Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

წიგნი სასიამოვნო ექსკლუზივით

$
0
0

stephen king autograph

უავტოგრაფო წიგნებს თითქოს რაღაც აკლიათ, თითქოს ავტორს პირველი ფურცლის დაწერა დაავიწყდაო.

ჰექსე

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა – ორიოდე თვის წინ ქართული “ფეისბუქი” ერთი ბიჭის ამბავმა წალეკა – სოფელში ვცხოვრობო, წიგნები მიყვარსო, ყველა პრეზენტაციას ვესწრებიო, შვიდი ათასი წიგნი უნდა შევაგროვო და ყველა – ავტოგრაფითო.

თუ არ ვცდები, სოფლის ბიბლიოთეკისთვის ჩუქებას აპირებდა.

ავტოგრაფებით დამშვენებული ტომეულები ბიბლიოთეკას ალბათ მოუხდება კიდეც, მაგრამ კერძო კოლექციისთვის ამდენი სამახსოვრო ხელმოწერა ნამეტანი მგონია.

გასაგებია, თანამედროვე ტრენდია – ცინცხალი გამოცემები პრეზენტაციებზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იყიდება და ერთგული მკითხველი ფავორიტი ავტორის ავტოგრაფსაც იღებს საჩუქრად. ასეა მთელ მსოფლიოში და გასაკვირიც არაფერია, მაგრამ შვიდი ათასი?! ავტოგრაფი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ან საყვარელ მწერალს  უნდა გამოართვა, ან განსაკუთრებით გულში ჩავარდნილ წიგნზე მოაწერინო ხელი და ასეთი კრიტერიუმებით რომ მიუდგები, ათასობით ფაქსიმილეზე ლაპარაკი, მგონი, ზედმეტია.

შინ, თაროებზე, წიგნები მაკლია-მეთქი, ვერ ვიტყვი; მაკლია კი არა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ოჯახის წევრების დეპორტაცია და ახალი თაროების მიჭედება რომელი ოთახიდან დავიწყო; მაგრამ სულ რამდენიმეა ხელმოწერილი და ყველას განსაკუთრებული ისტორია აქვს.

ნატო დავითაშვილის წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული ავტოგრაფებით. მახსოვს, ერთ-ერთზე მაკლდა და დახმარება ყოვლისშემძლე ლიბიკას ვთხოვე. იმანაც არ დაიზარა, ბუთქუნა ტომი ჩანთით ატარა და ავტოგრაფით დამშვენებული დამიბრუნა. ჰოდა, ახლა, იმ წარწერას რომ დავხედავ, ნატოსთან ერთად მადლობას ლიბიკასაც ვუთვლი.

ნინო თარხნიშვილის ძველი მკითხველი ვარ და გასაკვირი ის იქნებოდა,  “სათაური 37-ე გვერდზე” სამახსოვრო წარწერის გარეშე მქონოდა. კრებულის პრეზენტაციაზე სამსახურიდან მივქანდი; ნაცნობებიც ვნახე, მშვენიერ ღვინოსაც გავუსინჯე გემო. ნინოს იმხელა რიგი ედგა, ძველი კავშირები რომ არა, მიღწევა ნამდვილად გამიჭირდებოდა… ქევანას ავტოგრაფიც მინდოდა, მაგრამ მომერიდა…

კიდევ მიხო მოსულიშვილის “ვაჟა-ფშაველა” – სრულიად არაორდინარული ილუსტრირებული ბიოგრაფია, ავტორის მოთხოვნით მაგარ ყდაში რომ ჩასვეს – მთებში, იალაღზე წასულ მწყემსებს აბგაში არ გაუფუჭდეთო. პრეზენტაციაზეც გახლდით შარშანწინ, მართალია, კინაღამ დავიკარგე, სანამ მივაგნებდი, საეჭვოდ დაბურულ-დაჩრდილულ კიბეებზეც ვიბოდიალე შებინდებულზე, თან შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. სამაგიეროდ მშვენიერი წიგნი წამოვიღე კოხტა მინაწერით.

ინსომნიას” სადებიუტო კრებულზე ცხრაჯერ მაინც მოვყევი, მაგრამ აქაც ვიტყვი – ისეთი ავტოგრაფებით დამშვენებული ეგზემპლარი მერგო, ისეთი გემრიელი რაღაცები დამიწერეს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, გახსენებაზე ახლაც ცხვირს ვაქსუტუნებ.

ჰო, ზუსტად “ინსომნიაზე” ვიფიქრე, მოდი, სურათებს გადავუღებ და საქვეყნოდ მოვიწონებ-მეთქი თავს, მაგრამ მერე გადავიფიქრე – ავტოგრაფი უაღრესად პირადი, უაღრესად ინტიმური ტექსტი მგონია, მხოლოდ შენთვის რომ შეთხზეს და გამომზეურებით ხიბლი ეკარგება.

და რუსო… იმ დროიდან ვკითხულობ, ოქროს კალამს მხოლოდ ბლოგს რომ ახარჯავდა. მერე,  ახალ “წეროზე” გააგზავნა ტექსტი  და 248 კონკურსანტიდან თხუთმეტ საუკეთესოს შორის მოხვდა; მშვენიერი კრებულიც გამოსცეს და ზუსტად ის კრებული მაჩუქა ხელმოწერით.  შინაარსს არც ამჯერად გავახმაურებ, მაგრამ უამისოდაც გასაგებია, რომ ყველაზე მეტად ეს ავტოგრაფი მეამაყება.

კიდევ რამდენიმე მწერლისა და პოეტის ავტოგრაფს ვიქონიებდი დიდი სიამოვნებით და თუ ქვეყანა არ დაიქცა, ამასაც მოვახერხებ. ახლა, შვიდი ათასზე მე ვერ ავალ და, მგონი, არც არის საჭირო…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: რუსა, ქევანა, ავტოგრაფი, ეკა ქევანიშვილი, ვაჟა ფშაველა, ინსომნია 2013, ლიბიკა, ლიტერატურული კონკურსი"წერო", მიხო მოსულიშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლიტერატურო ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნინო გოგინაშვილი, ნინო თარხნიშვილი, პრეზენტაცია, სათაური 37-ე გვერდზე, depressedfelis

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles