Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

კაცუსიკა ჰოკუსაი –“მეთევზის ცოლის სიზმარი”

$
0
0

hokusai - The Dream of the Fisherman's Wifeსიმართლე გითხრათ, ამ პოსტის დაწერა გამიჭირდა. საჭირო სიტყვებს, ვერ იქნა და ვერ მივაგენი; ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე, ხელოვნური და ნაძალადევი გამოდიოდა, თითქოს ვიღაცამ ყურით მიმათრია კლავიატურასთან და ოროსანი მოსწავლესავით დამაგდო სამეცადინოდ.

არ გეგონოთ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდა, პირიქით  - შემეძლო, დაუსრულებლად მესაუბრა უკიო-ე სტილზე, მის ჟანრებზე – ბიძინ-გასა და სიუნგაზე; ქსილოგრაფიის უძველეს ხელოვნებაზე – სურიმონოზე; იაპონელ ილუსტრატორებსა და გრავიორებზე, მაგრამ ვარჩიე, ორიოდე სიტყვა მეთქვა აღმოსავლელ დიდოსტატზე, რომლის ოცდაათამდე ფსევდონიმიდან ყველაზე ცნობილი და განთქმული – კაცუსიკა ჰოკუსაი იყო.

მოკლედ, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა შორეულ მე-18 საუკუნეში სარკეების ოსტატი ნიკაძიმა ისე, რომელსაც ხარჭამ ვაჟი გაუჩინა და ამბობენ, ტოკიტარო დაარქვესო.

მატიანე დუმს იმის შესახებ, როგორი ბავშვი იყო ტოკიტარო – ცელქი თუ მშვიდი; ხშირად აშავებდა თუ არა რამეს; ბედნიერი იყო თუ სევდიანი; რა უყვარდა და რა სძულდა… სამაგიეროდ, იმ მნიშვნელოვანი კვალის შესახებ, რაც მან იაპონური ქსილოგრაფიის ისტორიაში დატოვა, ყურმოკვრით მაინც ყველას სმენია.

ვიცი, მოლის ბევრი სტუმარი იფიქრებს, რომ საუბრის თემა ფუძის განთქმულ ხედებს შეეხება, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ – დღეს ცოტა ნაკლებად ცნობილ გრავიურაზე მინდა, გიამბოთ, რომელსაც “მეთევზის ცოლის სიზმარი“ ჰქვია და გრავიურის ძველთაძველ ჟანრს – ტენტაკლის ეკუთვნის.

არ ვიცი, შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს იმედიც გაუცრუვდეს – რა ნახე ახლა ამ გრავიურაში განსაკუთრებულიო… ზოგმა, იქნებ, ცხვირიც აიბზუოს – შინაარსი მოეჩვენოს მეტისმეტად უხამსი; არადა, საქმე აღმოსავლურ ესთეტიკას ეხება – ევროპაში მსგავსი რამ სკანდალისა და ანათემის მიზეზი გახდებოდა, იაპონიაში კი ეს ხელოვნებაა – ქალისა და ორი რვაფეხას სასიყვარულო აქტი.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ფაქიზი ფსიქიკაც ვერ გადაურჩა თავდაპირველ შოკს ამ გრავიურის ხილვისას; არც ახლა გახლავართ ტენტაკლის ადეპტი და თაყვანისმცემელი, მაგრამ აღმოსავლური მენტალობისა და ესთეტიკის შეცნობაში თუ არა, მასთან მიახლოვებაში ნამდვილად მეხმარება.

თავის დროზე მკვლევარებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია ჰოკუსაის ამ ქმნილებამ – ნაწილი თვლიდა, რომ ხეზე გაუპატიურების სცენა იყო აღბეჭდილი, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ სიზმრის სამივე პერსონაჟი ერთნაირ სიამოვნებას იღებდა; იმაზე კი ყველა შეთანხმდა, რომ ქალი პრინცესა ტამატორი იყო, რომელიც ქმარს ღვთაებრივი დრაკონის მიერ მოპარული მარგალიტის ძებნაში ეხმარებოდა.

ცოტა მოგვიანებით თემა ევროპელი მხატვრების შემოქმედებაშიც აისახა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ შორის ისეთი ხმამაღალი სახელები იყო, როგორიც ოგიუსტ როდენი და პაბლო პიკასო არიან; ესპანელი ფერმწერის ერთი ქმნილება კი იმდენად ახლოსაა ჰოკუსაის გრავიურასთან, რომ გამოფენებზე მათ ხშირად ათავსებდნენ გვერდიგვერდ, რათა დამთვალიერებელს მსგავსება უკეთ შეეგრძნო და დაენახა.

გრავიურის მიმართ, თავადაც მიხვდებით, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – ეს არ არის ხელოვნება ყველასთვის და მათაც კი, ვისაც კარგად ესმის აღმოსავლური ხელოვნება და ჟანრის ისტორია, ხანდახან, შესაძლოა, უსიამო ჟრუანტელმა ჩაურბინოს ტანში; მაგრამ ტენტაკლი არსებობს, ხოლო პოზიცია, რომელზეც მნახველი დადგება, უკვე პრიორიტეტების და შინაგანი თავისუფლების საკითხია.


Filed under: არტი, ნატიფი ხელოვნება Tagged: არტი, ბიძინ-გა, გრავიურა, ვერნისაჟი, იაპონია, კაცუშიკა ჰოკუსაი, მეთევზის ცოლის სიზმარი, ნატიფი ხელოვნება, ნიკაძიმა ისე, ოგიუსტ როდენი, პაბლო პიკასო, პრინცესა ტამატორი, სიუნგა, სურიმონო, ტენტაკლი, ტოკიტარო, უკიო-ე, ფუძი, ქსილოგრაფია

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles