყენე.

– ჰო, გამახსენდა, – თავი დაუქნია ბარბომ, – როგორც იქნა, ფეხზე დადგა, მაგრამ ორი წუთიც არ იყო გასული, ისევ წაიქცა.

– ცხვრებს უცნაური დაავადებები აქვთ, – განაგრძო რიკმა, – მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვის ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ. ფეხზე ვერ დგებიან და ვერაფრით გაარკვევ, რამდენად სერიოზულადაა საქმე. ვერ მიხვდები, უბრალოდ, ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული თუ ტეტანუსის ბრალია. ჩემი ცხვარი სწორედ ასე მოკვდა, ტეტანუსით.

– ტეტანუსით? აქ, სახურავზე?

– თივის ბრალია, – აუხსნა რიკმა, – ეტყობა, ერთხელ თივა კარგად არ გავასუფთავე, ყველა მავთული ვერ გამოვაცალე და გრაუჩოს – ასე ერქვა ცხვარს – სხეული გაეჩხაპნა. ასე შეეყარა ტეტანუსი. ვეტერინართან წავიყვანე და იქვე მოკვდა. ცოტა ხანს ვიფიქრე,. მერე იმ მაღაზიაში დავრეკე, რომელშიც ასეთ ხელოვნურ ცხოველებს ამზადებენ. გრაუჩოს ფოტო მივუტანე და ეს ამიწყვეს, – მან ხელი გაიშვირა ცხვრის შემცვლელისკენ, რომელიც ჯერ კიდევ იცოხნებოდა და შვრიას კვლავ ელოდა, – პრემიუმ კლასის ნამუშევარია. ისეთივე დროსა და ყურადღებას ვუთმობ, როგორც ნამდვილს. მაგრამ…

რიკმა მხრები აიჩეჩა.

– ნამდვილი არ არის, – დაასრულა ბარბომ მის ნაცვლად.

– თითქმის. ისეთივე ყურადღება და მოვლა სჭირდება, როგორც ცოცხალს. საკმაოდ მარტივად ზიანდებიან და თუ დროზე არ მიხედე, მეზობლებს ვეღარ გააცურებ. უკვე ექვსჯერ მყავდა შესაკეთებლად. ძირითადად პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ ვინმეს რომ შეემჩნია… ერთხელ, ხმის ფირი გაფუჭდა, ან უბრალოდ ჩაიხვია და გაუთავებლად ბღაოდა „ბეეეე“… მაშინვე მიხვდებოდი, რომ მექანიკური ცხოველია. კიდევ კარგი, შემკეთებელი კომპანიის მანქანას „ცხოველთა საავადმყოფო“ თუ რაღაც ეგეთი აწერია. მძღოლიც სულ თეთრებშია გამოწყობილი, კარგი ვეტერინარივით.

რიკს უცებ დრო გაახსენდა და საათზე დაიხედა.

– სამსახურში უნდა გავიქცე, – მიმართა ბარბოს, – საღამოს გნახავთ.

მანქანისკენ მიმავალს ბარბოს ხმა შემოესმა:

– შეგიძლია, მშვიდად იყო… არავის არაფერს ვეტყვი.

რიკი შეჩერდა. უეცარმა სასოწარკვეთამ, რომელიც დილით აირენმა ახსენა, ძველი მეგობარივით მხარზე დაჰკრა ხელი. შემდეგ, მეზობელს მიუბრუნდა:

– არ ვიცი, იქნებ აზრიც არა აქვს…

– როგორ არა, ზემოდან ყურებას დაგიწყებენ. რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი. მოგეხსენებათ, ხალხი ცხოველების მოვლაზე უარის თქმას როგორც უყურებს. თითქოს ამაზე დიდი ამორალური საქციელი არ არსებობდეს. თითქოს ასეთ ადამიანს არ გააჩნია სინდისი და თანაგრძნობის უნარი. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ეს შეხედულება ოდნავ მინელდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ გამქრალა.

– ღმერთო ჩემო! – ამოიგმინა რიკმა და ხელები გაშალა, – ძალიან მინდა ცხოველი მყავდეს. ვცდილობ, ერთი მაინც ვიყიდო, მაგრამ იმ ხელფასით, რომელსაც ქალაქის უბრალო თანამშრომელი იღებს…

„იქნებ, – გაიფიქრა მან, – სამსახურში ისევე გამიღიმოს ბედმა, როგორც ორი წლის წინ, როცა ერთ თვეში ოთხი ანდროიდი ჩამივარდა ხელში. ნეტავ, მაშინ მცოდნოდა, რომ გრაუჩო მოკვდებოდა… მაგრამ ეს ტეტანუსამდე იყო, იმ ხუთსანტიმეტრიან მავთულამდე, კანქვეშ რომ შეერჭო საინექციო ნემსივით“.

– შეგიძლიათ, კატა შეიძინოთ, – შესთავაზა ბარბომ, – იაფად იშოვით, „სიდნეის კატალოგს“ კარგად ჩახედეთ.

– სახლის ცხოველი არ მინდა, – თქვა რიკმა ხმადაბლა, – მინდა, ძველებურად დიდი ცხოველი მყავდეს. ცხვარი, ან თუ საკმარისი ფული ვიშოვე, ძროხა, მოზვერი, ან ცხენი, თქვენ როგორიც გყავთ.

„ხუთი ანდროიდის მწყობრიდან გამოყვანის საფასური საკმარისი იქნებოდა, – გაიფიქრა მან, – თითოში ათას დოლარს მომცემენ. ჩემს ხელფასზე გაცილებით მეტს. მერე, ვიღაცის დახმარებით იმას ვიყიდი, რაც მე მინდა. თუნდაც „სიდნეის ცხოველთა და ფრინველთა კატალოგში“ დახრილად იყოს აღნიშნული. ხუთი ათასი დოლარი… თუმცა ამისთვის ჯერ ხუთი ანდი ნებისმიერი კოლონიური პლანეტიდან დედამიწაზე უნდა აღმოჩნდეს. ამას ხომ მე ვერ ვაკონტროლებ? ხუთი მათგანის აქ შემოტყუება რომც მოვახერხო, ქვეყანაში პოლიციის სააგენტოებთან შეთანხმებული კიდევ ბევრი სხვა ანდროიდებზე მონადირეცაა . თან ეს ანდროიდები სპეციალურად ჩემთვის, ჩრდილოეთ კალიფორნიაში უნდა დასახლდნენ. ამ რაიონის უხუცესი თავებზე მონადირე დეივ ჰოლდენი კი ან უნდა მოკვდეს, ან პენსიაში გავიდეს“.

– ჭრიჭინა იყიდეთ, – გაეხუმრა ბარბო, – ან თაგვი. ოცდახუთ დოლარად კარგად ჩასუქებული თაგვის ყიდვა შეიძლება.

– შეიძლება, ერთ დღეს თქვენი ცხენიც მოკვდეს მოულოდნელად, – მიუგო რიკმა პირქუშად, – როგორც გრაუჩო მოკვდა. დღეს საღამოს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, შეიძლება წაქცეული დაგხვდეთ. ფეხები ზემოთ ჰქონდეს აფშეკილი, საცოდავი მწერივით. ჭრიჭინასავით, თქვენ რომ ახსენეთ…

რიკი სასწრაფოდ გაეცალა მეზობელს. ხელში მანქანის გასაღები ეჭირა.

– მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, – აღელვებით მიაძახა ბარბომ.

რიკ დეკარდმა თავისი მფრინავი მანქანის კარი უხმოდ გააღო. მეზობლისთვის სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, მხოლოდ სამუშაო დღეზე ფიქრობდა.

 

თავი მეორე

გიგანტური შენობა, რომელიც ოდესღაც ათასობით ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა, ახლა ნახევრად დანგრეული და სრულიად ცარიელი იდგა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ერთ ოთახში მდგარი ტელევიზორიდან მომავალი გაუთავებელი რეკლამების ხმა არღვევდა.

მესამე მსოფლიო ომამდე ეს მიყრუებული ტერიტორია საკმაოდ სუფთა და მოვლილ ადგილად ითვლებოდა. ეს გახლდათ სან-ფრანცისკოს გარეუბანი, რომლიდანაც ქალაქის ცენტრში მოხერხებული მონო-რელსით მარტივად და სწრაფად მოხვდებოდი. მთელ უბანს ჟივილ-ხივილი ქაჰქონდა, როგორც ჩიტებით სავსე ხეს; ყველას საკუთარი მოსაზრება და საჩივარი ჰქონდა. შემდეგ მოსახლეობის ნახევარი გაწყდა, დანარჩენები კი კოლონიებში გადასახლდნენ. მიუხედავად პენტაგონის იმედისმომცემი წინასწარმეტყველებისა, ომი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება აღმოჩნდა. ამას ვარაუდობდა პენტაგონთან არსებული თავდაჯერებული სამეცნიერო კორპუსი – „რანდ კორპორეიშენიც“, რომელიც თავის დროზე ამ ნანგრევებიდან არც ისე შორს მდებარეობდა. კორპორაციის წევრები, ამ საცხოვრებელი შენობის მოსახლეთა მსგავსად, თავის გადარჩენის მიზნით, დიდი ხნის წინ უკვალოდ გაქრნენ. თუმცა, ეს დანაკარგი არავის უგრძნია.

ამ ყველაფერს ემატებოდა ერთი საინტერესო ფაქტი: აღარავის ახსოვდა სინამდვილეში რატომ დაიწყო ომი, ან საბოლოოდ რომელმა მხარემ (თუკი ასეთი არსებობდა) გაიმარჯვა. მტვერი, რომელიც პლანეტის ზედაპირს ფარავდა, არც ერთ ქვეყანაში არ შეუქმნიათ. ომის პერიოდშიც კი მისი, როგორც საბრძოლო იარაღის, დამზადების იდეა თავში აზრადაც არავის მოსვლია. პირველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუები გაწყდნენ. თავიდან სახალისოც კი იყო, მსუქანი, ფუმფულა, თეთრი ფრინველები რომ ეყარა აქა-იქ, ეზოებსა და ქუჩებში. ცოცხლად დარჩენილი ბუები თვალში აღარავის მოხვედრია, რადგან ძველებური ჩვევის თანახმად, მათ მხოლოდ გამთენიის ბინდში უყვარდათ ფრენა (ამის მსგავსად, შუა საუკუნეებში, შავმა ჭირმა პირველად ვირთხებში იჩინა თავი). სამწუხაროდ, ეს ჭირი დედამიწაზე ზეციდან დაეშვა.

ბუების შემდეგ სხვა ფრინველებმაც იწყეს უეცრად სიკვდილი, მაგრამ იმ დროისთვის პრობლემის სიმძიმე უკვე შემჩნეული იყო. პატარ-პატარა კოლონიზაციის პროგრამები ომამდეც მოდაში იყო, მაგრამ როცა მზის სხივები დედამიწაზე თითქმის ვეღარ აღწევდა, კოლონიზაციის იდეამ ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ამის გამო ომის მთავარი იარაღი – „თავისუფლების სინთეტიკური მებრძოლი“ – სასწრაფოდ შეიცვალა და მოდიფიცირდა. ჰუმანოიდი რობოტების (უფრო ზუსტად კი, ორგანული ანდროიდის) ახალ მოდელებს უცხო პლანეტებზე აქტივობის ფუნქცია დაემატა და კოლონიზაციის პროგრამის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. „გაერთიანებული ერების“ კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ ემიგრანტს უფლება მიეცა, საკუთარი სურვილით აერჩია და ჰყოლოდა ნებისმიერი ქვეტიპის ანდროიდი. 1990 წლისთვის ქვეტიპების მრავალფეროვნებამ 60-იანი წლების ამერიკული ავტომობილების რაოდენობას გადააჭარბა.

ემიგრაციის მთავარ სტიმულადაც სწორედ ეს ორი რამ იქცა: ერთი მხრივ მსახური ანდროიდი, რომელიც ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებდა და მეორე მხრივ – რადიოაქტიური მტვერი, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გასცლოდა ყველა. „გაერთიანებულმა ერებმა“ ემიგრაცია საკმაოდ მარტივ და მოსახერხებელ პროცესად აქცია. რთული დარჩენა გახდა, თითქმის შეუძლებელიც. დედამიწაზე დიდხანს გაჩერება ნებისმიერს ავტომატურად „ბიოლოგიურად უსარგებლოთა კლასში“ აქცევდა, რომელიც ადამიანთა რასის სიწმინდეს უქმნიდა საფრთხეს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სპეციალად გამოაცხადებდნენ, სტერილიზაციის კურსის გავლის შემდეგაც კი წარსულის ნაწილი ხდებოდა და აღარავის აღელვებდა. ის, უბრალოდ, ადამიანთა მოდგმის ნაწილად ყოფნას უსვამდა წერტილს. ზოგიერთმა ემიგრაციაზე მაინც განაცხადა უარი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილების ირაციონალურობას. ნებისმიერი რეგულარისთვის ლოგიკურ მომავალს სწორედ ემიგრაცია წარმოადგენდა. ზოგიერთს დეფორმირებული დედამიწა ძველებურად მშობლიურ მიწად მიაჩნდა და მისი დატოვება უდიდეს ტკივილს უქადდა. ზოგიერთი იმედოვნებდა, რომ მტვრის სქელი მასა ნელ-ნელა დაილექებოდა და საბოლოოდ გაქრებოდა. ყოველ შემთხვევაში, დედამიწას ათასობით ინდივიდი შემორჩა და პატარა თანავარსკვლავედების მსგავსად, ერთმანეთთან ახლოს, ურბანულ მიდამოებში განაგრძეს ცხოვრება. თუმცა, ზოგიერთი საეჭვო პირი სრულიად განცალკევებით, აბსოლუტურად მიყრუებულ, მიტოვებულ ადგილებში ბუდობდა.

ჯონ ისიდორი, წვერის პარსვისას ტელევიზორის გაუთავებელი რეკლამების ხმა რომ სწვდებოდა, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ…

ამ ადგილს ომის შემდგომ დღეებში შემთხვევით წააწყდა. იმ ბნელ ხანაში დანამდვილებით არავინ იცოდა, რას ფიქრობდა სხვა. ომის გამო დანამცეცებული მოსახლეობა ერთი რეგიონიდან მეორეში უმისამართოდ ხეტიალობდა. მაშინდელი რადიოაქტიური მტვერი არაერთგვაროვანი და შედარებით სუსტი იყო. ზოგიერთ შტატში თითქმის არც აღინიშნებოდა; ზოგში კი ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ხალხი მტვრის მოძრაობის შესაბამისად იცვლიდა ადგილს. სამხრეთ სან-ფრანცისკოს ეს მიდამოები თავიდან სუფთა ადგილად ითვლებოდა, ამიტომაც უამრავმა უსახლკარომ სწორედ მას შეაფარა თავი; როცა მტვერმა აქამდეც მოაღწია, ლტოლვილთა უმრავლესობა დაიღუპა, დანარჩენები კი გადასახლდნენ. ჯ. რ. ისიდორი დარჩა.

ტელევიზორი ჩვეულ ხმაზე განაგრძობდა:

,, …ზუსტად შეინარჩუნოთ ომამდელი პერიოდის სული! ჰუმანოიდი რობოტები შექმნილია სპეციალურად თქვენთვის, თქვენი განსაკუთრებული გემოვნებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად! პლანეტაზე ჩამოსვლისთანავე სრულიად უსასყიდლოდ გადმოგეცემათ, იდეალურად გამართული ანდროიდი, ზუსტად ისეთი, როგორსაც დედამიწიდან შეუკვეთავთ…”

და ასე, გაუთავებლად.

„ნეტავ, სამსახურში ხომ არ მაგვიანდება?“, გაიფიქრა ჯონ ისიდორმა, მაგრამ პარსვა არ დაუჩქარებია. ისიდორს საათი არ ჰქონდა, მაგრამ, როგორც წესი, ზუსტ დროს ყოველთვის ტელევიზორიდან იგებდა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, „ინტერკოსმოსური ჰორიზონტების საერთაშორისო დღე“ ყოფილა. ტელევიზორი დილიდან ამტკიცებდა, რომ ეს ახალი ამერიკის შეერთებული შტატების მარსზე დაფუძნებდან მეხუთე (თუ მეექვსე?) წლისთავი იყო. თანაც, ნახევრად გაფუჭებული ტელევიზორი მხოლოდ ომის დროინდელ არხებს იჭერდა, რომლებიც მაშინ საქვეყნოდ იყო ცნობილი და ახლა ისიდორს კოლონიზაციის პროგრამის ერთადერთი სპონსორის – ვაშინგტონის მთავრობის – რეკლამების სმენა უწევდა.

– მოდით, ახლა მისის მეგი კლეგმანს მოვუსმინოთ, – შესთავაზა წამყვანმა ჯონს, რომელსაც მხოლოდ საათიაინტერესებდა, – მარსზე ახლად ემიგრირებულმა მისის კლეგმენმა ეს ინტერვიუ ნიუ-იორკში ცხოვრებისას ჩაწერა. ვნახოთ, რა აქვს სათქმელი… მისის კლეგმან, როგორ შეადარებდით დაბინძურებულ დედამიწაზე ყოფნას ამ ახალთახალ, ყველაფრით მოწყობილ საცხოვრებელს?

პაუზა. ცოტა ხანში შუახნის ქალის მშრალმა, დაღლილმა ხმამ უპასუხა:

– მგონი, პირველი, რაც მე და ჩემმა სამსულიანმა ოჯახმა ამ პლანეტაზე აღმოვაჩინეთ, ნამდვილი ღირსებაა.

– ღირსება, მისის კლეგმან? – ყალბად გაიკვირვა წამყვანმა.

– დიახ, – უპასუხა ქალმა, მარსზე გაშენებული ახალი ნიუ-იორკიდან – რთული ასახსნელია. ამ რთულ პერიოდში მსახურის ყოლა დიდი შვებაა… მომავლის იმედს არ ვკარგავ.

– მისის კლეგმან, გქონდათ თუ არა დედამიწაზე იმის შიში, – წამყვანმა ჩაახველა, – რომ სპეციალების კლასში აღმოჩნდებოდით?

– დიახ, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვაშინებდა ეს, მაგრამ ემიგრაცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს შიში სამუდამოდ გამქრალიყო… ბედნიერი ვარ.

ჯონ ისიდორმა თავისთვის ცივად გაიფიქრა, ეგ შიში მეც გამიქრა, მაგრამ ამისთვის ემიგრაცია არ დამჭირვებიაო. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალად აღიარეს. ამის მიზეზი მხოლოდ მის ორგანიზმში მომხდარი გენეტიკური ცვლილებები არ ყოფილა – გონებრივი უნარების ტესტის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. მართალია, ამის გამო სპეციალურ კლასში არ გაუნაწილებიათ, უბრალოდ სულელს ეძახდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც გადარჩა. სამსახურიც იშოვა, ელექტრონული ცხოველების შემკეთებელი ფირმის – „ვან ნეს პეტ ჰოსპიტალის“ – მანქანას ატარებდა, რომლის უფროსი – ჰანიბალ სლოატი – ჩვეულებრივ ადამიანად აღიარებდა და ისიდორი ამას დიდად აფასებდა. თვითონ სლოატი ძველი ყაიდის, ერთობ პირქუში კაცი იყო. ` MORS CERTA, HORA INCERTA!” („ყველაზე განსაზღვრული რამ ცხოვრებაში სიკვდილია, ხოლო ყველაზე განუსაზღვრელი – მისი დადგომის საათი“ ლათ.) ხშირად ამბობდა მისტერ სლოატი. ისიდორს ეს გამოთქმა ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ მისი მნიშვნელობა ბოლომდე მაინც ვერ გაეგო. თუკი სულელს ლათინურისა რამე მაინც გაეგება, რანაირი სულელი გამოდის?! ამ აზრის ჭეშმარიტებას მისტერ სლოატიც იზიარებდა. დედამიწაზე ისიდორზე სულელიც ბევრი იყო. ისეთები, რომლებმაც სამსახური ვერ იშოვეს და საპატიმრო დაწესებულებებში, სახელად – „ამერიკის სპეციალური უნარების ინსტიტუტი“ – იყვნენ განაწილებულები. სიტყვა `სპეციალური~ როგორც წესი და რიგი, ყველგან უნდა გამოეჩხირათ.

– მისის კლეგმან, – არ ცხრებოდა ტელეწამყვანი, – თქვენს ქმარს ტყვიისაგან დამზადებული ძვირადღირებული და მოუხერხებელი დამცავის ყოველდღიურად ტარება სიამოვნებდა?

– ჩემი ქმარი… – წამოიწყო ქალმა, მაგრამ ამ დროისთვის ისიდორმა ბოლოს და ბოლოს წვერის პარსვა მოათავა, სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი გამორთო.

სიჩუმე. ყველაფერი ერთიანად დადუმდა: ავეჯი და კედლები, დამსხვრეული და ნახევრად დამსხვრეული სამზარეულოს მოწყობილობები; მანქანები, რომლებსაც ერთ დღესაც კი არ უმუშავიათ მას მერე, რაც ისიდორი ამ ბინაში ცხოვრობდა. დუმილი საშინელი სიმძიმით დააწვა ოთახს, თითქოს სპეციალურმა მექანიზმმა აამოქმედაო. კუთხეში მდგარი მაღალი სანათურებიდან ამოხეთქილი სიცარიელე ბუზებით დაფარულ ჭერს მიასკდა. დუმდა ყველა ნივთი, რომელსაც ისიდორის თვალი სწვდებოდა. უეცრად ყველაფერი საზარლად რეალური და ხელშესახები გახდა. შემდეგ, სიჩუმე, ახლად ჩამქრალი ტელევიზორის ყუთიდან გადმოვიდა, ყურებიდან თვალებსაც მისწვდა; მხოლოდ გასაგები კი არა, ხილულიც გახდა. ცოცხალი იყო… ცოცხალი! სიცარიელის ასეთი საზარელი შემოტევა ადრეც უგრძნია. მას მოცდა არ სურდა, დროს არ კარგავდა, პირდაპირ შეტევაზე გადმოდიოდა. მთელ სამყაროში გამეფებული, თავის გაუმაძღრობას აღარც მალავდა, რადგან სიჩუმემ სამყაროზე გამარჯვება დიდი ხნის წინათ იზეიმა.

ისიდორს აინტერესებდა, ამ სიცარიელეს დედამიწაზე დარჩენილი სხვა ადამიანებიც ასე მძაფრად განიცდიდნენ თუ ეს მისი განსაკუთრებული ბიოლოგიური აგებულებით იყო გამოწვეული. მისი ზედმეტად მგრძნობიარე სენსორული აპარატით.

„საინტერესო კითხვაა“, ფიქრობდა ისიდორი. მაგრამ თავს ვის შეადარებდა? იგი მარტო ცხოვრობდა ამ დანგრეულ, ათასობით დაუსახლებელბინიან ბრმა შენობაში, რომლის სტრუქტურაც დღითი დღე უარესდებოდა, იშლებოდა და ერთიანი, უზარმაზარი ნანგრევის ნაწილად იქცეოდა. ნელ-ნელა შენობის ყველა ნაწილი ერთმანეთში აიზილებოდა და უფორმო პუდინგის მსგავს მასას დაემგვანებოდა. ამის შემდეგ კი შენობა, რომელსაც აღარასოდეს არავინ მიხედავდა, საბოლოოდ დაკარგავდა მთლიანობას და დაიმარხებოდა ერთიანი, ყოვლისმომცველი მტვრის ქვეშ. თუმცა, იმ დროისთვის ისიდორიც მკვდარი იქნებოდა – კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომლის მოლოდინსაც უცნაურ აღტაცებაში მოჰყავდა სასტუმრო ოთახში მდგარი ისიდორი.

გარს კვლავაც უჰაერო, ყველგან გაბატონებული კოსმოსური დუმილი ერტყა.

„იქნებ, სჯობს, ტელევიზორი ჩავრთო?“ მაგრამ დედამიწაზე დარჩენილი რეგულარებისთვის გადაღებული რეკლამების მოსმენის პერსპექტივამ ვერ მოხიბლა. ეს რეკლამები ათასი სხვადასხვა გზით ახსენებდნენ მას, სპეციალს, რომ უსარგებლო იყო და რომც მოენდომებინა, ემიგრაციით თავს ვეღარ უშველიდა.

– რატომ უნდა ვუსმინო ამას?!– ჰკითხა თავის თავს გაღიზიანებულმა, – ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ემიგრანტსა და კოლონიზაციას! იმედი მაქვს, იქაც ომს დაიწყებენ (გამორიცხული არაფერია) და ისეთივე ბედი ეწევათ, როგორიც აქ, დედამიწაზე. იმედია, ყველა ემიგრანტი სპეციალად იქცევა!

– ახლა კი სამსახურში წასვლის დროა, – თქვა ბოლოს და კარის სახელურს წაავლო ხელი. კარი ბნელ ჰოლში გადიოდა. ისიდორმა თვალები მოჭუტა და დარწმუნდა, შენობა ძველებურად უკაცრიელი იყო. ჰოლში მას ის საშინელი ძალა ელოდა, რომელიც ახლა მის ბინაში ლამობდა შემოჭრას.

„ღმერთო მიშველე“, გაიფიქრა მან და კარი სასწრაფოდ დახურა. სახურავზე ასასვლელად ჯერ არ იყო მზად, იქ არც ერთი ცხოველი ელოდა. წინასწარ მოესმა ხმაურიან, მორყეულ კიბეზე ასვლის ხმა: არაფრის ექო…

– დროა, სახელურებს მოვკიდო ხელი, – უთხრა თავის თავს, სასტუმრო ოთახი გადაჭრა და ემპათიის შავ ყუთთან შეჩერდა.

ჩართო თუ არა, ისიდორს მაშინვე ენერგომკვებავიდან ამოვარდნილი ოზონის სასიამოვნო სურნელი ეცა. ხარბად დაეწაფა და იგრძნო, სიმშვიდე როგორ დაეუფლა. ელექტრო-სხივური მილი ტელევიზორივით აინთო, ზედ უცნაური კოლაჟი გამოჩნდა, შემთხვევითი ფერებით, ხაზებითა და ზოლებით აციმციმდა. ისინი არაფერ მნიშვნელოვანს არ გამოხატავდნენ. ისიდორმა ღრმად ჩაისუნთქა და სახელურებს შეეხო.

გამოსახულება შეიკრა და მის თვალწინ ნაცნობი პეიზაჟი გადაიშალა, ძველი, ყავისფერი აღმართი, აქა-იქ გამხმარი, ჩონჩხივით გამოშვერილი სარეველა ბალახით; რუხი, უმზეო ცის ფონზე უცნაური ფიგურა, ადამიანს რომ ჰგავდა, აღმართს დუნედ მიუყვებოდა. მოხუცი კაცი, გახუნებული, უფორმო, ისეთი ძველი მოსასხამით, იფიქრებდით, პირქუში ცის ნაგლეჯიაო. ბერიკაცი, უილბერ მერსერი, წინ მიიწევდა და სახელურებზე ჩაფრენილმა ჯონ ისიდორმა იგრძნო, როგორ მოეშვა მთელი სხეული. ავეჯმა და კედლებმა ნელ-ნელა ძალა დაკარგეს და საბოლოოდ გაუჩინარდნენ. ისიდორს ნაცნობი გრძნობა დაეუფლა. ახლა მისთვის მხოლოდ ეს გახუნებული გორაკი და ცა არსებობდა. ცოტა ხანში კაციც სადღაც გაქრა და მის ნაცვლად მხოლოდ თავისი ფეხის ხმა ესმოდა, ხრიოკ მიწაზე, გამხმარ სარეველებზე რომ აბიჯებდა. ფეხქვეშ ქვების ნაცნობი სიმაგრე იგრძნო. თავს ზემოთ კი ნისლიანი ცა – ნამდვილი ცა და არა ის უცხო, ამოუცნობი მასა, დედამიწას რომ აკრავდა გარს. ეს ცაც ყალბი და შორეული იყო, მაგრამ ემპათიის ყუთის წყალობით ისიდორს ეს ნაკლებად ადარდებდა.

გზას აგრძელებდა. უილბერ მერსერის გასაოცარი შერწყმის წყალობით, რომელიც გონებისა და სულის საოცარ სინთეზს წარმოადგენდა, დედამიწასა თუ სადმე კოლონიაში, ნებისმიერი, ვისაც ახლა ხელი ასეთ სახელურებზე ჰქონდა ჩაჭიდებული, იმავეს განიცდიდა, ხედავდა და გრძნობდა. ისიდორმა მათი არსებობა იგრძნო, გონებაში მათი ფიქრები მოესმა, მათი არსებობის ხმა. მათ – ისევე, როგორც ისიდორს – ერთადერთი რამ აღელვებდათ; მათი გონება მხოლოდ ამ აღმართით იყო მოცული, მთის წვერზე ასვლის აუცილებლობით; ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ისე ნელა, რომ მთის დაპყრობა წარმოუდგენელიც კი ჩანდა. თუმცა, გორაკი აქ იყო. „უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე, – გაიფიქრა ისიდორმა და ფეხქვეშ ქვები დაუცურდა, – დღეს მთა გუშინდელზე გაცილებით მაღალია“. უილბერ მერსერის ფიგურამ ზემოთ აიხედა. მთის წვერს თვალი ვერ მიატანა. მაინც ავიდოდა!

უეცრად, ხმაურით ჩამოგორებული ლოდი მხარში მოხვდა. ეტკინა. ოდნავ შემობრუნდა და მეორე ლოდმა გვერდით ჩაუქროლა, სულ ცოტათი ასცდა, მიწაზე დაეხეთქა და ამ ხმამ ისიდორი შეაშფოთა. „ვინ არის ზემოთ?“ გაიფიქრა და მწვალებლის დანახვა სცადა. როგორც ჩანს, ძველმა მოწინააღმდეგეებმა თავი შეახსენეს, მაგრამ ვერც ერთი გაარჩია. „იმან… ან იმათ… უკვე მიაღწიეს მწვერვალს“…

ისიდორს მწვერვალი მოაგონდა. უეცარი ვაკე, რომელიც გაუთავებელი აღმართის შემდეგ თვალს გჭრიდა. ნეტავ, რამდენჯერ ასულა? რამდენიმე შემთხვევა აღარც კი ახსოვდა. ისიდორს წარსული დაავიწყდა. ყველაფერი განცდილი და მომავალში განსაცდელი ერთმანეთში აერია, მისთვის აღარაფერი არსებობდა ამ წუთის გარდა, როცა აქ იდგა და ზემოთ ასვლას ცდილობდა… ხელი ნაიარევზე მოისვა. „ღმერთო“, გაიფიქრა დაღლილმა. „ნუთუ ეს სამართლიანია? ვიდგე აქ და ვიღაც ასე სასტიკად მსჯიდეს? ვიღაც, რომლის სახესაც კი ვერ ვხედავ?“თუმცა, სხვების არსებობამ ტკივილი დაუამა.

„ეს თქვენც იგრძენით“, გაიფიქრა მან. „დიახ“, უპასუხეს ხმებმა. „მარცხენა ხელში მოგვხვდა. საშინლად გვტკივა“. „კარგი“, თქვა მან. „სჯობს, ზემოთ ასვლა განვაგრძოთ“. ისიდორი ასე მოიქცა და იმწამს დანარჩენებიც აყვნენ.

კარგად ახსოვდა, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, სანამ ეს წყევლა მოვიდოდა, უფრო ძველი, ვიდრე თავად ცხოვრება. მისმა დედობილ-მამობილმა, ფრენკ და კორა მერსერებმა, მფრინავი გასაბერი რეზინის აირ-მაშველის ტივზე იპოვეს, ახალი ინგლისის სანაპიროზე… თუ მექსიკაში, პამპიკოს პორტის მახლობლად? მოვლენები კარგად აღარ ახსოვდა. მშვენიერი ბავშვობა გაატარა. მთელი ცხოვრება შეყვარებული იყო, ძირითადად – ცხოველებზე. ახსოვდა, ერთი პერიოდი მკვდარი ცხოველების გაცოცხლებაც კი შეეძლო. სადაც უნდა ყოფილიყო, დედამიწასა თუ კოლონიებში, გამუდმებით კურდღლებთან და მწერებთან ერთად ცხოვრობდა; ახლა ესეც დავიწყებოდა. თუმცა, მკვლელები კარგად ახსოვდა; სწორედ მათ დააკავეს, როგორც გიჟი, სხვა სპეციალებზე უფრო დიდი სპეციალი. მერე ყველაფერი შეიცვალა.

ადგილობრივი კანონის მიხედვით, დროის დაბრუნება და მკვდრების გაცოცხლება სასტიკად იკრძალებოდა. ეს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე კარგად აუხსნეს. ერთი წლის განმავლობაში, ყველასგან ფარულად, მაინც ასე იქცეოდა. ჯერ კიდევ არსებულ ტყეებში დაძვრებოდა, სანამ მოხუცმა ქალმა, რომელიც მანამდე თვალითაც არ ენახა, გასცა. მკვლელებმა ისიდორის მშობლების ნებართვის გარეშე, რადიოაქტიური კობალტით ტვინის განსაკუთრებული კვანძები დაუზიანეს. ამის შემდეგ სრულიდან ახალ სამყაროში აღმოჩნდა; სამყაროში, რომელზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა – ეს იყო გვამებისა და ჩონჩხების სამყარო, იქიდან თავის დასაღწევად წლები დასჭირდა. ამასობაში მისი საყვარელი ცხოველები, ვირები და ბაყაყები, სამუდამოდ გაქრნენ. მხოლოდ უფორმო ნაწილები შემორჩა: უთვალო სახე, მომძვრალი კიდური… ბოლოს ჩიტმა, რომელიც იქ სიკვდილის წინ შეფრინდა, გაუმხილა, სადაც იმყოფებოდა… სარკოფაგების სამყაროში იყო გამოკეტილი და იქაურობას მანამდე ვერ დააღწევდა თავს, სანამ მის ირგვლივ მიმოფანტული მკვდარი ძვლები არ გაცოცხლდებოდა და ძველებურ ფორმას აღიდგენდა. თავად ისიდორიც ამ ერთიანი მეტაბოლიზმის ნაწილი გამხდარიყო და ამის გარეშე ვერ გადარჩებოდა.

ახლა აღარ ახსოვდა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ციკლი. თითქმის არაფერი ხდებოდა, ამიტომაც დროის გამოთვლა შეუძლებელი იყო. საბოლოოდ ძვლებმა ხორცი შეისხეს, თვალის ბუდეები ამოივსო; ძველ ფორმას დაბრუნებული ნისკარტები წკაპუნებდნენ, პირები ყეფდნენ და ყიოდნენ. შეიძლება ეს ისიდორის დამსახურებაც იყო. შეიძლება ექსტრასენსორული კვანძები მის ტვინში საბოლოოდ აღდგა. ანდაც მას არაფერი გაუკეთებია და ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილი იყო. ისიდორი სხვებთან ერთად ზემოთ აგრძელებდა სვლას. მართალია მათი დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ისიდორი გრძნობდა, რომ ისინი აქ იყვნენ, გვერდში მიჰყვებოდნენ.

იდგა ისიდორი, სახელურებზე ხელები ჩაეკიდებინა და ყველა ცოცხალ არსებას საკუთარ თავში გრძნობდა… შემდეგ კი ხელი მოადუნა და სახელურს ნელა გაუშვა. როგორც ყოველთვის, ემპათიის ყუთი როცა იქნებოდა, უნდა გამოერთო. თანაც, მხარი სტკიოდა, სადაც ლოდი მოხვდა.

ხელებით ნაიარევი მოისინჯა, შემდეგ კი არეული ნაბიჯით საკუთარი ბინის სააბაზანოსკენ წავიდა, რათა ჭრილობა მოებანა. მერსერთან შეერთებისას ეს პირველად არ მოსვლია და ალბათ, არც უკანასკნელად. ზოგიერთი კვდებოდა კიდეც, განსაკუთრებით – მოხუცები. მთის მწვერვალზე თავდაუზოგავი ბრძოლა იწყებოდა. „ნეტავ, კიდევ ერთხელ თუ გადავურჩები ამ ყველაფერს“, გაიფიქრა მან, სანამ ჭრილობას ირეცხავდა. „ტკივილისგან შეიძლება გული გამიჩერდეს. უკეთესი იქნებოდა, ქალაქის ისეთ ნაწილში ვცხოვრობდე, სადაც ექიმები ელექტროშოკებით აღჭურვილები გიდგანან გვერდით. აქ, ამ უკაცრიელ ადგილას, ზედმეტად სარისკოა“. მაგრამ კარგად იცოდა, რომ კიდევ გარისკავდა. ხშირად გაურისკავს. ყველა ასე იქცეოდა, მოხუცებიც კი, რომლებიც ფიზიკურად დაუცველები იყვნენ.

„კლინექსის“ ხელსახოცით დაზიანებული მხარი შეიმშრალა.

შორიდან ტელევიზორის მოგუდული ხმა მოესმა.

„შენობაში ვიღაც არის, – გაიფიქრა მან და საკუთარ თავს არ დაუჯერა, – ჩემი ტელევიზორის ხმა ვერ იქნება, გამორთული მაქვს. თანაც, იატაკი ზრიალებს. ხმა ქვემოდან მოდის, ქვემოთა სართულიდან! მარტო აღარ ვარ, – დაასკვნა მან, – შენობაში კიდევ ერთი მცხოვრებია, თანაც ჩემთან საკმაოდ ახლოს, მისი ხმა მესმის. მეორე სართულზე იქნება, ან მესამეზე, უფრო ქვემოთ არა. მოდი, გავიცნობ! მოიცა, როგორ უნდა მოიქცე, თუ ახალი მეზობელი გყავს? კარზე უნდა დაუკაკუნო და რაიმე სთხოვო? ასე იქცევიან?“

აღარ ახსოვდა. აქამდე ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩენილა, არც აქ, არც სხვაგან: ხალხი გარბოდა, ემიგრაციაში მიდიოდა, მაგრამ მეზობლად არავინ გადმოსულა. „რაღაც უნდა მივუტანო, – გადაწყვიტა ბოლოს, – ერთი ჭიქა წყალი, ანდაც რძე… ჰო, რძე, ან ფქვილი, ან კვერცხი – ან ამ ყველაფრის ხელოვნური შემცვლელი“.

მაცივარში შეიხედა – კომპრესორი დიდი ხანია აღარ მუშაობდა – და ძველისძველი მარგარინის ნაჭერი აღმოაჩინა. მარგარინით ხელში, აჩქარებული გულისცემით ქვედა სართულისკენ გაეშურა. „უნდა დავმშვიდდე. ვერ უნდა მიხვდეს, რომ სულელი ვარ. თუ მიხვდება, ჩემთან ლაპარაკს აღარ მოისურვებს. სულ ასე ხდება. ნეტავი, რატომ?“

ისიდორი ჰოლში სწრაფად მიაბიჯებდა.

 


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მარიამ კორინთელი, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?, ფანტასტიკა, ფილიპ დიკი, Do Androids Dream of Electric Sheep, Philip K. Dick

ჯერ კიდევ ელისი

$
0
0

ლიზა ჯენოვა

ჯერ კიდევ ელისი

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

 

მთარგმნელი – ანა გიგუაშვილი

რედაქტორები – მარიამ კორინთელი, სალომე ბენიძე

დიზაინი – მაია ხუტიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

სექტემბერი, 2003 წელი

ელისი საძინებელში, თავის მაგიდასთან იჯდა. პირველ სართულზე, ოთახიდან ოთახში აჩქარებით მოსიარულე ჯონის ფეხის ხმა და ბრახაბრუხი ყურადღებას უფანტავდა. ელისს გაფრენამდე უნდა დაემთავრებინა კოგნიტური ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვა, მას კი ერთი და იგივე წინადადება უკვე სამჯერ ჰქონდა წაკითხული და აზრის გამოტანა ვერ მოეხერხებინა. მაღვიძარა რვის ნახევარს უჩვენებდა. პირველ სართულზე თანდათან გაძლიერებულმა ხმაურმა ელისი მიახვედრა, რომ ჯონი სახლიდან, რაც შეიძლება, სწრაფად გასვლას ცდილობდა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, რაღაც დაკარგა და ვერაფრით პოულობდა. ელისმა კალმის ბოლო ტუჩებთან მიიტანა და მაჯის საათს დახედა. წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.

– ელი?

კალამი მაგიდაზე დადო, ღრმად ამოისუნთქა და კიბეზე დაეშვა. ჯონი ტახტის წინ დაჩოქილი დახვდა, ბალიშების ქვეშ ხელს აფათურებდა, ჩანდა, რაღაცას ეძებდა.

– გასაღები?

– სათვალე. გეხვეწები, ახლა არ დამიწყო, მაგვიანდება.

ელისმა თვალი მის გაბრაზებულ მზერას გააყოლა, ბუხრის თავისკენ, სადაც ანტიკვარული, მუდამ ზუსტად მომართული საათი რვას უჩვენებდა. საათებმა მათ სახლში იშვიათად უწყოდნენ ნამდვილი დრო. ელისი უკვე იმდენჯერ მოტყუვდა, რომ მხოლოდ თავის „ბლექბერის“ ენდობოდა. საათების აჯანყების დასტურად, მიკროტალღური ღუმლის საათი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ჯერ მხოლოდ დილის შვიდი იყო.

სათვალე იქ იყო – არც რამის ქვეშ, არც რამის უკან, არც თვალს მოფარებული; იდო თავისთვის, სამზარეულოს გრანიტის გლუვ, მოწესრიგებულ ზედაპირზე, გაუხსნელი წერილების გროვით სავსე, სოკოს ფორმის მინის ლარნაკის გვერდით. როგორ შეიძლებოდა, უჭკვიანეს ჯონს, მეცნიერს, ასეთი აშკარა რამ მხედველობიდან გამორჩენოდა?!

რა თქმა უნდა, ხანდახან მისი ნივთებიც იკარგებოდნენ მიუვალ, პატარა კუნჭულებში, მაგრამ მათი ძებნით არც არასდროს არავინ შეუწუხებია და არც დახმარება უთხოვია. ჯონმა არც იცოდა, რომ გუშინ მისმა ცოლმა მთელი დილა „ბლექბერის“ დამტენის ძებნაში გაატარა, ჯერ სახლში და შემდეგ – ოფისში. ბოლოს დანებდა და ახალი დამტენი იყიდა, თურმე, მხოლოდ იმისთვის, რომ იმავე საღამოს, მოგვიანებით, ძველი დამტენი აღმოეჩინა, ჩვეულ ადგილას, საწოლის გვერდით შეერთებული. ალბათ, ორივეს ნაცვლად ყოველდღიურობაზე ფიქრმა და საშინლად გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოფიტა ასე. ან, სულაც, ასაკის მატებამ.

ჯონი სამზარეულოს კარში იდგა, მაგრამ ელისს არ უყურებდა – ცოლის ხელში ჩაბღუჯულ სათვალეზე გაშტერებოდა მზერა.

– შემდეგში, როცა რამის მოძებნა დაგჭირდება, ეცადე წარმოიდგინო, ვითომ ქალი ხარ, – ღიმილით უთხრა ელისმა.

– კარგი,შენს მაისურს ჩავიცვამ ხოლმე. ელი, გთხოვ, მართლა დამაგვიანდა!

– არადა, მიკროტალღურმა ღუმელმა, ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვსო, – თქვა ელისმა და სათვალე მიაწოდა.

– გმადლობ.

ესტაფეტის მორბენალი რომ გამოართმევს ხოლმე ნიშანს და გაიქცევა, ისე ჩაბღუჯა სათვალე ჯონმა და შემოსასვლელისკენ გაიქცა.

– შაბათს, რომ ჩამოვალ, სახლში დამხვდები? – შეკითხვა დააწია ელისმა, თან თვითონაც გაჰყვა შემოსასვლელისკენ.

– არ ვიცი, შაბათს ლაბორატორიაში ძალიან დაკავებული ვარ, – ამ სიტყვებთან ერთად ჯონმა ჩანთა, მობილური და გასაღები აიღო, – მშვიდობიან ფრენას გისურვებ, ლიდიას ჩაეხუტე, აკოცე და ეცადე, არ იჩხუბოთ.

ელისმა შემოსასვლელის სარკეში არეკლილ თავიანთ გამოსახულებებს შეავლო თვალი – მაღალი, გამორჩეული გარეგნობის, სათვალიანი მამაკაცი, რომელსაც მუქ თმაში ჭაღარა შეპარვოდა და კოხტა, ხვეულთმიანი ქალი, რომელსაც გულზე ხელები დაეკრიფა – სარკეშიც კი ჩანდა, რომ წყვილი მუდამ მზად იყო, თავით გადაშვებულიყო ერთსა და იმავე, მომაბეზრებელ, უსაგნო კამათში.

– დიდი ხანია, ერთმანეთი ნორმალურად არ გვინახავს. გეხვეწები, ეცადე სახლში დამხვდე, – სთხოვა ელისმა.

– ყველანაირად ვეცდები, – მიუგო ჯონმა და აკოცა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული ჰქონდა, წასულიყო, საკოცნელად მაინც შეყოვნდა და სცადა, ეს თითქმის შეუმჩნეველი და ჩვევადქცეული წამი გაეხანგრძლივებინა. ელისს რომ იგი უკეთ არ სცნობოდა, შეიძლება, ეს კოცნა რომანტიკულ საბურველში გაეხვია. შეიძლება, იმედიანად მდგარიყო კარში და ეფიქრა, რომ ჯონმა ამ კოცნით უთხრა, თუ როგორ უყვარს და მოენატრება, მაგრამ ელისი ქმარს კარგად იცნობდა. ახლაც, გახედა ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ კაცს და იგრძნო, რომ მისი კოცნა სხვა არაფერი იყო, თუ არა ბოდიში – ჯონი წინასწარ ითხოვდა პატიებას იმისთვის, რომ შაბათ საღამოს შინ არ დახვდებოდა.

დილაობით ერთად მისეირნობდნენ ხოლმე ჰარვარდის ეზომდე – ერთად მუშაობდნენ, თანაც – სახლთან საკმაოდ ახლოს და სამსახურისკენ გზასაც ერთად გადიოდნენ. მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან ელისს ყველაზე მეტად დილის ეს რიტუალი უყვარდა – აუცილებლად ჩერდებოდნენ „ჯერისთან“ – უკვეთავდნენ შავ ყავას ჯონისთვის, ლიმონიან ჩაის, სეზონურად – ცივს ან ცხელს – ელისისთვის, და ასე მისეირნობდნენ ჰარვარდისკენ. გზა შეუმჩნევლად ილეოდა თავიანთ კვლევებსა და ლექციებზე, ფაკულტეტების პრობლემებზე, შვილებზე, ან სულაც საღამოს გეგმებზე ლაპარაკში. ხელჩაკიდებულებიც კი დადიოდნენ, სანამ ჯერ კიდევ ახალდაქორწინებულები იყვნენ. ელისი ტკბებოდა დილის სეირნობების ინტიმურობითა და უშფოთველობით, ვიდრე რუტინამ, სამსახურის პრობლემებმა და პროფესიულმა ამბიციებმა ორივე არ გამოფიტა და გადაღალა.

ბოლო ხანებში ისეც ხდებოდა, რომ ცალ-ცალკე უხდებოდათ ჰარვარდამდე მისვლა. ელისმა მთელი ზაფხული ჩემოდნებზე გაატარა, ესწრებოდა ფსიქოლოგიის კონფერენციებს რომში, ახალ ორლეანში, მაიამიში; მონაწილეობა მიიღო საგამოცდო კომიტეტის სხდომაში, პრინსტონში, თეზისის დაცვაში. მანამდე, გაზაფხულზე, ჯონის საკვლევმა უჯრედებმა გაძლიერებული ყურადღება მოითხოვა და ის ყოველ დილით ჩვეულებრივზე თითქმის ერთი საათით ადრე გადიოდა სახლიდან. შეეძლო, უჯრედებზე დაკვირვება სტუდენტებისთვისაც დაევალებინა, მაგრამ ჯონი მათ არ ენდობოდა და თავად ცხადდებოდა ლაბორატორიაში. ელისს უკვე დაავიწყდა, გაზაფხულამდე რა უშლიდათ ხელს ერთად სიარულში , თუმცა, ის ახსოვდა, რომ ყოველ ჯერზე ეს მიზეზები ძალიან მნიშვნელოვნად და თან წარმავალად ეჩვენებოდა.

ელისი ყურადღებაგაფანტული დაუბრუნდა თავის სამუშო მაგიდას. კონცენტრაცია უჭირდა – ჯონთან გამომშვიდობებისას არშემდგარი ჩხუბის გამო, უმცროსი შვილის, ლიდიას გამო. ნუთუ ასე ძნელი იყო, ქმარი ერთხელ მაინც დამდგარიყო მის გვერდით? მოკვდებოდა, მისი მხარე რომ დაეჭირა? ძალიან ბრაზობდა ჯონზე – ელისი ყოველთვის გადამეტებულ ყურადღებას უთმობდა ნაშრომებს, იმ დილით კი ეს არ გამოუვიდა და საქმეს სწორედ იმდენი დრო დაუთმო, რამდენიც საჭირო იყო. თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო: კომენტარები – დართული, რეკომენდაციები – დაწერილი, მაგრამ ელისს უკმარისობის გრძნობა არ ტოვებდა. დანაშაულის განცდით შეპყრობილმა დალუქა ნაშრომიანი კონვერტი – ფიქრობდა, რომ კვლევის ინტერპრეტაციის შეფასებისას რაღაც მნიშვნელოვანი გამოეპარა. ამას ჯონს აბრალებდა – ელისის პროფესიულ თავდადებასა და პატიოსნებას სწორედ ქმართან უსაგნო კამათის გამო შეუდგა წყალი.

ელისმა ხელახლა ჩაალაგა წინა მოგზაურობიდან ჯერ კიდევ ბოლომდე ამოულაგებელი ჩემოდანი, იმ იმედით, რომ შემდეგ თვეებში ამდენი მგზავრობა აღარ მოუწევდა. კალენდარში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ლექციებიღა ჰქონდა მონიშნული. მეორე დღეს მიწვეული მომხსენებელი უნდა ყოფილიყო სტენფორდის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგიის შემოდგომის კოლოკვიუმების სერიაში. მერე კი ლიდია უნდა ენახა. საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მასთან არ იჩხუბებდა.

ელისმა ადვილად იპოვა გზა სტენფორდის დარბაზ „კორდურამდე“, „კამპუს დრაივ ვესტის“ და „პანამა დრაივის“ კუთხეში. თეთრად შეფეთქილი კედლები, თიხის სახურავი და ბორცვებიანი მწვანე ლანდშაფტი აღმოსავლეთ სანაპიროს ხედებს შეჩვეულ ელისს კარიბულ სანაპიროს უფრო აგონებდა, ვიდრე აკადემიურ შენობას. ძალიან ადრე მივიდა, ამიტომ გადაწყვიტა, შენობაში მაინც შესულიყო, ცარიელი აუდიტორია მოეძებნა და თავისუფალი დრო წინასწარ მომზადებული სიტყვის გადახედვაში გამოეყენებინა.

პირველივე კარი შეაღო და, მისდა გასაკვირად, ხალხით სავსე ოთახში აღმოჩნდა. აჟრიამულებული ბრბო გარს შემორტყმოდა ბუფეტის მაგიდას და ისე იყოფდა საჭმელს, როგორც ქალაქის სანაპიროს თოლიები – ნადავლს. ელისი შეეცადა, შეუმჩნევლად შეპარულიყო და თვალი ჰკიდა ჯოშს, ყოფილ ჰარვარდელ თანაკურსელს და აღიარებულ ეგომანიაკს, რომელიც ზუსტად მის წინ იდგა ფეხებგაჩაჩხული, ისე, თითქოს თავდასხმას აპირებდა.

– ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადეთ? – კეკლუცი ღიმილით ჰკითხა ელისმა.

– არა, აქ ყოველდღე ასე ვჭამთ, – გაიცინა ჯოშმა, – ვხუმრობ. ეს განვითარების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ფსიქოლოგის გამოა, გუშინ გააფორმა უვადო ხელშეკრულება. აბა, შენ როგორ ხარ? როგორია ცხოვრება ჰარვარდში?

– კარგი.

– არ მჯერა, რომ კიდევ იქ ხარ, მთელი ამ წლების მერე. თუ ოდესმე იქაურობა ძალიან მოგბეზრდება, აქ გადმოსვლაზე იფიქრე.

– აუცილებლად შეგატყობინებ, – უპასუხა ელისმა, – შენი საქმეები როგორ მიდის?

– ფანტასტიკურად. მოხსენების მერე ოფისში შემომიარე, ჩემი კვლევის უახლეს მონაცემებს გაჩვენებ. სასიამოვნოდ გაოცდები.

– მაპატიე, ჯოშ, მართლა არ შემიძლია, მოხსენების დასრულებისთანავე გავრბივარ, ლოს-ანჯელესის რეისს უნდა მივუსწრო , – მიუგო ელისმა და გაუხარდა, რომ თავის დასაძვრენად ასეთი დამაჯერებელი მიზეზი მოიგონა.

– ძალიან ცუდი. ვეღარც ვიხსენებ, ბოლოს როდის გნახე; მგონი, წინა წლის ფსიქოეკონომიკურ ფორუმზე, და მაშინაც, სამწუხაროდ, შენს გამოსვლას ვერ დავესწარი.

– გაგმართლებია, იმიტომ, რომ იმ მოხსენებიდან დიდი ნაწილის მოსმენა დღეს მოგიწევს, – შეჰღიმა ელისმა

– ბოლო ხანებში ერთსა და იმავეს ატრიალებ ? – ჩაიცინა ჯოშმა.

ვიდრე ელისი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ოთახში დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ელისის გადამრჩენელი, გორდონ მილერი შემოიჭრა და ჯოშს შამპანურის დასხმაში დახმარება სთხოვა. სტენფორდსა და ჰარვარდში უკვე ტრადიციად იყო ქცეული ჭიქა შამპანურის მირთმევა, როცა ფაკულტეტის თანამშრომელი უვადო ხელშეკრულებას აფორმებდა. საერთოდ, პროფესორის კარიერაში ხმაურიანი დაწინაურების არც ისე ბევრი შესაძლებლობა არსებობდა, ამიტომ უწყვეტი კონტრაქტი ჭეშმარიტად სადღესასწაულო გამონაკლისს წარმოადგენდა.

როდესაც ჭიქა ყველამ ასწია, გორდონი კათედრაზე ავიდა, მიკროფონი შეამოწმა და საზოგადოების ყურადღება ითხოვა:
– დღეს მარკს მნიშვნელოვან ნაბიჯს ვულოცავთ, დარწმუნებული ვარ, ისიც გახარებულია ამ მიღწევით, თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა ელის. მარკს გაუმარჯოს!

– წარმატებები მარკს! – ელისმა გვერდით მდგომ პროფესორს ჭიქა მიუჭახუნა და მალე ყველა ჩაერთო საყოველთაო ჭამა-სმაში, დისკუსიასა და მხიარულებაში. როცა საჭმელი გათავდა და შამპანურის ბოთლები სასმლის უკანასკნელი წვეთებისგან დაიცალა, გორდონი კვლავ კათედრაზე აღმოჩნდა:

– თუ ყველა დავსხდებით, შევძლებთ, ჩვენი დღვანდელი ლექცია დავიწყოთ.

გორდონმა რამდენიმე წუთს შეიცადა, სანამ დაახლოებით სამოცდათხუთმეტი ადამიანი მოთავსდებოდა და განაგრძო:

– დღეს წილად მხვდა პატივი, წარმოგიდგინოთ ჩვენი სასწავლო წლის კოლოკვიუმების სერიის პირველი მომხსენებელი – დოქტორი ელის ჰოულენდი. ელისი არის უილიამ ჯეიმსის სახელობის ჰარვარდის ფსიქოლოგთა ასოციაციის პროფესორი. ბოლო 25 წლის განმავლობაში, მისი გამორჩეული კარიერის მანძილზე, დოქტორმა ჰოულენდმა შეიმუშავა მრავალი მოწინავე სტანდარტი ფსიქოლინგვისტიკაში. ის პირველი იყო და ახლაც აგრძელებს სათავეში დგომას, ენის მექანიზმების შესწავლაში, დისციპლინათშორისი და ინტეგრირებული მიდგომის მეთოდების გამოყენებაში. ჩვენ პრივილეგირებულები ვართ, რადგან გვაქვს მისი მოხსენების მოსმენის ბედნიერება, დღეს, აქ და ახლა.

ელისმა კათედრაზე გორდონის ადგილი დაიკავა და მას მიჩერებულ აუდიტორიას გადახედა. აპლოდისმენტების გრიალში გონებაში ერთი საინტერესო სტატისტიკა ამოუტივტივდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მომხსენებლებს სიკვდილზე მეტად აუდიტორიის წინაშე გამოსვლის ეშინიათ. ელისს, პირიქით, უყვარდა ხალხის წინაშე გამოსვლა. მძაფრად შეიგრძნობდა ყველა ამაღელვებელ მომენტს – სწავლის, მოხსენების, გადაცემის, დებატების პროცესის უწყვეტობას. უყვარდა ადრენალინის მოზღვავების შეგრძნება და რაც უფრო რთული ან მტრულად განწყობილი იყო აუდიტორია, მით უფრო ამაღელვებელი ხდებოდა მისთვის მთელი ეს თავგადასავალი . ჯონი ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ საჯარო მოხსენებები ყოველთვის საშიშ და მტკივნეულ თემად მიაჩნდა. აღფრთოვანებაში მოჰყავდა ელისის ამ „სუპერძალას“. მართალია, მთლად სიკვდილივით არ ეშინოდა საჯარო გამოსვლების, მაგრამ აუდიტორიის წინაშე წარდგომას ობობები და გველები ნამდვილად ერჩივნა.

– გმადლობ, გორდონ, – დაიწყო ელისმა, – დღეს ვაპირებ, გესაუბროთ პროცესებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ენის განვითარებასა და გამოყენებას.

ელისს ადრეც ჰქონდა მსგავს თემაზე მოხსენებები, თუმცა იგი ამას წრეზე ტრიალს, როგორც ჯოშმა აღნიშნა, ვერ დაარქმევდა. საუბრის ძირითადი თემა ლინგვისტიკის მთავარი პრინციპები იყო, რომელთა შორის უმეტესობა თავად შეიმუშავა და ერთსა და იმავე სლაიდებს წლების განმავლობაში იყენებდა კიდეც. ამის გამო არც რცხვენოდა, პირიქით, ამაყობდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მისი აღმოჩენები დროს და ახალ გამოწვევებს უძლებდნენ. ელისის ნაშრომები შემდგომ ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენებს დაედო საფუძვლად.

ელისი ჩანაწერებში ჩახედვის გარეშე, დაუძაბავად და მხატვრულად საუბრობდა, თუმცა, პრეზენტაციის დასასრულისკენ, როცა ათი წუთიც არ იქნებოდა დარჩენილი, რატომღაც, გაჩერდა და საუბარი ვეღარ განაგრძო.

– არაწესიერი ზმნები მოითხოვენ ერთგვარ შინაგან…

და გაჩერდა. უბრალოდ, ვეღარაფრით იხსენებდა საჭირო სიტყვას. გაუწყდა აზრიც, ახსოვდა, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ თვითონ სიტყვა დაუსხლტა, მორჩა. დაკარგა. არ ახსოვდა არც პირველი ასო, არც ჟღერადობა, არც დამარცვლა. ენის წვერზე არაფერი უტრიალებდა.

შეიძლება, შამპანურის ბრალიც იყო. როგორც წესი, მოხსენებების დროს ალკოჰოლს არასდროს იღებდა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პრეზენტაცია ყველაზე უბრალო, უპრობლემო, შეჩვეულ გარემოში მიმდინარეობდა, ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება ფხიზლად ყოფილიყო და მახვილი გონება შეენარჩუნებინა, მით უმეტეს, თუ კითხვა-პასუხის რეჟიმს ელოდა. ამ დროს შეიძლებოდა, ყველაზე გაუფრთხილებელი, მოულოდნელი, წინააღდეგობებით აღსავსე დებატები დასტყდომოდა თავს. მაგრამ დღეს სასმელზე უარის თქმა შეიძლებოდა შეურაცხყოფად მიეღოთ, ეს კი ელისს არ უნდოდა, და მანაც დალია, აშკარად, დასაშვებზე მეტი. ყველაფერი ჯოშთან გამართული პროვოკაციული საუბრის ბრალი იყო.

იქნებ აკლიმატიზაცია იყო დამნაშავე? ელისის გონება, საჭირო სიტყვის ძიებაში, გამალებით ჩხრეკდა ტვინის ყოველ კუნჭულს, მაგრამ ამაოდ – ვერსად აგნებდა. ამავდროულად, იმდენად დაძაბული აანალიზებდა მიზეზს, თუ რატომ შეიძლებოდა, არ გახსენებოდა ეს სიტყვა, რომ გული ამოუვარდა, პულსი აუჩქარდა და სახეზეც წამოწითლდა. აუდიტორიის წინაშე ასეთი რამ არასდროს დამართნია. არასდროს ჩავარდნილა პანიკაში მოხსენებისას, უფრო დიდ აუდიტორიასა და დაძაბულ გარემოშიც კი. ახლაც, თავს აიძულა, ესუნთქა, დამშვიდებულიყო, დაევიწყებინა მომხდარი და საუბარი გაეგრძელებინა.

დავიწყებული სიტყვა შეუფერებელი და მეცნიერებაში მიუღებელი სიტყვით ჩაანაცვლა – „რაღაც“, აზრი შუაში გაწყვიტა და შემდეგი სლაიდიდან განაგრძო. ეს პაუზა ელისს უხერხულ უსასრულობად მოეჩვენა, მაგრამ აუდიტორიას რომ გადახედა, მიხვდა – ვერავინ შენიშნა მისი მეხსიერების ღალატი. არავინ ჩანდა შეშფოთებული, ან ჩაფიქრებული, ან კოპებშეყრილი. თვალი მოჰკრა ჯოშსაც, რომელიც, წელგამართული და სახეზე მსუბუქღიმილიანი, გვერდით მჯდომ ქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა.

თვითმფრინავი უკვე ლოს-ანჯელესში ეშვებოდა, როცა ელისმა, როგორც იქნა, სიტყვა გაიხსენა – ლექსიკონი.

ლიდია ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ნეტავ, სკოლის დასრულებისთანავე გაეგრძელებინა კოლეჯში სწავლა- გასული წლის გაზაფხულზე უკვე დასრულებული ექნებოდა. როგორ იამაყებდა ელისი! და-ძმებში ყველაზე ჭკვიანი ლიდია იყო, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე ლიდიამ კი არა, სწორედ მათ ჩააბარეს კოლეჯებში – იურიდიულზე და სამედიცინოზე.

ლიდია კი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა. ელისს მაინცდამაინც არ უდარდია – იმედოვნებდა, რომ ეს მოგზაურობა გოგონას თავის თავს აპოვნინებდა და ისიც საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა, რისი მიღება სურდა ცხოვრებისგან, რომელ უნივერსიტეტში უნდოდა სწავლა. ამის ნაცვლად, მან მშობლებს განუცხადა, რომ დუბლინში ყოფნისას რამდენიმე პატარა როლი ითამაშა და ვიღაც შეუყვარდა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავიდა ლოს-ანჯელესში.

ელისმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო, თანაც, ლიდიას ამ ნაბიჯში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ლიდია ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში, ამიტომ, მისი დაკავებული მშობლების დროისა და ყურადღების ნარჩენებიღა ხვდებოდა. თანაც, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ამიტომ, მშობლები თვლიდნენ, რომ მას ამ საკითხში თვალყურის დევნება არ სჭირდებოდა. ლიდიას იმაზე მეტი თავისუფლება მისცეს, ვიდრე მისი ასაკის ბავშვისთვის იყო დასაშვები. ლიდიას მაგალითად ჰქონდა მშობლების თავბრუდამხვევი კარიერა, როგორც ნათელი დასტური, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორად დაისახავ მიზნებს და თავს არ დაზოგავ მათ მისაღწევად. ლიდიას ბავშვობიდან ჩაუჭედეს თავში, რომ კოლეჯში ჩაბარების გარეშე მისგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ გოგონას მაინც ეყო გამბედაობა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე.

ლიდია მარტო არ იყო, მის გადაწყვეტილებას ჯონი უმაგრებდა ზურგს და სწორედ ეს იყო ელისსა და ქმარს შორის ყველაზე დიდი და სერიოზული კონფლიქტის მიზეზი – ჯონი თვლიდა, რომ ლიდიამ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.

ელისმა „ბლექბერიზე“ შეამოწმა მისამართი , მეშვიდე ბინაში ზარი დარეკა და დაიცადა. ის-ის იყო, კიდევ აპირებდა ღილაკზე ხელის დაჭერას, რომ ლიდიამ კარი გააღო.

– დე, ადრე ჩამოსულხარ, – შეშფოთდა გოგონა.

– ზუსტად დროზე ჩამოვედი,  – ელისმა საათს დახედა.

– კი მაგრამ, შენ მითხარი, რომ თვითმფრინავი რვაზე ჩამოდიოდა.

– არა, მე ხუთი გითხარი.

– ჩაწერილი მაქვს ჩემს ბლოკნოტში.

– ლიდია, ხუთს თხუთმეტი წუთი აკლია და მე აქ ვარ.

ლიდია დაიბნა, იმ ციყვივით შეცბუნდა, რომელიც გზაზე გადასვლისას მისკენ მომავალ მანქანას შეეჩეხება.

– მაპატიე, შემოდი, – უთხრა ლიდიამ. ჩახუტებამდე ორივე შეყოყმანდა – თითქოს ეს ილეთი ახალნასწავლი ჰქონდათ და არ იცოდნენ, პირველად რომელს უნდა დაეწყო მოძრაობა. ან თითქოს მივიწყებოდათ ძველი ცეკვა, რომელსაც დიდი ხნის წინ ცეკვავდნენ და ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდათ მეხსიერებაში გაბუნდოვანებული მოძრაობების სიზუსტეში.

ელისმა ლიდიას ზედატანში ხერხემალი და ნეკნები შეიგრძნო. ზედმეტად გამხდარიყო. მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი კილო მაინც ექნებოდა დაკლებული. ელისს ძალიან მოუნდა, ეს ამბავი გადატვირთული დღის რეჟიმისთვის დაებრალებინა, და არა სულელური დიეტებისთვის. ქერა და დაახლოებით 10 სანტიმეტრით ელისზე მაღალი ლიდია ჰარვარდში ნამდვილად გამოირჩეოდა იტალიელ და აზიელ გოგონებს შორის, მაგრამ აქ, ლოს-ანჯელესში, თითქმის ყველა მისნაირად გამოიყურებოდა.

– მაგიდა ცხრისთვის დავჯავშნე. აქ დაიცადე, ახლავე გამოვალ, – უთხრა ლიდიამ და თავის ოთახში შევიდა. ელისმა სამზარეულო და მისაღები ოთახი მოათვალიერა. ავეჯს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მეორადი და გვარიანად მორყეული იყო. ერთმანეთს სრულიად არ ეხამებოდა ფორთოხლისფერი ტახტი, ძველებური ყავის მაგიდა, ყავლგასული სამზარეულოს გარნიტური… თეთრი კედლები ცარიელი იყო, ტახტის თავზე მიწებებულ მარლონ ბრანდოს პოსტერს თუ არ ჩათვლიდით. სახლში საწმენდი საშუალებების მკვეთრი სუნი იდგა, ჩანდა, ლიდიას სურდა, დედის ჩამოსვლამდე, შეძლებისდაგვარად, მოეწესრიგებინა ყველაფერი.

ყველგან არაბუნებრივი, გადამეტებული წესრიგი სუფევდა. არც დისკები ეყარა აქეთ-იქით, არც წიგნები ან ჟურნალები იყო მაგიდაზე მიმოფანტული , არც რამე ნახატი, მაცივრის მაგნიტიც კი არსად ჩანდა. არავითარი მინიშნება ლიდიას ინტერესებსა და გემოვნებაზე. ელისმა მამაკაცის ფეხსაცმელების გროვა იატაკზე ცოტა გვიან შენიშნა.

– მომიყევი შენი ოთახის მეზობლებზე, – სთხოვა ოთახიდან გამოსულ, მობილურჩაბღუჯულ ლიდიას.

– სამსახურში არიან.

– სად მუშაობენ?

– ერთი ბარმენია, მეორე საჭმლის გამოძახების სერვისში მუშაობს.

– მეგონა, მსახიობები იყვნენ.

– არიან კიდეც.

– აჰა, ვხედავ. რა ჰქვიათ? დამავიწყდა.

– დაგი და მალკოლმი.

მალკოლმის ხსენებაზე ლიდიას მხოლოდ წამით აჰკრა ალმურმა, მაგრამ ელისისთვის ეს ერთი წამიც საკმარისი გამოდგა. გოგონამ ნერვიულად აარიდა დედას თვალი, რადგან შენიშნა, რომ მის მახვილ მზერას ვერაფერი გამოაპარა.

– გინდა, წავიდეთ? გავარკვიე, რომ ადრეც მიგვიღებენ, – უთხრა ლიდიამ

– ახლავე, ერთი წამით ტუალეტში შევირბენ და გავიდეთ.

ხელების დაბანისას ელისმა მოასწრო და დაათვალიერა ნიჟარის გვერდით, მაგიდაზე დაწყობილი ნივთები: სახის გამწმენდი ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი, თომ’ს მაინის პიტნის კბილის პასტა, მამაკაცის დეზოდორანტი და კოლოფით ტამპონები. უცებ დაფიქრდა. მთელი ზაფხული ისე გავიდა, ტამპონები არ დასჭირვებია. როდის ჰქონდა ბოლო მენსტრუაცია, მაისში? მომდევნო თვეში უკვე ორმოცდაათის ხდებოდა, გასაკვირი არ იყო, რომ პერიოდი აღარ ჰქონოდა. სხვა ნიშნები – წამოხურება, ან ღამით ოფლიანობა – არ შეუნიშნავს. თუმცა ყველა ქალს ერთნაირი მენოპაუზა ხომ არ ექნებოდა?! ელისი დიდად არ განიცდიდა ამ ამბებს.

უკვე ხელებს იმშრალებდა, როცა ლიდიას თმის მოვლის საშუალებების გვერდით „ტროიანის“ პრეზერვატივების ყუთი შენიშნა. არა, აუცილებლად მეტი უნდა გაეგო შვილის თანამობინადრეების შესახებ – მალკოლმი განსაკუთრებით აინტერესებდა.

ელისი და ლიდია ლოს-ანჯელესის მოდური რესტორნის შიდა ეზოში დასხდნენ. შეუკვეთეს ორი სასმელი, ესპრესო მარტინით ლიდიასთვის და „მერლო“ ელისისთვის.

– აბა, როგორ მიდის მამას კვლევის საქმეები? – იკითხა ლიდიამ. ჩანდა, ჯონთან ხშირად საუბრობდა ტელეფონით, ელისმა კი მისი ხმა ბოლოს მაშინ გაიგო, დედის დღის მოსალოცად რომ დაურეკა.

– დაამთავრა. ძალიან ამაყობს ამ ნაშრომით.

– ანა და ტომი როგორ არიან?

– კარგად, დაკავებულები, მუშაობენ. შენ მომიყევი, როგორ გაიცანი დაგი და მალკოლმი?

– „სტარბაქსში“ შემოვიდნენ, ჩემი ცვლის დროს.

საუბარი ოფიციანტმა გააწყვეტინათ. კიდევ თითო სასმელი და სადილი შეუკვეთეს. ელისი იმედოვნებდა, რომ ალკოჰოლი მათ შორის ყინულს გაალხვობდა. ისეთი დაძაბულები იყვნენ, თითქოს ბეწვის ხიდზე დადიოდნენ.

ელისმა ისევ გაუმეორა კითხვა დაგსა და მალკოლმზე.

– ამ წამს არ გითხარი? რატომ არასდროს მისმენ? „სტარბაქსში“ შემოვიდნენ, ჩემი ცვლის დროს და მათ საუბარს მოვკარი ყური- ოთახის მეზობელს ეძებდნენ. .

– მეგონა, რესტორანში იყავი, ოფიციანტად.

– ვარ კიდეც. „სტარბაქსში“ კვირის განმავლობაში ვმუშაობ და შაბათობით – რესტორანში.

– როგორც ჩანს, მსახიობობისთვის არც ისე ბევრი დრო გრჩება.

– ამ ეტაპზე თეატრში არ ვარ, მაგრამ გაკვეთილებსა და კასტინგებზე რეგულარულად დავდივარ.

– რა გაკვეთილებზე დადიხარ?

– მეისნერის ტექნიკას ვეუფლები, სამსახიობო ოსტატობას.

– და კასტინგები რაზე გაქვს?

– ტელეშოუებზე.

ელისმა მოზრდილი ყლუპებით გამოცალა ჭიქაში დარჩენილი ღვინო, ტუჩები მოიწმინდა და იკითხა:

– ლიდია, მაინც რა გეგმები გაქვს?

– თავის დანებებას არ ვაპირებ, თუ ამას მეკითხები.

სასმელი მოქმედებდა, ოღონდ ისე არა, როგორც ელისი ვარაუდობდა, პირიქით, იმ ბეწვის ხიდს ალკოჰოლი ნავთივით მოედო და წვა დააჩქარა. ყინული დედა-შვილს შორის ვერაფრით გალღვა და საუბარიც ნელ-ნელა ნაცნობ ჩიხში შევიდა.

– სულ ასე ხომ ვერ იცხოვრებ ? ოცდაათი წლისა ისევ „სტარბაქსში“ აპირებ მუშაობას?

– დედა, იქამდე მთელი რვა წელია. შენ იცი, რას გააკეთებ რვა წლის შემდეგ?

– კი, ვიცი. და დროა, შენც აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ხომ უნდა გქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევის, ან უძრავი ქონების, ან საპენსიო დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობა?

– დაზღვევა მაქვს. ის არ დაგიშვია, რომ, შესაძლებელია, მსახიობი გამოვიდე? იცი, გაგიკვირდება, მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც ეს მოახერხა და ისინი გაცილებით მეტ ფულს აკეთებენ, ვიდრე შენ და მამა ერთად.

– ფული არ არის მთავარი.

– მაშინ რა არის? რომ შენნაირი არ ვარ?

– ლიდია, ხმას დაუწიე.

– ნუ მიმითითებ, რა გავაკეთო.

– მე ის კი არ მინდა, რომ ელისი გახდე, მე დამემსგავსო, უბრალოდ მინდა, რომ გონივრული არჩევანი გააკეთო.

– დედა, შენ გინდა, რომ ჩემ მაგივრად შენ მიიღო გადაწყვეტილებები.

– რა სისულელეა!

– ეს ვარ მე, და ეს არის ის, რაც მინდა, რომ ვაკეთო.

– რა? ლატე მიუტანო კლიენტებს? შენი ადგილი კოლეჯშია. ამ დროს რამე სასარგებლოს სწავლაში უნდა ხარჯავდე.

– დედა, მე ვსწავლობ სასარგებლოს. ჩემთვის. უბრალოდ არ ვზივარ ჰარვარდის აუდიტორიაში და არ ვიკლავ თავს, რომ პოლიტიკურ მეცნიერებებში უმაღლესი შეფასება მივიღო. ძალიან სერიოზულ სამსახიობო კლასში ვარ. თხუთმეტი საათი კვირაში. კვირაში რამდენ საათს მეცადინეობენ შენი სტუდენტები, თორმეტს?

– ეს ერთი და იგივე არაა.

– მამა ფიქრობს, რომ არის და გაკვეთილების საფასურსაც თავად მიხდის.

ელისმა ხელები მომუშტა და ტუჩზე იკბინა. რამე უწმაწურობის თქმა მოუნდა, ოღონდ, არა ლიდიას, არამედ ჯონის მისამართით.

– შენ არასდროს, არასდროს გინახივარ სცენაზე, – თქვა ლიდიამ.

ჯონს კი ჰყავდა ნანახი. წინა ზამთარს მარტო ჩამოვიდა, ლიდიას გამოსვლის სანახავად. ელისს იმ პერიოდში უამრავი საქმე ჰქონდა და ვერაფრით გამონახა დრო ლოს-ანჯელესში ჩასასვლელად, ახლა კი შესცქეროდა ლიდიას ჩამუქებულ უპეებს და უჭირდა გახსენება, ასეთი რა უამრავი საქმე ჰქონდა მაშინ… სამსახიობო კარიერის საწინააღმდეგო ელისს თავადაც არაფერი ჰქონდა, უბრალოდ სჯეროდა, რომ თავის მიძღვნა ერთი მიმართულებისთვის, თან საფუძვლიანი განათლების გარეშე, უგუნურება და დაუფიქრებელი საქციელი იყო. თუ ლიდია ახლავე არ წავიდოდა კოლეჯში, რაიმე პროფესიას არ დაეუფლებოდა, თუკი არც დიპლომი ექნებოდა, არც სამუშაო გამოცდილება და მსახიობობაშიც ხელი მოეცარებოდა, რა უნდა ეკეთებინა მაშინ?

შემდეგ პრეზერვატივები გაახსენდა, სააბაზანოში. რომ დაფეხმძიმდეს? ელისი უცებ პანიკაში ჩავარდა. ძალიან შეეშინდა, ერთ დღესაც სინანულსა და სასოწარკვეთას შორის გაჩხერილი ლიდია არ ენახა. უყურებდა შვილს და მხოლოდ უქმად დახარჯულ პოტენციალს, უაზროდ გაფლანგულ ძვირფას დროს ხედავდა.

– ლიდია, ყოველდღე უფრო და უფრო გემატება ასაკი, დრო არ გაახალგაზრდავებს, პირიქით.

– გეთანხმები.

ოფიციანტმა საჭმელი მოიტანა, თუმცა პირი არცერთს არაფრისთვის დაუკარებია. ლიდია ხელნაკეთ ხელსახოცს მიშტერებოდა. ერთსა და იმავე წრეზე დაიდოდნენ. ელისს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავით გასანგრევად ამაოდ ეჯახებოდა კედელს. მისი საუბრები ყოველთვის უნაყოფო და არაფრისმომცემი იყო, ყოველთვის უფრო მეტად ამწვავებდა მდგომარეობას და ამძაფრებდა არაჯანსაღ დამოკიდებულებას. ელისს უნდოდა, შვილისთვის მთელი თავისი დედობრივი სიყვარული დაენახვებინა. უცებ დაუოკებელი სურვილი იგრძნო, გადაწვდომოდა მაგიდის მეორე მხარეს და ჩახუტებოდა ქალიშვილს, მაგრამ მათ შორის ლანგრები, საჭმელი და მრავალწლიანი უფსკრული იყო.

მეზობელ მაგიდასთან ჩოჩქოლი ატყდა. ფოტოაპარატები აელვარდა და აჩხაკუნდა. ყველას მზერა ერთი ქალისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც რაღაცით ლიდიას ჩამოჰგავდა.

– ვინაა ეს ქალი? – ჰკითხა ელისმა.

– დედა, – გამომწვევად ჩაიჩურჩულა ელისის უვიცობით ცოტა შერცხვენილმა ლიდიამ, – ჯენიფერ ენისტონია.

სადილი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ცდილობდნენ, მხოლოდ ნეიტრალურ თემებზე ესაუბრათ – საკვებზე, ამინდზე… ელისს ცნობიმოყვარეობა კლავდა – უნდოდა, მეტი გაეგო მალკოლმისა და ლიდიას ურთიერთობაზე, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ შეკითხვები არაფერს მისცემდა, მხოლოდ ლიდიას მრისხანების ახალ ტალღას გამოიწვევდა, ამიტომ უხმოდ გაასწორა ანგარიში და უკმაყოფილების შეგრძნებით დატოვა რესტორანი.

– უკაცრავად, ქალბატონო, – მიმტანის ხმა იყო. ტროტუართან დაეწიათ, – ეს დაგრჩათ, – მიმართა ელისს და მობილური გაუწოდა.

ელისი შეყოყმანდა. ვერ მიხვდა, რატომ ჰქონდა მიმტანს მისი „ბლექბერი“, შემდეგ გაახსენდა, რომ რესტორანში კალენდარი და ელექტრონული ფოსტა არ შეუმოწმებია. ალბათ, საფულის ამოღების დროს დადო მაგიდაზე. ელისმა მადლობა გადაუხადა.

ლიდიამ გამომცდელად შეხედა, აშკარად ეტყობოდა, რაღაცის კითხვა უნდოდა, თუმცა, საბოლოოდ, გადაიფიქრა და ორივე, თავთავიანთ ფიქრებში გართული, უხმოდ დაბრუნდა სახლში.

 

– ჯონ?

ელისი დერეფანში იდგა. . „ჰარვარდის ჟურნალი“ იატაკზე დახვავებული გაუხსნელი წერილების გროვაზე ეგდო. მისაღებში საათი წიკწიკებდა და სამზარეულოდან მაცივრის გრუხუნი ისმოდა. თბილი, მზიანი, გვიანი შუადღე იყო, სახლი კი ცივი, ბნელი და დახუთული ეჩვენა. უკაცრიელი.

წერილები აკრიფა და სამზარეულოსკენ გაემართა, თან გაიყოლა ბორბლებიანი ჩემოდანი, რომელიც დამჯერი შინაური ცხოველივით მიჰყვა უკან.

ანუ, ჯონი მაინც არ დახვდა სახლში.

ტელეფონზე ხმოვანი შეტყობინების ციმციმასკენ გაექცა თვალი. არაფერი. არც მაცივარზე მიკრული წერილი, არავითარი შეტყობინება. სულ არაფერი.

მიკროტალღურ ღუმელს მიშტერებული ელისი ჩაბნელებულ სამზარეულოში იდგა და ჩემოდნის სახელურს სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა. გადაწყვიტა, არავითარ შემთხვევაში არ დაერეკა და ქმარი საყვედურებით არ აევსო, მაგრამ შინაგანი ხმა ჩასძახოდა, რომ ჯონის საქციელს ვერაფერი ამართლებდა, ვერც მისი ახალი ექსპერიმენტი, ვერც სამუშაო, რომელიც უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ელისი ცდილობდა, ცივი გონება შეენარჩუნებინა და გრძნობებს არ აჰყოლოდა, რადგან მათი წყვილი იყო ისეთი, როგორიც იყო და ამდენხნიან თანაცხოვრებაში რაიმეს შეცვლა შეუძლებელი ჩანდა. შინაგანი ხმა კი არ ცხრებოდა და დაუღალავად უწოდებდა ელისს შტერსა და სულელს.

 

კარის უკან ელისმა სპორტულ ფეხსაცმელს ჰკიდა თვალი. ჰო, სირბილი ნამდვილად უკეთ აგრძნობინებდა თავს.

ელისისთვის ძილი, ჭამა და სირბილი დაახლოებით თანაბარმნიშვნელოვანი მოთხოვნილებები იყო. შუაღამისასაც ურბენია, არც დიდთოვლობას დაუბრკოლებია ოდესმე, არც ქარბუქს. ბოლო რამდენიმე თვე კი უარი თქვა სირბილზე. კალიფორნიაშიც კი არ წაუღია სპორტული ფეხსსაცმელი. თავი მოუცლელობით იმართლა, სინამდვილეში კი, უბრალოდ, დაავიწყდა.
ელისისთვის ორმოცდახუთწუთიანი სირბილი ყოველდღიური ნორმა იყო. ოდესღაც ბოსტონის მარათონშიც კი გეგმავდა მონაწილობის მიღებას, მაგრამ ყოველთვის სამსახური და მოუცლელობა უშლიდა ხელს.

ფეხით მოსიარულეების გამო სირბილი ცოტა გაუძნელდა. შაბათის უღრუბლო საღამოს ადამიანები გარეთ გამოფენილიყვნენ, მოთმინებით იდგნენ კინოთეატრების რიგებში, სეირნობდნენ, იცინოდნენ… მდინარე ჩარლზთან მისვლის შემდეგ უკვე თავისუფლად განაგრძო სირბილი. ქალები ეტლებით ასეირნებდნენ ჩვილებს, სუფთა ჰაერზე უამრავი ადამიანი დარბოდა, მაგრამ ელისი უკვე მარტივად ახერხებდა მათთვის გვერდის ავლას და ტკბებოდა დაწმენდილი გონებით, დაჭიმული სხეულით, ასფალტზე „ნაიკის“ ფეხსაცმლის შეხებით, რბილად, სუნთქვის რიტმში.

კენედის პარკთან ელისი შეჩერდა და, ენერგიამოზღვავებული, სეირნობით გაუყვა ქუჩას.

– დღეს თუ იფიქრე სამოთხეზე? – მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავზე უცნობი ქალი, რომელსაც გრძელი თმა ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს მიუგავდა. გულზე ხელნაკეთი პლაკატი ეკიდა: „მოინანიე, ამერიკავ, ზურგი აქციე ცოდვებს, მიბრუნდი იესოსკენ!“ ჰარვარდ სკვერი ამისთანებით იყო სავსე, მაგრამ ფანატიკოსის პირისპირ ელისი პირველად აღმოჩნდა მარტო. ქალის გამჭოლმა, პირდაპირმა მზერამ ერთ ადგილს მიაჯაჭვა.

– უკაცრავად, – თქვა ელისმა, გზის მოპირდაპირე მხარეს გაიქცა და უცებ გაშეშდა. არ იცოდა, სად იყო. უკან მოიხედა. გაახსენდა, რომ ჰარვარდ სკვერში იდგა, მაგრამ ვეღარაფრით აგნებდა გზას სახლისკენ. სცადა, უფრო დაკვირვებოდა გარემოს. ჰარვარდის სკვერის სასტუმრო, „ისთ მაუნთინის“ სპორტული მაღაზია, „დიკსონ ბრაზერსის“ მაღაზია, მაუნთინ ობურნის ქუჩა. ელიისთვის ყველა მათგანი ნაცნობი იყო, მაგრამ ახლა ამ ადგილებს ვერაფრით უკავშირებდა თავის საცხოვრებელ ადგილს. წრიული T ნიშანი წითელი ხაზის მატარებლებსა და მიწისქვეშა ჩასასვლელზე მიუთითებდა, მაგრამ აქ სამი ასეთი ნიშანი იყო და ვერაფრით ხვდებოდ,ა ამ სამიდან რომელ მათგანს უყურებდა. გული გამალებით უცემდა. გაოფლიანდა. რაც უფრო დიდხანს იდგა ტროტუარზე, მით უფრო იპყრობდა პანიკა. თავს ძალა დაატანა, რომ ერთი კვარტალი გაევლო, კიდევ ერთი… ფეხები უკანკალებდა და გრძნობდა, რომ, ცოტაც და, პირდაპირ ქუჩაში მოეკვეთებოდა მუხლი.

მაღაზიები, გაზეთების ჯიხური კუთხეში, კემბრიჯის ცენტრი ქუჩის გადაღმა, ჰარვარდის ეზო. ელისი ხვდებოდა, რომ კითხვა და ამოცნობა ჯერ კიდევ შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ ეს არ ეხმარებოდა. ყველაფერი დაცლილი იყო შინაარსისა და თავდაპირველი მნიშვნელობისგან.

ადამიანები, მანქანები, ავტობუსები, გაუსაძლისი ხმაური ყველა მხრიდან. თვალები დახუჭა, ძარღვებში სისხლის შხუილსა და საკუთარ გულისცემას მიუგდო ყური.

– გეხვეწები, შეწყვიტე, – ჩაიჩურჩულა.

ისევ გაახილა თვალი. მაღაზიები და ქუჩები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. მიხვდა, რომ მარცხნივ უნდა მიბრუნებულიყო და მასაჩუსეტს ავენიუს დასავლეთით გაჰყოლოდა. .

