Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

წიგნი ნამდვილი მკითხველებისთვის

$
0
0

zgaparshi moxvedrili bichis ambavi cover

ამ წიგნის ამბავი ასე იყო:

სულ ახლახან, თბილისში გამართულ წიგნის დღეზე, მოლის თავგანწირული მარათონი კი უნდა გახსოვდეთ, წესით. ჰოდა, გვიან საღამოს, ქანცგაწყვეტილი, მაგრამ საკუთარი თავით ფრიად კმაყოფილი, ნება-ნება რომ შევექცეოდი ქაფქაფა ყავას და მეგობარს წვრილად ვუყვებოდი ჩემი დიდი გადარბენის პერიპეტიებს, სიტყვამ მოიტანა და ერთი წიგნიც ვახსენე, გამომცემლობა “ინტელექტის“ სტენდზე რომ მოვკარი თვალი და რაკი არც სათაური და არც ავტორის სახელი არაფერს მეუბნებოდა, სინდისის ქენჯნის გარეშე ავუარე გვერდი.

ამის თქმა იყო და ჩემმა მეგობარმა ზუსტად ისე შეგვიცხადა მე და ჩემი ბიბლიოთეკა, როგორც დეიდა ნინამ – იანგული ალექსანდრიდი და მემწვანილე მამამისი: რასაა, რომ ამბობ, ამ წიგნს, მერამდენე წელია, დღისით-მზისით სანთლით დავეძებ; რას ჰქვია, შეგხვდა და არ იყიდე, სირცხვილი შენო.

ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის“ უქონლობა თეთრი ლაქაა შენი ბიბლიოთეკისთვისო, – გამომიცხადა ბოლოს.

აბა, რომელი თავმოყვარე ბიბლიოფილი მოითმენდა ამას? ჰოდა, მეორე დღესვე გავვარდი და ის ჩემი ცოდვით სავსე სულ ციმციმ მოვარბენინე შინ.

გადავშალე და… ისე შემომეკითხა, ვერც კი გავიგე.

ბავშვობაში თავგადასავლების ტრფიალი რომ ვიყავი, კი იცით; რა გული გამიძლებდა, ჭაბუკას ცხრამთასიქითა ქვეყანაში სამოგზაუროდ არ წავყოლოდი? ჰოდა, იმისთანა ამბები გადაგვხდა თავს, თქვენი მოწონებული. მეფის კარზე ობერფლორმაისტერებადაც ვიმსახურეთ, ოქროს გალიაც ვხეხეთ, უბერებელი ჩიგიდ XVI-ის საიდუმლოც ამოვხსენით და დატყვევებული დროც გავათავისუფლეთ. რა თქმა უნდა, ახლომახლო ერთი იმათგანიც ტრიალებდა, მუდამ ავი რომ უნდათ და საბოლოოდ მაინც კარგი გამოსდით, თორემ შავ მაგიასთან ჩვენ ორი რას გავხდებოდით. არა, მთელი კატის ნახტომი კი გვეხმარებოდა, მაგრამ მაინც…

ახლა, ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით, დანარჩენი ადექით და თავად წაიკითხეთ.

აი, ისეთი წიგნია, საბავშვო რომაა და არც არის; სადიდოა და – არც მთლად სადიდო. სევდას და ღიმილს ერთად რომ მოგგვრის. გულს თან რომ დაგიმძიმებს და თან გაგითბობს. პოლიტიკური სატირაო, ლიტერატურათმცოდნეები იტყვიან. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მე სხვა რამეების გამო უფრო მეგემრიელა. გადავხედე ამ ჩვენს ქართულ ლიტერატურას, გადმოვხედე და ამ წიგნის ბადალი მარტო “სალამურას თავგადასავალი“ გამახსენდა, “სალამურაზე“ კიდევ, ისე ვიტყვი, წარბს არ შევიხრი – შედევრია.

წიგნს ამონარიდი ერთვის გიგა ზედანიას შესანიშნავი წერილიდან, რომელიც თავის დროზე “ანაბეჭდში“ გამოქვეყნებულა, მე კი ახლაღა ვიპოვე lib.ge-ზე და სულმოუთქმელად ჩავიკითხე. ჰოდა, იმ წერილში ძალიან მაგარ რამეს ამბობს გიგა:

ლიტერატურის სიმდიდრე იზომება არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი შედევრებით, რომლებიც ამ ენაზე დაწერილა, არამედ ასევე კარგი უცნობი წიგნებით, რომელთა შესახებაც მხოლოდ ნამდვილმა მკითხველებმა უწყიან.

ბიჭი ხარ და შეედავე.

ავტორის, ლევან ბოლქვაძის შესახებ მაკა ჯოხაძის ბოლოთქმაშიც წაიკითხავთ, მე კი, ჩემი მხრივ, ამასღა დავამატებ: “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ბავშვობაში რომ ჩამვარდნოდა ხელში, ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი გახდებოდა, წყალი არ გაუვა ამ ამბავს. კარგი საბავშვო წიგნები კიდევ, გეცოდინებათ, მთლად სადიდო წიგნებივითაა, ოღონდ უფრო უკეთესი. ჰოდა, ბავშვობის წილი სიყვარულით ახლა რომ შემიყვარდეს, ვითომ რა უშავს?


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: არჩილ სულაკაური, გამომცემლობა "ინტელექტი", გიგა ზედანია, გულნარა ბოლქვაძე, ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, ლევან ბოლქვაძე, მაკა ჯოხაძე, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პროზა, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, სალამურას თავგადასავალი, ქართული პროზა, წიგნის დღე, lib.ge

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles