არა, არაფერი მოგჩვენებიათ, ნამდვილად ასე იყო. მაგრამ აჯობებს, თავიდან მოვყვე, დალაგებულად და თანმიმდევრულად.
შაბათს, დილაუთენია, ჩემი ტოროლა მეგობრის ზარი დამაცხრა თავზე – კი მაგრამ, “შიმშილის თამაშების“ მეორე ნაწილი აქამდე არ უნდა გვენახაო?! ვნახოთ მერე, ვინ გვიშლის-მეთქი, შეშინებულმა ამოვიკნავლე. სამი საათისთვის “რუსთაველში” გელოდებიო, უაპელაციოდ გამომიცხადა და გაქრა.
საათს რომ გავხედე, ცოტას კიდევ წავუძინებ-მეთქი და… ისევ განრისხებული მეგობრის ზარმა გამომაფხიზლა – ორი საათია, როგორ ბედავ და ისევ გძინავსო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გამოცდილი მედესანტის შესაშური სისწრაფით ჩავიცვი და როგორ მოვახერხე, მეც არ ვიცი, მაგრამ სამის ნახევარზე უკვე კინო “რუსთაველის” სალაროებთან ვქოშინებდი.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი სიმარჯვით აღფრთოვანებული, რა გუნებაზე დავდგებოდი, როცა აღმოვაჩინე, რომ სეანსი სამზე კი არა, ხუთის ნახევარზე იყო დაგეგმილი.
სასოწარკვეთილმა დავურეკე მეგობარს. ჯერ კინოთეატრის ადმინისტრაცია მიალანძღა, საიტის განახლება ეზარებათო, მერე – ჯანდაბას მაგათი თავიო და “მარკო პოლოში“ დამიბარა ნაყინიან ვაშლის ღვეზელზე.
ერთი გაბრაზება მეც კი გავბრაზდი, მაგრამ გადამიარა – საერთოდ, არ არის ცუდი გოგო, იმ დილას კი აშკარად მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი, ამიტომ აღარ გავჭირვეულდი, იქვე, გაჩერებაზე, პირველივე ავტობუსს ჩამოვეკონწიალე და ამაყად რომ გავუხახუნე ბარათი სალაროს, პირკატა მეცა – თეთრი რა არის, თეთრი აღარ დარჩენილიყო ანგარიშზე.
შეფიქრიანებულმა მოვიჩხრიკე ჯიბეები და… რა დაგიკარგავს, რას ეძებ – სამი ცალი ოცთეთრიანის მეტი ვერაფერი ვიპოვე. არადა, ეს ჩემი ცოდვით სავსე აპარატი დაჟინებით მთხოვდა, ათთეთრიანი ჩააგდე, სად ვიცი მე ამდენი თვლაო.
ამასობაში ავტობუსმა, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ გაეგრძელებინა გზა, კოხტად ჩაუხვია გუდიაშვილის კუთხეში და გედივით ყელმოღერებული შენარნარდა კონტროლიორებით სავსე ბოლო გაჩერებაზე.
ვაი, შენს მოლის-მეთქი და მომადგა კიდეც ხელგამოწვდილი ფორმიანი ყმაწვილი. მრისხანედ შეყრილი წარბებით და აღაჟღაჟებული ლოყებით ისე ჰგავდა სიზმარას, რომ უნებურად თვალები დავაცეცე მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ძებნაში…
კი ვცადე ამეხსნა, პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ბედმა მიმუხთლა, თორემ უბილეთოდ მგზავრობა გულშიც არ გამივლია-მეთქი, მაგრამ ამაოდ – სიზმარა ისეთი ბედნიერი იყო, სულ ღიღინ-ღიღინით წერდა საჯარიმო ქვითარს და მეტისმეტი გულმოდგინებისგან ენის წვერი გარეთ ჰქონდა გამოყოფილი. ჩემი განრისხებული მეგობარი კი უკვე “მარკო პოლოში“ ბრდღვინავდა ლომივით და ორივე ტელეფონზე მონაცვლეობით მირეკავდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქვითარი მორჩილად ჩავიჩურთე ჯიბეში, პირველივე ტაქსის დავუქნიე ხელი და ცოტა ხნის შემდეგ დამნაშავის იერით ვიშმუშნებოდი მენიუში დემონსტრაციულად ცხვირჩარგული მეგობრის წინ.
ერთი ეგ არის, როგორც კი ჯარიმა და კონტროლიორი ვახსენე, თვალები საცერივით გაუხდა და, გეფიცებით, პირველად დავინახე, როგორ ჩამოუვარდა ადამიანს ყბა გაოცებისაგან. მიიხედ-მოიხედა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, დარიჩინიანი ვაშლის ღვეზელის დარჩენილი ნახევარი ჩემკენ გამოაჩოჩა თანაგრძნობის ნიშნად.
უარი, რასაკვირველია, არ მითქვამს.
მერე დიდხანს ვისხედით, ყავას ვწრუპავდით და იმ ბედნავს ინციდენტს განვიხილავდით. ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც უკვე ავტობუსში აღმოაჩენს, რომ სამგზავრო ბარათზე თანხა გამოლეულა, ჯიბეში კი ხურდა არ მოეძებნება. გასაგებია, რომ შემდეგ გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ თუ ეს გაჩერება უკვე ბოლოა და იქ დადარაჯებული სიზმარა ელოდება?! ან იქნებ ძალიან ეჩქარება, აი, ძალიან; მაშინ? მოკლედ, არ არის ჩემისთანა წესიერი მოქალაქეების საშველი, არა!
ისე, რომ იცოდეთ, ხუთ ლარსაც სიამოვნებით გადავიხდიდი და თხუთმეტსაც, ოღონდ ბანკში ამ სამარცხვინო ქვითრით არ მიმიყვანა. ასე მგონია, მთელ თბილისს ნიავის ჩამოქროლებასავით უცებ დაურბენს – “ბატონი ავად გამხდარაო“ კი არა და, “მოლი დაუჯარიმებიათო…“
P.S. ჰო, მართლა – “რუსთაველის“ ადმინისტრაცია არაფერ შუაშია, ჩემს მეგობარს შეშლია სეანსი.
Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბილეთი, ვაშლის ღვეზელი, კინო "რუსთაველი", კონტროლიორი, მარკო პოლო, მოლის წისქვილი, ნაყინი, სამგზავრო ბარათი, ტაქსი, უიქენდი, ყავა, ყვითელი ავტობუსი, შაბათი, შიმშილის თამაშები 2 - ცეცხლის ალში, ჯარიმა