თავისი მშვიდი, ხეებჩარიგებული ქუჩის, ნაცნობი სახლებისა და მშობლიური გარემოს დანახვაზე ელისმა თავი შედარებით უკეთ იგრძნო, მაგრამ ბოლომდე უსაფრთხოდ – არა. იფიქრა, რომ ყოვლისმომცველი დღლილობა და განგაშის კვალი ჯონის დანახვისთანავე გაუჩინარდებოდა.

– ჯონ?

გაუპარსავი, აჩეჩილ თმაზე სათვალეაწეული ჯონი, ხილის ნაყინის წუწვნით, სამზარეულოს კართან გამოჩნდა. ელისმა მაშინვე იგრძნო, როგორ უკვალოდ ქრებოდა მისი შიშები და მღელვარება. უცებ ისეთი სუსტი გახდა, ისეთი გულჩვილი, რომ ძალიან მოუნდა, ჯონს მკლავებში ჩავარდნოდა.

– მაინტერესებდა, სად იყავი,მაცივარზე წერილის დატოვებას ვაპირებდი. აბა, როგორ ჩაიარა? – ჰკითხა ჯონმა.

– რამ?

– სტენფორდის ამბებმა, როგორი იყო?

– ა, კარგი.

– ლიდია?

ლიდიას პრობლემები და ჯონის შინ არყოფნით გამოწვეული გულისტკივილი, რომელიც სირბილმა გადაავიწყა, ამ შეკითხვამ ისევ უკან დააბრუნდა და კვლავ მთავარ სადარდებლად აქცია.

– შენ თვითონ მითხარი, ლიდიაზე, – უპასუხა ელისმა

– იჩხუბეთ, არა?

– სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილების ფულს შენ უხდი?

– ოჰ, – ამოიოხრა ჯონმა და ნაყინი მოკბიჩა, – ელის, მოდი რა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ნამდვილად არა მაქვს ამის განხილვის დრო.

– გამონახე დრო, ჯონ, როგორმე გამონახე! ხელს უწყობ, რომ არ გაჩერდეს, მე კი არაფერს მეუბნები! კიდევ, სახლში არ დამხვდი, როცა დავბრუნდი, კიდევ …

– არც შენ დამხვდი სახლში, მე რომ მოვედი. როგორ ირბინე?

ელისი მიხვდა, რომ ჯონი მართალი იყო. რომ მოეცადა, სასოწარკვეთილებას არ აჰყოლოდა, სარბენად არ გავარდნილიყო და ქმარს შინ დახვედროდა, ერთ თავისუფალ საათს მასთან ერთად გაატარებდა.

– კარგად ვირბინე, – მშრალად თქვა ელისმა.

– მისმინე, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა უნდა დავბრუნდე ლაბორატორიაში, რაც შემეძლო, გელოდე. შესანიშნავი დღე მქონდა, ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. დილამდე მონაცემები უნდა გავაანალიზო. აქ მხოლოდ შენს სანახავად დავბრუნდი.

– ჯონ, ახლავე უნდა გელაპარაკო ლიდიაზე.

– ეს ამბავი ჩვენთვის სიახლე ხომ არაა. დიდი ხანია, ლიდიასთან დაკავშირებით ვერ ვთანხმდებით და ჩემს დაბრუნებამდე ვერ მოიცდის ეს საუბარი?

– ვერა, – მიუგო ელისმა.

– გინდა ჩემთან ერთად გამოისეირნო და გზაში დავილაპარაკოთ?

– არა, არ მოვდივარ ოფისში, სახლში ყოფნა მჭირდება.

– სასწრაფოდ უნდა დამელაპარაკო, თან სახლში დარჩენა გჭირდება, რა ხდება? საკუთარ თავს არ ჰგავხარ – რამ გაგაჭირვეულა ასე? კიდევ რამე ხდება?

ამ სიტყვამ, „ჭირვეულმა“, მძლავრად აათრთოლა ელისის საოცრად დაჭიმული ნერვები. ამ სიტყვის თქმა იგივე იყო, ჯონს რომ მისთვის სუსტი, არანორმალური, გაუწონასწორებელი ეწოდებინა – ანუ მამამისი. ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ცდილობდა, არაფრით დამსგავსებოდა.

– უბრალოდ, ძალიან დაღლილი ვარ.

– გეტყობა. ცოტა დამშვიდება გჭირდება.

– ეგ არ არის ის, რაც მჭირდება.

– მისმინე, ელის, რაც მალე წავალ, მით მალე დავბრუნდები. დაისვენე, გვიან მოვალ.

ჯონმა ელისს გაოფლილ თავზე აკოცა და გავიდა.

შემოსასვლელში მარტო დარჩენილმა ელისმა თავიდან შეიგრძნო ჰარვარდ სკვერში გადამხდარი ამბის საშინელება. აკანკალებული დაჯდა იატაკზე და ცივ კედელს მიეყრდნო. უყურებდა მოცახცახე ხელებს, რომლებიც თითქოს მისი არ იყვნენ. შეეცადა, მხოლოდ სწორად სუნთქვაზე კონცენტრირებულიყო, როგორც ამას სირბილისას აკეთებდა ხოლმე.

თანაბრად სუნთქვამ და ცივ კედელთან შეხებამ დაამშვიდა. გონება მოიკრიბა და იმდღევანდელი ამბების გაანალიზება სცადა. გაახსენდა სტენფორდში დავიწყებული სიტყვა, გაახსენდა, რომ ბოლო თვეებში მენსტრუაცია არ ჰქონია. ფეხზე წამოდგა, აიღო ლეპტოპი და „მენოპაუზის სიმპტომები“ მოძებნა.

ეკრანი სიმპტომებით აივსო – წამოხურებები, ღამით ოფლიანობა, უძილობა, უეცარი დაღლილობა, შფოთვა, თავბრუსხვევა, არათანაბარი გულისცემა, დეპრესია, დაბნეულობა, განწყობის ცვლილებები, დეზორიენტაცია, გონებრივი აშლილობა, მეხსიერების ჩავარდნები.

დეზორიენტაცია, გონებრივი აშლილობა, მეხსიერების ჩავარდნები. ყველაფერი, რაც ელისს სჭირდა. სკამის საზურგეს მიეყრდნო, თითები მუქ, ტალღოვან თმაში შეიცურა. თვალი მოავლო იატაკიდან ჭერამდე აზიდულ თაროებზე დაწყობილ სურათებს – ჰარვარდის დიპლომის გადაცემის ცერემონია, მისი და ჯონის ცეკვა ქორწილის დღეს, ოჯახური პორტრეტი, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ოჯახური პორტრეტი ანას ქორწილიდან. სიმპტომების ჩამონათვალს მიუბრუნდა . თურმე ეს ყველაფერი ბუნებრივი ფაზა ყოფილა – მისი, როგორც ქალის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ქალი ეჯახება იგივეს. არავითარი ფატალურობა, არავითარი ანომალია.

მაინც ჩაინიშნა ექიმთან შეხვედრა, ყოველი შემთხვევისთვის, შესამოწმებლად. შეიძლება, ესტროგენის ჩამნაცვლებელი თერაპია სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გადაიკითხა სიმპტომები. დაბნეულობა, განწყობის ცვლილებები – მისი ჯონთან დამოკიდებულება და უეცარი აფეთქებები. ყველაფერი ცხადი გახდა. კმაყოფილმა ელისმა ლეპტოპი დაკეცა.

ცოტა ხანს კიდევ იჯდა სიბნელეში. გარედან ჰამბურგერის სუნი ეცა და მხიარული ხმებიც მისწვდა მის სმენას – მეზობლებს ბარბექიუ გაემართათ. რატომღაც არ შიოდა. მულტივიტამინები დალია, ამოალაგა ჩემოდანი, რამდენიმე პროფესიული სტატია წაიკითხა და დასაძინებლად გაეშურა.

ჯონი შინ ნაშუაღამევს დაბრუნდა. ელისს ეღვიძა, მაგრამ თავი მოიმძინარა. ალბათ, მუშაობით ღამენათევი ქმარი გადაღლილი იყო. ლიდიაზე ლაპარაკი დილამდე მოიცდიდა. დილით ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა- ელისი მობოდიშებასაც კი აპირებდა თავისი ჭირვეულობის და გაღიზიანების გამო. ჯონის თბილმა მკლავებმა ელისი თავისკენ მიიზიდა და ჩაიხუტა. ქალმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო და ღრმად ჩაიძინა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: ანი გიგუაშვილი, აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თამთა ჯინჭარაძე, ლიზა ჯენოვა, მაია ხუტიაშვილი, მალხაზ ფაღავა, მარიამ კორინთელი, სალომე ბენიძე, ჯერ კიდევ ელისი, still alice

მიშელ უელბეკის ფრანგული “არაბული გაზაფხული”

$
0
0

ამ ბოლო დროს სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდს განსაკუთრებული ყურადღებით ვათვალიერებ და ყველა ნაცნობ რედაქტორს წუწუნა პიემებით შევუწუხე გული.

ჩვეულებრივი ამბავია :) ახალი თარგმანის გამოცემა იგეგმება და მე, როგორც წესი, მოთმინება არ მყოფნის.

ამჯერად უელბეკის “მორჩილებას” ველოდები.

მესიე მიშელის თავგადადებული მკითხველი ვარ-მეთქი, ვერ დავიჩემებ. რაღაცები მომწონს, რაღაცები – არა. ოღონდ, “მორჩილება” ის წიგნი არ არის, გულგრილად გავაყოლო თვალი და მერე, რომელიმე ფესტივალიდან ფასდაკლებული წამოვიღო.

წელს, ხუთ იანვარს, “Charlie Hebdo“-ზე ტერორისტული თავდასხმის დღეს, ათას სხვა ამბავთან ერთად, ესეც გავრცელდა: უელბეკმა ახალი რომანის სარეკლამო კამპანია შეწყვიტაო.

ჰოდა, მანდ გავიგე პირველად, “მორჩილება” რომ ჰქონდა დაწერილი.

ცოტა ხანში “სულაკაურმა” რელიზი გაავრცელა: უფლებები ვიყიდეთ, ჩვენ ვთარგმნითო.

სიუჟეტზე ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ძირითადი ქარგა: 2022 წელია, “მუსლიმური ძმობის” ლიდერი მუჰამად ბენ აბესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს. ფრანგულ “არაბულ გაზაფხულს” რადიკალური ცვლილებები მოჰყვება: იცვლება კანონმდებლობა, უქმდება გენდერული თანასწორობა, სახელმწიფო მრავალცოლიანობას აღიარებს. ერთი სიტყვით, ქვეყნის ტოტალური ისლამიზაცია მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ამ გაუგონარი მეტამორფოზის ცენტრშია ფრანსუა – სორბონას ლექტორი, ლიტერატურის პროფესორი, მარტოხელა ინტელექტუალი აწეწილი პირადი ცხოვრებით. უელბეკის ქრესტომათიული გმირი. ჰოდა, პოლიტიკური ქრონიკების კვალდაკვალ ფრანსუას განცდებზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესო იქნება. ღრმად პატივცემულ ავტორს, მოგეხსენებათ, დანდობა არ ჩვევია.

მეჩქარება-მეთქი, კი ვწუწუნებ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ასეთ წიგნებს ფართხაფურთხით გამოცემა არ უხდება, ემანდ, ტექნიკურმა ლაფსუსმა საერთო ხედი არ გააფუჭოს. თარგმნით კატერინე სუმბათაშვილი თარგმნის. რედაქტორი მაკა სესკურიაა. ამ მხრივ მშვიდად ვართ, ანუ.

შექსპირს და კომპანიას“, თუ გახსოვთ, ორიგინალი მაისში, საფესტივალო სტენდზე ჰქონდა გამოფენილი. სულიც ზედ დამრჩა, მაგრამ რად გინდა – ფრანგულის არაფერი გამეგება. ინგლისური ყოფილიყო ან რუსული – თაროზე მედებოდა უკვე.

სხვათა შორის, ინგლისურად ჯერ არ უთარგმნიათ. ამბობენ, სექტემბერში იქნებაო. რუსებმა, მარტში. snob.ru-ზე ოფიციალური თარგმანის ფრაგმენტი გამოაქვეყნეს და იმის მერე არაფერი ისმის. ის ფრაგმენტი ლამის ზეპირად ვისწავლე, ზუსტად ის არის, რაც ძალიან მომწონს. თხრობის მშვიდი, აკადემიური სტილი და რეალური პერსონაჟები გამოგონილთა გვერდით. ფრანსუა ოლანდი, მარინ ლე პენი. სხვებიც იქნებიან.

გერმანულიც გამოუციათ უკვე და დანარჩენი არ ვიცი. პრინციპში, არც დიდად მნიშვნელოვანია. მალე ქართულად წავიკითხავთ, დარწმუნებული ვარ – გემრიელ და ხელებისმოსაფშვნეტ თარგმანს.

ფრანგული ქავერი სადაა, ორ ფერში გადაწყვეტილი. ქართულზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. ფაქტია, “სულაკაურში” ასეთი რაღაცები არ ეშლებათ.

“მორჩილებაზე” ამ ბოლო დროს ბევრი ითქვა და ერთი-ორგან ელენა ჩუდინოვას “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთიც” ახსენეს – 2005 წელს გამოცემული ანტიუტოპია შორეული 2048 წლის ამბებზე, მუსლიმი ემიგრანტების ხელთ ჩავარდნილ დასავლეთ ევროპაზე, დაკანონებულ შარიათზე, წაბილწულ კათოლიკურ ტაძრებზე, ალ-ფრანკონის მეჩეთად გადაკეთებულ ნოტრ დამზე, გეტოში შესახლებულ ქრისტიანებზე და ახალ ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობაზე.

სიმართლე გითხრათ, ამ ორ ტექსტს შორის ფორმალურ მსგავსებასაც ვერ ვხედავ. ქალბატონ ჩუდინოვას, აპოკალიპტური სურათის ხატვისას, აშკარად ფანტაზია გაექცა, სადღაც მეზობელ გალაქტიკაში. “მეჩეთს” ქსენოფობიისა და ისლამოფობიის უსიამოვნო სუნი უდის (რასაც ავტორიც არ უარყოფს და უსიამოვნოდ სულაც არ ეჩვენება) და, რაც მთავარია, ჩუდინოვას და უელბეკის გვერდიგვერდ მოხსენიება, რბილად რომ ვთქვათ, ლიტერატურული მკრეხელობა მგონია.

ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. “მორჩილება”, თუ ქვეყანა არ დაიქცა, აგვისტოს დასაწყისში გვექნება. დეტალებზე მერე ვილაპარაკოთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეკატერინე სუმბათაშვილი, მაკა სესკურია, მიშელ უელბეკი, მოლის ბიბლიოთეკა, მორჩილება, პროზა, საფრანგეთი, ქართული თარგმანი, შექსპირი და კომპანია, Charlie Hebdo, Michel Houellebecq, Soumission

მთის წყაროს და ჩაის ქოხის საიდუმლო

$
0
0

წარმოგიდგენიათ სამყარო მტკნარი წყლის გარეშე? არა, მთლად უწყლოდ კი არა, მაგრამ მოზომილი და გამოლევის პირამდე მისული მარაგით, ანკარა წყაროების და ნაკადულების, ბობოქარი მდინარეების, კლდეებზე ბროლივით გადმომსხვრეული ჩანჩქერების გარეშე? ან იმაზე ფიქრი თუ შეგიძლიათ, რომ ოკეანეში გიგანტური აისბერგების ნაცვლად ყინულის პატარა, თითქმის გამლღვალი ბორცვები დაცურავენ და სულს ღაფავენ? რომ ადამიანებს ოცნებად აქვთ გადაქცეული სუფთა წყლით დაბანა და, სულ მარტივად, წყურვილის მოკვლა? დარწმუნებული ვარ, ამის გაცნობიერება ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდება, იმიტომ, რომ ამგვარ კოშმარზე არასოდეს გვიფიქრია და მინდვრებში, მთებსა თუ ტყეებში მოჩუხჩუხე წყალს ისე დაუნანებლად ვხარჯავთ, აზრადაც არ მოგვდის, რომ ბუნების ეს მადლი და სიკეთე ოდესმე შეიძლება, გამოილიოს.

აი, ფინეთში ერთი ქალი ცხოვრობს, ქართული ყურისათვის უჩვეულო ჟღერადობის გვარ-სახელი აქვს (პრინციპში, ისევე, როგორც მის ყველა თანამემამულეს) – ემი იტერანტა ჰქვია. ჰოდა, ადგა ეს ჩვენი ემი, არც აცია, არც აცხელა, რითიც ზემოთ გაშინებდით ბუასავით, წარმოიდგინა და წიგნიც დაწერა.  “წყლის საიდუმლო“ დაარქვა, ერთი საოცრად გამბედავი და უშიშარი გოგო დაასახლა იქ, ნორია და გვიამბო დისტოპიური ისტორია გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის, პოსტაპოკალიპტური სამყაროს, ევროპაზე გაბატონებული ჩინეთის, წელიწადის არეული დროების, უწყლოდ დარჩენილი დედამიწის შესახებ.

უჩვეულო პერსონაჟი გამოუვიდა ფინელ მწერალს ნორიას სახით. ჩვიდმეტი წლის გოგოები იშვიათად არიან ასეთები, რაც არ უნდა ამოყირავდეს ქვეყნიერება, რა განსაცდელიც არ უნდა დაატყდეთ თავს, ჩუმჩუმად მაინც ბიჭებზე ფიქრობენ, კოხტა კაბებზე, ფერად სამკაულებზე… ნორია ჩაის სმის ოსტატობისთვის ემზადება, უძველესი ცერემონიალის წესებს გულმოდგინედ სწავლობს და მთის წყაროს საიდუმლოს ინახავს მამასთან ერთად; ოღონდ რამდენ ხანს დაიტევს ამ საიდუმლოს მისი სიკეთით და თანაგრძნობით სავსე გული, როცა მშობლიურ სოფელში პატარა ბავშვები უწყლოდ იხოცებიან, რამდენ ხანს გაძლებს ისე, რომ დახმარების ხელი არ გაუწოდოს წყურვილისგან დაშაშრულ ახლობლებსა და ნაცნობებს?

დიდხანს ვერა… მერე რა, რომ სოფელში ლურჯმუნდირიანი ჯარისკაცები დადიან და მათ, ვინც სადმე მტკნარი წყლის არსებობას დამალავს, დაუნდობლად ანადგურებენ… ნორია ის გოგო არაა, საფრთხეს რომ შეუშინდება, თან სანიაც ხომ გვერდით ჰყავს, უერთგულესი მეგობარი, მასავით სიფრიფან და გალეული გოგო. ჰოდა, დადის ნორიასთან მთელი სოფელი, დადის მალულად, ფეხაკრეფით, მიიპარებიან ჩაის ქოხთან და უკან კალთაში გამოხვეული, წყლიანი მათარებით ბრუნდებიან.

რა მოჰყვება ამას, როდემდე მოიტანს წყალს კოკა და როგორ დასრულდება ეს სევდიანი ისტორია, ემი იტერანტა გვეტყვის “ლიბერთინსის“ სერიის მორიგი წიგნის – “წყლის საიდუმლოს“ საშუალებით, ჩვენ კი იქამდე ბუნების თითოეული საოცრება დავაფასოთ, ასე დაუნანებლად რომ გვჩუქნის დედამიწა.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: დიმიტრი გოგოლაშვილი, დისტოპია, ემი იტერანტა, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, ლიბერთინსი, მოლის ბიბლიოთეკა, ნორია, პალიტრა L, პროზა, ჟანრული პროზა, სანია, ფინეთი, ქართული თარგმანი, წყლის საიდუმლო, Emmi Itäranta, LIberteens, memory of water

მეხუთე სეზონის დასასრული

$
0
0

vacances 2015 (2)

მეხუთე წელია, ბლოგი მაქვს და, ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს იმას ვფიქრობ, ისეთი რა მოვიგონო, ბლოგერული შვებულების ნაადრევად დაწყება გავამართლო.

არა, უბრალოდ, დავიღალე, დასვენება მინდა და უსაქმურობა მომენატრა-მეთქი, კი ვიტყვი, გადასარევი მკითხველი მყავს, გამიგებენ, მაგრამ დასვენება აგვისტოში ვიცით ჩვენ, ჯერ ივლისი არ დაწყებულა ხეირიანად, რა დროს შვებულებააო, გულში მაინც გაიფიქრებს ვინმე.

აქამდე მსოფლიო ჩემპიონატი მშველოდა, ევროპის თასი, ოლიმპიადა და ამგვარი საყოველთაოდ საინტერესო ამბები. წელს მსგავსი არაფერი ხდება. კინკილა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვატარებთ და ისიც ისე ჩაივლის, მგონი, ვერც ვერავინ გაიგებს. ჰოდა, რა სინდისით ვთქვა ახლა, საგულშემატკივროდ ვემზადები, დილიდან საღამომდე ტრიბუნებზე უნდა ვიჯდე ტრანსპარანტებით ხელში, იმდენი რამეა სანახავი, ბლოგისთვის არ მეცლება-მეთქი.

ოუფენ ეარზეც არ წავსულვარ. შორიდან ვიგებ იქაურ ამბებს და ჩემი მელომანი მეგობრების მაგივრად მიხარია.

ჰო, სუპერთასია აგვისტოში… კარგი, სუპერთასზე და ბილეთებზე ნუ ვილაპარაკებთ. ამ ბლოგს ბავშვებიც კითხულობენ. უხერხულია.

მოკლედ, მეტი გზა არ არის, ისევ პირდაპირ უნდა ვთქვა: დავიღალე :) ათი თვე არ გავჩერებულვარ, მკლავებდაკაპიწებული ვშრომობდი და სულის მოთქმა კი მეკუთვნის.

ჩემი დაღლა იქით იყოს, ვეჭვობ, მკითხველსაც არ ეცლება. ჯერ გამოცდები, მერე შედეგებზე ნერვიულობა, მერე შვებულებების, ზღვაზე და მთაში ბოდიალის დრო მოდის. ბლოგები ვის გაახსენდება.

ამდენი ვიწუწუნე, თავი ვიმართლე და ჯერ მთავარი მიზეზი არ მითქვამს – ბლოგის დღეს, აი, ზუსტად დღეს და ამ პოსტით დახურვა რომ გადამაწყვეტინა.

ვორდპრესის სტატისტიკას თუ ვენდობით (ან რატომ არ უნდა ვენდოთ), ეს პოსტი რიგით მეხუთასეა. ჰოდა, მეხუთე სეზონის მეხუთასე პოსტით დახურვა ყველაზე უპრიანი მგონია.

დიდი ხნით არ გეთხოვებით. სექტემბერიც მალე მოვა და სექტემბრამდე თქვენც დაისვენებთ და მეც. თან ბლოგს მივხედავ; რაღაცებს შევცვლი, გავალამაზებ, ფეიჯებს შევაკეთებ; ახალ ავატარზეც ვფიქრობ. კანდინსკი გადასარევია, მაგრამ ექსკლუზიური, ჩემთვის დახატული ავატარი მირჩევნია.

ივლისი და აგვისტო, ცნობილი ამბავია, დიდი საგამომცემლო აქტივობებით არ გამოირჩევა, მაგრამ წელს სხვაგვარადაა საქმე და თუ სიახლეებს თვალს ადევნებთ, არ მოიწყენთ: აგვისტოში უელბეკის “მორჩილებას” ველოდებით, ორშაბათიდან გიორგი კეკელიძის ყოვლად გადასარევი “სხვა დეტექტივების” გამოცემა დაიწყება და თვის ბოლოს “წიგნები ბათუმში” მორიგ პრეზენტაციას გეგმავს. თან დიდი სიურპრიზით; თუმცა ამაზე თავად გიამბობენ.

ისე, რომ იცოდეთ, მაინცდამაინც შორს არ მივდივარ. ეისბუქზე ვიქნები და აქაც შემოვიხედავ, თუ ხმამაღლა შემომძახებთ, გავიგონებ.

სიყვარულით,

თქვენი მოლი


Filed under: Molly Bloom's Day Tagged: აგვისტო, არდადეგები, ბლოგი, ბლოგინგი, ბლოგოსფერო, დასვენება, ზაფხული, ივლისი, მეხუთე სეზონი, მოლი ბლუმი, მოლი ბლუმის ბლოგი, სუპერთასი, შვებულება, Molly Bloom's Day, mollybloomsday.com, vacances d'été

ქალი, რომელსაც საკუთარი თავი მოენატრა

$
0
0

წლევანდელი ზაფხული ყველა გაგებით ცხელი იყო – ტემპერატურის ნიშნული რამდენს უკაკუნებდა, გახსენებაც არ მინდა, სამსახურში კი, მოზღვავებული საქმეების გამო, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ორთქლის ქვაბში. მიუხედავად ამისა, ახალი წიგნების წასაკითხად მაინც ვიცლიდი და იმპრესიებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ, ჩემი ამბავი ხომ იცით, არ დაგზარდებით.

ერთი სიტყვით, ბიბლიოთეკაც გვარიანად შევავსე და არც საღამოობით გახლდით მოწყენილი; ახალი სეზონის პირველი ლიტერატურული პოსტისთვის კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთი დელფინიანი წიგნი შევარჩიე, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ჩემი მეგობრის შეშინებული ზარის შემდეგ, ალცჰაიმერის პრევენციაზე თუ გსმენია რამეო, შუაღამის პირს რომ დამაფეთიანა.

ვიცი, უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, რომ წერას ლიზა ჯენოვას ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ამბავია, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორს – ელის ჰოულენდს საკუთარ გონებასთან და თვითმკვლელ ნეირონებთან რომ უწევს.

რამდენი დაავადებაა ამქვეყნად, რომლებზეც გვსმენია, არა მარტო გვსმენია, ზოგჯერ ახლოსაც ჩაუვლიათ, ხანდახან იმდენად ახლოს, რომ ტკივილი და სიცარიელე დაუტოვებიათ; თუმცა, მაინც ყველას გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს შეგვეხებიან, არადა…

ომი ვახსენე ზემოთ. იქნებ ვინმემ პათეტიკაშიც ჩამომართვას, მაგრამ მართლა შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ამ ქალის სიმამაცით და მისი ახლობლების გამძლეობით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მდგომარეობა უიმედოა, ვერაგი დაავადება პროგრესირებს, არამზადა ნეირონები ყოველდღე, ყოველ საათში იხოცებიან თუ თავს იკლავენ და ყოველ ჯერზე სულ უფრო მოკლე, ბუნდოვანი და არაზუსტი ხდება პასუხი ხუთ უმარტივეს კითხვაზე, რომლებითაც ელისი საკუთარ თავს პერიოდულად ტესტირებას უტარებს:

1. რა თვეა ახლა?
2. სად ცხოვრობ?
3. სად არის შენი ოფისი?
4. როდისაა ანას დაბადების დღე?
5. რამდენი შვილი გყავს?

სულ ესაა. თითქოს არაფერია, ხომ? დამიჯერეთ, რომ იშვიათად მიგრძვნია რაიმე ამბის ტრაგიზმი ისე მძაფრად, როგორც ამ კითხვებზე მორიგი პასუხების კითხვისას განვიცდიდი. ეს იყო ყველაზე დაუნდობელი დიაგრამა, რაც კი მინახავს და ვგრძნობდი, ხანდახან ემოციისგან ჰაერის ჩასუნთქვა მავიწყდებოდა.

და მაინც, ყველაზე მეტად გულს არც ეს კითხვა-პასუხი მიკუმშავდა, არც ჯონის უსიტყვო ერთგულება, არც შვილების ფაქიზი დამოკიდებულება ოჯახის უბედურებასთან, არც ელისის იდეა – ერთად შეეკრიბა ადრეულ ასაკში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანები, არც ის, რომ უმცროსი, მეამბოხე შვილისკენ მიმავალი გზა დედას ზუსტად ამ ვერაგმა დაავადებამ აპოვნინა, არც მის მიერ კონფერენციაზე წაკითხული სიტყვა, სადაც პროფესორმა ჰოულენდმა მთელ სამყაროს უთხრა: “დავიწყება არ ნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს ფასი არ აქვს…“ ეს ყველაფერი ემოციების ნიაღვარს იწვევდა ჩემში, მაგრამ იშვიათად უტკენია რამეს ისე, როგორც ერთმა ფრაზამ მატკინა, გონების ხანმოკლე გამონათების დროს რომ უთხრა ელისმა ქმარს:

“საკუთარი თავი მენატრება.“

ამ წიგნის იდეაც კარგად მესმის, აზრიც, მიზანიც და ავტორის სათქმელიც – ლიზა ჯენოვამ ძალიან ლამაზად გვითხრა, რომ დასასრულის დასაწყისი დასასრული ჯერ კიდევ არ არის და მართალიც იყო, მაგრამ მაინც… ღმერთმა ყველანი დაგვიფაროს ასეთი მონატრებისგან.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანა გიგუაშვილი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", თამთა ჯინჭარაძე, თანამედროვე ამერიკული ბიბლიოთეკა, ლიზა ჯენოვა, მაია ხუტიაშვილი, მალხაზ ფაღავა, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სალომე ბენიძე, ქართული თარგმანი, ჯერ კიდევ ელისი, Lisa Genova, Still Alice
Viewing all 304 articles
Browse latest View live