Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ხაჭაპური, რომელიც ხაჭაპურზე მეტია

$
0
0

acharuliერთი კვირაა, ავად ვარ.

ექიმმა, სერიოზული არაფერიო. ბრონქიტია და თავს მიხედეო.

მეც დავუჯერე, ცოდვა გამხელილი ჯობია და არცთუ უწადინოდ – ბოლოს ავადმყოფობის და ლოგინში კოტრიალის უფლება როდის მივეცი თავს, აღარც მახსოვს. სამსახურს დავეთხოვე, ფუმფულა ბალიშები შემოვიწყვე; ვწევარ ჩემთვის, წამლებს მორჩილად ვყლაპავ, გვერდით ტელევიზორის პულტი მიდევს,  რის სანახავადაც აქამდე დრო არ მრჩებოდა,  ყველაფერს ერთად ვუყურებ და ვერაგ დაავადებას ასე ვებრძვი.

აქვე ვაღიარებ, მთლად უსიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, ოღონდ, ბულიონით და გრეიპფრუტის წვენით თავმობეზრებულს, გემრიელი სასუსნავი მენატრება. თან ისე, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრის თავიც არ მაქვს, წერის ხომ  – მით უმეტეს… ჰოდა, დღეს თქვენც ამაზე მოგიყვებით – აჭარულ ხაჭაპურზე.

თავიდანვე გეტყვით – ხაჭაპური ყველანაირი მიყვარს: იმერული – ჟანრის კლასიკა; მშობლიური მეგრული, კვერცხგადასმული და ყველმოფხვნილი; ლაზური – ზემოდან შემოწყობილი სულგუნის ვეებერთელა ნაჭრებით; ფენოვანი, ლაღიძის წყლებს რომ ვაყოლებდით ბავშვობაში; დეიდაჩემის საფირმო, მაწვნით მოზელილი… ასე განსაჯეთ, სკოლის სასადილოს “ყველიანი ხელით” გაკეთებული მინიატურული ხაჭაპურებიც კი გემრიელად მაგონდება. მაგრამ აჭარული სულ სხვაა…

ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გაჩნდა ეს გემრიელობა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, სულ იყო, ბავშვობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა – ვანილის ნაყინთან,  რძის კოქტეილსა და მულტფილმებთან ერთად. “ინტურისტის” კაფე “ექსპრესში” აცხობდნენ დილაობით და შაბათ-კვირას და იმ ბედნიერ დღეებში, სკოლაში რომ არ მიხდებოდა წასვლა, სწორედ იქიდან საგანგებოდ მომარჯვებული ლანგრით მოვაცუხცუხებდი შინ უზარმაზარ აჭარულს.

ისე, სხვაგანაც კი ცხვებოდა ბათუმში – “ცეროდენაშიც” მიჭამია, პიონერთა პარკთან,  სასტუმრო “აჭარას” რესტორანშიც და გორკის ქუჩაზეც, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც “ექსპრესი” იყო, გული იქით უფრო მიმიწევდა.

აჭარულის წარმოშობის კვლევა-ძიების ამბები არც ბავშვობაში გამიგონია და არც მერე მომიკრავს სადმე ყური. ერთი ის არის, ნავის ფორმა აქვს და, შესაძლოა, ზღვას უკავშირდებოდესო და კოტე მახარაძე იხსენებდა ერთგან, ინტერვიუში – აჭარულს თავად აჭარლები ფენერლის ეძახოდნენო.

ჩემი საყვარელი სასუსნავი თბილისშიც გამისინჯავს, ქუთაისშიც  და საერთოდ, მასზე უარს არსად ვამბობ, მაგრამ ბათუმური სულ სხვაა. სნობობაში ნუ ჩამომართმევთ (ან, თუ გინდათ, ჩამომართვით) მაგრამ აჭარული აჭარაში უნდა ჭამო.

ყოველ ზაფხულს, საშვებულებო სამზადისის პარალელურად, იმას ვარკვევ,  ამჯერად რომელი აჭარულია საუკეთესო, სად აჯობებს ჩასვლისთანავე გაცუხცუხება და ყელის ჩაკოკლოზინება; ადრე, მახსოვს, სამველას აჭარული იყო პოპულარული, მერე – “ბერეგზე” გამომცხვარი, ერთ სეზონზე “ოქროს გასაღები” მიქეს;  შარშან “ლაგუნასა” და “რეტროში” გეახელით; დარწმუნებული ვარ, წელსაც იქნება რამე ახალი მისამართი და არც იმას გამოვტოვებ.

ეს – აჭარაში თუ ვარ, თორემ თბილისში საუკეთესო აჭარულს დედაჩემი აცხობს საგანგებოდ შერჩეული ორი ყველით – სახაჭაპურე იმერულით და სულგუნით. მთელი კვირის მუშაობით დაღლილი, შაბათს თორმეტი საათისთვის რომ იკადრებ გაღვიძებას, უგემურად რომ აიზლაზნები და მაგიდაზე საგანგებოდ შენთვის გამომცხვარი, დაბრაწული აჭარული დაგხვდება, ქაფქაფა ლიმონიან-მურაბიან ჩაისთან ერთად, ხელიდან წასული უმადური უნდა იყო, რომ არ აღიარო – ცხოვრება მშვენიერიაო.

ეს ხაჭაპურიც, პოსტს რომ გამხსნელ სურათად ამშვენებს, დედას გამომცხვარია. დილით დავაგემოვნე :) სურათით შემიფასეთ-მეთქი, რომ გითხრათ, ნამეტანი უსინდისობა გამოვა. სიტყვაზე მენდეთ, რომ უგემრიელესი იყო და ბარემ პირობასაც დავდებ: თუ ბრონქიტს გადავურჩი, ერთი ხაჭაპური-ფართი ჩემზეა :)


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: აჭარული ხაჭაპური, ბათუმი, ინტურისტები, კაფე ექსპრესი, კაფე ცეროდენა, ლაგუნა, მოლი ბლუმი, ოქროს გასაღები, პიონერთა პარკი, რეტრო, სულგუნი, ფენერლი, ჩაი, ხაჭაპური

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles