ცოტა უცნაური კია, ფავორიტი მწერლის გაცნობას ფილმით რომ იწყებ, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი.
დიდი ხნის წინ, სოფელში ვნახე, ადამისდროინდელ შავ-თეთრ ტელევიზორში. შონ კონერი, გულის ამაჩუყებლად ნორჩი კრისტიან სლეიტერი და ერთი გადასარევი გოგო, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი. ფილმს “ვარდის სახელი” ერქვა და, როგორც მერე გავარკვიე, უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით იყო გადაღებული.
იმ დროს რომანები კი არა, სახელმძღვანელოები ჭირდა და “ვარდის სახელს” სად ვიპოვიდი; ისევ საჯაროს საცავებში გულმოდგინე ქექვის შემდეგ მივაგენი ძველ რუსულ თარგმანს წითელი ყდითა და ურიცხვი კომენტარით; აკადემიური გამოცემა იყო, ეგრე კი ნუ უყურებთ.
მერე ბიბლიოფილმა მეგობარმა A4 ფორმატის ფურცლებზე მიკროსკოპული შრიფტით ამობეჭდილი “ფუკოს ქანქარა” მათხოვა და, მგონი, იმ “ქანქარას” გადაყვა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ არ ვნანობ, დედას გეფიცებით – აშკარად ღირდა.
სამაგიეროდ, ახლა ეკოს წიგნები “ქინდლშიც” მაქვს და ყველაზე საპატიო თაროზეც მიწყვია.
ექვსი რომანის ავტორია (ჯერჯერობით). ცოტა არ ეთქმის, მაგრამ მკითხველის გული, ხომ იცით, უძირო ჭაა და დროდადრო ლიტერატურულ პორტალებს სასოებით ვსქროლავ, ეგებ რაიმე სანუგეშოს წავაწყდე-მეთქი.
სამაგიეროდ, ეკო-პუბლიცისტია ფრიად ნაყოფიერი და, მოლის ლიტერატურულ გემოვნებას თუ ენდობით, ეკო-რომანისტზე არანაკლებ გემრიელად იკითხება.
ჯერ – “მინერვას მუყაო” – იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებული; მერე -”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა”, ეკოს დიალოგი ჟან პოლ კარიერთან, რომანისტსა და ისტორიკოსთან, ბუნიუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორთან (ერთი წიგნის ფასი მარტო გარეკანი აქვს, მე თუ მკითხავთ); “ჯოისის პოეტიკა“; “ახალგაზრდა რომანისტის აღსარება“; “სრული სვლით უკან“… იმსიგრძე ნუსხაა, ნახევარს ვერ დაიმახსოვრებ. ჰოდა, თარგმნიან ეს რუსული გამომცემლობები ნება-ნება და რაღაცები ჩვენამდეც აღწევს.
ზოგი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში მოიპოვება და “ქინდლში” მიდევს პატიოსნად. “ბაბილონური საუბარი“, მაგალითად, ან “შიდა რეცენზიები“. ორივე შედევრია, ჩემი მოკრძალებული აზრით. გადახედეთ, არ ინანებთ.
ღრმად პატივცემული ეკოს შემოქმედება ჩვენს მშობლიურ ენაზეც მოგვეპოვება და ამაზე რომ არაფერი ვთქვა, თავი უმადური მეგონება.
პირველად იყო სიტყვა… კი არადა, პირველად “ვარდის სახელი” იყო და რამდენჯერაც იმ ბუთქუნა წიგნს გადავშლი, ხათუნა ცხადაძეს ვლოცავ. ისეთი თარგმანია, ისეთი, რომ რა გითხრათ… დედანში მე არ წამიკითხავს და დანარჩენს ყველას მირჩევნია, ინგლისურის ჩათვლით.
პრეზენტაციაზე ვერ მივედი (as always) და მეორე დილით თბილისის ლამის ყველა მაღაზია შემოვირბინე. ორი ეგზემპლარი მინდოდა. ერთი – საჩუქრად. ჰოდა, ყველგან მიმეორებდნენ – გვქონდა და ეს წუთია, გავყიდეთო.
სამაგიეროდ, ახლა ჰარდქავერიც მაქვს და რბილყდიანი რეპრინტიც. პოკეტბუქად რომ გამოუშვან, იმასაც ვიყიდი. აი, ასეთი ხარბი ვარ და არ დამიწყოთ ახლა, სიხარბე მანკიერი თვისებააო – მაინც ვერ მომაშლევინებთ.
მეორე გემრიელობა სინიორ ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერაა. “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მშვენება. ავტორები ხომ არიან და არიან; თემაც – საინტერესოზე საინტერესო, ყოვლისმომცველი და ინტიმური: რწმენა და რელიგია. წარმატებისთვის განწირულიო, ასეთ წიგნებზე ამბობენ.
ჰო, “პრაღის სასაფლაოს” თარგმანზე საუბრობენ საგამომცემლო კულუარებში. დიდი ხანია, საუბრობენ, ჯერ იმედის მომცემი არაფერი ისმის, მაგრამ კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეცო, ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ.
აი, “ფუკოს ქანქარის” ქართული თარგმანისთვის, მზად ვარ, გამომცემელს, მთარგმნელს, რედაქტორს და დიზაინერს ერთად მივყიდო სული…
ჰოდა, სანამ ქართულ ეკოს ველოდებით, ამ ბმულს გადახედეთ. სულ ცინცხალი თარგმანია, მორიგი Non fiction მალე გამოდისო და ერთი თავი დაუდვიათ დასაგემოვნებლად.
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა, ბაბილონური საუბარი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, დოკუმენტური პროზა, ესპრესო, ვარდის სახელი, კარლო მარია მარტინი, ლალი ქადაგიძე, მინერვას მუყაო, მოლის ბიბლიოთეკა, პრაღის სასაფლაო, პროზა, ჟან პოლ კარიერი, უმბერტო ეკო, ფუკოს ქანქარა, ქართული თარგმანი, ქინდლი, ქრისტიან სლეიტერი, შიდა რეცენზიები, შონ კონერი, ჯოისის პოეტიკა, non fiction
